ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

სუფსაზე თევზაობა

სუფსაზე თევზაობა

გაზაფხულია. მწვანედ შეიმოსა გურია. სითბომ იმატა და დღეც გაიზარდა.
ლანქერი უკვე წამოსულია მთებიდან და თევზის ბოლათიც დაშლილია.
ის დროა, მეთევზე რომ ვეღარ პოულობს ადგილს, თვალწინ მდინარე და ანკესი უდგას.
ძალიან მომენატრა და ვარ მეც აწრიალებული საიმედო ინფორმაციის მოლოდინში.
თენგიზას ეზოში ვსხედვართ და მიდის ლაპარაკი პოლიტიკაზე, მთავრობაზე, უმუშევრობაზე, ყანაზე, ვენახზე და ათას ჯანდაბაზე. თევზაობაზე არავის არაფერი უთქვამს!
ამ ლაპარაკში შემოგვიერთდა ალია.
მკალავი არა კაცო, ალია, აგერ ცეცხლაძე!
თავის ეზოში მუშაობდა და დასასვენებლად ჩვენთან გადმოვიდა, სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტი გააბოლა და მაშინვე თევზაობაზე ჩამოაგდო სიტყვა: დევიღალე კაცო, სათევზაოდ უნდა წევიდე, დევისვენებ პატარას, თვარა შევწუხდი ნამეტანი ისე მომენატრა, წავალ ხვალ დილას, ჩემს ჭიას გავახარებ.
ამ სიტყვების გაგონებაზე მაშინვე ვებდღვენი: სა მიხვალ? რომელ საათზე? წამიყვანე მეც რა, ჩემი მანქანით წავიდეთ!
ისე გადმომხედა, რომ პაწე ქი შემელახა თავმოყვარეობა, რადგან აშკარად გაუკვირდა, მე რომ გამოვთქვი სათევზაოდ წასვლის სურვილი. ვაჰ, არადა ჩემთან საუბრისას, ნებისმიერი, 20 წუთში დაადგენს რაცხა მჭირს! ანუ რაცხა მოწამლული მეთევზე და მონადირეც ვარ მიხთება!
-კი ბიძია, წევიდეთ, დილაზე ქალს დავტიებ ქალაქში და ასე 9 საათზე წევიდეთ-
ამის მოსმენა არ მესიამოვნა! 9 საათზე წასვლა კი არა, ხანდახან, მაგ დროს მოვდივარ ხოლმე შინ (ცნობისთვის, ალია 75 წლისაა!).
ცოტა ხნის კამათის და ვაჭრობის შემდეგ შევთანხმდით, რომ 7 საათზე მივაკითხავდი და გავრეკავდით სუფსაზე, ნაგომარის მიმდებარედ.
ხვალინდელი თევზაობის ადგილს მიხსნის, თითქოს და ვიცი ეგ ადგილი და მეც ვუხსნი, ასეთია და ასეთი ეგ ადგილი -მეთქი, მარა რად გინდა? უარობს, არაა მაგიო!
-წითელ ჭიას თუ წამეიღებ ბიძია, მაშინ შავი ჭია ჩემზე იყოს, ბარს წამევიღებ და ადგილზე მოვნახავო.
კი ვიცი, რაცხა მურტალი მოსაძებნია მაი შავი ჭია და ამიტომ სიამოვნებით ვეთანხმები!
წამოვედი სახლში, ვემზადები. ანკესები შევამოწმე, დანარჩენ აღჭურვილობას და წვრილმანს გადავხედე. საჭირო ნივთები სათევზაო ყუთ-სკამში მოვათავსე. ათასმეერთედ გადავხედე ყველაფერს და რომ დავრწმუნდი არაფერი მრჩებოდა, ამის შემდეგ ავიღე ბარი და იქვე ეზოში, ბოსელთან ოხრად მოვაგროვე წითელი ჭია.
საგზალიც „გამომიცხვეს“ და მხოლოდ წასვლის დროს ველოდები.
05:30-მდე ძლივს მოვითმინე და წამოვხტი საწოლიდან.
ჩავედი პირველ სართულზე, კაი დარდიანი ყავა მოვიდუღე დილაბნელში და უშველებლ ჭიქაში დავისხი. სრულ იდილიაში მივირთმევ ყავას, დილა დგება, ბუნება იღვიძებს, ჩიტებს უკვე დაწყებული აქვთ დილის კონცერტი და საოცარი ხმები მიტკბობს სმენას!
გამითავდა ყავა და ასევე გამითავდა მოთმინების უნარიც! დავავლე ხელი ჩემს ბარგი-ბარხანას და მანქანაში ჩავყარე. ბისკვიტიეს და ტანგოს წივილ-კივილის აკომპანიმენტის ქვეშ გადავიყვანე მანქანა ეზოდან და მოვუსვი ალიას სახლისკენ!
დათქმულ დროზე, მთელი 27 წუთით ადრე მივედი, მაგრამ ალია მაშინვე გამოვიდა სახლიდან, როგორც კი მანქანის ფარები მივანათე მის ჭიშკარს!
ეს მესიამოვნა!
ჩალაგდა ალიაც და ისე სულმოუთქმელად გავენთე გზაზე, თითქოს პირველად მივდიოდე სათევზაოდ.
20-25 წუთში ადგილზე ვიყავით. მანქანა გავაჩარეთ და სასწრაფოდ ჩამოვბარგდით.
ჰო ვამბობდი არა? ის ადგილია მე რომელზეც ვეუბნებოდი გუშინ!
მდინარის პირას შეარჩია ალიამ ადგილი და დააწყო თავისი ნივთები.
მე მის ქვემოთ 20 მეტრში შევარჩიე ადგილი და მოვეწყვე. სადავეების აწყობა დავიწყე.
ალია მომზადებული იყო წამოსული და შესაბამისად მაშინვე ისროლა წყალში ანკესები.
ისროლა და რამოდენიმე წუთში პირველი წვერაც დაითრია! სანამ მე სადავეები ავაწყვე, ალიამ რამოდენიმე წვერა კიდევ გაბაწრა!
როგორც იქნა მეც ჩავყარე წყალში ანკესები და დავიწყე ლოდინი. ალია თევზს თევზზე იჭერს, ჩემთან კი არც ურტყამს! ვაჰ, ან მე მაქ ცუდი ადგილი შერჩეული ან კიდევ ალია მოხვდა ბოლათზე! -რა შობი ბიჯო? არ მოდის? ამოი აქეთ ამოიიი.... მეძახის ალია.
ყველაზე მეტად რაც მძულს თევზაობისას, არის ზედმეტი ხმაური და აქეთ-იქეთ ბორიალი.
ამიტო ჯიუტად ვუცდი ჩემს წვერას. რამოდენიმე წუთი და აფართხალებული წვერა მიჭირავს ხელში. „სადოკი“ (თვეზის შესანახი ბადე) მეც დავასველე!
წამოვიდა თევზი, მარა რა წამოვიდაა... ორი ფსკერულა მაქვს და ვეღარ ავუდივარ, ხან ერთი ურტყამს და ხან მეორე!
ალიამ ცოტა ხნით შეწყვიტა თევზაობა და შეპირებულ შავ ჭიას თხრის ჩალიან ნაყანებში!
ცოტა ხანში მოვიდა და მომიტანა თუნუქის ქილით ეს შავი ჭია.
ისევ გააგრძელა თევზაობა, რამოდენიმე წვერა დაიჭირა და ისევ ჭიის თხრას მიუბრუნდა.
მოკლედ, მთელი დღის მანძილზე იმდენი თხარა ეს ჭია, რომ ის ნაყანები თავიდან ბოლომდე გადაბარა! თანაც ისე, რომ პატრონს დახვნა აღარ დასჭირდება მგონია.
თევზის კენკვა ცოტა შესუსტდა და ჩემი ყურადღებაც სხვამ მიიპყრო. ახლაღა შევათვალიერე კარგად გარემო. ბიჭოს, ეს ადგილი რამოდენიმეჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ ასეთი ლამაზი ჯერ არ მინახავს! ალბათ გაზაფხულის ბრალი თუ არის. სუფსა რაღაცნაირად სუფთა და სხვანაირი მოდის, ცა საოცრად ცისფერი და გამჭირვალეა. მთების უკან მზემ ამოჰყო წვერი და მთებსაც სიმწვანე-სილურჯესთან ერთად ოქროსფერი გადაჰკრავს.
მთების კალთებზე შეფენილი სახლები მერცხლის ბუდეებივით მოჩანს.
მდინარეც, მთებიც, ტყეები თუ ბაღები და საერთოდ თითოეული ხეც კი საშინლად ცოცხალია! ცოცხალია და თითქოს ყველაფერს ერთნაირად უხარია ეს დილა!
ყველა და ყველაფერი ზეიმობს ჩემთან ერთად ამ დილას!
საქართველოს მასშტაბით სად არ ვარ ნაწანწალები, მაგრამ ასეთი დილა და ასეთი იდილიური სურათი მხოლოდ გურიაშია, ძამა!
თუ არ გჯერათ, ჩამოდით, მეწვიეთ და წაგიყვანთ იმ ადგილას და თავად დარწმუნდებით, რომ იმ ლურჯ ცამდე ვარ მართალი!
წვერა მოდის, ასეთ საოცარ სანახაობას ვუმზერ და სრულიად უნებურად ვჩურჩულებ: მადლობა უფალო, რომ ასეთი სამშობლო მაჩუქე! გმადლობ, უფალო, რომ მაქვს საშუალება, ეს ყველაფერი შევიგრძნო და დავინახო! შევეხო და მოვეფერო!
მთელი მკერდით, ფილტვების დასკდომამდე ვცდილობ ჩავისუნთქო ეს ჰაერი და ჰაერში გაზავებული, სიცოცხლის სურნელი!
შუადღემ მოატანა და, ცოტა არ იყოს, ჩამოცხა. ადგილი შეიცვალა ალიამ და ჩრდილიანში გამაგრდა! მე იქამდე არ ვიცვლიდი დისლოკაციის ადგილს სანამ თვალებიც არ დამწვა სიცხემ. მერე კი ვიკადრე და დავიწყე ჩეროს ძებნა. ალიას ადგილის ქვემოთ ვნახე ერთი ადგილი, ჩრდილი კი არის, მაგრამ მდინარე თხელდება და ჩქერში გადადის, სიღრმეც პატარაა და სათევზაოდ ნაკლებად საიმედო ჩანს! მაინც იმ ადგილას წავედი, მაგრამ ალია თავის მახლობლად მეპატიჟება -მოი აგერ, სა მიხვალ? არ ვარგა მაი ადგილი! აგერ ჩემს სიახლოვეს დაჯეი, ორივე დავეტევით!-
მაგრამ არ მინდა სიახლოვით ხელი შევუშალო და მაინც იმ ადგილისკენ მივიწევ.
ალია დაჟინებით მირჩევს თავისას, მაგრამ რამ გამაკერპა არ ვიცი, მაინც იმ ადგილას მივედი სადაც მინდოდა. გადავყარე ანკესები და 5 წუთში მაგარი ძალით ახტუნავდა ანკესის წვერი.
მოვქაჩე და მაგარი წინააღმდეგობაც ვიგრძენი ხელში. თავიდან მეგონა, რომ რამეს გამოედო ანკესი, მაგრამ როცა საწინააღმდეგო მიმართულებით გასრიალდა ძუა, მაშინვე მივხვდი, რომ მოზრდილი თევზი დაჯდა! დავიწყე გამოყვანა და თან უიმედობა მეუფლება, კოდმეზე, შემაღლებულ ნაპირზე ვდგევარ და აქ დიდი თევზის ამოყვანა შეუძლებლად მეჩვენება! პირდაპირ რომ ამოვწიო, წვრილი ძუა ვერ გაუძლებს- მეთქი და წყალწაღებული ხავს რომ ებღაუჭებოდა, იმდაგავრად ვეძახი ალიას -რაცხა დიდი თევზია- მეთქი.
მოვარდა ალია და მაშინვე დამაყარა : რა შობი? რა თევზია? სადაა? აქეთ წამოიყვანე! აქეთ წამოიყვანე -მეთქი, ბიჯო, რა შობი?
-კაცო, წამოიყვანე კაია, მომყავს, მაგრამ, ხომ ხედავ, რომ უკან მიდის?!-
-ე, ბიჯო, მაშვინ ატარე მასე და დაღალე, ე, პატარაღა დარჩა, დეიღალა, აქეთ მოიყვანე, აქეთ!
დაღლილი წვერა, როგორც იქნა, ნაპირთან მოვიყვანე, რაც იქნება, იქნება - მეთქი და პირდაპირ ამოვწიე! გაუძლო ძუამ და ნაპირზე მაჯის სიმსხო, კარგა მოზრდილი წვერა აფართხალდა! ნაღდად არ მყავდა მაგხელა წვერა დანაჭერი და ძალიან გამიხარდა!
ემოციებისგან დაცლილი, სასიამოვნოდ დაღლილი ვდგავარ, ვუყურებ ამ წვერას და იდიოტივით ვიღიმები!
მიხარია ყველაფერი, ასეთი კარგი დასაწყისი და გადასარევი ფინალი!
მოსაღამოვდა და ჩვენ რომ უკეთესი კენკვის იმედი გვქონდა, პირიქით, გაცუდდა ჭერა!
ალიას ვეუბნები -კოღოც აირია და ხომ არ მოვუსვათ შინისკენ?
-წევიდეთ, კაცო, მაინც აღარ მოდის და?... -
ცოტა ხნის ჩიფლიფირთის შემდეგ ჩავბარგდით მანქანაში და დავდექით შინისაკენ მომავალ გზას! მოვდივარ გასავათებული, მზისგან დამწვარი, მტვრიანი, მშიერ-მწყურვალი, მაგრამ ყველაზე ბედნიერი და ყველაზე კარგადმყოფი!


ამ ამბის შემდეგ, მე და ალიამ კიდევ დავლაშქრეთ სუფის ნაპირები, მაგრამ ნადავლი წინანდელზე შედარებით მოკრძალებული იყო, არც სატროფეო ეგზემპლარები ყოფილა, მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო.
უფრო მოსახერხებელი და ლამაზი ადგილიც ვიპოვეთ!
რამოდენიმე დღის შემდეგ მე თბილისში წავედი ერთი კვირით და ერთი წუთითაც არ დამვიწყებია არც გურია, არც სუფსა, არც თევზაობა და არც ალია!
ამ ერთი კვირის მანძილზე საშინლად მენატრებოდა აქაურობა, ჩემი გურია და ჩემი დილა გურიაში. დილა, რომელიც, მინიმუმ, 7 საათზე იწყება ჩემთვის! მზის ამოსვლა, ჩიტების დილის კონცერტი, სიმშვიდე და მე, უშველებლი ჭიქა ყავით ხელში, ვტკბები ახალი დღის დასაწყისით!
გუშინ, გვიან ღამით ჩამოვედით. ამ დილას მანქანით რომ მოვდიოდი, სარკეში ჩემს უკან მომავალი ალიას მანქანა ვიცანი. გავაჩერე მანქანა და დაველოდე.
გვერდით მოაყენა მანქანა, ფანჯარა ჩამოსწია და მომესალმა.
-ქრისტე აღსდგა, გილოცავ, მრავალს დაესწარი. რაფერ ხარ?
-რა ვქნა? ქე ვარ. რა შობი, ხომ არ ყოფილხარ სადმე?
-არა, მას მერე აღარ წავსულვარ, ისე, გაგვიმართლა ჩვენ იმ დღეს, ჩვენს მერე იყვნენ ბიჭები და ვერ დეიჭირენ თებზი.
-როის წევიდეთ? ამ შაბათ-კვირას ვცადოთ?
-შაბათს არ მცალია, გასაცელი მაქ სათხილე, პატარა სამუშაო მაქ.
-კვირას?-
-კვირას წვიდეთ, თუ დარი დარჩა!-

მოკლედ, გადაწყდა - კვირას მივდივართ!


გიო სარიშვილი
5 მაისი 2016 წ.



წყარო: http://bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (12.03.2017) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 4058 | ტეგები: სუფსაზე, თევზაობა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика