ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » აპრილი » 10 » კეთილმატყუარა პატარა ფერმერი    

07:25:37
კეთილმატყუარა პატარა ფერმერი

კეთილმატყუარა პატარა ფერმერი
13.01.2017



პატარა მწყემსი აღიარებს, რომ ხშირად, გაკვეთილზე ფიქრები ბარიდან მთაში გაჰპარვია

2016 წლის მიწურულსა და 2017-ის დასაწყისში, კახეთი უჩვეულოდ მზიანი იყო. ოქროსფერი სხივებით გაცისკროვნებული კავკასიონის მწვერვალები თუშის ფაფახებივით გამოფენილიყო ჩრდილოეთით. ალაზნის ველზე საჯეჯილე ყანები მზის სითბოს ხარბად იკრებდა და წალამგადასხლული ზვრები მხრებდასხეპილები ელოდებოდნენ გაზაფხულის მაცოცხლებელ ძალას. მდინარე ავანისხევი კავკასიონიდან თავგამოდებულად მოემართება, თითქოს, ესწრაფვის კახეთის დედა-მდინარესთან დამოყვრებას და კასპიის ზღვაში უკვალოდ ჩაკარგვას. ავანისხევი ძველ გავაზს წყლით ამარაგებს. გვალვიან დროს მიწის ნახეთქებში ისე მიედინება მისგან მაცოცხლებელი რუები, როგორც სისხლი _ ძარღვებში.
ავანისხევის გასწვრივ, ბევრი ტაძარი აუგია მარჯვე მკლავს. მეექვსე საუკუნიდან დღემდე, ათამდე საყდარი თუ ნატაძრალია შემორჩენილი ხეობაში. სულ მაღლა, ლამაზ კორტოხზე თავწმინდა გიორგის ტაძარია, ცხრაას წელზე მეტი ხნის. მეგზური მიხსნის, რომ ოდესღაც, წმინდა გიორგის 365 წმინდა ნაწილიდან ერთი _ თავის ქალა აქ დიდი პატივით მიუბრძანებიათ და ეკლესიაც აუგიათ. თავწმინდა გიორგიც ამიტომ ეწოდებაო, _ მეუბნება დაუეჭვებლად თანამგზავრი. ტაძრის ინტერიერში ფრესკების ნაშთები ჩანს. ერთგან წმინდანის ფართო, მრავლისმეტყველი თვალი მოჩანს, მეორეგან _ ქარაგმულად ნაწერი ასომთავრული, მესამეგან _ პათეტიკური ხელის ხატება. ხელი ისე დაუხატავს უცნობ ფერმწერს ეკლესიის ნავზე, თითქოს აქ მოსულ მლოცველებს თავზე კურთხევისათვის გადაესმება. არის ვინმე, ნეტავ, ჩვენს დროში, ვინც უნებლიეთ ეკურთხა ამ წმინდა ხელით? _ ვფიქრობ ჩემთვის...
ძველ გავაზში (კომუნისტებმა რატომღაც ახალსოფელი დაარქვეს) დაბრუნებულს, მასპინძელი მეუბნება, რომ ახლოს ერთი პატარა ბიჭი ცხოვრობს, ძალიან ყოჩაღი, მაგრამ სასიკეთოდ მატყუარაო.
გვიანი საღამო, მოგეხსენებათ, კახეთში სტუმრობის დროა. ლევან ლაზაშვილის ოჯახის დიასახლისებს წინასწარ შევუთანხმდით ვიზიტზე. შეთანხმება აუცილებელია, რადგან ჩემი რესპონდენტი ყოველთვის სახლში არ არის. მართალია, ჯერ 11 წლისაა, მაგრამ მუდმივად საქმეშია ჩაფლული. მეშვიდეკლასელი ბიჭი ოდნავ დაბნეული მიყურებს. სავსე მთვარესავით სახე აქვს, შუბლზე თმა ჩამოჰყრია და თბილად მომზირალ თვალებს ზოგჯერ ფარდასავით ეფარება. უხერხულობას ვგრძნობ და ცალკე ოთახს ვამჯობინებთ სასაუბროდ. გავედით მეორე ოთახში, სადაც საუბარი აეწყო ჩონგურის სიმებივით.
პირველად იმაში გამომიტყდა ლევანი, რომ სწავლა ეზარება, მაგრამ მშობლებსა და მასწავლებლებს ხათრს ვერ უტეხს. თან, მაყვალა მასწავლებელი ისეთი თბილი და წყნარი ქალია, აბა, მის ახსნილ ქართულს როგორ არ მოეკიდოს პასუხისმგებლობით? მაყვალა მასწავლებელმა შემაყვარა ვაჟა-ფშაველაო, _ მიმხელს. ნადირობა მიყვარს, მაგრამ შველს არ ვესვრი ალბათ, აი, მგლებსა და დათვებს კი არ დავზოგავ, მაგათ ცხვრის ხორცი უყვართო... დათვი ბრიყვი დრუნჩაა, მხოლოდ ერთ ცხვარს მოიგდებს ზურგზე და ბუნაგისკენ წააძუნძულებს. მგლები კი ვერაგები და ხარბები არიან, მთელ ფარას ყელს დაღადრავენ და დაყრიანო...
ლევანს ფერმერობა უნდა. ძალიან უყვარს ცხვარ-ძროხა. მის ოჯახს ახლა 30 ძროხა ჰყავს, 40 ბოჩოლა, 8 ცხვარი თავად შეიძინა, 15-დან 4 ბოცვერიღა დაიტოვა, რადგან ბევრი ჭამა უნდათ, სულ პირს აცმაცუნებენ და ერთი ძროხის სარჩო ხუთ სულ ბოცვერს ალამს არ უკლავს (ანუ ვერ აძღებს). ლაზაშვილებს ნახირი ახლა ბარში ჰყავთ. ძალიან უყვარს ძროხა, რომელსაც უცნაური სახელი _ სვეტა ჰქვია. მართალია, მხოლოდ 10 ლიტრს იწველის, მაგრამ თვინიერია. არასდროს აბრაზებს მწყემსს, წველისას არ ტოკდება და ამიტომ, ლევანი მას არც არასდროს დაკლავს და არც გაყიდის! ჰო, კიდევ ერთ ძროხას დვალი ჰქვია, 20 ლიტრ რძეს ჩამოუწურავენ ხოლმე ვეება ჯიქნიდან. ასეთია უმეტესობა ნახირში, რძეუხვი და ჯიშიანი, მაგრამ სვეტა მაინც ყველას ურჩევნია! ზაფხულზე, როცა ყვარლის მთებს ყინულისა და თოვლის ჯავშანი მზის ნებით გასძვრება, ნახირი იალაღზე მიჰყავთ. მეორე სემესტრის დასრულების შემდეგ, მამას და მოსახელე პაპას ლევანი ქვიშიანებში ააკითხავს. ამ ალაგს კომუნისტური დროიდან `ლენინის ბინას~ ეძახიან. ალბათ, კოლმეურნეობა ატარებდა პროლეტარიატის ბელადის სახელს, ამავე კოლმეურნეობის პირუტყვს აძოვებდნენ იქ და ამიტომ დაარქვეს ასე იალაღს. ამის შესახებ პატარა ფერმერმა არაფერი იცის!
ცხენზე ამხედრებული ლევანი, ხუთ საათს აღმართს გაუჩერებლად მიუყვება იმ მხარეს, ახლა დიდი თეთრი მწვერვალი რომ მოჩანს. ამ გზას ერთად გადიან სამი თაობის ლაზაშვილები. უფრო, პაპას ადევნება უყვარს პატარა მწყემსს, რადგან ლეო პაპა ძველ ამბებს და მწყემსურ ისტორიებს საინტერესოდ უყვება შვილიშვილს...
მართალია, ლევანს ფერმერობა გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ გაკვეთილებზე წყნარად ჯდომა და მასწავლებლის მოსმენა აუცილებლობად მიაჩნია. დასვენებებზე კი უყვარს საერთო ჟრიამულში ჩაბმა, ფეხბურთის თამაში, თან _ თავდამსხმელის პოზიციიდან. 27 მოსწავლეა კლასში და ყველა რაღაცით გამორჩეულია... მაგალითად, ელენე ქინიძე კლასში ყველაზე ლამაზი გოგონაა და ყველა საგანს კარგად სწავლობს. ის მარტო ბეჯითი კი არა, კარგი მოცეკვავე და თანაკლასელია. ლევანთან ერთად 7 წელია, `პარაში~ ცეკვავს. მართალია, ბიჭს `მთიულური~ უყვარს ცეცხლოვნობის გამო, მაგრამ ელენეს ხათრით, ნაზ `ქართულსაც~ ასრულებს... შეიძლება, ბევრმა არ იცის და ელენე თავის `ნაპარნიკს~ დავალებებს აწერინებს. ზოგჯერ ავიწყდება ლევანს სახლში დავალების შესრულება და ამიტომ, ფაცხაფუცხით იწერს კლასელისგან!
პატარა მწყემსი აღიარებს, რომ ხშირად, გაკვეთილზე ფიქრები ბარიდან მთაში გაჰპარვია, ღელ-ღულებს აჰყოლია ოცნებით და ალპური მდელოების ხავერდებზე ნაიალაღარი ხარივით გაუნავარდებია. მერე ისევ გაკვეთილს უბრუნდება მთელი არსით და მრგვალ ლოყებზე ხელებს შემოილაგებს დაფიქრებული.
ერთხელაც, შინ დაბრუნებამდე, ლევანს უმწეო, წვიმისგან დასველებული და მშიერი ლეკვი დაუნახავს. ნათელა ბაბოსთვის უთქვამს, არც ვიცი, საიდან ამედევნაო... მერე მეორე ასეთივე ლეკვიც რომ მიიყვანა შინ, ბებო მიუხვდა, რომ ბიჭს ამ უმწეოების დახმარების სურვილი ტყუილს აბედვინებდა. ახლა ეზოში ორი მოღონიერებული და მაძღარი ლეკვი დადის, ფერმაში კი 5 ნაგაზი ჰყავთ. ო, ისინი კი ძალიან ავები არიან, არა მარტო ქურდსა და მტაცებელს არიდებენ ძროხებს, არამედ _ უცხო პირუტყვსაც. ამას წინათ ძროხა ვიყიდეთ და ძაღლებს რომ ეუცხოვათ, ყეფით გაიგდეს წინ. რომ არა მწყემსის ყურადღება, ვინ იცის, ახალსულს სად გადაამხეცებდნენო, _ უწონებს სიფრთხილეს ლევანი თავის ქოფაკებს! არზანა ხუთეულში გამორჩეულია, ქოსა ნაგაზი ისეთი ფხიზელი და გონიერია, ყველა მწყემსი რომ ინატრებს მისთანას!
საუბრისას ლევანი მიხსნის მესაქონლეობის დეტალებს: 4 კურდღელი ერთი ძროხის ოდენას ჭამს; ძროხა 9 თვეს მაკეობს; მოხბოიანებამდე 2 თვე მაინც უნდა დაასვენო წველისგან, რომ მოგებამდე თავადაც მოკეთდეს და ხბოც მოსრულდეს მუცელში; ცხვარი დიდი სიმდიდრეა და ძროხებთან ერთად უნდა მოამრავლოს. 8 ნერბიდან ორი უკვე დედა-ცხვარია, ორიც მალე დოლს დაიწყებს, 4 კი პატარაა და მომავალ წლამდე მათგან ნამატს არ ელოდება...
პატარა ფერმერი მიმხელს, რომ სკოლაში ყველაზე მკაცრი მარიკა მასწავლებელია. ის არავის ჰპატიობს უსწავლელობას, ისე კი, ძალიან `ტვინიანია~ და მისი განსწავლულობა ეამაყება... შორენა გეოგრაფიას ასწავლის, თან დამრიგებელია და ექსკურსიებზეც დაჰყავს მოსწავლეები, თავწმინდა გიორგის საყდარზეც ალაშქრა ბალღები... ეგებ მაგ დროს ფრესკის ფრაგმენტიდან წმინდანის ხელმა აკურთხა ლევანი?! აბა, თქვენ შეგიძლიათ 6 ძროხის დილა-საღამოს ჩამოწველა?! ლევანს შეუძლია და თან _ დაუზარებლად! მომდევნო წელს ეგებ, კიდეც დავეჯიბროთ ძროხების მოწველაში (სწორი გითხრათ, უკვე ვიცი, რომ წაგებული მექნება შეჯიბრება! ტელეფონით გადაღებული ვიდეოსიუჟეტი ვნახე, რა სისწრაფით მოთქრიალებს ლევანის მოწველილი რძე ცურიდან სათლში!).
იალაღზე ყოფნისას, ლევანს ბევრი საქმე აქვს: პირუტყვის ყურის გდება, დილა-საღამოს თავისი წილი რძის გამოწველა, მამა-პაპისათვის ხელის შეწყობა ყველის ამოყვანისას... მერე დიდრონი ყველის წველები ცხენებს უნდა აჰკიდონ და ბარისკენ წამოიღონ ფრთხილად, გზად ყველი რომ `არ გაილახოს~.
ლევანის დედას უნდა, რომ ვაჟმა ძალიან კარგად ისწავლოს, ზოგჯერ გია-მამა უბრაზდება კიდეც, დროზე თუ ვერ მიაშველა საჭირო ნივთი. ბაბო და პაპა კი ცდილობენ, ზედმეტად არ იშრომოს ბალღმა, განა აჩქარებით წუთისოფელი ვის მოუჭამია, პატარაა, საშრომი ბევრი ექნება წინო... ლევანს კი არც დილის ექვს საათზე ეზარება ადგომა, არც ძროხების მწყემსვა ომარასთან ერთად (ომარა მწყემსად მუშაობს ლაზაშვილებისას, ყოჩაღი და ხუმარა კაცი ყოფილა თურმე!) და არც ზვრებში უფროსებთან ერთად ვაზის გასხვლა! მართალია, ვაზს უფროსები სასხლავად არ ანდობენ, მაგრამ უკვე იცის ეგ საქმეც!
ლევანს სიმღერა უყვარს. როცა საქმეშია გართული, კიდეც ღიღინებს `აყვავებულა არაგვზე დეკას~. მერე სხვა სიმღერებსაც ისწავლის, ჯერ ხომ პატარაა! უბრალოდ, რომ გაიზრდება, მერე სიმღერაც უკეთესად გამოუვა, ძროხების ოდენობასაც გაზრდის და არც შინ დაკლავს თავის გაზრდილ ბოჩოლებს! შეიძლება გაყიდოს, მაგრამ ნაამაგარ პირუტყვს დანას არ მიაკარებს! ჰო, კიდევ, სველ, დამშეულ, უპატრონო ლეკვებს ისევ მოუვლის, კნუტებსაც! ახლა კი ზაფხულის მოსვლას მოუთმენლად ელოდება, როცა მეშვიდე კლასს დაასრულებს, ყვარლის მთებს ფაფახებივით თოვლიანი მწვერვალები ჩამოაშრებათ და ქორია ცხენი თავის კანტურით, ძლიერი ნაბიჯებით აიყვანს პატარა მხედარს იალაღზე! დაშემოდგომებამდე მესაქონლეები ბარისკენ უნდა დაიძრან. წინ პატარა ლევანი მოუძღვის ცხენს, მერე მამა-გია მოსდევს მცირე ქარავანს და არიერგარდს კი პაპა ლევანი ასრულებს... არავინ იცის, რამხელა სიამაყე მოაქვს პაპას გულს ამ დროს. ყველაზე დიდი სამკაული _ შრომა მის სახლეულს არ ეთაკილება!

წყაროhttp://gza.ambebi.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2104 | დაამატა: Admin | ტეგები: პატარა, ფერმერი, კეთილმატყუარა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 daduka   (10.04.2017 18:53:54) [მასალა]
ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი პატარები საქართველოს.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика