ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

ალები და ანგელოზები
თემომ და ზაზამ დამიძახეს, სათევზაოდ მივდივართ და შენც ხომ არ წამოხვალო. აბა, რას ვიზამდი? მალე მოვემზადე და ჩემ ჭიშკართან ჩამომსხდარ მეგობრებთან გავედი. ჩვენს სოფელში ჩამომდინარე მომცრო მდინარეში თევზი ნაკლებად გვეგულებოდა და ამიტომ მაღალი სერის გადაღმა, პატარა სოფლის ახლოს მდებარე ანკარა ხევში დავაპირეთ სათევზაოდ წასვლა.
ზაფხულის მზე უკვე მაღლა იყო შემართული, როცა ტყიანი სერი გადავიარეთ და მწვანე მინდორზე გავივაკეთ. ჩვენი სოფლელი მოხუცი მწყემსი ჩრდილში დამჯდარიყო და ფერდობზე შეფენილ ნახირს ადევნებდა თვალს. მივესალმეთ და ჩვენც ჩამოვსხედით დასასვენებლად.
- საით გაგიწევიათ, ბიჭებო, - შეგვეკითხა იგი.
- სათევზაოთ მივდივართ, ბაბუ, ხომ არ წამოხვიდოდი შენც? - ღიმილით უთხრა თემომ.
- ეჰ, თქვენზე ნაკლები არც მოთევზავე ვიყავი და არც მონადირე, მაგრამ მივაყუდე ყალიონი, ახლა სად არის იმდენი თევზი, მაშინ რომ იყო? აი, იმ პატარა წყალში, - ჩვენ რომ მივდიოდით, იმ ხევისაკენ გაიშვირა ხელი მოხუცმა, - იმდენ თევზს ვიჭერდით, რომ რამდენიმე საცხობი გობი ივსებოდა. ახლა თქვენ არა, მარა ზოგიერთები ქლორითა და დენით სპობენ თევზს. მაშინ დრო ვიცოდით - როდის გვეთევზავა და როდის გვენადირა, ამიტომ გამოულეველი იყო წყალში თევზი და ტყეში ნადირი. ეჰ, ნადირობაც მეხერხებოდა, მაგრამ ახლაღა ვფიქრობ: რისთვის ვხოცავდი! - ნადირს თავისი გასაჭირი არ აკლია, ტყეში ხანდახან მშიერი დაეხეტება, ზამთარში ხომ მეტადაა შეჭირვებული... ახლა აღარაფერს ვაწუხებ, მარტო აქ მიყვარს წამოსვლა, ამ ტყესა და მინდვრებში, აქ მაქვს გატარებული მთელი ცხოვრება - დღე კი არა, ღამითაც აქ ვიყავი ხოლმე. ჯერ პატარები ხართ და თქვენ არ გემახსოვრებათ, აი, ეს მინდვრები, - ირგვლივ მოავლო თვალი მოხუცმა, - სულ სიმინდითა და ხორბლით ითესებოდა. მეველედ ვმუშაობდი ცხრა წელი, დღე საქონლისაგან ვიცავდი ყანებს, ღამით - ნადირისგან. აი, იქ მედგა კარავი, - შუა მინდორზე მდგარი პანტისაკენ გაიშვირა ხელი, - დავივლიდი მთელ ნათესებს და ღამეს კარავში ვათევდი. იქვე დიდი რკინის ნაჭერი მქონდა დაკიდებული, შემოვკრავდი ხოლმე ღამით ნაჯახის ყუას და ვახმიანებდი აქაურობას, დათვები რომ დამეფრთხო, ზოგჯერ თოფსაც ვისროდი.
- მოხსნა გუდას თავი, - ჩუმად გადავულაპარაკე ბიჭებს, მსიამოვნებდა მოხუცის მიერ მოყოლილი ამბების მოსმენა.
- მერე ეშინოდათ დათვებს? - ჰკითხა ზაზამ.
- მაინცდამაინც არ უსკდებოდათ გული, კარვის ახლოს არ მოდიოდნენ, მარა ყანის ბოლოებზე, ტყის ნაპირას სულ დაბლა იყო დაგებული სიმინდი. ღამით კი არა, ხშირად დღისითაც არ ერიდებოდნენ ყანაში შემოსვლას.
- კარავში ღამით მარტო რომ იყავი, არ გეშინოდა? - ახლა თემო ეუბნება ღიმილით.
- რა შემაშინებდა? რა სჯობია კარავში ღამის თევას და ხანდახან ტკბილად ჩაძინებას! თუმცა ერთ ღამეს კი შევკრთი ცოტა. კაი ხნის დაღამებული იყო უკვე, შინიდან რომ გადმოვედი აქ. შევედი კარავში, ავანთე ჭრაქი და რას ვხედავ! - ვიღაც წევს ჩემს ლოგინში, თავი უჩანს მარტო, თანაც ქალია, კაცო, - გრძელი თმებია გადმოფენილი დაბლა. დავიბენი, ვინ არის-მეთქი? ამ დროს გადაიძრო საბანი, დაიკივლა, წამოხტა მთლად შიშველი, ეცა კარს და გავარდა გარეთ, დაიკარგა სიბნელეში.
- მართლა ქალი იყი? - გაკვირვებულები ვკითხულობთ ჩვენ.
- ქალი? ქალი კი არა, ალი იყო, ალი - ტყის ქალი, ეშმაკი! გადმოვიღე თოფი სასროლად, იმას რაღას ვესროდი, დაიკარგა სადღაც, გულის გასამაგრებლად მინდოდა დამექუხებინა, მარა არ გავარდა თოფი არაფრით. ამან უფრო შემაკრთო, თვალი ვეღარ მოვხუჭე იმ ღამით. მეორე დღეს სოფელში ჩასული ვეხვეწე მეზობლებს, წამყევით ღამით, რაღაც უბედურება დამხვდა კარავში წუხელ-მეთქი, მარა არავინ შეიწუხა თავი. ბოლოს ცოლის წამოყვანა მოვინდომე, არც ის წამომყვა, რას იტყვის ხალხიო. წამოვედი მარტო, შევედი კარავში და რას ვხედავ! - ისევ წევს ვიღაც ჩემ საწოლზე, ვხედავ კარგად გარედან შემოსულ მთვარის შუქზე. გადმოვიღე თოფი და დავუმიზნე, უნდა ვესროლო და ამ დროს ხვრინვა გავიგონე. შევჩერდი, ახლოს მივიწიე, დავაკვირდი და ვამჩნევ, კაცია ვიღაც. გადავხადე საბანი და იობია არაა, აგერ იქაური, - მდინარის გაღმა მდებარე სოფლისაკენ გაიშვირა ხელი მოხუცმა, - დამთვრალა ჩვენს სოფელში, წამოსულა, მოჰკიდებია ძილი და წამოწოლილა ამ ჩემს კარავში. გავაღვიძე, როგორც იქნა, შე ოჯახდასაქცევო, ხომ მოგკალი კინაღამ-მეთქი. მოვუყევი წინა ღამის ამბავი, მაგრამ ბევრი ვერაფერი გავაგებინე. გაჩერებით კი აღარ გაჩერდა, წასვლა დააპირა, არადა, მთვრალი იყო  ისევ. გავიყვანე მდინარეში, დავაყენე სწორ გზაზე და გავუშვი.
- ბაბუ, შენს კარავშიც ის ალი ხომ არ იყო, ხარიტონას რომ მიუწვა ერთი ზაფხულის ღამით ეზოში მძინარეს, - ერთი ჩვენი თანასოფლელის თავს გადახდენილი ამბავი გაიხსენა თემომ, - თანაც ისეთი ლამაზი იყოო, ხარიტონას უთქვამს.
- არა, არა, მე რომ ვნახე, ის უფრო ლამაზი იყო. ხარიტონას ცოლთან შედარებით ლამაზი იქნებოდა, ბიჭო, აბა, რა? - ჩაიღიმა მოხუცმა.
კარგა ხანს ვისაუბრეთ მასთან. მერე თემო წამოდგა:
- წავიდეთ ახლა, ალებს თუ ვერ ვნახავთ, თევზი მაინც დავიჭიროთ.
მე და ზაზაც ავდექით, დავემშვიდობეთ მოხუცს და იქვე ტყიან ხევში ჩავედით, მთის პატარა, ანკარა მდინარესთან. მდინარე მთლიანად ხეებით იყო დაჩრდილული. აღმა ავყევით ხევს, მარჯვე ადგილს დავუწყეთ ძებნა - მდინარის ტოტი უნდა დაგვეწრიტა, ასეთი იყო უმეტეს შემთხვევაში ჩვენი თევზაობის წესი. კარგა ხანს ვიარეთ წყალდაწყალ და ბოლოს ვნახეთ ორ ტოტად გაყოფილი დინება. გაყოფის ადგილას მივედით, დავაკვირდით. ერთი მათგანი ახალი გადაწურული ჩანდა, ქვებით გადაეკეტათ და აყალო მიწით გაეგლისათ, მერე კი, თევზაობის შემდეგ, ისევ გაერღვიათ და გაეშვათ წყალი, - ეს არ გამოგვადგებოდა. მეორე ტოტი მდინარისა ხელუხლებელი უნდა ყოფილიყო, ის ავირჩიეთ დასაწრეტად და საქმეს შევუდექით. საგზალი იქვე ხეზე დავკიდეთ, წელს ზემოთ გავშიშვლდით სამივენი და წყლის მეორე კალაპოტში გადასაშვებად პირველი ტოტის სათავეში რამდენიმე წყებად ქვები გავამწკრივეთ. მერე იქვე აყალო მიწა მოვნახეთ, დიდ გუნდებად დავაგროვეთ  და ქვების ბოლო მწკრივს მივაგლისეთ, - ასე ჩვენს მიერ არჩეული ტოტიდან მთელი წყალი მეორე ტოტში გადავაგდეთ. კარგა ხანს მოგვიხდა მუშაობა.
- აბა, ახლა წავალ, ბოლოს გავუკრავ, რომ თევზი არ გაგვეპაროს, - თქვა თემომ და დაწრეტილ კალაპოტს დაჰყვა.
მე და ზაზა ცოტა ხანს იქვე ჩამოვსხედით მზედაფენილ ქვებზე. მაგრამ გულმა არ მომითმინა, წამოვდექი და მდინარის ნადენზე დარჩენილ გუბეებს დავაკვირდი. მერე ხელაობა დავიწყე და მალე მოზრდილ კალმახს წავატანე ხელი. ჯერ გამექცა, თუმცა მალე მოვიმწყვდიე ქვების ქვეშ, დავიჭირე და ნაპირზე მოვისროლე.
- ოჰ, ნახე უკვე? - წამოხტა გახარებული ზაზა, - ყოჩაღ შენ, თევზს დასწვდა და პარკში ჩააგდო.
- აი, იქაც ატკვარცალდა უკვე, - მოშორებით პატარა ორმოსკენ გადახტა იგი, - მოდი, მომეხმარე.
სანამ მივიდოდი, მანამდე დაიჭირა თვითონვე. ხელაობა გავნაგრძეთ და ერთ გუბეში სამი კალმახი ვნახეთ კიდევ. თემო რომ ამობრუნდა გადაწურული ტოტის ბოლოდან, ჩვენ ათამდე კალმახი გვყავდა დაჭერილი.
- რა ქენით, დაიჭირეთ უკვე, - აღფრთოვანებით დახედა თევზებს, - აი, მეც არ მოვსულვარ ხელცარიელი, - პატარა კავიან ჯოხზე ლაყუჩებით ჩამოცმული კალმახები დაგვანახა მან, - კიდევ ბლომად იქნება, სულ ტკვარცალი გაუდით. ბოლო გავუკარი, დავუყვეთ ხელაობით, სადღა წაგვივლენ?!
დავუყევით მართლაც დაწრეტილ ტოტს. წყალში ქვების ქვეშ ვაპარებდით ხელს და ვეძებდით კალმახებს.
- აქ არის, აქ არისო! - აღტაცებით წამოვიძახებდით ხოლმე თევზის ნახვისას, თითქოს რაღაც გვქონდა დაკარგული და ახლა ვნახულობდით. როცა მდინარის ტოტის ბოლომდე ჩავედით, ოცდაათამდე კალმახი გვყავდა დაჭერილი. მერე ისევ ზევით ავბრუნდით, საკმაოდ მოშიებულები ვიყავით და საგზალი გავშალეთ.
როცა დავნაყრდით, შუადღე მოტანებული იყო. ისევ ავყევით აღმა მდინარეს, კიდევ ერთი მოკლე ტოტი გადავაშრეთ და ათიოდე კალმახი დავიჭირეთ. მერე უფრო მოზრდილი ტოტის გადაწრეტა მოგვიხდა - კარგა ხანს ვაწყვეთ ქვის მწკრივები წყალში, ვზიდეთ და ვაგლისეთ ზედ აყალო მიწა. შრომამ ფუჭად არ ჩაგვიარა - იქაც ოცდაათამდე კალმახი დავიჭირეთ. დაღლილები მდინარის პირას ჩრდილში წამოვწექით და კარგა ხანს დავისვენეთ, თან დარჩენილ საგზალსაც მოვუღეთ ბოლო.
- რა ვქნათ, წავიდეთ შინ, თუ კიდევ ვითევზაოთ? - იკითხა თემომ.
- დავყვეთ მდინარეს, თუ კარგი დასაშრობი ტოტი ვნახეთ ქვემოთ, დავაშროთ, თუ არა და გზას მაინც გავიმოკლებთ, - ვთქვი მე.
- ეგრე აჯობებს, თევზი ბლომადა გვაქვს, სათავისაკენ აღარა ღირს წასვლა, - დაამატა ზაზამ.
კარგა ხანს ვიარეთ წყალდაწყალ, იმ ადგილსაც ჩავცდით, სადაც პირველად ჩავედით მდინარეში. ერთგან ზაზას ფეხი გაუსხლტა სველ ქვაზე და წყალში გაიშხლართა - დასველდა მთლიანად. მე და თემო სიცილს ვერ ვიკავებდით, მან კი გაიხადა შარვალი, გაწურა და ისე ჩაიცვა.
- მოიცა, იქნებ თქვენც ჩაცვივდეთ წყალში და მერე მე ვიცინებო, - ბუზღუნებდა თან.
ერთგან ხმაური შემოგვესმა. წინ მე მივდიოდი, უცებ პატარა, მზედაფენილი მორევის თავზე აღმოვჩნდი და მშვენიერი სურათი ვიხილე. უნებურად იქვე აყუდებულ ქვას ამოვეფარე, წამით უკან მოვიხედე ბიჭებისაკენ და ტუჩებზე თითი მივიდე - ჩუმად მოდით-მეთქი. მერე კი ისევ გაფაციცებით გავიხედე წინ. დაბლა, პატარა მზედაფენილ მორევთან ოთხი ტიტლიკანა გოგონა იდგა და მზეს ეფიცხებოდა. ჩანდა, ახალი ამოსულები იყვნენ წყლიდან, ცოტა შესცივნოდათ მთის ცივ მდინარეში და ერთმანეთს აქეზებდნენ, ისევ ჩადი წყალშიო. იმ ანკარა მდინარის კალმახებივით შხვართალა გოგონები იყვნენ. ოთხივეს გრძელი თმა ჩამოშლოდა მხრებზე და უნებურად დილით მოხუცის მიერ ალების შესახებ მოთხრობილი ამბავი გამახსენდა. ასაკით გოგონები ჩვენი ტოლები ან ცოტა უმცროსები იქნებოდნენ, ასე, თხუთმეტი, თექვსმეტი წლისანი. ერთს ვარდისფერი საბანაო ბიკინი ეცვა, მეორეს - ცისფერი, მესამეს და მეოთხეს - მწვანეები.
- ოჰ, ვინ არიან ნეტავი?! - აღმოხდა თემოს.
- ალები, ალები არიან! - აღფრთოვანებით ვუპასუხე მე, ისე რომ გოგონებისთვის თვალი არ მომიცილებია.
- ალები? ალები კი არა, ანგელოზები არიან, - ჩაილაპარაკა ზაზამ.
მონუსხულები ვუცქერდით მთის ანკარა მდინარის პირას მოჟღურტულე და მოკისკისე გოგონებს, ისინი კი ვერ გვხედავდნენ, რადგან ხეთა ჩრდილში, დიდი ლოდების უკან თითქმის შეუმჩნევლები ვიყავით მზედაფენილი ნაპირიდან.
- რა ვქნათ? ასე ხომ არ ვუცქერთ სულ, სირცხვილია, - მივმართე მეგობრებს, - მოდი, ჩავიდეთ მათთან და გავიცნოთ, ჩვენც ვიბანაოთ.
- უცხოები არიან, ამ სოფლელებიდან - იქვე, მდინარის მოშორებით მდებარე პატარა სოფლისაკენ მივაბრუნე თავი, - ვერავის მივამსგავსე ვერცერთი.
- ჰო, უცხოები ჩანან, ალბათ, სტუმრები არიან, საზაფხულოდ ჩამოსულები, - დამიდასტურა ზაზამ.
- მართლა ალები ხომ არ არიან, კაცო? - ჩაიღიმა თემომ.
- მივიდეთ, ასე ქურდულად როდემდე ვუცქიროთ? - ვთქვი მე და პირველი გავემართე გოგონებისაკენ.
დავიძარით თუ არა, გოგონებმა მაშინვე მოგვკრეს თვალი და შემკრთალებმა შეგვათვალიერეს. ერთმა იქვე დაწყობილი ტანსაცმლისაკენ გაიწია, მაგრამ მალევე შედგა, - მიხვდა, რომ ტანის შემშრალება და კაბის ჩაცმა ჩვენ თვალწინ უფრო უხერხული იქნებოდა. ერთად შეჯგუფდნენ და მზერადახრილები დაგველოდნენ. პირველი მე აღმოვჩნდი მათ წინ და ღიმილით მივესალმე:
- გამარჯობა, ფერიებო, აქ საიდან გაჩნდით? ძალიან გაგვაკვირვეთ!
- გამარჯობათ, გოგონებო, რა კარგი ადგილი გინახავთ საბანაოდ, - თქვა თემომ.
- ჩვენ კიდევ მთელი დღე დავდივართ და ასეთი მორევი ვერსად ვერ ვნახეთ, - დაამატა ზაზამ.
- გამარჯობაო, - ხმადაბლა ჩაილაპარაკეს შემკრთალებმა და აწურულებმა.
წელს ზემოთ ჩვენც გახდილები ვიყავით, შარვლები მუხლებამდე გვქონდა აკარწახებული. ზაზამ შარვალიც გაიძრო და მორევში გადაეშვა. მორევი დიდი არ იყო, მდინარე ჩანჩქერად ჩამოჩქეფდა დაქანებულ კალაპოტში და ძირს, ვაკეზე გუბდებოდა.
- აქედანა ხართ? - ვკითხე გოგონებს და მდინარის ახლოს მდებარე სოფლისაკენ გავიშვირე ხელი.
- დიახ, მაგრამ მანდაურები არა ვართ, სტუმრები ვართ, - მიპასუხა ყველაზე უფროსმა.
მე და თემო სალაპარაკო თემას ვეძებდით და მორიდებული მზერით ველაციცებოდით მათ წამოჩიტულ მკერდებსა და ქათქათა თეძოებს. ზაზა წყლიდან ამოვიდა, იქიდან გადმოგვხედა ყველას და მოგვაძახა:
- ჩამოდით, არ გინდათ ცურაობა?
- როგორ ჩამოვიდეთ? უკითხვად რომ ჩახტი მაგ წყალში, ვერ ხედავ გოგონები ცურაობენ? - დავტუქსე მე.
- ჯერ ვკითხოთ, იქნებ ჩვენც გვაცურაონ, - მიაძახა თემომაც და ისევ გოგონებისაკენ მიაბრუნა მზერა.
- ვინ გიშლით? იცურავეთ, ჩვენ უნდა წავიდეთ, თქვა ერთ-ერთმა და მოშორებით თეთრ ქვებზე დაწყობილი ტანსაცმლისაკენ გაიხედა.
- რატომ უნდა წახვიდეთ, ხელი შეგიშალეთ? - წყენით იკითხა თემომ.
- ნუ ჩქარობთ, თუ ჩვენს გამო მიდიხართ, მაშინ ჩვენ გავბრუნდებით უკან, სათევზაოდა ვართ წამოსული და შემთხვევით შეგხვდით, - ახლა მე ვცადე გოგონების დამშვიდება.
- სათევზაოდ? მერე ვერაფერი დაიჭირეთ? - მხიარულად იკითხა მათ შორის ყველაზე თამამმა.
- როგორ არ დავიჭირეთ, გაჩვენებთ, თუ გინდათ, - თემომ ზურგჩანთიდან კალმახებით სავსე ცელოფნის პარკი ამოიღო და თავი მოხსნა.
- ვაიმე, რამდენი თევზია! - წამოიძახა იმავე გოგონამ.
- რა ლამაზებია! - აღფრთოვანდა ვარდისფერ ტრუს-აზღუდიანი, - შეიძლება ხელში დავიჭირო?
- როგორ არა? - პარკი ფეხებთან დაუდო თემომ, თან უფრო ახლოდან შეავლო თვალი მის კოხტა თეძოებს.
გოგონებმა უხერხულობა დაივიწყეს, დაიხარნენ და ყურადღებით დაუწყეს თევზებს თვალიერება. ზაზა მოგვიახლოვდა ამასობაში.
- დროა გავიცნოთ ერთმანეთი, მე ზაზა მქვია, - მიმართა მან თევზების ცქერით გართულ გოგონებს, - ჩემს მეგობრებს კი დათო და თემო, - სათითაოდ მოგვაშვირა თითი.
ვარდისფერ ბიკინიანი წამოდგა ჯერ:
- მე თეონა მქვია, - თქვა მორიდებით.
- მერე ცისფერ საცურაოში გამოკვართული წამოდგა, გრძელი თმა მკერდზე გადმოიყარა უკნიდან და რაღაც გამომწვევად თქვა:
- მე მაიკო გახლავართ!..
ერთმა, მწვანე ტრიკო-აზღუდიანმა, მეორე, ასეთსავე საცურაოებში ჩაცმულს დაადო მხარზე ხელი და გვითხრა:
- მე ფიქრია ვარ, ეს კი ქეთია, ჩემი და.
- თქვენ ყოველთვის ასეთები ხართ? - თითქოს გაკვირვებით ეკითხება ზაზა გოგონებს.
- როგორ ასეთები? - თვალები უციმციმებთ მათ.
- ასეთი ლამაზები? - აზუსტებს ზაზა.
ყველამ გავიცინეთ.
- აბა, როგორები იქნებიან? - ვამბობ მე.
- აი, ამას ალები ეგონეთ, რადგან ამ მდინარეში თქვენისთანა მოცურავენი ჯერ არ შეგვხვედრიან, - ჩემზე მიუთითა თემომ გოგონებს.
გოგონებმა გადაიკისკისეს.
მალე მე და თემოც გადავეშვით მორევში, გოგონებიდან მაიკომ და ქეთიმ გაბედეს ჩამოსვლა. მერე ყველანი იქვე, დიდ ქვაზე დავსხედით, - ვსაუბრობდით, ვხუმრობდით, უკეთ ვეცნობოდით ერთმანეთს.
დიდხანს მაინც არ დარჩენილან გოგონები, წასვლა მოინდომეს, სტუმრადა ვართ და არ გვინდა მასპინძლებმა ძებნა დაგვიწყონო.
თემომ კალმახით სავსე პარკი რიყეზე მოაპირქვავა და მათ მიმართა:
- ამ თევზის გაყოფაში მოგვეხმარეთ წასვლამდე, მერე კი დავემშვიდობოთ ერთმანეთს.
- რა მოხმარება გინდათ? - სიცილით იკითხა თეონამ.
- გვინდა, გვინდა, თქვენც ხომ უნდა შეგახვედროთ?
- როგორ, ჩვენ რაში გვეკუთვნის? - იკითხა ქეთიმ.
- გეკუთვნით, როგორ არა, ეს თევზი შვიდ ნაწილად უნდა გავყოთ, - ვთქვი მე.
- რა გულუხვები ხართ? - გაეხარდა მაიკოს.
- რატომ წუხდებით? - ამბობს თეონაც.
- კარგით, აღარ გვინდა ამაზე დავა? - თქვა ბოლოს თემომ.
- კარგით, ოღონდ ჯერ ჩვენ ჩავიცვამთ, - ტანსაცმლისაკენ იხედება თეონა, - თქვენ თვალი მოგვარიდეთ და აქ დაგველოდეთ, მალე მოვალთ, - ბექობის იქით აპირებენ მოფარებას.
- რა გეჩქარებათ? მერე ჩაიცვით, - შეწუხებულია ზაზა, - ქეთი შენ მაინც დარჩი, კარგი? - მთელი ყურადღება მისკენ გადააქვს ბოლოს.
- ჭკვიანად იყავი, თორემ, - საჩვენებელ თითს მუქარით წევს ქეთი, თან სიწითლე გადაურბენს სახეზე.
სანამ გოგონები დაბრუნდებოდნენ, ჩვენც ჩავიცვით. მოსულები თითქოს სხვანაირებად მოგვეჩვენენ.
- ვაიმე, ვეღარა გცნობთ, ვინ რომელი ხართ, ისევ გვითხარით თქვენი სახელები, - ხუმრობს ზაზა.
თეონას ყვითელი ქვედაბოლო და თეთრი პერანგი ჩაუცვამს, მაიკოს - ჯინსის შარვალი ლურჯ პერანგთან ერთად, ქეთის და ფიქრიას - შინდისფერი მოკლე კაბები.
გავყავით თევზი შვიდ ნაწილად, გოგონების წილი მეტი გამოვიდა ჩვენსაზე. არ იღებდნენ, ამდენი არ გვინდა, თქვენ ნაკლები გრჩებათო, მაგრამ ჩვენ არ დავიშალეთ. ბოლოს ერთად ამოვედით მდინარიდან, ხევის თავზე, მწვანე მინდორზე ვისაუბრეთ ცოტა ხანს და მერე დანანებით დავემშვიდობეთ ახლადგაცნობილებს. სანამ თვალს მიეფარებოდნენ გოგონები, იქვე ვიდექით და ხელს ვუქნევდით, მერე კი ჩვენც შინისაკენ წამოვედით.
იმდენად ვიყავით აღფრთოვანებული უცხო გოგონებთან შეხვედრით, რომ კარგა ხანს ხმის ამოუღებლად მოვყვებოდით ბილიკს. მერე კი რაღაც მოკრძალებით დავიწყეთ მათზე საუბარი.
საღამო ჩამოდიოდა ხევებში, როცა მოხუც მწყემსს წამოვეწიეთ, უკვე მიჰყავდა ნახირი სოფლისაკენ.
- რა ჰქენით, იყოჩაღეთ, თუ ტყუილად იხეტიალეთ? - მოგვიბრუნდა იგი.
- ვიყოჩაღეთ, ბაბუ, მაგრამ ალებს გავატანეთ ნახევარი თევზი, - უპასუხა ზაზამ და კალმახები აჩვენა.
- ალებს კი არა, ანგელოზებს შევხვდით, - ამბობს თემო.
შეხედა მოხუცმა ჩვენს თევზებს და ჩაიცინა.
- საკმარისია, მაგაზე მეტი თუ არ დაიჭირეთ ხოლმე, კიდევ მომრავლდება კალმახი ჩვენს წყლებში.
ჩვენ დაწვრილებით მოვუყევით თევზაობისა და გოგონებთან შეხვედრის ამბავი.
- მეც არ ვიფიქრე, ასე რამ გაახარა ეს ბავშვები, იმდენი კალმახიც არ დაუჭერიათ-მეთქი, უნდა წამოგეყვანათ ის გოგოები თან, თორემ ისე იყურებით უკან, გეტყობათ, გულები იქ დაგრჩენიათ.
- მიეცი მაგას, ზაზა, რამდენიმე კალმახი, თორემ დაგვცინის, ხომ ხედავ? - ვეუბნები მე მეგობარს.
- აბა, ისე ხომ არ დავტოვებთ, - პარკიდან რამდენიმე კალმახი ამოიღო ზაზამ, გზის პირას ბუერის ფოთოლი მოწყვიტა, თევზები შიგ გაახვია და მოხუცს ჩაუდო ხალათის ჯიბეში.
- დიდი მადლობელი, ბაბუ, დიდი მადლობელი, ღმერთმა ბევრი დაგაჭერინოთ, ჩემზე მეტი ხნის მოგყაროთ, მარა თქვენ რაღა გრჩებათ, რისთვის იარეთ მთელი დღე? იქით იმ გოგოებისთვის მიგიციათ კიდევ.
- ეჰ, ბაბუ, ჩვენ დღეს იმ ანგელოზების ნახვაც გვეყოფა, - ამბობს თემო.
ასე მიიწურა ზაფხულის მშვენიერი დღე. მე ისევ უკან ვიყურებოდი, ჩვენს მიერ ნავალი ხევებისა და მთებისაკენ. დასავალთან გადაცურებული მზე უკვე ქედებს მოჰფარებოდა და მისი სხივები მხოლოდ მაღალი მთის წვერებს შერჩენოდა სამკაულებად... და ეს განათებული მთის მწვარვალები ისე გამოირჩეოდა სილამაზით ჩვენს მშობლიურ მთებსა და ტყეებში, როგორც იმ გოგონებთან შეხვედრის წუთები ჩავლილი მშვენიერი დღის საათებში...

დიდი ხანი გასულა იმ ზაფხულიდან... ისევ დავბრუნდი, ისევ ჩემს ტყეებსა და მთებში დავხეტიალობ, ნაცნობ ბილიკებს მივყვები წარსულის დღეებისაკენ. ის დღეც მახსენდება, თევზაობისას მომხიბლავ გოგონებს რომ შევხვდით მე, თემო და ზაზა. თუმცა მას შემდეგ ის გოგონები აღარსად შეგვხვედრიან. თითქოს მართლა მშვენიერი ალებივით მოგვევლინნენ რამდენიმე წუთით და მერე სადღაც გადაიკარგნენ... ვინ იცის, სად არიან ახლა ის ალები თუ ანგელოზები, ასე რომ ალამაზებდნენ მთის პატარა მდინარის მზედაფენილ ნაპირს იმ შორეული ზაფხულის დღეს?!.



წყარო: http://urakparaki.com
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (13.05.2013) | ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ნანახია: 2341 | კომენტარი: 2 | ტეგები: nadiroba, მონადირე, ალები, tevzaoba, ანგელოზები | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
+1   Spam
2 77777   (14.05.2013 02:55:27) [მასალა]
ალები კია არა ანგელოზებიიი 10 10 10

0   Spam
1 tatoxoni   (13.05.2013 22:59:18) [მასალა]
167

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика