ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 6 » საართველოს უძველესი ძეგლები    

17:42:09
საართველოს უძველესი ძეგლები
ნაქალაქარი მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ ძალისის აღმოსავლეთით, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე. თარიღდება ძვ. წ. II-ახ. წ. VIII საუკუნეებით.
მოსახლეობა თავდაპირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე (ფართობი: 5-6 ჰა) დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და აქ ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს, ქალაქის არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა. ძალისის გორაზე აღმოჩნდა ალიზის აგურით ნაგები, ბრტყელი და ღარისებრი კრამიტებით გადახურული, მარნიანი საცხოვრებელი ნაგებობანი, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრილი ძეგლების თანადროულია. გორას შემოვლებული ჰქონია ალიზის გალავანი.
1971-1982 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაგისის მცხეთის რაიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნაქალაქარი გათხარა.
ნაქალაქარზე გაითხარა ტაძარ-სასახლის (ტაძარი, სასახლე, აბანო) და აბანოს კომპლექსები. აბანოები ნაშენია რიყის ქვითა და დუღაბით, ყველა სხვა ნაგებობა - ალიზის აგურით. ტაძარ-სასახლეების კედლები შიგნიდან გაჯით, ზოგან კი სუფთა კირხსნარითაა შელესილი. ყველა ნაგებობა გადახურული ყოფილა კრამიტით. დიდი რაოდენობით აღმოჩნდა კერამიკული მასალა, სარკმლის მინის და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის ნივთები და ა. შ. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მცხეთის მუზეუმსა და ნასტაგისის ექსპედიციის ბაზაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტაძარი გეგმით სწორკუთხაა. შედგება დარბაზისა და რამოდენიმე დიდი სენაკისაგან. დარბაზს საზეიმო შესასვლელი სამხრეთით ჰქონდა. ზღურბლის წინ, ეზოს მხარეს ტუფისა და ქვიშაქვის გათლილი ქვებით მოგებული მოედანია (4,9 X 2,75 მ).
დარბაზის (ფართობი 48,6 კვ.მ) იატაკის მოზაიკა (თარიღდება ახ. წ. II საუკუნით) თორმეტი ფერის კენჭისგან არის შედგენილი. კედლების გასწვრივ იატაკს შემოვლებული აქვს შედარებით მსხვილი კენჭების მოზაიკური არშია, აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლების გასწვრივ, არშიების შიგნით რომბებით შევსებული მოედანია (4,8 X 1 მ), შემდეგ წითელი არშიით გამოყოფილია ზოლი, რომელიც მცენარეული ორნამენტითაა დაფარული. მოზაიკაზე წარმოდგენილი გამოსახულებებისა და თვით ნაგებობის ხასიათით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო დიონისეს ტაძარი, სადაც დიონისეს კულტთან დაკავშირებული რიტუალი სრულდებოდა.
ტაძარში კიდევ ოთხი დიდი დარბაზია (უდიდესი 85 კვ.მ). მათი იატაკი და კედლები გაჯით ყოფილა შელესილი, კედლები - მოხატული. ყველა დარბაზში გამართულია დაბალი სამსხვერპლო-საკურთხეველი.
სასახლისაგან შემორჩენილია მხოლოდ ფასადის კოლონების ბაზალტის ქვისაგან გამოკვეთილი ბაზისები, რომლებიც ერთ რიგადაა ჩამწკრივებული ტაძრის დასავლეთის მხრის გაგრძელებაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აბანო გეგმით ოვალურია და სამი, ერთმანეთთან კარით დაკავშირებული, ცხელი, თბილი და ცივი განყოფილებისაგან შედგება. ცხელი და თბილი განყოფილებების იატაკი კალორიფერის სვეტებზეა დაგებული. კალორიფერის თითოეულ განყოფილებაში სიგრძეზე 9 და სიგანეზე 5 მრგვალი ან ბრტყელი აგურით ამოყვანილი და კირხსნარით შეკავშირებული სვეტი დგას. სვეტების თავზე დევს კერამიკული ფილები (0,58 X 0,05 მ), რომლებზეც დასხმულია ჰიდრავლიკური ხსნარის 0,12-0,15 მ სისქის ფენა. ცივ განყოფილებაში ჩრდილოეთით, მომრგვალებულ ნაწილში მოთავსებულია აბაზანა. ამ განყოფილების იატაკზე ფერადი მოზაიკით გამოსახულია დელფინის თავი, ზღვის ნიჟარა და თევზები. მოზაიკის შუა ნაწილი დაზიანებულია. ცივი აბანო კარით უკავშირდება გათლილი ტუფისიატაკიან დერეფანს (6 X 1,3 მ), საიდანაც შეიძლება გასახდელში (ფართობი 22,7 კვ. მ) მოხვედრა. გასახდელის მოზაიკური იატაკი შემკულია გეომეტრიული ორნამენტით. გასახდელი კარით უკავშირდება ტაძრის დარბაზს.
აბანოს კომპლექსში შემავალი ნაგებობების ნაშთები სხვადასხვა სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება. ატრიუმი და ტაძარი I-II საუკუნეებით თარიღდება, ხოლო აბანოს მთელი კომპლექსი - II-IV საუკუნეებით. აბანოს კომპლექსი დაშენებულია უფრო ადრინდელი ხანის ნაგებობებზე, რომლებიც მშენებლებს მოუსწორებიათ და შემდეგ დაუწყიათ აბანოს კომპლექსში შემავალი ნაგებობათა მშენებლობა.
ატრიუმი გეგმით ოთხკუთხაა (1,77 X 6,95 მ), მოგებულია ერთმანეთთან მიჯრით მიწყობილი, დათლილი ტუფისა და ქვიშაქვის დიდი ქვებით. ატრიუმის ცენტრში ბორდიურით შემოვლებული შადრევნის აუზია (2 X 1,8 მ), რომლის კუთხეებში აღმართული ყოფილა ოთხკუთხა კოლონები; შემორჩენილია კუთხის ქვების ცენტრში, ერთმანეთისაგან 0,3-032 მეტრის დაშორებით ამოკვეთილი ფოსოები. აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით კოლექტორის საკონტროლო ჭაა.
ატრიუმის დასავლეთით დგას გეგმით სწორკუთხა ტაძარი (9,95 X 2,6 მ), რომლის გათლილი ტუფის დიდი ქვებით მოგებული იატაკი ატრიუმისაზე 0,15 მეტრით მაღალია. ტაძარი დგას გათლილი ტუფის დიდი ქვებით ნაგებ ცოკოლზე. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში კოლონებიანი წაგრძელებული მინაშენია, რომელშიც რომელიღაც ღვთაების ქანდაკება ყოფილა აღმართული.
აბანო რომაული ტიპისაა და სამი - ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებებისგან შედგება. სამივე განყოფილებას სამხრეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. აბანოს გასათბობი სისტემა - ჰიპოკაუსტი მიწაშია მოწყობილი და ნაგებია რიყის ქვით და დუღაბით. ცივი აბანოს (6,3 X 3,65 მ) თითქმის ნახევარი, აფსიდის მხარეს აბაზანას უჭირავს. აბაზანის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემაღლებული მოედანია. იატაკში თიხის მილია დატანებული ნახმარი წყლისათვის. თბილი აბანო (6,5 X 3,96 მ) ცივი განყოფილების დასავლეთითაა და მას კარით უკავშირდება. თბილი და ცხელი (6,5 X 3,8 მ) განყოფილებების იატაკის ქვეშ კალორიფერია, რომელშიც კირხსნარით შეკავშირებული სხვადასხვა ზომის, ოთხკუთხა და მრგვალი აგურით ნაგები სვეტების რიგია. სვეტებს ზემოდან დაფარებული ჰქონდა კერამიკული ფილები და ტუფის გათლილი ქვები, რომლებზეც დასხმული იყო ჰიდრავლიკური კირხსნარის 0,12-0,15 მეტრი სისქის ფენა (აბანოს იატაკი). ცხელი აბანოს კედლებში, კედელსა და მასზე მიმაგრებულ ფილებს შორის ვერტიკალურად ჩადუღებულია თიხის მილები. ამ მილებით ცხელი აბანოს ჰიპოკაისტიდან ცხელი ჰაერი მიედინებოდა და ათბობდა მთელ აბანოს. ფილები კედელზე მაგრდებოდა შვერილებით.
აბანოს თბილსა და ცივ განყოფილებებს ჩრდილოეთით მიშენებული აქვს აბანოსაგან ყრუ კედლით გამოყოფილი ორი მოზრდილი სათავსი, რომლებსაც შესასვლელი ჩრდილოეთით აქვთ. ცხელი განყოფილების ჩრდილოეთით ცეცხლფარეშის სათავსია (4 X 2,8 მ). იგი რიყის ქვითა და დუღებით ნაგები კარგად შელესილი საცეცხლე არხით უკავშირდება ცხელი აბანოს ჰიპოკაუსტს, რომლის დასავლეთ კედელში გაკეთებულია ჭრილი. ამ ადგილზე კედელს გარედან მიშენებული აქვს რიყის ქვით, ოთხკუთხა აგურითა და დუღაბით ნაგები საკვამლე მილი. საკვამლე მილის ჩრდილოეთით სწორკუთხა აუზია (4,4 X 3,3 მ), რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან წყალსადენი უერთდება. წყალსადენი ნაგებია რიყის ქვით,ტუფით და დუღაბით. ყოველ 40-50 მეტრზე თანგირია გამართული. ამ წყალსადენზე დადუღებულია მეორე წყალსადენის თიხის მილები. აბანოს კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთით ტუფით, რიყის ქვითა და დუღაბით ნაგები უფრო ადრეული ხანის წყალსადენია, რომლის თავზე ერთმანეთთან შედუღებული ტყვიის ცილინდრული მილებისაგან შედგენილი მეორე წყალსადენია გამართული.
აბანოს გასახდელი (7,7 X 8,1 მ) ატრიუმის აღმოსავლეთითაა. მისი იატაკი (შემორჩენილია გასახდელის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში) ისეთივეა, როგორიც თბილ და ცხელ აბანოებში. ჰიპოკაუსტში თითოეული სვეტი აგებულია ცხრა მრგვალი და ცხრა ოთხკუთხა აგურითა და კირის ხსნარით. სიგანეზე სვეტების 12, ხოლო სიგრძეზე 13 რიგია.
გასახდელის აღმოსავლეთით ცეცხლფარეშის სათავსია (2,8 X 1,9 მ). აქედან საცეცხლე არხი გადის გასახდელის ჰიპოკაუსტში. ცეცხლფარეშის სათავსში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა აგურის, კრამიტის, ჭურჭლის ნატეხები და ასამდე თიხის პატარა ჭრაქი.
გასახდელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეებზე მიშენებულია მოსაცდელი (6,5 X 5,2 მ). მისი დასავლეთ კედლის გასწვრივ კირხსნარით მოლესილი ზოლია (1,7 X 6 მ).
ძალისის მიდამოებში მიკვლეულია ნაქალაქარის დროინდელი სამი სამაროვანი. აქედან მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სამაროვანი, მის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი მდიდრული ინვენტარის მიხედვით, არისტოკრატულ ფენას უნდა ეკუთვნოდეს.
ნაქალაქარის ტერიტორიაზე 1971-1982 წლებში წარმოებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ აქ საკმაოდ ძლიერი დასახლება არსებობდა ძვ. წ. I საუკუნეში. ამ დროის ნაგებობათა ნაშთები მოქცეულია ტაძარ-სასახლისა და აბანოს კომპლექსის ქვეშ. ამ ნაგებობის თანადროულია მათ დონეზე აღმოჩენილი წითლად ანგობირებული პირჩაკეცილი, შავად გამომწვარი და ზედაპირგაპრიალებული ჯამების ნატეხები.
მშენებლობაში სამი სახის აგურია გამოყენებული. ნაგებობების გადასახურად გამოყენებულია ბრტყელი გვერდებაკეცილი ღარისებრი ე. წ. კურტნის კრამიტი. გვხდება ღარკრამიტიც, რომელსაც თავი შესამჩნევად ვიწრო აქვს, ბოლო კი ფართო. ძალისური კრამიტი ფორმითა და სიდიდით გვიანდელი ანტიკური ხანის კრამიტს ჰგავს, ტლანქია, ზოგჯერ თიხაც არაა განლექილი, გამოწვის ხარისხი დაბალია და არც შეღებილია. ამ სახის კრამიტი გავრცელებული უნდა ყოფილიყო ქალაქის არსებობის უკანასკნელ პერიოდში (გვიანდელი ანტიკური ხანის ბოლო).
ადრეული ხანის ნაგებობების ბრტყელ გვერდებაკეცილ კრამიტებს გარეთა კუთხეები ჩათლილ-ჩასწორებული აქვთ, ღარისებრი კრამიტები კი ქიმებიანია. ყველა წითლად არის შეღებილი. კრამიტებზე ვხვდებით სხვადასხვა სახის ნიშნებს. ამ ფენის კრამიტები ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე და ახ. წ. პირველ საუკუნეებში იყო გავრცელებული.
გათხრებით მოპოვებული მასალების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ: ქალაქმა ძვ. წ. II საუკუნიდან ახ. წ. VIII საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. განვითარების უმაღლეს დონეს ახ. წ. I-III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის
ტერიტორიაზე ცხოვრება დროებით შეწყდა. VI-VII საუკუნეებში აქ უღიმღამო ცხოვრება კვლავ გაგრძელდა, ხოლო VIII საუკუნუის 30-იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა მურვან ყრუს ლაშქრობის დროს.

ძამის ციხე


ძამის ციხე მდებარეობს შიდა ქართლში, ძამის ხეობაში, ქარელის რაიონში, სოფელ ორთუბნის სამხრეთით 2 კილომეტრზე, მაღალ მთაზე, ქარელიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.
ძამის ციხე მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე – იგი იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას. ისტორიულ წყაროებში ციხეს პირველად „მატიანე ქართლისაის" ავტორი დემეტრე აფხაზთა მეფისა (967-975 წწ.) და მისი ძმის თეოდოსს შორის წარმოებულ ბრძოლებთან დაკავშირებით იხსენიებს. თეოდოსმა დახმარება სთხოვა ძამის ხეობის გამგებელს ადარნასეს. ძამის მთავარმა თავის რეზიდენციაში – ძამის ციხეში შეიფარა თეოდოსი. „მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდენ სამ თუე ოდენ". ბოლოს ადარნასე ძამელი და თეოდოსი იძულებულები გახდნენ დანებებოდნენ დემეტრეს.
ფეოდალურ საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შექმნის შემდეგ XI-XII საუკუნეებში ძამის ციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიას განაგებდა მეფის მოხელე ქართლის ერისმთავარი. XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ციხის გამგებელი გახდა საქართველოს დიდი ფეოდალი გამრეკელ-თორელი. მონღოლთა ბატონობის ხანაში, დავით VIII-ს მეფობის დროს (1293-1311 წწ), შინაფეოდალური ომების შედეგად, ძამის ციხეს მცირე ხნით ოსები დაეპატრონნენ. XIV საუკუნის დასაწყისშივე ციხე გამრეკელ-თორელებმა დაიბრუნეს. საუკუნის მანძილზე ციხეზე და ძამის ხეობის ზედა წელზე გამრეკელ-თორელები და მათი გვარის განაყარი შტო – ჯავახიშვილები ახორციელებდნენ კონტროლს. ამავე პერიოდში ციხეს ერთმანეთს ეცილებოდნენ ჯერ გამრეკელი და ორბოძლელები, ხოლო მოგვიანებით ორბოძლელები და ფანასკერტელ-ციციშვილები.
ძამის ციხის სიმტკიცე-მიუვალობა საგანგებოდ აქვთ ხაზგასმულ თემურლენგის კარის ისტორიკოსებს. თემურლენგის შემოსევის დროს 1400 წლის ზაფხულში გიორგი VII (1395-1407 წწ) მძიმე ბრძოლებით უკან დაიხია და ბოლოს ძამის ციხეში გამაგრდა. ციხეს ალყა შემოარტყა თემურლენგმა. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მეციხოვნეები მამაცურად იგერიებდნენ იერიშებს. ბოლოს იერიშს თვით თემურლენგი ჩაუდგა სათავეში და საალყო მანქანებით და დიდი ძალებით ციხე აიღო. გიორგი VII ლაშქრით ციხიდან გამოვიდა, გააპო ალყა და სავანეთის ციხეს მიაშურა.
XV საუკუნის დამდეგს ჯავახიშვილებმა დაკარგეს გავლენა ძამის ხეობის ზედა წელზე და ძამის ციხეზეც. მთელ ძამის ხეობაზე საბოლოოდ განიმტკიცა უფლებები ციციშვილთა გვარეულობამ. ვახუშტის თქმით „ამ ციხის ქუეშ სასახლეა ციციანთა". XVIII საუკუნემდე ძამის ხეობა ციციშვილთა სათავადოში შედიოდა. ძამის ციხე ყოველთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო და მას ქვეყნის საერთო პოლიტიკურ ინტერესებისათვის იყენებდნენ.
XV საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა „ზაზა მკურნალი", „ბრძენთ მთავარი" ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, სადაც დაწერა მან საექიმო წიგნი - „კარაბადინი".
ციხე (დაახლოებით 22 X 18 მ) რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენისაგან შედგება. მათი ერთმანეთისაგან ზუსტად გამიჯვნა შეუძლებელია. თავდაპირველად აქ უნდა მდგარიყო სამკუთხედად განლაგებული სამი კოშკი, რომელთაგან ორი გალავანში იყო ჩართული. სხვა კოშკები და საცხოვრებელი შენობები აგებულია მოგვიანებით. ციხე ნაგებია ნატეხი ქვით, ზოგიერთ ნაგებობაზე გამოყენებულია თლილი ქვაც. ჩრდილოეთით მდგარი კოშკის ზედა ნაწილი, ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკის დასავლეთისა და სამხრეთის კედლები და ჩრდილო-დასავლეთის კოშკის ჩრდილოეთ ნაწილი სხვადასხვა დროს აღდგენილია.
 ჩრდილოეთის სწორკუთხა დიდი კოშკისაგან მხოლოდ სამი სართულია შემორჩენილი. სართულშუა გადახურვა ხისა ყოფილა. შესასვლელი მეორე სართულზეა, სარკმლები - ყველა სართულზე. მეორე სართულზე ბუხარი და ნიშებია. კოშკის სამხრეთით მდებარე ციხეს კლდოვანი რელიეფის შესაბამისად რთული გეგმა აქვს. მის ჩრდილოეთ და დასავლეთ კუთხეებში სამსართულიანი ელიფსური კოშკები დგას. ეზოს დასავლეთ მონაკვეთში საცხოვრებელი შენობაა. სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში მდგარი ნაგებობის ქვედა სართულში ორი ეკლესიაა, ზემოთ სხვადასხვა დანიშნულების სათავსებია. ჩრდილო-აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის კოშკებიც სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. კოშკებში ყოველ სართულზე ბუხრები, სარკმლები და ნიშებია. ჩრდილო-დასავლეთის კოშკის გასწვრივ, სამხრეთით სამსართულიანი საცხოვრებელია. პირველი სართულის კედელში თითქმის 2 მ სიგანისა და სიმაღლის ბუხარია. ეზოს ცენტრალური და სამხრეთის მონაკვეთი სამსართულიან ნაგებობას უჭირავს. ციხის გარეთ ჩანს წყალსადენის კერამიკული მილები.

 





წყაროhttp://dzeglebi.com/view.php?id=330
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3864 | დაამატა: butatino | ტეგები: უძველესი ძეგლები | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 ormeteli   (06.03.2013 23:50:18) [მასალა]
აწყური
სოფელი აწყური ახალციხის რაიონში ბორჯომიდან 30 კილომეტრის მანძილზეა. აწყურის დიდი ციხე, რომელიც უზარმაზარ კლდეზეა აღმართული, შორიდანვე ჩნდება (გზის მარცხნივ) და დიდხანს აღარ შორდება თვალს. აქ მტკვრის ხეობა ფართოდაა გაშლილი. სოფელი მდინარის ორსავ ნაპირზეა გაშლილი ვაკე ადგილს. ციხე, რომელიც მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, თავს დაჰყურებს სოფელსა და მთელ იმ მიდამოს. სოფელშივეა (აგრეთვე მარჯვენა ნაპირზე) ძველი საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევებიც.
აწყური ძველთაგანვე ცნობილი ქალაქი იყო და მას აწყვერს (აწყუერი) ეძახდნენ. მატიანეებსა და საბუთებში მისი სახელი ძალიან ხშირად იხსენიება. აწყური მრავალჯერ გამხდარა უცხოელთა წინააღმდეგ ქართველთა გმირული ბრძოლის ასპარეზად. აწყურის ციხეს, რომელიც სამხრეთიდან მომავალ ერთ-ერთ უმთავრეს გზას დარაჯობდა, მრავალი თავდასხმისთვის გაუძლია. აწყურის ღვთისმშობლის ხატი სახელგანთქმული იყო მთელ საქართველოში, ხოლო აწყურის საეპისკოპოსო კათედრა, ათაბაგთა ბატონობის დროს, სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის მეთაურობას იჩემებდა.
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" თანახმად, აწყურში საეპისკოპოსო ტაძარი უკვე გრიგოლის დროს, ე. ი. VIII-IX საუკუნეებში არსებობდა. გრიგოლის ერთ-ერთი მოწაფე აწყურის ეპისკოპოსი ყოფილა.
XI საუკუნის შუა ხანებში, ბაგრატ IV-ის დროს, მატიანეში იხსენიება აბუსერი - ერისთავი არტანუჯისა, ხიხათა და ციხიჯვრისა და აწყუერის ციხის პატრონი.
აწყვერის ციხე და "მესხთა დიდებული საყდარი აწყვერი" კიდევ უფრო ხშირად გვხვდება XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ წყაროებში.
1259-1260 წლებში, როცა მეფე დავით ულუ მონგოლებს აუჯანყდა და სამცხეს გადავიდა, მონგოლები, არღუნ ყაენის მეთაურობით, სამცხეს შეესივნენ და აწყური ააოხრეს.
XIII საუკუნის მიწურულში, ძლიერი მიწისძვრის დროს, როცა "სამცხეს საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი", "საყდარი აწყუერისა დაიქცა". მემატიანე, რომელსაც ხატის სასწაულთმოქმედი ძალისა სჯეროდა, გადმოგვცემს, რომ მიწისძვრის დროს "აწყუერისა ღვთისმშობელი ლიტანიობით შესვენებული საშუალ საყდრისა ესვენა, გუმბადი ჩამოიჭრა და ვითარ ქუდი კაცისა, ასრეთ თავსა დაერქვა და დარჩა უვნებლად ძლიერებითავე მისითაო".
ტაძარი მალე აღადგინეს, რადგანაც იგი მესხეთის მთავარი სალოცავი იყო.
მას შემდეგ, რაც სამცხის მთავრები საქართველოს მეფეს გადაუდგნენ, აწყურის ტაძარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. XV საუკუნეში, როცა საქართველოს პოლიტიკური და ნივთიერი მდგომარეობა უკვე ძლიერ შერყეული იყო, სამცხის მთავრები ცდილობდნენ სრულიად გამოეყოთ თავისი სამფლობელო საქართველოს სახელმწიფოსგან და სრული დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. ამისათვის კი საჭირო იყო საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვებაც. ამ მიზნით ათაბაგებმა განიზრახეს მესხეთის ეკლესია მცხეთის კათალიკოსისაგან ჩამოეშორებინათ და აწყურის ეპისკოპოსისათვის კათალიკოსის უფლებები მიენიჭებინათ. მაშინ, XV საუკუნის შუა ხანებში, გიორგი III-ისა და ყუარყუარე ათაბაგის დროს, ეს არ მოხერხდა. მცხეთის კათალიკოსმა შეაჩვენა მესხეთის სამღვდელოება და შეძლო მათი დამორჩილება. მაგრამ უფრო გვიან, XVI საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა უკვე სრულიად დარღვეული იყო, სამცხის მმართველმა მზეჭაბუკმა მესხეთის ეკლესია მოგლიჯა მცხეთის საკათალიკოსოს და ამგვარად გაწყვიტა ის ერთადერთი ძარღვიც, რომელიც მესხეთს, უფლებრივი თვალსაზრისით, საქართველოსთან აკავშირებდა.
მესხეთის ეკლესიის მეთაურად მაწყვერელი იქცა. მას ეპისკოპოსთა დასმის უფლებაც მიენიჭა. მაწყვერელი თავისთავს მღვდელმთავარს კი აღარ უწოდებდა, არამედ მღვდელმთავართმთავარს.
მზეჭაბუკმა აწყურის ტაძარს შეწირა "დიდებული მონასტერი ზარზმა". აწყურის ტაძარს დიდი მამულები ჰქონდა, მაწყვერელი ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალთაგანი იყო.
აწყურის ტაძარი დანგრეულია. მნახველს აოცებს მისი სიდიდე. მართლაც, თავისი ფართობით აწყურის კათედრალი (საეპისკოპოსო ტაძარი) ყველაზე დიდი იყო მთელ საქართველოში (ფართობით იგი სვეტიცხოველსაც კი ჭარბობს). ახლა გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია, დაღუპულია კედლების ზემო ნაწილებიც, აღმოსავლეთის ნაწილი შედარებით უკეთაა გადარჩენილი. საკურთხეველსა და მის ორსავ მხარეს მდებარე ოთახებს (სადიაკვნესა და სამსხვერპლოს) აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. საკურთხევლის შუა ნაწილი ახლა ერთიანად გამონგრეულია, ხოლო კედლის გარე პერანგი (თლილი ქვისა) თითქმის სულ ჩამოძარცული.

0   Spam
2 ormeteli   (06.03.2013 23:47:11) [მასალა]
უჯარმა მდებარეობს მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე. მის ნანგრევებს დღესაც განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი.
ციხე მდებარეობდა მაღალ კონცხსა და მის დასავლეთ ფერდობზე. კონცხის აღმოსავლეთი ნაწილი მიუვალ პიტალო კლდეს წარმოადგენს. სწორედ აქაა განლაგებული ციტადელი.
ფეოდალიზმის ჩასახვის პერიოდში საქართველოში რამდენიმე ქალაქი გაჩნდა. მათ რიცხვს ეკუთვნის უჯარმაც. მატიანეთა ცნობებით, უჯარმა წარმოშობილა III-IV საუკუნეთა მიჯნაზე. ისტორიკოსი ლეონტი მროველი გადმოგვცემს. ,,ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა“.
IV საუკუნეში მირიან მეფეს თავისი ძის, რევისათვის მიუცია საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, ხოლო რეზიდენციად - უჯარმა.
ქალაქი განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც იგი თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია ვახტანგ გორგასალმა. ამის თაობაზე ისტორიკოსი ჯუანშერი წერს: ,,ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა“ მემატიანე მართალი იყო, როდესაც ამბობდა, ვახტანგმა იქ ,,უზომო“ შენობები ააგოო. მტრის შემოსევის შემთხვევაში მეფეს იმედი ჰქონია ამ ნაგებობებისა. სპარსთა მეფის ხოსროს მოახლოებისას ვახტანგს კათალიკოსისათვის უთქვამს: ,,დადეგ ეკლესიასა... რომელი რაბატსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს; და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა იძლივნენ, რამეთუ მტკიცნი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით“. იქიდან წასულმა ვახტანგ მეფემ გმირული ბრძოლით ისახელა თავი, მაგრამ მოღალატისაგან მუხანათურად ნასროლმა ისარმა იგი სასიკვდილოდ დაჭრა, ვეღარ განიკურნა და ,,აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთა“ მის მიერ აგებულ უჯარმაშივე. შემდგომში ვახტანგის მემკვიდრეებიც უჯარმიდან მართავდნენ კახეთს. ეს ითქმის უმეფობის ხანაზედაც. მაგალითად, VI საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს ახლად გამარჯვებული ფეოდალური წყობილების დროს გუარამ კურაპალატი განაგებდა, მას კახეთი, კუხეთი და ჰერეთი ბაკურ მეფის შვილებისათვის მიუცია.
დღეს არსებულ ნანგრევებში ქალაქის ქვედა გალავნისაგან აშკარად გამოიყოფა ციტადელი, რომელსაც გრძელი მრავალგვერდას ფორმა აქვს. მისი გალავანი, რომელიც კოშკებითაა გამაგრებული, მთის რელიეფს მიჰყვება, რათა მტერს ნაკლები ფეხის მოსაკიდი ჰქონოდა. ციტადელის შიგნით იდგა მცირე ზომის კარის ეკლესია, ორსართულიანი სასახლე, წყალსაცავი და სხვა დამხმარე ნაგებობები.
ჩრდილო ფერდობზე, ციტადელიდან მდინარის ნაპირამდე, ქალაქის ტერიტორია ოთხკუთხედად იყო შემოფარგლული კედლებით. გალავნის კუთხეებში და საპასუხისმგებლო ადგილებზე კოშკებია ჩარიგებული. ციხის კედლები ყრუა. ასევე ყრუკედლებიანია კოშკებიც. როგორც ეტყობა, თავდაცვა მაღალი გალავნის ქონგურებიანი საბრძოლო ბილიკიდან და კოშკების ბანებიდან ხდებოდა. კოშკები ორი ან სამსართულიანია. მათ კარები და დიდი ხალვათი ფანჯრები მხოლოდ ეზოსკენ აქვთ მოწყობილი.
ქალაქის ჭიშკარი ციხის დასაელეთ ნაწილში მდებარე კოშკში იყო დატანებული. დამხმარე კარები უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთითაც. ქალაქის წყლით მომარაგება შედარებით ადვილად ხდებოდა, რადგან ციხე მდინარის ნაპირთან მდებარეობდა. მდინარისპირა გალავნის შუაში მდგარ კოშკს კარი აქვს დატანებული წყალზე ჩასასვლელად. მდინარესა და კოშკს შორის არსებული მცირე მანძილიც საგანგებო კედლებით იყო დაცული. ამას გარდა, არ არის გამორიცხული, რომ ციხეს ჰქონოდა საკუთარი წყალსადენი კარგი სასმელი წყლით.
არქიტექტურული თვალსაზრისით უჯარმის ციხე იშვიათი გემოვნებითაა ნაგები. გალავანი და კოშკები კარგი პროპორციებითაა შერწყმული. მთლიანად ანსამბლს მონოლითური სახე აქვს.

0   Spam
1 ormeteli   (06.03.2013 22:47:42) [მასალა]
ოძრხე
ოძრხე, დღევანდელი აბასთუმანი, ადიგენის რაიონში ახალციხიდან 30 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ადიგენიდან აბასთუმნამდე კი 25-26 კილომეტრია.
ოძრხე ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქთაგანია საქართველოში. იგი დაუარსებია ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს - ოძროხოსს ძვ. წ. III საუკუნის I ნახევარში. ოძრახე, ვიძეროხი, ვიტეროხი, როგორც დიდი მნიშვნელობის ცენტრი, უძველესი დროიდან იყო ცნობილი. XI საუკუნის ქართველი მემატიანე ლეონტი მროველი ოძრხეს საქართველოში დაარსებულ პირველ ციხე-ქალაქთა შორის ასახელებს. მისივე ცნობით, თითქოს ალექსანდრე მაკედონელმა, საქართველოში შემოსვლისას, სხვა ციხე-ქალაქთა შორის, "პოვნა ოძრხე მოკიდებული კლდესა ღადოსსა" (ღადოს მთა ერქვა ლიხის ქედს ბორჯომის ხეობიდან დასავლეთით). მეორე მემატიანე ოძრხეს ვახტანგ გორგასლის დროს იხსენიებს. არსებობს აგრეთვე ცნობა, რომ ოძრხის ციხე IX საუკუნეში ხელმეორედ აუგია გურამ მამფალს, აშოტ დიდი კურაპალატის ძეს.
XI საუკუნეში ოძრხე ძველისძველ ციხე-ქალაქად იყო მიჩნეული. XI საუკუნის მეორე ნახევარში ბაგრატ IV ოძრხე ციხისჯვართან და ბოდო-კლდესთან (აბასთუმნის მახლობლად) ერთად, "მოუბოძა მამულობით," სულა კალმახელს, რომელმაც მეფის ორგული ფეოდალი, კლდეკარის ერისთავი ლიპარიტი, შეიპყრო. ოძრხე ქალაქად ითვლებოდა თამარ მეფის დროსაც, XII საუკუნეში.
1191 წელს თამარ მეფეს აუჯანყდნენ ფეოდალები: სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, საეგრო-გურიის ერისთავი ბარამ ვარდანისძე, აფხაზეთის ერისთავი დაღათო შერვაშიძე, სუანეთის ერისთავი ბედიანი. მათ მეთაურობდა ნაყივჩაღარი თათრის აბულასანის შვილი, ტაო-კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავთ-ერისთავი გუზანი. მათ დააბრუნეს ექსორიაქმნილი გიორგი რუსი და მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფის ერთგული ერისთავების სამფლობელოები კი იავარქმნეს. კერძოდ, ვარდან დადიანის წინამძღოლობით დასავლეთიდან წამოსულმა აჯანყებულებმა გადაიარეს "რკინის ჯვარი", მიადგნენ ციხის ჯვარს და "დაწუეს ძველი ქალაქი ოძრხე".
1205 წელს, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) სულთნის, რუქნადინის, წინააღმდეგ გაგზავნილი ქართული ლაშქარი თამარ მეფემ არსამდე მიაცილა. ვარძიის მონასტერში ქართველობა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა და ამ ვითარებასთან დაკავშირებით "ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა". შემდგომ წამოვიდა მესხეთში და ავიდა ქალაქ ოძრხეს. მას თან ახლდნენ "მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი", ეზოსმოძღვარი ბასილი, სალოსი ევლოგი, პოეტი იოანე შავთელი. დაიწყო ლოცვა-კურთხევა. "... ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრხეს ყოფასა შინა. ეახლნეს ღირსი წმიდა მამა იოანე შავთელი, ევლოგი (ევლოგი, ქრისტესათვის სულელი, რომელსა მიეღო მადლი წინასწარმეტყველებისა და რომელიც ქრისტესათვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერ ღვაწლს) სალოსად წოდებული და წინასწარმეტყველობისა ღირსქმნული და იყო ვედრება დღისი და ღამეთაგათევა ლაშქართა გამარჯვებისათვის...". თამარ მეფეს სასახლეში ისედაც წესად "..ღამე-ყოველ მღვიძარება, ლოცვა, მუხლთ-დრეკა და ცრემლითა ვედრებაი ღამესა ზე-მდგომრობითა საკვირვებელ აქუნდა...", ლოცვის, ღამისთევის სიხშირე და მაღალი დონე კი ისეთი ყოფილა და ისეთი მონდომებითა და წესიერად სრულდებოდა, რომ "საეჭვოდ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცა"-ო საგანგებოდ აღნიშნავს მემატიანე. აქვე საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს შევახსენოთ, რომ, გადმოცემის თანახმად, თურმე ლოცვის დროს თამარ მეფე ერთი არშინით (71 სმ) ზეიწეოდა ხოლმე. დაუცხრომელი ლოცვის შედეგად ევლოგიმ მიიღო ამ ომში ქართველთა გამარჯვების წინასწარმეტყველური ხილვის მადლი, რომელი საიდუმლოც მხოლოდ წმიდა იოანე შავთელს განუცხადა.
ოძრხის მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ ძველად ზოგჯერ მთელ სამცხეს ოძრხის ქვეყანა ეწოდებოდა. XI საუკუნის მემატიანის სიტყვით, თითქოს საქართველოს სამეფოს არსებობის პირველ ხანებში ოძრხის ერისთავს მთელი სამცხე და აჭარა ეპყრა.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ოძრხე მთლიანი საქართველოს დანაწევრების შემდეგ (ე. ი. XV-XVI სს.) დაკნინებულა "და იყო ქალაქი და ციხე, განყოფილებისამდე სამეფოსა, საერისთაოდ, და შემდგომად მისა - დაბად; ხოლო აწ არს ოხერ, და ციხე შემუსვრილი".
მე-16 საუკუნეში ოსმალეთმა სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად სამცხეც მიიტაცა. ამ დროისათვის ოძრხე მოიხსენიება, როგორც ოსმალეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი და შედიოდა ახალციხის ლივის, ოცხის ნაჰიეში. მომდევნო პერიოდში იგი მოსჩანს როგორც მცირე დაბა. ამ საუკუნის ბოლოს უკვე აღარ არსებობდა ოძრხე, სამშვილდე, თმოგვი, დმანისი, ჟინვანი.
ჩნდება ახალი დასახლებული პუნქტი აბასთუმანი.
XIX საუკუნის პირველ წლებში როცა რუსეთის ხელისუფლება ახალციხის საფაშოს შემოერთებაზე ზრუნავდა, საბუთებში არაერთხელ იხსენიება ოძრხის ციხე, რომელიც თუმც ცარიელი იყო, მაინც ინარჩუნებდა მნიშვნელობას თავისი მეტად ხელსაყრელი მდგომარეობის გამო. თურქები ამ ადგილს ჩერმიკ-ბოღაზს უწოდებდნენ, აქაური მინერალური წყლების გამო (ჩერმიკ - თბილ მინერალურ წყლებს ნიშნავს, ბოღაზი - ხეობას, ვიწრო გასასვლელს მთებში).
მომდევნო პერიოდში იგი მოსჩანს როგორც მცირე დაბა. ამ საუკუნის ბოლოს უკვე აღარ არსებობდა ოძრხე, სამშვილდე, თმოგვი, დმანისი, ჟინვანი.
ჩნდება ახალი დასახლებული პუნქტი აბასთუმანი.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика