ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 15 » "მე საქართველოს გენერალი ვარ!    

17:25:23
"მე საქართველოს გენერალი ვარ!
"მე საქართველოს გენერალი ვარ!
"მე საქართველოს გენერალი ვარ!"გიორგი მაზნიაშვილი უმალ საკუთარი ხელით მოიჭრის თავს, ვიდრე სამშობლოს უღალატებს!"

ჩვენ რომ ღირსეული ქვეყანა ვიყოთ,  ერთი ძეგლი ქართველებისგან მართლა ეკუთვნოდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილს


საქართველოს კურთხეულმა მიწამ სამშობლოს სხვადასხვა ეპოქის არა ერთი სახელოვანი მხედართმთავარი აჩუქა, რომელთა ნიჭი და სიმამაცე მსოფლიოს ნებისმიერ არმიას დიდების მწვერვალზე აიყვანდა. ამ დიდებული თანავარსკვლავედის ღირსეული წარმომადგენელია გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. კაცი, რომელიც იმ იშვიათ მხედართმთავართა რიცხვს ეკუთვნის, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია;  კაცი, რომლის სახელიც მტერს თავზარს სცემდა. 

1870 წელს, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში, ივანე მაზნიაშვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც გიორგი დაარქვეს. ყრმობიდანვე სპარტანულად ზრდიდა მამა და როგორც კი წამოიჩიტა, იუნკერთა სასწავლებელში მიაბარა სამხედრო ხელოვნების დასაუფლებლად. ნიჭიერმა ჭაბუკმა საფუძვლიანად შეისწავლა საომარი ხელოვნება და მალე მოუხდა კიდეც ნამდვილი ომის ქარცეცხლში იმის დამტკიცება, რომ მისი სახით საქართველოს დიდი სარდალი ჰყავდა. პირველი გრანდიოზული გამოცდა რუსეთ-იაპონიის ომში ჩააბარა. მანჯურიაში შეტაკებისას მტერიც და მოყვარეც განაცვიფრა უმამაცესი ქართველის იერიშმა და ვაჟკაცობამ. უმძიმესი ბრძოლის მიწურულს მძიმედ დაჭრილი საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქართველი ოფიცერის გამაოგნებელი შემართების ამბავი იმპერატორ ნიკოლოზს მოახსენეს. მონარქის განკარგულებით, მაზნიაშვილს გამორჩეული პატივი ერგო: მომვლელებად თავად იმპერატორის ქალიშვილები დაადგნენ. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ის სამეფო კარზე მიიწვიეს და ოქროსვადიანი ხმლითა და წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს, რომელიც თავად ხელმწიფემ დააბნია მკერდზე. მეტიც, იმპერატორმა ნიკოლოზმა გიორგი მაზნიაშვილს ქალიშვილიც მოუნათლა. 

არც პირველ მსოფლიო ომს ჩაუვლია ქართველი მხედართმთავრის გარეშე და ამ ბრძოლებშიც მოიხვეჭა სწორუპოვარი სარდლის სახელი. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში ჩადგა და ოთხივ კუთხით მოწოლილ მტერს შიშის ზარი დასცა თავისივე გაწვრთნილი დივიზიებით. მაზნიაშვილის სამხედრო კარიერაში ეს წლები მართლაც გამორჩეულია. პარადოქსია, რომ ჟორდანიას მთავრობა, გაუგებარი მიზეზების გამო, არ სწყალობდა იმ დროისთვის ეგებ ყველაზე საიმედო მამულიშვილს და მისი სიმამაცე და სტრატეგიული ნიჭი მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როდესაც ქვეყანას უკიდურესად უჭირდა. გიორგის გულისტკენისთვის არ ეცალა, რადგან მისთვის სამშობლოს სიყვარული პირად წყენაზე მაღლა იდგა. მიდიოდა წინა ხაზზე და დიამეტრულად ცვლიდა ომის ბედს ქართველთა სასარგებლოდ. 

მაზნიაშვილის სამხედრო ნიჭის დასტურად სომხეთთან ომიც კმარა. საქართველოს მთავრობის დანაშაულებრივი გულუბრყვილობის შედეგად სომხებმა 1918 წლის დეკემბერში, გენერალ დრასტამატ კანაიანის მეთაურობით, მოულოდნელი ლახვარი ზურგიდან დასცეს ოდითგანვე მათ არაერთხელ გადამრჩენ საქართველოს, მთელი ლორეს ზონა ხელთ იგდეს და ქართული სოფლები დაარბიეს. მენშევიკური მთავრობის ლიდერებს ეს ხუმრობა(?!) ეგონათ, ვიდრე სომხები თბილისისკენ არ წამოვიდნენ. ჟორდანიამ საშველად გენერალ გიორგი მაზნიაშვილს უხმო და აქ დასრულდა კიდეც კანაიანის ტრიუმფალური სვლა. ქართველთა სარდალმა უმალ იგდო ხელში ბრძოლის სადავეები. სომხები თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ. გამოედევნა მაზნიაშვილი, ნათქვამი ჰქონდა, – ამათ ერევნამდე უნდა ჩავყვეო(!)... არც არავინ იყო მისი შემჩერებელი, მაგრამ სომხებს მხსნელად ინგლისელები მოევლინენ და შუაში ჩაუდგნენ მომრიგებლად... 

ან აფხაზეთში დენიკინის წინააღმდეგ გამართული ბრძოლები რად ღირს. იმდროინდელ რუსეთში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, თუმცა ათასი ჯურის მეომარი აწყდებოდა საქართველოს საზღვრებს მსუყე ლუკმის ხელში ჩასაგდებად. გაეშურა გიორგი მაზნიაშვილი და ქორივით დაეცა მტერს, მილეწა ყველა, ვინც კი წინ გადაუდგა და ქართული ლაშქარი ოქროს ხანის საქართველოს უკიდურეს საზღვარზე – ნიკოფსიაზე გაიყვანა! სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის უნიათობის წყალობით, სისხლით მოპოვებული მიწა-წყალი მალე ისევ მტერს ჩაუვარდა ხელთ, მაგრამ ეს ოდნავადაც ვერ აფერმკრთალებს ქართველი გენერლის გენიალობას, რომელმაც საუკუნეების მერე შეძლო და ისევ ტუაფსემდე გაიტანა საქართველოს სამანი... 

ამასობაში საქართველოს "გაწითლების" საბედისწერო ჟამმაც მოაწია. ბაქოსა და ერევნის აღების შემდეგ მთელი საომარი ძალები ორჯონიკიძემ თბილისის მისადგომებს მოაყარა. ჟორდანია, როგორც წესი, გვიან გამოფხიზლდა (ეგონათ, ისევ სომხები გვიტევენო!) და ყველა მიმართულებით გარღვეული ბრძოლის ხაზის აღსადგენად ისევ უხმო მაზნიაშვილს. გენერალმა კიდევ ერთხელ იმამაცა. პირველსავე შეტაკებაში რუსებს 1 600 ტყვე დაატოვებინა და როდესაც ბრძოლის ბედი ქართველთა სასარგებლოდ შემოატრიალა, სწორედ მაშინ დააწიეს უკან დახევის ბრძანება(!). მენშევიკურმა მთავრობამ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა კიდეც. მაზნიაშვილმა ჟორდანია და სხვა ჩინოსნები გემზე ააცილა და თავად სამშობლოს დატოვება, მიუხედავად არერთგზის თხოვნისა, არ ისურვა. 

მოულოდნელი საჩუქრით გალაღებულ წითელარმიელებს ზეიმიც არ დასცალდათ, როცა ცნობა მიიღეს, რომ ოსმალთა სარდალს, ქიაზიმ ბეის, ესარგებლა შექმნილი ქაოსით და ბათუმში შემოჭრილიყო. ბოლშევიკებს რიცხვმრავალი თურქების განდევნა არ შეეძლოთ მაშველი ჯარის გარეშე, მაგრამ ორჯონიკიძემ გადადგა თავის სიცოცხლეში იქნებ ერთადერთი ჭკვიანური ნაბიჯი - შეხვდა საქართველოში დარჩენილ გიორგი მაზნიაშვილს და ოსმალთა წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. ეგ არის, რომ ამ თხოვნაში მაინც გაურია ცბიერმა სერგომ ბოლშევიკური პათოსი: "თქვენ იცით, რომ კანონგარეშედ იყავით გამოცხადებული და ყველა კომუნისტს შეეძლო ადგილზევე დაეხვრიტეთ, მაგრამ მე არ მოგკლავთ, მენშევიკების გენერალო, ოღონდ იბრძოლეთ ბოლშევიკებთან ერთად!" პასუხი კი ისეთი აჯახა გიორგი მაზნიაშვილმა, როგორც ჭეშმარიტ ქართველს და ღირსეულ ვაჟკაცს ეკადრებოდა: "მე არც მენშევიკების გენერალი ვარ, არც ბოლშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ!". 

მოგვიანებით, პარიზის ბულვარებზე მოსეირნე ჟორდანიას მთავრობის წევრები  ბრალად წაუყენებენ უბადლო მამულიშვილს საქართველოს ღალატს და ბოლშევიკებთან "შეკვრას", მაგრამ ბრმისთვისაც კი ნათელი იყო, რომ მაზნიაშვილს სამშობლოს ბედი აღელვებდა მხოლოდ და არა ორჯონიკიძესთან ალიანსი. 
...გადავიდა დასავლეთ საქართველოში, გულანთებული აჭარლები და გურულები შეჰყარა, ოსმალებს ეკვეთა და სამ დღეში ისე გაუხადა საქმე წარმატებით გაზულუქებულ ქიაზიმ ბეის, რომ თურქთა მეთაური ლამის დაჩოქილი ევედრებოდა – ოღონდ ერთი დღის სამყოფი პური და უკან დასახევი გზა მომეცი, ბათუმს ახლავე დავტოვებ და აქეთ აღარც მოვიხედავო... 

ბოლშევიკებმაც "მშვენივრად" დაუფასეს ღვაწლი გიორგი მაზნიაშვილს. დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა სასჯელის უმაღლესი ზომა ირანში გადასახლებით შეუცვალეს. სწორედ იქიდან მისწერა ბინძური ჭორებით გულდასერილმა მამულიშვილმა ჟორდანიას, როცა შეიტყო, რომ ღალატს აბრალებდნენ: "გიორგი მაზნიაშვილი უმალ საკუთარი ხელით მოიჭრის თავს, ვიდრე სამშობლოს უღალატებს!"
დიდხანს ვერ აიტანა ემიგრაციაში ყოფნა. იცოდა, რაც ელოდა საქართველოში, მაგრამ იმდენად ენატრებოდა და ილეოდა მშობლიური მიწა-წყლის სიყვარულით, რომ მისი დაჟინებული თხოვნის მერე, საბჭოთა მთავრობამ გენერლის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 

გიორგი მაზნიაშვილი მშობლიურ სოფელში, სასირეთში, დასახლდა და მიწაზე მუშაობით იქარვებდა თავისუფლებადაკარგული სამშობლოს სევდას. საოცრად ხელგაშლილს და გულმოწყალეს მომავალ თაობაზეც უზრუნია და სკოლა აუშენებია სოფელში. შემდეგ წყაროც გამოუყვანია, მტკვარზე ბორანიც გაუმართავს და ყველაზე მთავარი - ეკლესია აუგია! თავად დიდად მორწმუნეს (ძველი და ახალი აღთქმა ზედმიწევნით სცოდნია) იაპონიასთან ომის დროს წმინდა გიორგი გამოცხადებია და მისთვის აღთქმა მიუცია - ოღონდ სამშობლოში მშვიდობით დამაბრუნე და შენს წმინდა სახელზე ტაძარს ავაშენებო... მერე თბილისიდან მხატვრებიც ჩაუყვანია და ეკლესიაც მოუხატავს... 

იმ განუკითხავ დროს ბოლშევიკებს სამშობლოზე მლოცველი კაცისთვის სიკვდილის მეტი არაფერი ემეტებოდათ და ისე გაიმეტეს, წარბიც არ შეუხრიათ. 1937 წლის რეპრესიების დროს, გენერალი მაზნიაშვილი შვილთან ერთად დააპატიმრეს და "სამეულის" გულქვა გადაწყვეტილებით დახვრიტეს. 
ასე აღესრულა სამშობლოსთვის დამაშვრალი კაცი, რომლის საფლავიც კი დაუკარგეს და მოუსპეს სამშობლოს. კაცი, რომელზეც სიმამაცით განთქმულმა კიდევ ერთმა სარდალმა გიორგი კვინიტაძემ ასეთი სიტყვები თქვა: "ჩემი თვალით რომ არ მენახა, არც დავიჯერებდი, ისე გმირულად იბრძოდა მაზნიაშვილი. ასეთი სიმამაცე მეტისმეტიც კი არის, რადგან არაერთხელ შეგვეძლო დაგვეკარგა, რაც ლახვარს ჩაგვცემდა ჩვენც და საქართველოსაცო".

P. S.  წმინდა ილია მართალმა ბრძანა, - ერი თავის გმირების მაგალითით უნდა საზრდოობდეს, თუკი ერობა სურსო... სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ჩინოსნებისთვის ამ სიტყვებმა აზრი დაკარგა. ჩვენი გმირული წარსულის და სულკურთხეული წინაპრების სიყვარული რომ ჰქონდეთ, ბათუმში, იქ, სადაც მაზნიაშვილის იუნკრებმა დედასამშობლოსთვის სისხლი დაღვარეს,  აზიზიეს მეჩეთის აგებას კი არ მოინებებდნენ, არამედ მათ საფლავებზე ნაკურთხ ჯვარს სიმდაბლით მიეახლებოდნენ და პატივს მიაგებდნენ.

ჩვენ რომ ღირსეული ქვეყანა ვიყოთ,  ერთი ძეგლი ქართველებისგან მართლა ეკუთვნოდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილს, დიდი ქართველი სარდლების უკანასკნელ მოჰიკანს, რომელსაც დაკარგულ საფლავში მაინც იმედად ჩაჰყვა ანდერძად დატოვებული სიტყვები: "სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება... ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენსო..."
(სპეციალურად საიტისთვის)


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 2385 | დაამატა: Admin | ტეგები: გენერალი, გმირი, გიორგი, სამშობლო, მაზნიაშვილი, საქართველო | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
+1   Spam
3 niora   (16.09.2012 19:35:03) [მასალა]
ძალიან მიყვარს საქართველოს ეს კუთხე_კასპი ხომ 2 დიდი ქართელი მხედართმთავრის სამსობლოა_გიორგი სააკაძე(ნოსტე) და გიორგი მაზნიაშვილი(სასირეთი)

+1   Spam
2 გიორგი   (16.09.2012 14:04:34) [მასალა]
სამწუხარო რეალობაში გვიწევს ცხოვრება. მართალი ბრძანდებით მამაო. გენიალური პიროვნება იყო მართლაც გიორგი მაზნიაშვილი. ქართველების უმეტესობამ არც კი იცის მისი სახელი. უამრავი გმირი გვყავს, გასულ საუკენეს რომ აღარ გავცდეთ, მაგრამ კვერცხისა და შლოპანცის ძეგლს ვამჯობინებთ რატომღაც.

+1   Spam
1 nugomonadire   (15.09.2012 21:23:49) [მასალა]
მართალი ხარ ჩემო გია გიორგი მაზნიაშვილის და ქაქუცა ჩოლოყავშვილის ერი ვართ დღეს ჩვენ? ხალხს ცხვრებივით ერეკებიან მიტინგებზე, მათი ნების საწინააღმდეგოდ. თავისუფალი სიტყვის და აზროვნების უნარი აქვთ დაკარგული საზოგადოების ნაწილს. შიში და ტერორი არის ყველგან და ყველაფერი ჩაბუდებული. ეს ხალხი დღეს შლოპანცების ძეგლების ღირსი უფრო არიან ვიდრე ეროვნული გმირების(სამწუხაროდ)...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика