- ჩვენ შევაყოვნეთ ჩვენი გარემომცველი ფაუნის შესწავლა, თორემ მსოფლიოში ზოოლოგიური მეცნიერებანი ინტენსიურად ვითარდება. ზოგ ქვეყანაში ათიათასობით ფაუნის მოყვარული დამკვირვებელია. პროფესიონალი დამკვირვებლები ქვეყნიდან ქვეყანაში სიარულში მხოლოდ იმიტომ ხარჯავენ დროს, რომ ეგზოტიკურ ფრინველებსა და ცხოველებს დააკვირდნენ. მაგალითად, ინგლისში 6 მილიონი ბერდვუჩერი, ანუ ფრინველთა დამკვირვებელია. ჩვენთან კი არათუ დამკვირვებელი, ფრინველთა შემსწავლელი მეცნიერიც 2-3 გვყავს. სხვათა შორის, ბერდვუჩერობა ტურიზმის აღმავალ სახეობად ითვლება. ისინი ჩვენთანაც ჩამოდიან ადგილობრივი, კავკასიური ფრინველების სანახავად და მიგვყავს ხევში - კავკასიური როჭოსა და შურთხის ნახვა უფრო აქ შეიძლება. ბერდვუჩერებიც საათობით სხედან და უყურებენ მათ. ზოგჯერ კავკასიური შურთხის ან როჭოს ნახვას შეიძლება ამინდის გამო რამდენიმე დღის ლოდინიც დასჭირდეს. მაგრამ კავკასიურ პატარა, ძალიან საინტერესო ყარანას სულაც არ სჭირდება დიდი ლოდინი. როცა ყარანა გალობს, ისე როგორც ყველა ფრინველი, სამკვიდრო ადგილს ინიშნავს. ამის შემდეგ მის მონიშნულ ადგილში მობინადრე ყველა დედალი ყარანის დაცვას იწყებს და თუკი რომელიმე მამალი ამ "ქალბატონებში" შეეცილება, ჩხუბით აძევებს!
ჩვენში ყველაზე დიდი ფრინველი ლეშისმჭამელი სვავია და დიდ სივრცეზე ბატონობასაც იჩემებს. მისი ფრთების სიგანე 2,95 მეტრს აღწევს. მას არც ბატკანძერა ჩამორჩება. ძერის ამ სახეობას ეს სახელი ბატკნის ჭამის სიყვარულის გამო შეერქვა. თუ ლეშს მიაგნო, იმდენს ჭამს, ვეღარ ინძრევა და აფრენაც აღარ შეუძლიაო, - ამბობენ მასზე მთიელები. ბატკანძერა ერთიანად ავლებს მუსრს ნადავლს - ძვლებსაც მშვენივრად ინელებს. სხვათა შორის, ეს უზარმაზარი მტაცებელი "ფეხსაც არ დგამს" სამკვიდრო ადგილებიდან, - ერთხელ ერთი ბატკანძერა დავიჭირეთ, ფრთებზე სატელიტური გადამცემი დავუმაგრეთ და სამი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ერთხელაც არ დაუტოვებია თავისი მონიშნული ტერიტორია, მაშინ, როცა ფასკუნჯი გამოსაზამთრებლად აფრიკაში მიფრინავს, იქ სირაქლემას კვერცხებს ქვით ამტვრევს და სანსლავს... არის დარგოლვის მეთოდიც. ჩვენმა სტუდენტებმა მერცხლები დარგოლეს გონიოში. მერე ამ მერცხლებიდან სამი მათგანი კენიაში აღმოაჩინეს. თუმცა ბოლოს ისევ ჩვენთან დაბრუნდნენ. მერცხალთან ერთად ბევრია ისეთი სხვა ფრინველიც, რომლებიც ათასობით კილომეტრს გადმოიფრენს და აუცილებლად იმ ბუდეს დაუბრუნდება, სადაც დაიბადა, მაგალითად, ყარყატი.
- ამის ჭკუა ჰყოფნით?
- ეს დაბრუნების ინსტინქტია... თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გონიერი ფრინველებიც არსებობენ. მაგალითად, ხომ ამტკიცებენ, ბუ ჭკვიანიაო (ამის ასოციაციას ალბათ ის იწვევს, რომ პირისახე ადამიანივით მრგვალი აქვს, თვალებიც წინ აქვს და არა გვერდზე, თან წამწამებს ახამხამებს), მაგრამ ფრინველებში ყველაზე ჭკვიანად ყვავი ითვლება. მისი ტვინი, ტანთან შეფარდებით, ისეთსავე პროპორციაში მოდის, როგორშიც გორილის თავის ტვინი და სხეული (გორილა აგებულებით ყველაზე ახლოსაა ადამიანთან). მაგალითად, არის ყვავის ერთი სახეობა, რომელიც ტყეში გირჩებით იკვებება. როცა გაზაფხული დადგება, ეს ყვავი მიადგება და გირჩების გადამალვას იწყებს. მოვა ზამთარი, დაათოვს ამ სამალავებს, სრულიად ცვლის გარემოს, მაგრამ ყვავი, ასეთი სამალავი რამდენიც უნდა ჰქონდეს, ერთიც არ შეეშლება, ყველას მიაგნებს.

ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ყვავები ითვლიან კიდეც. გერმანელმა მეცნიერმა, ოტო კელერმა დაამზადა ხის ყუთები, რომლებზეც შავი წერტილები დასვა, მერე ამ წერტილების ზომას, ფორმას და რაოდენობას მუდმივად ცვლიდა, ყვავებს კი ჯილდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდა, როცა სამწერტილიან ყუთს ჩაუნისკარტებდნენ. ისინიც, ზომა-ფორმის შეცვლის მიუხედავად, სწორედ სამწერტილიან ყუთებს მიადგებოდნენ.
და ერთიც: ისინი სიყვარულშიც განსხვავებულნი არიან, მონოგამიური ოჯახი აქვთ და თუკი ერთგული მეგობარი მოუკვდათ, დარდს ვერ უძლებენ და თავს იკლავენ.
- ცხოველებზეც ვთქვათ ცოტა რამ - ჭკუით რომელი გამოირჩევა?
- საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაიმუნები ავლენენ აზროვნების დეტალებს. ძალიან ჭკვიანები არიან ვირთაგვებიც. მათ აქვთ შეგრძნებები და უნიკალური მეხსიერება - იმ ადგილს, სადაც ვირთაგვების გუნდიდან ერთი მაინც მოიშხამა და მოკვდა, დანარჩენები თვეობით აღარ გაეკარებიან. ვირთაგვებს აქვთ დროის აღქმის უნარიც. ცნობილია ცდა, როცა ვირთაგვებს საკვების მისაღებად თათი ძელისთვის ზუსტად თხუთმეტ წამში უნდა დაეჭირათ, თუ არადა, წამმზომი თავიდან ირთვებოდა. სულ ცოტა ხანში ვირთაგვა ზუსტად ითვლიდა ყოველ თხუთმეტ წამს და ძელს მოხერხებულად უბარტყუნებდა თათებს.

დარვინი ამბობდა, ბუნებაში ყველაზე წარმატებული გადარჩება და ყველა ცხოველი ერთმანეთის კონკურენტიაო, მაგრამ თურმე არც ასეა საქმე, ცხოველებსაც შეუძლიათ იყვნენ ალტრუისტებიც და ერთმანეთზე მზრუნველნი. მაგალითად, ამერიკულ სინდიოფალებს (თრია) ძალზე ბევრი მტერი ჰყავთ, მაგრამ მათი ყველაზე დიდი მტრები გველები და მტაცებელი ფრინველები არიან. ისინი შემოდგომისთვის თრიების მხოლოდ 40-60%-ს ტოვებენ ცოცხალს. ამიტომაც თრია თუ სადმე მტაცებელს შეამჩნევს ან იგუმანებს და მიხვდება, რომ მის მოძმეებს საფრთხე ემუქრებათ, ისეთ განგაშს ტეხს, გაუგებელი გარშემო არც ერთ თრიას არ დარჩება. ისინიც განგაშის გაგონებისთანავე სოროში თავქუდმოგლეჯილები გარბიან..

ასე რომ, სამყარო ბევრად უფრო მგრძნობიარე და გონიერია, ვიდრე გვგონია. ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და, რაც მთავარია, ამ სამყაროს უნდა გავუფრთხილდეთ.