ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » იანვარი » 26 » საქართველოს დემოგრაფიული კრიზისი    

04:28:48
საქართველოს დემოგრაფიული კრიზისი

საქართველოს დემოგრაფიული კრიზისი

კენტის უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი

უკანასკნელი საუკუნე-ნახევრის მანძილზე პლანეტის მოსახლეობა უსწრაფესი ტემპით გაიზარდა. თუ 1850 წელს დედამიწაზე 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, 1930 წელს რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია, ანუ სულ რაღაც 80 წლის განმავლობაში პლანეტის მოსახლეობა გაორმაგდა მაშინ, როდესაც დედამიწის მოსახლეობის გაორმაგებას 500 მილიონიდან (1650 წელს) 1 მილიარდამდე (1850 წელს) მთელი 200 წელი დასჭირდა. პლანეტის მოსახლეობის ზრდა შემდგომ ათწლეულებში კიდევ უფრო დაჩქარდა. 1930 წლიდან 1975 წლამდე, ამჯერად სულ რაღაც 45 წლის მანძილზე, დედამიწის მოსახლეობა კიდევ გაორმაგდა და 4 მილიარდს მიაღწია (ზოვანი, 1998; გვ. 9).

მსოფლიო ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში (1990-დან 2009 წლამდე) მსოფლიოს მოსახლეობა 5.278 მილიარდიდან 6.775 მილიარდამდე, სულ 1.497 მილიარდი ადამიანით, ანუ 28.36 პროცენტით გაიზარდა.# ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, პლანეტის მოსახლეობა 2016 წელს 8 მილიარდს მიაღწევს (ოუენი და ჩირასი, 1995). სხვა მონაცემით კი, მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდი 2025 წელს გახდება.#

დედამიწის მოსახლეობის დაჩქარებული ტემპით ზრდამ დასაბამი მისცა არაერთ მეცნიერულ ნაშრომს, დებატსა და სპეკულაციას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს პლანეტის მოსახლეობის სწრაფმა მატებამ. ჯერ კიდევ მე-18-19 სააუკუნეების ბრიტანელი ეკონომისტი და სოციოლოგი ტომას რობერტ მალთუსი, თავის 1798 წლის ნაშრომში, "თხზულება მოსახლეობის პრინციპებზე," ამტკიცებდა, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გადააჭარბებდა კაცობრიობის აგრარული პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს, რაც გაართულებდა მოსახლეობის გამოკვებას, თანამდევი კატასტროფული შედეგებით.

არა ერთი თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერი თვლის, რომ დედამიწის მოსახლეობის მატება მოითხოვს ეკონომიკური ზრდის ასევე უაღრესად მაღალ ტემპს, რაც თავის მხრივ, პლანეტას ეკოლოგიური გარემოს დეგრადაცია-განადგურებით და ბუნებრივი რესურსების თანდათანობითი ამოწურვით ემუქრება (ერლიხი და ერლიხი, 1991; ზოვანი, 1998; ერროუ და კოლეგები, 2004; პალმერი და კოლეგები, 2004; პიმენტელი და პიმენტელი, 2006; და ა.შ.).

პლანეტის მოსახლეობის სწრაფი მატებით გამოწვეული ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების მიზნით, არა ერთი მეცნიერი მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ხელოვნური შეჩერების და საერთოდ, მოსახლეობის რაოდენობის კლების საჭიროების იდეით გამოვიდა (პერინი, 1990; ერლიხი და ერლიხი, 1991; ჯაკობსენი, 1996; და. ა.შ.). მართლაც, მე-20 საუკუნის განმავლობაში დასავლეთში აქტიურად განვითარდა არა ერთი მექანიზმი, როგორებიცაა: ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკა, აბორტი, სექსუალური განათლება და ა.შ. რომლებიც მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შეჩერების საშუალებებად იქცნენ (ჰარკავი, 1995). აზიაში კი, მრავალმილიონიანმა ჩინეთმა 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, მოსახლეობის ზრდის შეჩერების მიზნით, შობადობის კონტროლის სავალდებულო პოლიტიკა შემოიღო, რომელიც წყვილს ერთ შვილზე მეტის ყოლას უკრძალავს. ეს პოლიტიკა გულისხმობს ნებადაურთველი ფეხმძიმობების სავალდებულო აბორტს, ორშვილიანი წყვილების სტერილიზაციას და ერთშვილიანი დედისათვის ჩასახვის საწინააღმდეგო მოწყობილების (IUD) ორგანიზმში ჩადგმას (აირდი, 1990).

მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმეტეს ნაწილს მოსახლეობის სწრაფი მატების პრობლემა აწუხებს, საქართველოში სრულიად საწინააღმდეგო პრობლემა დგას. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ყოველწლიურად, შეუჩერებლივ და საგანგაშო ტემპით იკლებს.

წინამდებარე საგაზეთო სტატია სწორედ ჩვენში არსებულ ღრმა დემოგრაფიულ კრიზისს ეხება. ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ ჩვენს საზოგადეობაში ცოტას თუ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული კრიზისის სრული მასშტაბები. პრობლემის არსის გააზრების გარეშე კი, შეუძლებელია მისი გადაწყვეტის გზების დასახვა. შესაბამისად, ჩემი სტატიის უმთავრეს მიზანს ამ პრობლემის წამოწევა და გაშუქება წარმოადგენს. პრობლემის თანმიმდევრულად და თანდათანობით გადაწყვეტა კი, ქართველ საზოგადოებასა და ქართულ სახელმწიფოზეა დამოკიდებული.

ანალიზისას ვეყრდნობი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდეგში გაერო) მსოფლიოს მოსახლეობის განყოფილების ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას, მოსახლეობის რაოდენობრივი და პროცენტული ზრდის შესახებ.# გაერო ფლობს სრულ ყოველწლიურ მონაცემებს (estimates) საქართველოს (და მსოფლიოს ყველა ქვეყნის) მოსახლეობის რაოდენობის შესახებ 1950 წლიდან 2010 წლამდე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის აღწერასა და ქვეყანაში შობადობის, სიკვდილიანობისა და საერთაშორისო მიგრაციის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. გაეროს ასევე აქვს სამეცნიერო პროგნოზი 2050 წლამდე საქართველოს (და მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნის) მოსახლეობის კლებისა და მატების შესახებ. პროგნოზი ქვეყნის წარსული დემოგრაფიული ზრდისა და კლების დინამიკის განსაზღვრას და მის საფუძველზე მომავალში შობადობის, სიკვდილიანობისა და საერთაშორისო მიგრაციის მაჩვენებლების ფორმულირებას ემყარება. გაეროს მონაცემები (ისევე როგორც მომავლის პროგნოზი) წარმოდგენილია ხუთწლიანი მონაკვეთებით, რომელიც ყოველწლიური მონაცემების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს.

ჩემს ანალიზში ასევე ვიყენებ მსოფლიო ბანკის (World Bank) ვებგვერდზე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს (და მსოფლიოს ყველა ქვეყნის) მოსახლეობის რაოდენობრივი და პროცენტული ზრდის შესახებ, რომელიც სოციალური ინდიკატორების (social indicators) სექტორშია მოთავსებული.# მსოფლიო ბანკი ფლობს ყოველწლიურ სტატისტიკურ მონაცემებს 1990-დან 2009 წლამდე. სტატისტიკური სიზუსტისათვის გაეროს მონაცემებს ვადარებ მსოფლიო ბანკის მონაცემებს, რათა დავრწმუნდე რამდენად შეესაბამებიან ისინი ერთმანეთს. საჭიროა აღინიშნოს, რომ ორივე ორგანიზაციის მონაცემები თითქმის მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს, ან მხოლოდ უმნიშვნელო რიცხობრივი მონაცემებით განსხვავდებიან.

აღნიშნული ორგანიზაციების სტატისტიკური ბაზა სამეცნიერო სიზუსტით და სანდოობით გამოირჩევა და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის მრავალი სოციოლოგის, ეკონომისტისა და პოლიტოლოგის სამეცნიერო ნაშრომში, რაც ანალიზისას საშუალებას მაძლევს დავეყრდნო ამ ორგანიზაციების მონაცემებს.

გაეროს მონაცემებით, 1950 წლიდან 1990 წლამდე (40 წლის განმავლობაში) საქართველოს მოსახლეობა 3.527 მილიონიდან 5.460 მილიონამდე, სულ 1.933 მილიონი ადამიანით, ანუ 54.80 პროცენტით გაიზარდა. 1990 წლიდან დაიწყო საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი კლება. ამ მოვლენის უმთავრეს მიზეზს, საქართველოდან მიგრაციისა და სიკვდილიანობის მაღალი, ხოლო შობადობის დაბალი მაჩვენებელი წარმოადგენდა. 1990 წლიდან 2000 წლამდე, ერთი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობამ იკლო 715 ათასი ადამიანით. 2000 წლიდან 2010 წლამდე კი - 526 ათასი ადამიანით. მთლიანობაში, სულ რაღაც ორი დეკადის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 1.241 მილიონით (ანუ 22.72 პროცენტით) და 2010 წელს კი, 4.219-მდე დავიდა. შესაბამისად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 59 ათასი ადამიანით მცირდებოდა.

(შენიშვნა: გრაფა ეყრდნობა მსოფლიო ბანკის 1990-2009 წლის და გაეროს 2010 წლის მონაცემებს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ).

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, გაეროს მაჩვენებლები წარმოდგენილია ხუთწლიანი მონაკვეთებით, რომელიც ყოველწლიური მონაცემების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 1990-1995 წლებში საქართველოს მოსახლეობა წლიურად იკლებდა საშუალოდ 1.49 პროცენტით; 1995-2000 წლებში 1.32 პროცენტით; 2000-2005 წლებში 1.22 პროცენტით და 2005-2010 წლებში 1.13 პროცენტით. როგორც ვხედავთ, უკანასკნელ ათწლეულში, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის კლების ტემპი მხოლოდ 0.19 პროცენტით შემცირდა.

მსოფლიო ბანკი გვთავაზობს საქართველოს მოსახლეობის კლების უფრო დეტალურ, წლიურ, პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც გაეროს მაჩვენებლებისგან ბევრად არ განსხვავდება. მსოფლიო ბანკის მაჩვენებლებით, 1990 წელს საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 0.11 პროცენტით; მომდევნი წლებში, საქართველოს მოსახლეობის კლება კიდევ უფრო დაჩქარდა. 1991 წელს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 0.76 პროცენტით; 1992 წელს - 1.35 პროცენტით; 1993 წელს - 1.74 პროცენტით და 1994 წელს კი - 1.85 პროცენტით. ამის შემდგომ კლება ოთხი წლის განმავლობაში ოდნავ შენელდა და 1998 წლისთვის წლიური 1.25 პროცენტი შეადგინა. 1998 წლიდან 2008 წლამდე საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად სტაბილურად მცირდებოდა, მაქსიმუმ 1.25 პროცენტით და მინიმუმ 1.17 პროცენტით. წლიური პროცენტული მაჩვენებელი ოდნავ მერყეობდა. 2009 წელს საქართველოს მოსახლეობის კლება ყველაზე დაბალი იყო ბოლო 18 წლის განმავლობაში და 1.09 პროცენტით შეადგინა, რაც დადებითი მოვლენაა. თუმცა, გაეროს სამეცნიერო პროგნოზზე დაყრდნობით, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობის კლების პროცესი შემდგომ ათწლეულებში კვლავ აჩქარდება (უფრო დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ).

როგორც ვხედავთ, 1990 წლიდან მოყოლებული 2010 წლამდე, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად, შეუჩერებლად მცირდება. ბუნებრივია, ისმის კითხვა: 1990 წლიდან საქართველოს მოსახლეობის კლების ფონზე რამდენით შემცირდა უშუალოდ ქართველი ეროვნების მოსახლეობა? ამგვარი ინფორმაციის მოპოვების ყველაზე ხელმისაწვდომ წყაროს საქართველოს მოსახლეობის აღწერის მონაცემები წარმოადგენს. თუმცა, ამ წყაროს ორი ნაკლი გააჩნია: პირველი, საქართველოს მოსახლეობის აღწერა უკანასკნელად 2002 წელს ჩატარდა, რაც საშუალებას არ გვაძლევს ქართველი მოსახლეობის კლების რაოდენობა 2002 წლის შემდეგ ზუსტად განვსაზღვროთ. მეორე, 2002 წლის აღწერის მონაცემები საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ არ მოიცავს აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობას, შესაბამისად, აღნიშნული აღწერის მონაცემები შეუსაბამოა გაეროსა და განსაკუთრებით, მსოფლიო ბანკის 2002 წლის მონაცემებთან. მიუხედავად ამ წყაროს ნაკლოვანებებისა, საქართველოს მოსახლეობის აღწერის მონაცემები რჩება ერთადერთ წყაროდ, რომელმაც, შესაძლებელია, თუნდაც მიახლოებითი წარმოდგენა შეგვიქმნას ქართველი მოსახლეობის ხვედრით წილზე საქართველოში.

1959 წელს საბჭოთა კავშირში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში (სსრ-ში) ცხოვრობდა 4.044 მილიონი ადამიანი, რომელთაგან ქართველი 2.600 მილიონი, ანუ მოსახლეობის 64.29 პროცენტი იყო. არაქართველი ეროვნების (რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი, აფხაზი და ა.შ) მოქალაქეთა საერთო რაოდენობა, შესაბამისად, მოსახლეობის 35.70 პროცენტი, ანუ 1.444 მილიონ ადამიანს შეადგენდა.#

1989 წელს საბჭოთა კავშირში ჩატარებული მოსახლეობის მორიგი საყოველთაო აღწერით, საქართველოს სსრ-ში ცხოვრობდა 5.400 მილიონი ადამიანი, რომელთაგან ქართველი იყო 3.787 მილიონი, ანუ მოსახლეობის 70.12 პროცენტი. არაქართველი ეროვნების მოქალაქეთა საერთო რაოდენობა შეადგენდა მოსახლეობის 29.88 პროცენტი, ანუ სულ 1.613 მილიონ ადამიანს. როგორც ვხედავთ, ამ პერიოდში ქართველების ხვედრითი წილი საქართველოში 5.83 პროცენტით, რაოდენობრივად კი, 1.187 ადამიანით გაიზარდა. არაქართველი ეროვნების მოქალაქეთა რაოდენობამ ამ პერიოდში სულ 169 ათასი ადამიანით მოიმატა, შესაბამისად, ქართველებთან შედარებით მათი ხვედრითი წილი 35.70 პროცენტიდან 29.87 პროცენტამდე შემცირდა.# მაშასადამე, 1959-1989 წლებში საქართველოს მოსახლეობის ზრდა უმეტესად ქართველების ხარჯზე მომხდარა.

2002 წელს, ამჯერად უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, მოსახლეობის აღწერა ჩატარდა. აღწერის მონაცემებით, საქართველოში (აფხაზეთში და ყოფილ სამხრეთ ოსეთში არაკოტროლირებადი ტერიტორიების გამოკლებით) მცხოვრები 4.371 მილიონი ადამიანიდან ქართველი იყო 3.661 მილიონი, ანუ მოსახლეობის 83.75 პროცენტი. მაშასადამე, ქართველების რაოდენობა 1989 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა 126 ათასი ადამიანით, ანუ 3.32 პროცენტით. თუმცა, საქართველოში ქართველების ხვედრითი წილი 70.12 პროცენტიდან 83.75 პროცენტამდე გაიზარდა, ძირითადად, არაქართველი ეროვნების მოსახლეობის (რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და.ა.შ.) რაოდენობის კლების ხარჯზე. 1989-2002 წლებში საქართველოში არაქართველი ეროვნების მოქალაქეთა რაოდენობა შემცირდა (1.613 მილიონიდან 710 ათასამდე) სულ 903 ათასი ადამიანით. სავარაუდოდ, ამ ადამიანთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საქართველო დატოვა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგად. ასევე, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მოსახლეობის 2002 წლის აღწერაში არ შესულა აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობა. იმ დროისათვის, სავარაუდოდ, ზოგიერთი დაუდასტურებელი არასამეცნიერო მონაცემებით, აფხაზეთში 178 ათასი და ყოფილ სამხრეთ ოსეთში 49 ათასი, სულ 227 ათასი, არაქართველი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობდა. აღწერაში მათი ჩართვა საქართველოში ქართველი მოსახლეობის ხვედრით წილს შესაბამისად 79.62 პროცენტამდე დაწევდა.

მაშასადამე, 1989 წლიდან 2002 წლამდე საქართველოს ქართველი მოსახლეობა სულ 126 ათასი ადამიანით შემცირებულა. ამ მონაცემების გადამოწმება ძნელია, თუ შეუძლებელი არა. თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოდან მოსახლეობის საზღვარგარეთ მასობრივი გადინების (და ამავე დროს მზარდი სიკვდილიანობის და ნაკლები შობადობის) ფონზე უშუალოდ ქართველების რიცხვი 126 ათასზე მეტი ადამიანით არ შემცირებულა. საქართველოდან ქართველების გადინების მასშტაბებზე მიახლოებით წარმოდგენას გვიქმნის რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და მსოფლიოს სხვა, არა ერთ ქვეყანაში გაჩენილი ქართველთა მრავალრიცხოვანი დიასპორები. არაოფიციალური და გადაუმოწმებელი ცნობებით, ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ საზღვარგარეთ წასული ქართველების რაოდენობა 1 მილიონი, ან მილიონ-ნახევარია. სანდო სტატისტიკური მონაცემების არარსებობის პირობებში ძნელი სათქმელია, მართლაც, რამდენი ქართველია გასული ქვეყნიდან, თუმცა, ვფიქრობ, უსაფუძვლო არ იქნება ვივარაუდოთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივი მიგრაციის, დაბალი შობადობისა და მაღალი სიკვდილიანობის ფონზე ქართველების რიცხვი 1989-2002 წლებში 126 ათასზე გაცილებით მეტით შემცირდა.

საქართველოს მოსახლეობის კლება 2002 წლის აღწერის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდა, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეამცირებდა საქართველოში ქართველების რაოდენობას, თუმცა, ზუსტი მონაცემი არც ამ შემთხვევაში მოგვეპოვება. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, 2000-2010 წლებში საქართველოს მოსახლეობა 526 ათასი ადამიანით შემცირდა. ამის მიზეზს ისევ და ისევ მიგრაციისა და სიკვდილიანობის მაღალი და შობადობის დაბალი მაჩვენებელი წარმოადგენს. გაეროს მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ 2000-2005 წლებში საქართველოდან მიგრაციის რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 62 ათასამდე (წინა ხუთი წლის 78 ათასთან შედარებით), ხოლო 2005-2010 წლებში 50 ათასამდე შემცირდა, საქართველო კვლავ მაღალი მიგრაციის ქვეყნად რჩება. 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში საქართველოდან მიგრაციის მასშტაბი, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, იმდენად მაღალი იყო, რომ 2007 წელს მსოფლიო ბანკის ყოველწლიურმა რეპორტმა საქართველო, მისი მოსახლეობის ხვედრითი წილის მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიგრაციულ ქვეყნად დაასახელა.# აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებგვერდზე (The World Factbook) მოთავსებული 2011 წლის მონაცემებით, საქართველო ყოველ 1000 სულ მოსახლეზე ემიგრირებულთა რაოდენობით, მოსახლეობის ნამატის მიხედვით აღრიცხული 220 ქვეყნიდან და დამოკიდებული ტერიტორიიდან 4.06 მაჩვენებლით 189 ადგილზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველწლიურად, ყოველი 1000 ადამიანიდან ოთხი ადამიანი ტოვებს და შესაბამისად, მიგრაციის ტემპით საქართველო მსოფლიოს 220 ქვეყანასა და დამოკიდებულ ტერიტორიას შორის ერთ-ერთ მოწინავე, 31 ადგილზეა.#

ახალგაზრდობის მიერ მიტოვებული და თითქმის დაცარიელებული საქართველოს უამრავი სოფელი, დაბა და მოსახლეობაშეთხელებული არა ერთი ქალაქი (დედაქალაქ თბილისის გამოკლებით) ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც გვიჩვენებს, თუ რა მასშტაბის გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის კლებაზე საერთაშორისო მიგრაცია.# საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ოჯახი, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრი თუ არა, მაშინ ახლო ნათესავი, ან მეგობარი მაინც არ ჰყავდეს საზღვარგარეთ. მიგრაციის პროცესი, როგორ ზემოთ მოყვანილი მონაცემებიც გვიჩვენებენ, გრძელდება. სოლიდური სტატისტიკური მონაცემების უქონლობა საშუალებას არ გვაძლევს დავასკვნათ უშუალოდ რამდენი ქართველი ტოვებს სამშობლოს ყოველწლიურად. თუმცა, კერძო საუბრებიდან გამომდინარე, საქართველოს ასობით მოქალაქესთან, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ამ ეტაპზე შემიძლია დავასკვნა, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ქვეყნის დატოვების და უკეთესი ცხოვრების ძებნაში საზღვარგარეთ წასვლის სურვილი და მცდელობა მასობრივი და ძალზედ აქტიურია, განსაკუთრებით 18-50 წლის ასაკის მოსახლეობაში.

მიგრაციის გარდა, საქართველოს სხვა დემოგრაფიული მონაცემებიც მძიმეა. გაეროს მონაცემების მიხედვით, 2000-2005 წლებში სიკვდილიანობის რაოდენობა, წინა ხუთი წლის მსგავსად, წელიწადში საშუალოდ 49 ათასი დარჩა, ხოლო 2005-2010 წლებში წელიწადში საშუალოდ 52 ათასამდე გაიზარდა. ეს მაშინ, როდესაც 2000-2005 წლებში საქართველოში შობადობა კიდევ უფრო შემცირდა და წელიწადში საშუალოდ (წინა ხუთი წლის 62 ათასთან შედარებით) 55 ათასი შეადგინა. 2005-2010 წლებში კი, კიდევ იკლო და წელიწადში დაახლოებით 53 ათასამდე დავიდა. ისევ და ისევ, არ მოგვეპოვება მყარი სტატისტიკური ცნობები შობადობის რა წილი მოდის ქართველი და არაქართველი ეროვნების მოქალაქეებზე. თუმცა, როგორც რადიო "თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" ინტერნეტ-გამოცემა ამტკიცებს, ძირითადად მოსახლეობა იზრდება აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში.#

აქვე აღსანიშნავია, საქართველოს მოსახლეობის დაბერების მიმდინარე პროცესი. გაეროს მონაცემებით, უკვე დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის 19 პროცენტზე მეტი 60 წლის ასაკს გადაცილებულია და ეს პროცესი მომდევნო ათწლეულებში უფრო დაჩქარდება.

საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლები დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, მართლაც, სავალალოა. აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებგვერდზე წარმოდგენილი 2011 წლის მონაცემებით, საქართველო მოსახლეობა, მატების ტემპის მიხედვით აღრიცხულ მსოფლიოს 232 ქვეყანასა და დამოკიდებულ ტერიტორიას შორის 217 ადგილზეა, ანუ მოსახლეობის კლების ტემპით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე მე-16 ადგილზეა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, შობადობის მხრივ, საქართველო მსოფლიოში 179-ე, ანუ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.# ერთ ქალზე ცხოვრების განმავლობაში აბორტების მთლიანი რაოდენობით (საშუალოდ 3.7 აბორტი) საქართველო აშშ-ს ორგანიზაციის United States Agency for International Development (USAID) მონაცემებით, პირველ ადგილზეა, არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში, არამედ, სავარაუდოდ, ასევე მთელს მსოფლიოში.#

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, გაერო ასევე გვთავაზობს საქართველოს (და მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნის) დემოგრაფიული ზრდისა და კლების პროგნოზს 2050 წლამდე, რომელიც ქვეყნის წარსული დემოგრაფიული ზრდა-კლების დინამიკას, შობადობის, სიკვდილიანობისა და საერთაშორისო მიგრაციის მაჩვენებლების დეტალურ ანალიზს და მის საფუძველზე მომავლის მეცნიერულ პროგნოზს ემყარება. ამ პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მოსახლოება მომდევნო 40 წლის განმავლობაში შეუჩერებლივ განაგრძობს კლებას და გაეროს გამოთვლის საშუალო ვარიანტით (medium variant),# 2010 წლიდან 2050 წლამდე კიდევ 952 ათასი (თითქმის 1 მილიონი) ადამიანით, ანუ 22.56%-ით შემცირდება და 3.267 მილიონამდე დავა. გამოდის, რომ 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 260 ათასი ადამიანით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე იგი ერთი საუკუნით ადრე, 1950 წელს იყო.

კავკასიის მთელს რეგიონში, ყველა სხვა მეზობელ სახელმწიფოსთან შედარებით, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა ყველაზე მძიმეა. საქართველოს მოსახლეობის მასობრივი კლების ფონზე, საქართველოს ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, თურქეთის მოსახლეობა 1990 წელს 56.086 მილიონიდან, 2010 წელს-75.705 მილიონამდე, ანუ 19.619 მილიონით (სულ 34.98%-ით) გაიზარდა. გაეროს პროგნოზის საშუალო ვარიანტით, 2050 წლამდე თურქეთის მოსახლეობა კიდევ 21.684 მილიონით (ანუ 28.64%-ით) გაიზრდება და 97.389 მილიონს მიაღწევს.

ასევე, მეზობელი აზერბაიჯანის მოსახლეობა 1990 წელს 7.212 მილიონიდან, 2010 წელს 8.934 მილიონამდე, ანუ 1.722 მილიონი ადამიანით (სულ 23.87%-ით) გაიზარდა. გაეროს პროგნოზის საშუალო ვარიანტით, 2050 წლამდე Aაზერბაიჯანის მოსახლეობა კიდევ 1.645 მილიონი ადამიანით (სულ 18.41%-ით) გაიზრდება და 10.579 მილიონს მიაღწევს.

იმ მეზობელ ქვეყნებსაც კი, რომელთაც 1990-2010 წლებში მოსახლეობის კლება გამოცადეს, საქართველო საკუთარი დანაკარგებით მნიშვნელოვნად აღემატება. კერძოდ, სომხეთის მოსახლეობა 1990 წელს 3.545 მილიონიდან, 2010 წელს-3.090 მილიონამდე, ანუ სულ 455 ათასი ადამიანით (12.83%-ით) შემცირდა. 1990-1995 წლებში სომხეთის მოსახლეობა წლიურად საშუალოდ 1.90%-ით იკლებდა. 1995-2000 წლებში კი, წლიურად 0.94 პროცენტით. 2000 წლიდან სომხეთის მოსახლეობის წლიური კლება კიდევ უფრო შემცირდა და საშუალოდ 0.07% შეადგინა. 2005 წლიდან კი, სომხეთის მოსახლეობის რაოდენობამ იმატა და 2010 წლამდე წლიურად საშუალოდ 0.17%-ით გაიზარდა. გაეროს პროგნოზით მატების პროცესი 2025 წლამდე გაგრძელდება და შემდეგ ისევ კლებას იწყებს. თუმცა, გაეროს სტატისტიკური პროგნოზის საშუალო ვარიანტით, სომხეთის მოსახლეობა 2010-დან 2050 წლამდე 3.018 მილიონამდე, ანუ სულ რაღაც 72 ათასი ადამიანით (2.33%-ით) შემცირდება.

რუსეთის მოსახლეობა 1990 წელს 148.065 მილიონიდან, 2010 წელს 140.367 მილიონამდე, ანუ 7.698 მილიონით (5.19%-ით) შემცირდა. 1995 წლიდან რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა მცირდებოდა, წელიწადში საშუალოდ 0.25 პროცენტით. 2000-2005 წლებში მოსახლეობის კლება დაჩქარდა და წელიწადში საშუალოდ 0.48 პროცენტი შეადგინა, თუმცა 2005 წლიდან კლება შემცირდა და წელიწადში 0.40 პროცენტამდე დაეცა. ეს კი ნიშნავს, რომ დღეისათვის საქართველოს მოსახლეობა რუსეთის მოსახლეობაზე წელიწდში საშუალოდ 0.73 პროცენტით სწრაფად იკლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში უშუალოდ რუსი ეროვნების მოსახლეობის რიცხვი 1989 წლიდან, 2002 წლამდე 81.5 პროცენტიდან 79.8 პროცენტამდე, ანუ სულ 1.7 პროცენტით შემცირდა.# სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება 2002 წლიდან 2011 წლამდე რუსეთში რუსი მოსახლეობის ხვედრითი წილის ოფიციალური მონაცემები,# რაც საშუალებას არ გვაძლევს დავასკვნათ 2002 წლის შემდეგ ზუსტად რამდენით, თუკი საერთოდ, შემცირდა რუსული მოსახლეობის ხვედრითი წილი. თუმცა, ვფიქრობ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2002 წლიდან 2010 წლამდე, სულ 9 წლის განმავლობაში, რუსეთის მოსახლეობის ხვედრითი წილი უფრო სწრაფად ვერ შემცირდებოდა, ვიდრე იგი წინა 13 წლის მანძილზე, 1989 წლიდან 2002 წლამდე შემცირდა. მითუმეტეს, რომ მთლიანობაში ამ უკანასკნელ დეკადაში, ზოგადად, რუსეთის მოსახლეობის კლების ტემპი შენელდა. ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი მონაცემები და ანალიზი უარყოფს არასწორ ინფორმაციას, რომ თითქოს რუსეთში ეთნიკური რუსების ხვედრითი წილი კატასტროფულად კლებულობს.

გაეროს პროგნოზის საშუალო ვარიანტით, რუსეთის მოსახლეობა კლებას განაგრძობს და 2050 წლამდე 24.270 მილიონი ადამიანით (17.29 პროცენტით) 116.097 მილიონამდე შემცირდება. თუმცა, საქართველოს მოსახლეობის პროცენტული კლების მაჩვენებელი (22.56 პროცენტი) რუსეთისას კვლავ აღემატება, ამჯერად 5.27 პროცენტით.

ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ:

1. უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე მსოფლიოს მოსახლეობის 28.36 პროცენტიანი მატების ფონზე საქართველოს მოსახლეობა 22.72 პროცენტით შემცირდა.

2. მაშინ, როდესაც საქართველოს მეზობელი თურქეთის მოსახლეობა 1990 წლიდან 2010 წლამდე, 19.619 მილიონით (34.98 პროცენტით), ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 1.722 მილიონით (23.87 პროცენტით) გაიზარდა, საქართველოს მოსახლეობა 1.241 მილიონით (22.72 პროცენტით) შემცირდა. შედეგად, დღეისთვის საქართველოს მოსახლეობა, (4.219 მილიონი) თურქეთის მოსახლეობაზე (75.705 მილიონი) თითქმის 18-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობაზე (8.934 მილიონი) 2.1-ჯერ ნაკლებია.

3. თუკი გაეროს საშუალო ვარიანტის პროგნოზით ვიმსჯელებთ, 2050 წლისთვის, როდესაც თურქეთის მოსახლეობა - 21.684 მილიონით (97.389 მილიონამდე), ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 1.645 მილიონით (10.579 მილიონამდე) გაიზრდება, საქართველოს მოსახლეობა 952 ათასით (3.267 მილიონამდე) შემცირდება. შესაბამისად, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა თურქეთის მოსახლეობაზე 29.8-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანისაზე- 3.2-ჯერ ნაკლები იქნება.

4. იმ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რომლებშიც 1990-2010 წლებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, საქართველომ პროცენტულად ყველაზე მეტი მოსახლეობა დაკარგა. კერძოდ, მაშინ, როდესაც 1990-2010 წლებში სომხეთის მოსახლეობა 12.83 პროცენტით (3.545 მილიონიდან 3.090 მილიონამდე, ანუ სულ 462 ათასი ადამიანით), ხოლო რუსეთის მოსახლეობა მხოლოდ 5.19 პროცენტით (148.065 მილიონიდან 140.376 მილიონამდე, ანუ 7.698 მილიონით) შემცირდა, საქართველოს მოსახლეობამ 22.72%-ით (5.460 მილიონიდან 4.219-მდე, ანუ 1.241 მილიონით) იკლო.

5. ამჟამად საქართველო, მის მეზობელ ქვეყნებს შორის, რუსეთის გამოკლებით, ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობის წლიური მატების ნაცვლად წლიურ კლებას განიცდის. თავად რუსეთთან შედარებითაც კი, საქართველოს მოსახლეობის კლების წლიური მაჩვენებელი რუსეთისას თითქმის 1 პროცენტით აღემატება.

6. გაეროს პროგნოზის საშუალო ვარიანტით, 2010-2050 წლებში საქართველო, სომხეთი და რუსეთი მოსახლეობის კლებას განიცდიან. თუმცა, საქართველო პროცენტულად ისევ გაცილებით მეტ მოსახლეობას დაკარგავს, ვიდრე მისი ორი მეზობელი. სომხეთის მოსახლეობა 2050 წლამდე სულ 2.33 პროცენტით (3.090-დან 3.018 მილიონამდე, ანუ 72 ათასი ადამიანით), ხოლო რუსეთის მოსახლოება 17.29 პროცენტით (140.376 მილიონიდან 116.097 მილიონამდე, 24.270 მილიონი ადამიანით) შემცირდება. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა მთელი 22.56 პროცენტით (4.219-დან 3.267 მილიონამდე, 952 ათასი ადამიანით) შემცირდება.

შედეგად, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა სომხეთის მოსახლეობას რიცხობრივად თითქმის გაუთანაბრდება. დღეისათვის საქართველოს მოსახლეობა სომხეთისას 1.129 მილიონი ადამიანით აღემატება.

ასევე, თუკი ახლა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის მოსახლეობაზე მხოლოდ 33.2-ჯერ ნაკლებია, 2050 წელს, მიუხედავდდ რუსეთის მოსახლეობის რაოდენობის შემცირებისა, საქართველოს მოსახლეობა მასზე 35.5-ჯერ ნაკლები იქნება.

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემები გვიჩვენებს, მდგომარეობა ძალზედ მძიმეა. შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობა ჩვენგან სათანადო მოქმედებას მოითხოვს. ქართულ სახელმწიფოს და ქართველ საზოგადოებას არსებული დემოგრაფიული კრიზის თანდათანობითი მოგვარება სამი გზით შეუძლია:

1) ჩვენს საზოგადოებაში ბუნებრივი შობადობის წახალისება-ზრდით. უშუალოდ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება არა მარტო ქართულ სახელმწიფოს, არამედ სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტებს, კერძოდ, რელიგიურ ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, ბიზნეს ჯგუფებს, ოჯახის ინსტიტუტს, საშუალო და უმაღლეს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს და. ა.შ.

2) მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ათეულ-ათასობით (და სავარაუდოდ ასეულ-ათასობით) ქართველი ემიგრანტის საქართველოში რეპატრიაციით, რაც პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოს მიერ მათი დაბრუნებისათვის ხელსაყრელი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების შექმნას მოითხოვს.

3) ქართველ საზოგადოებაში სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების წარმომადგენლების ინტეგრაციით. კერძოდ, ჩვენ როგორც სახელმწიფო და საზოგადოება, არ უნდა ვუფრთხოდეთ და უნდა წავახალისოთ მაგალითად, შვედი, უკრაინელი, გერმანელი და. ა.შ. ეროვნების ადამიანების ქართულ საზოგადოებაში შერწყმა-ინტეგრაცია, თუკი პიროვნებას ამის სურვილი აქვს, თუკი იგი დაეუფლება ქართულ ენას, გაითავისებს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ისტორიას, გაიზიარებს საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის იდეას, საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიღებს და როგორც მოქალაქე მის სამსახურში ჩადგება.

თუმცა, დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების საკითხი უაღრესად რთულია და მის გადაწყვეტას ვრცელი და დეტალური სოციალ-პოლიტიკური პროგრამის ჩამოყალიბება და თანმიმდევრული განხორციელება სჭირდება. ამ ეტაპზე, ამ სტატიის მიზანს ჩვენში არსებული დემოგრაფიული პრობლემის წამოწევა წარმოადგენს და არა დეტალური დემოგრაფიული პროგრამის ჩამოყალიბება. ამგვარი ამოცანა გაცილებით მეტ სივრცეს მოითხოვს, ვიდრე საგაზეთო სტატიას შეუძლია დაიტიოს.

დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტა კი, საჩქარო საკითხია. ატომური ენერგოსადგურების მასშტაბური კატასტროფების, ბირთვული იარაღის, მასობრივი საერთაშორისო მიგრაციების და ეპიდემიების (როგორიცაა მაგალითად, შიდსი) ეპოქაში ჩვენს მსგავს მცირერიცხოვან ერებს ფიზიკური არსებობის საფრთხე განსაკუთრებული სიმწვავით ემუქრებათ. ამასთანავე, უმძიმეს გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარე საქართველოს, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი აგრესორი ქვეყნის მიერ ოკუპირებულია და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მუდმივი საფრთხის ქვეშ დგას, ქართველი ხალხის გამრავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სამხედრო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში.

2000-იანი წლების პირველი დეკადის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა საზოგადოებამ ვერ შეძლო შეეჩერებინა საქართველოს მოსახლეობის კლების პროცესი, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო. საქართველოსთვის აბსოლუტურად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შეაჩეროს საკუთარი მოსახლეობის მუდმივი კლება და დაიწყოს ყოველწლიური მატება. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა და შესაბამისად იგი უნდა იქცეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედად მომდევნო ათწლეულში (და თუ საჭიროა მას შემდეგაც). რა თქმა უნდა, სამეცნიერო-სტატისტიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, შეუძლებელია იმის დასკვნა, თუ რამდენი მილიონი ადამიანით მატება სჭირდება ქართველ ხალხს, რათა მის არსებობას საფრთხე აღარ შეექმნას. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენთვის ნათელია, რომ საქართველომ პირველ ეტაპზე უნდა იზრუნოს, რათა შეჩერდეს მისი მოსახლეობის ყოველწლიური კლება; მეორე ეტაპზე საჭიროა, თანდათანობით აინაზღაუროს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე დაკარგული 1.200 მილიონზე მეტი ადამიანი; ხოლო მესამე ეტაპზე, დაიწყოს მოსახლეობის რაოდენობის შემდგომი მატება. სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგად, ერს შეუძლია ოცდაათი წლის განმავლობაში 30 პროცენტზე მეტით გაიზარდოს. ამის მაგალითს წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდგომდროინდელი საფრანგეთი, რომელმაც მძიმე დემოგრაფიული პრობლემის გადასაწყვეტად სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მიზანმიმართული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგად, მოსახლეობა 1945 წლიდან, 1975 წლამდე 13.039 მილიონით, ანუ 32.87 პროცენტით გაზარდა და 39.660 მილიონიდან 52.699 მილიონს მიაღწია.# მეორე მაგალითს წარმოადგენს თურქეთი, რომელმაც უკანასკნელი, სულ რაღაც ოცი წლის მანძილზე, თავისი მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 35 პროცენტით გაზარდა. ახალი ისტორიიდან სხვა არა ერთი მაგალითის მოყვანაც შეიძლება. ერთ-ერთ მაგალითად, ალბათ, თავად ჩვენც გამოვდგებით. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, 1950 წლიდან 1990 წლამდე, სულ 40 წელიწადში, საქართველოს მოსახლეობა 33.53 პროცენტით, ხოლო უშუალოდ ქართველების რაოდენობა 45.65 პროცენტით გავზარდეთ. მომდევნო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობის თუნდაც 30 პროცენტით გაზრდა დღევანდელი საქართველოს 4.219 მილიონიან მოსახლეობას 1.265 მილიონ ადამიანს შემატებს, რაც ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის უდავოდ სოლიდური და სასარგებლო შენაძენი იქნებოდა და ამავე დროს მთლიანად აანაზღაურებდა იმ ადამიანურ დანაკარგს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 20 წლის მანძილზე განიცადა. თუმცა, შეგვიძლია მიზნად მატების უფრო მაღალი მაჩვენებელიც დავისახოთ და უფრო მცირე დროში. ორგანიზებულობის, მიზანდასახულობისა და გეგმაზომიერი დემოგრაფიული პოლიტიკის შემთხვევაში ერისთვის შეუძლებელი არაფერია.

გამრავლების შემთხვევაში ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს მისი ბუნებრივი ნამატის განსახლების პრობლემა არ შეაწუხებს. საქართველოს სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონები გვთავაზობენ უაღრესად ნოყიერ და მრავალ დაუსახლებელ მიწას ქართველი ხალხის ბუნებრივი ნამატის განსასახლებლად.

გარდა ეგზისტენციალური საფრთხისა, ქართველი ხალხის გამრავლება საქართველოს გაძლიერებისა და კავკასიის რეგიონში პირველხარისხოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების უმთავრესი წინააპირობაა. საქართველო ვერასდროს მიაღწევს კავკასიაში ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერობას, თუ მისი მოსახლეობა მუდმივ კლებას განიცდის. როგორც ამერიკაში ემიგრირებული გერმანელი პოლიტიკური მეცნიერი, ჰანს მორეგენტაუ თავის 1985 წელს გამოცემულ ნაშრომში, "პოლიტიკა ერებს შორის" ამბობდა, მოსახლეობის სიმრავლე არამც და არამც არ არის ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ასე რომ იყოს ჩინეთი და ინდოეთი, (მოსახლეობის რაოდენობით პლანეტის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნები) მსოფლიოს ლიდერები იქნებოდნენ (მორგენტაუ, 1985, გვ. 143), მაგრამ მორგენტაუსვე სიტყვები რომ მოვიშველიოთ ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს საკმარისი მოსახლეობა საკუთარი ინდუსტრიული წარმოებისა და სამხედრო ცოცხალი ძალის დასაკომპლექტებლად, ვერასოდეს იქცევა პირველხარისხოვან სახელმწიფოდ (თუნდაც ერთ რომელიმე რეგიონში, როგორიც კავკასიაა-ვ.რ.).

როგორც ვხედავთ, გამრავლების პრობლემა ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს ფიზიკური გადარჩენისა და განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. დრო არ ითმენს და შესაბამისად, დროა ჩვენც, როგორც სახელმწიფომ და საზოგადოებამ, ერთობლივად და დიდი ინტენსივობით დავიწყოთ საქართველოს მძიმე დემოგრაფიულ პრობლემაზე ზრუნვა. სხვაგვარად, თანამედროვე მსოფლიოს დაუნდობელ ორომტრიალში ჩვენი სამშობლოს გადარჩენის შესაძლებლობები გულსაკლავად კლებულობს.

ვასილ რუხაძე



წყარო
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2266 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 nick74   (19.02.2012 21:19:17) [მასალა]
პატრიარქის მოწოდებამ და ქმედებამ შეაჩერა მოსახლეობის კლება მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

0   Spam
1 qorbude   (26.01.2012 16:15:25) [მასალა]
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს და გააცნობიეროს რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ქვეყანა,მადლობა ადმინ ამ საჭირო ინფორმაციის დადებისთვის

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика