ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

”ძაღლმა ციკანი მოიგო” ვ.ფშაველა

მაისის პირველი რიცხვები იყო: ცხვრის ფარა ფარაზე მოდიოდა ჭალაზე სამთოდ; ბატკნებისა და დედების ბღავილი მთა-ბარს აქცევდა, ყურთა სმენა აღარ იყო; მთელის ერთის კვირის განმავლობაში ფარები განუწყვეტლივ წყალივით დიოდა.შოლტების ტყლაშა-ტყლუში „ბრიე-ქსსიეს" ძახილში ისე ექსოვებოდა, როგორც ჭექა-ქუხილში ელვის ტკრციალი; ამწვანებული ჭალები გათეთრდა, თითქოს დაეთრთვილოს. ფარების შუაგულში ჩაჩხირული დატვირთული სახედრები ყურების ბარტყუნით დინჯად მიაბიჯებდენ. უკან კუდგაკრეჭილი, ენაგადმოგდებული მყეფრები მისდევდენ. რა ხანია, ცხვრის ფარებმა მთები გაათეთრა, დათოვლა; თითბმის ორი კვირა გავიდა, მაგრამ გზას, რიყეს, რაზედაც ცხვარმა გაიარა, საამური სუნი ასდის ისევ.
„ცოფიანი, ცოფიანი"! გაისმა ხმა შარად: „აგერ, აგერ, კიდევ გამოჩნდა, მიწას ჰსუნავს, ღმუის, ლასლასებს".
დედები შვილებს სახლში ერეკებოდენ, სახლის კარებს ჰხურავდენ. მამაკაცები თოფებს იმარჯვებდენ, უნდა მოეკლათ „ცოფიანი". მაგრამ ჯერ კარგად უნდა გაეგოთ, დარწმუნებულიყვნენ, მართლა ცოფიანი იყო თუ არა, უთვალთვალებდენ.
– ნუ მოჰკლავთ, არ არი ცოფიანი, არა! – დაიძახა ერთმა: – არ ერჩის არავის. ხბოებს, ცხენს გვერდზე გაუარა, ზედაც არ შეჰხედა, არ არი ცოფიანი! – დაიძახა კვალად შუახნის კაცმა, რომელსაც ვერცხლის სალტებიანი ჯაზეირი ეჭირა ხელში.
– ცხვრის ძაღლი უნდა იყოს, – ჩამოართვა სიტყვა მეორემ: – ყელზე ჩანგალიც რომ აქვს, მეცხვარეებს დარჩებოდათ ნამდვილად. რა ძაღლია!
როგორც იყო, ბოლოს და ბოლოს, ძლივს დარწმუნდა ხალხი, რომ უპატრონო ძაღლი არ იყო ცოფიანი. ახლა სხვა თვალით უცქეროდენ, ყველა ცდილობდა მოებირებინა, უალერსებდა. პურსა სთავაზობდა, მაგრამ ცოფიანი ყურს არავის უგდებდა: ერთის ფიქრით, ერთის დარდით შეპყრობილი შორს გაიყურებოდა, ასწევდა ცხვირს მაღლა და საზარელის ხმითა ღმუოდა; ასდევდა და ჩასდევდა გზას, ჭალებს, მდინარის პირებს, სუნავდა მიწას, ვიღაცის კვალს დაეძებდა.
მე მაშინ ყმაწვილად ვიყავი, ასე, რვა-ცხრა წლისა. ძაღლი ძალიან შამეცოდა; თუმცა ახლო ვერ ვუდგებოდი, მაგრამ შორიახლოდან თვალყურს ვადევნებდი; მეც ვეცადე მის გადმობირებას; შორიდან პურისა და ხორცის ნაჭერი გადავუგდე უნაყოფოდ. რამდენიმე დღე ჩვენის სოფლის მიდამოებში ვხედავდი, ბოლოს სადღაც გადიკარგა. გავიდა სამი დღე და ვნახე, რომ ჩვენის სახლის ბოლოზე არაქათგამოლეული მოლასლასებდა, ფერდი ფერდზე მიჰკროდა. უკან დავედევნე, თვალი აღარ მოვაშორე. მდინარის პირს აღმა მისდევდა, დაბურულ ჭალაში შეაფარა თავი, სადაც ჩვენ წისქვილი გვქონდა. მივსდევ შორიახლოს. წისქვილის კარებს მიადგა, აეფოფხა, ქურდობას ჰბედავდა, ვერაფერს გახდა, შიგ შესვლა ვერ მოახერხა. წავიდა, განშორდა იქაურობას, აჰყვა წისქვილის რუს და დიდრონ ტირიფის ფესვებს შუა ჩაწვა. საშინლად დაღლილ-დაქანცული იყო; ეტყობოდა, საშინლად ჰშიოდა.
ნუთუ არც ეხლა მიიღებს ძღვენს? ვნახოთ. სიკვდილის პირად არის მისული. ვეცდები; ეს ჩემი ცდა უკანასკნელი იქნება, მაგრამ, რა ვიცი, რომ ნაყოფს არ გამოიღებს?!

II

მე სახლისკენ მოვკურცხლე. თაროზე რაც პურის ნატეხები, თუ ხორცის ნაჭრები შემხვდა, მოვაგროვე, შევკარი ხელსახოცში და წავედი. შორიახლოს დავდეგ, ძაღლმა არ შემომხედა. გადავუყარე, რაც კი რამ ხელსახოცში სანოვაგე მეპოვებოდა; ყველა ეს იმის ცხვირწინ დაეცა. შემომხედა, მაგრამ თავი სხვა მხარეს მოიბრუნა, თვალები მომარიდა.
იქნება ჩემი სცხვენიან? ვიფიქრე, – მოვშორდე, მოვეფარო სადმე. ასეც მოვიქეცი. წისქვილთან დავიმალე. ნახევარ საათს შემდეგ დავბრუნდი. ჩემს ოსტატობას გაეჭრა. ძაღლის წინ ნამცეციც აღარ მოიპოვებოდა არც ხორცისა და არც თუ პურისა. სიხარულით ცას დავეწიე. „ძაღლი ჩემია"! – ვდუდუნებდი ჩემთვის. ბედნიერი ვარ, ბედნიერი! რა ძაღლი მეყოლება! საცა წავალ, თან წამომყვება. დავაბუბნინებ მეზობლის ძაღლებს, ვანადირებ კურდღლებზე. ათასი საგმირო საქმე წარმოვიდგინე ოცნებაში.
ერთხელ კიდევ ვეცი ამნაირად პატივი და, მესამე პატივისცემის შემდეგ ძაღლი უკვე კუდს მიქნევდა, მადლობის ნიშნად. საღამოზედ თანაც წამომყვა სახლში. ჩვენებსაც გაუხარდათ, თუმცა მამაჩემს არა სჯეროდა ჩემის ბედნიერების ხანგრძლივობა: „პატრონი გამოუჩნდება, შვილო, ტყუილად კვება შეგრჩებაო!"
– ვინ პატრონი? პატრონი მე ვარ-მეთქი! – ვუპასუხე.
– ახლა შენ იცი! – სთქვა მამაჩემმა, ამით გათავდა ძაღლის შესახებ ჩვენი კამათი.
ვინცა ნახა, ყველას ძალიან მოეწონა და ყველა იმას ამბობდა: მგელს დაარჩობსო, ათი ძაღლიც ვერას დააკლებსო, ტოტები და ლაშები იმისთანა აქვსო. მართლაც, თავად რაც იყო, ხომ იყო და ჩანგალი, ყელზე ჩადებული, საჩეჩლის კბილებიანი, ათს იმოდენასა ჰშველოდა. უნდა დამება, თოკი მოვუმზადე, მაგრამ მიღრინა, ითაკილა, მეც თავი დავანებე, რა გამეწყობოდა? სახელად ჯავრია დავარქვი. ორ-სამ დღეს არ იყეფებოდა, ნაღვლიანი, დაჩაგრული იყო. მე კი მოუთმენლად მოველოდი – გამეგონა მისი ხმა… როგორც იყო ამასაც მოვესწარი და ჩემს აღტაცებას სამზღვარი არა ჰქონდა. ბოხი, ზავთიანი მისი ხმა გამოუთქმელს ნეტარებას მიბადავდა გულში: ღაფ-ღაფ-ღაფ! ვეფხვივით ბრტყვინავდა.
მომყვანდა ამხანაგები, მეზობლის ბიჭები, რომ მეჩვენებინა იმათთვისაც ჩემის ძაღლის სიკეთე. უხაროდათ თუ სწყინდათ ჩემი ბედნიერება, ღმერთმა უწყის.
ასე იყო თუ ისე, ჩემს ძაღლს დიდი სახელი გაუვარდა სოფელში: „მღვდლიაანთ ძალიან ავი ძაღლი ჰყავთო, მხედარს ცხენიდან გადმოიღებსო!" ამიტომ ბევრი პირდაპირ ვერ ჰბედავდა მოსვლას! ზოგი შორიდან იძახოდა: მოვდივარ, ძაღლი არ მარჩოლოო!
სხვა კაკალზე, ან პანტაზე აებღაუტებოდა და იქიდან გვამცნევდა თავის ვინაობას. მე ამით, რა თქმა უნდა, თავი მომწონდა…

ვაჟკაცი დინჯი სჯობია,
ძაღლი თეოზე მყეფარი.

III

დღეს ღამე მოსდევს, დარს – ავდარი, ტკბილს – მწარე, სიცოცხლეს – სიკვდილი, ლხინს – მწუხარება, ასეთია წუთისოფელი.
გავიდა ხუთი თვე. დადგა შემოდგომა. დაიწყო ფოთოლმა ჩამოცვენა. გრილა. ღამე რთვილს აგდებს. მთის წვერებს, თუ პატარა წამოწვიმა, მაშინვე თოვლს მოჰკიდებს. აღარ ედგომილება ცხვარ-მწყემსს მთაში. დაიძრა მთიდან ფარები საბაროდ. მოსდევს ფარას ფარა ამავე წესით, როგორც გაზაფხულზე ვნახე. მხოლოდ ახლა ცხვარს სულ სხვაფერი ადევს. სიმსუქნით ხორცი ტანზე უთამთამებს, დუმებს თითქო დაბლა მიწაზე მოათრევენ. მოსჩანან ცხვართან მხარზე კომბლებგადადებული, ტყავიან-თექიანი მწყემსები, სახედრები ახლა უფრო ყოჩაღად მოაბიჯებენ, ფერი დაუწმენდიათ, ბეწვი გამოუცვლიათ, იალაღს ყველასთვის ახალი სული ჩაუდგამს, ახალი სიცოცხლე შთაუბერია. ძაღლებს დასცხომიათ, ქასქასებენ. ჩვენი – და რა ჩვენი – მთელის სოფლის თვალი და ყური ამ დროს ცხვარ-მემცხვარისკენ არის მიპყრობილი.
ჯავრიამ, რა დაინახა ეს სურათი, ვეღარ ისვენებდა ერთ ალაგას, დაიწყო წკმუტუნი, არაჩვეულებრივი ალერსი დამიწყო. მეტოტავებოდა, ხელებს მილოკავდა, თითქოს სამუდამოდ უნდა გამომთხოვებოდა და ხან ცხვარსა და მთელს იმის მოკაზმულობას, მის მხლებლებს გასცქეროდა. გულმა ვეღარ გაუძლო, გაიქცა ცხვრისკენ… შედგა, მოიხედა ჩემსკენ. მე ვიგრძენ, რომ ძაღლის მღელვარება კარგს არას მოასწავებდა.
– ჯავრია, ჯავრია, აქ, აქ მოდი! – შევუძახე.
წამოვიდა ჩემსკენ, მაგრამ თან ცხვრის ფარას ვერ აშორებდა თვალს. დამიწყო ხელების ლოკვა, ატოტავდა, ორივე ფეხი გულზე მომაბჯინა, თვალებში მომაჩერდა, თითქოს ბოდიშს იხდიდა იმ გრძნობისათვის, რამაც დღეს მოულოდნელად იმის გულში გაიღვიძა, უნდოდა ეთქვა – მაპატივეო, მაგრამ როგორ მეტყოდა პირუტყვი მეტყველს?
ენა სდუმდა, ხოლო თვალები უფრო მეტს ამბობდა, მეტს ნაღველს ჰხატავდა, ვიდრე ენას შაეძლო ეთქვა. ბოლოს ფეხები ჩამომაშორა და ცხვრებისკენ გაიხედა… გაიქცა კიდევაც. მე ვეღარაფერს ვამბობდი, მხოლოდ დანაღვლიანებული თვალს ვადევნებდი ძაღლის ყოფაქცევას. როგორც ანდამატმა ნემსი, ისე მიიზიდა ჩემი ჯავრია ცხვარ-ბინამ, რომელიც არც კი ისაკლისებდა ძაღლს და გადავიწყებულიცა ჰქონდა ერთს დროს თავის ერთგულის ოთხფეხის არსებობა. თვით ჯავრიასაც დაჰვიწყებოდა, რა ყოფაში ჩააგდო იგი ცხვრის დევნამ, დაჰვიწყებოდა ჩემი ამაგიც, იქ მიიზიდებოდა, იქ ეწადა. დაჰგმო ფუფუნება, საუკეთესო საჭმელი და მყუდრო სადგური. როცა ცხვარს მიუახლოვდა, ერთხელ კიდევ დავუძახე ხმამაღლა, მაგრამ ყური აღარ მიგდო. შეიჭრა პირდაპირ ძაღლების გუნდში; მისმა ნაამხანაგრებმაც დაქინდრული თავები მაღლა აიღეს, დაშვებული კუდები ასწიეს და ჯავრიას ალყა შემოარტყეს, როგორც მოულოდნელად მისულ მტერს; დაუწყეს ღრენა… ხოლო ღრენა მალე სუნვად გადაიქცა, კუდების აფშლეკა – კუდებთან გადაჯვარედინებად. საქმე ცუდად იყო. ჯავრიამ თავისთავსაც უღალატა და მეც. ვეღარ მოვითმინე და მეც იქ მივედი. შორიახლოს დავდეგ.
მწყემსმა იცნო თავისი საყვარელი ძაღლი, მწყემსობაში ძვირფასი ამხანაგი და მიაშურა ძაღლისკენ. ჩემი ჯავრიაც მიეგება, როგორც შვილი დედას, და გაიმართა მათ შორის თავაზა და სალამი. ძაღლი ხელებს ულოკავდა, ხოლო მწყემსი თავზე ხელს უსვამდა და ალერსიანად ჩაელაპარაკებოდა.
– ღურბელავ, ღურბელავ, ჰეი შენ რჯულძაღლო, შე მამაძაღლო, სად იყავ, კაცო, რად დაგვანებე თავი, უშენობით, იცი, რამდენი ვიზარალეთ?!
სწორე სახელიც არა მცოდნია ძაღლისა მე უბედურს, – ვსთქვი გულში. განა საკვირველია, ის ძველი პატრონი არჩიოს ჩემს თავს. რომელსაც პატარა შვილივით გაუზრდია, მერე ამდენის ცხვრის პატრონი. ეჰ, ნეტავი მეც ცხვარი მყოლოდა.
ჯავრიამ დამინახა, შერცხვა, თვალები მომარიდა, გადგა განზე, მეცხვარესაც მოშორდა და სხვა მხარეს დაიწყო ყეფა, თუმცა დასაყეფი არავინ და არაფერი იყო.
– წავიდეთ, ერთად წავიდეთ, ჩემო ღურბელავ, ახლა მაინც თავს ნუღარ დამანებებ, – ჩაეუბნებოდა ძაღლს და თან ბანჯღვლიანს ქუდს აფამფარებდა.
– სად უნდა გამოგყვეს, ძმობილო, ძაღლი ჩემია! – ვუთხარი მე მწყემსს სახეალეწილმა და საჩხუბრად გამზადებულმა.
– განა არა ჩანს, ძაღლი ვისიც არი. – წარმოსთქვა მან და თან გულიანად გადიხარხარა: – ეს მგელი, ეს იმის კვალიო.
მოვუყევ აქეთურ-იქითურს, თუ რამდენი შრომა გავწიე ძაღლზე, გამოვკვებე. მწყემსმა ყურზე ხელი არ მოიკიდა.
წავედი შინ, შევჩივლე მშობლებს, დამეხმარეთ-მეთქი, მაგრამ იმათაც უარი მითხრეს. „პატრონი გამოსჩენია, რა გვეთქმისო"!
თვალცრემლიანს მომინდა ისევ მწყემსებთან მისვლა და მუქარა ახლა ხვეწნაზე შევცვალე. ვეხვეწებოდი, დამითმეთ ძაღლი-მეთქი, მაგრამ დიდი უარი მითხრეს.
– ვისია ეს ბალღი? – დაეკითხა ჯავრიას პატრონი ერთერთს მწყემსს, რომელიც ჯოხზე იყო დაბჯენილი და ჩვენს ლაპარაკს ყურს უგდებდა.
– ღვდლისა უნდა იყოს. – უპასუხა იმან.
– ჰო, მღვდლის შვილი ვარ-მეთქი, – წამოვიძახე გათამამებულმა, რომ ეგებ მღვდლისშვილობას მაინც ეშველა ჩემთვის.
– ძალიან კარგი! მახარე, მახარე, – მიუბრუნდა ჩემის ჯავრიას პატრონი მესამე მწყემსს, – დაუჭირე ერთი ნაგალა ციკანი, ტყუპის ცალი: რაკი ძაღლი კარგა შაუნახია, ჩვენც პატივი ვცეთ, არაფერი გაგვიხდება ერთი მგლის ვახშამი და ეს ჯეელიც არ დაგვწყევლის.
მე ჯერ ვიუარე, მაგრამ ბოლოს უდედობას დედინაცვალი ვამჯობინე.
ცხვარსა და მეცხვარეებს სამის ვერსის მანძილზე გავყევი, ჯავრია ჩემთან მოდიოდა, ეგონა მეც იმასთან ერთად ვიქნებოდი ცხვარში, უხაროდა, აღარ ირცხვენდა თავის მოქმედებას. ბოლოს გამოვეთხოვე მწყემსებს გულდაკოდილი და ნაფეშქაშარი ნაგალა ციკანიც თან წამოვიყვანე. ცოტა მანძილი რომ გამოვიარე, ჯავრიას სამჯერ კიდევ დავუძახე. ჯერ წამოვიდა ჩემსკენ. გაასაშუალა ჩემი გამოვლილი მანძილი, დადგა, კუდის ქნევით მიცქირა, ცოტა ხანს მერე ამოიძუა კუდი და მიმეფარა თვალთაგან.
ახლა ციკანი მყვანდა ჯავრიას მაგივრად. ძაღლის ხმა ღაფღაფით მომწონდა, ამის ხმა კიკინით მახალისებდა. როცა კიკინით მომეგებებოდა, გულში ვიხუტებდი და ვკოცნიდი. პატარა რქების ძირებზე ვფხანდი, ესიამოვნებოდა, თავს მიშვერდა, ბუჩაობაც ვასწავლე… ბაკაბუკით დაბძანდებოდა, თითქოს ქოშები აცვიაო. ისე გაეშმაკდა, რომ, ვინ იცის, რა ოინებსა შვრებოდა; სიცილითა გვხოცავდა, მეტადრე მაშინ, როცა კატას ებუჩავებოდა…
ჯავრია ღმერთმა პატრონს მოახმაროს მშვიდობა-გამარჯვებაში, იმის წყალობით ბევრი ბეკეკა და ციკანი გააზრდევინოს!..

1909წ.


წყარო: http://vaja.3owl.com/dzaghlma-cikani-moigo/
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (26.12.2012)
ნანახია: 3403 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 1.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 giainterstar1   (26.12.2012 21:44:13) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика