ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 3 » თეიმურაზ წიქორიძე - ცხოველთა უფლებების დამცველი    

01:47:28
თეიმურაზ წიქორიძე - ცხოველთა უფლებების დამცველი

თეიმურაზ წიქორიძე - ცხოველთა უფლებების დამცველი

31 მარტი, კვირა
ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყოველი დღე ჰგავს ერთმანეთს. ერთი და იგივე  ცხოვრების წესი, ერთი და იგივე  განცდა. პრაქტიკულად, ამ ხნის მანძილზე არ არსებობს შაბათი ან კვირა, დასვენების დღეები, დღესასწაულები, გართობა ან ელემენტარული დასვენება.

ეს არ არის გამოწვეული რაიმე მატერიალური მიზეზით, ან სასჯელით. ასეთი ცხოვრების წესი თავად ავირჩიე. ეს არის ძალიან დიდი სიყვარული ცხოველების მიმართ, რომლებსაც დახმარება, გადარჩენა, მზრუნველობა და სიყვარული ესაჭიროებათ. ისინი მე მელოდებიან. ზოგი საერთოდ არ მიცნობს, მაგრამ როდესაც დასახმარებლად მივდივარ, მისი თვალებით ვგრძნობ, რომ მელოდებოდა.

ეს ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო. ლეკვებით გატენილი სამი ტომარა წავართვით ძაღლმჭერებს, 70-მდე ცოცხალმკვდარი უმწეო ცხოველი გადმოვყარეთ. შემდეგ - უპატრონო ცხოველების თავშესაფარი. იქ 1200-ზე მეტმა ტრავმირებულმა ცხოველმა დაიდო ბინა. უმეტესობა ვერ გადავარჩინეთ, ბევრი გავაჩუქეთ.

ახლა კი, რა შედარებაა! უკვე გვაქვს ვეტერინარულ-სარეაბილიტაციო ცენტრი, „ბრიჟიტ ბარდოს ფონდის" ხელშეწყობით ტარდება უპატრონო ცხოველების ვეტერინარული მომსახურება. დღეს ორი ოპერაციაა დაგეგმილი. თავშესაფარში იკრიბებიან ვეტერინარები, სტუდენტები. საოპერაციოში შემოჰყავთ ძაღლები. იწყება სტერილიზაციის ოპერაცია. ამ დროს მე ყოველთვის ვნერვიულობ, თუმცა მობილიზებული ვარ და მზად ვარ, ცხოველებს ნებისმიერ სიტუაციაში დავეხმარო.

თავშესაფარში  ცხოველები ყეფენ, თამაშობენ.  ასეა თითქმის ყოველდღე. დაღლილი მივდივარ გვიან...
ჩამოტვირთეთ


1 აპრილი, ორშაბათი
შვიდი  წლის წინ დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება". მაშინ ხუთი ადამიანის გამოძებნაც კი გამიჭირდა. არავის ადარდებდა ცხოველების ბედი. მეგონა, საზოგადოება მხარში ამომიდგებოდა და ერთად ვიბრძოლებდით ცხოველთა უფლებებისათვის. სამწუხაროდ, ჩემი ეს ნაბიჯი უმეტესობამ ისე გაიგო, თითქოს მე თავშესაფრის მომვლელის ამპლუაში ყოფნა მინდოდა. ხალხმა უპატრონო ცხოველები მოგვაყარა. შეიქმნა ურთულესი სიტუაცია, ჩემი პირადი ნივთების გაყიდვაც მომიწია, რომ ცხოველები შემენახა...

სიტუაცია მხოლოდ ამ ბოლო წელს გამოკეთდა - მას შემდეგ, რაც ჩვენს ორგანიზაციაში გამოჩნდა ახალგაზრდა ფრანგი ქალბატონი ადელინ მირეი სანგი. მას უზომოდ უყვარს ცხოველები. რამდენიმე თვის შემდეგ ადელინი ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა. მისი დახმარებით და კონტაქტებით ორგანიზაცია გაძლიერდა. ადელინი ყველა ცხოველის მეგობარია. ჩვენ, ყველა, უდიდეს პატივს ვცემთ ადელინს და გვჯერა, რომ მისი ხელშეწყობით საქართველოში ცხოველებს უკეთესი საარსებო მდგომარეობა შეექმნებათ. 

17 საათი. საავადმყოფოს ვესტიბიულში ვდგავარ. ადელინს ოპერაციას უკეთებენ. სიგარეტს სიგარეტზე ვეწევი და ვფიქრობ, ნეტავ ყველაფერი კარგად დასრულდეს. ვიცი, რომ ადელინს ძალიან აწუხებს ცხოველების ბედი...

2 აპრილი, სამშაბათი
ყოველი დილა ერთმანეთს ჰგავს: ძაღლებისათვის საკვების მოტანა, თავშესაფარში ასვლა, დღის გეგმის შედგენა, ცხოველების საკითხების გადაწყვეტა და ა.შ. თითქმის ერთნაირია ყოველი დღე.

ამ ამბის დასაწყისი კი „ჯესიკას ნაამბობში" აღვწერე. ეს ნამდვილი ამბავია და ასე ჟღერს:

„მე ‘ჯესიკა’ თავშესაფარში შემარქვეს. რატომ მოვხვდი თავშესაფარში? გაინტერესებთ? თავშესაფარში ბევრი ძაღლია. არ იფიქროთ, რომ აქ კარგია ცხოვრება. ვისაც გამოუცდია თავისუფლება, ალბათ თავშესაფარი მისთვის გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. მაგრამ გარეთ ლაღად ცხოვრებაც სარისკოა, ვინაიდან ზოგიერთი ადამიანი გვმტრობს.

მე სად დავიბადე და საიდან აღმოვჩნდით მე და ჩემი ძმა ნუცუბიძის პლატოს ერთ-ერთ კორპუსთან, ვერ გეტყვით, არ მახსოვს. მაგრამ შევეჩვიეთ ამ უბანს და კორპუსს. ზოგიერთი კარგი ადამიანი ჩვენზე ზრუნავდა, საკვებს გვაწვდიდა. მე მაინც მეშინოდა ადამიანების და გავურბოდი მათ. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ქვას მესროდნენ და მდევნიდნენ. ჩემი ძმა უფრო უშიშარი იყო. მე რომ მოვკურცხლავდი, ის მიცავდა და ყეფდა. მე ხშირად შორიდან ერთი კაცი მიყურებდა, საკვებსაც მაწვდიდა, ეტყობა ახლოში ცხოვრობდა და ცხოველები უყვარდა. მას მე ‘პატრონი’ შევარქვი. ახლოს არ ვეკარებოდი, მაგრამ არც გავურბოდი.

პირველად ლეკვების დაყრა კორპუსის სარდაფში მომიწია. ძალიან ძნელია, იყო მარტო და თერთმეტ შვილს უვლიდე. როდესაც ჩემმა ლეკვებმა თვალები გაახილეს და სიარული დაიწყეს, არ ვიცოდი, რაღა მექნა. წყალი არ იყო ახლო-მახლო, რძეც ცოტა მქონდა, თანაც ბევრნი იყვნენ და ვეღარ ვუმკლავდებოდი მათ ჭმევას. გამოუვალი მდგომარეობა მქონდა, თანაც, ლეკვების სარდაფიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო, ბეტონის ბორდიური მაღალი იყო. მაგრამ მოხდა საოცრება! ‘პატრონი’ შემოვიდა ჩვენთან, მოეფერა ჩემს ლეკვებს და საკვები და წყალი მოგვიტანა. გადავრჩით! რამდენიმე დღეში ჩემი შვილები გააჩუქა. მეც მომეცა შვება. თუმცა ორი ლეკვი მაინც მომიკვდა. ბავშვებმა გაიყვანეს და მე ჩემი მკვდარი შვილები გარეთ ვიპოვნე. არ ვიცი, რა მოუვიდათ.

ძნელია მაწანწალა ცხოვრება, მაგრამ მთავარია ვინმემ მოგიალერსოს. ხშირად გამიგია შეძახილი: ‘გადი ძაღლო, არ მიკბინო!’ და ვერ გამიგია, რატომ უნდა ვუკბინო? ისე კი, ზოგიერთი ნამდვილად ღირსია, რომ ჩავარჭო კბილები, მაგრამ მე მშიშარა ვარ და ამას ვერ გავაკეთებ.

გავიდა, რამდენიმე ხანი. ისევ დავფეხმძიმდი. ასეთია ბუნება. ისევ მომიწია სარდაფში ჩასვლა და ლოდინი, როდის გაჩნდებოდნენ ჩემი შვილები. უკვე მუცელი მტკიოდა და ვემზადებოდი დასაყრელად. მიწას ვთხრიდი და ვერ ვისვენებდი. ამ დროს დაიწყო რაღაც ხმაური. სარდაფში ორი კაცი შემოვარდა, ხელში რკინის ჯოხები ეჭირათ და პირდაპირ ჩემკენ გამოექანენ. სახეზე შეშლილებს ჰგავდნენ. მე შევშინდი და გავიქეცი, მაგრამ კუთხეში მიმამწყვდიეს, წელში რკინის კავები ჩამასეს და ძლიერად მომიჭირეს. ტკივილისგან გრძნობას ვკარგავდი... ვკიოდი. კბილებით რკინის კავებს ვეჭიდებოდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ‘პატრონს’ ვეძახდი, იქნებ ეშველა. მუცელი ძალიან მტკიოდა. შემდეგ კავები კისერში ჩამასვეს და ძლიერად მომიჭირეს. მე სუნთქვა შემეკრა. ტკივილით გრძნობას ვკარგავდი, ვიბრძოდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. გარეთ გამომათრიეს, იქ რაღაც ჩოჩქოლი იყო. ბევრი ხალხი ტრიალებდა. მე ვიღაც ნაძირალამ რკინის კავებით ამწია და სცადა დახურულ მანქანაში ჩემი ჩაგდება, მაგრამ ვერ შეძლო და ისევ მიწას დავენარცხე. ტკივილისგან ვერაფერს ვხედავდი. მეორედ ამწიეს უკვე წელში ჩაჭერილი მაშებით და მანქანაში ჩამაგდეს, კარები დახურეს და სიბნელემ დაისადგურა. გარედან ხმაური შემოდიოდა. ეტყობა ჩემს ძმას დასდევდნენ, მაგრამ მე ის ჩემი კივილით გავაფრთხილე, რომ გასცლოდა იქაურობას.

მანქანა დაიძრა. მე ვერაფერს ვხედავდი. ლეკვები აღარ მოძრაობდნენ. მანქანა ცოტა ხანში გაჩერდა. გარედან რაღაც ხმები გაისმა... ‘პატრონის’ ხმა! მინდოდა დამეყეფა, მაგრამ თითქმის უსულოდ ვეგდე და ძალა აღარ მქონდა. ‘პატრონი’ ვიღაცას უყვიროდა. მანქანა ისევ დაიძრა. რამდენიმე საათში კარი გაიღო. ისევ რკინის მაშები მომიჭირეს და სხვა მანქანაში გადამაგდეს. იატაკზე სისხლი და ტალახი იყო. იქვე ორი მკვდარი ძაღლი ეგდო, ალბათ ჩემნაირად დაჭერილი და შემდეგ უწყლოდ და უსაკვებოდ ნატანჯი. ადამიანი ყველაზე საშიშია. რა უნდათ ჩვენგან? თუ მაინც უნდა დაგვხოცონ, ისე მაინც მოგვკლან, რომ არ ვიტანჯოთ, ან რა დავაშავეთ? განა ჩვენი ბრალია, რომ დავიბადეთ და ‘მაწანწალა’ ცხოვრება გვიბოძა ღმერთმა?

დაბნელდა. ზამთარი იყო. მციოდა. ტკივილს მთელ სხეულში ვგრძნობდი. ნეტა მალე მოვკვდე?.. ‘პატრონის’ ხმა!!! მანქანას მიმაგრებულ გალიას ხალხი შემოერტყა. კარები გააღეს. ‘პატრონი’... ხელი მომკიდა, ფრთხილად ამიყვანა, ლაბადა გადამახურა. თავის მანქანაში ჩამსვა. რა ხდება? გადავრჩი? საიდან მომაგნო ? ვინ იყო ის ხალხი? რა დავუშავე?..

მერე ‘პატრონმა’ სადღაც წამიყვანა, თურმე თავშესაფარი ყოფილა. მეორე დღეს ვეტერინარულ კლინიკაში ნემსი გამიკეთეს და დამეძინა. როდესაც გამოვფხიზლდი, ისევ თავშესაფარში ვიყავი. მუცელზე ნაკერები მქონდა. ფეხმძიმობა აღარ მეტყობოდა, მაგრამ ლეკვები არსად ჩანდნენ. ‘პატრონი’ დღეში რამდენჯერმე შემოდიოდა ჩემთან, მეალერსებოდა, საკვებს და წყალს მაწვდიდა, ნემსებს მიკეთებდა. თითქმის სულ გაბრუებული ვიყავი. სულ მეძინებოდა.

გავიდა რამდენიმე ხანი. ‘პატრონმა’ ოთახიდან გამომიყვანა და გამაცნო თავშესაფრის სხვა ბინადარნი. ზოგიერთი მათგანიც ჩემნაირად იყო აქ მოხვედრილი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. კარგი ხალხი გვივლიდა, გვეალერსებოდა, მაგრამ მე მხოლოდ ‘პატრონს’ ვეკარებოდი. ის რომ გავიდოდა თავშესაფრიდან, მე კარებთან ვწვებოდი და მას ველოდი. მან გადამარჩინა, მე მისი ერთგული ვარ, მიყვარს და მას ველოდები..."
2007 წლის ზაფხულში ჯესიკა ‘პატრონის’ მოლოდინში მოკვდა. მისი სიკვდილი ძველი ტრავმებით იყო გამოწვეული. ‘პატრონი’ კი მე ვარ.

3 აპრილი, ოთხშაბათი
ჩვენს ქვეყანაში არ არის ცხოველების პრობლემა, ჩვენს ქვეყანაში არის ადამიანების პრობლემა.

ცხოველთა დაცვის სფეროში საქართველოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, არ არის დაცვის მექანიზმები, ქუჩის ცხოველების პრობლემურ საკითხებს კურირებს მუნიციპალური არაპროფესიონალური სამსახური. უსახლკარო ცხოველების (ძაღლებისა თუ კატების) რაოდენობის ზრდა ბოლო 15-20 წლის განმავლობაში გამოწვეულია მთელი რიგი სოციალურ-ეკონომიური და ბიოლოგიური პროცესებით, წარმოადგენს ზოოლოგიური პოპულაციის ზრდის ნიმუშს და წარმოშობს მეგაპოლისისათვის დამახასიათებელ სოციალურ, ფსიქოლოგიურ და გარემოსდაცვით პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც ვერ ხერხდება დღემდე არსებული არასწორი მიდგომისა და იმ სამსახურების არაპროფესიონალიზმისა და უნიათობის გამო, რომელთაც ამ პრობლემის მოგვარება ევალებათ.

უსახლკარო ცხოველების მექანიკური განადგურება პრობლემას არა თუ არ ხსნის, არამედ მას უფრო ამძიმებს. უსახლკარო ცხოველების მექანიკური გამოხშირვა განაპირობებს ბუნებრივი გადარჩენის პროცესს, რომელიც პოპულაციას სულ უფრო აგრესიულს ხდის, ხოლო რაოდენობას ვერ ამცირებს. გარდა იმისა, რომ არსებული მეთოდიკა ფინანსების უაზრო, უშედეგო და არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს, იგი იმდენად დესპოტურია, რომ მისი გამოყენება ნებისმიერი საზოგადოებისთვის სამარცხვინოა.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მარტო თბილისში მერიის კონტრაქტორი კომერციული ფირმის შპს „დებიუტის" მიერ მარტო 19 თვის განმავლობაში, 2007 წლის 26 ივნისიდან 2009 წლის 29 იანვრის ჩათვლით, სასტიკი მეთოდებით დაჭერილია და განადგურებულია 26 896 ცხოველი (ძირითადად მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლები). აღნიშნული კი სამარცხვინოა და ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისათვის - მიუღებელი. სამწუხაროდ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცხოველებისადმი სასტიკი დამოკიდებულება მუნიციპალური დაწესებულების პასუხისმგებელი პირებისათვის რატომღაც მისაღებია.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც უმოწყალოდ ხოცავენ ქუჩის ცხოველებს ცეცხლსასროლი იარაღითა და სხვადასხვა მიუღებელი სასტიკი მეთოდებით. პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კომპლექსური, მეცნიერულად დასაბუთებული, საერთაშორისო პრაქტიკით აპრობირებული მეთოდიკისა და ეფექტიანი, მობილური არაკომერციული სამსახურის ორგანიზებით. უპირველეს ყოვლისა კი შესაქმნელია ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზა, მუნიციპალიტეტის მიერ შესამუშავებელია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები. აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოველთა დაცვის სფეროში არც ჩვენი კანონები გვაქვს და არც საერთაშორისო კანონებსა თუ კონვენციებს ვუკეთებთ რატიფიკაციას. საქართველო ცხოველთა დაცვის სფეროში ფაქტიურად აღიარებულია, როგორც ჩამორჩენილი ქვეყანა.

4 აპრილი, ხუთშაბათი
უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღე.

არ ვიცი, ეს დღე დღესასწაულია, თუ უფრო მეტად სევდიანი დღეა.  ჩემთვის პირადად წლის ნებისმიერი დღე უპატრონო ცხოველებზე მზრუნველობის დღეა. მაგრამ ეს დღე უფრო მეტად არის დატვირთული, ვინაიდან მსოფლიოში ინტელექტუალური საზოგადოება ყურადღებას უთმობს უპატრონო ცხოველების საკითხებს.

დილით ისევ თავშესაფარში ამოვედი, ისევე, როგორც ამ ბოლო 10 წლის ნებისმიერ დღეს. თავშესაფრის ბინადრები ისევ დიდი სიხარულით შემხვდნენ, როგორც ყოველთვის. მათ არ ესმით, რომ ეს დღე მათია და ისინი ჩვეულებრივად შეგუებულები არიან უპატრონო ცხოვრებას, ერთად ცხოვრობენ თავშესაფარში, ერთად თამაშობენ, ერთად უხარიათ, ერთად ელოდებიან გაჩუქებას, ახალ პატრონს ან ახალ სახლს. ზოგიერთისათვის კი თავშესაფარი მუდმივ სახლად არის ქცეული, მე კი მათთვის პატრონი ვარ. არც უნდათ წასვლა.

2011 წლის 4 აპრილიდან მოყოლებული, მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე. 4 აპრილი უპატრონო ქუჩის ცხოველებისადმი თანაგრძნობის, მათზე მზრუნველობისა და მათი დახმარების დღეა.

მსოფლიოში 600 მილიონამდე უპატრონო ცხოველია და მათ ყურადღება და დახმარება სჭირდებათ. ძაღლებს, კატებს, ცხენებსა თუ სახედრებს უნდა ჰქონდეთ სახლი და მათზე უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ქუჩაში ცხოვრობს. მათ აწუხებთ სიცივე, სიცხე, უწყლობა, უჭმელობა. ხშირად ისინი დაავადებული არიან. ქუჩის ცხოველები ხშირ შემთხვევაში იდევნებიან მოსახლეობისა და ხელისუფალთა მხრიდან, ხშირია მათ მიმართ სასტიკი და არაჰუმანური დამოკიდებულება.

დილით რესტორნიდან საჭმლის ნარჩენები ამოვუტანე ჩემს ოთხფეხა მეგობრებს. უკვე ხუთი წელია, რაც ამ „დელიკატესით" იკვებებიან. ხალხი ღრეობს რესტორნებში, ჭამს და სვამს. ზოგიერთისათვის უპატრონო ცხოველი არ არსებობს, ზოგიერთისათვის ცხოველი მარტო საჭმელი ნედლეულია, ზოგიერთისათვის მხოლოდ ღორი, საქონელი და ცხვარი არის ცხოველი, და მათ გახსენებაზე კუჭის წვენი გამოეყოფათ. უპატრონო ძაღლები კი ელოდებიან, როდის გაძღება ხალხის მუცელი, რომ ცოტაოდენი საკვები მაინც ერგოთ წილად.

10 საათზე დამირეკა ტელეკომპანია „მეცხრე არხის" პროდუსერმა და მთხოვა, მონაწილეობა მივიღო დილის გადაცემაში, რომელიც უპატრონო ცხოველთა დაცვის დღეს ეძღვნებოდა. მანქანა გამომიგზავნეს და ერთ საათში ტელეკომპანიის ოფისში ვარ. მძიმეა, როდესაც უპატრონო ცხოველებზე საუბრობ. ძნელია, ხალხს აუხსნა ცხოველების განცდები, მათი გაჭირვება, მათი ცხოვრება. ზოგიერთისათვის ეს სასაცილოც კია.

ისევ თავშესაფარში ვბრუნდები. დატვირთული დღე მაქვს. შუადღისას მერიის თავშესაფარში მემორანდუმი ფორმდება ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მუნიციპალურ სამსახურს შორის, მერე რამდენიმე ძაღლი ისევ ქუჩაში უნდა გავუშვათ. ისევ უპატრონოდ, ისევ ბედის ანაბარად, ისევ სიცოცხლის რისკის ქვეშ, ისევ სიცხეში, ისევ სიცივეში, ისევ მაწანწალა ცხოვრების გზაზე. ძნელია, როდესაც ეს მისია გაქვს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, თავშესაფარი ზოგიერთისათვის ციხეა...

ზარები ჩემს მობილურზე. რეკავენ ძაღლების თავშესაფარში ჩასაბარებლად. ასეთი ზარი ბევრია. აყვანის მსურველები კი თითქმის არ არიან. თავშესაფრებში ჩაბარების ძირითადი მიზეზი ცხოველის დაბერება და ავადმყოფობაა. და პატრონის გულქვა ხასიათი.

14:30 საათი, მუნიციპალური თავშესაფარი. ცხოველთა დამცველი ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია მერიის სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვაფორმებთ თბილისში ცხოველთა უფლებების დასაცავად. ჩვენი მიზანია თბილისში ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა საზოგადოების ინტერესებისა და ცხოველთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით.

15 საათი. ველოდებით მასმედიის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, არავინ დაინტერესდა ამ აქციითა და დოკუმენტით. არ იციან, რომ ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია: საქართველოს ისტორიაში არასამთავრობო სექტორსა და მუნიციპალიტეტს შორის პირველად ფორმდება მემორანდუმი ცხოველთა დაცვისა და მათი კეთილდღეობისათვის. დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და წინსვლა ვუსურვეთ.

მუნიციპალური თავშესაფარი. ძაღლებისა და ლეკვების ჭარბი რაოდენობა. ვოლიერებიდან, როგორც ციხის საკნებიდან,  თვალცრემლიანი, სევდიანი გამომეტყველებით იყურებიან ძაღლები. ზოგი ყეფს, ზოგი მიგდებულია კუთხეში, ზოგი ცუდად არის. მე და ჩემი მეგობრები ვათვალიერებთ ძაღლებს, საჭიროა მათი გაყვანა. ოთხი ძაღლი გადავარჩიეთ თამაზის თავშესაფრისთვის, ექვსი კი - ქუჩაში დასაბრუნებლად. უზომოდ დიდი რაოდენობაა ლეკვების. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი აქ დაიხოცება, არ გამოუჩნდებათ პატრონი, არავინ იშვილებს... მათი ქუჩაში დაბრუნებაც ვერ ხერხდება, მათ არ იციან ქუჩის ცხოვრება.

სული მეხუთება, ამ სურათს რომ ვუყურებ...

ძაღლებს მანქანაში ვსხამთ და გავდივართ მათ თავისუფლებაზე გასაშვებად, თუ ამასაც თავისუფლება ჰქვია. ზოგი ისევ იპოვნის თავის ადგილს, ზოგს კი გაუჭირდება ცხოვრება. ისევ წანწალი, სიცხე, სიცივე, საჭმლის ძიება, ადამიანების მიერ ნასროლი ქვები, დამცირება და სიკვდილიც კი. მაგრამ სხვა გზა არ არის, გადარჩენის შანსი მაინც აქვთ.

რიგ-რიგობით ვუშვებთ ძაღლებს ტერიტორიებზე, სადაც მიკედლებული იყვნენ. ზოგს უხარია თავისუფლება, ზოგი კი მანქანას მოსდევს უკან, არ უნდა, რომ დავტოვოთ...

თავშესაფარში ვბრუნდები. ტანსაცმელს ძაღლების სუნი ასდის.  თვალწინ მიდგას ქუჩაში გაშვებული ძაღლები. რა ბედი ეწევათ?

5 აპრილი, პარასკევი
დღეს ქუჩის ერთი ბომბორა ლეკვი გავაჩუქეთ. ვინც იჩუქა, კარგად ვიცნობთ, სოფელში წაიყვანა. ეს ლეკვი მუნიციპალურ თავშესაფარში აღმოჩნდა. რატომ მოაშორეს დედას? რატომ რეკავენ ადამიანები ასეთი პატარა უსუსური არსებების მოსაშორებლად?

იშოვნა ამ ლეკვმა საკუთარი სახლი. იმედია, კარგად იქნება.

ათასზე მეტი ცხოველი გვყავს გაჩუქებული. აქედან დაახლოებით 20 საზღვარგარეთ გავაჩუქეთ. ზოგს უმართლებს ხანდახან...

6 აპრილი, შაბათი
დღეს ერთმა ქალბატონმა ტრავმირებული ლეკვი მოიყვანა თავშესაფარში. ფეხი სტკივა, ალბათ ვიღაცამ წიხლი ამოარტყა. გამოკეთდება და იქნებ პატრონიც გამოვუძებნოთ.

ორი უპატრონო ძაღლი მოვიყვანეთ. ხვალ სტერილიზაციას ჩავუტარებთ და რამდენიმე დღეში დავაბრუნებთ ადგილზე.

თითქმის ყოველდღე ასეა. ცხოველებს დახმარება, სიყვარული და სითბო სჭირდებათ...


წყაროhttp://www.radiotavisupleba.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2325 | დაამატა: Admin | ტეგები: თეიმურაზ, დამცველი, ცხოველთა, წიქორიძე, უფლებების | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 mere   (04.10.2013 00:30:26) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика