20-01-2014
ოთხი ორდენით დაჯილდოებულ ჯარისკაცს შეიძლება სახლი გაუყიდონ!ომში სასიკვდილო ჭრილობას გადარჩენილი ჯარისკაცი სიღარიბესა და ბანკთან ბრძოლაში მარცხდება. სენაკის მეორე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ვიტალი კუჭუხიძე ცხინვალის ომში ჩადენილი გმირობისთვის ოთხი ორდენით დააჯილდოეს, თუმცა... 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალის ომში სენაკის მეორე ბრიგადამ სოფელი ხეთაგუროვი დაიკავა. ამ სტრატეგიულ ადგილს სეპარატისტები წლების განმავლობაში განაგებდნენ. საგუშაგოზე მდგარნი ყოველ წამს ელოდნენ ოსებისგან რევანშს... ქართველებმა სოფლის გზაზე მომავალი "ჟიგულის" მარკის ორი ძველისძველი ავტომობილი შენიშნეს. მოწინავე ოცეულმა ცეცხლის გახსნაზე თავი შეიკავა, - ვაითუ, მშვიდობიანი მოქალაქეები არიანო. ამასობაში გაისმა სროლა...
ორი ქართველი ჯარისკაცი თვალის დახამხამებაში იმსხვერპლა მტერმა... კაპრალი ვიტალი კუჭუხიძე მიხვდა, რომ სანგრიდან ვერაფერს გახდებოდა, ფეხზე წამოდგა და მტრის ავტომობილისკენ გაუშვა ტყვიის ჯერი. მოწინააღმდეგე განადგურდა, ქართველები გადარჩნენ, მძიმედ დაიჭრა მხოლოდ ვიტალი - კისერში მოხვედრილმა ტყვიამ ნერვი გაუგლიჯა... სისხლში მცურავი გორის ჰოსპიტლისკენ მიჰყავდათ. "არ უნდა მოვკვდე, ძმის გარდაცვალებიდან წელიწადიც არ გასულა, ოჯახს პატრონი აღარ ეყოლება", - ჩურჩულებდა მძიმედ დაჭრილი... ორი თვე ებრძოდა სიკვდილს. მერე ნელ-ნელა ფეხზე დადგა, ერთმა წელმაც განვლო. ამ ხნის განმავლობაში გადაეცა ოთხი ორდენი. დღეს სასოწარკვეთილს ფიქრი ტანჯავს - იქნებ ბრძოლაში გმირულად დაღუპვა სჯობდაო და სინანულით დასჩერებია გაშეშებულ მარჯვენას...
რამდენიმე დღის წინ იმერეთში, სოფელ ფარცხანაყანევში, კუჭუხიძეების ოჯახს ვესტუმრე. მათ შესახებ კაპრალის თანამებრძოლებმა მითხრეს, - ვიტალი გმირია, ომში სხვების სიცოცხლის დასაცავად გაწირა თავი, ახლა ოთხ შვილს წარმოუდგენელ სიღარიბეში ზრდისო. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მართლაც ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო სახლი, რომელშიც გმირი დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლი სახურავჩანგრეულია, ოთახებში კი ისევე წვიმს, როგორც გარეთ. შეშის საყიდელი ფული არ აქვთ და აივნის ხის იატაკს წვავენ. "აქაურობას წვიმა და თოვლი ალპობს, სხვა გზა არ მაქვს, ბავშვებს ვერ გავყინავ და ჩემი ხელით ვწვავ სახლს, რომელშიც ჯერ კიდევ ვცხოვრობთ", - ამბობს ვიტალი კუჭუხიძე.

ომის შემდეგ ვიტალის, როგორც გმირულად დაჭრილს 7 000 ლარი გადასცეს.
ვიტალი კუჭუხიძე: - "ის ფული თვალის დახამხამებაში გაილია. ჩემს უბედურებას დაემატა ბანკის ვალიც. ერთმა ჯარისკაცმა 4 400 ლარის ასაღებად თავმდებობა მთხოვა. როგორ მეთქვა უარი? რას ვიფიქრებდი, რომ ვალს არ გადაიხდიდა. იმ ბიჭმა ერთადერთხელ გადაიხადა შესატანი, მალევე კი რაღაც ჩაუდენია და დაუპატიმრებიათ. ერთი წელი არ მოიკითხა ბანკმა, აწერდა იმ 4 400 ლარს ჯარიმას და ვალი კატასტროფულად რომ გაიზარდა, არც კი დამირეკეს, ისე დამიბლოკეს თანხა ხელფასიდან. სადაური წესია, რომ არ შემატყობინო? საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვიყავი, ძლივს დავდიოდი და ვაზროვნებდი. მივედი, ავუხსენი, მე რა შუაში ვარ-მეთქი? როგორც ჯარისკაცს, ჯარიმებს ჩამოგაწერთ, მაგრამ ძირი Fფული უნდა გადაიხადოო - ყოველთვიურად მიჰქონდათ 400 ლარამდე. ასე გრძელდებოდა წელიწად-ნახევარი. გავგიჟდი და სამსახურს ხელფასის ჩასარიცხად ჩემი ცოლის სახელზე ანგარიშის გახსნა ვთხოვე. აღარ ვუხდი ფულს ბანკს, მაგრამ მედავებიან, ჯარიმები 22 ათას ლარამდე ავიდა და თუ არ დაფარავ, სახლს დაგიყადაღებთო. დააყადაღონ, ამას თუ სახლი ჰქვია... სამშობლოსთვის უყოყმანოდ გავწირე სიცოცხლე, რომ შემეძლოს, ისევ გავწირავდი და ამ სამშობლომ ერთი საშინელი ბანკისგან რომ მიხსნას, არ შეუძლია?"

ჩემს შვილებს დალაგებულ ქვეყანაში რომ ეცხოვრათ, თავი გავწირე და გოგონას როგორ მივცემ ვინმეს, თანაც ბანკის იმ ვალის გამო, რომელიც მე არ ამიღიაო, - შეუთვლია მამას ქალბატონისთვის.
ოჯახს დღემდე ზარავს ამ სიტყვების გახსენება და ოცნებობს, რომ სიღარიბეს რამე სასწაულით დაუსხლტეს...
პ.ს. მკითხველის თხოვნით ვიტალი კუჭუხიძემ გვაცნობა ანგარიშის ნომერი, რომლის საშუალებითაც მსურველთ შეეძლებათ დახმარების გაღება. ანგარიში ვიტალის მეუღლის სახელზეა ”საქართველოს ბანკში”
GE78BG0000000912051800 გულიაშვილი ოლია.