ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

მოგონება-ვაჟა ფშაველა
საშობაოდ დათხოვნილი სწორედ 24 ქრისტიშობისთვეს მივედი შინ. გზაზე ძლიერ შემცივდა, ფეხები დამაძრა, მაგრამ ის ფიქრი, რომ დედასა და მამას, ნათესავებს ვნახავ-მეთქი, მამხნევებდა და ბაიბუად არ გამაჩნდა. არაგვს რომ გამოვდიოდით, გაღმა ნაპირიდამ იხვების გუნდი აფრინდა და ყიყინით გასწია თავქვე.
– ოჰ, შენი ჭირიმე, დედავ, რამოდენებია! – წამოვიძახე განცვიფრებულმა, – განა ისეთი მსხვილი იხვი, როგორც არაგვმა იცის, სხვაგანაც არის? – ვკითხე ბერუას, რომელიც, დურა-ტყავში გახვეული, ტყავის ქუდზე ყაბალახწაკრული, ცხენის ჩაკჩაკით მომდევდა უკან. ბერუამ იცოდა, როგორს პასუხსაც მოველოდი იმისგან, და მიპასუხა:
– არაგვისთანა მსხვილი იხვი დედამიწის ზურგზედ სადღა შეიძლება იყოსო.
– კალმახი და ორაგული?
– მაგას ხომ თქმაც არ უნდაო.
თანდათან მივუახლოვდით ჩვენს სოფელს. აგერ ახუნი, აი სასვეთავი, აგერ „საძერიანი". რამოდენა სიამოვნებას ვგრძნობდი, როცა დავინახე მიდამო ჩემის სოფლისა. უენოა ყველაფერი, რასაც ვხედავ, მაგრამ რამდენს რასმე ეუბნება ჩემს გულს ეს მთები, ეს ტყე გაბარდნულის თოვლით. აგერ ჩვენი საყდარი გამარტოებით გორაზე, დაღონებულად მარტოდმარტო გადმოსცქერია არაგვის ხეობას. აი, იმედის კაკალიც, დამამშვენები მამულებისა, უზარმაზარი, გაბარჯღული. დავინახე ჩვენი სახლიც: სვეტად ბუხრიდამ მაღლა ადიოდა ბოლი. როგორ გაბარდულა თოვლით ჩვენი წნორი. გული აღარ მითმენს; გავაჩქარე ცხენი… გორაზე ვიღაც პატარა გადმოდგა, გადმოგვხედა და სწრაფად მიბრუნდა შინისკე. ის ჩემი ძმა იყო, გვიცნო და გაექანა, რომ ჩვენებისთვის ეხარებინა. ყველაზედ უწინ დედაჩემი გამოჩნდა კარებში და მოგვეგება წინ. თვალებზე ცრემლი მოუვიდა: „შეგცივდებოდა, შვილო, ვაი შენს დედას!" მკოცნა, ბევრი მკოცნა. მომეხვივნენ და-ძმები და ცივ-ცივად გამიტაცეს სახლში, სადაც ჩემთვის, როგორც კეისრისათვის, ბუხრის წინ გაემართათ საბძანებელი. ბუხარი რცხილის კუნძებით იყო გამოტენილი და საამურად ღუდღუდებდა. მამიჩემის მეტი ყველანი ფეხზე იდგნენ და თავს მევლებოდენ. მამაჩემი ფეხზე არ ადგა, სტოლთან იჯდა, სათვალეები გაეკეთა, წინ ქაღალდი და ჩოთქი ედვა და რაღასაც ანგარიშობდა. მე მივედი, ხელზე ვემთხვიე, იმან ჯვარი გადამსახა: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინო", – სთქვა და შუბლზე მაკოცა.
– ძალიან შეგცივდა? – მითხრა მამამ ღიმილით, – აბა რა მოგარბენინებდა და თბილად არ იჯექი? სოფელში საკვირველს რას ნახავ?!
– არ შემცივდა-მეთქი, – ვუთხარი ძლივძლივობით, რადგან სიცივისაგან კრიჭა მქონდა შეკრული. ან კი რა მათქმევინებდა, შემცივდა-მეთქი.
– ბავშვს შესცივნია, თბილიდ ჩააცვიო, – უთხრა მამამ დედაჩემს, რომელიც უკვე მხდიდა ფეხებს. მომიტანა თავის ხელით დაქსოვილი წინდები, ახალი ახალუხი, ჩემთვის დამზადებული, მომახვია მამის თულუფი და ასე გამოვბრწყინდი ბუხრის წინ. მამამ ისევ თავისი საქმე განაგრძო. დაგვრჩა ბუხარი მე და ბერუას. წაიძრო იმან ხელიდამ ხელთათმანები (საფუხრები) და ჯერ შორიდამ გადმოეწოდა ცეცხლს, მერმე მოუჩოჩდა ისიც ბუხარს და მიუშვირა გული და ხელები. ბერუამ გააჭირდიდა ჩვენი მგზავრობა, თითქოს ამერიკაში ყოფილიყო და არა ტ–ში. ბერუას, რასაკვირველია, აზრად ისა ჰქონდა, რომ მეტის პატივისცემით მოჰპყრობოდენ ჩემი მშობლები, რადგან იმდენი შრომა და ჯაფა გამოიარა ჩემის გულისათვის.
– დავიხოცენით, გავსწყდით, მამაო მღვდელო, – სთქვა ბერუამ წარბების აჭიმვით, – ვაგლახი გზაა გასატიელებელი, წელამდე თოვლი ვკვალეთ. გავსილა ზვავებით გზები. მე ისე ჩემი თავი არ მაჯავრებდა, როგორც ეს ბალღი.
– წუხელ ვისთან იდექით? – ჰკითხა მამაჩემმა ბერუას.
– მამიდასთან მოვიყვანე. ცას დაეწია საწყალი. აღარ იცოდა, რა ექნა და როგორ დაგვხვედრიყო. ჯერ ხომ სულ ფეხზე ჰყუდავ და წუხელ სულ ფეხზე იტრიალა. თბილად დაგვაწვინა, მაგრამ მე კიდევ ჩემი ნაბადიც დავხურე ლევანს, არ შესცივდესო.
– ძალიან ღარიბად ხომ არ არის თინათინი? – იკითხა მამაჩემმა, რომელმაც ეხლა ძლივს დაანება თავი ანგარიშს და კრიალოსანს მიჰმართა.
– თავისად კარგადიაად ყოფილან, ბალღიც მოსწრებია. ძალიან ცოცხალი ბალღია. წუხელის აღარ დაგვაძინა, გვიამბო ზღაპრები, არაკები. დილასაც გვიანღა წამოვედით, ადრე არ გამოგვიშვეს. „ენაცვალოს მამიდაიაო, – უთხრის თინათინმა ლევანს, – ადრევ მიხვალთ შინაო, წელში ერთხელ ანა გნახავთ, ან არაო; ჩემი ძმა ერთხელ იმას არ იტყვის, მივიდე, გავიგო ან ავი, ან კარგი ჩემის დისაო. თქვენი თავი ხო სუ დამანატრაო".
ბერუა ბევრს რასმე იტყოდა კიდევ, რომ დედაჩემს პურის საჭმელად არ დაეძახა.
ეხლა ძლივს ამოვისუნთქე თავისუფლად. როდისღა ვიგრძნობ იმგვარს სიამოვნებას? ნეტა აღარ წამიყვანდენ იმ ოხერს სასწავლებელში-მეთქი, ვფიქრობდი. ეს ფიქრი ხომ არ შემისრულდებოდა და არა, მაგრამ ის მიხაროდა, რომ ორი კვირა თავისუფალი ვიქნებოდი და სულთამხუთავი მასწავლებლები აღარ დამადგებოდენ თავზე… ნიადაგ უნდა მესიამოვნა. ჯერ ერთი, გადავრჩი ბერძნულის მასწავლებელს, ამ დაობებულს, დახავსებულს ბურსაკს; ჯერ ქართული ანაბანა არ ვიცოდი და ის კი მოგვიყვა ბერძნულს ენას. ნეტავი თითონ მაინც სცოდნოდა თავის საგანი, ისიც მაშინ სწავლობდა. შავ-შავი, ხმელი კაცი იყო; დაგვადგებოდა თავზე და „გვაზუბრინებდა": „ალფა, ბეტა, ღამა, დელტა". ისე ამოიძახებდა ამ ხმებს, თითქოს სამარიდამ მკვდარმა ამოიძახაო. მთელი ერთი თვე გვაზეპირებინებდა ერთს ბერძნულს ფრაზას და, ღმერთმა იცის, ნამდვილად ისრეა ბერძნულად, თუ სხვანაირად იგი ფრაზა! დადგებოდა, ჯერ თითონ დაიწყებდა და მერე ჩვენ გვამეორებინებდა ხოლმე: „დიკის დიკინ ტიკ-ტიკიტინ, კე, ბლავის ბლავინ ბლავიო", ვითომ – სიმართლე ჰბადებს სიმართლეს და უსამართლობა უსამართლობასაო. მეორე მასწავლებელს რაღა დამავიწყებდა. ამას დავითი ერქვა სახელად და გვარად ეკალაძე იყო. თავის დანიშნულებად ის მიაჩნდა ამ კაცს, რომ რაც შეიძლებოდა შევეშინებინეთ…
ღმერთო, რა ამბავი იყო, როცა ის გაჯავრდებოდა: თვალები დაესისხლებოდა, მოავლებდა შეგირდს თმაში ხელს და გაისვრიდა, საითაც მოხვდებოდა. ერთი მუჭა ბალანი ხელში უნდა დარჩომოდა და მერე შებერვით აქეთ-იქით გააბნევდა. უნდა მოგახსენოთ, რომ როზგი მაშინ ახალად გადავარდნილი იყო, დავით ეკალაძის სავალალოდ და სამწუხაროდ, მაგრამ ჩუმ-ჩუმად ეკალაძე ამოქმედებდა მაინც როზგს. შენახული ჰქონდა სახლში და საჭიროების დროს მოიკითხავდა. „თქვე მ–ლებო, იქნება იმას ჰფიქრობთ, როზგი გადავარდაო, ვერ მოგართვესთ, აბა, ერთი წამოაქციეთ", – ეტყოდა ჩურჩულით გულდამშეული უფროსს შეგირდებს, რომელნიც სწრაფად გაჰბაწრავდენ ერთ-ერთს ამ არწივის მსხვერპლს და წამოაქცევდენ. „აბა, ერთი რიგიანად მოახვედრეთ მაგას ორმოციოდე როზგი". ბევრსა ჰყვიროდა საწყალი ბავშვი – ვაი, დედავ, მოგიკვდიო, – მაგრამ ამაოდ. არწივი ეკალაძე დასძახებდა: – „მოკვდი, მოკვდი, მოკვდი, ს–სინ! მაგრა დაკათ, მაგრა, მაგ მ–ს!". ვაი იმ შეგირდ-ჯალათის ბრალი, რომელიც გულჩვილობას გამოიჩენდა და ვერ დაჰკრავდა გამეტებით; ახლა იმას გააძაგვრინებდა იატაკზე.
მე ბუხარში ვიჯექი და იქიდამ ვუცქეროდი ამ საშინელებას. დიაღ, ბუხარი იყო ჩემი სკამი მთელი ორი წელი, რადგან ადგილი აღარ იყო შეგირდისათვის, და ერთთავად ნაცარში ამოგანგლული დავდიოდი. რა ღმერთი გამიწყრებოდა, დამეშავებინა რამე ამ სურათების მნახველს. ეკალაძეს ბრაზი მოუვიდოდა ხოლმე, რომ საბუთს არაფერს ვაძლევდი გაროზგვისას, მომიშარებდა რასმე და დამკივლებდა: – „მ–ის სულს აგიტირებ, ფშაველო!" გამისომდა ბჯღალს ქოჩორზე, თითქოს ქორმა ქათამს გაჰკრა ბჯღალიო, და გადაისვრიდა ბურტყლებს დაბლა. გაკვეთილების გათავების შემდეგ რომ ჭკვიანი კაცი გამოჩენილიყო და ჩვენს კლასში მოსულიყო, ერთის ჯამბარის საკმაო ბურტყლს აჰკრეფავდა. ამ ვაი-ვაგლახის მნახველსა და გამოვლილს ჩემს საკუთარს ჭერს ქვეშ ყოფნა მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, დიდად მეფასებოდა და დიდს სიამოვნებას მიღვიძებდა გულში, თუნდ სულ არაფერი ეჭმიათ და არაფერი ესმიათ ჩემთვის. მაგრამ ამ მხრითაც ბედნიერი ვიყავი ჩემს სახლში, მანამ სახლის პატრონთან. სახლის პატრონი იმისთვის ჰპატრონობდა სახლს და იყვანდა შეგირდებს, რომ ფული მოეგო. ამიტომ ზაფხულობით ჭრიანტლით (ტყემლის წვენი) დაგვჭრა კბილები და ზამთარში მახოხით. როცა მამა ჩამოვიდოდა, სახლის პატრონიც შესცვლიდა თავისს პოლიტიკას, მშვენიერს სადილს გამართავდა, უგენაცვალეოდ სიტყვას არ მეტყოდა, მილაქუცებდა, რა არის, არ დამებეზღა მამაჩემთან და ლუკმა არ დამეკარგვია. მეც მეგონა, იქნება ამას იქით სულ ესე კარგად მომექცეს-მეთქი, და ვიყავი ამ ვაებაში ცალკე შინ, ცალკე სკოლაში.
გულმა აღარ მომითმინა. ვერ შევსძელი მეტი ჯდომა, თუმცა დედა ჩემთვის საუზმეს ამზადებდა, ავდეგ და მოვუარე, სადაც რამე საცუცნარი მეგულებოდა… ვნახე ჩემი კვიცი, რომელსაც ამ ოთხს თვეში ბევრი მოემატნა. ვითომ უნდა დამეურვა ჩემს ჭკუაში, მაგრამ ხელის მიახლოვება იუკადრისა და კამპი გამკრა მხარზედ… ამოვაღებინე სკივრიდამ ჩემი ხანჯალი, რომელსაც ჟანგი მოჰკიდებოდა, და გავწმინდე, გავაკაშკაშე. მოვიკითხე ჩემი მამალი – კუბღირი. მე რომ თავი დავანებე, მაშინ ჩიორა იყო, ძლივ-ძლივობით, რის წვითა და დაგვით, ყელის ძაფები უნდა დაეგლიჯა, მანამ ხრინწიანის ხმით „ყიყლიყო"-ს დაიძახებდა. ეხლა კი თამამად, ამაყად დედლებში დასეირნობდა და ბოხის ხმით, ისეთის ხმით, რომ პროტო-დიაკვნებსაც კი დაენატრებოდათ იმისი ბასი, გასძახოდა მუდმივს, ერთფეროვანს თავისს საგალობელს. დედაჩემს დავენახე, რომ თავმოწონებით დავსცქეროდი კუბღირს და მითხრა, თურმე ხუმრობით, მე კი მართალი მეგონა:
– ხვალ, შვილო, კუბღირი უნდა წამოვყინჭროთ, ვერაფერი მამალიაო.
– დიაღ, როგორ არა-მეთქი, – ვთქვი მე გულგადმოტრიალებულმა და გული დავიმშვიდე, რაკი დედაჩემს ხუმრობა შევატყე. ჩქარა ჩემს მეგობრებს ბესას და ვასილსაც შეეტყოთ ჩემი მოსვლა და მოვიდენ ჩემს სანახავად. მე დარბაისლად ვიჭერდი იმათთან თავს, როგორც „განათლებული" კაცი, ვიმაგრებდი თავს, თითქმის აღარც კი ვიცინოდი და შუბლს ვიჭმუხნიდი. თითო-ოროლა რუსულს სიტყვას წამოვისროდი, რა არი მეჩვენებინა იმათთვის, რომ რუსული ვიცი-მეთქი. თან მოტანილი მქონდა: ერთი ტყვიის მამალი, თუნუქის საყვირი და რეზინის ბურთი… სოფლელი ბიჭები ამეებს განცვიფრებით სინჯავდენ და მე კი თავი მომწონდა, როგორც დიდის საკვირველების მექონეს. დიაღ, ვჭკვიანობდი და „ვსურიოზნობდი", მაგრამ ჩემი ძალად-ჭკვიანობა, როგორც ჩემს თავს ვატყობდი, ერთს დღეზე მეტს ვერ გასტანდა. მეორე დღეს უნდა გამეტია აღმე თუ დაღმე, მარჯვნივ თუ მარცხნივ. ამასობაში კიდეც დაღამდა, ჩაიზე დავსხედით, ჩემი მეგობარი ბესა და ვასილაც მივიპატიჟე. ჩვენმა მურამ ვიღასაც ყეფა დაუწყო, მაგრამ მალე ხმა გაკმინდა.
– სად ვინა ხართ, ოჯახიშვილებო?! – მოისმა გარედგან რიხიანი ხმა. ეს ხმა ბიძაჩემის ხმასა ჰგვანდა, მაშინვე ვიცანი.
– ვინ არი? შემოდი, ბიჭო, შინა, ვინა ხარ?! – დაუძახა მამაჩემმა.
– ვინ არის? თოფიანი მგელია. არ ისტუმრებთ? – და შემოეყუდა კარებში ბიძაჩემი და თან ჩულიანი თოფი შემოიყოლა: – საღამო მშვიდობისათო, – სთქვა ბიძაჩემმა და მოიხედა ჩემსკე: – ეს ვინღა მოგვსვლია? ჩვენი ქამალაღუელი! ოჰ, ენაცვალოს ბიძა შვილსა! – ამიყვანა ხელში და მაკოცა. ქამალაღუელი ფშაურის გმირის სახელია და დაცინვით იმის სახელს ბიძაჩემი მე მეძახდა. შემდეგ მამაჩემს მიუბრუნდა და უთხრა, – შენ, ჯერ ძმაო და მერმე მამაო, თუ ღმერთმა მღვდლობის გონება მოგცა, მე ემისა მამცა! – დაჰკრა ხელი თოფსა, – ვენაცვალე ამის მადლსა; სადაც მე და ესა ვართ, იქ ღმერთი ლუკმას არ დაგვიკარგავს. ამით მაინც არ გარცხვენ, ძმაო! – უთხრა მამაჩემს ნინიამ თავმოწონებით.

– რა ვიცი, – უთხრა მამაჩემმა, – შენ და შენი თოფი სულ მუდამ გამარჯვებულები ხართ, რამოდენა ნადირსა ჰღუპავ და ერთხელ ნანადირევის ხორცი ვერ მაჭამე.
– ხვალამდე მოითმინე, ღმერთი და ბედი, იმედი მაქვს გავხდე რასმეო, – სთქვა ბიძაჩემმა, – გუშინ საფუტკრის გორში ექვსის შვლის ნავალს შევხვდი. დავსდიე იმ დღეს, მაგრამ, აბა, სათოფედ არ მიმიშვეს. ამინდია, ტიალი, ცუდი: ფეხი ჩქამობს, კაცის ფეხის ხმა ერთის დღის სავალზე ისმის. მანამ ასავალთ-გორის ხევში გადამივიდოდენ, გორის პირში მოვკარ თვალი, მივუსხლიტე ერთი, აიარა საფალიამ, მაგრამ არ გამივარდა თოფი, გამასწვრეს ოხრებმა, ასრივე წვრილთ-გორისაკენ წამამივიდენ. მანდ სადგომები აქვთ, ხვალ დაუხელავნი არ მომრჩებიან. თუ დილისათვის თოვლი გადიღო და ღმერთმა ბძანა, ძალიან კაი ამინდი იქნება ნადირობისა.
– ამ კვირია, მაშ, ვერაფერი ინადირე? – განაგრძო მამაჩემმა.
– ერთი მელა ძლივძლივობით დავიჭირეო, – სთქვა ბიძაჩემმა. – ოთხი დღე ზედიზედ ხაფანგი მეგო; დაჩვეულა მყვანდა, მაგრამ, აბა, არ იქნა, ვერ გავაბი ის ოხერი. მოვიდოდა, ხაფანგს შემოუვლიდა გარშემო და არ ახლებდა პურს პირსა. ხაფანგის გარშემო კი სულ დაქსელილი იყო. მანამ ხაფანგს კარგა სქლად თოვლი არ წავაყარე, ვერას გავხდი; უფრო ყაპყმა (ფიფქი) მიშველა, ყაპყი აღარ აუცხოვებს კაცის ნახელარს თოვლსა და მაშინ ადვილად მიენდობა მელა.
ბიძაჩემი ნინია განთქმული მონადირე იყო და იმისი მოსვლა ერთიათად მიმატებდა სიხარულს: ბევრს რასმე მიამბობდა ნადირობისას. ბიძაჩემმა იმ ღამეს აღარ დაისვენა, წამდაუწუმ გაიხედავდა გარეთ, უნდოდა შეეტყო, გადიღო თოვლი თუ არაო.
დედაჩემი ვახშამის მზადებას შეუდგა. ამაღამ, რაც კი ოჯახში სამარხო რამ მოეპოებოდა, ყველა ის უნდა საჭმელად გაკეთებულიყო, ჩვეულებისამებრ !მარხვის გასასტუმრებლად". მე კი ბიძაჩემს მივუჯექი. ვთხოვე, რომ თავისი მონადირეობის ამბები ეამბნა ჩემთვის. მართლაც, იმდენი რამ მიამბო ნადირობაზე, რომ ასი თაბახი ცოტაა იმის ჩასაწერად. მამაჩემი ცალკე ოთახში გავიდა სალოცავად. ბიძაჩემმა, სხვათაშორის, ერთის დათვის ამბავი მითხრა.
– კაბლის ტყეში, შვილო, – დაიწყო ბიძამ რიხიანად: – ერთი ირემი მოვკალ; გავატყავე, ავკუწე ნაჭრებად, მივაფარე ზედ ტყავი და ვუფეთქე წამალი, რომ ნადირი არ მიჰკარებოდა. თავ-რქა კისერზე გავიდევ და გამოვწიე ბინისაკენ. ლაწილუწი, ფშნატაფშნუტი მომესმა. შევხედე, ერთი უბრალო, უზარმაზარი დათვი შემდგარა ჩემს კვალზე და კვალდაკვალ მომდევდა, ნება-ნება მოჯოჯავდა. რამდენი დათვი მომიკლავს და ჩემს დღეში იმოდენა დათვი არ შემხვედრია. სწორედ ქოხსა ჰგვანდა ის დაწყევლილი. მივუბრუნდი და ჭკვიანად ვუთხარი: დამანებე თავი, შენ შენი ღმერთი, მე რომ არაფერს გერჩი, შენ რა გინდა ჩემგნითა-მეთქი, და წამოვედი ისევ ჩემს გზაზე. მივიხედე კიდევ, ისევ მომდევს ეს დათვი, არ მეშვება, მაიქნევს საზარელს თავ-ყურს. მე კიდევ ჭკვიანად ვუთხარი: ვაჟო, დათვო, თავი დამანებე, წერას ნუ აუგდიხარ; წადი, შე რჯულძაღლო, დაიღუპე, რას გადამესიე?! აბა, შენც არ მამიკვდე, ყურიც არ შაიბერტყა. გამოვიარე კიდევ კარგა მანძილი. რა მომაშორებინებს იმისათვის თვალსა? მივიხედე, ისევ თავისებურად მააბოტებს. დასწყევლოს ღმერთმა, კაცი არ ვეგონე, როგორ იყო იმისი საქმე, როგორ იყო იმისი ფიქრი!? თან ვიფიქრე, იქნება ეშმაკი იყოს-მეთქი. დავიკივლე, რაც ძალი და ღონე მქონდა: დამეხსენ, ჩამამეხსენ-მეთქი! რომ ვერაფერი გავაგონე, ცოტა გზა კიდევ გამოვიარე, მივეფარე ერთს კაი დიდს ჭანდარს, მოვიგდებინე ბარგი, მოვსალთავდი და მივუშვირე თოფი. დათვი მოდის. კარგა ახლოს რო მოვიდა, ნიშანი შიგ ნიკორა შუბლში მივეც და მაუსვი ფეხს ხელი. თოფმა არ მიმტყუნა, შიგ შუბლში სძგერებიყო ტყვია და, წამლის ბოლი რომ გამეცალა, ვნახე წამოჩაჩხული დათვი იდვა ჩემს წინ და კიდევ გამოსდიოდა ნატყვიარში ბოლი. ეგ გინდოდა და იშოვნე კიდეცა-მეთქი, დავვედრე მე გალაღებულმა.
ბიძაჩემის გალაღებამ მეც გამალაღა. ბიძაჩემისათვის დათვთან შეხვედრის ბოლო საშიში მეგონა და გამეხარდა, რომ ბიძაჩემი დარჩა გამარჯვებული.
– ნეტა, ძიავ, მეც შენისთანა მონადირე ვიყო-მეთქი, – ვუთხარი ბიძაჩემს.
– ჰა, ჰა, ჰააა, – ჩაიცინა ბიძაჩემმა მწარედ: – შენ უფრო კაი მონადირე ხარ, თუ ჭკუას მოიხმარებ, შვილო. სწავლას ეხლანდელს დროში აღარაფერი შაედრება. მე ცოდვის მეტი არაფერი მომცა ნადირობამ. რამოდენა ნადირსა ვღუპავ, მაგრამ სულ ტყუილად მიდის, იმისი მე არაფერი მრჩება.
ნადირობა მე პირველ სასახელო საქმედ მიმაჩნდა და გამიკვირდა ბიძაჩემის სიტყვა. დიაღ, გამიკვირდა და მეწყინა, თუმცა კი პირში არ მითქვამს ჩემი აზრი და არ ავხირებივარ. მამაჩემსაც გაეთავა ლოცვა და შემოვიდა ჩემთან.
– ეგ არი, – სთქვა ღიმილით მამაჩემმა: – რაკი ბიძა-ძმისწულიერთად შეიყარენით, თქვენს ნადირობის საუბარს დასასრული აღარ ექნება. საკვირველია, რომ ჯიში არ გასწირავს კაცსა: საწყალი მამაჩემი ოთხმოცდაათის წლის კაცი იყო და მაშინათვე ლაპარაკს ნადირობაზე ჩამოგიგდებდა: აქ თოფი ვესროლე და მთაბარი დაინგრა იმის ხმისაგან, იქ მოვკალი, აქ კიდევ დაჭრილი წამივიდაო…
– ჯიშისაა ყველაფერი, მაშ, მაშ, – დაამტკიცა ბიძაჩემმა.
ჩქარა ვახშამიც მოიტანეს და ყველანი, გარდა მამიჩემისა, შემოვუსხედით სუფრას. ვახშამი მხიარულად გავატარეთ; ბიძაჩემი ბევრი ვალაპარაკე ნადირობაზე. მარხვაც „გავისტუმრეთ". სამნი, – მე, მამაჩემი და ბიძაჩემი, ერთს ოთახში დავწექით დასაძინებლად. იმ ღამეს ნინიას არა სძინებია ორი საათი, ლოგინში მოუსვენრად ტრიალებდა და ხან ფანჯრიდამ, ხანაც კარებიდამ ათვალიერებდა გარეთ, გადიღო თოვლმა თუ არაო. მეც არ მეძინა და ვფიქრობდი იმაზე, ხვალ როგორ გამეტარებინა დროება, ან ბიძაჩემის ნადირობა როგორ ჩაივლიდა. სწორედ შუაღამე იქნებოდა, ბიძაჩემი ერთხელ კიდევ ადგა, გაიხედა კარებში და წაიბუტბუტა: „ძლივს არ გადიღო ამ სატიალემაო!" მობრუნდა შინ, ჩამოიღო თოფი, სასწრაფო და საპირისწამლე. ჭრაქი აანთო, ბუხარში ცეცხლი აასინათა და დაუწყო თოფს წმენდა შიგნით და გარეთ; ჩახმახს ტალი გამოარიდა და საშლით დაუპირა; ჩანთიდამ ამოიღო პატარა თითბრის ყალიბი და პატარავე ტყვიის სადნობი ტაფა და დაუწყო ტყვიას ცეცხლზედ დნობა. რამდენიმე ტყვია ჩამოასხა და ახლა სასწრაფოს მიჰმართა, ამოაძრო სასწრაფოდამ მასრები, სინჯავდა, წამალი იყო თუ არა შიგა, გადაწყ-გადმოწყო რქის საწყაოთი, რომელიც სასწრაფოზე ზედ იყო დაკიდებული. რაკი ტყვიას დაუწყო დნობა და სანადირო მასალას მზადება, მეც გულმა ვეღარ მომითმინა, წამოვხტი ქვეშაგებიდამ, მივუჯექი ბიძაჩემს ახლო და დაფაციცებული ვადევნებდი თვალს იმის მოქმედებას. როდესაც ბიძაჩემმა ჩამოასხა, რამდენიც ტყვია უნდოდა, არწყო წამალი მასრებში და თითოეულს ძონძში გამოხვეული ტყვია დაუფივა; ახლა ბანდულებს მიჰმართა, დაპოხა, გაბანდა, სადაც გაბანდვა აკლდა; წრიაპის თასმებიც დაპოხა. ტყვიის სადნობს ტაფაში სხვა ტყვიის ნაჭყლეტებთან ერთად ნინიამ ერთი ტყვია ჩააგდო, რომელსაც სისხლი ჯერ ისევ ეცხო და ამ ტყვიას უნდა ერთი თხუთმეტამდე ტყვია მოენათლა, გაეზიარებინა, გაენაწილებინა მათთვის თავისი იღბალი. როცა ეს სისხლიანი ტყვია ჩააგდო ბიძაჩემმა ტაფაში, ქუდი მოიხადა, გვერდზე დაიდო და სთქვა: „ღმერთო და ჩვენო ლაშარისჯვარო, რა იღბლისაც ეს ტყვია არი, სხვანიც ამის იღბლისანი იქმნენო".
– ეგ რაღა ბედენა ტყვიაა, ძიავ? – ვკითხე ბიძაჩემს.
– ეს ტყვია, შვილო, იღბლიანი ტყვიაა; ირემი მოვკალ მაგ ტყვიით; შიგ დამდგარიყო და იმას ამოვარიდე. – ყველაფერი გაამზადა ბიძაჩემმა და ეხლა ყალიონი გააჩაღა და იდაყვზე დაბჯენილი წამოწვა ქვეშაგებში. მეც დავწექი. ნაფხიზლარს მაგრა ჩამძინებოდა. ბიძაჩემი ადრე გაპარულიყო სანადიროდ, ისე რომ ჩვენებს ვერავის ვერ გაეგო იმისი წასვლა.
დილით მე ყველაზე გვიან ავდეგ… ჯერ კიდევ ბურანში ვიყავი, რომ დედაჩემი მომჯდომოდა გვერდით, მეტოლებოდა, მკოცნიდა ჩუმ-ჩუმად. უცებ თვალები გავახილე.
– გაიღვიძე, გენაცვალოს დედა, შვილო, ყველანი საყდარში წავიდენ, შენ დარჩი მარტოკა შინა. – დედაჩემიც ჩემს გამო არ წასულიყო წირვაზე. მეც ზმორვით ავდექი, ძლივძლივობით ავატანე ძილსა, პირი დავიბანე, თმა კოხტად გადავივარცხნე, ახალი ტანისამოსი ჩავიცვი, „კარტუზი" დავიხურე ჩემდა სასახელოდ. კარტუზიანი ერთი მარტოკა მე ვიყავი სოფელში. ამითი დიდად მომქონდა თავი და, სწორედ მამალივით თავმოწონებულმა, გავწიე საყდრისაკე. ჯერ საყდარში არ მივსულიყავ, შუა გზაზე ვიყავ, რომ გაღმა, გუთანაურთ-ახოში, თოფი გავარდა. ცოტა ხანი გამოვიდა და მეორე მიჰყვა. მე გულში ნათელი ჩამიდგა: უსათუოდ მოჰკლა ბიძაჩემმა ნადირი-მეთქი, ვიფიქრე. წირვის გამოსვლას არ დავუცადე, ჩემდა სამარცხვინოდ, გამოვიპარე. მინდოდა გამეგო, რა ქნა ბიძაჩემმა, მოჰკლა რამ თუ არა. შორიდამვე დავინახე ბიძაჩემი, იგი დერეფანში იდგა, პირში ჩიბუხი ეჭირა, ქუდი გვერდზე მოექცია და რაღასაც ელეპარაკებოდა ბერუას. თოფი ბოძზე ჩამოეკიდა, სასწრაფო და საპირისწამლე კი ისევ გულზედა ჰქონდა. მივედი და დავინახე, რომ რქიანი შველი ეგდო ბიძაჩემის წინ. საბრალოს ლამაზი, მაგრამ დახოცილი თვალები ნახევარზე მიეხუჭა და ენა გადმოეგდო გვერდზე. მაინც კიდევ ლამაზი იყო ეს თავისუფლების შვილი.
– საწყალი! – ვსთქვი მე და თვალებში სიბრალულისაგან ცრემლები მომივიდა.
– ჰო, მეც ეგრე ვიცი, შვილო, – სთქვა ბიძაჩემმა, – როცა მოვკლავ; მაგრამ მანამ მოვკლავ კი, თვალდაფეთებული დავალ, გულს ვიმჯიღავ და ვამბობ: როდის იქნება ზედ შამამვარდეს, თვალი დავკრა ნადირსაო. პური არ ვიცი და წყალი… ვნახავ და რამდენს ტანჯვასა ვგრძნობ, თუ მოუკლავი წამივიდა; ვუნიშნებ თოფსა და მაშინაც ტანში მათრთოლებს, ვაი თუ ჩახმახის დასხლეტა ვეღარ მოვასწრო და მიეფაროს სადმეო. მოვკლავ და ვამბობ: რად მოვკალი, რას მიშავებდა, რა შამისვა, რა შამიჭამაო?! კაცნი შაუბრალებელნი ვართ.
ბიძაჩემმა შველი ცალის ფეხით ჩამოჰკიდა და ორივემ, იმან და ბერუამ, ტყავება დაუწყეს, ერთმა ერთის ფეხიდამ, მეორემ – მეორიდამ. ნახევარზე ჩამოატყავეს, რომ ამ დროს მამაჩემიც გამოჩნდა: ჯოხს მოიბჯენდა, უკან დიაკვანი მოსდევდა, რომელსაც საცეცხლური და ხელსახოცში გამოკრული ჟამნდავითნი ეჭირა, და სულ უკან ტარასტა მოჩანჩალებდა, მხარზე ტაბლებით სავსე ხურჯინგადაკიდებული. რამდენიმე სხვა სოფლის დარბაისელი კაცი დაეპატიჟა მამას სადილად. შველი რომ დაინახა მამაჩემმა, ძლიერ გაეხარდა და ბიძაჩემ ნინიას გამარჯვება მიულოცა; თითონაც ანაფორა გაიძრო და თავს დასტრიალებდა ნანადირევს. ჯიბიდამ ამოიღო კალმის დანა, თითონ ააჭრა სუკები, ცალკე თეფშზე დააწყო და დააბასტურმა… დიდხანს არ გაუვლია, რომ სუფრას ვუსხედით გვერდზე და ბუხარში შველის მწვადები შიშინებდა… ჩემი ნათესავი ქალები და ძალუებიც მოვიდენ ჩემ სანახავად „მოსაკითხით" – ნამცხვრითა და ხილეულით… ბედნიერი დღე იყო ის დღე ჩემს სიცოცხლეში და ისე ვერ მოვიგონებ, ერთხელ მაინც არ ამოვიოხრო!..




წყარო:
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (10.11.2012)
ნანახია: 4623 | ტეგები: ნადირობა, მონადირე, მოგონება, monadire, nadiroba, ფშაველა, fshavela, mogoneba | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика