ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

გალაკტიონ ტაბიძის შესახებ და მისი ლექსები

ბიოგრაბია


1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.

მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.

დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:„…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი:აფხაზების, გურულისა და იმერლის".

ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.

1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.

1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს", „შავი ღრუბელი" და სხვა.).

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი".

1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში".

1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი" აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით.

1910 წელს-გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.

1911 წლის ივნისში-გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების:„კოლხიდის", „მნათობისა" და „თანამედროვე აზრის" რედაქციებში.

პერიოდიკაში დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან:აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა.

1912 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „თემის" ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა „უხილავი" მესამე პრემია დაიმსახურა.

1914 წელს-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.

1916 წელს-გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და თავის მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში.

1918 წელს-გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.

1919 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით" („არტისტული ყვავილები").

1922 წელს-გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ „ლომისს".

1922-23 წელს-პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი".

1924 წელს-ჟურნალ „მნათობის" მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა", რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. სწაბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის დაბეჭვდისათვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.

1925 წელს-ჟურნალ „მნათობის" მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი.

1927 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. „ზარნიშიანი წიგნი", როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე „უცნობში".

1927 წელს-გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი", რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები, გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით:„გალაკტიონს – პოეტების მეფეს".

1927 წელს-ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონი", რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა.

1928 წელს-ჩატარდა პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.

1928 წლიდან-გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. „გარდატეხის პერიოდს" და წერსა პოეტურ ციკლებს:„ეპოქა", „პაციფიზმი", „რევოლუციონერულ საქართველოს" და ა.შ.

1928 წელს-გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.

1929 წელს-მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა.

1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.

1932 წელს-გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა.

1935 წელს-გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დავცის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.

1937 წელს-ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა.

1938 წელს-საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 30-ე წლისთავის იუბილე.

1944 წელს-გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1941-45 წლებში-გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის" რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე.

1943 წელს-ზეიმით აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე.

1953-57 წლებში-გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.

1959 წლის 17 მარტს-პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე.

2000 წლის ივნისში-საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.


ლექსები




მთაწმინდისმთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული…
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

1915წ.


მე და ღამე



ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,

სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,

არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,

ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,

საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,

ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,

იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

1913.




ატმის რტოო, დაღალულო რტოო…

ატმის რტოო, დაღალულო რტოო,

ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.

ქარიშხალი მოდის საიმდროო,

ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.

მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,

ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.

დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.

ქარი კივის, ქარი კივის, კივის.

ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,

ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,

თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი…

ატმის რტოო, დაღალულო რტოო.




ბარათაშვილი

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.

ვითარ ვრცელია შუაღამის ჟამთა სიალე!

გრიალებს ქარი

უსაფართ თანამოხეტიალე -

და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.

ბარათაშვილი გადმოვსცქერი მშობლიურ არეს…

ოჰ, სად, სად არი

სატრფო ან მოძმე და მეგობარი?

და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.

რაკი ლაღი ხარ, საქართველოვ, ზეცამან იცის -

შევიძლებ მკვდარი

მშვიდობიანად ატანას მიწის!

და მომავალის აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.

მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით

აწ ლანდად მდგარი,

აწ ფერფლი, როსმე მიმქროლი მერნით…

და იდუმალი აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.





მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი…

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა…

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს…

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან "მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს "მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,




ქარი ჰქრის

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…

ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?

როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს

ვერ გპოვებ ვერასდროს… ვერასდროს!

შენი მე სახება დამდევს თან

ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!

შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის…

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!








და ბოლოს….

მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა…

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური…

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

"გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე… თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: "ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება…

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: "ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა…

ასე იცის თანაგრძნობამ… შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება…

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: "შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული…

გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული…

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა… გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა…

განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

"თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს…

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ… წამიყვანე, სადაცა გსურს”…

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა…

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა… ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს…

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო…

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო…

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი…

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა…

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება…

ზარსა სცემენ… იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე…

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა… როგორც ხდება…

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

და… მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.





სახლ-მუზეუმი ჭყვიშში ფოტო ვერსია








































































































წყარო: http://ucnauri.com/217562/გალაკტიონ-ტაბიძის-შესახე/
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: avtandil (15.02.2013)
ნანახია: 16457 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 1.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 ვულფ   (16.02.2013 00:59:53) [მასალა]
იბადებიან გენიოსები
და აღარასდროს
აღარ კვდებიან
23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика