ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 7 » როგორ ნადგურდება იმერული "წითელი" წაბლი    

00:14:04
როგორ ნადგურდება იმერული "წითელი" წაბლი
როგორ ნადგურდება იმერული "წითელი" წაბლი
1100 ჰა ტყის ლიცენზიანტს ადგილობრივები უკანონო ჭრაში ადანაშულებენ, შპს აცხადებს, რომ ხეების 80% დაავადებულია
ეკა ბასილაია
(16.10.2013)

მარი ოთარაშვილი

ზემოიმერული სოფელი გეზრული, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ დაბურული წაბლნარის შუაგულში იყო მოქცეული, ტყის გარეშე რჩება. მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მათ ტყეში შპს "ვუდ ექსპორტი" შევიდა, წაბლის ხეები კატასტროფული სისწრაფით ქრება და ისინი კომპანიას ჯანსაღი ხეების უკანონოდ გაჩეხვაში ადანაშაულებენ.

ტყეში წაბლის ქერქის დაავადება ვრცელდება და 80% უნდა გაიჩეხოს - ასეთია იმ კომპანიის წარმომადგენელთა დასკვნა, რომელიც 2 წლის წინ ტყეში დაავადებული წაბლნარის მოჭრისა და ახალი ნერგების დარგვის პირობით შევიდა. აცხადებენ, რომ ისინი ლიცენზიის პირობებს არ არღვევენ - მხოლოდ დაავადებულ ხეებს ჭრიან.

სოფლის რწმუნებულის, დავით ხოჯანაშვილის თქმით, კომპანიას სანიტარიული ჭრის ლიცენზია აქვს, რაც მხოლოდ დაავადებული ხეების დანომვრას და მოჭრას გულისხმობს, მაგრამ ვინაიდან ასეთი ხეების მერქნის უმეტესი ნაწილი სამასალედ გამოუსადეგარია, კომპანია ზოგ შემთხვევაში ჯანსაღ ხეებსაც ნომრავს და ჭრის.

წაბლის გარეშე დარჩენილები

"წითელ ნუსხაში" შეტანილ წაბლის ხეებს მთელ საქართველოში ქერქის კიბო - ენდოტეა მოედო. ავადმყოფობა ხეების ხმობას იწვევს, ამიტომაც ტყეებში დაიგეგმა დაავადებული ხეების მოჭრა, ტერიტორიის გასუფთავება და შემდეგ ხელახლა განაშენიანება. ბევრგან ტყე უკვე გაიჩეხა, თუმცა ახალი ნერგი არსად დარგულა.

ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის მკვიდრი, ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი ამბობს, რომ საქართველოში წაბლის სანერგე არ არსებობს. მისი თქმით, წლების წინ სხვა კომპანიამ სწორედ სანიტარიული ჭრის ლიცენზიით ზესტაფონში პირწმინდად გაჩეხა წაბლნარი, მაგრამ შემდეგ ერთი ძირი ხეც არავის დაურგავს.

მისი თქმით, სწორედ ასეთი გეგმა და გათვლა ჰქონდა "ვუდ ექსპორტსაც" - ჟანსაღ ხეებს მოჭრიდა, ძვირად გაყიდდა სამასალე მერქანს, ტყის ხელახლა განაშენიანებას კი არავინ მოითხოვდა.

"ყველა ის ხე, რომელიც სამერქნედ ვარგისი და კუბურ მოცულობაში კარგი იყო, დანომრილი და მოჭრილია, ხოლო ის, რომლის მერქანი აღარ გამოდგებოდა, დატოვებულია. 80 წლის მაინც უნდა იყოს წაბლი, მერქანი რომ მოგცეს და ერთი საღი ხიდან შეიძლება 1,5-2 კუბამეტრი მასალა გამოვიდეს, რომლის ფასი ადგილზე 1000 ლარი, ევროპაში კი 2 ათასი ევროა. დაავადებულიდან კი მხოლოდ ნახევარი ან საუკეთესო შემთხვევაში ერთი კუბამეტრი მასალის გამოყვანა ხერხდება, ამიტომაც იჭრება საღი ხე. ახლა სიმწვანეა და ტყის ეფექტი ჩანს, როგორც კი ფოთლები ჩამოცვივდება, ტყე ძალიან მეჩხერია.

"ამათთვის მნიშვნელოვანი იყო, ფული ეშოვათ. 2 მილიონ ლარამდე აქვთ გადახდილი ლიცენზიაში, ამას ემატება ის, რომ თითო მოჭრილ კუბამეტრზე სახელმწიფოს 36 ლარი უნდა გადაუხადონ. ასევე არის ტრანსპორტის და მუშის ხარჯი. მხოლოდ დაავადებული ხეები რომ მოეჭრათ, დანახარჯსაც ვერ ინაზღაურებდნენ, ამიტომაც ჭრიან საღ ხეებს და ერთი ძირი ხე მათ დაახლოებით 4000 ევროს აძლევს," - ამბობს ხოჯანაშვილი.

მისი თქმით, სანამ გეზრულში "ვუდ ექსპორტი" შემოვიდოდა, ტყეში ბევრად მეტი ჯანსაღი წაბლის ხე იყო. მიზეზებსაც ასახელებს: პირველი, რომ კომპანიამ დაავადებულ ხეებთან ერთად ჯანსაღი ხეებიც მოჭრა; მეორე - მოჭრილი დაავადებული ხის ნარჩენები ტყეში დატოვა, რამაც დაავადების გავრცელება გამოიწვია; მესამე - მოჭრილი მორების გამოტანისას გამოიყენა მძიმე ტექნიკა, რაც წესით, 25 გრადუსზე მეტი დახრლობის ფერდობებზე აკრძალულია და ტექნიკამ სხვა მცირე ზომის ნედლი მცენარეებიც გაანადგურა.

"მოსაჭრელი ხეების დასანომრად "ვუდ ექსპორტმა" ადგილობრივები, ძირითადად სკოლის მოსწავლეები დაიქირავა და დაავალა, დამღა იმ ხეს დაუსვით, რომელიც სამერქნედ ვარგისიაო და შემდეგ ამ დანომრილი საღი ხეების დაჭრა დაიწყეს. ხის მოჭრისას დარღვეულია ხის ამოტანის წესი. ხე მოკლე მორებად უნდა დაიჭრას, ესენი კი ხეს მთელ სიგრძეზე მძიმე ტექნიკით ათრევენ. 25 გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობზე მძიმე ტექნიკის გამოყენება საერთოდ არ შეიძლება, ესენი კი იყენებენ, რასაც მოსდევს ტყეში ახალგაზრდა მცენარეთა მასობრივი განადგურება, საძოვრები გადაითხარა, დაზიანებულია სასოფლო გზა, 20 გრადუსზე მეტად დახრილ ფერდობებზე გაყვანილია სამეურნეო დანიშნულების გზები," - აღნიშნავს ხოჯანაშვილი.

ამბობს, რომ ლიცენზიის მიხედვით, მარტო წაბლის ხე უნდა მოიჭრას, კომპანიამ კი მუხებიც მიაყოლა და სამინისტროს შემოწმების შედეგად აღმოჩენილი უკანონოდ მოჭრილიხეები მოსახლეობას დააბრალა. არადა, გეზრულში აშენებული მათი სახერხიც კი მუხითაა გაკეთებული.

"უკანონო ჭრების წინააღმდეგ ორია წელია იბრძვის და ამ ორწლიანმა ბრძოლამ ამ საკითხში საკმაოდ კარგად გაარკვია. გვიყვება, რომ წაბლის დაავადება მერქანსა და ქერქს შორის ყალიბდება, ხეს ქერქი ეცლება, მცენარისათვის საკვები მინერალების მიწოდება წყდება და მცენარე ხმება. ეს დაავადება მარტო წაბლის ხეებს სჭირთ და დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ტყეებში დაავადებული ხეები მოიჭრას, ტყიდან გამოიზიდოს მისი ქერქი, ტოტი და ეს გამოზიდული მასალა ან ღრმად უნდა დაიმარხოს ან დაიწვას. პარაზიტები ყველაზე მეტად ქერქში არიან, ქერქი კი ხის ამოზიდვის დროს ნიადაგზე რჩება და დაავადება სწრაფად ვრცელდება. ამიტომაც მოჭრილი ხეების ტერიტორიის გასუფთავება სწრაფად უნდა მოხდეს. ამას კი კომპანია არ აკეთებს.

"2 წელი უნდა მოეჭრათ ხეები და პარალელურად განაშენიანებაც უნდა დაეწყოთ. როგორც კი ერთი კვარტალის მოჭრას დაასრულებდნენ, ტერიტორია უნდა გაეწმინდათ და ახალი ნერგები უნდა დაერგოთ. ჰექტარზე დაახლოებით 2000 ძირი წაბლის ნერგია საჭირო, მთელ მათ სალიცენზიო ფართობზე - 2 მილიონზე მეტი ნერგი და საიდან უნდა მოიტანონ ამდენი ნერგი, არ ვიცი. საქართველოში წაბლის სანერგე არ არსებობს. კომპანიას სანერგეც არ აქვს," - როლანდთან ერთად საუბარში ერთვება სოფლის რწმუნებული დავით ხოჯანაშვილიც.

სოფლის პროტესტი

"სოფელი წაბლით ცხოვრობს. წაბლის გაყიდვით ოჯახებს შემოდგომაზე 800-1000 ლარი შესდით სახლში. წაბლის ყვავილობისას ზრდიან ფუტკარს, ნაყოფით - ღორებს. დღეს ჩემი შვილი იყო ტყეში წაბლის მოსაბოჭად წასული და მითხრა, ვიტირეო. სადღაა წაბლის ძირი, სულ გაჩეხილიაო..."

"ჩვენ ტყიდან 10 კილომეტრის დაშორებით რომ ვიყოთ, არ ვიგრძნობდით ასე მწარედ ტყის გაჩეხვას, მაგრამ სოფელი ტყეშია და მისი განადგურება ძნელი ასატანია. ეს ბარბაროსობა რომ არ გააპროტესტო, მკვდარი უნდა იყო და მიწა უნდა გეყაროს," - ასე გულისტკივილით საუბრობს სოფლის რწმუნებულის მეზობლად მცხოვრები მერი ხოჯანაშვილი მათი საარსებო თუ საამაყო წაბლნარის გაჩეხვაზე.

სოფელი ორი წელია, აპროტესტებს, მაგრამ ჭრა ძველებურად გრძელდება. უკვე იმედიც არ აქვთ, რომ ამ საქმეს რამე ეშველება.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გეზრულის სატყეოში შპს "ვუდ ექსპორტმა" სანიტარული ჭრის ორი ლიცენზია 5 წლის ვადით 2011 წლის ნოემბერში 1,7 მილიონ ლარად მიიპოვა. ტერიტორიაზე ორი - 542 და 558 ჰექტარი ტყე მოხვდა სანიტარიული ჭრის არეალში. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ტყის მოჭრა 2 წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს, შემდეგი 3 წლის განმავლობაში კი ტყის ისევ წაბლის ნერგებით განაშენიანება უნდა მოხდეს.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2011 წელს შპს "ვუდ ექსპორტზე" გაცემულია ხე-ტყის სპეციალური ლიცენზია 31000011 (ბრძანება 313/462) და 31000013 (ბრძანება 313/463) ჭიათურის სატყეო უბნის გეზრულის სატყეოში წაბლის ჯიშის ხე-ტყის დამზადების მიზნით 5 წლის ვადით.

როგორც აღმოჩნდა, გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა ორჯერ უკვე დადგინდა, ჯამში 191 ათასი ლარის ზარალზეა საუბარი, სს საქმესაც იმერეთის რეგიონული სასამართლო იძიებს, თუმცა "ვუდ ექსპორტი" არ დაჯარიმებულა. ამიტომაც სოფლის მოსახლეობის ნაწილმა ხელი ჩაიქნია, ამათ არავის არაფერს მოჰკითხავს, ჩვენი პროტესტი მხოლოდ წყლის ნაყვააო და პროტესტსაც შეეშვნენ.

"პროტესტი, ტყუილა წყლის ნაყვაა. ზევიდან არის ნებართვა დაშვებული და არაფერი ეშველება," - გვეუბნება ქალბატონი მერი.

გამოსვლები და პროტესტი შარშან ზაფხულში დიდი იყო, მაგრამ შემდეგ მოსახლეობის ნაწილი მოისყიდესო, - გვეუბნება როლანდ ხოჯანაშვილი.

"ფულზე გაწუწკებული ადამიანები იპოვეს, უთხრეს, ჩვენთან იმუშავეთ, ხე მოჭერით და ფულს გადაგიხდით. დღეში 20-30 ლარს აძლევდნენ. სხვამ რომ დაინახა, მეზობელმა ფული იშოვა, თავადაც მოინდომა 20 ლარის შოვნა და ასე გაითიშა სოფელში სიმტკიცე. კომპანიამ ამ მიმართულებით კარგად იმუშავა," - ამბობს ხოჯანაშვილი და დასძენს, რომ ნაწილი ისევ მოუსყიდველია.

პროტესტის შედეგი

შარშან ნოემბერში სოფლის გზაზე რამდენიმე გამოსვლისა თუ გზის გადაკეტვის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ საქმის გარკვევის მიზნით ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის სპეციალური კომისიაც გააგზავნა იმის შესამოწმებლად, რამდენად ასრულებდა შპს ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებსა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. პირველი შემოწმების შედეგად 117 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის, საერთო მოცულობით 67,23 კუბამეტრი, უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა. აგრეთვე გამოვლინდა ტყეკაფში დანიშნული რამდენიმე ხე, რომელიც არ ექვემდებარებოდა ჭრას.

უკანონო ჭრის შედეგად გარემოზე მიყენებულმა ზიანმა დაახლ. 30 ათასი ლარი შეადგინა, გაუწმენდაობით გარემოზე მიყენებულმა ზიანმა - 32 ათასი, ჭრის შედეგად მოზარდ-აღმონაცენის დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა - 1 760 ლარი, სხვა ქმედებით მიყენებულმა ზიანმა - 570 ლარი. ჯამში შპს "ვუდ ექსპორტის" მიერ განხორციელებული ქმედებებით გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 64 ათასი ლარი.შემოწმების მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა. აგრეთვე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი "ვუდ ექსპორტის" მიერ სპეციალური ლიცენზიის პირობების დარღვევის თაობაზე.

ასეთივე მონიტორინგი მეორედ წელსაც, ივნისში განხორციელდა და შპს-ის მიერ პირობების დარღვევისა და ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები ამ ჯერზეც გამოვლინდა. გარემოზე მიყენებულმა ზარალმა ჯამში 192 ათასი ლარი შეადგინა.

მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ჭიათურის რაიონულ პროკურორს გადაეგზავნა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ეტაპზეა საკითხის მოკვლევა პროკურატურის მხრიდან. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კომპანია არ დაჯარიმებულა.

"...მეორე კომისიამ ძალიან ზერელედ იმუშავა. სამჯერ თუ ოთხჯერ გავიდნენ ბუნებაში. რაღაც დაწერეს კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით, ზერელე იყო და ეს მათ ვუთხარი კიდეც. ისინი მხოლოდ უკვე გაჭრილ ფართობებს ამოწმებდნენ და არა იმას, რომელიც მოსაჭრელად იყო დანომრილი. რეალურად, რაც უკვე მოჭრილია, იმას არაფერი ეშველება. დამღის დასმის პრინციპია არასწორი, ჯანსაღი, ნაყოფით დახუნძლული ხეებია დანომრილი და ეს მინდოდა შეემოწმებინათ, რადგან ლიცენზიაში უწერიათ, რომ ის ხეები უნდა მოჭრან, რომელსაც რეპროდცქციის უნარი არ აქვს. დანომრილი ხეების შემოწმება კი არ მომხდარა," - აცხადებს როლანდ ხოჯანაშვილი.

"უკვე აღარ გვინდა ეს ტყე..."

შპს "ვუდ ექსპორტი" 2011 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში, ნიკეას 21-შია დარეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ლაშა ჩუბინიძეა. პარტნიორები კი 30%-იანი წილით ჭიათურელი მალხაზ მასხარაშვილი და 70%-იანი წილით დასაქმების ყოფილი მინისტრი პაატა ტრაპაიძე.

პაატა ტრაპაიძეს ამჟამად ბიზნესი ყაზახეთში აქვს და იქ ცხოვრობს. მხოლოდ რამდენიმე დღით იყო თბილისში ჩამოსული და "რეზონანსმა" მოახერხა, დაკავშირებოდა. ტრაპაიძე აცხადებს, რომ ამ თემით დაიღალა.

"დღეს დილით ჩამოვფრინდი ყაზახეთიდან, დიდი ხანია იქ ვარ. მაგ თემასთან დაკავშირებით სისხლი მაქვს გამშრალი. ჯერ იყო და ვითომ ვანო მერაბიშვილის ბიზნესპარტნიორი ვიყავი, როგორც იქნა, ეს დაივიწყეს და მერე გეზრულში გამიშრეს სისხლი. ქურდებს ჩვენი იქიდან წასვლა უნდათ, რომ ტყეში შევიდნენ და ხეები მოიპარონ. 6 კაცი იქნება, რომელიც ცოცხალი თავით არ გვნებდება, თორემ მაგათ უკვე თავად სოფლელები ეომებიან. სამჯერ შევუთვალეთ მთავრობასაც, მოგვცენ ჩვენი ლიცენზიის ფული უკან. გაოცებული იყო, სანიტარიულ ჭრაზე ისეთი საშინელი თანხა გადაგვახდევინეს, 1,7 მილიონი და თითო გამოტანილ კუნძზეც რაღაც რაოდენობა გვაქვს გადასახდელი. უკვე აღარ გვინდა ეს ტყე. სამინისტრო კი გვეუბნება, იმუშავეთო. როგორც უნდა ისე რომ წერენ და კითხულობენ, უნდა იცოდეთ, რომ სასამართლოც მოვიგეთ. ჩვენ ნორმალურად ვმუშაობთ და გვინდა, ისე გავაკეთოთ, რომ ყველაფერში კანონის ფარგლებში ჩავეტიოთ, მაგრამ დღეს მაგ სოფელში და ბევრგან ახალი რევლუციაა მოსახდენი, რომ კანონმა იკანონოს. დაუფარავად იძახიან, რომ კომპანიის შესვლა არ აწყობთ. ყველას უნდა, რომ ჩუმად შეიპაროს, ხე მოჭრას და ჩუმად მოგვყიდოს. ჩვენ ამის უფლებას არ ვაძლევთ. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს თემა, ნერვები აღარ მაქვს. დეპუტატები ამოვიდნენ და დაიქადნენ, კუდით ქვას გასროლინებთო, კი ბატონო, გვასროლინონ კუდით ქვა. არ მინდა, ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თუ სკანდალი და ჩხუბი არ არის, ისე სტატიას არ წერენ. სიმართლე რაც არის, ის დაწერეთ," - აღელვებით საუბრობს ტრაპაიძე.

ამბობს, რომ ხეების დანომვრას კომპანია არ ახორციელებს, არამედ სამინისტროს სპეციალური ჯგუფი და უკვირს, უკანონო მონიშვნას რატომ ედავებიან.

"ხეებს სამინისტროს დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფები ნომრავს, ჩვენ კი არა," - დასძენს ყოფილი მინისტრი და კომპანიის მთავარი ეკონომისტის კოორდინატებს გვაძლევს.

მისგან განსხვავებით, ხეების დანომვრის წესზე სხვა ინფორმაციას გვაძლევს როლანდ ხოჯანაშვილი. ის სკოლის პედაგოგია და როგორც გვიხსნის, სწორედ მისი მოსწავლეები იყვნენ კომპანიის მხრიდან ხის დანომვრაზე დასაქმებულები. ვიდეომასალასაც გვაწვდის, სადაც ორი მოზარდი საუბრობს.

ზაქრო გვალია: "... ხეების დასანომრად თანხას გვიხდიდნენ. წესით, სანიტარიული ჭრა უნდა ყოფილიყო, დამპალი და ხმელი ხე უნდა მოჭრილიყო, მაგრამ პირიქით მოხდა, კარგს ჭრიან და ცუდს ტოვებენ. ასეთი დავალება გვქონდა."

ზურაბ გაფრინდაშვილი: "ვინც აქ ბრიგადირი იყო, მანქანით გვხვდებოდნენ, გვეუბნებოდნენ, ცუდი ხეები არ მოგვიბეჭდოთ, რომ ღირდეს გატანად, ისეთი ხეები მოგვიბეჭდეთო."

მტყუან-მართალი

იმას, რომ ხეების მონიშვნა კომპანიამ განახორციელა და თან არასწორად, კატეგორიულად უარყოფს "ვუდ ექსპორტის" მთავარი ეკონომისტი. კობა ხვედელიანი ამბობს, რომ ხეების მობეჭდვას (მონიშვნას), ლიცენზიანტის დაკვეთით, კერძო კომპანიები ახორციელებენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან თავის ქმედებებზე, შემდეგ დოკუმენტაცია გადაეცემა სატყეო დეპარტამენტს, სადაც ხორციელდება დოკუმენტაციის შემოწმება, აგრეთვე დანომრილი ხეების შემოწმება.

კობა ხვედელიანი: "ამ თემაზე რამდენჯერ გავაკეთე კომენტარი, არც ერთი ჩემი სიტყვა არ გაუშვიათ ტელევიზიებს და არც გაზეთში დაბეჭდილა. ყველა თავის ჭკუაზე ლაპარაკობს, რაც მოეპრიანებათ და რასაც დაუკვეთავენ. ჟურნალისტებმა 98% ტყუილი იძახეს და ამიტომ გახმაურდა, თორემ არაფერი გასახმაურებელი და საშინელება იქ არ ხდება. დანომვრა რომ არასწორი იყო, ეს არის სიცრუე. ოქტომბრის მერე ორი კომისია იყო ჩამოსული, რომლებმაც ნედლი ხეების მობეჭდვის დარღვევა ვერ ნახეს. იმ დასკვნებში სულ სხვა რამ წერია. დასკვნაში ჩვენს კვარტალებში უკანონოდ, მოსახლეობისაგან გატაცებულ ხეებზეა ლაპარაკი. ჩვენ იქ არაფერ შუაში არ ვართ. სასამართლო მიმდინარეობს და სასამართლომ მათი დაწერილი აქტის 50% გააბათილა. ახლა მეორე სასამართლოს ველოდებით."

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნელიკო კორკოტაძე ამბობს, რომ "ლიცეზიანტს ჰქონდა ვალდებულება, თავად მოენიშნა მოსაჭრელი რესურსი და ის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების ორგანოსთვის წარედგინა, რის შემდეგაც ტყეკაფის გადამოწმება სააგენტოდან კამერალურად ხდება. მალე ამ წესში ცვლილება მოხდება და კამერალურს საველე შემოწმებაც დაემატება. დღეს არსებული წესით კი, მხოლოდ მაშინ, თუკი მონიშვნის მასალებში ეჭვი გაჩნდება, ხდება საველე შემოწმება. როგორც ვიცი, ადგილზეც იყვნენ გასულები და სანიმუშე ფართობი შეამოწმეს. ამის შემდეგ ამ ლიცეზიანტის შემოწმება ორჯერ განხორციელდა და მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა - როგორც უკანონო ჭრა, ასევე სხვა სალიცენზიო პირობების დარღვევაც. მაგალითად ის, რომ ტყეკაფები მცენარეთა არავეგეტაციის დროს იყო მონიშნული. ასევე ტყეკაფების გაუწმენდაობა. ასევე მუშაობა ისე მიმდინარეობდა, რომ არ იყო ჯანსაღი ხეები დაზღვეული. გარემოსთვის მიყენებული ზიანი დაანგარიშდა და სს დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო საქმე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეცა," - აცხადებს კორკოტაძე.

სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ როგორც კი ლიცეზიანტი ერთ ტყეკაფში ხეების ათვისებას დაასრულებს, ის უნდა გაწმინდოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავიდეს მეორე ტყეკაფში. უკვე მოჭრილ ტყეკაფში მონიტორინგი უნდა აწარმოოს და მისი მდგომარეობის და შემდგომი გაჯანსაღების გეგმა სააგენტოსთან უნდა წარადგინოს.

"ვუდ ექსპორტს" კი ეს გეგმა არ წარუდგენია და ესეც სალიცენზიო პირობების დარღვევაა. არც აღდგენა დაუწყიათ და როგორ აპირებენ, არც ამის გეგმა წარმოუდგენიათ. როდესაც კომპანია ლიცენზიას იღებს, წინასწარ იცის, რა ვალდებულებებიც აქვს. დაავდებული ხე უნდა მოეჭრა და ახალი ნარგები დაერგო, ლიცეზიანტმა წინასწარ იცოდა და ამას დაეთანხმა. თუ ბიზნესმენმა ხარჯი და მოგება ვერ გათვალა, ეს, უკაცრავად, ჩვენი განსახილველი არ არის. ყველა დარღვევა ასახულია იმ მასალებში, რომელიც პროკურატურას გადაეგზავნა. ტყეკაფის არასწორი გამოყოფა, გაუწმენდაობა და ასე შემდეგ. ჯერ კომპანია არ დაჯარიმებულა, თუ დაჯარიმდება, მას განესაზღვრება კონკრეტული ვადები და თუ ამ დარღვევებს არ აღმოფხვრის, ჯარიმა გაუსამმაგდება. ლიცენზიისა და ნებართვების კანონი ასევე ცნობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლებსაც,," - დასძენს კორკოტაძე.

"ვუდ ექსპორტის" ეკონომისტი კობა ხვედელიანი ამბობს, რომ სანერგეების არარსებობის გამო კომპანიას არანაირი დანაშაული არ აქვს, რადგან შარშან 31 დეკემბრამდე კომპანიას სატყეო დეპარტამენტისთვის ტყის გაშენების გეგმა უნდა წარედგინა და მათ ეს გააკეთეს.

"როგორ უნდა განაშენიანებულიყო ტყე და მოწყობილიყო სანერგე, გეგმა გავაგზავნეთ. ერთი წელი გადის და სატყეოსგან არანაირი მითითება, არანაირი მოწონება ან დაწუნება არ მოგვსვლია. ჩვენს ჭკუაზე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ! რამდენი ხე უნდა დაირგოს, ეს ლიცენზიაში გაწერილი არ არის. ორი ლიცენზია გვაქვს აღებული, ჯამში 1100 ჰექტარი ტყეა. სახელმწიფო კომისიის დადგენილებით 60% ხმელი და დაავადებული ხე იყო და ის უნდა მოჭრილიყო. ამ დაავადებას არაფერი აჩერებს. სანიტარიული ჭრა იმას გულისხმობს, რომ ყოველ წელს მონიტორინგი უნდა ჩატარდეს, რადგან წელს თუ ათი ხეა დაავადებული, ის შეიძლება გავრცელდეს და მომდევნო წელს რაოდენობა გაიზარდოს. მაშინ 81 ათასი კუბამეტრი ხე იყო მოსაჭრელი. დაავადება კი გაიზარდა და როდესაც მეორე კომისია იყო ჩამოსული, დაადგინა, რომ დაავადება 60%-ზე კი არ არის გავრცელებული, არამედ ახლად ამოსული ნერგებიც, 4-6 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ხეებიც დაავადებულია. 80% მოსაჭრელია. მოჭრის შემდეგ არ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, ისევ წაბლი უნდა გაშენდეს თუ რა, სამინისტროს არ გადაუწყვეტია და არანაირი მითითება არ მიგვიღია," - განმარტავს ხვედელიანი.

ამბობს, რომ ნაყარის დატოვების გამო კომპანია ჯარიმისაგან სასამართლომ გაათავისუფლა და საერთოდ დაიღალა, რომ ამდენი კომისია გამოიყო და თავის მართლება უწევს - "როდესაც სატყეომ ტყეკაფი გამოგვიყო, ორი წლის ვადა მოგვცა. ამ ორი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ხეების მოჭრა. როცა ეს ორი წელი გავა და მაშინ არ იქნება ტერიტორია გასუფთავებული, მაშინ ვაგებთ პასუხს. დღესაც მოსაჭრელი გვაქვს ხეები და მოჭრასა და გასუფთავებას ერთდროულად როგორ მოვახერხებდით?!"

სანამ სამინისტრო და კომპანია ერთმანეთში ტყუილ-მართალს არკვევენ, წაბლის ხეები იჩეხება.

"... ტყის გაჩეხვით ეკოლოგიაც იცვლება. წყალს შეუქმნის პრობლემას, ჰაერიც ასეთი კარგი აღარ იქნება. ფერდობებია აქ და მიწაც გამოირეცხება. ეკომიგრანტებად გადავიქცევით ალბათ მალე," - გამომშვიდობებისას გვეუბნება გეზრულელი ქალბატონი მერი.



წყაროhttp://www.resonancedaily.com/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2895 | დაამატა: Admin | ტეგები: წაბლი, წითელი, როგორ, იმერული, ნადგურდება | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 dato75   (08.11.2013 23:16:31) [მასალა]
ვინ დაეძებს წაბლის განადგურებას, ყველა თავის გამდიდრებაზე ფიქრობს. 23

0   Spam
2 tacha-swd   (08.11.2013 22:49:59) [მასალა]
ეჰჰჰ სად უნდა ეძებო კაცმა სამართალიი ეს სრულიდ საქართველოს Pრობლემააა და ამას ვერ ვაცნობიერებთ ერტეულები დამდიდრდენ და სჰიძლება ჩვენმა მომავალმა თაობამ გადმოცემით იცოდნონ ჩვენი ფლორა და ფაუნა იმედია ასე არ იქნება ჩვენი ვალია არ დაგვავიწყდეს სამი რამ ენა მამული სარწმუნოება უფალმა დაიცვას სრულიდ საქართველო

0   Spam
1 gio90   (08.11.2013 20:02:59) [მასალა]
საქართველოს საშველი არიქნება,ჩემი სოფლის გავლით გააქვთ ეს ხეები 3 ხიდიანებით(ურალებით)ცუდად ვხდები როცა ვხედავ,ეს არის ქვეყანა??და ამას ქვია სამართლიანობა??ერთეულები ჯიბეს ისქელებენ და ფეხებზე კიდიათ მომავალი.იმ საღ მონიშნულ ხეზე უნდა ჩამოკიდო ფეხებით

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика