ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 30 » 21 ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა    

16:33:38
21 ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა


ზვიგენი კაიაკერს ედევნება
2005 წლის სექტემბერში ჟურნალ Africa Geographic-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "ზვიგენის დეტექტივები”, სადაც სამხრეთ აფრიკაში მობინადრე დიდი თეთრი ზვიგენების შესახებ წერდნენ. სტატია მოიცავდა ფოტოებსაც, რომლებზეც ჩანდა კაიაკერს გამოდევნებული ზვიგენი. სურათს ასეთი აღწერა ჰქონდა: "3.8 მეტრი სიგრძის კაიაკში ჯდომისას უყურებ, როგორ გიახლოვდება 4 მეტრიანი დიდი თეთრი ზვიგენი”. პუბლიკაციაში მკვლევარები სიტუაციას განიხილავდნენ. მათ მანამდე ცარიელ კაიაკზე გამოსცადეს ზვიგენის რეაქცია და ამ უკანასკნელს აგრესია საერთოდ არ გამოუვლენია.

დროთა განმავლობაში ზვიგენების ყალბი ფოტოები ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში. მაგალითად, ზვიგენი წყლიდან ხტება და სამხედრო ვერტმფრენისკენ მიიწევსმშიერი ზვიგენი მყვინთავების უკან იმალებადიდი ზვიგენი სერფერთან ახლოს (რეალურად დელფინია), ახლო წარსულში კი – ზვიგენი პუერტო-რიკოს ქუჩაში ქარიშხალ ირენეს შემდეგ. ამ ბოლო სურათში ზვიგენი Africa Geographic-ის ფოტოდან ამოჭრეს.

დროის გასვლასთან ერთად ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად იზრდება და შესაბამისად იმატებს ვებ-სივრცეში გაზიარებული ინფორმაციაც. ყოველწლიურად მრავალი უცნაური და ზოგჯერ შოკისმომგვრელი ფოტო ვრცელდება, რომელთა რეალურობაში ზოგჯერ ეჭვი ეპარებათ ხოლმე. ქვემოთ მოყვანილია მომდევნო 20 ფოტო, რომელთა პოპულარობაში ასე თუ ისე დიდი წილი ინტერნეტს მიუძღვის. თუმცა წინა ნაწილისგანგანსხვავებით, აქ შეხვდებით ისტორიულ ფოტოებსაც, რომლებიც ინტერნეტის გამოგონებამდე გადაიღეს. ოცივე მათგანი რეალურია, მაგრამ რიგ შემთხვევებში საკამათოა მათი წარმოშობის ისტორია.

დიდი ლურჯი ხვრელი წარმოადგენს ბელიზის სანაპიროსთან არსებულ ბუნებრივ ავზს. ის ქალაქ ბელიზიდან 70 კმ-ით დაშორებული მარჯნის კუნძულის, შუქურას რიფის, ცენტრთან მდებარეობს. ხვრელის სიგანე დაახლოებით 300 მეტრია, სიღრმე კი – 124 მეტრამდე. მისი ჩამოყალიბება მოხდა გამყინვარების 4 ეპიზოდის დროს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 153 000, 66 000, 60 000 და 15 000 წლის წინ. რეგიონი ცნობილი გახადა ჟაკ-ივ კუსტომ, რომელმაც დიდი ლურჯი ხვრელი გამოაცხადა ჩასაყვინთად საუკეთესო ათი ადგილიდან ერთ-ერთად. 1971 წელს მან დიდ ლურჯ ხვრელში თავისი გემი ,,კალიფსო” შეიყვანა.

 


2011 წლის იაპონიის მიწისძვრის შემდეგ ინტერნეტში დიდი რაოდენობით ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა. ერთ-ერთ მათგანზე პანდა მამაკაცის ფეხს ეხუტება. აზიაში მომხდარ უბედურებებთან დაკავშირებული მრავალი ტრაგიკული და ემოციური ფოტო არსებობს, მაგრამ ეს სურათი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. ის რამდენიმე წლით ადრე, 2006 წლის იანვარში გამოქვეყნდა ჩინური ახალი ამბების სააგენტოს, People’s Daily Online-ის ინგლისურ ვერსიაში. სტატიაში საუბარი იყო პანდების წყვილზე, რომელიც ტაივანში მიემგზავრებოდა. ფოტოზე ერთ-ერთი მათგანია, ის თავის მომვლელს ეხუტება მადლიერების ნიშნად პანდების დაცვის ცენტრში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ვოლონგში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარეობს.

 


ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გრიზლის დათვებს შეიძლება წააწყდეთ ალასკაში, დასავლეთ კანადაში, აიდაჰოში, მონტანაში, ვაშინგტონსა და ვაიომინგში, სადაც სამხრეთით მათი გავრცელების არეალი აღწევს იელოსტოუნისა და ტეტონის ეროვნულ პარკებამდე. 2005 წელს ჩარლზ ლინდსეიმ იელოსტოუნის გოლფის კლუბში (მონტანა) თამაშისას მე-9 მონაკვეთზე გრიზლი შენიშნა და ფოტო გადაუღო. დათვი ღობეს გადმოახტა და გოლფის მოთამაშეები გვარიანად დააფრთხო. თავიდან ლინდსეის მხოლოდ ჩვეულებრივი დათვის ან პუმის გადაღების იმედი ჰქონდა. შემდგომში ფოტო გამოიყენეს წიგნში "Lost Balls: Great Holes, Tough Shots, and Bad Lies”. იმავე წელს ფოტო ინტერნეტში გავრცელდა და პოპულარული გახდა.

 


ჟენლი იე გონი წარმოშობით ჩინელი და მექსიკაში მოღვაწე ბიზნესმენია, რომელიც დაადანაშაულეს ფსევდოეფედრინისა და ეფედრინის პრეკურსორი ქიმიკატების უკანონო გადაზიდვაში აზიიდან მექსიკაში. 2002-2004 წლებში მექსიკის მთავრობამ მის კორპორაციას უფლება მისცა, შემოეზიდა ათასობით ტონა ფსევდოეფედრინი და ეფედრინი, როგორც მისი ბიზნესის შემადგენელი ნაწილი. თუმცა 2007 წლის ივლისში აშშ-ის მთავრობამ შეადგინა საბრალმდებლო ოქმი ჟენლი იე გონის წინააღმდეგ და დაადანაშაულა აშშ-ის ტერიტორიაზე მეტამფეტამინის ტრანსპორტირების წახალისებასა და დახმარებაში. 2 წლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქმე დახურა.

2007 წლის მარტში მექსიკის მთავრობამ გაჩხრიკა ბიზნესმენის სახლი მეხიკოს უბან ლომას-დე-ჩაპულტეპეკში და აღმოაჩინა ასობით მილიონი დოლარი აქტივების სახით – 207 მილიონი აშშ დოლარი, 18 მილიონი მექსიკური პესო, 200 000 ევრო, 113 000 ჰონგ-კონგური დოლარი, 11 სენტენარიო (მექსიკური ოქროს მონეტა, თითოეული 37.59 გრამი ოქრო) და დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, რომელთა ღირებულებაც დაუდგენელია. კონფისკაციას ასევე დაექვემდებარა მექსიკური სტილის ორი სახლი, ჯამში 20 მილიონი პესო, 1 ლაბორატორია და 7 მანქანა. ყოველდღიური გაზეთის "Reforma”-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მექსიკელთა უმეტესობას სჯერა ჟენლი იე გონის ვერსიის, რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი მთავრობის შეთხზული ტყუილია. აქტიურად იყიდებოდა სტიკერები, რომლებსაც ეწერა ,,მე მჯერა ჩინელის”. ბიზნესმენის სახლში აღმოჩენილი თანხის ფოტო 2007 წელსვე გახდა პოპულარული.

 


1957 წელს გადაღებულ იქნა უცნაური ფოტო, რომლის ავტორიც მოიხსენიება, როგორც B.C. გავრცელებული ისტორიის მიხედვით, B.C. და მისი საცოლე ,,ჰარლი დევიდსონით” მისეირნობდნენ ნევადას მთიან რეგიონში (დღევანდელ იზაბელას ტბასთან ახლოს), როცა სურათების გადაღება გადაწყვიტეს. იმ მომენტში წყვილმა ვერაფერი უჩვეულო ვერ შენიშნა, თუმცა გამჟღავნებისას ერთ-ერთ ფოტოზე არაბუნებრივი სინათლე ჩანდა. B.C.-ის პირველი რეაქცია ის იყო, რომ ,,კოდაკის” ლაბორატორია დაადანაშაულა უკბილო ხუმრობაში, მაგრამ თანამშრომლებმა რაიმე სახის გადაკეთება მკაცრად უარყვეს. შემდგომში ფოტო გაგზავნეს ლოს-ანჯელესში, ჟურნალ "Time Life”-ის ოფისში, სადაც დადასტურდა, რომ გამოსახულება რეალური იყო – სინათლე არ წარმოადგენდა ლინზის ანარეკლს, დაზიანების შედეგს ან ორმაგ ექსპოზიციას.

 


ყველაზე მძიმე რუხი მგელი, რომელიც გასულ საუკუნეში აღუწერიათ ჩრდილოეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ ალასკაში მოკლეს 1939 წლის 12 ივლისს და მისმა წონამ 79.4 კგ შეადგინა. 1995 წელს აშშ-ის თევზებისა და ველური ცხოველების სამსახურმა ცენტრალურ აიდაჰოსა და ვაიომინგის იელოსტოუნის ტერიტორიაზე 35 კანადური რუხი მგელი შეიყვანა. მას შემდეგ ცხოველები მრავლდებიან და ფართოდ ედებიან არემარეს. აიდაჰოში, ვაიომინგსა და მონტანაში დაახლოებით 2000 რუხი მგელი ბინადრობს. 2009 წლიდან ინტერნეტს ფართოდ მოედო გიგანტური მგლების ფოტოები. ერთ-ერთ მათგანზე 82 კგ წონის კანადური რუხი მამრი მგელია, რომელიც ცენტრალურ აიდაჰოსთან მოკლეს. აშშ-ის ტერიტორიაზე მგლებზე ნადირობა ნებადართულია ალასკაში, მონტანასა და აიდაჰოში.

 


,,დაიკავე კალიფორნიის უნივერსიტეტი” იყო 2011 წლის 18 ნოემბერს ქალაქ დევისში მიმდინარე ერთ-ერთი ნაწილი დემონსტრაციების სერიიდან, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. ინტერნეტსა და საინფორმაციო საშუალებებში სწრაფად გავრცელდა ვიდეო და ფოტოები, რომლებზეც პოლიციის ოფიცერი სტუდენტების ჯგუფს სახეში მწვავე სითხეს ასხურებს. პოლიციელები მოულოდნელად მივიდნენ დემონსტრაციის ადგილას და დაიწყეს კარვების დაშლა და აქციის მონაწილეთა დაპატიმრება. დემონსტრატორთა ნაწილი გზაზე ჩამოსხდა და წასვლაზე უარი განაცხადეს.

ამ ქმედების საპასუხოდ ორმა ოფიცერმა მშვიდად მყოფ სტუდენტებს პილპილის სპრეის შესხმა დაუწყო. მოწმეებმა ეს ყველაფერი მობილურებით დააფიქსირეს, თან პოლიციელებს უყვიროდნენ: "სირცხვილი თქვენ! გაუშვით სტუდენტები!” New York Times-ის განცხადებით, მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მშვიდობიან აქციაში პოლიცია უკანონო ხერხებს მიმართავს და ძალას ამეტებს.

 


2004 წლის 26 დეკემბერს სუმატრას (ინდონეზია) დასავლეთ სანაპიროზე მასიური წყალქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრამ გამოიწვია მომაკვდინებელი ცუნამების სერია, რის შედეგადაც 14 ქვეყანაში 230 000 ადამიანი დაიხოცა. უბედურმა შემთხვევამ ასევე განაადგურა იმ არეალში მყოფი ცხოველების ნაწილი. მიწისძვრის დროს პატარა ბეჰემოთი, სახელად ოუენი, საბაკის მდინარეში იყო, მოგვიანებით კი, როცა ცუნამმა კენიის სანაპიროს შეუტია, ხმელეთზე გამოვიდა.

წყალში ყოფნისას ოუენი შეამჩნიეს ველური ცხოველების დაცვის რეინჯერებმა და წაიყვანეს ჰოლერის პარკში, რომელიც კენიის ქალაქ მომბასაში მდებარეობს. როგორც კი მისთვის განკუთვნილ ადგილას მოათავსეს, პატარა ბეჰემოთი გაიქცა გიგანტური კუსკენ, რომელსაც მზი ჰქვია. მისი ასაკი დაახლოებით 100-130 წელია. წყვილი მალე დამეგობრდა, ერთად ჭამდნენ და ეძინათ. ოუენი ხშირად ლოკავს კუს და დედად მიიჩნევს.

 


მოზრდილი დელფინების ზომა მერყეობს 2-დან 4 მეტრამდე, ხოლო წონა – 150-დან 650 კგ-მდე. ზრდასრული დიდი თეთრი ზვიგენის საშუალო სიგრძეა 4-5.2 მ, წონა კი – 680-1100 კგ. 2003 წლის აპრილში ფოტოგრაფმა კურტ ჯონსმა მალიბუს სანაპიროზე ფოტო გადაუღო სერფინგის მოყვარულს, რომლის სიახლოვესაც დელფინი მოჩანს. ის მაშინვე გავრცელდა ინტერნეტში, ოღონდ მცდარი აღწერით, რომ ეს არსება დიდი თეთრი ზვიგენი იყო. აღწერა მცდარია, თუმცა სურათი ნამდვილად გამორჩეულია – შესაფერის მომენტში სწორი კუთხით დაჭერილი კადრი.

 


ზემოდან გადაღებულ ლამაზ სურათზე მოჩანს უდაბნოში მოსიარულე აქლემების ჯგუფის ჩრდილები. თუკი ახლოდან დააკვირდებით, დაინახავთ, რომ შავი ფერის სილუეტები არა აქლემები, არამედ ჩრდილებია. გორაკებიანი უდაბნოს ტერიტორია, მანათობელი მზე და ფოტოაპარატის პოზიცია ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნის. ფოტო გადაღებულია ჯორჯ სტეინმეცის მიერ, დასახელდა 2005 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად და "National Geographic”-ის ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა. სტეინმეცი ცნობილია სამეცნიერო ტიპის ფოტოების გადაღებით. უნიკალური კადრების დასაჭერად ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და დახეტიალობს შორეულ უდაბნოებსა და სხვა მიუწვდომელ ადგილებში.

 


ჰუკის კუნძული უიტსანდის კუნძულების შემადგენელი ნაწილია ავსტრალიის შტატ ქვინსლენდთან ახლოს. კუნძული დაუსახლებელია, რელიეფურად კი საკმაოდ უსწორმასწოროა. ადრეულ 1960-იანებში რობერტ ლი სერეკმა აქ ფოტოზე აღბეჭდა თავკომბალას ფორმის უზარმაზარი არსება. ფოტო პირველად 1965 წლის მარტში დაიბეჭდა. შემთხვევის დაწვრილებითი ანგარიში 1968 წელს გამოაქვეყნა ბელგიელ-ფრანგმა მეცნიერმა ბერნარდ ეიველმანსმა. ფოტოს რეალურობა დამტკიცებულია, თუმცა ბევრი ადამიანის აზრით, ეს რობერტ ლი სერეკის განხორციელებული ფარსია. არის ვერსია, რომ რობერტმა პლასტმასის მასალა გამოიყენა, რათა უზარმაზარი ზღვის გველის ილუზია შეექმნა.

 


რეინალდო დაგსა ფილიპინელი პოლიტიკოსი და ქალაქ კალუკანის საბჭოს ერთ-ერთი წევრი იყო გარდაცვალებამდე – 2011 წლის 1-ლ იანვრამდე. მისმა მკვლელობამ განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან მოკლეს მაშინ, როცა საახალწლოდ ოჯახურ ფოტოს იღებდა. დაუდევრობის გამო ფოტოზე მოხვდნენ დამნაშავეცა და მისი დამხმარეც. პოლიციამ მაშინვე ამოიცნო თავდებით გამოშვებული მძარცველი მაიკლ გონსალესი და მისი თანაშემწე რომელ ოლივა. გონსალესმა დაგსას .45 კალიბრიანი იარაღი ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე დაუმიზნა და თავში დაჭრა. რეინალდო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.

 


სოლვეის ყურის კოსმონავტი – ასე ეწოდება ფოტოს, რომელიც ჯიმ ტემპლტონმა გადაიღო 1964 წელს ინგლისის ქალაქ ბურ ლე მარშში. სურათის უკანა ფონზე უცნაური გამოსახულებაა, რომელიც კოსმოსური სპეცტანისამოსიანი მამაკაცის სილუეტს ჰგავს. ტემპლტონი კი ირწმუნებოდა, რომ გადაღების მომენტში ახლომახლო არავინ იყო. ფოტომ, ცხადია, მაშინვე მიიპყრო უამრავი უფოლოგის ყურადღება და საერთაშორისო აღტაცების ობიექტად იქცა. ,,კოდაკის” ანალიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ ფოტოში მაქინაცია არ ურევია.

 


ბოლო წლებში ფართოდ გავრცელდა თეთრი ფერის ამერიკული ცხენ-ირმის ფოტოები. პირველი მათგანი 2007 წელს გამოჩნდა, როცა უცნობმა ფოტოგრაფმა აღმოსავლეთ კანადის გზატკეცილზე ორ ალბინოს ცხენ-ირემს გადაუღო ფოტო. დაუზუსტებელია გადაღების ადგილი, სხვადასხვა ცნობებით ეს არის ონტარიო, ნიუფაუნდლენდი ან ნიუ-ბრანსუიკი. 2009 წელს სურათების მეორე სერია გამოჩნდა, სადაც თოვლში მყოფი თეთრი ცხენ-ირემი იყო. მას ,,მშვენიერი თოვლის ცხენ-ირემი” უწოდეს. ფოტოები რეალურია, თუმცა ცხოველები შესაძლოა, ალბინოსები არ იყვნენ, არამედ უბრალოდ თეთრი ბალანი ჰქონდეთ. ცხენ-ირმის შემთხვევაში შესაძლოა ნაშიერი არაბუნებრივი გენეტიკური ვარიაციებით გამოირჩეოდეს. თეთრი ბალნის ქონის ალბათობა ამ ცხოველებში 100 000-დან ერთია.

 


ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მტაცებელი ფრინველია ოქროს არწივი. ისინი თავს ესხმიან და ხოცავენ მელიებს, შინაურ და გარეულ კატებს, მთის თხებს, ქვის თხებს, ახალგაზრდა ირმებსა და მოზრდილ შველსაც კი. ბევრ მთიან რეგიონში მათ ევროპულ ქვესახეობას იყენებენ მგლებზე ნადირობისას. ეს ფოტო გადაღებულია ფინელი ფოტოგრაფის პეკა კომის მიერ 2006 წლის თებერვალში არა მონტანაში (როგორც ფართოდ გავრცელებული აღწერა გვამცნობს), არამედ სამხრეთ ფინეთში. მელია თოვლში დაგდებულ ხორცს მიუახლოვდა და ამ დროს დააცხრა თავზე არწივი, რასაც მწვავე ცემა-ტყეპა მოჰყვა მათ შორის. საბოლოოდ არწივმა გაიმარჯვა და მელას ატაცება მოახერხა, თუმცა ფოტოს გადაღების შემდგომ ამ უკანასკნელმა თავი დაიძვრინა და გაქცევა შეძლო.

 


2011 წლის სექტემბერში ფართოდ გავრცელდა სურათები, რომლებზეც ფილიპინებში დაჭერილი მასიური ნიანგი ჩანდა. 6.4 მეტრი სიგრძის მონსტრი ყველაზე დიდი ნიანგია მათ შორის, რომლებიც ადამიანებს აქამდე მოუხელთებიათ. მას 3 კვირის განმავლობაში დასდევდა 100 მონადირისგან შემდგარი ჯგუფი. დევნის მიზეზი ისაა, რომ ნიანგი მეთევზის მკვლელობაში დაადანაშაულეს. ეს არსება ცხოვრობდა აგუსანის მდინარის სისტემაში, რომელიც ღარიბულ რეგიონში მდებარეობს დედაქალაქ მანილადან 800 კმ-ით სამხრეთით.

რეპტილია დიდი ხნის განმავლობაში აფორიაქებდა სოფლელებს. ვერავინ ბედავდა მის დაჭერას, სანამ ადამიანებზე თავდასხმასთან დაკავშირებული ამბები არ გავრცელდა. ცოცხლად შესაპყრობად მონადირეებმა მდინარის მობინადრეს ფოლადის მილებისგან გაკეთებული 4 მახე დაუგეს. დაჭერის შემდეგ ათეულობით ადამიანი გახდა საჭირო, რომ ნაპირზე ამოეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ ნიანგი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ის ვარსკვლავად იქცა და ტურისტების მიზიდვის საშუალება იქნება.

 


,,ჰაბლის” ულტრაღრმა ველი (HUDF) წარმოადგენს სამყაროს პატარა მონაკვეთს ღუმელის თანავარსკვლავედში. სურათზე შეჯერებულია ტელესკოპ ,,ჰაბლით” 2003 და 2004 წლებში გადაღებული ფოტოები. ეს კოსმოსის ყველაზე მასშტაბური ფოტოა – მასზე 10 000 გალაქტიკაა, რომელთაგან თითოეული მილიონობით ვარსკვლავს შეიცავს და განსხვავდებიან ასაკით, ზომით, ფორმითა და ფერებით. ამ რეგიონში კაშკაშა ვარსკვლავების სიმჭიდროვე ნაკლებია, რაც შორეული ობიექტების უკეთ აღქმის საშუალებას იძლევა.

 


ელტანინის ანტენა – ასე შეარქვეს უცნაურ ობიექტს, რომელიც ზღვის ფსკერზე (3904 მ ზღვის დონის ქვემოთ) აღმოაჩინა ანტარქტიდის ოკეანოგრაფიულმა საძიებო გემმა "USNS Eltanin”-მა 1964 წელს კეიპ-ჰორნის სიახლოვეს. ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ობიექტი არის 60-90 სმ სიმაღლის და აქვს 6 მთავარი განივა, რომლებიც ღეროდან გარეთაა გამოშვერილი. განივების თითოეული წყება ბოლოში პატარა ბურთულებით ბოლოვდება. ანტენის მსგავსი სტრუქტურის აღმოჩენამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია და მრავალი თეორია წარმოშვა, უპირველესად კი, ცხადია, უფოლოგები დარჩნენ აღტაცებულნი. ზუსტი მეცნიერების მიმდევრებმა კი დაბეჭდეს მრავალი სტატია, სადაც განაცხადეს, რომ სურათზე დიდი ალბათობით გამოსახულია ზღვის ბინადარი Cladorhiza concrescens, რომელიც ხორცისმჭამელ ზღვის ღრუბელს წარმოადგენს.

 


1979 წლის 21 სექტემბერს ბრიტანული როკ-ჯგუფი "The Clash” კონცერტს ატარებდა აშშ-ში მეხუთე ვიზიტის დროს. ამ დროს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, სახელად პენი სმიტმა, პოლ სიმონონს გადაუღო ცნობილი ფოტო, რომელზეც მუსიკოსი თავის ბას-გიტარას ურტყამს სცენას. ფოტო განთავსებულ იქნა ჯგუფის 1979 წლის ალბომის "London Calling” გარეკანზე. მოგვიანებით ჟურნალმა "Q”-მ აღიარა, როგორც როკ-ენ-როლის ყველა დროის საუკეთესო ფოტო. თუმცა პენის დიდად არ სურდა, მისი ფოტო გამოეყენებინათ, რადგან მიაჩნდა, რომ ტექნიკური კუთხით არ ვარგოდა ფოკუსის ოდნავ არასწორი პოზიციის გამო.

 


Ameranthropoides loysi (იგივე ,,დე ლუისის მაიმუნი”) მტკიცების თანახმად იყო დიდი პრიმატი, რომელიც შვეიცარიელმა გეოლოგმა ფრანკო დე ლუისმა აღმოაჩინა 1917-1920 წლების ექსპედიციის დროს, როცა კოლუმბიისა და ვენესუელას საზღვარზე, მარაკაიბოს ტბის სიახლოვეს, ნავთობს ეძებდა. ექსპედიცია წარუმატებელი აღმოჩნდა, რასაც დაემატა დაავადებები და კონფლიქტი ადგილობრივებთან. ჯგუფის 20 წევრიდან მხოლოდ 4 გადარჩა ცოცხალი. ლუისის 1920 წლის მოხსენების მიხედვით, მდინარე ტარასთან დაბანაკების პერიოდში მათ ორი დიდი არსება მიუახლოვდათ. თავიდან მეცნიერებს ისინი დათვები ეგონათ, მაგრამ შემდეგ შეამჩნიეს, რომ უცნაური გარეგნობა ჰქონდათ. ერთი მათგანი მდედრი იყო, მეორე მამრი. ორივე გაღიზიანებული ჩანდა და ექსპედიციის წევრებს ყმუილი დაუწყეს.

თავი რომ დაეცვათ, დაბანაკებულებმა იარაღი გამოიყენეს და მამრი მოკლეს, მდედრი კი გაიქცა. დე ლუისი და მისი თანმხლები პირები მიხვდნენ, რომ რაღაც უჩვეულოს წააწყდნენ. რაღაც მხრივ ეს არსება ობობასნაირ მაიმუნს ჰგავდა, მაგრამ გაცილებით მასიური იყო – სიმაღლეში 1.57 მეტრს შეადგენდა. ჰქონდა 32 კბილი (ფართოცხვირიანი მაიმუნების უმეტესობას 36 აქვს) და იყო უკუდო. მეცნიერებმა მოკლული მაიმუნი ყუთზე დასვეს, ჯოხი შეუდგეს, რომ არ წაქცეულიყო და სურათი გადაუღეს. ამის შემდეგ, დე ლუისის თქმით, არსება გაატყავეს და გადაწყვიტეს, თავის ქალა და ტყავი შეენახათ. თუმცა ექსპედიციის პირობების გაუარესების გამო მათი დატოვება მოუხდათ. მონაყოლის ერთადერთ მტკიცებულებად ფოტოღა დარჩა.

ფოტოსთან დაკავშირებით დე ლუისს კრიტიკა შეხვდა კოლეგების ნაწილისგან, რომლებმაც ის ფარსის შექმნაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, სურათზე რეალურად ობობასნაირი მაიმუნი იყო. სხვების მოსაზრებით, ეს აქამდე უცნობი ჯიში გახლდათ. მკვლევარ მაიკლ შუმეიკერის მტკიცებით, ცხოველს მკერდზე, ხელებზე, სახეზე, ყბებზე და რაც მთავარია, შუბლის ზედა ნაწილზე მკვეთრად გამოხატული ისეთი ნიშან-თვისებები ჰქონდა, რაც სხვა მაიმუნებისგან განასხვავებდა.



წყაროhttp://dainteresdit.ge/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 3965 | დაამატა: vaxo2000 | ტეგები: გახადა, რომელიც, 21, ფოტოსურათი, ინტერნეტმა, პოპულარული | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 pata250   (18.01.2015 12:42:34) [მასალა]
კარგია 10 166

0   Spam
5 saba_122   (05.02.2014 21:01:06) [მასალა]
10

0   Spam
4 ზურაბი   (15.12.2013 11:37:22) [მასალა]
10

0   Spam
3 otomari   (01.11.2013 02:33:49) [მასალა]
167 23 166

0   Spam
2 mere   (31.10.2013 21:08:34) [მასალა]
10 10

0   Spam
1 dato75   (30.10.2013 21:31:41) [მასალა]
კარგია

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Admin, Levani14

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика