ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » ეროვნული პარკები    

მტირალას ეროვნული პარკი
ფლორა და ფაუნა

მცენარეული საფარი

საქართველოში გავრცელებულია მცენარეულობის თითქმის ყველა ტიპი: ტყეები, ბუჩქნარები, ტორფნარები, მდელოები, სტეპები, ნახევრად უდაბნოს მცენარეულობა, ზღვისპირა ქვიშნარების მცენარეული თანასაზოგადოებები, სუბნივალური ფლორისტული კომპლექსები. ფლორის ასეთი სიმდიდრესა და ენდემურობის მაღალ დონეს განაპირობებს საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების ნაირგვარობა. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე აღწერილია ფარულთესლოვანი (ყვავილოვანი) მცენარეების 4300, შიშველთესლოვანი - 20-მდე, გვიმრანაირების - 75, ხავსების - 665, წყალმცენარეების - 2000-მდე სახეობა. 
საქართველოს მცენარეული საფარის ჩამოყალიბების ისტორია მეტად ხანგრძლივი და რთულია. პალეოგენურ პერიოდში საქართველოს ადგილას არსებული კუნძულთა ფლორა პალეობოტანიკური მონაცემების მიხედვით ტროპიკული იყო. ნეოგენურ პერიოდში ჰავის თანდათანობითი გაცივების შედეგად ტროპიკული ჰავის მცენარეების უმეტესობა გადაშენდა და წარმოიშვა ძველი - თბილი და ტენიანი ჰავის ტყის მცენარეების კოლხური რეფუგიუმი (თავშესაფარი).
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძირითადად 3 ტიპის ნიადაგი გამოიყოფა. ზღვის დონიდან 600 მ. გავრცელებულია წითელმიწები, რომლებზეც შერეულ, ფართოფოთლოვან ტყეებს ვხვდებით. აბსოლუტური სიმაღლის მატებასთან ერთად წითელმიწები იცვლება ყვითელმიწა, ყომრალ და ტყის ყომრალ ნიადაგებით, რომლებსაც აქ ძირითადად წიფლნარები და წიფლნარ-წაბლნარი ტყის მასივები მიესადაგება. სწორედ ამ ორი უკანასკნელი ტიპის ნიადაგების სახესხვაობებია ყველაზე ფართოდ გავრცელებული პარკის ტერიტორიაზე. ჭალებში აქა-იქ ალივიური ნიადაგების ფრაგმენტებს ვხვდებით.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია რელიქტურ მცენარეთა იშვიათი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გავრცელებულია 68 ოჯახის 202 გვარის 284 სახეობა, მათ შორის ხემცენარეთა 18, ბუჩქების 21 და ბალახების 245 სახეობაა. 16 სახეობა ენდემურია, მათ შორის კავკასიის 5, საქართველოს 1, კოლხეთის 3 და აჭარის 3 ენდემია. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი იშვიათი რელიქტური ენდემებია: პონტოური მუხა (Quercus pontica), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni), ეპიგეა (Epigaea gaultherioides) და სხვა. მარადმწვანე ბუჩქი უნგერნის შქერი და მედვედევის არყი მსოფლიოში მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიის თითქმის 100% ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული. ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით ტყეები შემდეგნაირადაა განაწილებული:
500 - 600 მ. - შერეული ფართოფოთლოვანი კოლხური ტყეები;
500-600 - 1000-1200 მ. - წაბლის სარტყელი (Castanea sativa);
1000-1200 მ.-წიფლის სარტყელი ((Fagus orientalis).
პარკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ტყის ფიტოცენოზებს წიფლის დომინირებით: ქვედა სარტყელში გვხვდება წაბლნარ-წიფლნარები, სადაც პირველ იარუსში ხშირია რცხილა (Carpinus caucasica), იფანი (Fraxinus excelsior) და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი (Staphylea colchica), ბზა (Buxus colchica), შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rh. Luteum), წყავი (Laurocerasus officinalis) და სხვა. ამავე სარტყელშია გავრცელებული ცენოზები წაბლის დომინირებით, რომლებიც კომპოზიციურად ბევრად არ განსხვავდება წიფლნარებისაგან. 
ზ.დ. 1000-1200 მ-ს მაღლა გვხვდება უნიკალური წიფლნარი ცენოზები უნგერნის როდოდენდრონით (Rhododendron ungernii) და სხვა ტიპის მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ქვეტყით (Rhododendron ponticum, Laurocerasus officinalis, Vaccinium arctostaphyllos, Rhododendron luteum, Viburnum orientalis, Rubus caucasicus). ხეობაში ტიპურია თხმელიანები (მურყნარები) - Alnus barbata-ს დომინირებით ტყის ქვედა სარტყელში და Alnus incana-ს დომინირებით შუა სარტყელში.
ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალობას ანიჭებს მარადმწვანე, მაღალ ბუჩქნართა ფორმაცია `შქერიანი~. აქ შქერიანის გაუვალი რაყები შესანიშნავადაა წარმოდგენილი. შქერიანის ფარგლებში კოლხური რელიქტური სახეობების მონაწილეობის გამო ბევრი იშვიათი მცენარეული თანასაზოგადოება გამოიყოფა. იგი წარმოდგენილია სახეობებით:Rhododendron ponticum, Rh. ungernii, Rh. Luteum, Ilex colchica, Laurocerasus officinalis, Ruscus colchicus. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს მცენარეული თანასაზოგადოებები გამოსახულია მდ. ყოროლისწყლის ხეობაში (მისი მარჯვენა შენაკადის - ნამწვავისწყლის სათავეებში), სადაც შქერიანში გვხვდება აჭარა-ლაზეთის უიშვიათესი სახეობა Epigaea gaultherioides..
შქერიანი მდიდარი არ არის ბალახოვანი საფარით, რაც ბუჩქნარის სიხშირითაა გამოწვეული. თუმცა ჩრდილისა და ნესტის ამტანი ზოგიერთი სახეობა მაინც გვხვდება. ესენია: Dryopteris oreopteris, Athyrium filix-femina, Blechnum spicant, Oxalis villosa და სხვ

ხოველთა სამყარო

წინასწარი შესწავლის შედეგების მიხედვით პარკის ტერიტორიის ცხოველთა სამყარო (ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები და რეპტილიები, თევზები) წარმოდგენილია 95 სახეობით. იმ სახეობათაგან, რომელთა გავრცელებაც პარკის ტერიტორიაზე ეჭვს არ იწვევს 9 სახეობა (ღამურები - სამხრეთული ცხვირნალა და ევროპული მაჩქათელა, კავკასიური ციყვი, დიდი მყივანი არწივი, გავაზი, კავკასიური სალამანდრა, კავკასიური გველგესლა და პეპლები - აპოლონი და კავკასიური ზერინთია) შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, როგორც გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები, ხოლო 23 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი; ზემოთ დასახელებულთა გარდა, ესენია: ფოცხვერი, მურა დათვი, მდინარის კალმახი და სხვ.. პარკის ტერიტორიაზე მსხვილი ძუძუმწოვრებიდან, ასევე, გავრცელებულია შველი (Capreolus capreolus) და გარეული ღორი (Sus scrofa). შედარებით დიდი ზომის სხვა ფრინველებიდან გვხვდება: ჩია არწივი (Hieraaetus pennatus, ძერა (Milvus migrans migrans), ირაო (Pernis apivorus), ქორი (Acipiter gentilis marginatus) და სხვ.

მდებარეობა და კლიმატური პირობები

ტერიტორიის სიდიდის მიხედვით, საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთერთი ყველაზე მცირე სახელმწიფოა. მისი ფართობი 69,7 ათას კვ. კმ.-ს არ აღემატება. დასავლეთიდან მას შავი ზღვა აკრავს, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან-რუსეთი, სამხრეთიდან კი - თურქეთი და სომხეთი. კავკასიონის დიდი ქედი მას ბუნებრივად გამოყოფს რუსეთისაგან, ხოლო სამხრეთით საქართველოს საზღვარი მცირე კავკასიონის მთიანეთის ქედებსა და ზეგნებზე გადადის. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 85% მთიანია. კავკასიონის უმაღლესი მწერვალების სიმაღლე ზღვის დონიდან 5000 მეტრს აღემატება.

ხმელეთის ამ მცირე მონაკვეთზე ბუნებამ კლიმატური პირობებისა და ლანდშაფტების არაჩვეულებრივი მრავალფეროვნება შექმნა. საქართველოში გვხვდება ტენიანი სუბტროპიკები და ნახევრად უდაბნოები, სფაგნუმიანი ტორფნარები და ხშირი ტყით შემოსილი მთის ხეობები, შავი ზღვის ქვიშიანი ნაპირები და მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში შენარჩუნებულია ველური ბუნების თითქმის ხელუხლებელი ფართობები. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ამჟამად 18 სახელმწიფო ნაკრძალი, 5 ეროვნული პარკი, 11 აღკვეთილი, 3 ბუნების ძეგლი და 1 დაცული ლანდშაფტის კატეგორიის დაცული ტერიტორიაა, რომელთა საერთო ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 7% შეადგენს. დაცული ტერიტორიების ამ ჩამონათვალს, ამჟამად მტირალას ეროვნული პარკიც შეემატა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, რომელიც საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის პირას მდებარეობს, მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ წარმოდგენილია ზომიერი სარტყლის მთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელი ვერტიკალური სარტყლიანობის თითქმის სრული სპექტრი, ზღვისპირა ქვიშიანი პლაჟებიდან დაწყებული, სუბალპური და ალპური საძოვრებით დამთავრებული. აჭარის ტერიტორიის 65,5% ტყით არის დაფარული, რომლის დიდი ნაწილიც მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონეა, მაგრამ აჭარის ბუნების უნიკალობას, პირველ რიგში, რელიქტური კოლხური ფლორა, მარადმწვანე ქვეტყით დამშვენებული კოლხეთის მთისა და მთისწინეთის ტენიანი ტყეები განსაზღვრავს. პლანეტარულ გამყინვარებათა პერიოდში კოლხეთი წარმოადგენდა სითბოს მოყვარულ მცენარეთა თავშესაფარს და მესამეული პერიოდიდან აქ მეზოფილური ტყეები უწყვეტად ხარობს. აჭარა და თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორია გამოირჩევა უძველესი ენდემური სახეობების სიუხვით, რაც განსაზღვრავს მტირალას ეროვნული პარკის დაარსების გლობალურ მნიშვნელობას.

ახლად დაარსებული მტირალას ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის,სახელდობრ, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე მდებარეობს. პარკის ცენტრალური ნაწილის გეოგრაფიული კოორდინატებია: აღმ. გრძედის 41.50º და ჩრდ. განედის 41.40º პარკი 16.000 ჰა-ზეა განფენილი და საკმაოდ კარგად შემონახულ ტყისა და ბუჩქნარის ეკოსისტემებს მოიცავს. პარკის ჩამოყალიბება სამხრეთ კოლხეთის რელიქტური ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვის საშუალებას იძლევა. იმავდროულად, პარკი მნიშვნელოვან საკვანძო ფუნქციას შეასრულებს მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში დაცული ტერიტორიების ქსელის ჩამოყალიბებაში.
პარკის ბირთვული (განსაკუთრებით მკაცრი დაცვის) ზონა მოიცავს თითქმის ხელუხლებელი კოლხური ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც უნიკალური მერქნიანი მცენარეულობითაა წარმოდგენილი. ამ ტერიტორიას უპირველესი პრიორიტეტი ენიჭება ევროპის დასაცავ ტერიტორიებს შორის. ბუნებრივი მცენარეული საფარის ხელუხლებლობა რთული რელიეფით, განკერძოებული, ძნელად მისადგომი მდებარეობითა და გარკვეული დროის მანძილზე დაცვის რეჟიმის არსებობითაა განპირობებული. პარკის ტერიტორია დღემდე რჩება კოლხეთის ცხოველთა და მცენარეთა ბევრი, მათ შორის უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური და რელიქტური სახეობის თავშესაფრად.
პარკს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც ეკისრება - მან ხელი უნდა შეუწყოს ქობულეთი-ჩაქვის ქედის ბუნებრივ ეკოსისტემათა წონასწორობის შენარჩუნებას, რაც თავიდან აგვაცილებს ეროზიულ-მეწყერული მოვლენების განვითარებას და წყალმოვარდნებს, როგორც მთის, ასევე ბარის ზონის შესაბამის ზოლში. ekoლოგიურად სუფთა გარემო ქმნის იდეალურ პირობებს სასმელი წყლის მარაგის სტაბილურობისა და სისუფთავისათვის.
გეოლოგიური თვალსაზრისით, პარკის ტერიტორია მცირედით განსხვავდება აჭარის მთლიანი გეოლოგიური სურათისაგან. აქ ძირითადად გავრცელებულია მესამეული ანდეზიტები და ტუფოგენური ქანები. ოროგრაფიულად ქობულეთ-ჩაქვის ქედი, სადაც პარკი ჩამოყალიბდა, აჭარას ყოფს ზღვისპირა და შიდა ნაწილებად. პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ძირითადად ზღვისპირა აჭარის ზონას მოიცავს, გამოიყოფა: მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი სარტყელი [500-600 მ-მდე ზ.დ.], მთის ქვედა [1000-1200 მ-დე], შუა[1500-1600 მ-დე] და ზედა [ 1500-1600 მ-ზე მაღლა] სარტყლები.
უმაღლესი ჰიფსომეტრული ნიშნულები 1700 მ-ის სიახლოვესაა და მიესადაგება მორვილის ქედს, რომელსაც პარკის აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს. მთა მორვილის სიმაღლეა 1773 მ. ზ.დ., ხოლო პარკის უმაღლესი წერტილია 1761მ. 1300 მეტრს აღემატება მთები დიდი მტირალა, ტერათი და სხვა. დანაწევრებულ რელიეფურ ფორმებს შორის გამოირჩევა თვალწარმტაცი ვიწრო ხეობები და კანიონები.
ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2000 მმ-ზე მეტია, ხოლო მთა დიდი მტირალას ზღვისკენ მიქცეულ ფერდობებზე 4000 მმ-ზე მეტი, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივი ბიოტის უნიკალურობას. ჰაერის ტენიანობა აღწევს 80-85%-ს, ხშირია ნისლიანი დღეები, რაც თავისებურ ელფერს ანიჭებს მარადმწვანე ქვეტყით მოცულ, გაუვალ კოლხურ ტყეებს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა აქ aბსოლუტური სიმაღლის მიხედვით მერყეობს 10-12 ºC-დან (500-600 მ.ზ.დ) 5-6 ºC-მდე (1000-1200მ). 
მთის ქვედა სარტყელში ყველაზე თბილი თვის, აგვისტოს საშუალო მაჩვენებელია 20 ºC ყველაზე ცივი, იანვრის თვის -2 ºC , აბსოლუტური მინიმუმი 1000-1200 მ-ზე ზ.დ. -13.6 ºC წელიწადში საშუალოდ 274 დღე ყინვის გარეშეა. თოვლის საფარის სიმაღლე მთის შუა და ზედა სარტყლებში ხშირად 3-4 მეტრს აღწევს. 
პარკის ტერიტორიაზე ძირითადი ჰიდრორესურსებია მდინარეები: ჩაქვისწყალი და ყოროლისწყალი, რომლებიც შავ ზღვას ერთვიან, ხოლო ქედის სამხრეთ ფერდობზე მდ. აჭარისწყალის შენაკადები: დოლოგანი, zუნდაგისწყალი და სხვა. ბევრი მათგანი ულამაზეს ხეობებში მიედინება, ჭორომებსა და ჩანჩქერებს ქმნის. ტერიტორიაზე მრავლადაა მინერალური და მტკნარი წყაროები, რომლებიც სამკურნალო თვისებებითაა გამორჩეული.




წყარო: http://www.mtiralapa.ge
კატეგორია: ეროვნული პარკები | დაამატა: dudu-duda (06.08.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 4369 | კომენტარი: 2 | ტეგები: by me ::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 dudu-duda   (06.08.2011 19:49:52) [მასალა]
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика