სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ქედანზე ნადირობა   
eagleპასუხების რაოდენობა: 481
მწყერზე ნადირობა   
eagleპასუხების რაოდენობა: 4107
მონადირე ძაღლის დაავად...   
solomonპასუხების რაოდენობა: 390
კურცჰაარი   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 3859
იარაღის ხელოსნები და ს...   
barbaqadzenikoloziპასუხების რაოდენობა: 243
ინგლისური სეტერი   
ktx-100პასუხების რაოდენობა: 1148

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

ნადირთა პატრონი

ელიზბარს ძალიან უყვარდა ნადირობა: კვირაში ოთხ დღეს ტყეში ატარებდა; „ტურასავით ტყეში დაძვრებაო", ელიზბარზე ხალხიც ამას ამბობდა. ელიზბარის სასაუბრო მუდამ თოფი, ნადირობა, ტყე და მთები იყო. ოჰ, რამოდენა ჯიხვი იცის ბაისუბნის თავს! ღმერთო, რა ნადირი ყოფილა მაზიმზე!.. კაცებო, გაოცებული დავრჩი, პირჯვარსღა ვიწერდი იმოდენა ნადირის შემაცქერალი; გაგიხარიანთ, მე იქ გავძეღ თოფის სროლით! რაც იქ ნადირი დამიხოცნია… ნუ მომილოცავთ; ვინ არ მოჰკლავდა იქ ნადირს?! როგორც ძროხის ნახირში, ისე შავრეულვარ ზოგჯერ ნადირის ფარაში.
ელიზბარმა მთელი კახეთის და არაგვის სანადირო ადგილები ჯაგის ძირითურთ იცოდა, როგორც იტყვიან, – ხელისგულზე ჰქონდა გადაშლილი; მჭვარტლის წყალი ვარო, შავი კლდე, სხალთ გორი, სიმური, სპეროზა და სხვა და სხვა, მოგიყვებოდა ყველა ადგილების ამბავს, იქ მოკლული ნადირის რიცხვს და სხვადასხვაობას. მონადირეებს საერთოდ ერთი ცუდი ზნე სჭირთ: სიცრუე, გადაჭარბება-გაზვიადება შემთხვევისა. ელიზბარს კი სიცრუეს ვერავინ დასწამებდა. სინამდვილეს გათქმული მონადირე ვეღარაფერს მიუმატებდა. თოფი ხომ, სანადირო თოფი, თავისთავზე მეტად უყვარდა. მუდამა სწმენდავდა, ჰფერავდა; გამარჯვებისათვის ელიზბარს ბევრჯელ უკოცნია თავის ხირიმისათვის ჯავარს ლულაზე. მართლაც, საამო სანახავი იყო ელიზბარის ხირიმი: თოფი თავსა და ბოლოს ოქროს ვარაყით იყო დაზარნიშული, ჩახმახიც კი მოვარაყული ეკრა და, რომ ფალიაში წვიმის წყალი არ ჩასულიყო, ირმის კანჭის ტყავი ჰქონდა ჩაჩად გადაფარებული: საჭიროების მიხედვით აჰხდიდა და დაჰხურავდა. „ტიალი, მიყვარს, ძმაო! თოფი რომ გავარდება ტყეში, გაჰხვივ-გამოჰხვივლებს, დაივლ-მაივლის მთების ყურე-მარეებს დალოცვილი, გულს როგორმე იამება, გულში სინათლე ჩამიდგება". და თუ ვინმე შეაქებდა ელიზბარის თოფის ხმას, მონადირეს მთელი სახე სიამის ალში დაუტრიალდებოდა და გაუბრწყინდებოდა.
ზურაბს, ელიზბარის მოხუცებულ მამას, არ მოსწონდა ელიზბარის ყოფა-ქცევა: „აღარა აქვს მაგ ბიჭს სახლსა და საქმეზე გული, მგელივით სულ ტყისკენ გაიყურება. ნანადირევს ხომ იცით, რა მადლი და ბარაქა აქვს? აღარც ცოდვა-მადლს უყურებს", – შესჩიოდა ხშირად მეზობლებს ზურაბი.
რამდენჯერ შვილსაც დაუშალა ნადირობით მეტისმეტი გატაცება; მოაგონებდა განთქმული მონადირეების უმადურს ყოფას, ცოლ-შვილის გაწყვეტას. – ბიჭო, შვილო, არ არის კარგი მაგრე გამოკიდება ნადირისა, ნადირსაც პატრონი ჰყავს. აბა, ერთი მითხარ, მონადირეებს რომელს აყრია ხეირი? აი, შორს ნუ წავალთ, აქვე, ჩვენს ახლო-მახლოს მივიხედ-მოვიხედოთ: ნავროზას, მამუკას, ღვთისავარს? ნავროზა და მამუკა სულ ამოვარდენ ძირ-ფოჩიანად. ღვთისავარისას ერთს შავერდისა ვხედავთ და ან ეგ რა სანახავია – შვილი მაგას არა რჩება, პურის ბარაქა არა აქვს და ფულისა?! წესზე, რიგზე სუყველაც კარგია, ურიგო კი არაფერი არ ვარგა, გადაჭარბებული, წრეს გადასული. ჩემს მტერს დაემართოს, რაც კაცს დაემართება, თუ ნადირთა პატრონმა დასწყია. გამახარეს რისაგანა აქვს თვალი გამოთხრილი, იცი? ჰოო, არ იცი განა? მე გეტყვი. თუ არ დაიჯერებ, წადი, ჰკითხე და თავადაც არ დაგიმალავს. საწვეროს გორში მოეყარა ირმის ხრო, საყელში, ერთს ადგილში ხუთი ირემი მოეკლა – სამი ხარი, ორი ფური, ერთი ღა გაჰქცევოდა. არც გავუშვებდიო, გვიამბობდა, როცა საღამოზე შინ მოვიდა ნასახელარი და მანამ თვალს გამოითხრიდა. მეორეს დილას კი თავში და პირში მჯიღსა და ქვას იცემდა: რა ღმერთი გამიწყრა, ამოდენა ნადირის ცოდვა დავიდევ კისერზეო, რადგანაც იმ ღამესვე საბძელში ჩალაში დასაძინებლად წასულმა თვალი გადმოიბზარა. გუგულის მსგავსი ფრინველი დასტრიალებდა ირმებს, როცა ვსთოფავდიო. ის უნდა ეცნო საწყალს და ვერ იცნო. ნადირთა პატრონი ათასნაირი სახით ეჩვენება მონადირეს. ბრიყვი, ვერ მოსულიყო ცნებასა, თუ იანვარში ტყეში გუგულს რა უნდოდა და ან ირმებთან სათამაშო რა ჰქონდა!..
შე უღმერთოვ, ვისაც ვეუბნები და არ ესმის, მოჰკალ ერთი, ორი, გაუშვი დანარჩენები და! ისეთები სხვამ მოკლას, არა და აღარ გინდა, რომ ნადირის ჭაჭანება იყოს ტყეში?! მაგრამ როცა კაცი პირჯვარს არ გადაიწერს და არა სთხოვს: ღმერთო, ცოდვაში ნუ შემიყვანო, ვერ ასცდება უკეთურ საქმეს. მე კარგა ვიცი, ერთი ან ორი რომ მოეკლა, არც თვალი გამოეთხრებოდა და არც ღმერთი გაუწყრებოდა. ეხლა ნანობს, მაგრამ სინანულმა თვალი ვეღარ გაუმთელა… შენც, შვილო, ნადირობით ქეიფი ბოლოს არ გაგიმწარდეს. გაიგონე!.."
– მე კი გაგიგონებ, მამავ, მაგრამ გული რომ არ გაიგონებს! კაცს უმწერლოდ ბეწვი თმაც კი გაუთეთრდება თავზეო, ნათქვამია; ალბათ ჩემი ბედი და წერაც ეს არის – ეტყოდა პასუხად ელიზბარი და ერთ-ორ დღეს რომ მამის დარიგებაზე გაევლო, მესამე დღეს მაინც ისევ ტყეში გარბოდა ჩოხაშემოკალთული, მხარზე თოფგადაგდებული, სასწრაფო-საპირისწამლით მკერდაყვავებული და, როცა სწორ-ამხანაგებში მოხვდებოდა, მაინც ამ თავის საყვარელ სიმღერას მღეროდა:

ვაჰ დედას თქვენსა, ჯიხვებო,
დავბერდი, მაკლეს თვალთაო;
ფეხდაფეხ ვეღარ მოგყვებით,
მუხლები დამეხლართაო.
კიდევ სამ გაყურებინებთ
ჩემის ხირიმის ხმასაო,
ჭიუხში შეგაბერტყინებთ
ცისკრის ხანს ქუჩის ნამსაო.

თოვლი თოვს, ჯიხვი ფეხს უცემს,
გული გკლავს მონადირეო:
ჯიხვო, ვერ მოგკალ, ტიალო,
სისხლი ვერ გაგადინეო.
ვერ დავიკვეხე სწორებში,
რქაზე ვერ დაგაბჯინეო;
ვერ გადაგაგდე კლდეზედა,
გული, ვერ გაგაცინეო.

შემოდგომას ხომ გულგადალეული ელოდა; ელოდა „ყვირილობას", როგორც დედა ერთადერთს შვილს, ლაშქარში წასულს. მთელს ღამეებს ტყეში ატარებდა. თავზე ირმის რქას იდგამდა, მხრებზე ირმის ტყავს იფენდა და „ყვიროდა", როგორც ხარი ირემი. ელიზბარის ყვირილს ირმის ბღავილიდან ვერ გაარჩევდა კაცი. ორჯელ თუ სამჯერ უცხო მონადირეებს კინაღამ არ შემოაკვდათ; ირმის მაგივრად კინაღამ ელიზბარი არ გამოასალმეს წუთისოფელს. რას მოიფიქრებდენ, თუ ელიზბარი დაუხვდებოდათ ირმის ქურქში გამოხვეული, მაგრამ როცა გაიგეს იმის ნადირობის წესი, ყოველი მონადირე ფრთხილობდა, ირმის მაგივრად კაცი არ შემოჰკდომოდა. ამგვარად ნადირობდა ელიზბარი, ხოლო გულში კი მუდამ, განუშორებლად იმ ფიქრს ატარებდა, რომ ღმერთი არ განერისხებინა, ნადირთა პატრონი არ გაეჯავრებინა, – თვალგაფაციცებით ჰსინჯავდა სროლის დროს, ლანდი ნადირთა მეფისა ხომ არსად გამოჩნდაო. იგი ხომ უფრო ხშირად პატარა ტანის ქალის სახით ეჩვენება მონადირეებს, დიდრონ გაშლილ თმებით; ხელში ჯოხი უჭირავს და ხან უკან მისდევს თავის სამწყსოს, ხან წინ მიუძღვის, ხან გვერდზე, მხარდამხარ, და თან ნელი ხმით მიუსტვენს. თან ხშირად ათასნაირ სახეს იღებს, ხანდახან ბუზადაც კი იქცევა, დაუჯდება მონადირეს ლულაზე, რომ მიზანი შეუშალოს, იქცევა ზაფხულში დიდრონ წვიმის წვეთად, ჩამოვარდება მაღლიდან. დაეცემა კვესზე ჩახმახს, რომ ფალია დაუსველოს, თოფი აღარ გავარდეს; ზამთარში იქცევა თოვლის ფარტენად ამავე მიზნით; გადაიქცევა ფრინველად, ან საუცხოვო ნადირად, რომ დააფრთხოს სამწყსო და ხიფათს გადაარჩინოს.
ამდენი ხანია ნადირობს ელიზბარი და ერთხელაც არაფერი მსგავსი არ უნახავს. სჯერა და არც სჯერა ეს ამბავი. ბევრჯელ ჩხიკვს დაუფრთხია ელიზბარისთვის შვლები. იქნება ნადირთა პატრონი იყო? შეიძლება. ერთხელ ხარ-ირმისთვის უნდა დაეცა თოფი, მთელის თავის ტანით ედგა წინ ელიზბარს, იქვე წააქცევდა. დაიმედებულმა თოფი მოიმარჯვა, მაგრამ მოულოდნელად მაღლიდან ჩამოვარდა ხმელი წიფლის ტოტი, დაეცა ირემს რქებზე; ირემს ელდა ეცა და როგორც ნაპერწკალი, ისე გაქრა. შეიძლება ისიც ნადირთა პატრონის ბრალი იყო? შესაძლებელიაო, ფიქრობდა და კვალად მონადირე. ბევრისგან ბევრი მაგალითები მოიგონა განვლილი გამოცდილებიდან, ისეთი მაგალითები, რომ ნადირის გადარჩენა ყოვლად შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც გაჰსხლტომია ხელიდან. ყველა ეს მაგალითები ეჭვს უბადებდენ, აფიქრებინებდენ, რომ უსათუოდ უნდა ბრალი დაედო უჩინარი ძალისთვის. ეს ძალი იყო ერთადერთი ნადირთა პატრონი.
შაბათს საღამოს ესტუმრათ თევდორე, განთქმული მონადირე, ხოლო დღეს დაუქმებული, რადგან აზარი ხუთჯერ ჰქონდა ათავებული, ხუთჯერ ჰქონდა თოფი მიწაში დამარხული. ძველი სამონადირეო ჩვეულების ძალით აღარ შეეძლო იმას ნადირის მოკვლა, თუნდა ნადირის ხროვა შინ შეჰხტომოდა. აღთქმა ჰქონდა, ამიერიდან ნადირი აღარ უნდა მოეკლა. საკმაოდ ხნიერი თევდორე ნადირობის ჟინს მხოლოდ წარსულით, თავგადასავლის მოგონებით იკლავდა. უყვარდა, ესიამოვნებოდა სხვის ნაუბარი ნადირობაზე და თავადაც ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდა, როგორც ოცი წლის ჭაბუკი. მთელი ღამე თევდორემ და ელიზბარმა ნადირობაზე ლაპარაკში გაატარეს. გაათავებდა ერთ-ორს ამბავს თევდორე, ელიზბარი დაიწყებდა, მერე სიტყვას ისევ თევდორე ჩამოართმევდა…
ნადირთა პატრონის არსებობას თავის თვალით ნახული მაგალითებით უმტკიცებდა თევდორე ელიზბარს ისეთი პოეტური აღწერით, რომ იმ ღამეს სიზმარშიც კი ნადირთა პატრონი მოელანდა. მეორე დღეს, კვირას, ელიზბარი სანადიროდ ემზადებოდა, ყვირილობა იწყებოდა. ენკენისთვის შუა რიცხვები იყო. „ხვალიდან, აი სწორედ ხვალიდან, შვილო, აქვს უფლისაგან დანიშნული ვადა ხარ-ირემს და ორაგულს, ირემს – ყვირილისა, ორაგულს – თხრისა. ცდილობენ, რომელი რომელს დაასწრებს, ირემი ყვირილს, თუ ორაგული თხრას1. მოსაკლავი ორივე ეხლაა, მსუქანი. ხარს, რაც უნდა გრძელი ხანჯარი იყოს, ხომ იცი, კისერზე ვერ გააწვდენ, რომ დასცე. ტანის სისქე კისერი აქვს და ორაგულსაც რაც კი სიმსუქნე შეიძლება, ეხლა აქვს დრო, ამის შემდეგ ხდება ავად და ლუბდება, თხრას რომ გაათავებს, დედალი ორაგული აღარც კი იჭმევა სილუბისაგან". თოფის სროლის და თავის ნადირობის წესს უხატავდა ელიზბარს: „ხელზევით სროლას ეცადე, რაც შეიძლო. დადებით მსროლელი მონადირე მონადირედ არ მიმაჩნია, – განაგრძობდა თევდორე, – თოფი ბოშად გეჭიროს, რომ ჩახმახის დასხლეტის დროს არ დაგეძრას, რაც შეიძლება გული დაიდინჯე სროლის დროს, ხოლო ხელი ააჩქარე. ნადირობაში ხელისა და თვალის სიჩქარეა პირველი იღბალი. მე თუ ნადირი ამაჩქარებდა, იმის დღე გათავებული იყო. ნადირმა სუნი იცის. ამიტომ როცა ეპარები, უნდა აურჩიო ისეთი გეზი, რომ ნადირის მხრიდან მონაბერი ნიავი შენ პირში გცემდეს". ზოგი რამ ამ წესებისა, რა თქმა უნდა, ელიზბარმაც იცოდა, მაგრამ თევდორეს მაინც სიტყვაშეუბრუნებლად უგდებდა ყურსა.
ღამეა. თითო-ოროლა ღრუბლის ნაჭერი დასეირნობს წყნარად ცის გულმკერდზე და მთვარის სხივებს უშლის გაანათოს ხშირი ტყით დაფარული არემარე. მაღალ სერზე, დიდრონ წიფლის ძირას ზის ელიზბარი, დილით ადრიან წამოვიდა სანადიროდ. მთელი დღე ტყუილად დააღამა, თვალით ვერაფერი განიცადა. ზურგი მიუბჯენია წიფლისთვის და თოფი, თითქო გულზე დედას შვილი მიუხუტებიაო, ისე უჭირავს. ყურგაფაციცებული, მოუთმენლად მოელის ირმის ყვირილს. ტყეში მყუდროებაა. მხოლოდ თრითინების „ჭიიტ-ჭიიტ" აღვიძებს მიდამოს. შორს, ძალიან შორს, საბრალო ხმით ბუ გაჰკივის… ტყით დაფარული გორაკები ზოგან ერთმანეთზე მიყრილი, ზოგან ერთიმეორისგან ვაკედაცემული ადგილებით დაშორებული, ერთს დიდს გამოურკვეველს საიდუმლოებას წარმოადგენდა.
შუაღამე გადავიდა. ელიზბარს ჯერ თვალი არ მოუხუჭავს, თუმც ძილი ნელა-ნელა ეპარებოდა იმ დღის ნავალს; ეკიდებოდა თვალებზე, როგორც ფოთოლზე წვიმის ცვარი. უმაგრდებოდა ძილს, ჯიუტობდა, არ ჰნებდებოდა ბუნების ულმობელს კანონს: ცოტას რომ წასთვლემდა, მალე ისევ გააჭყეტდა თვალებს და მახვილ სმენას მიუპყრობდა მის წინ გადაშლილ არემარეს; ბუ ისევ გაჰკიოდა… დაკივლა და მიჩუმდა. სხვა რაღაც მოესმა ელიზბარს, ისე, როგორც ზარის ხმა გაუარა ამ ხმამ ჟრუანტელად მთელს ტანში, შეათამაშა ფოთლები და გაჰქრა. „ძლივს, ოჰოო!", – წარმოსთქვა მან. – „მადლობა ღმერთს!" – და გადაიწერა პირჯვარი. ყური უფრო გულმოდგინედ დაუგდო, დახრილმა ცალი ყური თითქმის დედამიწას შეახო. ხმა უფრო ცხოვლად მოესმა. ირმის ყვირილი შორიდან ისმოდა, მაგრამ თანდათან უფრო გარკვევით. „პირ-აქათ არის", – წარმოსთქვა თავისთვის ელიზბარმა: – „აჰ, ნეტავი ცოტას კი დაჰნამავდა ეს დალოცვილი". ელიზბარმა ბევრი აღარ დაახანა, გაემართა იქით, საითაც ირმის ყვირილი მოდიოდა, რომ საგათენებოდ მიჰსვლოდა ახლოს და ესროლა თოფი. მიდიოდა ტყეში, კლდე-ღრეებზე სვენებ-სვენებით, თან ყურს უგდებდა, სხვა არაფერს ყურადღებას არ აქცევდა; მთელი მისი გული და გონება მიისწრაფოდა ირმისკენ. ზოგან შველი გაექცა, სხვაგან მგელი ირმის პარებაში, მაგრამ არა ნაღვლობდა. ერთ ადგილს პანტაზე ნაჯდომმა დათვმა მოიღო ზღაპა და თავზარდაცემულმა წაიღო ლაწალუწი. „წადი, ირბინე, არა უშავს, ხვალ სადღა გამექცევი, დავითავ!.." – ჩაილაპარაკა თავისთვის ელიზბარმა.
მიუახლოვდა ელიზბარი ირემს, ხმა ახლოდან ესმის, აღარ იქნება იმათ შუა დიდი მანძილი, ელიზბარი ჩამოჯდა, დაისვენა. ნიავს არჩევდა, თენებამაც მოიტანა…
გარიჟრაჟია. მონადირე ირმის კვალზე შედგა. ირემმა ყვირილი შესწყვიტა. ელიზბარმა თოფს ფალია გამოუცვალა. თვალებს ძლივს ახელს, გაბლანტებულია. აი ნაბოტარი ირმისა, ირმის სუნი მოსდის ირმისგან რქით მოგრეხილს თხილსა და წიფლის ბონცვრებს, ესევე სუნი ასდის ბუერებს და ბალახს, სადაც ირემს ფეხი დაუდგამს, რისთვისაც კი ტუჩი მიუხლია. ფეხებს ელიზბარი ფრთხილად სდგამს, თვალებს იქით-აქეთ აცეცებს მგელივით. ხამუშ-ხამუშ შედგება; ყველაფერი, რაც კი თვალში ეხეჩება, უნდა განჭვრიტოს თვალით. ფაჩა-ფუჩი მოესმა, ნალეწი გატყდა. ელიზბარი ხეს გაეკრა, თოფი მოიმარჯვა… შესჩერებია გულის ფანცქალით დგნალებს, საიდანაც ირმის ყოფნის ნიშნები მოესმა და… აგერ რქები – თავი… დაჩნდეს… კარგად დაჩნდეს… უცქერის გაშეშებული. ირმის რქებმა გააოცა. ყელი, თავი და რქები უჩანს, სუნს იყრის. ჩამოჯდა ელიზბარი და დაუმიზნა თოფი. უცდის მხოლოდ, რომ ტანი გამოაჩინოს. – ღმერთო, ეს რა რქებია, კელაპტრებივით ანათებს მისი შტოები! თეთრი ტრედივით ფრინველი დაჰფარფატებს თავზე… ირემი წამოდგა წინ და მთელი მკერდი დაუჩნდა. ის არის, უნდა დასხლიტოს ელიზბარმა თავზე შემოყენებული თოფი, რომ ირემს წინ აეფარა ხმალამოწვდილი კაცი, ხელში ცეცხლის ხმალი უჭირავს და ემუქრება. ხელიც თითქოს ვიღაცამ დაუჭირა და ჩასჩურჩულა ყურში: „ნუ, ნუ! ჰაა, არ ესროლო, ღმერთი არ გაგიწყრეს!.." ელიზბარს მოუდუნდა მკლავები, შემოყენებული თოფი ხელიდან გაუვარდა. თოფმა დაიგრიალა და იქვე მიწაში მოჰხვდა ტყვია, ირემმა თავს უშველა…
მონადირე დიდხანს გაფითრებული იჯდა გაქვავებულივით ერთს ადგილას და გონზე ვერ მოსულიყო… როდის როდის მოეცა გონება, ადგა ბარბაცით… დაიწყო თვალების ფშვნეტა. იწერდა პირჯვარსა და ამბობდა: „ღმერთო, შენ დამიხსენ ყოველი განსაცდელისაგანო! ჰოო, ვნახე, ვნახე, ის იყო ის…"

1908 წ.




წყარო: http://vaja.3owl.com/nadirtha-patroni/
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (05.11.2012)
ნანახია: 1951 | კომენტარი: 2 | ტეგები: ნადირობა, ვაჟა, nadirt, მონადირე, patroni, monadire, vaja, nadiroba, ფშაველა, fshavela | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 Avci   (17.10.2014 04:30:48)
საინტერესო ამბავია (ზღაპარი) 10 166

0   Spam
1 77777   (06.11.2012 00:19:29)
10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    dudu-duda, zviadi565, gogagagi, taxmagido, sabjek, oto_xoni, zviadauri

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика