ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 13 » საქართველოს ბულბული    

21:23:10
საქართველოს ბულბული

1985 წლის შემოდგომაზე მშობლიურ მიწას მივაბარეთ ქართველი ხალხის საყვარელი მომღერალი _ ჰამლეტ გონაშვილი.
და დღეს, როცა გავყურებ წარსულს, ფიქრი ფიქრს მოსდევს, მოგონება მოგონებას და თანდათან ცოცხლდება ამ უნიკალური ადამიანისაგან მიღებული შემოქმედებითი და ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები. უცნაურია, მაგრამ გამიჭირდა ამ შთაბეჭდილებების ერთმანეთთან დაკავშირება. ვერ გავდე ხიდი ჰამლეტ გონაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის.
და უცბად, ვიგრძენი, რომ მასში ცოცხლობდა ორი პოეტი, ორი უზომოდ თავისებური და კეთილშობილი პიროვნება: გონაშვილი_მომღერალი და გონაშვილი_ადამიანი. განსხვავებული მეჩვენა მათი მისწრაფებები, არსებობის წესი, ცხოვრების გზები. ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი დარჩებოდა იმათთვის, ვინც უშუალოდ არ იცნობდა ამ საკვირველ კაცს, რომელიც ადამიანებში წმინდა მუსიკალურ ცნობისმოყვარეობას აღვივებდა და მხოლოდ სრულქმნილი, ზებუნებრივი სიმღერის სიმბოლოდ აღიქმებოდა.
გავვოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ გონაშვილი_ადამიანი განცალკევებით ცხოვრობდა გონაშვილი_მომღერლისაგან და დღენიადაგ ეტრფოდა რაღაც სხვა არამუსიკალურ იდეალებს. არადა, დღეს სწორედ ეს არამუსიკალური მისწრაფებები გვიქმნის წარმოდგენას ჰამლეტ გონაშვილის სუბიექტური განცდების სამყაროზე, იმ მტკივნეულ წინააღმდეგობებზე, რასაც გონაშვილი_ადამიანი თვითონვე ამწ¬ვავებდა და შინაგან კონფლიქტებად აქცევდა.
ამ წინააღმდეგობებს ბიძგს აძლევდა აჩრდილივით ადევნებული დაუკმაყოფილებლობის განცდა, რომელსაც ვერც სულგანაბული აუდიტორიის აჩქარებული მაჯისცემა უქარწყლებდა, ვერც მხურვალე ოვაციები და აღფრთოვანებული ეპითეტები, ვერც სახალხო აღიარებისა და სიყვარულის ატმოსფერო. ეს არ იყო გაზვიადებული მომთხოვნელობით, ჭირვეული არტისტული ფსიქიკით გამოწვეული განცდა. ეს სრულიად უცხო იყო მისთვის. პირიქით, ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნებოდა, თითქოს ამ ადამიანს არ აღელვებს ღვთით ნაბოძები ორეულის _ გონაშვილი_მომღერლის ბედი, მომღერლისა, რომლის ცხოვრებას გონაშვილი_ადამიანი ოლიმპიური სიმშვიდით შეჰყურებდა და ისე აღიქვამდა, როგორც ბუნებრივ, ჩვეულებრივ მოვლენას.
სახტად დავრჩი, როცა თავისი შემოქმედებითი საღამოს დაწყების წინ, რომელზეც სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, კულისებში გამიხმო და კატეგორიული ტონით მომთხოვა: შენ უნდა თქვა, რომ მე ბედმა არ გამიმართლა და ჩემი ადგილი საკონცერტო ესტრადაზე არ არისო! ეს არ მოხდება-მეთქი _ ასეთივე კატეგორიული ტონით ვუპასუხე და სასწრაფოდ გავეცალე, ესოდენ მოულოდნელი და უხერხული დიალოგი რომ აღარ გაგრძელებულიყო.
არ მახსოვს თავის წარმატებაზე ერთხელ მაინც ჩამოეგდოს სიტყვა ან თვითკმაყოფილებით ელაპარაკოს საკუთარ შემოქმედებაზე. ბევრს არც სხვას ალაპარაკებდა თავის სამომღერლო სამყაროზე. ეს თემა ხელშეუხები იყო. დროდადრო, ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების” რედაქციაში მესტუმრებოდა ხოლმე, საათობით მესაუბრებოდა ამა თუ იმ მოვლენასა თუ საგანზე. ამ შეხვედრების დროს შეგნებულად გაურბოდა არა მარტო საკუთარ სიმღერაზე, არამედ, საზოგადოდ, ქართულ ხალხურ მუსიკაზე ლაპარაკს. მიჭირს ამ უცნაური მოვლენის ახსნა. შესაძლოა, ამას იმიტომაც აკეთებდა, რომ მისი სიმღერის ამაღლებული, განწმენდილი სამყარო, რომელშიც ქართული ხალხური მუსიკის სული ცოცხლობდა, მიწაზე არ დაშვებულიყო, არ გაყალბებულიყო, არ ამღვრეულიყო ყოველდღიური ცხოვრებისეული დაღისა და მინარევებისაგან.
შემოქმედებითი ცხოვრების გასაიდუმლოების ეს შეურყეველი პოზიცია აძლიერებდა იმის შეგრძნებას, რომ გონაშვილი_მომღერალი, რომელიც რეალობის ზღვარს გასცდა და სულიერი ცხოვრების თვალუწვდენელ მწვერვალზე ავიდა, დაშორდა ამ რეალობაში დარჩენილ თავის მიწიერ ორეულს.
დიახ, იგი უთქმელი თავდადებით ემსახურებოდა ხალხურ სასიმღერო საგანძურს, რომლის სიწმინდეს ისეთი მოწიწებით იცავდა, როგორც საუკუნეების სიღრმიდან მოღწეულ საიდუმლოს, როგორც შორეული წინაპრების ანდერძს, წინაპრებისა, რომლებიც არა მარტო ხმლითა და მახვილით, არამედ სიმღერა _ საგალობლებითაც იბრძოდნენ ეროვნული თვითშეგნების გადარჩენისა და სულიერი ფასეულობების უკვდავყოფის ვრცელ, საბედისწერო დაბრკოლებებით აღსავსე გზაზე. გონაშვილმა_მომღერალმა მათგან მიიღო მემკვიდრეობით არა მარტო ესთეტიკური, არამედ ეს მაღალზნეობრივი ეთიკურ-პატრიოტული მუხტიც.
ხალხური წარმოშობისაა მისი უნატიფესი ხმის ტემბრიც და ორნამენტული აზროვნებაც, რომელსაც გონაშვილი_მომღერალი, როგორც ჭეშმარიტი იმპროვიზატორი ოსტატურად აფერადებდა, ამდიდრებდა, ალამაზებდა, თავისებურად აპოეტურებდა და აიდეალებდა, იდუმალი თრთოლვით ავსებდა. მისი უმწიკვლო, ბუნებრივი, დაუძაბავი სიმღერის სტილს ხალხურ ბელკანტოდ მოვნათლავდი. მის მიერ შთაგონებით ნამღერი თითოეული ბგერა, ორნამენტი თუ ჰანგი საკრალური გზნებით შესრულებული რიტუალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რაც დიდ ზემოქმედებას ახდენდა მსმენელზე და მასში პატრიოტული მღელვარებისა და ეროვნული სიამაყის გრძნობებს იწვევდა.

ის არ ითხოვდა რაიმე საფასურს ასეთი დიდი სამსახურისათვის. შორს იყო ყოფითი, ნივთიერი ინტერესებისაგან. არ ირჯებოდა, არ იხარჯებოდა ასეთი უმნიშვნელო საფიქრალისათვის.
მაშ საიდან მოდიოდა გონაშვილი_ადამიანის არსებაში ჩაბუდებული დაუკმაყოფილებლობის ეს მძაფრი განცდა?
ქართული ხალხური მუსიკის უნიკალური ფენომენიდან, რომელმაც უზომოდ გაამდიდრა მისი სულიერი სამყარო, გაუღვიძა ცოდნისა და განათლების წყურვილი, თვალსაწიერის გაფართოების მოთხოვნილება.
გონაშვილი_ადამიანიც თავის ყოველდღიურ ცხოვრებას სწორედ ამ მაღალი მისწრაფებების შუქზე განიხილავდა და გულისტკივილით თვლიდა, რომ ვერ იპოვნა თავისი თავი, ვერ გავიდა ინტელექტუალური მოღვაწეობის იმ ფართო გზაზე, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.
დაუდგრომელი ცნობისმოყვარეობიდან წარმოქმნილი მისი წარმოსახვითი ცხოვრების გზა სავსებით კონკრეტულ გატაცებებში ვლინდებოდა. ეს გზა წარამარა იცვლიდა მიმართულებას, მოულოდნელ ბილიკებს აწყდებოდა, ახალ-ახალ ნაპირებს ეხეთქებოდა. ეს გზა, ინტერესების ხშირი ცვალებადობის გამო, ვერ რეალურდებოდა, რაც მის გატაცებულ სულში განუხორციელებელი ოცნებებისა და მიუწვდომელი იდეალების მტკივნეულ ანარეკლებს ტოვებდა.
სად არ მიჰყავდა ამ გზას _ ქართველი ხალხის უძველესი კულტურის წიაღში, მშობლიური მიწა-წყლის სივრცეებში, მიწისქვეშეთის ლაბირინთებშიც. მას ყველაფერი აღელვებდა _ საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, არქეოლოგია და ეთნოგრაფია. მოსვენებას უკარგავდა უძველესი ქართული ხელნაწერებისა და ციხე-ტაძრების იდუმალება, ჩვენი დიდი მწერლებისა და პოეტების შემოქმედება, იზიდავდა ბევრი რამ სხვაც, მათ შორის ქართული თეატრიც, პლასტიკური ხელოვნებაც, კინემატოგრაფიაც. ამ გატაცებამ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში შეიყვანა. ზოგჯერ ესტრადაზე ლექსებს კითხულობდა, ხალხურ ცეკვებშიც მონაწილეობდა, ოცნებობდა საოპერო სცენაზე, მალხაზის როლის შესრულებას ნატრობდა ზაქარია ფალიაშვილის `დაისში~…
თავის მისწრაფებებს არ მალავდა, პირიქით, დაუფარავი კმაყოფილებით ავლენდა ხოლმე დინჯ, დარბაისლურ სჯა-ბაასში, რომლის დროსაც ერთთავად იმოწმებდა, იშველიებდა თავისი მრავალფეროვანი გატაცებების ობიექტებს.

ვერა და ვერ იკლავდა კვლევა-ძიების ჟინს, მეცნიერული ცოდნის წყურვილს, რაც გამოჰყვა მშობლიური ქიზიყიდან, მწიგნობრობით, მასწავლებლობით, ჩვენი წარსული დროების მაძიებლობით გატაცებული, ხასიათობრივად მკვეთრი და უაღრესად პატიოსანი დედმამისეული ოჯახიდან, საიდანაც ხშირად ისმოდა ქართლ-კახური სიმღერებიც.
მშობლიური კუთხიდანვე შეიწოვა ბუნების ნაზი სიყვარულიც, რაც მჟღავნდებოდა იმ საინტერესო დაკვირვებებში (პროფესიით ბიოლოგი გახლდათ), რასაც დღენიადაგ აწარმოებდა სოფლად თუ ქალაქში, მთასა თუ ბარში, მსოფლიოს ამა თუ იმ მერიდიანზე, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ქართული ხალხური სიმღერა უდიდესი წარმატებით გაჰქონდა.
მუდმივი იყო მისი კავშირი ბუნებასთან. მგალობელი ჩიტუნების მესაიდუმლეც იყო და ვეება ხეების მოტრფიალეც, ცხოველთა ქომაგიც და ყვავილნარის, ბალახეულის მცოდნეც. ცოცხალი სამყაროს სიყვარულით შეპყრობილ ამ საოცარ კაცს გრძნეულ ვაჟასეულ მინდიასთან აახლოებდა სულიერი სისათუთე. ეს აძლევდა მის სიმღერას ციური გალობის ელფერს!
დიახ, გონაშვილი_ადამიანი დაჟინებით ეძებდა თავის ადგილს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და არც კი ფიქრობდა მომღერ¬ლობაზე. მისი ბედი შემთხვევამ გადაწყვიტა, იმ გამჭრიახი ადამიანების გუმანმა, ვინც ჩვენდა საბედნიეროდ, დროულად აღმოაჩინა და ხალხს ჩააბარა მისსავე წიაღში შობილი ეს უდიდესი ტალანტი.
მაინც, როგორ შეიძლება ამ უცნაური მოვლენის ახსნა?
ამ კითხვაზე პასუხს ძველი ხალხური მომღერლების ცხოვრება, ფსიქოლოგია და ტრადიციები გვაძლევს. მათ ხომ ხალხური სიმღერა არასოდეს გაუხდიათ ხელობად, საარსებო წყაროდ, სხვათა მოსალხენ და გასართობ საშუალებად. სიმღერა იყო მათი სულისა და გონების განუყოფელი ნაწილი, ყოფა-ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი, თვითგამოხატვის ყველაზე ორგანული ფორმა. გონაშვილი _ მომღერალი მათი პირდაპირი მემკვიდრე გახლდათ. მისთვისაც ხალხური სიმღერა აზროვნება იყო და არა ხელობა, სულიერი ცხოვრების მესაიდუმლე და არა პირადი კეთილდღეობის საყრდენი ან თავის გამოსაჩენი, სახელის მოსახვეჭი საშუალება.
უკვალოდ არ ჩაუვლია არც გონაშვილი_ადამიანის ძიებებითა და გატაცებებით სავსე ცხოვრებას. მისი მაღალი მისწრაფებები ქვეცნობიერების ფსკერზე ილექებოდა და შიგნიდან ასაზრდოებდა მის სასიმღერო სამყაროს. ეს სამყარო, რომელიც გვაჯადოებდა ფიქრიდან დაბადებული, უაღრესად გასაიდუმლოებული და ამაღლებული სულისკვეთებით, გამსჭვალული იყო მშობლიური ბუნების წიაღში ნაზიარები იდუმალი ხმებით, ფერებითა და საღებავებით, ქართველი ხალხის სულიერი და ნივთიერი კულტურის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებიდან შესისხლხორცებული განუმეორებელი ეროვნული კოლორიტით და ჰარმონიით!
ასე ხდებოდა მაშინ, როცა შთაგონებული სიმღერის წუთებში ერთმანეთს პოულობდა და ერთ არსებაში მთლიანდებოდა ორი პოეტი, ორი უზომოდ თავისებური და კეთილშობილი პიროვნება: გონაშვილი_მომღერალი და გონაშვილი_ადამიანი.
ამ დროს იბადებოდა ეროვნული სევდისა და ოცნების მგოსანი ჰამლეტ გონაშვილი, რომელმაც მშობლიური ქვეყნის სულს მთელი არსებით, საკრალური გზნებითა და ლოცვა-ვედრებით უგალობა "წმინდაო ღმერთოს!”, "წინწყაროს”, "დაიგვიანეს”, "ურმულის”, "გაფრინდი შავო მერცხალოს”, "ოროველასა” და სხვა სიმღერა-საგალობლების ჰანგებით!



წყაროhttp://burusi.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2009 | დაამატა: ormeteli | ტეგები: საქართველოს ბულბული | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
2 avtandil   (13.03.2013 23:16:22) [მასალა]
გასაგებია, მაგრამ უკვდავი არავინაა. ყველანი იმ ქვეყნის შვილები ვართ 23

0   Spam
3 ormeteli   (13.03.2013 23:59:01) [მასალა]
ღმერთსაც კარგი უნდა თავისთვის

0   Spam
1 ormeteli   (13.03.2013 22:27:05) [მასალა]
სამწუხაროა რომ ამ ქვეყნიდან მხოლოდ კარგი ადამიანები მიდიან

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика