ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

ფშავი(ცხოვრება, კულტურა, ტრადიციები)
მეურნეობა ფშავში

ბართან შედარებით ფშავში ხვნა-თესვას ორი-სამი კვირით გვიან იწყებდნენ. სანამ ხმარებაში აჩაჩა გუთნები შემოვიდოდა, ფშაველები კავით ხნავდნენ. კავსაც და აჩაჩა გუთანსაც თვითონ ამზადებდნენ. თუ რომელიმე მცხოვრებს სახნავად საკმარისი ხარები არ ეყოლებოდა, შეიძლებოდა მეორეს შეთანხმებოდა და ხარები გუთანში თანასწორი რაოდენობით შეებათ ასე გარიგებულ მხვნელებს ,,მონადავებს” ეძახდნენ.

ფშავში მეფუტკრეობას დიდი ისტორია უნდა ჰქონდეს.ფუტკრის ყოლას თვით ფშაველთა წესჩვეულება მოითხოვდა.სანთლის გარეშე არც ხატ-ღმერთი და არც მკვდარი დაიმარხებოდა.ფუტკრის მოშენებისთვის როფებად იყენებდნენ ცაცხვისა და თელის ქერქისაგან გაკეთებულ ხოკრებს.

ფშაველები ზოგჯერ მეთევზეობასაც მისდევდნენ. ანკესით კალმახს იჭერდნენ არაგვში და მის შენაკადებში. ყველაზე მომგებიანი იყო არაგვში ორაგულის ბარჯით ჭერა. ორაგულის გარდა არაგვში წვრილი თევზები თევზი - კალმახი და მურწა იცოდა. იყო ფიჩხულიც , მაგრამ მას ფშაველები არ ეტანებოდნენ და არ იჭერდნენ.

ფშავში ნადირობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მონადირეობას გააჩნდა თავისი დაუწერელი კანონი: ,,ღმერთო, ნადირთა მეფეო, შენს სახელზე იყოს დანთებული სანთელი, გთხოვ, დალოცვილო, ხელი მომიმართეო.”  მონადირე ნადირს, რომ კლავდა, პირველ რიგში მარჯვენა წინა ფეხს ჩაუტყავებდა, რადგან თუ შემთხვევით მეორე მონადირე ფეხჩაუტყავებელს მიუსწრებდა, წილის მიცემა დასჭირდებოდა. მონადირენი მოკლული ხარირმის და ჯიხვის რქებს ხატს სწირავდნენ, მიიტანდნენ და ხატის კრვივზე შეწყობდნენ. ხანდახან რქებს სახლშიც იტოვებდნენ.

 

საცხოვრებელი სახლები

ფშაველები უმეტეს შემთხვევასი მიწურბანიან სახლებში ცხოვრობდნენ. სახლს შუა ადგილზე იდგა ორი დედაბოძი. ეს დედაბოძები ერთმანეთისგან დაცილებული იყო სამი-ოთხი მეტრით. მათ შორის ორ მეტრ სიგრძეზე და მეტრანახევარ სიგანეზე,შუა ადგილას ქვის დიდი სიპებით იყო მოპირკეთებული. ამ ადგილს ,,კერა”-ს ეძახდნენ. კერას ორი მხარე გააჩნდა-მარჯვენა და მარცხენა. მარჯვენა მხარე იყო საკაცო, მარცხენა-სადედაკაცო. საკაცო კერის მხარეს იდგა ფიცრის დიდი ტახტი, რასაც ,,სკამს” ეძახდნენ, მასზე მხოლოდ კაცები სხდებოდნენ. საკაცო კერის მხარეს ქალებს გადასვლა ეკრძალებოდათ. ქალები სხდებოდნენ სადედაკაცო კერასთან, მიწაზე. მოხუცი ქალები უპირატესობით სარგებლობდნენ და სხდებოდნენ ,,სანაცურაზე”(გაუკრეჭავი ტყავისაგან გაკეთებული ბალიში). ტახტის ბოძზე ეკიდა ფანდური, ხოლო ტახტის თავზე კედელს ამშვენებდა მამაკაცის საბრძოლო იარაღი.

 

 

სახლის ზემო სართული ერთ დიდი დარბაზს წარმოადგენს, რომლის ფართობი 2.0x1.70 მ. სახლი ბნელია და შუქისათვის დატანებულია „საკომი" (სარკმელი). ზოგიერთ სახლს კედელში ასეთი ორი ნ სამი საკომი აქვს დატანებული, ზომით 40x29 სმ, საიდანაც სინათლე სახლში შემოდის და კერის ბოლი გარეთ გადის. ჭერთან ეს საკომი კვადრატული ფორმისაა და კერის პირდაპირ ჭერშია გამოჭრილი. ჭერის საკომი თავისი კონსტრუქციით ორგვარია: ერთია სადა და ოთხკუთხედი, რომელსაც ბანზე „საკომთკოდი" (საკომურის კოდი) აყუდია. მეორე კი ჭერში გვირგვინივითაა გამოყვანილი და მას „მოქცეულს" უწოდებენ. ამ მოქცეული სახლის ეს გვირგვინი ისეთივეა, როგორიც არის ქართლის დარბაზის გვირგვინი1. ფშაური დარბაზის გვირგვინი გამართულია წინა ბოძზე და დედაბოძზე. დედაბოძი მოჩუქურთმებულია და ხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებითაა ნაჭრელი. დედაბოძს თავზე აყუდია დათვი, რომლის სიგრძე 1.90 მ, განი კი 30 სმ–ია; დედაბოძის სიმაღლე უდრის 2.92მ, განი 36 სმ. ამგვარი დედაბოძიანი და გვირგვინიანი სახლი დღეს კარგად არის დაცული სოფ. შუაფხოში. ძველებური სახლი ბანიანია. ბანი დაყრდნობილია ორ დიდი კოჭზე, „თავხეზე", რომელზედაც „შოლტებია" (კოჭები) გამართული. შოლტებზე ფიცარი ან ლასტია დაგებული და ხის მასალა რომ არ დალპეს, ზედ ნაფოტებსაც აყრიან, ნაფოტებზე მიწააა დატკეპნილი. ზოგი სახლის ბანზე საბძელია დაშენებული, სადაც ბზესა და თივას ინახავენ. საბძლის სახურავი ორფარდულიანია და ყარტითაა (სვილის ჩალა) გადახურილი.

ამასთანავე, სახლზე მიშენებულია: დერეფანი, კიბე და საქსლე ზედ საბძლით. ბოსელში ზამთრობით საქონელი დგას, საბძელში თივა და პური ინახება, დახურულ დერეფანში საოჯახო წვრილმანები აწყვია, ღია დერეფანზე კი საქმობენ. ზოგან ბოსელს ერთ კუნჭულში მიშენებული აქვს ქალის სამშობიარო ოთახიც.

ამ ტიპის სახლებში კერაა გამართული. კერა ოთკუთხედია და ფიქალის ქვის ჩარჩოში კარგად ჩამჯდარი. კერაზე საკიდელია ჩამოკიდებული, რომელიც მიმაგრებული ჭერში გადებულ ორ „სალეთხე" ჯოხზე. კერა მოთავსებულია სახლის საკომთან ან გვირგვინის ქვეშ, რომ კერის ბოლი სახლიდან გავიდეს.

ასეთია ძველებური ფშაური სახლები.

ახალი სახლები ერთსართულიანია და მიწური. აქვს კარ–ფანჯრები და აივანი. სახლი მაღალსახურავიანია და ზედ ყარტითაა გადახურული. ხშირია აგრეთვე კრამიტისა და თუნუქისსახურავიანი სახელებიც. ასეთ სახლებში კერა მოშლილია და ბუხარი ან თუნუქის ღუმელია გამართული.

ფშაველები ქვის სახლებს აგებენ, სააღმშენებლო მასალა – ქვა და ხე–ტყე – აქვე მოიპოვება. ქვას კლდეში ამტვრევენ ან არაგვის რიყეზე აგროვებენ და ცხენებით, ვირებით და მარხილებით ეზიდებოდნენ. სახლებს ფშაველი ოსტატები აგებდნენ. ერთი არშინი კედლის ამოყვანა ერთ ცხვარად ფასობდა.

ძველებურ კერიან სადგომებში ფშავლებს ჰქონდათ დგამ–ჭურჭელი და სხვა მოწყობილობანი. ხის კავებით ჭერში ჩამოკიდებული იყო: ცხვრის დუმები, ტყავები, გუდები და სხვა. კერასთან დგას გრძელი სკამი „ლაჭანი". სახლის ერთ კუთხეში გამართულია ხის განიერი ტახტი. იქვე ტანისამოსის სკივრია. კედელთან რამოდენიმე კიდობანი დგას. კიდობნებში ინახება პური და ქერი. არის აგრეთვე სასმელ–საჭმლის შესანახი „კარადა".

სახლის გასანათებლად არყის ჩრაქვს ხმარობენ. ჩრაქვი არყის გამხმარი ქერქია და მას კვარივით ეკიდება. ხმარობენ აგრეთვე თუნუქის ჭრაქებს. ოჯახში სახმარი ჭურჭელი ხისაა. აქვთ სპილენძის საჯალაფო ქვაბები და წყლის საზიდ სპილენძის თულუხები. ამ თულუხებით წყალს ქალები ეზიდებიან. მამაკაცი წყალს არ მოიტანს, სირცხვილია.

ჩაცმულობა(ქალი;კაცი)

ფშაველები იმოსებიან ფაბრიკული ქსოვილით. ადგილობრივი შალისაგან იკერება მამაკაცის ჩოხა და დედაკაცის ჯუბა. მოხუცები ატარებენ „ჯიგრიან", თალხი ფერის ტანისამოსს, ახალგაზრდობა კი „ლაღაფერს" (მხიარულს). საცვალზე ქალები იცვამენ გრძელსა და გვერდებჩაჭრილ ფერად პერანგს. ამ პერანგს გულზე ფერადი აბრეშუმის „სამხრე" აკერია, რომელსაც ნაპირზე შემოვლებული აქვს მაშინით ნაჭრელი „პერანგის ზენა" და ამოჭრილია რამდენიმე საღილური. პერანგის საყელო მაღალია და ფერადი ძაფითაა ნაჭრელი. საყელოს ნაპირზე გრეხილი აქვს შემოვლებული და წინ ჯვარედინად ღილები და ფულები აკერია. ასეთ პერანგს „ყელღილიანს" უწოდებენ. პერანგი წითელი ან ალისფერია, იკერება სატინისა, შეძლებულები კი აბრეშუმისას ატარებენ.

პერანგზე აცვიათ „საგულე". ეს მოკლე და გრძელსახელოიანი ზედატანია. საგულე შავი სატინისა, წინ გაჭრილია და მისი ნაპირები მანქანითაა დაგვირისტებული. საგულე შემკულია ფერადი მძივებით და ვერცხლის წვრილი ფულებით.

საგულეზე იცვამენ მეორე მოკლე ზედატანს „პალტოს", რომელიც წელშია გამოყვანილი, სარჩულიანიადა აქვს გრძელი სახელოები. ეს ზედატანი წინ გახსნილია და საყელო–ნაპირები გადმოწეული აქვს. მკერდზე აკერია მწვანე თიკვის არშია, რომელზედაც ღილები და აბაზიანებია დაკერებული. ქვეშ იცვამენ ნაოჭიან წითელ ან ლურჯ კაბას. კაბა განიერია და ქვეშ არშია აქვს მოკერებული. კაბის წინ იფარებენ შავ სატინის „ფასტამალს". მისი ბოლო ფერადი ძაფითაა მანქანით ნაჭრელი, რომელზედაც გამოსახულია ვარსკვლავისა და ჯვრისმაგვარი სახეები. ფასტამალს ქვეშ მოკერებული აქვს ნაოჭიანი არშია – „შაყრილი ნოქვა". ფერადი ფასტამალი ღილებითა და ფერადი მძივებითაა შემკული.

წელზე ქამარს იკრავენ. წინათ ვერცხლის ბალთიან ქამარს ატარებდნენ, დღეს კი ტყავის ბრტყელ ქამარს იკრავენ, რომელიც იკვრის (ძველი გიმნაზიელისა თუ რკინიგზელის) ბრტყელი თითბრის ბალთით.

ამ ტანსაცმელზე იცვამენ აგრეთვე სარჩულიან ქათიბს. ქათიბი წინ გახსნილია, უკან წელშია გამოყვანილი და ნაოჭიანი.

წინათ ქალებს „ფაფანაკი" სცმიათ. ფაფანაკი მოკლე და წელში გამოყვანილი ყოფილა და მას სახელოც გაჭრილი ჰქონია. შინაურობაში დედაკაცები წინათ ჯუბასაც თურმე ატარებდნენ. ჯუბას ბოლოში შალის არშია – „ქუქუმო" ჰქონია შემოვლებული.

თავზე ქალები იხურავენ „თავჩითას" და ქიშმირის მოსახვევს. თავჩითას სამკუთხად მოკეცავენ და ისე იხურავენ, რომლის ორ ყურს შუბლზე გაინასკვავენ. თავჩითას ყურებზე ზოგჯერ შებმული აქვს მძივები და თეთრი ფულები. თავჩითას მოხდა და თავშიშველი გავლა ქალისათვის სირცხვილია.

წინათ ქალებს ჩიქილა ხურებიათ. ჩიქილა სამკუთხედია და მას ბოლოში „ფესვი" (ფოჩი) აქვს შემოვლებული, რომელიც დედაკაცს კოჭებამდე თურმე სწვდებოდა. ჩიქილაზე ხელსახოცს მოიხვევდნენ, დღესასწაულში კი ქიშმირის შალსაც მოიხვევდნენ. ამ გრძელჩიქილიან ქალებს სცმიათ გრძელტოტა წითელი შარვალი, რომლის ტოტი მოქარგული იყო და მას „ბაბთა–ქარგას" უწოდებდნენ. ფეხზე ფშაველებს აცვიათ ჭრელი წინდები და ქალამნები. ამ ბოლო დროს წუღასაც ატარებენ. ფერად ტანსაცმელს ატარებენ გაუთხოვარი ქალები და ახალპატარძლები. გათხოვილები და ხანშიშესულები ქალები შავ ტანისამოსს იცვამენ და სამკაულებსაც არ ატარებენ.

გასათხოვარი ქალები და პატარძლები ყელ–გულს იმკობენ: ყელის ჯაჭვით, ვერცხლისფულებიანი შიბით და მძივის „ფარცხათი". ყურებზე და ხელის თითებზე იკეთებენ საყურეებსა და ბეჭდებს. წინათ ფშაველები ბრტელ სამაჯურებს – „ზალტებსაც" თურმე ატარებდნენ.

მამაკაცებს აცვიათ „სამხარე" დაჭრელებული ფერადი პერანგი. სამხარე ერთ– ან ორენიანია, ნაჭრელია ყვავილოვანი და გეომეტრიული ფიგურებით. საყელოზე პერანგს ღილწბი ჯვარედინად აკერია.

პერანგზე კაცები იცვამენ წინგახსნილ მოკლე საგულეს. საგულე უსახელოა და ნაპირგადმოწეული. იცვამენ რამდენიმე სხვადასხვა ფერის საგულეს, რაც შეძლების მაჩვენებელია. საგულე სარჩულიანია და ტანზე გაწყობილი. ამ საგულეზე იცვამენ მოკლე ახალუხს, რომლის გულისპირი „კავა–ჯიჯიტა" სახითაა ნაჭრელი. ახალუხის ჯიბეში უდევთ ნადობის დაჭრელებული სათამბაქოე, რომელიც მძივ–ღილებით არის შემკული.

ახალუხზე იცვამენ გრძელ და ნაოჭიან ჩოხას. ზამთარში ბეწვჩაბრუნებულ ტყავს ატარებენ. აგრეთვე ტოლისაგან შეკერილ ქულაჯასაც იცვამენ. თავზე ხურავთ ჭავლიანი ქუდი. ეს ქუდი გრძელბეწვა ცხვრის ტყავისაგან იკერება და წოპიანია. ზოგიერთები ნაბდის თუშურ ქუდსაც ატარებენ. წელზე იკრავენ ვერცხლის ბალთიან ქამარს, რომელშიც ხანჯალს იკეთებენ.

ფეხზე იცვამენ ჭრელ წინდას და ქალამანს, კანჭებზე უკეთიათ ტოლის პაჭიჭები.

ტანისამოსს ქალები კერავენ. საკერავი მანქანა აქ ხშირია და მისი ხმარება თითქმის ყველამ იცის. ქალები გავარჯიშებული არიან ხელის მანქანით საგულე, სამხრე და სათამბაქოეს და დაჭრელებაში.

ფშაველებს კოხტად ჩაცმა და მორთვა უყვართ, განსაკუთრებით ქორწილში და ხატობა–დღეობებში. ამისათვის ერთი ხელი ახალი ტანისამოსი ყველას აქვს შენახული, რომ ჯარობაში ლაზათიანად გავიდეს.

ეს ფშაური ტანსაცმელი მთიულურს წააგავს. განსაკუთრებით მამაკაცის ჩაცმულობა ფშაური და მთიულური თითქმის ერთიდაიგივეა. რაც შეეხება ქალისას, აქაც ტანისამოსის ფორმა და ჭრილობა ერთგვარია, მხოლოდ მთიული ქალები საგულეზე ვერცხლის ფულებს უკვე არ იკერებენ და არც შიბებს ატარებენ.

ფშავური იარაღები       

ფშავში გავრცელებული ცეცხლსასროლი იარაღის სახეობები იყო  თოფი, ხირიმი (საუკეთესო თოფი), შაშხანა, სიათა, ქოფაჩი, ერეჯიბი, ბაზალა, ხარა, ფრანგული, ჩარმა, მაჟარი, ხოროსნის სიათა, აჭარა და სხვა,

ხოლო ცივი იარაღის შემდეგი სახეობები გვხვდება: ხმალი, ფრანგული, გორდა, აჭარა, ხარის ფერცხალი და სხვა.

აღნიშნულ იარაღებს ფშავლები იყენებდნენ როგორც ნადირობისას, ისე მტერთან ბრძოლისას.

ქორწილი

ქალის თხოვა-გათხოვება შესაძლებელი იყო ქალის ასაკში შესვლისთანავე. თხოვა-გათხოვებაზე ასაკი დიდ როლს არ ასრულებდა, შესაძლებელი იყო კაცის 10 წლიანი უპრატესობა ან პირიქით. ქალის შერჩევა ხდებოდა კითხვა-გამოკითხვით ან ერთგული ნათესავის დახმარებით, „მწოლელ მდგომელ ხვარ არიო"-იკითხავდნენ ე.ი. მოწაწლეო, მაგრამ რადგან ფშავში წაწლაობა საძრახისად არ მიაჩნდა, ამით ქალი არ დაიწუნებოდა.დიდ ყურადღებას აქცევდნენ სილამაზესთან ერთად ქალის მხნეობა-სიყოჩაღეს. უნდა სცოდნოდა საქალო ხელსაქმე. ამის გარდა ყურადRება ექცეოდა მის ოჯახს და ცხოვრების პირობებს იკითხავდნენ. ქალის გათხოვებაში დიდ როლს ასრულებდა „მარჯეკალი",მაგრამ მარჯეკალი მაჭანკლისაგან იმით განსხვავდება რომ მარჯეკალი იყო ოჯახის ნათესავი.მარჯეკლობას სწევდა როგორც ქალი ისე კაცი, თუ საქმე კარგად დაგვირგვინდებოდა ვაჟი ოახი ქალს საკაბეს ან მოსახვევს ჩუქნიდა, ხოლო კაცს ფულს აჩუქებდნენ, რომელიც მას პატარძლისთვის უნდა ეჩუქებინა ქორწილში

ქალის თხოვა-გათხოვებას აკვანში, ანუ ხელის დადებას (დანიშვნას) ფშავშიც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ადრევე აღკვეთეს. თუმცა ხშირად გარიგება ხდებოდა ისე, რომ ქალი და ვაჟი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. ქალი შეიძლება ენახათ სამაზლეს ან სამულეს ხატში, ან ქორწილში. თუ ისინი კმაყოფილი იქნებოდნენ და სადედამთილოსაც მოეწონებოდა, დაიწყებდნენ სამზადისს მის სათხოვნელად. როცა ქალის თხოვნა გადაწყდებოდა, ქალის სათხოვნელად ვაჟის მამა მიდიოდა. თუ მამა არ ჰყავდა, დედა მიდიოდა ახლო ნათესავთან ერთად, რომელიც მარჯეკლობას გაუწევდა. ქალის ოჯახმა ხშირად ეს წინასწარ იცოდა, და მზად ხვდებოდა. როგორც ვაჟის პატრონი არკვევდა სარძლოს მდგომარეობას, ისე ქალის პატრონიც რკვევდა ვაჟის მდგომარეობას. სასიძო არ უნდა ყოფილიყო ავადმყოფი, მუქთახორა, ლოთი ან ქურდი. მართალია, ქალს გათხოვებას არ ეკითხებოდნენ მაგრამ ასეთიც: თუ ქალს და ვაჟს მოსწონდათ ერთმანეთი ხდებოდა მოტაცებაც. საერთოდ რამდენიმე მისვლის შემდეგ ოჯახი თანხმდებოდა ქალის მითხოვებაზე. ხშირი იყო შემთხვევა როცა ქალს ორი მთხოვნელი ჰყავდა. ხშირად ასეთი შემთხვევები მოტაცებით მთავრდებოდა.

შეთანხმების შემდეგ ქალის დასანიშნად მიჰქონდათ თავსახვევი აბრეშუმისა და 5-10 მანეთი ოქროთი. როცა ვაჟის ოჯახი ქალის ოჯახს შეუთანხმდებოდა სახლის ნიშანის მიტანაზე, ქალის ოჯახის ნათესაობა რომ კმაყოფილი ყოფილიყო, მიდიოდა ქალის ოჯახში, მიჰყავდა საკლავი, სასმელი და საჭმელი. თან მიჰყვებოდა ახლობელი 10-15 ქალი კაცი. თავის მხრივ ქალის ოჯახი მზად იყო არაყითა და სანოვაგით. სახლის ნიშანზე სანეფოს დასწრება აუცილებელი არ იყო. პირველი ნიშნობის დროს ხდებოდა მეორე ნიშნობის „სახლის სანახავის" დათქმა.

სახლის  სანახავი პატარა ქორწილის მსგავსად ტარდებოდა. ქალის ოჯახი ვალდებული იყო: ვაჟის მომყოლებს და თავის ნათესავებს თვითონ დახვდეროდა თავის პურმარილით. მეორე დილას ვაჟის ოჯახი კლავდა საკლავს და შლიდა სუფრას. ქალსა და ვაჟს ერთად დასვამდნენ. მათ წინ უწყობდნენ ფულს და საჩუქრებს. საჩუქრების გადალოცვას ასრულებდა ოჯახის მიერ გამოყოფილი კაცი, რომელსაც „მყეფარს"ეძახდნენ.  პატარძლის გვერდზე დასვამდნენ პატარძლის ნათესავ ქალს, რომელსაც „მდადე" ეწოდებოდა. სახლის სანახავის ჩატარების დროს დავა იწყებოდა ქორწილის დროის გამო. ქალის ოჯახი ქორწილს მუდამ აჭიანურებდა, მიზეზად ქალის მოუმზადებლობას ასახელებდნენ. 

ქორწილი დიდ სამზადისს მოითხოვდა, ემზადებოდნენ როგორც ვაჟის ისე ქალის ოჯახები. აკეთებდნენ სალუდე ფოხრებს, ხდიდნენ არაყს, იმაგრებდნენ ფქვილს პურისა და ხინკლისათვის და თუ არ ჰქონდათ, შოულობდნენ საჭირო საკლავ პირუტყვს. ქორწილში მისვლა მიპატიჟებით ხდებოდა.როგორც ვაჟის ისე ქალის ოჯახის უფროსი,მეგობარ-ნათესავებთ  კვირით ადრე აგზავნიდა  კაცს, რომელსაც „მოპატიჟეს” ეძახდნენ. ქორწილze. მაყრების შერჩევა ხდებოდა ოჯახის უფროსის მიერ. ისეTi ხალხისგან, რომ ოჯახი არავის შეერცხვინა.ვაჟის ოჯახიდან ისეთ დროს ხდებოდა წასვლა,რომ ქალის ოჯახში მისვლამდე დაRამებuლიყო.(ამისათვის მუდამ შაბათი დღე იყო შერჩეული) ქალის ოჯახს რომ მიუახლოვდებოდნენ თოფს გაისროდნენ.  მისვლის ღამეს ქალის ოჯახი ვალდებული იყო თავისი ხარჯით  გაეშალა სტუმებისთვის სუფრა. იმ ღამეს ქალი იმალებოდა, არავის ენახვებოდა მულისა და დედამთილის გარდა. მეორე დილიდანვე ვაჟის მხარე იწყებდა სამზადისს, აქ უკვე ქალი და ვაჟი ერთად ისხდნენ. ქალი ვაჟის მარცხენა მხარეს ჯდებოდა, ხოლო ვაჯის მარჯვენა მხარეს იჯდა ვაჟის ბიძაშვილი ან ძმადნაფიცი. ქალის მარცხენა მხარეს იჯდა მისი ნათესავი რომელსაც „მდადe" ერქვა. მდადის მარცხენა მხარეს ჯდებოდა, ქალის ნათესავი ვაჟი, ძმად წოდებული. ამ  შემადგენლობას ნეფიონს უწოდებდნენ. ნეფიონს ვაჟის ოჯახში ნეფის ახლობელი ქალი ემატებოდა, რომელსაც „ნეფისდას"ეძახდნენ. ნეფიონთან   ერთად სუფრასთან ჯდებოდნენ მოწვეული სატუმრებიც, რომელთაც „ჯარს"  უწოდებდნენ . ქალის და ვაჟის მაყrებს ნეფე-დედოფალი;

 ჯვრის დასაწერად ეკლესიაში მიჰყავდათ, ეკლესია თუ არ იყო, მაშინ მღვდელს მიიწვევდნენ, ხოლო თუ მღვდელი არ იყო მაშინ ჯვირისწერას ხევისბერი ასრულებდა. ქალის მოყვანის დროს ნეფიონი ვაჟის სახლს რომ დაუახლოვდებოდა, ერთი ვინმე ცხენოსნიანი დაწინაურდებოდა, რათა ოჯახისთვის შეეტყობინებინა მოვდივართო. მას მახარობელს ეძახდნენ. მას მაშინვე ოჯახიდან შეხვდებოდა ნეფის და, ჭრელ წინდებს მიართმევდა და ხელზე ჭრელ პირსახოცს შემოახვევდა. სახლში მიპატიჟების დროს, კარის თავზე შიშველი ხმლით ან ხანჯლებით აკეთებდნენ გამოსახულებას ჯვრისას ისე, რომ ჯვრის ხმლის წვერები ზედა ჩარჩოს სწვდებოდა.ამის ქვეშ ატარებდნენ ნეფე-დედოფალს, რათა ავი სული არ შეჰყოლოდათ.კარებში მათ ხვდებოდათ ნეფის დედა, რომელსაც ხელში ეჭირა  თაფლ-ერბოიანი ჯამი. ნეფის დედა კოვზით იღებდა თაფლ-ერბოს და ნეფეს პირთან მიუტანდა, ნეფე საჭმელად ეტანებოდა, მაგრaმ არ შეაჭმევდა, ასე ატყუებდა სამჯერ, მეოთხედ კი შეაჭმევდა. იგივეს იმეორeბდა პატარძალთანაც. . შემდეგ ნეფეს წინ ჯამს ან თეფშს დაუდებდნენ და გაატეხინებდნენ, ეს დაბრკოლების გადალახვას ნიშნავდა. დასხდომის დროს დაინახავდნენ რომ ნეფე-დედოფლის ადგილზე ვიღაც არის წამოწოლილი, რომელსაც მარჯვენა ხელი აქვს გამოშვერილი. მას ბევრს ეხვეცებიან მაგრამ სანამ ფულს არ მისცემდა მეჯვარე მანამდე არ ადგებოდა.

სუფრაზე დაჯდომის დროს თამააჩევა არ იცოდნენ. სუფრას მეჯვარე და ეჯიბი უძღვებოდნენ. მიყვანის ღამეს, პურის ჭამის შემდეგ, ნეფე-დეოფალს ერთად აწვენდნენ. ცალკე ადგილს გამნახავდნენ საბძელში ან ბეღელში და იქ გაუშლიდნენ ლოგინს. ნეფე-დედოფალს დაწოლის დროს თან ახლდნენ: მეჯვარე, ქალის ძმა და ეჯიბი. ისინი ნეფე-დედოფალს დააწვენდნენ, ხანჯლის წვერებით ზევით აღნიშნავდნენ ჯვრის გამოსახულებას და დატოვებდნენ.

ფშაური წესით ნეფე-დედოფალი სამი დღე და-ძმურად უნდა წოლილიყვნენ. ორშაბათს იწყებოდა ნამდვილი ქორწილი. ოჯახის უფროსი მოიწვევდა „მყეფარს". კარგი მოლაპარაკე და ხუმარა უნდა ყოფილიყო იგი.

ქორწილში მთავარი გასართობი იყო მყეფარის ხუმრობა. ამაზე არანაკლებ როლს ასრულებდა სიმღერით კაფიაობა მოლექსეთა გარშემო ქალებიც იყრიდნენ თავს. დანაჩენი გასართობები იყო  ფანდური და მასზე ლექსების დამღერება, „ბუზიკა" და ცეკვა თამაშის გამართვა. შაბათს დაწყებული ქოწილი, თავის ცერემონიებით, სამშაბათს ან ოთხშაბათს მთავრდებოდა.

ნეფე-დედოფალის ტანსაცმელი სხვათა ჩაცმულობისაგან არ განსხვავდებოდა, მხოლოდ ახალი უნდა ყოფილიყო. პატარძალს დარაიის კაბას აცმევდნენ. ფეხზე ეცვა ჩუსტები და შალის წინდები. პატარძლობაში ნაცვამ კაბას ცხოვრების ბოლომდე ინახავდნენ სასუდროდ.

ოჯახი ქლს მზითვი ატანდა: კიდობანს ან სკივრს, ხის ბაკანს, სპილენძის თუნგს, ხურჯინებს, სუფრას, ფარდაგებს.  

ქალის ძალად მტაცება შეუღლებისათვის დაუკანონებელი მოვლენა იყო ფშაველის ცხოვრებაში. ქალის მოტაცებას ორი საფუძველი ჰქონდა: როცა ქალს ძალით ათხოვებდნენ, სურვილის წინააღმდეგ და მეორე როდესაც ნებით მიჰყვებოდა ვაჟს. მაგარმ, თავის ნებით გაყოლა ოჯახისთვის სირცხვილად ითვლებოდა, ამიტომ საქმე ქალის მოჩვენებითი მტაცებით მთავრდებოდა. მეორე იყო ნამდვილი მოტაცება,რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ქალს თხოულობდნენ, მაგარამ ქალის ოჯახი მტკიცე უარს ეუბნებოდა. ან პიდაპირ მოწონებით, ვაჟი რისკს ეწეოდა და იტაცებდა, რადგან წინასწარ გრძნობდა, თუ ითხოვდა, არ მისცემდნენ. ამ შემთხვევაში ქალი მომტაცებელთან არ რჩებოდა და მამის სახლში ბრუნდებოდა.

ფშაველები უცხო და შემთხვევით შეხვედრილ ქალს არ იტაცებდნენ, თუ არ იცოდნენ მისი ვინაობა. ქალის მოტაცების შეტყობინებისთანავე შეიკრიბებოდნენ ქალის ნათესავები"დვა". "მდევარნი" თუ მომტაცებლებს დაეწეოდნენ, იქ საქმის გარჩევა არ იწყებოდა, პირდაპირ ჩხუბი ტყდებოდა, რაც მკვლელობითაც მთავრდებოდა ბევრჯერ. ქალი იმ დროს თანხმობას ვერ იტყოდა, იყო ასეთი შემთხვევაც, რომ ქალი ვაჟს პირობას აძლევდა ახლა წავყვები ჩემიანებს, არ შევარცხვენ, მოდი მერე და გამოგყვები, ან მითხოვე და მოგთხოვდებიო. ხდებოდა ასეც: ნიადაგი წინასწარ იყო მომზადებული, მტაცებული პირდაპირ ეკლესიაში მიჰყავდათ და ჯვარს სწერდნენ. ჯვარ დაწერილი უკვე ცოლად ითვლებოდა. უნდა ითქვას, რომ გატაცებულ ქალს პატივისცემით ეპყობოდნენ სანამ არ დაისაკუთრებდნენ. ყოველგვარი წესის მიხედვით სანეფო ქალს ახლოს არ გაეკარებოდა, ქალის გაუპატიურება მოსისხლეობას იწვევდა.

ქალი ქმრის მონა-მორჩილი იყო. მთელი ცხოვრების ავ-კარგიანობა ქმრის ხელში იყო და ქალიც მას ემორჩილებოდა. იყო შემთხვევა როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ შეეთვისებოდა რასაც ცოლის ან ქმრის მხრიდან დაწუნება მოჰყვებოდა. ამას „სამწუნობროს" ეძახდნენ. მაგრამ თუ ქმარი ცოლის ღალატს შეიტყობდა „დაასახიჩრებდა", ცხვირს ან ხელს მოჰკვეთდა და სახლიდან გააგდებდა, ამას „გახაიბრებას" ეძახდნენ. ამიტომ ქმრის მომწუნავი ქალი, სხვა ხერხს მიმართავდა: დაიწყებდა ავადმყოფობას ამბობდა: „მაწმინდებსო"ე.ი. ხატი მიშლის ქმართან  წოლასო, ამნაირს ქმარი უფლებას აძლევდა სადაც უნდოდა წასულიყო და სხვას გაყოლოდა, ამ ჩვეულებას „კვეთილში ჩასმა" ერქვა.რაკი ასეთ ქალს გათხოვება აკრძალული ჰქონდათ, ისინი ხშირად თამარ მეფის ხატის ქალებად აღიკვეცებოდნენ და სამუდამოდ ხელს იღებდნენ გათხოვებაზე. დისახლისი ოჯახში დიდ ნდობით სარგებლობად. მის გარეშე საჭმელ სასმელს ხელს ვერავინ ახლებდა. გაყრაზე ლაპარაკი ოჯახისთვის სირცხვილად ითვლებოდა.

მიცვალებული ფშავში

თუ მიცვალებული კაცი იყო, მას თავისი ,,საფერხე” (საკუთარი ცხენი) ცხენი ეყოლებოდა. ცხენს შეკაზმავდნენ და სამგზავროდ გაამზადებდნენ. მიცვალებულის იარაღს მოიტანდნენ და გულზე დააწყობდნენ. მიცვალებილის ოჯახში მისული მამაკაცი ვალდებული იყო თან მიეტანა ერთი ხელადა არაყი, სამი-ხუთი ფუთი სანთელი. ქალები ვალდებულები იყვნენ მიეტანათ ,,ქადა-პურნი”,არაყი და სანთელი. დასაფლავება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს არ შეიძლებოდა. კუბოში უწყობდნენ ჭურჭლით წყალს, ჯამს, ჭრელ წინდებს და სამ მანეთამდე ვერცხლის ფულს. მიცვალებულს სასაფლაოზე მიჰყვებოდნენ როგორც კაცები ისე ქალები. განსხვავებით ხევსურებისგან, იქ კაცები ასაფლავებდნენ.

ფშაველი არის ნათესაობის მოყვარული, თავისიანს ჭირსა და ლხინში გვერდში უდგას და არა შორდება, თუ მიცვალებულია სოფელში, თუნდ მისი ნათესავი არ იყოს, დაიუქმებს. მანამ მიცვალებულს მიწას არ მიაბარებენ, მთელი სოფელი უქმობს. მკვდრის პატრონი ყველას ებრალება.

ტირილი მიცვალებულზე ზარით იციან, მოზარენი უსასყიდლოდ ტირიან. მკვდარს, კუბოში ჩასვენებამდე, ასვენებენ ნაბადზე გარეთ დერეფანში. კარებში გასდებენ უღელს, რადგანაც ის იმის მსახური იყო, და ევედრებიან,- "ამ უღლის მადლო შენ მიეცი საიქიოს მაგის სულს შეღავათიო" . მიცვალებულის გარშემო შავად ჩაცმული დედაკაცები სხედან და იღვრებიან ცრემლებად.  მიცვალებულის დამარხვის დღეს ხალხი მარხულობს; ამ დღეს ჭამენ ცერცვის, ლობიოს ან ოსპის შეჭამანდს. ერთი წლის განმავლობაში მიცვალებულის პატრონი შაბათს მუდამ მართავს ტირილს, მოიტანს სატირელს, რომელსაც შეადგენს; ტანისამოსი მიცვალებულისა და მისი იარაღი. ყოველ ადამიანს, რომელსაც სულის მყოფობა სწამს, საიქიოც სჯერა. ფშაველის წარმოდგენით საიქიო ქვეყნის შუაგულში არის;  საიქიოს ის ეძახის "შავეთს". შავეთში მართალნი არიან მკრთალს ნათელში. ეს ნათელი ისე აქვს წარმოდგენილი ფშაველს, როგორც ჩასული მზის ახლად გამქრალი სხივები მთის წვერებზედ; ამას ფშაველი ეძახის "მკვდართა მზეს".  შავეთს ჩამოუდის შუაზე დიდი ხევი, რომელზედაც მოდის კუპრის მდინარე, ცეცხლმოდებული; მასზედ არის გადებული ბეწვის ხიდი, მართალი გაივლის ამ ხიდზე, ცოდვილი კი ჩავარდება და იწვის კუპრში. საიქიოს მკვდრები ლაპარაკობენ მისუსტებული ხმით. 
ფშაველთა ეს წარმოდგენა აისახა მათ ხალხურ პოეზიაში:

''ნეტარ რად უნდა კარგ ყმასა
სამკლავე, საფუხარია? 
მეც მიმყვა სამარის კარსა,
- ერთიც ვერ მივიხმარია. 
შავეთის მებატონესა 
სამჯერ დავუკარ თავია,
უკლუებ გამაარჩინა 
შიგ ნარჩევები ყმანია; 
ვერ დავხვდი ჩემებურადა, 
მტკივა მარჯვენა მხარია, 
ხელი გამკიდეს ხელზედა, 
ჩამამვლიეს ჯარია, 
რა საკვირველნი ყოფილან; 
ერთსაც არ ესხდნენ თვალნია, 
ჩამოჰქცევიყო სახ კარი, 
ზედ დასდიოდა წყალია, 
სხვას ყველას გაეძლებოდა, 
სურიელს ექნა ძალია; 
ვაჟსა წასძოვა ულვაში, 
ქალსა გიშრისა თმანია "

 
ძმად გაფიცვა

ძმად გაფიცვის ორნაირი წესი არსებობდა:

ძმადგასაფიცნი, მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს დანით გაიჭრიდნენ, ორივენი გაჭრილ თითებს ერთმანეთს მიადებდნენ და სისხლს ერთმანეთში შეურევდნენ, ერთმანეთს გადაკოცნიდნენ და ამის შემდეგ ძმად ნაფიცად ითვლებოდნენ.

მეორე იყო ვერცხლით გაფიცვა, რომელიც შემდეგნაირად ხდებოდა: ყანწს ან კონჩხას არაყით გაავსებდენ და შიგ ჩაფხეკავდნენ ვერცხლის რაიმე სამკაულს, შემდეგ სათითაოდ დაილოცებოდნენ: 
"შენიმც დედ-მამანი ჩემი დედ-მამადაც ჩაითვლებიან, ჩემი და შენი და, შენი ცოლი ჩემი რძალი, ჩემი ცოლი შენი რძალი, შენი შვილები ჩემი ძმისწულები, ჩემი შვილები შენი ძმისწულები, ღმერთო დიდებულო, გაუმარჯვე ჩვენს უღალატო ძმობას და ჩვენ ურთიერთწამებას".

სასმისს ორივენი რიგრიგობით პირს შეახებდენენ, ამ ლოცვას წარმოთქვამდნენ და ამის შემდეგ ძმადნაფიცად ითვლებოდნენ.

 

ქალის მდგომარეობა

ფავი 14-15 ლის ქალიშვილს უკვე ქალისთვის დადგენილი ყველა ჩვეულების დაცვა მოეთხოვებოდა. მთლიანი სახის გამოჩენასაც ერიდებოდნენ. ქალი მაღალ სკამზე არ დაჯდებოდა და ფეხებს ძირს არ ჩამოუშვებდა. ქალები და მამაკაცები სუფრაზე ცალ-ცალკე სხდებოდნენ და სუფრის დიასახლისიც სხვადასხვა ჰყავდათ. ცოლი ქმრის მორჩილი იყო. ქმარიც ცოლს დიდ პატივს სცემდა, როგორც თავის ოჯახის ბურჯს. თან მიჰყავდა ხატში თუ ქორწილში. ქალებს უფლება ჰქონდათ კაცის სახლში არ ყოფნის დროს, სათემო და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა მიეღოთ.ა მის გამო ვაჟა-ფშაველა აღნიშნავს: ,,ფშაველი დედაკაცზე არ შეიძლება ითქვას, ვითომც ის მონობაშიც იყო მამაკაცის მიერ თავისუფლებას მოკლებული, პირიქით, ეს თავისუფლება დედაკაცს მეტიც მოსდის!”

ფშავ-ხევსურეთში ყოველ ოჯახს აშენებული ჰქონდა ქალისთვის "სამრევლო". ყორით აშენებული სამრევლო დახურული იყო ბანით. შუა ადგილზე ენთო კერის ცეცხლი, ქალები მხოლოდ თვიურისა და მშობიარობის დროს გადიოდნენ სამრევლოში. მშობიარობის დროს ქალს არავინ ეხარბოა. ო ა ბავშვის დაბადება, მაშინ თუ მიმართავდნენ ბებია-ქალს. ხშირ შემთხვევაში ბავშვი იღუპებოდა უყურადღებოდ. თუ ქალს რთული მშობიარობა ჰქონდა, ერთი ვინმე უახლოესი მამაკაცი ავიდოდა სამრევლოს ბანის თავზე, მოულოდნელად გაისროდა თოფს იმ მიზნით, რომ დაეჩქარებინა დედაკაცის მშობიარობა; თუ რომელიმე მელოგინე მშობიარობის დროს დაიღუპებოდა, სოფლის სასაფლაოს მოშორებით დაკრძალავდნენ, მხოლოდ ხარჯსა და რიგებს ჩვეულებრივად გადაუხდიდნენ. თუ მშვიდობიანად გადარჩებოდა მელოგინე ქალი, შვიდ კვირამდის ვერც თვითონ და ვერც მისი ოჯახის წევრები ხატის ახლოს ვერ გაივლიდნენ. მელოგინე ქალი ვერ მივიდოდა მეზობლებთან ჭირისა და ლხინის სუფრაზე, ვერ წავიდოდა მკითხავთან. შვიდი კვირის შემდეგ, როცა იაზმას (შელოცვილ წყალს) გადაივლებდა, მას შემდეგ შევიდოდა ოჯახში და მიიყვანდა ბავშვს; მანამდე უნდა ყოფილიყო სამრევლოში ან ძროხების გომურში, სადაც ოჯახის დიასახლისი კარებიდან მიაწვდიდა სუფრით (ხონჩით) საჭმელს. ყველა დედაკაცი ბავშვს 3 წლამდე აწოვებდა ძუძუს. თუ ერთსა და იმავე დღეს ან კვირას ერთდროულად დაიბადებოდა ორი ბავშვი, მათ დედებს "მეთვეურები” ეწოდებოდა. მეთვეურ დედებს ერთიმეორის შვილებისთვის ძუძუ უნდა მოეწოვებინათ, რადგანაც, თუ ამ ფორმის ჩვეულებას არ ჩაატარებდნენ, რომელიმე ბავშვი ზრდის პროცესში დაიჩაგრებოდა, ხოლო მეორე გათამამდებოდა. დაჩაგრული ბავშვის დედა იტყოდა,"ჩემი მეთვეურის იღბალმა გამილახა ბალღიო. " თუ ბავშვი აკვანში ვერ იძინებდა და ხშირად უმიზეზოდ ტიროდა, წაიყვანდნენ მკითხავთან და მისი რჩევით ვინმე მისი ნათესავი მიცვალებულის სახელს დაარქმევდა ბავშვს, ვითომ იმის შემდეგ აღარ იტირებსო. ამას ეწოდებოდა "სულის სახელის დარქმევა". ეს ხდებოდა ბავშვის მონათვლამდის და ზოგჯერ მონათვლის შემდეგაც.  

 
ჩვეულებითი სამართალი ფშავში

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის გადმოცემებში დღემდეა დაცული სამართლებრივი ჩვეულებები მათ შორის ისეთი ნორმები, რომლებიც ცალკეული ქცევების დანაშაულებრივ ხასიათს განსაზღვრავს და აწესებს შესაბამის სასჯელებს. ამ მხრივ ფშავი ერთ-ერთი დამახასიათებელი რეგიონია.  აქ მოპოვებული მარალების წყალობით შესაძლებელი ხდება ვისაუბროდ ისეთ დანაშაულებრივ ქმედებაზე როგორიცაა:

  •  თემი წინააღმდეგ მიმართული დანაშაული,
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

 თემის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული განსაკუთრებით მძიმედ იყო მიჩნეული. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს, საზოგადოების ტრადიციებისა და ჩვეულებების უარყოფა. ეს შეიძლება იყოს: ხატის გაძარცვა, მაბეზღარობა, მაყვედრობა, (მაბეზღობა). თემის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეები უქმეებში უმთავრესად ხატში თავკაცებისა (ასე უწოდებენ საქმის გამრჩევ პირებს) და ხევისბერების მონაწილეობით ირჩეოდა. ხევისბრად ირჩევდნენ ისეთ კაცს, რომელსაც წმინდა და დაუზრახავად გაუტარებია თავისი სიცოცხლე არაფერში ყოფილა ცუდად შემჩნეული თავის მოქმედაგან. ხევისბერობა მემკვიდრეობით არ გადადიოდა.

თემის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის სასჯელიც შესაბამისი იყო: გაძევება, ჩაქოლვა, მოკვეთა.

ვაჟა-ფშაველა წერს: "ჩაქოლვას გამოიწვევდა ხატისა და თემის მოღალატეობა, ქალისა და კაცის სიყვარული, როდესაც ამ სიყვარულის ნაყოფი გამოჩნდებოდა..” სერგი მაკალათია აღნიშნავს: "ჩაქოლვით ისჯებოდა ხატისა და თემის მოღალატე, თავის თემის ქალის გამტაცებელი ნამუსის ამხდელი, აგრეთვე მრუშობისათვის, წაწლობის წესების დარღვევისასათვის.”

გადაწყვეტილება დამნაშავის ჩაქოლვის შესახებ თემის ყრილობას გამოჰქონდა, მსგავსი წესი იყო ხევსურეთშიც. ჩაქოლვა ყოველთვის გზაჯვარედინზე ან ხიდის ყურესთან ხდებოდა. დასჯის ადგილი პრენვენციის მიზანს ემსახურებოდა. ამ მხრივ გომური გამოსადეგი ადგილი ყოფილა. დამნაშავის გომურში შეგდება, ქვების ჩამოკიდება სასქესო ასოზედაც კი, გამაწბილებელი სასჯელია. ასეთი სასჯელი სიკვდილზე უარესი იყო და ამიტომაც მხოლოდ მას აკმარებდნენ დამნაშავეს. მსგავსი დანაშაულისთვის არსებობდა მოკვეთაც, რაც თემისაგან პირის გარიყვას ნიშნავდა. მოკვეთილი პირის დაცვაზე ხელს იღებდა არა მარტო თემი, არამედ ხატიც. მოკვეთილი შეირისხებოდა, როგორც თემისგან, ისე ხატისგანაც. შერისხვის დროს ხევისბერი კლავდა სამსხვერპლო საკლავს. შამსხვერპლო საკლავი იკვლებოდა მოკვეტის დროსაც. მთელი მოსახლეობა შეიკრიბებოდა ერთ ამორჩეულ ადგილას, უფრო კი ხატში. ხევისბერი დაკლავდა დასარისხებელ საკლავს, მოუთხრობდა ხალხს დამნაშავის მიერ ჩადენილ საქმეზე, სწყევლიდა მას თემის ნებართვით მოკვეთდა. მოკვეთილის სახელზე ჩადგამდნენ რისხვის სამანს. მოკვეთილის ოჯახს უფლება ჰქონდა სოფელში დარჩენილიყო თუ კი გაეძლებოდა. მათ არ შეეძლოთ საზოგადოებაში გასვლა, თემის ყრილობაზე დასწრება, მოკვეთილს ჩამორთმეული ჰქონდა რელიგიური უფლებებიც. ის ცოლობაზე უარს ამბობდა დანიშნულიც. თუმცა შესაძლებელი იყო მოკვეთილის შემორიგებაც. ამისთვის მას უნდა მოეყვანა ხარი და ცხვარი. შეეწირა ის სოფლისათვის და პირობა დაედო რომ მსგავსს საქციელს აღარ ჩაიდენდა. მოკვეთის ვადის ხანგრძლივობა ხუთიდან ათ წლამდე იყო. ანალოგიურად ხდებოდა თემიდან გაძევებაც.

 ფშავის ჩვეულებით სამართალში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმათულ დანაშაულს. როგორიცაა:  მკვლელობა, დაჭრა და დასახიჩრება.

მკვლელობა ფშავში უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა. ჩვეულებითი სამართალი მკვლელობის ორ სახეს იცნობს:

ა) მარტივი სახის ანუ საერთო ხასიათის მკვლელობა, რომლის წარმომშობი მიზეზები შეიძლება მრავალგვარი ყოფილიყო.

ბ) მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე, როგორიცაა ქალის მოტაცება, ახლობლის გაუპატიურება და ა.შ. ხალხური სამართალი განსაკუთრებით მძიმედ მიიჩნევდა მცირეწლოვანისა და მოხუცის მკვლელბას.  მცრწლვნად ითვლებოდა 16, ზოგიერთი ცნობით - 20 წლის ახალგაზრდა.  მცირეწლოვანის მკვლელობა იყო ისიც, როცა ქალი უკანონოდ შობდა შვილს "გაბიჭიანდებოდა” და გამჟღავნების შიშით მოკლავდა მას, მსგავსი დანაშაულისთვის ქალს ჩაქოლავდნენ ან გააძევებდნენ სოფლიდან.

მკვლელობა ფშავში ძირითადად მამულზე დავების დროს ხდებოდა. მკვლელობის მეორე სერიოზული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ქალის ხელყოფა. მაგალითად ცოლის ან დანიშნულის მოტაცება – წაგვრა, მათი შეურაცხოფა და სხვა. დანიშნულის სხვაზე გათხოვება ვაჟისთვის დიდი სირცხვილი იყო და ამ შემთხვევაში შეიძლება სისხლიც დაღვრილიყო. არავის აპატიებდა ფშაველი სისხლით ახლობლის ან მირონით ნათესავის გაუპატიურებას და მოკლავდა. მკვლელობის მიზეზები იყო აგრეთვე: სახლში მიხდომა, პირის გატეხვა, ვალის გადაუხდელობა. ქურდობა შვიდმაგად ნაზღაურდებოდა, განმეორების შემთხვევაში მოკლავდნენ კიდეც. ყოფილა შემთხვევბი, როცა დედის შეგინების გამოც მოუკლავთ. მკვლელობის ტრადიციული იარაღი იყო ხმალი და ხანჯალი, გამოიყეებოა თოიც, უმა ეჩრუ ბრძოლას პირატესობა ენიჭებოდა.

მკვლელი საყოველთაო ზიზღით სარგებლობდა, მას "ცოდვიანს” ეძადნენ და არა მარტო მას, არამედ მის ოჯახსაც ყველა ერიდებოდა და ისიც იძულებული იყო სოფლიდან წასულიყო, თუ ამას ნებით არ იზამდა, მაშინ სოფელი მოკვეთდა და გააძევებდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფშავური სამართალი კარგად მიჯნავდა ერთმანეთისგან განზრახ და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს (მაშინ როცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და რუსეთში უსულო საგნებს ასამართლებდნენ). განზრახ მკვლელობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა:

ა) მკვლელობა თავდასხმით, მიხტომით, რომელსაც სხვადასხვა მოტივი შეიძლება ჰქონოდა.
ბ) დედის მიერ ჩვილი ბავშვის მკვლელობა მრუშობის დაფარვის მიზნით. 
გ) ორსული ქალის მკვლელობა. 
დ) მკვლელობა ისეთი პირის რომელსაც არ ჰყავს ჭირისუფალი. 
ე) მკვლელობა ღირსეული პირისა როგორიცაა: ხევისბერი ან ხატის მსახური. 
ვ) მკვლელობა ხატის კარზე.

განზრახვით ჩადენილი დანაშაულის დროს დაზარალებული მხარე ცდილობდა სისხლის აღებას და თუ ამას ვერ მოახერხებდა, აიძულებდა მკვლელს ოჯახიანად აყრილიყო და გახიზნულიყო სოფლიდან, შერიგებაც მეტად ჭიანურდებოდა და თუ შერიგება მაინც მოხდებოდა მკვლელი ვალდებული იყო გადაეხადა 60 ძროხა. სულ სხვა ვითარებაა გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის დროს. ზოგიერთი მონაცემებით ამ შემთხვევაში მკვლელი 30 ძროხას იხდიდა, ხოლო ზოგი მკვლევარის აზრით ამ შემთხვევაში არ არსებობდა რაიმე გადასახადი და შემორიგებული მხოლოდ დაკრძალვის ხარჯებს ანაზღაურებდა.

დაჭრა–დასახიჩრება. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ორ სახემდე დაიყვანება: დაჭრა და დასახიჩრება. პირველი გულისხმობს ისეთ ჭრილობას, რომელიც განკურნებადია, დასახიჩრება კი ”გახეიბრებას” გულისხმობს, რომელიმე ორგანოს ფუნქციის მუდმივად მოშლას. სათანადო ყურადღება ექცეოდა ჭრილობის სიგრძეს და სიღრმესაც. სახეზე მიყენებული ჭრილობა უფრო ძვირი ღირდა, რადგან ამახინჯებდა ადამიანს და იზომებოდა ქერისა და ხორბლის მარცვლების მონაცვლეობით. მორჩენის შემდეგ თუ სახეზე ნაიარები დარჩებოდა დაზარალებულს უხდიდა ოთხ მანეთს ჭრილობაზე მოთავსებული ყოველი მარცვლისათვის. მძიმედ ითვლებოდა კისრის არეში და სხეულის მარცხენა მხარეს მიყენებული ჭრილობა, რადგანაც პირველი შემთხვევა უშვილობას იწვევდა, მეორე - კი შემთხვევითობას გამორიცხავდა და მისი მიმყენებელი მკაცრად ისჯებოდა.

დასახიჩრების დროს ყურადღება ექცეოდა იმას, თუ რომელი ორგანო დაშავდა "გახეიბრდა” და საზღაურიც შესაბამისი იყო. თვალი, ხელი, ფეხი სასიცოცხლო ორგანოები იყო, ამიტომ თითოეული მათგანის დაშავება ”ნახევრად სიკვდილად” მიიჩნეოდა და ამდენად მთელის ნახევარს – 30 ძროხას იხდიდა, თუ აღნიშნულიდან 2 ორგანო დაუშავდებოდა უკვე მთელ სისხლს იხდიდა ე.ი. 60 ძროხას, რადგან ეს სიკვდილს უთანაბრდებოდა. სრული ვაჟკაცის სისხლი ღირდა 80 ძროხა, ხელის მოჭრა – 24. ფეხის გაფუჭება ანუ დაკოჭლება 16 ძროხა, თვალის – 16, ნეკის - 1, უსახელო - 2, შუა თითი - 3, საჩვენებელი - 4 და ცერი - 5. ერთი კბილი 1 ძროხა ღირდა, ცხვირის მოჭრა-16 ძროხა, ყურის მოჭრა-8 , ფეხის მოჭრა - 40 ძროხა

სისხლის აღება

მოსისხლეობა ფშაველებსაც ჰქონდათ ჩვეულებად. "სისხლი სისხლითვე იზღვისო" , გვიანობამდე იცოდნენ ამის თქმა.  მაგრამ გადაჭრით უნდა იქთვას, რომ სისიხლის აღება დანაშაული პრევენციის ფორმა იყო უფრო, ვიდრე შურისძიებისა.

სისხლის აღება ხელებს უკრავდა ყველას დანასაულის ჩასადენად. დამჭრელი სხვისი დაჭრით დიდი მატერიალურ ზარალს მოელოდა, მკვლელი კი თვითონაც სიკვდილს ან ახლობლის დაღუპვას. შერიგებასაც თავისი წესი ჰქონდა. შუა კაცების მიგზავნა, ხვეწნა და მოლაპარაკება.

ვაჟა-ფშაველას აღნიშნული აქვს, რომ შერიგების შემთხვევაში მოკლულის ნათესავები მკვლელს ,,თავსისხლის” ღირებულების გარდა ართმევდნენ საუკეთესო ნივთებს, რაც მოეწონებოდათ.ამას ეძახდნენ ,,ალმანიას”-,,ყისტ”.გვარში სისხლის მკვლელი ცოდვიანის სახელით ინათლებოდა. მკვლელი შერიგების შემთხვევაშიც ვალდებული იყო მოკლულის ნათესაობას მორიდებოდა.

___________________

1.  ქართლის დარბაზი. გ. ჩუბინაშვილის რედაქციით გამოცემული: ერთაწმინდის დარბაზი, ტფილ., დიღომი, წილკანი, მცხეთა, ყარაღაჯი და ნადარბაზევი 1927 წ.

                                                       

ლ.ბოძაშვილი. ფშავი და ფშაველები



წყარო: http://pshavi.ge/culture/traditions.html
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: giohunt1982 (05.04.2013)
ნანახია: 9093 | კომენტარი: 3 | ტეგები: ფშავი(ცხოვრება, ტრადიციები), კულტურა | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 babuka   (10.06.2013 19:54:02) [მასალა]
მშვენიერი სტატიაა. გმადლობთ

0   Spam
2 vajikaxadeli   (06.04.2013 16:28:07) [მასალა]
10

0   Spam
1 bizona   (06.04.2013 14:57:47) [მასალა]
166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика