
ჟინვალი - უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქალაქი
ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეგუებაო. ქართველებიც, ავად თუ კარგად, ჟინვალის ხეობაში დაგუბებულ 7-კილომეტრიან არაგვის ზღვას შევეგუეთ და მის 75-მეტრიან ფსკერზე რა ჩაიძირა, აღარც ვკითხულობთ. ან, უბრალოდ, გვირჩევნია, ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს. არ მეეჭვება, რომ მოვა თაობა, რომელიც უსათუოდ მოიკითხავს, რა იმალება ჟინვალის ზღვის ფსკერზე. მამაკაცებს ტირილი არ ეხერხებათ, მაგრამ ჟინვალის გათხრებზე მომუშავე არქეოლოგი, ქალბატონი ვერიკო ჩიხლაძე ცრემლს ვერ იკავებს, - ამ ადგილის სრული გათხრები ვერ მოხერხდა და მრავალი საუკუნის არქეოლოგიური განძის 60% წყალმა დაფარაო. 41 წლის წინ კი არქეოლოგმა რამინ რამიშვილმა თავის ექსპედიციასთან ერთადა პირველად დაჰკრა ბარი იქ, სადაც უძველესი ქართული ქალაქი უნდა ჩაძირულიყო. ბატონ რამინს იმ დღეების გახსენება ძალიან უჭირს.
- ქალაქი ტყუილად როდი ვახსენეთ, - ზუსტად იმ ადგილებში, რომელიც ჟინვალის ზღვამ დაფარა, შუა საუკუნეების მდიდარი ქართული ქალაქი ჟინვალი ყვაოდა თავისი ციხე-კოშკებით, გზებით და სასახლეებით. აქ ცხოვრება პრესტიჟულად ითვლებოდა, შეღწევა და დასახლება ჭირდა, ახალმოსახლეებს მხოლოდ ქალაქგარეთ ცხოვრების უფლებას აძლევდნენ. გათხრების დაწყებისთანავე გამოჩნდა მათი ნასახლარები. მსოფლიო სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე ეს მდიდარი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი, რომელშიც დიდვაჭარნი მიმოდიოდნენ, მთელი კავკასიის კარს აკონტროლებდა. წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად გამოჩნდა იმ დროს, როცა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოიყვანა - მათ ჟინვალი გამოიარესო, - წერს მემატიანე. მერე კი ჟინვალი თამარმა საკარგავად - დროებით სარგებლობაში ერთგულ ჭიაბერ მანდატურთუხუცესს უბოძა. მან ეს ძვირფასი სარგო ფეოდალთა აჯანყებისას თამარის გვერდით დგომით დაიმსახურა.

მერე უნიკალური აღმოჩენები დაიწყო. ცალკე ითხრებოდა ჟინვალის ნაქალაქარი არაგვის მარცხენა მხარეს და ცალკე - არაგვის მარჯვენა სამაროვანი. არაერთი სამარხი გავხსენით.
- ამ ქალაქს მტერი მრავლად ეყოლებოდა...
- სწორედ ამიტომ ჰქონდათ შესანიშნავი იარაღი, რომელიც უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეების სამარხებში ვიპოვეთ. ჟინვალს უკვე VIII საუკუნეში ეტყობა არაბთა რბევის კვალი, მაგრამ თამარის დროს ქალაქი ყვაოდა და არა მხოლოდ არისტოკრატები, ვაჭრები, ხელოსნები, საშუალო მოქალაქეებიც საკმაოდ მდიდრები იყვნენ. მაგალითად, ოქროსსარჭებიანი გოგონა ქალაქის საშუალო ოჯახიდან იყო. ვაჭართა ოთხი სამარხი გავთხარეთ და დავადგინეთ, რომ ისინი არისტოკრატებზე მდიდრებიც კი იყვნენ - ერთის სამარხზე ტაძარიც იყო აგებული. მაგრამ, გავლენისა და სიმდიდრის მიუხედავად, მათ ქალაქის არისტოკრატთა სასაფლაოზე დაკრძალვის უფლება არ ჰქონდათ - ოთხი ვაჭრის მდიდრული აკლდამა სწორედ არისტოკრატთა სასაფლაოს გალავანგარეთ იყო მოქცეული... არადა, გავლენით არავის ჩამორჩებოდნენ - ჩვენს ისტორიაში სწორედ დიდვაჭარმა ზანქან ზორაბაბელმა ჩამოიყვანა თამარ მეფის საქმროდ გიორგი რუსი - რუსთა ქვეყანა ძლიერდება და გამოგვადგებიანო...
- ხელოსანთა დასახლებაში რაღა ხდებოდა?
- როცა მათი საცხოვრებლის ნამარხებს ვთხრიდით, ისეთი ხელნაკეთი ჭურჭელი აღმოვაჩინეთ, შეუძლებელია, მისი პატრონი ღარიბი ყოფილიყო. მათ ეზოებში ჰქონდათ ქურები, რომელშიც ფერად მინასაც ასხამდნენ. ამას ადასტურებს აღმოჩენილი მინის ცრემლები - ეს ცრემლი იქ ვერ იქნება, სადაც არ არის მინის ჩამოსასხმელი მილი. იქვე I საუკუნის მინის ფერადი ფლაკონებიც ვიპოვეთ, რაც არა მხოლოდ მინის ჩამოსხმის ხელოვნებაზე, მედიცინის ცოდნაზეც მეტყველებს.
- ასეთ მდიდარ ქალაქში შეუძლებელია, სადმე განძი არ ყოფილიყო დაფლული.
- იყო კიდეც. რამდენიმე ადგილას XI-XII საუკუნეების 2000 მონეტა ვნახეთ, ერთ ადგილას მეტრამდე სიღრმეში 1100 მონეტა იყო ჩაფლული. ის, ვინც მონეტები გადამალა, ალბათ მოკლეს და განძის ადგილი ამიტომაც საიდუმლოდ დარჩა, ისევე როგორც ჟინვალის ზღვის ქვეშ დანთქმული ჩვენი სიმდიდრის საიდუმლო. 15 წელიწადი ვიმუშავეთ, დღე და ღამე არ გვეძინა, წელიწადში მხოლოდ ორი თვე ვისვენებდით და მხოლოდ 3 ათასი სამარხი გავთხარეთ. ამაზე ალბათ ორჯერ მეტი და კიდევ ნაქალაქარის უდიდესი ნაწილი წყალში დარჩა. თუმცა, რაც აღმოჩნდა, ფართო საზოგადოება არც იცნობს, არადა წიგნს, რომელიც ამ თემაზე მომზადდა, დამფინანსებელ-გამომცემელიც არ მოეძებნა.
- კერძოდ რა დარჩა წყალქვეშ, კონკრეტულად შეგიძლიათ აღნიშნოთ?
- ძალიან ძნელია. 7-8 ეკლესია რომ გაუთხრელი დარჩა, ნამდვილად ვიცით. და თუ ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთებით ვიმსჯელებთ, წყალში დარჩა უნატიფესი ხელოვნებით შემკული აუარება ბრინჯაოს, რკინისა და ოქროს იარაღი და სამკაული... ერთ-ერთ ჟინვალის კოშკს მაშინ მივუსწარით, როცა ამფეთქებლებს უკვე ნახევარი მხარე ჩამონგრეული ჰქონდათ და როცა შევისწავლეთ, ყველა მოლოდინს გადააჭარბა თავისი სასმელი წყლის აუზითა და ღამის სათევი ოთახებით - ზოგი ალყა ხომ თვეობით გრძელდებოდა.

- სავარაუდოდ, ასეთ ქალაქში ალბათ უძველესი ქართული წარწერებიც უნდა იყოს სადმე.

P.S.გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველმა "ვეფხისტყაოსანი" სწორედ ჟინვალში გადასცა თამარს. ეს ვერ ამტკიცებს, მაგრამ მაინც მიუთითებს იმაზე, რომ პოეტმა ქალაქი ჟინვალი ქმნილების გამომზეურების შესაფერის ადგილად მიიჩნია. ჟინვალში აღმოჩენილი უდიდესი ხელოვნების ნიმუშების ფონზე შეუძლებელია, არ იფიქრო, რომ ეს ქალაქი ყველაზე წიგნიერი და კულტურული იყო ეპოქის ქალაქთა შორის. ჟინვალის სამაროვანში ნაპოვნია ამიერკავკასიაში ამ დროისათვის ერთადერთი, ბეჭედზე ამოტვიფრული ღვთისმშობელი ყრმით (530-532 წლები). ჟინვალი ას არქეოლოგიურ უბნად დაიყო. არქეოლოგ ვერიკო ჩიხლაძის ნაწილობრივად შესწავლილ მხოლოდ ერთ უბანზე ძვ.წ. I-VIII საუკუნეების 10000-ზე მეტი არქეოლოგიური ნიმუში აღმოჩნდა. ეს კი ნიშნავს, რომ ჟინვალის ყველა არქეოლოგიურ უბანზე მილიონზე ბევრად მეტი ნიმუში უნდა მოძიებულიყო, რომელთა უმრავლესობა ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე დარჩა.
ჟინვალის წყალსაცავი 1971 წლიდან შენდებოდა და 1985 წელს დაიტბორა, სიგრძით დაახლოებით 7 კილომეტრია, სიგანით კი, ზოგ ადგილას -14 კილომეტრი.
P.P.S. ფოტოების მოწოდებისა და კონსულტაციისთვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ვერიკო ჩიხლაძეს.

V საუკუნის სამარხში აღმოჩნდა 10-12 წლის გოგონას თმა, - ოქროს რგოლზე დახვეული ოქროს სარჭებით დამაგრებული ნაწნავი კეფის უკან იდო. თმა მალე დაიშალა, თუმცა ვარცხნილობის ნახაზი შედგა. ნამარხთა ვარცხნილობებში ერთი კანონზომიერება დგინდება: ქალები, რადგან ქალი ქვემოთ, დედამიწისკენ მიმართულად აღიქმებოდა, ყელთან შეკრულ ლეჩაქს და დაშვებულ ნაწნავებს ატარებდნენ, გოგონები კი, რომლებიც ზეცისკენ მომზირლებად მიიჩნეოდნენ, მაღლა აწეულ თმას სარჭებით იმაგრებდნენ.

ერთგან III საუკუნის მეომრის ნეშტი აღმოჩნდა, ულამაზესი აღჭურვილობით - ზედვე ხელუხლებლად ეწყო ხმალი, ჩაჩქანი, სამხრეები, ქამარი... იქვე ნაპოვნი ბეჭდის გამოსახულების მიხედვით აღდგა III საუკუნის ჟინვალელი მამაკაცის გარეგნობა, რომელიც თავის ქალაქსა და სამშობლოს იცავდა...