ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » გამოჩენილი ქართველები    

ჩემი გვარი უნდა დაბრუნდეს ამ მიწაზე!..
  
არჩილ ზოიძე (აბდულლაჰ ზორლუ):

ჩემი გვარი უნდა დაბრუნდეს ამ მიწაზე!..


"მე ხომ ერთი სამშობლოდან "გაძევებული" კაცი ვარ, რომელიც ისევ სამშობლოს ძახილს მოჰყვება უკან და უნდა სხვებიც გამოიყოლოს"


პრეამბულა, ანუ ვინ არიან მუჰაჯირები

დავიწყოთ იმით, რომ 1590 წლის ირან-ოსმალეთის ზავით შაჰ აბას I-მა ოსმალეთს დაუთმო თითქმის მთელი სამხრეთი კავკასია. ამდენად, რეგიონის სხვა ტერიტორიათა შორის ოსმალეთის უღელქვეშ მოექცა ისედაც დანაწევრებული საქართველოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი: სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, ჭანეთი (ლაზეთი), ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, კოლა-არტაანი, სპერი... 1160 ქართული სოფელი შევიდა გურჯისტანის ვილაიეთში (ახალციხის საფაშოში).
აქედან მოყოლებული, თითქმის 300 წელიწადს გაგრძელდა ქვეყნის ძირძველ ნაწილზე ოსმალთა ბატონობა. ეს პერიოდი "საკმარისი" აღმოჩნდა, რომ დაპყრობილი მართლმადიდებელი ქართველები გამუსლიმებულიყვნენ.

მას შემდეგ, რაც საქართველო კიდევ ერთი მტრის, რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომად იქცა, რუსეთმა თავისი პრეტენზიები თავდაპირველად მესხეთზე გამოაცხადა. 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდგომ კი მისი ერთი ნაწილი - სამცხე-ჯავახეთი წაართვა კიდეც თურქ-ოსმალებს ადრიანოპოლის ზავით.

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის კიდევ ერთი ომის დასრულებისას, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა და მესხეთის დიდი ნაწილი (შავშეთი, იმერხევი, კლარჯეთი) საქართველოს დაუბრუნდა.

სამწუხაროდ, "სამშობლოში დაბრუნება" ხანმოკლე გამოდგა. 1918 წელს ლენინმა ქართველთა დაუკითხავად ბრესტის ზავით (რუსეთი-გერმანია-თურქეთი) თურქეთს დაუბრუნა მესხეთის ნაწილი. იმავე ზავით თურქეთისთვის აჭარის "დაბრუნებაც" იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საბედნიეროდ, გიორგი მაზნიაშვილისა და სხვა უდიდეს ქართველ პატრიოტთა თავდადებით აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

სანამ "ახლო და შორეული მეზობლები" საქართველოს უძველეს მიწას აქეთ-იქით ანაწილებდნენ და აქუცმაცებდნენ, ბუნებრივია, ეს პროცესები ყველაზე ტრაგიკულად მოსახლეობაზე აისახებოდა.
თითქოს ის არ გვეყოფოდა, რომ ქართველთა ტერიტორიები ქვეყნისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. არანაკლებ ტრაგიკული ფურცელია საქართველოს ისტორიაში მუჰაჯირობა.



მუჰაჯირი არაბული სიტყვაა და სამშობლოდან სხვა ქვეყანაში გადასახლებულს, გადახვეწილს ნიშნავს.
მუჰაჯირობის პირველმა ტალღამ 1829 წელს გადაუარა სამცხე-ჯავახეთს, როცა იქაურობა ლამის მთლიანად დაიცალა ქართველი მუსლიმებისგან. იგივე გამეორდა ათწლეულების შემდეგ აჭარასა და მესხეთში, ვერც აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაურჩა მუჰაჯირობას.
საქართველოს ქართველთაგან დაცლა შედიოდა როგორც რუსეთის, ასევე ოსმალეთის ინტერესებში. ოსმალეთი ქართველი მუჰაჯირებით ითვისებდა დაუსახლებელ ტერიტორიებს, ხოლო რუსეთი "გამოთავისუფლებულ" მიწა-წყალს მიზანმიმართული კოლონიზაციისთვის იყენებდა.
ოსმალი ემისრები აშინებდნენ მაჰმადიან ქართველებს, რომ რუსები მათ რელიგიურ მრწამსს შეურაცხყოფდნენ, ძალდატანებით გააქრისტიანებდნენ, ხოლო მართლმორწმუნე ოსმალები იზრუნებენ, რათა ცხოვრებისთვის შესაფერისი პირობები შეგიქმნან ჩვენს ქვეყანაში გადმოსახლებულთო...
მუჰაჯირობის შედეგად თითქმის მთლიანად დაიცალა მურღულის ხეობა (ეს ის ხეობაა, მოგვიანებით ლენინმა თურქეთს რომ "უსახსოვრა"). ბევრი გადასახლდა ქვემო გურიიდან, გონიოდან, ქვემო აჭარიდან.

მიდიოდნენ ურმებით, უვარგისი გემებით... არაერთი ემსხვერპლა სიცივეს, აბობოქრებულ ზღვას, შიმშილს, ეპიდემიას... სამშობლოდან გადახვეწილნი დასახლდნენ დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში.
მუჰაჯირობის შესაჩერებლად თავი არ დაუზოგავთ ღვაწლმოსილ მამულიშვილებს: ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, გიორგი წერეთელს, სერგეი მესხს, გიორგი გურიელს, გიორგი ყაზბეგს... მუჰაჯირთა ერთი ნაწილი უკან დაბრუნდა, პროცესი კი შენელდა... უმეტესობა კი სამშობლოსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.
მუჰაჯირობა კარგა ხანს ტაბუდადებული თემა იყო როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში...

"ქართველივით ვაჟკაცურად უნდა იცეკვო!.."

აბდულლაჰ ზორლუს, 11 წლის მეხუთეკლასელ ბიჭს, ცეკვა უყვარდა. ტანად პატარა კი იყო, მაგრამ ისე კარგად ცეკვავდა, სკოლის ანსამბლის სოლისტად შეარჩიეს. კონცერტისთვის ემზადებოდა და რეპეტიციიდან შინ მოსულმა ბაბუას ახარა, ახალი ილეთები ვისწავლეო და თურქულად "დაუარა" სხეულის რხევით. ბაბუა ფეხზე წამოიჭრა და შექების ნაცვლად გაუბრაზდა: - ქართველი ბიჭი ტ...ის თამაშით როგორ იწონებ თავს. შენი წინაპრები, ქართველები, ვაჟკაცურად ცეკვავენ, თითის წვერებზე დგებიან და ხანჯლებს ატრიალებენ... იცოდე, ჩვენ ქართველები ვართო!
პირველად მაშინ გაიგო, რომ... ქართველი იყო! და რომ ბაბუამისი (დედის მამა) ქაზიმი გონეჯი კი არა, ბარამიძე ყოფილა. ასე გაჩნდა პირველი სერიოზული კითხვის ნიშანი მის ცხოვრებაში.

აბდულლაჰის ოჯახი მარმარილოს ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდა, ქალაქ იზმითში. მამა - ომარ ფარუგ ზორლუ ქოჯაელის ვილაიეთში ყველაზე დიდი ქაღალდის ქარხნის დირექტორი იყო.
იმ დღეს, სკოლაში გარმონის ხმას მოჰკრა ყური. სხვა კლასის ანსამბლი მისთვის უცნობ ცეკვას ასრულებდა. დარბაზში შეიხედა და ბაბუას სიტყვებმა ისევ შეახსენეს თავი: - შენ ქართველი ხარ!

მამას "ულტიმატუმი" წაუყენა: - შენ ხომ ქარხნის დირექტორი ხარ, ჰოდა ჩემი სკოლის დირექტორს უთხარი, მურთაზ ბეგის კლასის დამთავრება მინდა. იქ მგონი ქართულ ცეკვებს ასწავლიან და იმ ანსამბლში უნდა ვიცეკვოო.
მამამ კი სთხოვა "კოლეგა" დირექტორს, მაგრამ... შენი შვილი სოლისტია და ვერაფრით ვერ გადავიყვანთ სხვა ანსამბლშიო.
მერე ფეხბურთმა გაიტაცა. 11 ნომრით თამაშობდა და 12 წლისა თურქეთის ჩემპიონი გახდა. სტაჟირება მიუნხენის "ბაიერნის" გუნდში გაიარა... ფეხბურთში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ქართული ცეკვის დარდი არა და არ ასვენებდა.

სამი სიტყვა ქართულად
მართლა ასე იყო. იცოდა, რომ "საქართველო" იყო ართვინი, შავშეთი, არხავი, არტანუჯი, იუსუფელი, არტაანი, თორთუმი, ბორჩხა, მარადიდი, მაჭახელი... სხვა საქართველოზე ყურმოკვრითაც არ იცოდა არაფერი.
მოგვიანებით, ლიცეუმში ართვინულ ხალხურ ცეკვებს სწავლობდა. იქ შეიტყო, რომ იზმითში ერთ დროს ქართული სათვისტომო ყოფილა (გასული საუკუნის 70-იან წლებში). ისიც "გაიხსენა", რომ თვითონაც ქართველი იყო. ცეკვის მასწავლებელმა მუსტაფა უზუნმა (გამეშიძემ) კი ბევრი რამ უამბო ქართველებსა და საქართველოზე. ასე "ნაპოვნი" სამშობლოს სიყვარულს ცეკვით გამოხატავდა. მუსტაფასგან ქართული ცეკვების ერთი უბრალო მოძრაობაც არ დაუტოვებია უსწავლელი.

1984 წელს მის ქალაქში სუხიშვილების ანსამბლმა გამართა კონცერტი. პირველ რიგში იჯდა. გულმა არ გაუძლო და კულისებამდე ააღწია. უნაკლოდ იმეორებდა კულისებში "თანამემამულეთა" მიერ შესრულებული ცეცხლოვანი ცეკვების ურთულეს ილეთებს. ერთ ქართველ სოლისტს (რომლის გვარიც, სამწუხაროდ, ვერც იკითხა) ისე მოეწონა ახალგაზრდა მოცეკვავე, დაუძახა და ჰკითხა, ქართული ცეკვები ასე კარგად სად ისწავლეო.
- მე ქართველი ვარ! - უპასუხა ამაყად, ოღონდ ეს სამად სამი სიტყვა იყო, მაშინ რომ იცოდა ქართულად!

ქართველმა მოცეკვავემ კონცერტის შემდეგ სთხოვა, დამელოდეო და კულისებში მის თვალწინ გაიხადა აჭარული ფორმა, ასე ძალიან რომ მოსწონდა აბდულლაჰს. დანანებით ადევნებდა თვალს, როგორ ათავსებდა საგანგებოდ შეკერილ ტომარაში ქართველი მოცეკვავე აჭარულ სამოსს. მერე კი ისეთი რამ მოხდა, მხოლოდ ზღაპარში თუ წარმოიდგენდა: ქართველმა მოცეკვავემ ეს ტომარა აბდულლაჰს გადააწოდა და უთხრა, - ჩემგან სახსოვრად გქონდესო!
იმ პირველ ქართულ სამოსს დღემდე ინახავს.

სტამბოლის უნივერსიტეტში სწავლისას (საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა) "შამილის ფონდის" კავკასიურ ანსამბლში ცეკვავდა. მის შესახებ იბერია მელაშვილს, ქართული დიასპორის პირველი ლიდერის, აჰმედ მელაშვილის (1981 წლის 5 ივლისს მოკლეს) ვაჟს გაუგია, ერთი ბიჭია და ქართულად ცეკვავს, სუხიშვილების მოცეკვავეების "კოპიოაო"... მათი მეგობრობაც აქედან დაიწყო.



,,საქართველოს "საძიებლად"

1987 წელს ქალაქ ბურსაში ქართული სათვისტომო ჩამოაყალიბა და ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლიც შექმნა.
მომდევნო წელს საქართველოში ჩამოვიდა ქართული დიასპორის დელეგაციასთან ერთად. ახალგაზრდა, მაგრამ თურქეთში უკვე ცნობილი ადვოკატი იყო. 18 წლისას ჟურნალი "ჩვენებურები" ჩაუვარდა ხელში და სახელი არჩილი საკუთარ თავს თვითონვე შეურჩია. გვარიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ "შეიძინა". სავარაუდოდ, მისი შორეული წინაპრები ზუბალაშვილები თუ ზუბადალაშვილები ყოფილან. "დროებით" ზოიძე გახდა, ბათუმელი ახლობლების პატივსაცემად ატარებს ამ გვარს, სანამ თავის ნამდვილ გვარს "იპოვის"...

1990 წელს იზმითშიც გახსნა ქართული სათვისტომო. აქედან გადაიდგა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ქართველების დასაახლოებლად. პირველ წელს სამი სტუდენტი ჩამოიყვანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლად. სამთავრობო დონეზე დამტკიცდა თურქეთიდან ჩამოყვანილი ახალგაზრდების საქართველოში სწავლების პროექტი. ყოველი ჩამოსვლისას დედა ენის სახელმძღვანელოებითა და ქართული კულტურის ისტორიის ამსახველი ლიტერატურით დატვირთული ბრუნდებოდნენ უკან.

არჩილი: - 1994 წლამდე 150 ახალგაზრდა სწავლობდა საქართველოში. მერე ერთხანს ყველაფერი აირია. ქართულ დიპლომსაც ფასი აღარ ჰქონდა და აღარც შვილებს აგზავნიდნენ თბილისში. საბედნიეროდ, დღეისათვის სიტუაცია შეიცვალა. ახლა თურქეთში 50 ნიჭიერი ახალგაზრდა ემზადება (ქართულ ენას ეუფლებიან), გაისად რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ. მიხარია, რომ ჩემი სიტყვით გზავნიან შვილებს საქართველოში.

მის წინაპარს გვარი ათათურქმა უბოძა...

აბდულლაჰს, არჩილის ბაბუას, ექვსი ძმა ჰყოლია. შვიდივენი სულთანთან დაახლოებული ყოფილან (ერთ-ერთ ძმას, ჰასანს, მუსტაფა ქემალ ათათურქი გვერდიდან არ იშორებდაო) და თურქეთის ომში თავდადებისთვის ორდენებიც მიუღიათ. ღვთის მადლით, შვიდივე ძმა გადარჩენილა სასტიკ ომში და ათათურქს მათთვის "ზორლუ" უწოდებია, რაც თურქულად ძალიან ძლიერს ნიშნავს. აქედან მოდის მათი თურქული გვარიც - ზორლუ.
არჩილი ლეგენდასავით შემორჩენილ ამბავსაც იხსენებს თავისი შორეული წინაპრის, ქრისტიანობისთვის წამებული ბაბუის შესახებ. თავის დროზე მას ვერც სჯული შეაცვლევინეს და ვერც სამშობლოზე ათქმევინეს უარი თურმე... ერთი ამბავი კიდევ ბაბუამისისგან ახსოვს, - მამიდა გვყავდა ერთი, ბათუმის ეკლესიაში აღიკვეცა მონაზვნად და ასე გადაურჩა თურქეთში გადახვეწასო. არჩილმა მიაგნო ძველ საეკლესიო დავთრებში იმ სავარაუდო შორეული მამიდის, ვინმე ზუბალაშვილის თუ ზუბადალაშვილის კვალს...

ათასკაციანი ქორწილი

ამ ქორწილს დღესაც იხსენებენ იზმითში.
...23 წლისა იყო, როცა სეიჰანს შეხვდა. ქართველი ქალის გარდა ცოლს არ მოვიყვანო, მეგობრებს გამოუტყდა და ერთ-ერთმაც უთხრა, ჩემი ახლობელი ქართველი ლამაზი გოგო უნდა გაჩვენო, ოღონდ ჯერ ძალიან პატარააო. დაუფიქრებლად გაჰყვა "ქალის სანახავად". დაძახება არ დასჭირვებიათ, პირველი სართულის აივანზე იდგა სეიჰანი. მუქი მწვანე თვალებით მოხიბლა. 15 წლისა იყო და მაშინ ვინ გაათხოვებდა.

ყველაფერი "იქაური ქართული" ტრადიციის მიხედვით წარიმართა. ექვსი წელიწადი შეყვარებულები იყვნენ, აქედან სამი - დანიშნულები. ქორწილამდე ერაყში მოუწია გამგზავრებამ საომრად. სპეცნაწილის წევრი იყო და 16-კაციან ჯგუფს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ლეიტენანტი.
ერაყიდან დაბრუნების შემდეგ სეიჰანი გამოუტყდა, დიდხანს ვქარგავდი ოქრომკედით საქორწინო კაბასო (ომში წასვლამდე საქმრომ "ულტიმატუმი" წაუყენა, ქორწილში შენი შეკერილი და მოქარგული კაბა უნდა გეცვასო!).

და მართლაც, ქორწილზე სეიჰანს ქართული ორნამენტებით ნაქარგი კაბა ეცვა, არჩილს - ქართული ჩოხა!
ათასკაციანი ქორწილის სტუმართა შორის გამორჩეული ადგილი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ეჭირა, რომლის ხელმძღვანელიც ნეფე იყო. არა მხოლოდ ხელმძღვანელი, ანსამბლის სოლისტიც იყო არჩილი, სეიჰანიც სოლისტი იყო. ამიტომაც მათი ქორწილი სადღესასწაულო კონცერტს უფრო ჰგავდა...
ის თავისი საპატარძლო კაბა სკივრში არ შეუნახავს სეიჰანს. მისი მსგავსი კიდევ ორი შეიკერა პატარძლის დიზაინით და "სამაიას" ამ კაბებით მერე დიდხანს ცეკვავდნენ.



პატრიარქმა ბევრჯერ მითხრა, ჩემი შვილობილი ხარო...
არჩილი: - ახალდაქორწინებულები საქართველოში ჩამოვედით. გულმა არ მომითმინა და პატრიარქთან მივიყვანე სეიჰანი. მანამდეც მივდიოდი ხოლმე უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან. მაშინაც და ახლაც, როცა მხედავს, თვალები სითბოთი აევსება ხოლმე. გაოცებული ვარ, საიდან მოდის ამხელა სიყვარული, მე ხომ მისთვის ერთი სამშობლოდან "გაძევებული" კაცი ვარ, რომელიც ისევ სამშობლოს ძახილს მოჰყვება უკან და უნდა, სხვებიც გამოიყოლოს... რა ვიცი, ალბათ ეს ჩემი სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარული დაინახა და ამიტომ ვუყვარვარ. ვიცი, ვუყვარვარ... მარტო მე კი არა, ყველა მუჰაჯირი უყვარს. ჩემი შვილობილი ხარო, ბევრჯერ მითხრა და მასთან ყოველი სტუმრობა თითქოს მეც სიცოცხლეს მმატებს და მავალებს, ერთგულად ვემსახურო ჩემს ქართველებსა და საქართველოს, თურქეთშიცა და საქართველოშიც.

საქართველოზე ფიქრით

დიახ, საქართველოზე ფიქრით და მუჰაჯირთა საქართველოსთან დასაახლოებლად იქმნება ქართველთა სათვისტომოები ბურსაში, იზმითში, გოლჯუკში; საქართველოს ხელოვნების ცენტრი სტამბოლში; ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები თითქმის ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში...
არჩილი: "თურქეთის პარლამენტში რომ მუჰაჯირთა გათურქების კანონი დაუმტკიცებიათ ჩუმად, ახლახან გავიგეთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს აღარ გვიკრძალავენ ქართული ენის სწავლებას. ბევრი მუჰაჯირი და მათ შორის მეც მთელი ოჯახით, ორმაგი მოქალაქეები ვართ.

საქართველოში, როგორც გითხარით, 90-იანი წლებიდან უფრო ხშირად ჩამოვდიოდი ანსამბლთან ერთად. 2001 წელს ბაიარ შაჰინიც ჩამოვიყვანეთ. კონცერტები გავმართეთ ბათუმში, ქუთაისში, გორში, თბილისში... აქედან გაიცნეს ქართველებმა ბაიარი და აქედან დაიწყო მისი პოპულარობა.
წლის ბოლოს კიდევ ერთი ქართული კულტურის ცენტრი გავხსენით ქოჯაელის ვილაიეთში და მინდა, მსგავსი ცენტრები ყველგან გაიხსნას, სადაც კი ჩვენი ხალხი ცხოვრობს. გული მწყდება, რომ იქ უფრო ადვილია ქართველობის დაკარგვა და მინდა ხელი შევუწყო, რომ ქართველებმა ქართველობა არ დაკარგონ".
იქაურ ქართველ ბიჭებს ფეხბურთშიც აოსტატებს არჩილ ზოიძე. "ქოჯაელისპორის" ვიცე-პრეზიდენტია. ეს გუნდი თურქეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში თამაშობს და პირველში გადასასვლელად ემზადება.

ამდენი სათვისტომო თუ კულტურის ცენტრი, სოლიდური საადვოკატო ფირმა, მცირე ბიზნესი თბილისშიც, ახლა კიდევ ფეხბურთელთა გუნდის ვიცე-პრეზიდენტობა... თბილისიდან იზმითამდე 1600 კილომეტრია. თვეში ზოგჯერ რამდენჯერმე უხდება ამ მანძილის "დაფარვა" ხან თვითმფრინავით და არცთუ იშვიათად მანქანით, რომლის საჭესაც თვითონ უზის.
- ეს ყველაფერი ჩემს საქართველოზე ფიქრით მოდის, თორემ თურქეთში ჩემნაირი ადვოკატი ბევრი კი არ ჰყავთ, ვიქნებოდი ჩემთვის მშვიდად იზმითში ან სულაც სტამბოლში ვიცხოვრებდი და არც ამდენი სადარდებელი მექნებოდაო, - გვითხრა.



ოჯახი და ტრადიციები

არჩილის ოჯახი ახლა ქალაქ გოლჯუკში ცხოვრობს, ოფისი იზმითში აქვს, თურქეთში ცნობილ საადვოკატო ფირმას ხელმძღვანელობს. მამამისს, ომარ ფარუგ ზორლუს საბუღალტრო ფირმა აქვს და სეიჰანიც იქ მუშაობს. ძმა არსენ (ახმედ) ზორლუ (ზოიძე) თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმია იზმითში. საერთაშორისო დახმარების ფონდშიც მუშაობს (საავადმყოფო ააშენეს პაკისტანში). და - აიშენ (მაია) ქოჯაელის ვილაიეთის ბიზნესმენთა კავშირის მთავარი ბუღალტერია, ქმარიც ქართველი ჰყავს - სუათ (სოსო) გაბრიელაძე და სამ შვილსაც ზრდიან.

არჩილი: - დიდი ოჯახი გვაქვს, ტრადიციების პატივისმცემელი. დედა სახელს, ანუ აბდულლაჰს, ვერ მეძახდა და შვილოთი მომმართავს. მე ბაბუის სახელი მერქვა, რძალს კი უფლება არ ჰქონდა მამამთილის სახელი ეხსენებინა. ეს "უმძრახობა" დღემდე გრძელდება ჩვენს ოჯახში. დედა მამასაც შეფარვით ეძახის ფარუგას, სხვები ომარს ეძახიან.

ტარიელი 12 წლისაა და ფეხბურთს თამაშობს ქოჯაელის გუნდში. ჩემპიონობისთვის ემზადება. ჩემპიონობისთვის და... საქართველოს ან თურქეთის ნაკრებში სათამაშოდ. ქართულიც იცის, თურქულიც და უცხო ენებსაც ეუფლება. "მუდმივად მომავალზე უნდა ვიყუროთ" - ეს ტარიელის სლოგანია. მთლად გამართულად ვერ ჟღერს, მაგრამ ტარიელი საქართველოში აპირებს სწავლას და მალე ქართულშიც უფრო გაიწაფება.
თამარი 17 წლისაა, კოლეჯში სწავლობს, საბალეტო სტუდია დაამთავრა და ახლა იზმითის ხელოვნების სასახლის თანამედროვე ცეკვების ანსამბლში ცეკვავს. ექიმობაზე ოცნებობს და გამოცდების ჩაბარებას თბილისში აპირებს... ქართული თამარმაც იცის.

სეიჰანი კი ენების ცოდნაში ნამდვილი "ჩემპიონია". ფლამანდიურიც იცის, ინგლისურიც, გერმანული და რაღა თქმა უნდა - ქართული და თურქული ენები.
არჩილმა კი ინგლისური იცის, ცოტა გერმანული, ლაზურიც. გული წყდება, რომ ქართული ენის სწავლა 20 წლისამ დაიწყო და მთლად ისე ვერ გამოუდის ლაპარაკი, როგორც თვითონ უნდა. სამაგიეროდ, მისი ქართველი მეგობრები ან ისინი, ვისთანაც სამსახურებრივი თუ შემოქმედებითი ურთიერთობა აქვს, ამას ოდნავადაც ვერ გრძნობენ. მათ სჯერათ, რომ არჩილ ზოიძე ნაღდი ქართველია, რომ იგი აუცილებლად "იპოვის" თავის ნამდვილ ქართულ გვარს და რომ არჩილის ოცნებაც ასრულდება: მისი გვარი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში...

ავტორი: სალომე შოშიტაშვილი


წყარო: http://www.kvirispalitra.ge/history/16039-chemi-gvari-unda-dabrundes-am-mitsaze.html
კატეგორია: გამოჩენილი ქართველები | დაამატა: avtandil (14.03.2013)
ნანახია: 2983 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 babuka   (10.06.2013 18:29:39) [მასალა]
იხაროს თქვენმა ჯიშმა და ჯილაგმა 10

0   Spam
2 giohunt1982   (14.03.2013 13:13:24) [მასალა]
166 მისი გვარი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში...
166

+1   Spam
1 avtandil   (14.03.2013 13:00:51) [მასალა]
ეს წაიკითხეთ აი. პოლიტიკურ ვიდეოების დადებას და ყურებას და ნახავთ რას შვება ქართული სისხლი. . .

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика