მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [130]
საიტის ამბები [76]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [164]
მოიპარეს-დაიკარგა [114]
ცხოველები და ფრინველები [264]
ძაღლები [135]
საქართველოს ამბები [455]
უცხოეთის ამბები [318]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [51]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [110]
იცით თუ არა რომ [282]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [356]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ნადირობა იხვზე   
zarnaპასუხების რაოდენობა: 6234
ალალი....   
Georgeparkerპასუხების რაოდენობა: 43
MR 155   
saigaპასუხების რაოდენობა: 382
ვინ რა სანადირო იარაღს...   
saigaპასუხების რაოდენობა: 2896
ტყის ქათამზე ნადირობა   
tereosპასუხების რაოდენობა: 4011
კურცჰაარი   
alpaidze2002პასუხების რაოდენობა: 3836

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 20 » "ზანგი აფხაზები" და შავი მონათვაჭრობა საქართველოში    

23:04:51
"ზანგი აფხაზები" და შავი მონათვაჭრობა საქართველოში
"ზანგი აფხაზები" და შავი მონათვაჭრობა საქართველოში
font-large font-small
 
"ზანგი აფხაზები" და შავი მონათვაჭრობა საქართველოში
მაქსიმ გორკი სპეციალურად ჩავიდა აფხაზეთში და მოგვიანებით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც "ამტკიცებდა", რომ ნამდვილი კოლხები შავკანიანები იყვნენ და ქართველებთან არაფერი ჰქონდათ საერთო

XIX საუკუნის II ნახევარში, როდესაც რუსეთის იმპერატორის საგანგებო ბრძანებით აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა და კავკასიის მეფისნაცვლის ემისრებმა შერვაშიძეთა მთელი ქონება აღწერეს, ცნობილი გახდა, რომ მდ. კოდორის შესართავთან - აძვიბჟასა და მის მიმდებარე რამდენიმე სოფელში "შავკანიანი აფხაზები" ცხოვრობდნენ, რომლებიც მთავრის სხვა ქვეშევრდომთაგან მხოლოდ კანის ფერითღა განირჩეოდნენ. აძვიბჟელი შავკანიანების ანუ "არაფების" ("არაფ" აფხაზურად "ზანგს" ნიშნავს) მშობლიური ენა აფხაზური იყო. ზოგიერთმა მათგანმა კი მეგრულიც იცოდა. რაც შეეხება ტანსაცმელს, "არაფებიც" სწორედ ისევე იმოსებოდნენ, როგორც "თეთრი" აფხაზები. როგორც წესი, შავკანიანები შერვაშიძეთა გლეხებად მიიჩნეოდნენ და სხვათა შორის, ისეთივე უფლება-მოვალეობები ჰქონდათ, როგორც თეთრკანიანებს.

"არაფების" შესახებ პირველი ინფორმაცია რუსულ პრესაში 1913 წელს გამოჩნდა. ეთნოგრაფმა ევგენი მარკოვმა გაზეთ "კავკაზში", რომელიც კავკასიის სამეფისნაცვლოს ოფიციალური ორგანო იყო, აფხაზეთში "შავკანიანთა თემის" თაობაზე საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა: "ჩემი ყურადღება მიიპყრო კავკასიისთვის უჩვეულო, ტროპიკულმა ლანდშაფტმა და ციტრუსების პლანტაციების ახლოს მდგარმა, ისლით გადახურულმა ქოხებმა... სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა შავკანიანი იყო, მაგრამ აფხაზურად ეცვა და მეტყველებდა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ზანგები აფხაზეთში მხოლოდ შემთხვევითი ელემენტია," - წერდა მარკოვი.

GzaPressაძვიბჟაში მცხოვრები შავკანიანებით საბჭოთა სპეცსამსახურები დაინტერესდნენ და როგორც წესი, ყველაფერი საქართველოს საზიანოდ გააყალბეს - "არაფები" არც მეტი, არც ნაკლები - კოლხების შთამომავლებად გამოაცხადეს, არგუმენტად კი ჰეროდოტეს ის ლეგენდარული ცნობა მოიშველიეს, რომელშიც "ისტორიის მამა" კოლხთა და ეგვიპტელთა ნათესაობის შესახებ ლაპარაკობს. 1927 წელს ამ საკითხით დაინტერესებული ცნობილი პროლეტარი მწერალი, მაქსიმ გორკი სპეციალურად ჩავიდა აფხაზეთში და ადგილობრივი აღმასკომის თავმჯდომარესთან - მწერალ სამსონ ჭანბასთან ერთად აძვიბჟა მოინახულა, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც "ამტკიცებდა", რომ ნამდვილი კოლხები შავკანიანები იყვნენ და ქართველებთან არაფერი ჰქონდათ საერთო, თანამედროვე აფხაზები კი ამ შავკანიან კოლხთა და თეთრკანიან ქართველთა შერევით წარმოიშვნენ.

გორკის ამ წერილის შინაარსი იმდენად იდიოტური იყო, რომ კრემლის მესვეურებმა საჭიროდ მიიჩნიეს, პროლეტარი მწერლისთვის მსგავს "გამოკვლევათა" წარმოება საერთოდ აეკრძალათ, თუმცა აძვიბჟელი შავკანიანების "კოლხური წარმომავლობის" ჰიპოთეზა სხვა, გორკიზე უფრო კომპეტენტურმა პირებმა განავითარეს: თვით აფხაზური მწერლობის მამამ, დიმიტრი გულიამ თავის წიგნში "აფხაზეთის ისტორია", აძვიბჟაში მოსახლე "არაფები" ეთიოპიიდან მოსული კოლხების შთამომავლებად მიიჩნია. საინტერესოა, რომ დიმიტრი გულიას აზრით, აფხაზეთის აფხაზური სახელი "აფსნი" ეთიოპიის ძველი სახელწოდებიდან ("აბისინია") მომდინარეობს. შესაბამისად, შავკანიანი კოლხები აფხაზეთში თეთრკანიან ურარტუელებს თუ ხეთებს შეერივნენ და ამგვარად წარმოიშვნენ აფხაზებიც. ცხადია, გულიას ეს თეორიაც ისტორიული სინამდვილისგან საკმაოდ შორს იყო, მაგრამ კრემლის მესვეურთა გათვლით, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელს ტყუილიც დაეჯერებოდა.

"ღრმად პატივცემულო ნიკიტა სერგეევიჩ! მიუხედავად თქვენი დაკავებულობისა, მაინც გთხოვთ, წაიკითხოთ ჩემი წინამდებარე წერილი აფხაზეთის ზანგებზე... აფხაზეთში შავკანიანები კომპაქტურად სახლობენ სოფ. აძვიბჟაში და ცნობილია, რომ მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს თავის ამალაში რამდენიმე აძვიბჟელი ზანგიც ჰყავდა," - ასე იწყება წერილი, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვს ადმირალმა ივან ისაკოვმა გასული საუკუნის 50-ან წლებში, გრიფით - "სრულიად საიდუმლოდ" - გაუგზავნა. ხსენებულ წერილში ისაკოვი წერდა, რომ შუა საუკუნეებში აღმოსავლეთ შავი ზღისპირეთი მონათვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი იყო და აქედან მონები არათუ გაჰყავდათ, არამედ, შემოჰყავდათ კიდეც. სხვათა შორის, "კაგებემ" "არაფების" შესახებ ყველა ინფორმაცია სწორედ ამის შემდეგ გაასაიდუმლოვა. კრემლში არ სურდათ, რომ საბჭოთა კავშირის ისტორიაში შავკანიანი მონებით ვაჭრობის ფაქტები ფართოდ ცნობილი ყოფილიყო.
აქედან გამომდინარე, გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან "შავი" აძვიბჟელების დიდი ნაწილი აფხაზეთიდან უკვალოდ გაქრა. 

საფიქრებელია, რომ ისინი სადმე ციმბირში გადაასახლეს; გადასახლებას ვერავინ გადაურჩა, თუმცაღა მათი ხსოვნა ხალხში შემორჩა. აფხაზური წარმოშობის, ცნობილ რუს მწერალს, ფაზილ ისკანდერს მოთხრობაში - "სანდრო ჩეგემიდან" - ერთ-ერთ გმირად აძვიბჟელი ზანგი ჰყავს გამოყვანილი, რომელიც ამაყობს, რომ აფხაზია. მოკლედ, საბჭოთა კავშირის ისტორიაში საკმაოდ ბევრი თეთრი ლაქაა და მათ შორის ერთ-ერთი - "შავ აფხაზებს" შეეხება. აშკარაა, რომ ეს ხალხი აქ შუა საუკუნეებში წარმოქმნილი მანკიერი მოვლენის - მონათვაჭრობის შედეგად მოხვდა, ხოლო XX საუკუნეში კი საბჭოთა რეჟიმის ხუშტურებს ემსხვერპლა. საინტერესოა ისიც, რომ დღესდღეობით ცნობილ ქართულ ისტორიულ წყაროებში "შავი აფხაზების" შესახებ ინფორმაცია არც კი გვხვდება.

GzaPress

შავკანიანი მონებით ვაჭრობის ფართოდ გავრცელება, როგორც ცნობილია, "დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების" ეპოქას მოჰყვა და მასში ჩათრეული აღმოჩნდა იმდროინდელი მსოფლიოს ყველა წამყვანი სახელმწიფო. მათ შორის - ოსმალეთის იმპერიაც. ოსმალეთში ამ საქმეს არაბი მონათვაჭრები კურირებდნენ, რომლებსაც მონები ძირითადად სუდანიდან და ეთიოპიიდან შემოჰყავდათ. შუა საუკუნეების ბევრ ოსმალურ წყაროში პირდაპირ წერია, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მონათა ბაზრები თითქმის ყველა დიდ ნავსადგურთან არსებობდა და იქ სავაჭროდ სოვდაგრები შორეული ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიოდნენ. ასევე, მეტად ფასეულია ვენეციურ ქრონიკებში დაცული ცნობები იმის თაობაზე, რომ სწორედ მდ. კოდორის შესართავთან მდებარე ნავსადგურში, რომელსაც ვენეციურ დიალექტზე "კავო დე ბუზო" ანუ "ბზის კონცხი" ეწოდებოდა, მონათვაჭრობა "ორმხრივი" იყო. იქ ყიდდნენ როგორც ადგილობრივ თეთრკანიანებს, ისე აფრიკიდან ჩამოყვანილ ზანგებსაც.

სწორედ ვენეციური ქრონიკები ადასტურებენ იმ ფაქტსაც, რომ აფხაზეთის მთავარ შერვაშიძეებს, XVII საუკუნის II ნახევარში არაბი მონათვაჭრებისაგან მრავალი შავკანიანი მონა შეუძენიათ როგორც ფულით, ასევე "ნატურით", რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მთავრები ქვეშევრდომ ყმა გლეხებს არაბ სოვდაგრებს შავკანიანებში უცვლიდნენ. როგორც ვენეციელი ქრონიკიორი, მარინო სანუტი წერს, დადგენილი წესის მიხედვით, შავკანიანები თეთრკანიანებზე მეტად ფასობდნენ, რადგანაც ეს უკანასკნელნი ნაკლებად ამტანნი იყვნენ: "თეთრკანიან მონებს ძირითადად, ეგვიპტელი სულთნები ყიდულობენ და მათგან სამხედრო რაზმებს ქმნიან... შავკანიანი მონები კი ძირითადად, უფასო მუშახელად მიჰყავთ. შავი ზღვის სანაპიროზე ადგილობრივ თავადებს ცოტა მუშახელი ჰყავთ, რადგანაც ადგილობრივები შრომას თაკილობენ და მეკობრეობას მისდევენ. ამიტომ, თავადები იჭერენ მათ და როგორც წესი, მონებად ჰყიდიან, სანაცვლოდ კი არაბებისაგან შავკანიანებს ყიდულობენ," - წერს მარინო სანუტი. მისი ქრონიკები, რომლებიც ვენეციურ დიალექტზეა დაწერილი, სულ 78 ტომს შეადგენს. მათში საქართველოს შესახებ მრავალი სხვა ფასეული ცნობაცაა დაცული.

ამდენად, "შავი" მონათვაჭრობის არეალი, ცხადია, მხოლოდ ევროპითა და ამერიკით არ შემოიფარგლებოდა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი აფხაზეთის სამთავროც იყო. სხვათა შორის, შუა საუკუნეების შავი ზღვის ზოგ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე პუნქტი სპეციალური ნიშნით - ვერტიკალურად გადახაზული ლათინური ასო "ესითაა" აღნიშნული, რაც მონათა ბაზრის ადგილმდებარეობას მიანიშნებს. ეს პირობითი ნიშანი კრიპტოგრამას წარმოადგენს და ლათინურად "ეს" შ ასოს სახელია, ვენეციურ დიალექტზე კი "კიავო" ლურსმანს ნიშნავს. შესაბამისად, ვერტიკალურად გადახაზული შ იკითხება, როგორც "ესკიავო" - მონა; უნდა ითქვას ისიც, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ვერტიკალურად გადახაზული შ-ით მხოლოდ შავკანიან მონებს დაღავდნენ.

მართლაც, ისტორიულად მტკიცდება, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ზანგი მონების ბაზრები ნამდვილად უნდა არსებულიყო. რამდენადაც "აბრეშუმის დიდი გზა" საქართველოზე გადიოდა, ოსმალო და არაბ სოვდაგრებს აფრიკაში დატყვევებული შავკანიანი მონებიც ისევე, როგორც სხვა საქონელი, ინდოეთსა და ჩინეთში ჩვენი ქვეყნის გავლით გადაჰყავდათ. XV საუკუნეში პორტუგალიელმა ზღვაოსანმა, ვასკო და გამამ, ევროპიდან ინდოეთამდე საზღვაო გზა გაკვალა, მაგრამ მონათვაჭრობის თვალსაზრისით, "აბრეშუმის დიდმა გზამ" მნიშვნელობა მხოლოდ XVII საუკუნეში დაკარგა, რადგანაც ინდოეთში შავი მონათვაჭრობა მთლიანად პორტუგალიის ხელში მოექცა. სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი სწორედ ამ პერიოდში უნდა ქცეულიყო ოსმალეთის შავი მონათვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრად, საიდანაც ოსმალო სოვდაგრები შავი მონებით რუსეთის იმპერიის "მომარაგებას" გეგმავდნენ.

საბოლოოდ, შავი მონათვაჭრობა ოსმალეთში ვერ განვითარდა, ვინაიდან, ჯერ ერთი, შავ აფრიკაში ოსმალებს სამფლობელოები არ ჰქონდათ და შავკანიანთა შესყიდვა თავადაც სხვისგან უწევდათ და მეორე - თანდათანობით ყველა რეგიონი, საიდანაც კი შავი მონები გაჰყავდათ, პორტუგალიის ხელში მოექცა; ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ პოზიციები დათმეს არაბებმაც, რომლებსაც მანამდე მოზამბიკიდან სომალიმდე გადაჭიმულ ვრცელ ტერიტორიას აკონტროლებდნენ და მონებით ოსმალეთის იმპერიას, ინდოეთსა და ირანს XVII საუკუნის შუა წლებამდე ამარაგებდნენ. ცნობილია ისიც, რომ ოსმალეთსა და ირანში შავკანიან მონებს უფრო მეტად არა მუშახელად, არამედ მებრძოლებად იყენებდნენ. მათგან ე.წ. "ღულამთა" რაზმებს ადგენდნენ, რომელთაც სულთნისა თუ შაჰის კარზე პოლიციური ფუნქციები გააჩნდათ.

საინტერესოა ასევე, რომ აფხაზეთის სამთავროში უცხო (არაქართული) ელემენტის მომძლავრება სწორედ XVII საუკუნეში მოხდა. სამეგრელოს მთავრებთან დაპირისპირების გამო, შერვაშიძეებმა აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელი მთიელები ჩამოასახლეს, რათა მათი მეშვეობით ლაშქარი გაეძლიერებინათ. ისტორიიდან კარგადაა ცნობილი, რომ აფხაზეთ-სამეგრელოს საზღვარი მაშინ მდ. კოდორზე გადიოდა და მის აღმოსავლეთით დადიანის სამფლობელო იყო. ასე რომ, როგორც ჩანს, შერვაშიძეთა საგვარეულომ სამეგრელოსაგან წართმეულ მიწებზე ჩრდილოკავკასიიდან გადმოსულთა დასახლება იმიტომაც დაიწყო, რომ შავკანიანი მონების შესაძენად საკმარისი არც ფინანსები მოეძევებოდა და არც ყმა-გლეხები.

GzaPress

დღესდღეობით ძნელი სათქმელია, თუ როგორ წარიმართებოდა აფხაზეთის ისტორია, შერვაშიძეებს იქ ჩრდილოკავკასიელთა ნაცვლად ზანგები რომ დაესახლებინათ. ალბათ, ამ უძველეს ქართულ მხარეში ერთგვარ კავკასიურ ვესტ-ინდოეთს მივიღებდით. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ შერვაშიძეთა საგვარეულო სახლმა სამთავროს გასაძლიერებლად ზანგი მონების გამოყენებაც სცადა. "არაფების" დასახლება კოდორის შესართავთან მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ამ ხალხის ერთ-ერთ მოვალეობას სამეგრელოსთან საზღვრის დაცვაც შეადგენდა. ამის თქმის საფუძველს იძლევა ისიც, რომ "არაფები" XIX საუკუნეში უკვე გააფხაზებულნი იყვნენ და კანის ფერის გარდა, "თეთრი აფხაზებისგან" აღარაფრით განსხვავდებოდნენ. ცხადია, რომ მათ მიერ აფხაზური ენისა და კულტურის შეთვისება სრულიად ძალდაუტანებლად, საუკუნეთა განმავლობაში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეძლებდნენ, წინაპართა ენიდან ან კულტურული მემკვიდრეობიდან რაღაც მაინც შემოენახათ, რაც მათ მეზობელი თეთრკანიანებისაგან დამატებით გამოარჩევდათ. 

ასე რომ, შერვაშიძეები შავკანიან მონებს, როგორც ჩანს, თეთრკანიანი ყმა გლეხებისაგან არც კი ასხვავებდნენ. "თეთრ" და "შავ" აფხაზთა შორის შერეული ქორწინებებიც ხშირი უნდა ყოფილიყო. მშობლიური ენა და კულტურა "არაფებმა" ალბათ, სწორედ ამის შედეგად დაკარგეს. რაც შეეხება კანის ფერის შენარჩუნებას, ცნობილია, რომ ეკვატორული აღმ. აფრიკის მკვიდრი ზანგები მეტად მუქი კანით გამოირჩევიან და თეთრ რასასთან შერევის შემთხვევაშიც, მათი მემკვიდრეები მეათე თაობამდეც კი მუქკანიანი მულატები გამოდიან. პავლე კოვალევსკიმ აძვიბჟელი ზანგების წინაპართა წარმოშობა სწორედ ამ უმთავრესი ნიშნით განსაზღვრა.

ვენეციური ქრონიკების გარდა, შავიზღვისპირეთში შავკანიანი მონებით ვაჭრობის თაობაზე ცნობები არაბულ წყაროებშიც მოიპოვება; მათ შორის ყველაზე საინტერესოა ეგვიპტეში მამლუქების მმართველობის პერიოდში შექმნილი ერთი ანონიმური ხელნაწერი, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოდან პარიზში ინახება. ხელნაწერში აღწერილია, როგორ დალაშქრეს მამლუქებმა ეთიოპია. სწორედ ამ დროს მათ ტყვედ წაუსხამთ "ფალაშები" - ეთიოპიელი ებრაელები, რომელთა ერთი ნაწილიც სულთანს ოსმალთა იმპერატორისათვის უჩუქებია. აღსანიშნავია, რომ ეთიოპიელი ებრაელები ანთროპოლოგიურად შავკანიანები არიან და რწმენის გარდა, დანარჩენ ებრაელებთან საერთო არაფერი აქვთ. უნდა ითქვას ისიც, რომ ხსენებულ არაბულ ხელნაწერში მოხსენიებულ ფაქტს ეხმაურებიან რუსული ქრონიკებიც. 

პეტრე I-ის ზეობის პერიოდში შექმნილ ერთ-ერთ მატიანეში აღნიშნულია, რომ შავ ზღვაში ჩაიძირა ხომალდი, რომელზედაც ოსმალეთის იმპერატორის მიერ ყირიმის ხანისთვის გაგზავნილი "ეთიოპიელი მონები" იმყოფებოდნენ. მათგან უმრავლესობა ზღვაში დაიხრჩო, მცირე ნაწილმა კი თავი "კასოგების" (ჩერქეზების) და "ობეზების" (ქართველების) სანაპიროებს შეაფარა თავი, სადაც ადგილობრივმა "ტუზემცებმა" დაატყვევეს და როგორც წესი, ისევ მონებად გაყიდეს. ერთ-ერთი ეთიოპიელი, სახელად აბრაჰამი (აბრამი) პეტრე I-ის კარზეც მოხვდა, სადაც მას "განიბალი" უწოდეს. სხვათა შორის, სწორედ "განიბალი" გახლდათ ცნობილი მწერლის, ალექსანდრე პუშკინის წინაპარი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ რუსულ წყაროში მოხსენიებული "ობეზთა სანაპირო" აშკარად საქართველოს შავიზღვისპირეთს გულისხმობს, სავარაუდოა, რომ სოფ. აძვიბჟას შავკანიან მოსახლეობის ნაწილს იმ ეთიოპელ ებრაელთა შთამომავლებიც შეადგენდნენ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის გარდა, საქართველოს სხვა კუთხეებში ზანგ მონათა არსებობა ისტორიულად არ დასტურდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 1878 წელს, ქალაქ ბათუმში შესულ რუსულ ჯარს სანჯაყბეგის ყოფილ რეზიდენციასთან ახლოს, ამჟამინდელი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაბულად მოლაპარაკე ზანგების სამიოდე ოჯახი უნახავს. ისინი სანჯაყბეგის მონები იყვნენ და ოსმალური ადმინისტრაციის პერსონალთან ერთად, ბათუმი იმავე წელს დატოვეს. ეჭვგარეშეა, რომ თითო-ოროლა ზანგი მონა ალბათ, ქართველ გვირგვინოსნებსაც ეყოლებოდათ, მაგრამ აძვიბჟელი "არაფების" მსგავსი სხვა შემთხვევა ქართულ სინამდვილეში არსადაა დაფიქსირებული. ამიტომაც, "შავი" აფხაზების ისტორიის კვლევა მეტად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ისინი არც აძვიბჟაში და არც აფხაზეთში აღარ არიან.

მიხეილ ლაბაძე


წყაროhttp://ambebi.ge
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 2559 | დაამატა: Gia | ტეგები: მონათვაჭრობა, საქართველოში, და, აფხაზები, ზანგი, შავი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 77777   (23.11.2014 11:34:53)
ეგ წანაკითხი მქონდა,როგორც ასეთი ამის დამადასტურებელი ისტორიული წერილობითი წყარო არ არსებობს!

0   Spam
3 marsi   (21.11.2014 23:45:56)
ისე ამის მთქმელის დედა ვატირე

0   Spam
2 avtandil   (21.11.2014 00:27:38)
კარგი წასაკითხი იყო და ცოტა ღიმილი მომგვრელიც კი :) gimili

0   Spam
1 mere   (21.11.2014 00:07:16)
23 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 12
    მონადირე: 1
    nugomonadire

    დღეს საიტზე იყვნენ
    tereos, nugomonadire, toka, temo-niko13, mamalixarazuli, პედიატრი, gugalo, butatino, მახო44, chogia, nisabani, bagdacki, giohunt1982, besi, sabjek, vanoarchi, muriko6, zviadauri, koba30, Gochahaha, ИЖ_27_ЕМ, eagle, ხიზი, zarna, Hunting005, Georgeparker

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика