ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივლისი » 8 » ბარონ მიუნჰაუზენის სინდრომი    

17:45:58
ბარონ მიუნჰაუზენის სინდრომი
ბარონ მიუნჰაუზენის სინდრომი
ბარონ მიუნჰაუზენის სინდრომი

07 ივლისი, 2013
დედამიწის საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ატყდება თავს. არცთუ იშვიათად გახმაურებული ჭორი თუ სიმართლე მტკიცედ იკიდებს ფეხს ადამიანთა ცნობიერებაში, ვითარდება და ახალ-ახალი წვრილმანებით ივსება. ზოგჯერ ტრანსფორმაციის ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს და არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ჭორები და სკანდალები გაცილებით იოლად გვამახსოვრდება და სწორედ ამიტომაც ადამიანთა უმრავლესობა მათ ანიჭებს უპირატესობას მოსაწყენ ციფრებსა და მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტებთან შედარებით.

ნესის ურჩხული 

1934 წელს მთელი მსოფლიო განაცვიფრა დინოზავრის ფოტომ, რომელსაც შემდგომ ნესი უწოდეს. ფოტოსურათის ავტორი ექიმი რობერტ უილსონი გახლდათ. მომდევნო ათწლეულებში ლოჰ-ნესის მონსტრის არსებობის და-მადასტურებელი ოთხი ათასამდე მტკიცებულება გაჩნდა. მოეწყო ათობით ექსპედიცია, რომლებშიც სერიოზული მეცნიერები მონაწილეობდნენ, მაგრამ ვერც წყალქვეშა აპარატებმა, ვერც ექოლოტებმა, ვერც სკანერებმა ვერ გასცეს დამაჯერებელი პასუხი ერთი შეხედვით მარტივ კითხვას: მართლაც არსებობს დრაკონი, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ფიქციაა. უდავო მტკიცებულებები დღემდე არ არის, სამაგიერო ზუსტად არის ცნობილი, რომ პირველი და ყველაზე ცნობილი ფოტოსურათი ნამდვილად ნაყალბევია, რაზეც 1994 წელს, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე განაცხადა კრისტიან სპერლინგმა - სკანდალური ფოტოსურათის ავტორის გერმა, ამ აფერის უშუალო მონაწილემ. 
Rating
მისი თქმით, მხიარულმა ოჯახმა ზღვის ურჩხულებზე საკუთარი შეხედულებების მიხედვით დაამზადა 30 სანტიმეტრი ზომის მაკეტი. „შეთქმულები" ტბისკენ გაემართნენ და საგანგებოდ ოდნავ ბუნდოვანი სურათი გადაიღეს, რაზეც ეს ფალსიფიკაცია აღიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ისინი სულაც არ მიისწრაფოდნენ მსოფლიო სენსაციისაკენ, მხოლოდ იმის იმედი ჰქონდათ, რომ ამ ოინით ზოგიერთ ახირებულ ენთუზიასტს წამოაგებდნენ სატყუარაზე და შემდეგ გულიანად იცინებდნენ, მაგრამ მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდა და უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, საოცრებათა მრავალი მაძიებელი დღესაც არ კარგავს დინოზავრთან შეხვედრის იმედს. ლეგენდა კი ყველასთვის ხელსაყრელია - შოტლანდიის ყველაზე დიდი ტბის სანაპიროზე განლაგებული პაბებისა და სასტუმროების მეპატრონეებიდან დაწყებული, იმ ფირმებით დამთავრებული, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებად აზღვევენ ამ ადგილებში პოპულარული დუატლონის ასპარეზობათა მონაწილეებს - იმ შემთხვევისათვის, თუკი მათ ნესი დაესხმება თავს. 

ლეგენდა თოვლის კაცზე 

გავრცელებული ხმები მსოფლიოს ძნელად მისადგომ ადგილებში მცხოვრები იდუმალი არსების შესახებ უხსოვარი დროიდან აღელვებს კაცობრიობას. არის მრავალრიცხოვანი მტკიცებულება, მოწმეები, ფოტოსურათები, ბეწვის ნაგლეჯები, სკალპიც კი და მისი არსებობის სხვა უამრავი კვალი. დღემდე არ არის მხოლოდ ერთი რამ - თავად თოვლის კაცი. მისი საიდუმლოს ამოსახსნელად დღემდე არ იშურებენ ძალ-ღონეს არა მარტო ენთუზიასტი მკვლევრები, არამედ ფრიად სერიოზული სამეცნიერო საზოგადოებებიც. 1921 წლამდე, სანამ ინგლისელმა ალპინისტმა ჰოვარდ-ბერიმ, რომელიც ევერესტზე მოწყობილ ექსპედიციას ედგა სათავეში, არ აღმოაჩინა მტკიცებულება - უზარმაზარი ნაკვალევის ანაბეჭდი, იეტის არსებობას მეტად სკეპტიკურად ეკიდებოდნენ. ოთხი წლის შემდეგ კობრუს პიკთან ჰიმალაებში იტალიელი მოგზაური ანტონიო ტამბოცი გრძელი ბეწვით დაფარულ ადამიანისმაგვარ არსებას წააწყდა, რომელიც თოვლში რაღაცას თხრიდა და მალე ხშირ შამბნარში გაუჩინარდა. მას შემდეგ ბანჯგვლიანი არსება მოსვენებას არ აძლევს შეუცნობელთა მკვლევრებს. გასული საუკუნის შუა ხანებიდან ათეულობით ექსპედიცია შედგა. 
Rating
თოვლის კაცის ბინადრობის კვალი აღმოაჩინეს ციმბირის მრავალ რეგიონში, შუა აზიის მთიანეთებში, ურალისა და კავკასიის მთებში, მონღოლეთში, ჩინეთსა და ავსტრალიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. გავრცელებული ცნობების თანახმად, მისი ნაკვალევის ანაბეჭდი ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლადაც კი შენიშნეს! მაგრამ ამ მხრივ ყველაზე იღბლიანი ამერიკელი როჯერ პატერსონი აღმოჩნდა. 1967 წელს მან მოახერხა კინოკამერის ფირზე აღებეჭდა... თოვლის კაცი. ეს ხანმოკლე კინოსიუჟეტი იეტის არსებობის უდავო მტკიცებულება უნდა გამხდარიყო. შემდგომში ფირს არაერთხელ ჩაუტარეს ექსპერტიზა. 1999 წელს კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა დაწვრილებით გააანალიზეს ფირი და სენსაცია არ შედგა: მკვლევრებმა „თოვლის კაცის" წელზე... ელვა-შესაკრავი აღმოაჩინეს. ამგვარად, იეტის არსებობის თითქოსდა უდავო მტკიცებულება ფალსიფიკაცია აღმოჩნდა. 
მიუხედავად ამისა, თოვლიანი მხარეებისა და ტყეების იდუმალი ბინადრის ძებნა მაინც გრძელდება. ენთუზიასტებს ეჭვი არ ეპარებათ - თოვლის კაცი არსებობს! მხოლოდ უკეთ მოძებნაა საჭირო. 

მთვარის ოდისეა 

ტელევიზიის, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის გამოგონებას თან ერთად, XX საუკუნე კიდევ ერთი თვალსაჩინო მოვლენით აღინიშნა - ეს გახლავთ ამერიკული კოსმოსური ხომალდ „აპოლონის" ეკიპაჟის გადასხმა მთვარეზე, თუმცა ამასთან დაკავშირებით დღემდე კამათობენ - რა იყო ეს? უზარმაზარი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში თუ უდიდესი აფერა? პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებისა და იური გაგარინის ფრენისაგან განსხვავებით, რომლებიც არავითარ ეჭვს არ იწვევს, აშშ-ის „მთვარის პროგრამა" დღემდე უამრავ კითხვას ბადებს. ამ სკეფსისის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა სურათებზე გამოსახული აფრიალებული დროშა, თუმცა უჰაერო სივრცეში ქარი არ შეიძლება იყოს. უკანასკნელ წვრილმანებამდეა შეფასებული სკაფანდრების ხარისხი და მათი შესაბამისობა გარემოსთან. კოსმონავტების შეფასებით, მთვარის დამპყრობლები მათში რამდენიმე წამსაც ვერ გაძლებდნენ. ტექნოლოგიის განვითარების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებითაც კი, ასეთ დამცავ კოსტიუმებში შეუძლებელია მოთავსდეს ჟანგბადის ოთხი საათის მარაგი, რადიოსადგური, სიცოცხლის უზრუნველყოფისა და თერმორეგულირების სისტემები და ა.შ. ამასთან, მათი მასალის გათვალისწინებით, ისინი უბრალოდ გალღვებოდა უსასტიკესი კოსმოსური გამოსხივების ზემოქმედებით. ანდა როგორ ავხსნათ ის გარემოება, რომ მთვარეზე დაშვებული აპარატის რეაქტიულმა ნაკადებმა არ გაფანტეს მტვერი დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან? ფირზე ჩანს, როგორ ხტება ასტრონავტი ხელუხლებელ მტვერში და როგორ ტოვებს კვალს. 
Rating
„მთვარის პროგრამა" 1969 წელს განხორციელდა, თუმცა ეს „ტრიუმფი" დღესაც საეჭვოდ გამოიყურება. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფირის ორიგინალი, რომელზეც ადამიანის მთვარეზე ყოფნაა დაფიქსირებული, „ნასას" არქივებში დაიკარგა! ის, რასაც დღემდე უჩვენებენ, მხოლოდ ასლებია, რომლებმაც დამუშავება და ინტერპრეტაცია განიცადეს. და დღეს, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიათა მეშვეობით შესაძლო იყო ყველა კითხვაზე საბოლოო პასუხის გაცემა, კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დოკუმენტური მასალა მიუწვდომელი აღმოჩნდა. გაუგებრობას იწვევს ის ფაქტიც, რომ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში არ ყოფილა მსგავსი ექსპედიციის განმეორების მცდელობა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სამეცნიერო და ფინანსურ შესაძლებლობებს ვერც კი შევადარებთ ნახევარი საუკუნის წინანდელ პოტენციებს. 

საეჭვო კითხვებს იწვევს ცნობილი რეჟისორის სტენლი კუბრიკის ცოლის აღსარებაც. მისის კუბრიკი იხსენებს, რომ მისი მეუღლე, ლეგენდარული კინოეპოპეის - „2001 წლის კოსმოსური ოდისეის" - ავტორი, 1969 წელს საკონსულტაციოდ მიიწვიეს „რაღაც მთვარის გადაღებებთან დაკავშირებით" . და ბოლოს: ევროპულმა თანამგზავრმა „შMAღთ-1" -მა, რომელიც ათი წლის წინ გაუშვეს მთვარეზე, რათა „აპოლონის" ასტრონავტთა გადასვლის ადგილი აღებეჭდა, ვერაფერს მიაგნო. მართლაც, დამაფიქრებელი ფაქტებია. 

ეგვიპტის დედოფალი 

კაცობრიობის ისტორიაში არც ისე ბევრია ქალი, რომლის შესახებ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ყველას სმენია. მათ შორის არის ფიგურა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. რა თქმა უნდა, საუბარია კლეოპატრაზე - ყველაზე საბედისწერო ქალზე ცივილიზაციის ისტორიაში. 

აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, კაცობრიობის ისტორიაში რეალურად არსებული ქალბატონებიდან თითქმის ყველაზე ცნობილის ხატება ასოცირდება შეუდარებელი ელიზაბეტ ტეილორის გარეგნობასთან, რომელმაც კლეოპატრას როლი ითამაშა ამავე სახელწოდების ფილმში. მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, ეგვიპტის დედოფალი ასე მიმზიდველად როდი გამოიყურებოდა. კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა თითქმის ერთი წელი მოანდომეს ამ ცნობილი ბანოვანის რეალური გამოსახულების აღდგენას. კომპიუტერული მოდელის საფუძვლად გამოიყენეს იმ დროის მონეტებზე აღბეჭდილი პორტრეტები და გამოსახულება ბეჭედზე, რომლის ასაკმა დაახლოებით ორი ათასი წელი შეადგინა. მიღებულმა შედეგმა მეცნიერები გააოგნა. 
აღმოჩნდა, რომ ეგვიპტის დედოფლის იგავმიუწვდომელი სილამაზე მხოლოდ მითია. სამგანზომილებიანი მოდელი გამოსახავს ტანმორჩილ ქალს დაბალი შუბლით, მოკაუჭებული ცხვირით, გამოშვერილი ნიკაპითა და მრუდე ფეხებით. მაშ, რით შეეძლო მოეხიბლა თავისი განსწავლულობის გარდა, იულიუს კეისარი და მისი თანამებრძოლი მარკუს ანტონიუსი? ანდა, გადმოცემის თანახმად, რატომ თანხმდებოდნენ მამაკაცები სიკვდილზე ამ ქალის განსასვენებელში გატარებული თუნდაც ერთი ღამის სანაცვლოდ? ცნობილი ფაქტია, რომ კლეოპატრას ჰქონდა ბრწყინვალე გონება, იყო განათლებული და მშობლიური ბერძნული ენის გარდა იცოდა ლათინური, არამეული, ებრაული და ეგვიპტური ენები. მაგრამ საეჭვოა, მხოლოდ შესანიშნავი განათლების გამო ჰყოლოდა ურიცხვი თაყვანისმცემელი. როგორც ჩანს, ეს საიდუმლო ყველაზე უკეთ პლუტარქემ ამოხსნა: „ამ ქალს არ გააჩნდა ის სილამაზე, რასაც შეუდარებელი ჰქვია და პირველივე ნახვით გიპყრობს, სამაგიეროდ, ადამიანებისადმი მისი დამოკიდებულება გახლდათ უზადო და ამიტომ გარეგნობა, შეხამებული დამაჯერებელ საუბართან, უნაკლო მომხიბვლელობასთან, რაც თითოეული სიტყვიდან, ყოველი მოძრაობიდან გამოსჭვიოდა, ღრმად იჭრებოდა სულში. თვით მისი ხმის ბგერები ეალერსებოდა და ახარებდა სმენას, ხოლო ენა ნამდვილი მრავალსიმიანი საკრავი იყო, რომელიც ადვილად იმართებოდა ნებისმიერ ჰანგზე, ნებისმიერ კილოზე..." 

პაატა გეგელაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი"


წყაროhttp://www.reitingi.ge/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2784 | დაამატა: Admin | ტეგები: სინდრომი, ბარონ, მიუნჰაუზენის | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 mukha   (17.07.2013 21:53:00) [მასალა]
gimili 166 166 166 166 166

0   Spam
1 giohunt1982   (09.07.2013 13:36:21) [მასალა]
166 და ისევ მრავალი ??????????????????

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    VAXO-HUNTER, gelino80

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика