ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

შილდელი მონადირეები

შილდელი მონადირეები

                 ოქტომბრის მიწურული იყო. მთაში ადრე ჩამოთოვა, ბარში კი ისევ შემოდგომის სურნელი ტრიალებდა. ნორიოში მივდიოდით, ადესის თალარი უნდა დაგვეკრიფა. ოტია იოსელიანს იქ მშვენიერი აგარაკი ჰქონდა პატარა ვენახით, წყლის წისქვილით, ფუტკრის სკებითა და საკუთარი ხელით აგებული სახლი. სახლის ნამდვილი გვირგვინი იყო ბუხარი, ისიც პატრონის ნახელავი. ზამთარში, როცა გარეთ ყინვა ,,ქვასა ხეთქავდა”, ბუხართან ჯდომას არაფერი სჯობდა. მე შენ გეტყვი მასპინძელი მოგაწყენდა! სათქმელი დაელეოდა თუ რა! ხელში თავისი განუყრელი, ყველა ნაცნობისთვის სამახსოვრო გრძელი მუდშტუკი ეჭირა, ორ_სამჯერ ნაფაზს დაარტყამდა და დაიწყებდა.... ეს საუბრები მართლაც დიდი გაკვეთილები იყო. ყველაზე მეტად მაინც სოფლის ავ-კარგის ცოდნით მაოცებდა. არ არსებოდა საგლეხო საქმე, მისთვის უცხო რომ ყოფილიყო. სწორედ რომ ბატონ ოტიას ,,თეორიული კურსების” უტყუარი გარანტი გახლდათ ის სახლიც, ბუხარიც, წისქვილიც, და ფუტკარიც. ხო მარ გგონიათ, ვენახს ვინმე სხვა უსხლავდა ან უწამლავდა. თვითონ ზრუნავდა სკების გაყოფაზეც და თაფლის გამოწურვაზეც. მე მხოლოდ დამხმარე ვიყავი. იმ წლებში ხშირად მიხდებოდა ოტიას გვერდით ტრიალი (ამაზე ზემოთაც არაერთხელ მოგახსენეთ). თუ მასთან მისვლას, ან დარეკვას დავაგვიანებდი, თვითონ მომაკითახავდა. სალამ-ქალამის შემდეგ ისე, ვითომ სასხვათაშორისოდ მკითხვდა, ქალაქიდან გასვლას როდის მოვახერხებდი. ასე იმიტომ მექცეოდა რომ შეუბოჭავად მეგრძნო თავი. ახლაც ასე გამანდო, ნადირობაზე მოთხრობას ვწერ და ცოტა გავიჭედეო. –სადმე ხო მარ წავიდეთ, თუნდაც კახეთში? –ვკითხე. _დიდებული აზრია! _იგულისხმეთ, რომ საქმე მოგვარებულია. იმხანად ფრიად პოპულარული გაზეთის ,,სოფლის ცხოვრების” რედაქციაში ვმუშაობდი. მივლინებებში სიარული ხშირად მიხდებოდა და რაიონი არ იყო, ორი-სამი მეგობარი არ მყოლოდა. ასე შემოვიარე მთელი საქართველო. გული განსაკუთრებული სიხარულით ყვარლისკენ მეწეოდა. იქ რაიკომის მდივნად თანაკურსელი ვალერი ზურაშვილი მუშაობდა. სხვებიც იყვნენ კობა გელაძე, ალეკო გიგილოშვილი, ქაზიმა მარადიშვილი, არჩილ მაისურაძე... იმათ ჩემი გამოჩენა მზის ამოსვლასავით უხაროდათ, ახლაც ყვარლისკენ გამიწია გულმა. დაველაპარაკე რაიკომის პირველ მდივანს რობერტ ურჯუმელაშვილს, ასეა და ასე, სანადიროდ გვინდა ჩამოსვლა და რას მეტყვით მეთქი. ჩამობრძანდით ყველაფერს მოვაგვარებთო. პარასკევ საღამოს ყვარელში ვიყავით. სასტუმროში გველოდნენ და კარგად დაგვაბინავეს. ის ღამე ძილღვიძილში გავატარეთ. მაშინ შევიტყვე რომ კოტე მარჯანიშვილი ბატონ ოტიას ენათესავებოდა. უამისოდაც ირგვლივ იმდენი საოცრება გარანდულიყო! ხელის ერთ გაწვდენაზე იდგა ილიასეული სახლი და თავს გვახსენებდა ყვარლის მთებიდან მოახლოებული ზამთრის სუსხი. სადღაც ახლოს იყო კუდიგორის მთა, კაკოს სამეფო. განთიადისას ძლივს ჩავთვლიმეთ და კარზე კაკუნიც გაისმა. ალექსანდრე გიგილოშვილი შემოვიდა, ყვარლის რაიკომის განყოფილებს გამგე.  მზადა ხართ? მისალმების შემდეგ იკითხა.  თითქმის... მაშინ წავიდეთ, გველოდებიან... შილდაში მივდიოდით დედას ლევანას შილდაში. იქ მთავარი მასპინძელი და ნადირობის ავანჩავანი, ალექსანდრეს მამა ელიზბარ გიგილოშვილი გველოდა თავისი ნაზირ-ვეზირებით. ბატონი ელიზბარი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი, დინჯად ირჯებოდა. მაშინვე მოგვეწონა. ჩვენი იარაღი გასინჯა და კმაყოფილებით ჩაიღიმილა:  ასეთი იარაღის პატრონი, არ შეიძლება ცუდი მონადირე იყოს! ოტია იარაღის შექებამ ფრიად ასიამოვნა. მისი არ ვიცოდი, მაგრამ მე ბავშვობაში თვითნაკეთი ,,ტეტე”რომ მეჭირა, მის მერე თოფი ხელში აღარ ამიღია.  ელიზბარს მეგობრებიც მოეყვანა. სამწუხაროდ მათი სახელები აღარ მახსოვს: მაგრამ ეგ არაფერი: კახელ კაცს ან გოგია ერქმეოდა, ან ვანო, მიხა, ლექსო... მეც ეგრე მოვიხსენიებ. შილდაში დიდხანს არ დავყონებულვართ. მასპინძელებმა ,,კოლხოზნიკსა” და ,,ნივაში” ჩატვირთეს ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა და დავიძარით. ამასობაში ინათა კიდეც. შილდის ხევმა, სადამდეც შეეძლო, შეგვიშვა. იქით გზის გაგრძელებაზე ოცნებაც მკრეხელობა იყო უზარმაზარი ლოდები მართლაც ზღაპრული დევებივით მხართეძოზე წამოწოლილიყვნენ.  აქ შევჩერდეთ! ბრძანა ელიზბარმა. ხეობაში ცივი ქარი ქროდა. მდინარე ყინულის ჯავშანქვეშ მიიპარებოდა. უკვე კარგად მოჩანდა მთათა ჩამოთეთრებული კალთები. გოგიამ, ვანომ, მიხომ და ლექსომ ნარიყი შეაგროვეს და ხელად კოცონი ააგიზგიზეს. მანქანიდან შოთი პურები, გუდის ყველი, შემრეშილი პამიდვრები, არაყი და სამწვადე გადმოიღეს. ერთი პირობა სიცილიც კი დავაპირე, სანადიროდ წამოვედით და სამწვადე სახლიდან წამოვიღეთ! მაგრამ ენას კბილი დავაჭირე, რა ვიცი, ხალხი ვართ, არავინ გამინაწყენდეს მეთქი. თურმე, რომ მეთქვა შიგ ათიანში მოვარტყამდი! ირგვლივ მწვადის მადისამღძვრელი სუნი დატრიალდა. სამ-სამი ,,მწარე” გადავკარით. შევჟიავდით, სითბომ სასიამოვნოდ დაგვიარა ტანში.  ამ სუნზე ნადირი ან აქვე გვეწევა, ან ცხრა მთას იქით გადაიკარგება, გულმა არ მომითმინა.  გადაკარგვით სად გადაიკარგება. აქ მოვა და კაი ნაზუქსაც გამამმტყუებს,  იცინის გოგია თუ ვანო. ელიზბარს ეღიმება, თქმით კი არაფერს ამბობს. სახელდახელო საუზმე დავამთავრედ და გზა ფეხით განვაგრძეთ. გავხურდით. სიცივეს ვეღარ ვგრძნობთ. ,,ნეტავ კიდევ დიდხანს ვივლით?” ამის გაფიქრება იყო და ელიზბარი შეჩერდა:  გავნაწილდეთ. აემ ფერდობს შევუყვეთ. როგორც კი სერზე ახვალთ, ძაღლები გაუშვით. რაც შეიძლება იხმაურეთ. ერთი სიტყვით, თქვენი საქმე აკეთეთ, მიმართა მარეკებს. ოთხ საათზე აქ შევიკრიბოთ.  ოტია გოგიას, ვანოსა და მიხოს ,,ერგო” მე ელიზბარმა თავისთან დამტოვა.  ფერდობს აღმა შევუყევით. ბარში ხეებს ჯერ კიდევ ჭრელაჭრულა სამოსი ეცვათ აქ კი ყველა ერთნაირად გაშიშვლებულიყვნენ. ელიზბარი ღონივრად მიარღვევდა მუხლამდე თოვლს, თან ყველაფერს აკვირდებოდა. მიჭირდა, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მივდევდი. ქანცი გამძვრა, გული ყელში მებჯინებოდა, ელიზბარი კი არაფერს იმჩნევდა. ტყე გაყურსულიყო. ათასში ერთხელ თარსი ჩხიკვი თუ ატეხდა ჩხავილს, ნადირ-ფრინველს აფრთხილებდა, თოფიანები მოდიანო. ჩხიკვის ჩხავილი, ჩვენი ფეხის ხმა და ხამუშ-ხამუშ ტოტებიდან ჩამოშლილი თოვლის შრიალი არღვევდა მყუდროებას. როგორც იქნა, მარეკებმა ყვირილი ატეხეს. თოფის ხმა და ძაღლების ღავღავი გაღმა სერებს შეასკდა. ,,აი ახლა დაიძვრება ნადირი”, ვფიქრობ. მგონია ყველა ბუჩქიდან გამოცვივდებიან დათვები ტახები მგლები და კურდღლები. მაგრამ... თქვენც არ მომიკვდეთ! ისე მოსაღამოვდა, ნადირისთვის კი არა, ნაჩლიქარისთვისაც თვალი არ მომიკრავს... ელიზბარიც რომ არაფერს ამბობს! არ ვიცი, იქნებ მე, გამოუცდელი რო ვარ, ტყის საიდუმლოებას ვერ ჩავწვდი, ხოლო ელიზბარის მახვილ თვალს და სმენას არაფერი გამოჰპარვია? აბა, მართლაც საიდან უნდა მცოდნოდა, რომ… ნადირობასაც თავისი მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს წინ. ნირი წამიხდა. ხეებმა თანდათან დაკარგეს ჩრდილი, მე ინტერესი. მოსაღამოვდა და დათქმულ ადგილას დავბრუნდით. მინდა, რაიმე ვკითხო ელიზბარს, ვანოს, მახოს, ლექსოს, მაგრამ რაღაც მაკავებს. იმისიც მეშინია უნებურად თავი არ გავცე, რომ ნადირობისა არაფერი გამეგება. ჩვენს გოგიას, ვანოსა და ლექსოს, საგანგაშო ვერაფერი შევამჩნიე. იმათთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი ამბავიც ყოფილიყო. ბოლოსდა ბოლოს ყველა ნადირობა წარმატებით რომ მთავრდებოდეს, საქართველოში თითით საჩვენებელი ნადირ-ფრინველი აღარ დარჩებოდა. არც ოტია იღებდა ხმას. შილდაში კი გაშლილი სუფრა გველოდა. მართლაც მეფური სუფრა იყო! ელიზბარის მეუღლეს არაფერი დაეშურებინა, რომ ძვირფასი სტუმრისთვის საკადრისი პატივი ეცათ. ოტიამ იხუმრა: _რა გიქნიათ, ნანა! გოჭი და ქათამი აღარ დატოვეთ?  მაინც რაღაცა აკლდა სუფრას.  და ეს ,,რაღაც” უცბათ აღმოვაჩინე ნანადირევი! მასპინძელი კი ენამჭევრობდა, ჩინებულ სადღეგრძელოებს ამბობდა.  ბატონო ოტია, ასე ზედმიწევნით საიდან იცნობთ ქალის ფსიქოლოგიას. გაბედა და ჰკითხა დიასახლისმა.  ტოლსტოიმ შესანიშნავი ნოველა დაწერა ცხენზე. როცა ჰკითხეს ცხენის ხასიათს ასე საიდან იცნობთო, უპასუხა, რა ვქნა, ცხენი არასოდეს ვყოფილვარო... არ ვიცი დიასახლისი მიხვდა თუ არა ხუმრობას, მოსწრებული პასუხით მაინც კმაყოფილი დარჩა. ოტიამ თავისი ჩანთა მოითხოვა, ახალგამოცემული წიგნები ამოალაგა, თავფურცელზე წარწერები დაურთო და დიასახლის მოწიწებით გადასცა. ამ მშვენიერი საღამოს სამახსოვროდ გქონდეთ... მერე ელიზბარს მიუბრუნდა: ყველაფრისთვის დიდი მადლობელი ვართ.  ახლა უნდა დაგემშვიდობოთ და თბილისში დავბრუნდეთ... ეს განცხადება მასპინძელისთვის კი არა, ჩემთვისაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა. არსადაც არ ეჩქარებოდა. უფრო მეტიც: თბილისიდან რომ წამოვედით, ვიცოდით შაბათსაც, და კვირასაც ყვარელში გავატარებდით. აბა, რა ბზიკმა უკმინა ბატონ ოტიას?!  როგორ! შეიცხადა ელიზბარმა.  რა დროს წასვლაა! ჯერ ხომ არ გვინადირია! ვერ გაგიშვებთ...  რაც ვნახე ჩემთვის ესეც საკმარისია,  უკან არ იხევდა სტუმარი.  აბა, როგორ შეიძლება ბატონო ოტია!  ელიზბარს მხარი აუბეს გოგიამ, ვანომ, მიხომ, და ლექსომ.  თუ გინდათ, ყელი გამომჭერით. დღეს ყველაფერი ვიღონეთ, რომ ხვალ ვინადიროთ, ამბობს ელიზბარი. ამათ რომ უყურებთ, ძმაკაცებზე მიგვითითა, ეგერები არიან. თქვენი ხათრით, თორემ თუ წახვალთ ტყეში ფეხს არ შემადგმევინებენ... ყველას გაეცინა.  გამოცდილი მონადირე ხართ, უთხარით რამე, მოგვიანებით მომიბრუნდა ელიზბარი. პირზე მომდგარი ღიმილი ძლივს შევიკავე. მე და მონადირე! კვალში რო მივდევდი და დაღლა არ შევიმჩნიე, ელიზბარმა ალბათ ამიტომ გააკეთა ასეთი დასკვნა.  ბატონო ოტია, ხვალ მაინც კვირაა. ნუ ვაწყენინებთ ამ კეთილ ხალხს, დავრჩეთ!  ჰოი საოცრებავ!  მე შენ გამო ვჩქარობდი, თორემ ჭკვიანი კაცი აქედან ნამდვილად არ წავა! ცოტა იმერულად მოუქცია ოტიამ. სუფრა გახალისდა. მასპინძელი მეცხრე ცაზე იყო.  აბა ქეიფი უსიმღეროდ იქნებოდა? თანაც დედას ლევანას შილდაში! მე მაინც კარგი მომღერალი ვერა ვარ სამაგიეროდ ლექსო, ვანო, მიხო, გოგია არაკრაკებდნენ და არაკრაკებდნენ! სუფრიდან გვიან ავიშალეთ, მაგრამ მეორე დღეს ნადირობა გველოდა. დილით მანქანები ისევ ნაცნობ ადგილას შევაჩერეთ. მასპინძელმა ამ ჯერად სულ სხვა მიმართულებით წაგვიყვანა. სწორედ რომ გამოცანაა ჩვენი ელიზბარი!  ოტიას და მე მდინარის გამოღმა სახუნდარი მოგვიჩინეს.  ელიზბარის ვარაუდით, ნადირმა სწორედ აქ უნდა გამოიაროს.  ოტია წინ, სასროლ პოზიციაზე იდგა, მე ცოტა მოშორებით დაზღვევაზე. Eელიზბარმა დაგვარიგა და თავის ხალხი წაიყვანა. ირგვლივ სიწყნარე იყო.  არ ვიცი ალბათ, ამ სიწყნარემ და თოვლიანმა მთებმა გამაბრუეს, არც თოფის ხმა გამიგონია, არც ოტიას ძახილი. როდის როდის დავინახე, სერზე წკავწკავით როგორ გარბოდნენ მდევრები. მერე ვანომ და მიხომ მომაკითხა, და არხეინად რომ მნახა, სიცილი დამაყარა: წამო კაცო აქ რას უზიხარ ოტიამ დათვი მოკლა! დათვი მოკლაოო! ყურებს არ დავუჯერე. თოფის ხმა რომ არ გამიგონია!  ეეჰ, როგორ უბრალოდ გავიყიდე, მშვიდობით ჩემო რეპუტაციავ! ოტია თოფსა წმენდდა. ახალგაზრდა დათვს პირველი ტყვია შიგ ყურის ძირში მოხვედროდა და იქვე გაეგორებინა. მეორე ნატყვიარი ზურგზე აჩნდა. მონადირეებმა თქვეს, ერთი ტყვიაც სამარისი იყოო. გოგიას და მიხოს მეორე დათვი დაეკოდათ. საათნახევარი მაინც სდიეს. თურმე იმას მისდევდენენ ის მოწკავწკავე ძაღლები. მონადირეთა დაუწერელი კანონსი მიხედვით თურმე დაჭრილი ნადირის მიტოვება არ შეიძლება. საათები კი არა, დღეები რომ დაჭირდეს მონადირემ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თორემ ნადირიც რომ გამორჩეს შეიძლება სარჩო ვეღარ მოიპოვოს და სოფელს შემოეჩვიოს. შილდაში დაღამებულზე დავბრუნდით. მონადირეებმა ორივე დათვი გაატყავეს და გამოშიგნეს. ერთი ,,ნივაში” ჩაგვიდეს, ზედ ოცლიტრიანი ბოცებიც მიაყოლეს.  ჩვენ ერთი დათვიც გვეყოფა და თქვენი ნანადირევი თქვენი იყოს, უთხრეს ოტიას.  აბა, ვინ არ იცის რომ ნანადირევი თანაბარ ნაწილად იყოფა რამდენი მონადირეც არის იმდენად. იმათ კი ოღონდ სტუმარს პატივი ვსცეთო და მთელი დათვი გამოგვატანეს. ოტია სიხარულს არ იმჩნევდა. თითქოს ყოველდღე სანადიროდ დადიოდა და დათვებსა ხოცავდა. იმის მერე როცა სუფრაზე ჩემი სადღეგრძელოს რიგი მოვიდოდა, ბატონი ოტია უეჭველად იტყოდა: ჩვენ ისეთი ძმობა გვაქ დათვზე სანადიროთაც კი ერთად დავდივართო. ... სადა ხართ ბატონო ოტია თბილისსა და თბილისელებს მოენატრეთ! იქნებ შილდაში ისევ ვახსოვართ და უკვირთ ჩვენს მასპინძელებს რომ აღარ ჩავაკითხეთ? ვიცი, ზიხართ ახლა თქვენი ხელით აშენებული სასახლის მოგუგუნე ბუხართან და იგონებთ ჩავლილ დღეებს. იქნებ იმ ამბებსაც თქვენი სიყვარულით რომ გავანდე ჩემს მკითხველს... 

მინაწერი: ეს ნარკვევი 1998 წელს დაიბეჭდა ,,ახალ ქართულ გაზეთში”. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა სამწუხაროდ უარესობისკენ. ნარკვევის გმირთაგან ზოგიერთი აღარ არის ცოცხალი, მათგან უპირველესად ბატონი ოტია იოსელიანი  შესანიშნავი მწერალი, პატრიოტი და მეგობარი.



წყარო:
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: nanohunt2000 (15.07.2013)
ნანახია: 3602 | კომენტარი: 3 | ტეგები: მონადირეები, შილდელი | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 QG   (04.11.2016 22:03:11) [მასალა]
ეს ამბავი ჩემს ბავშვობაში მოხდა, მე ელიზბარის ქალიშვილი ვარ, კარგად მახსოვს ოტია იოსელიანის სტუმრობა ჩვენს ოჯახში და ეს ღამეც. ეს დიდი ზეიმი იყო. მამას ძალიან უყვარდა ოტია და ყოველთვის სიამაყით იგონებდა ამ ამბავს, როგორ მოაკვლევინა მას დათვი. მის ნაჩუქარ ,,დაჩის ზღაპრებს" ხშირად უკითხავდა მამა შვილიშვილებს. ნათელში იყვნენ ორივე, დიდებული ადამიანები უკვალოდ არ იკარგებიან. 166 166 166 166

+3   Spam
2 merabnozadze   (23.07.2013 10:49:19) [მასალა]
ეეჰ ნელ~ნელა მიდის ძველი თაობა.ოტიას ზრაპრებს გვიკითხავდნენ ბავშვობისას.....სასიამოვნოა რომ არ გავიწყდებათ ფესვები.......... 10 10

+1   Spam
1 giohunt1982   (15.07.2013 10:40:38) [მასალა]
166 166 ეჰ, ბუმბერაზი პიროვნება იყო!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика