საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმში განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს. ტურისტების მოსაზიდად (თუკი, მომავალში კეთილმოეწყობა) დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბა – პალიასტომი, რომელიც ბერძნულად ზღვის ძველ უბეს ნიშნავს. 1924 წლამდე ის მტკნარი წყლით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა, როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად, არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. წყალიც მარილიანი გახდა. სარკის ფართობია 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდ. ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა.

პალიასტომის ტბის განვითარება ბუნებრივად გაწონასწორებულ ეკოლოგიურ პირობებში ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლო წარსულში ტბა ტორფიან ჭაობებთან და ტყეებთან ერთად განუმეორებელ პეიზაჟს ქმნიდა და საქართველოს ტბებს შორის თევზით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბუნებრივი წყალსატევი იყო, სადაც ოთხ ათეულზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობდა.

პალიასტომის ტბა ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, იმ ადგილებს შორის, რომლებსაც საქართველოში ტურიზმის განვითარებაში შეუძლია შეიტანოს წვლილი. რომ არაფერი ვთქვათ, მის უნიკალურ ხედებსა და პეიზაჟებზე, აქ გადამფრენ ფრინველებზე თვალთვალისთვისაც უნიკალური ადგილებია. პალიასტომის ტბა ახლომდებარე ჭაობებთან, დაჭაობებულ ტყეებთან და შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად ევროპიდან ევრაზიისკენ და პირიქით, გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გასაჩერებელი და დასაზამთრებელი ადგილი იყო. დღევანდელ მსოფლიოში ფრინველებით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ტურიზმის ცალკე სახეობა ჩამოყალიბდა – ”ბორდვოჩინგი” (ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ფრინველებზე თვალთვალს. თავად ტურისტი კი – ბორდვოჩერი, ანუ ფრინველებზე მოთვალთვალეს). მტაცებელ ფრინველების მიმართ სულ უფრო და უფრო მზარდი ინტერესის გამო, სამიგრაციო ძაბრები და ისეთი ადგილები, სადაც ფრინველების დიდი მრავალფეროვნებაა იზიდავს მრავალ ეკოტურისტს და სპეციალისტს. ყოველივე ამას, კი გარკვეული შემოსავალი მოაქვს მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს, კერძოდ კი, პალიასტომის ტბას, ყველანაირი პირობები გააჩნია ასეთი ტურიზმის გასავითარებლად. შეიძლება აშენდეს საგანგებოდ მოწყობილი სათვალთვალო პლატფორმები ტურისტებისთვის, საიდანაც ფრინველების გადაფრენას დააკვირდებიან და ა.შ.

რელობა კი ასეთია, ფოთის ცენტრიდან როცა პალიასტომის ტბაზე დაგიხარ, გხვდება მოუვლელი, ნაპირი, იქვე ავტომობილის სასწავლო ხელნაკეთი მოედანია, აქა-იქ კი გზებზე ამოსულ ბალახს ძროხები ძოვენ…

იქვე მდგარ მოხუც მწყემსს, როცა თავისი აზრი ვკითხეთ, პალიასტომის მოწესრიგებასა და აქ ტურისტების მოზიდვაზე, უკმაყოფილოდ გადმოგვხედა – აქ რომ რამე გააკეთონ, ძროხები სად წავიყვანოო. გარდა ამ ყოფითი პრობლემებისა, დღეს პალიასტომის ტბას დეგრადირებულ ეკოსისტემას გადაგვარება და საბოლოოდ კი მოსპობა ემუქრება. ეკოლოგიურ საკითხებში ექსპერტების კვლევების მიხედვით, პალიასტომის ტბის ეკოსისტემის დეგრადაცია ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი არც ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებასა და ტბის გაქრობას გამორიცხავენ.

პალიასტომის ტბა და მასთან დაკავშირებული სხვა წყალსატევები (კერძოდ, მდინარე კაპარჭინა) განიცდიან მტკნარი გამდინარე წყლების დიდ ნაკლებობას, განსაკუთრებით ტბის ჩრდილოეთ ნაწილში.  ტბის ეს ნაწილი განიცდის დეგრადაციას, დაფარულია შამბნარით, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ქვეწარმავლების, კოღოებისა და სხვა მწერებისათვის. აღნიშნულის გამო შექმნილია ძალიან რთული ეკოლოგიური და  სანიტარული მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხზე. არხებისა და მდინარეთა ხელოვნურად გასწორებული კალაპოტების ძირზე, აგრეთვე ტორფის მოპოვების ადგილებზე გაჩენილ უამრავ გუბურაში დაიწყო მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია. ეკოლოგების განმარტებით, პალიასტომის წყლის ბიოგენური დაბინძურების შედეგად მოიკლო მისმა გამჭვირვალებამ, შესაბამისად, ფოტოსინთეზის ინტესივობამ და ტბამ, როგორც ბუნებრივად მტკნარმა წყალსატევმა, არსებობა შეწყვიტა. პალიასტომის წყლის დამლაშებამ თევზების მთელი რიგი სახეობა გაანადგურა. ტბა და მასთან დაკავშირებული წყალსატევები მტკნარი და გამდინარე წყლების დიდ ნაკლებობას განიცდიან.

2009 წელს განხორციელდა  პალისატომის ტბასა და მდინარე რიონს შორის არსებული არხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები: გაიწმინდა და მოპირკეთდა არსებული არხის მონაკვეთი, რომელიც არხის ახალი  მონაკვეთის მშენებლობით დაუკავშირდა მდინარე რიონს. მდინარე რიონისა და არხს შორის აშენებულ იქნა წყლის რეგულატორი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებულია არხის მხოლოდ 49 მეტრის სიგრძეზე. მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებულია არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებების მხოლოდ ერთი ნაწილი, მდინარე რიონის მტკნარი წყლის პერიოდულმა მიწოდებამ მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა იქონია მიმდებარე ტერიტორიისა და წყალსატევების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე: წყალსატევები გაიწმინდა შაბნარებისა და სხვა მცენარეებისაგან.

მაგრამ გასაწმენდი და მოსაპირკეთებელი დარჩა არხის დარჩენილი 86 მეტრიანი მონაკვეთი.

ტბის გადარჩენის ერთადერთ გზად კი აკადემიკოსი ტყებუჩავა, პალიასტომისა და ზღვის დამაკავშირებელი ხელოვნური არხის ამოვსებას და მის ნაცვლად ტბის ბუნებრივად მკვებავი მდინარეების ამოწმენდას მიიჩნევს. ”წინააღმდეგ შემთხვევაში ტბა შესაძლოა 50 წელიწადში საერთოდ გაქრეს”, – ვარაუდობს მეცნიერი. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, რომლის დაქვემდებარებაში პალიასტომის ტბაც შედის, მეცნიერის ამ ვარაუდებსა და ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შერჩეულ გზას არ ეთანხმებიან. ”არხის ამოვსებამ შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში, სადაც პალიასტომის ტბაში დარჩენილი თევზის სამი სახეობის გადასარჩენად კონკრეტული გეგმები ჯერ არ აქვთ.

დიდ ფართობებზე ტყეების გაკაფვამ, ზედაპირზე წყალსაწრეტი და წყალსადინარი არხების გაჭრამ, რითაც ჭაობი დაშრა, მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტების ხელოვნურად გასწორებამ და ზღვისპირა ჭაობიდან დიდი ოდენობით ტორფის ამოღებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ტბის ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ საქმიანობამ საგრძნობლად მოშალა ჭაობებისა და დაჭაოებული ტყეების, როგორც ბუნებრივი ფილტრატების, ფუნქცია.

ეკოლოგები პალისტომის ტბისთვის პირველადი მდგომარეობის დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევენ. მხოლოდ მისი გადარჩენის, დეგრადაციის შეჩერების შესაძლებლობებზე დასკვნის სახით საუბრობენ და აუცილებელ პირობად მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებასა და პრაქტიკულად განხორციელებას – მალთაყვის არხის გაუქმებას, ტორფის მოპოვებაზე, ტყების გაკაფვაზე, თევზჭერასა და ნადირობაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მიიჩნევენ.

"ექსპრესნიუსი”