29 იანვარს, დილით, ახალბაღის ზოოპარკის თანამშრომლებმა, ზოოპარკის ეზოში, მგლისგან დაგლეჯილი თხები იპოვეს. 3 დაგლეჯილი თხა და მეოთხე თხისგან დარჩენილი 2 ფეხი ზოოპარკის თანამშრომლებმა მდინარე მტკვრის პირას ორმოში დამარხეს. გორის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კამერუნული (აფრიკული) ჯიშის 6 თხა თბილისის ზოოპარკმა გორის ზოოპარკს, დაახლოებით ერთი წლის წინ, უსასყიდლოდ გადასცა.

" 29 იანვრის დილას მოვედით და ასეთი ამბავი დაგვხვდა, ეს ერთი მგელის ნამოქმედარი არ არის, მოგეხსენებათ ერთი მგელი მარტო არ დადის, ისინი ჯგუფურად ნადირობენ. როგორც ჩანს მგლები მტკვარს ჩამოყვებიან და აქამდეც აღწევენ. სულ 6 თხა გვყვავდა, მგელებს 3 დაუგლეჯიათ და ერთი მთლიანად შეუჭამიათ, ფეხებიღა იყო დარჩენილი. დახოცილი თხები მდინარის პირას დავმარხეთ. საქმის კურსში ჩავაყენეთ პატრული, კრიმინალური პოლიცია, გარემოს დაცვა და სურსათის ვეტერინარული სამსახური. 4-ივე თხა დედალი იყო. მხოლოდ მამლები გადარჩნენ” – ამბობს ზოოპარკის ბუღალტერი.

გადარჩენილი 2 თხა

გადარჩენილი 2 თხა

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ის აქტიც წარმოგვიდგინა, რომელიც თხების შეჭმას ადასტურებს, ოღონდ მგლებისგან. აქტში ვკითხულობთ:
,,აიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორმა ნუგზარ აბალაკმა, დირექტორის მოადგილემ მამუკა დადიანმა, ზოოტექნიკოსმა ილია მთვარელიძემ და ზოოპარკის მეთვალყურემ ნუგზარ დემურიშვილმა შევადგინეთ წინამდებარე აქტი მასზედ, რომ 29 იანვარს, გამთენიისას, მინიზოოპარკის ტერიტორიაზე განთავსებულ ვოლიერში, სავარაუდოდ, მგლების მიერ, დაგლეჯილია და დახოცილია ოთხი კამერუნული ჯიშის თხა, მათ შორის ერთი მთლიანად შეჭმულია” – წერია აქტში. საგულისხმოა, რომ მინიზოოპარკში, ,,ახალბაღის” ტერიტორიაზე, თითქმის ქალაქ გორის ცენტრში მდებარეობს.

ნესტან სადაღაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

წყარო: qartli.ge