მონადირეების საიტი - სტატიები და ჟურნალები




მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [20]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [157]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ძაღლის დაგეშვა   
giiiiviპასუხების რაოდენობა: 883
ვინ რა სანადირო იარაღს...   
stoeger1პასუხების რაოდენობა: 2073
კურცჰაარი   
tarxanaპასუხების რაოდენობა: 2305
დრათჰაარი   
doreuli2000პასუხების რაოდენობა: 2286
ინგლისური სეტერი   
axotnikaპასუხების რაოდენობა: 699
ნადირობა იხვზე   
ზურა333პასუხების რაოდენობა: 3672

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » გამოჩენილი ქართველები    

ვაჟა-ფშაველა
ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი)

ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას იამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს."

ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ, ეს თმიანობა იმისი ნიშანია, დავლათიანი იქნება, სახელიანიო.

ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში.

ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. ასე გვამცნობს ვაჟა მამის – პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას: „მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით". ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა".

სწორედ პავლე რაზიკაშვილმა, პირშიმთქმელმა, სიზარმაცის მოძულემ და ვაჟკაცობის ტრფიალმა, შორეულმა ჩამომავალმა „გარუსების მოწინააღმდეგე" სახელგანთქმული მონადირის ბოიგარისა, ჩაუნერგა პატარა ლუკას წიგნის სიყვარული. პავლე უამბობდა შვილებს დავით აღმაშენებელზე, ნაპოლეონსა და გამბეტაზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს”, მზეჭაბუკისა და ჯიმშერის ამბავს, ვიქტორ ჰიუგოსა და ჟორჟ სანდის ნაწარმოებთა პერსონაჟებს; რასაკვირველია, სახელოვანი თანამედროვეების – ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მღვდელი პავლე რაზიკაშვილისათვის მით უფრო ძნელი არ იყო ჩაენერგა შვილებისათვის სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. „ჩაუჯდებოდა ხორცს საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც ჩავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს. მუდამ მიამბობდა მოთხრობებეს ძველი საღმრთო ისტორიიდან”, – გვიყვება ვაჟა.

დედა, – ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას. ვაჟა-ფშაველა ასე გვამცნობდა დედას: "მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა… სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია… წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე”…

ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. აქედან დაიწყო მომავალი პოეტის სულიერი ტანჯვა. მდიდარ სულიერ საზრდოს ნაჩვევი ბავშვისათვის გონების ბორკილად იქცა სწავლის უვარგისი სისტემა.

მშობლები მაშინდელ სკოლაში შვილებს, ვაჟას თქმით, „განსაკაცებლად აბარებდნენ და არა გასამხეცებლად”, მაგრამ აბა, რა სიკეთე შეიძლება მოემკო ადამიანს იმნაირი სწავლისაგან, როცა ბავშვი საკუთარ მეობას, თავის ეროვნებას და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თვით ლუკა რაზიკაშვილიც კი, რომელიც მშვენიერი სულიერი საგზლით მივიდა სკოლაში, ლამის გადაგვარდა. „მაშინ რაზიკოვად ვიწერებოდი და არა რაზიკაშვილად. იქნებ შეურაცხყოფადაც კი მიმეღო, თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი გვარის დაბოლოვება „ოვი”-ო, – მწარედ შენიშნავს „ჩემს წუთისოფელში” ვაჟა. გასაკვირი არაა, როცა ამნაირ სკოლას ვაჟა „საპყრობილეს” უწოდებს იმიტომაც, რომ „ვერ აკმაყოფილებდა” და „ნოყიერ საზრდოს ვერ აწვდიდა” მის სულს. მკვირცხლი გონების ლუკა რაზიკაშვილი ამ სულის შემხუთავი ატმოსფეროდან გამოსავალს ეძებდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, რომ თავისი ცნობისწადილი დაეკმაყოფილებინა და ამით სულიერი შვება ეგრძნო, „იძულებული ვიყავი მიმემართა სხვადასხვა წიგნებისათვის, რაც ძნელი საშოვარი აღმოჩნდა. ვკითხულობდი, რაც შემხვდებოდა განურჩევლად, რადგან ხელმძღვანელი არა მყავდა და ამის გამო ასტრონომიულს, რისიც არაფერი გამეგებოდა,უფრო ბევრსა ვკითხულობდი, ვიდრე საბუნებისმეტყველო, ან საისტორიო წიგნს: ცაზე დავფრინავდი, როცა დედამიწისა არაფერი გამეგებოდა”, – წერს ვაჟა მისი ცხოვრების ამ მონაკვეთის შესახებ.

ნიჭი და მოზღვავებული ყმაწვილური ენერგია გამოსავალს ეძებდა და როცა პატარა ლუკა საღი გონებრივი ვარჯიშისათვის შესაფერის ასპარეზს ვერ პოულობდა, ფიზიკური ვარჯიშისაკენ მიისწრაფოდა, ლუკას მოუთოკავი სულიერი ენერგია ფიზიკურ ძალად გადაიქცა სპორტში, კრივსა და ჭიდაობაში ლამობდა სურვილების დაკმაყოფილებას. და არაჩვეულებრივად გამორჩეული მხატვრული მონაცემების ბავშვი რომ არ ყოფილიყო ლუკა რაზიკაშვილი, რომ შემდეგ სულიერად და ზნეობრივად უკეთეს პირობებში არ მოსწეოდა მას ცხოვრება, შეიძლება ეს დიდი მონაცემები ჩამკვდარიყო და აღარც ჩვენს კულტურას შეჰმატებოდა მისი მშვენება ვაჟა-ფშაველას სახით. საბედნიეროდ, ნიჭთან ერთან ბევრი გამორჩეული თვისება და მათ შორის მტკიცე ნებისყოფაზე დამყარებული პიროვნული ძლიერების შეგრძნების განსაკუთრებული უნარიც იყო ის ფაქტორი, რამაც შესაძლებელი გახადა ამ დიდი ნიჭის გადარჩენა.

თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა და 1877 წელს შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა.
1879 წელის სექტემბერს ვაჟა შედის გორის საოსტატო სემინარიაში. არც თუ დიდი წარმატებით აბარებს გამოცდებს, მაგრამ შემდეგ დიდი მონდომებით ეკიდება სწავლას.

ლუკა „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების” სტიპენდიანტი იყო. ამ საზოგადოების ინტერესების დასაცავად უკვე მოწიფულ პოეტს საინტერესო წერილიც აქვს დაბეჭდილი („ერთი კვირა ხევსურეთში” 1892 წ.), თუმცა დედაენის სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს კიდეც მას. გორშიც უჭირდა ვაჟას „კაზიონური” რეჟიმისადმი შეგუება, მაგრამ მაშინდელ სემინარიაშიც იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები, რომლებიც ვაჟას მფარველობდნენ. ცნობილი მოღვაწე მიშო ყიფიანი და სემინარიის დირექტორი სემიონოვი განსაკუთრებით აფასებდნენ მომავალი პოეტის ნიჭს; ამ პერიოდში ვაჟა პოეტურად მომწიფების ფაზაშია. საზოგადო მოღვაწეობისაკენ ერჩის გული. უკვე აშკარად შეინიშნება, რომ გამოკვეთა თავისი საქმიანობის ნამდვილი არსი, – საზოგადო მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება მისი არსებობის სასიცოცხლო ფორმად იქცა. ვაჟას თანაკლასელები გვიამბობენ, რომ თავდაპირველად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მომავალი პოეტი პოლიტიკით იყო გატაცებული. შემდეგ, გონებრივი და მხატვრული ინტერესების მომწიფება-გაღრმავების კვალობაზედ, ინტერესი პოლიტიკისადმი თითქოს დაეკარგა, ან იგი უკანა პლანზე გადაიწია და მისი ადგილი ლიტერატურამ დაიკავა. ვაჟა უკვე სწავლასაც უმატებს, მოწინავე მოსწავლეა. სემინარიელთა ხელნაწერ ჟურნალ „რიჟრაჟის” აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ვაჟას ლექსებს, მთელ მის საქმიანობას თვალს ადევნებენ ცნობილი მოღვაწეები და მწერლები: ანტონ ფურცელაძე, სერგეი მესხი და სოფრომ მგალობლიშვილი. ისინი აქებენ და ლიტერატურული შრომისათვის აქეზებენ. ყოველივე ეს ვაჟას შემოქმედებითი ნაყოფიერების სტიმულადაც იქცევა: თარგმნის რუს მწერალთა ნაწარმოებებს, კითხულობს რეფერატებს დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნ. ბარათაშვილის, ა. კოლცოვის, ნ. ნეკრასოვის, ი. დავითაშვილის შესახებ. ბეჭდავს კორესპოდენციებს და ლექსებს გაზეთ „დროებასა” და ჟურნალ „იმედში” …

სემინარია 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. 1882 წელს ვაჟა გაანაწილეს სკოლის მასწავლებლად სოფ. ტოლათსოფელში.

1883 წლის აგვისტოში, 22 წლის ლუკა რაზიკაშვილი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და შედის თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებით, პეტერბურგში ვაჟა „ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომებს სათვისტომოს საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად … და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება”.

თუმცა ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი; იქ ყოფნას უკავშირდება მისი ფსევდონიმიც – ვაჟა-ფშაველა. მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ. რაზ–ვი", „ლ. კათაკმეველი", „მგელია ხინკალჭამიაშვილი" და ა. შ. ფსევდონიმი – ვაჟა-ფშაველა მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა: მთიელმა მეგობარმა კარგად იცოდა, რომ ფშავ-ხევსურეთში "ვაჟა” "კარგ ბიჭს”, "ვაჟკაცს” ნიშნავდა. ლუკა რაზიკაშვილი კი სწორედ ასეთი ყოფილა. მაგალითად, პეტერბურგში ვაჟასა და მის უფროს ძმას, გიორგის ფული სულ გამოლევიათ. შეხვედრიათ ნაცნობი, გერმანელი სტუდენტი, რომელსაც უთქვამს: წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს, სადილის ფულიც იმან გადაიხადოსო. წასულან სათამაშოდ. თურმე არც იმ სტუდენტს ჰქონია ფული და საბილიარდოდან გაპარულა, ფულის გადაუხდელობის გამო კი მუშტი-კრივი გამართულა. ამ ჩხუბში ვაჟას ცნობილი მოკრივე გაულახავს…

გულქან რაზიკაშვილის მოგონებიდან: "მამა სიმართლის მთქმელი იყო, სიმართლისა. თავს არ დაზოგავდა, არც ვიცი, რადა იქონდა ეგეთი ხასიათი. მამამ თქო ერთხელა, მახსონ: გულქანი მე მგავსო ხასიათშიო, ნუღარ ელაპარაკებით, ერთს რო იტყვისო… ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა”…

1884 წლის შემოდგომაზე წიგნებით, ლექციების ჩანაწერებით, „სტუდენტთა კასის” ვალით (რადგან გამოსამგზავრებელი ფული არ ჰქონდა), მშობლიურ ჩარგალში ბრუნდება. ამ დროიდან იწყება მისი მშფოთვარე, მძიმე ყოფითი საზრუნავითა და მძაფრი სულიერი ჭიდილით სავსე ცხოვრება. მას ბედმა ერთობ შებოჭილი და მძიმე ცხოვრება არგუნა. საარსებო სასუალებათა ძიების აუცილებლობამ სოფელ ოთარაშენში თავად ამილახვრის ოჯახში მიიყვანა და ერთხანს აკისრებინა კერძო რეპეტიტორის მძიმე და უმადური მოვალეობა. 1886 წლის გაზაფხულზე, თავად ამილახვრის ოჯახში ვაჟა-ფშაველას იმავე ოჯახში აღზრდილი თავადის უკანონო შვილი, ძალიან ლამაზი და მაღალი სულიერი თვისებებით გამორჩეული, იმხანად დაქვრივებული ეკატერინე (კეკე) ნებიერიძე შეჰყვარებია და ცოლადაც შეურთავს. თავისებური იყო ვაჟას დაქორწინების ფაქტი. ვაჟა იღებს გადაწყვეტილებას და მის ურყეობაში დარწმუნებული ატყობინებს მამას და ძმებს, დახვდნენ მცხეთაში. არ მისდევს ტრადიციას, სიმშვიდის, ურთიერთგაგებისა და სიყვარულის ატმოსფერო სუფევდა ახალ ოჯახში. ეს ხანა არაჩვეულებრივი ნაყოფიერებით გამოირჩევა ვაჟას შემოქმედებაში.

1886 წლის 17 ოქტომბერს ვაჟა სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას. ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასთან არსებულ სკოლაში თვეში ოცდახუთ მანეთად ( ე. ი. წლიურად 300 მანეთად) ცხოვრობს აქ უკვე ცნობილი შედევრების ავტორი, ნივთიერ სივიწროვეში; ამაყი და სიმართლის მაძიებელი ვაჟა ვერ ურიგდება უსამართლობას, წვრილმანობას, სიტყვით და ძალით უპირისპირდება ადგილობრივ „ბობოლებს” , სოფლის მამასახლისს და მის დამქაშებს. იწყება განუწყვეტელი ცილისმწამებლური საჩივრები ვაჟაზე: ვაჟას შესამოწმებლად ერთმანეთს ცვლიან რევიზორები და „კომისრები” . ალალმართალ ვაჟას, ქართველების სათაყვანებელ ნიჭიერ პოეტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების სხდომებზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი თავმჯდომარეობდნენ, უწევს ახსნა-განმარტებითი ბარათების წარდგენა. ჩვენი დიდი მოღვაწეებიც ხედავენ ვაჟას სიმართლეს, მაგრამ უფრთხილდებიან მის არსებობას, ეშინიათ, რაიმე არ შეემთხვეს დიდი მომავლის მქონე პოეტს და 1887 წლის 11 ივნისს გამგეობას გამოაქვს დადგენილება ვაჟას თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ.

რასაკვირველია, სულიერად ეს იყო დიდი ტრავმა უსამართლოდ დაჩაგრული პოეტისათვის, რომელსაც მთელი სოფელი პატივს სცემს და ხელმოწერითაც დოკუმენტურად ადასტურებს მასთან თანადგომას. ამდენ გაჭირვებასა და წუხილში თუკი რაიმეს სინათლისა და სიხარულის შუქი შეაქვს ვაჟას ცხოვრებაში, ეს ისევ და ისევ შემოქმედებითი სიხარული და სიყვარულია, სიყვარული, რომელიც ახალგაზრდა პოეტისათვის მრავალ შედევრთა შექმნის იმპულსიცაა…

1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…

ჩარგალში მყოფს 1890 წელს უბედურება დაატყდა თავს, ერთი თვის მანძილზე დაჰკარგა მშობლები – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა. მშობლები ბურჯივით ედგნენ მხარში ვაჟას და ყოველნაირად ხელს უწყობდნენ თავიანთ რჩეულ შვილს შემოქმედებით მუშაობაში. ამის შემდეგ ძმები გაიყარნენ. ვაჟა საბოლოოდ დამკვიდრდა ჩარგალში და აქ გაატარა თავისი სიცოცხლის წლები. ამ დროიდან მოყოლებული ვაჟა ფიზიკურად ბევრს შრომობს, მაგრამ თანამედროვეთა გადმოცემით, დიდი მეურნის უნარს ვერ ავლენს და ეს გასაგებიცაა. „სხვაგან რბის მისი გონება” _ პოეტური ცხოვრებაა მისი არსებობის ფორმა და არა გლეხკაცური ჭიდილი მთის მწირ მიწასთან.

ვაჟა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო (30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. 1892 წელს ციმბირის წყლული შეეყარა ვაჟას და მარჟვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა პოეტმა… თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს" „ცალთვალა" დაუმატეს და ახლა „ რაზიკაანთ ცალთვალა დევს" ეძახდნენ.

კიდევ მრავალი ნაამბობი და მოგონებაა მოღწეული ჩვენამდე ვაჟას შეჭირვების შესახებ, მაგრამ პოეტის ამდროინდელ ფიზიკურ სახეს და სულიერ განწყობილებას ყველაზე უფრო შთამბეჭდავად 1896 წელს გამოქვეყნებული მისი „სიმღერა” (ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს) გვამცნობს:

„არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა…
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა…
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
მძინარიც ამას ვდუდუნებ,
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არც როს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ,
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ,
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ”…

თვითონ ვაჟა მართლაც არის ამ სტრიქონებში გატარებული პრინციპების დამცველი, მაგრამ მის მიმართ კი ადამიანები იცავენ ტაქტს, იჩენენ სიფაქიზეს? ვაჟას გამუდმებული დავა რედაქციებთან გამომცემლობებთან ხომ პოეტისადმი უსულგულო დამოკიდებულებას მოწმობს მხოლოდ.

ვაჟა მართლაც რომ უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულა. 1902 წელს, მისი სახლში არყოფნის ჟამს, მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე. "მეხუთე შვილზე უმტყუნა”. კეკე თანამედროვე დახასიათებით "მეტად ლამაზი, გულკეთილი და ადამიანის მოსიყვარულე ქალი” ყოფილა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მას ობლად დარჩა 4 შვილი. მეუღლის დაღუპვით შეძრული ვაჟა თავის წუხილს ლექსებში გამოხატავდა. ამ დროს დაიწერა ლექსი „სიმღერა”:

იას უთხარით ტურფასა,
მოვა და შეგჭამს ჭიაო…
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორიც შენი ზნეაო.

გულქან რაზიკაშვილის მოგონებიდან: "მამა ყვარელში იყო წასული, იქ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლი მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო… ნეტა აქ ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავს მამასა, მოამბე იმ დროს მისვლია. შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ფანდურსა და თან დამღერის: ნუ მოხვალ, თორო ინანებ, მოსვლაში არა ყრიაო, – თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო! – დედასა… ნუ მოხვალ, თორო ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს – დედასა”.

1904 წელს ითხოვა ვაჟამ მეორე ცოლი, გიორგი დიდებაშვილის ასული ნინო, შემდეგ თამარად წოდებული. ლუკას საქციელით შეძრწუნებულები იყვნენ მისი ახლობლები. იგი კი თავს იმით იმართლებდა, რომ ბავშვებს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ, სახლში კი დედაკაცი იყო საჭირო. ერთი წლის შემდეგ ოჯახს მეხუთე შვილი შეეძინა. ვაჟა მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ცოლ-შვილი არჩინოს: ხნავს, თესავს, მკის, თიბავს, ნადირობს, მჟავე წყალთან დაკავშირებით (ახლა რომ ვაჟას წყალს უწოდებენ) დავა აქვს და ბოლოს ხალხის სასარგებლოდ წყვეტს საკითხს.

ვაჟა „თავისუფლების მგოსანს” უწოდებდა თავს და, ბუნებრივია, რომ მას სიტყვით და საქმით სიმპათია და თანადგომა გამოეხატა 1905 წლის რევოლუციისადმი. ამ მოძრაობისაგან ბევრ სასიკეთოს რამეს ელოდა ჩვენი ინტელიგენცია და მათ შორის ვაჟასც.

პოეტი პრაქტიკული ცხოვრებისათვის არ იყო დაბადებული, მას დიდი პოეტური სამყარო ჰქონდა, მით ცხოვრობდა და სულდგმულობდა. ყოფის წვრილმანებთან ყოველგვარი შეხებისას ვაჟა ღიზიანდებოდა. ასე დაეუფლა მის სულს სიფიცხე.

ვაჟას დაძაბული და მძაფრი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. ესეც აღიზიანდებდა დიდ პოეტს. როცა შთაგონება, ანუ როგორც ამბობს „თავისი ანგელოზები” რომ ეწვეოდა, ოჯახის სამუშაოს ტოვებდა და თავისი დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა.

„ლუკას ხასიათი გაგებული მქონდა. ამიტომ ხელს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი”, – გვიამბობს პოეტის მეუღლე. ეტყობა, დიდი პოეტის ცხოვრებისა და მისი მისიის შესახებ ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა თავისთავად კეთილშობილსა და ოჯახზე მზრუნველ მეუღლესა და დედას, როცა გულწრფელად მოგვითხრობს: „როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს. ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა, გაიცინა და მითხრა: „ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო”.

ცნობილი ექიმისა და მოღვაწის პროფესორ მიხეილ(ქაიხოსრო) ზანდუკელის გადმოცემით, „ვაჟა თბილისში იშვიათად ჩaმოდიოდა. შევეკითხე, თუ რატომ ხშირად არ ჩამოდის; ქალაქში ჩასვლას ბევრი რამ უნდა! უნდა ჩaიცვა, დაიხურო და სამაგისო ქონება არ მაქვსო. ღარიბი იყო ვაჟა, მაგრამ სიღარიბეზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მეტად ამაყი იყო. ერთხელ მოვიდა ჩემთან არანისში, ძალიან მოეწონა ჩემი კულტურული ცხოვრება, როიალი მედგა შინ, – აი, აქ შეიძლება მუშაობაო. მე ვიგრძენი, რომ ვაჟას სიღარიბე ძალიან მძიმედ აწვა”. ერთი შეხედვით, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. ფიზიკურად შრომობს ჯანმაგარი პოეტი, რედაქციები და დროდადრო გამომცემლობები ჰონორარსაც უხდიან, მაგრამ ბევრს აწვალებენ…

და მაინც… როცა კი თბილისში მოდიოდა, თავის ნაწერებს თურმე ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა ხოლმე და პირველად ილია ჭავჭავაძესთან შეივლიდა – ხურჯინის "დასაბერტყად”.
მწერლის თანამედროვე კრიტიკოსი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, "ხომლელის” ფსევდონიმით ცნობილი რომანოზ ფანცხავა იხსენებს: "როცა მთელ საქართველოში მარტო ერთადერთი გაზეთი "ივერია” ისტამბებოდა, ვაჟა-ფშაველას ჩვენ ვხედავდით ამ გაზეთში მომუშავეს… ილია ისე ღრმად იყო დარწმუნებული ვაჟას პოეტური ტალანტის დიადობაში, რომ სიტყვის შებრუნება არ ხერხდებოდა მასთან… ილიამ გასამხნევებლად ჰონორარიც კი დაუნიშნა ვაჟა-ფშაველას და სტრიქონობით აძლევდა რედაქცია ჯილდოს, როგორც პროზის, ისე ლექსისთვის.

პირველად სტრიქონში სამ-სამ კაპიკს აძლევდა, შემდეგ ჰონორარი გადიდებულ იქნა და ლექსებში შაური ეძლეოდა. ბოლოს ეგ ჰონორარი თვიურ ჯამაგირად გაუხადა და თვეში ოცდახუთი მანეთი დაუნიშნა. თუ არ ვცდები, ვაჟა-ფშაველა იყო ერთადერთი მწერალი, რომელსაც ამ პირობებში ეძლეოდა ჯამაგირი. ახლა ადვილად წარმოიდგენთ, პატიოსანი, თავმოყვარე, ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი თუ რატომ იყო გაუტეხელი, დაუზარებელი და თავდადებული ქართული მწერლობისთვის და ჩვენ ამას უნდა ვუმადლოდეთ ილიას, და მხოლოდ მარტო ილიას…”

დაძაბულმა ფიზიკურმა და შემოქმედებითმა ჯაფამ, ჭეშმარიტი ხელოვანისთვის ნიშანდობლივმა დიდი სულიერი მრელვარებით მიმდინარე ცხოვრებამ ნაადრევად გატეხა ვაჟას ჯანმრთელობა. ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა. ავადმყოფობის გამო აკაკი წერეთლის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო.

1915 წლის გაზაფხულზე თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულა. ოდნავ მოიკეთა და 23 მაისს სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს. იმ საღამოზე მიურთმევიათ დაფნის გვირგვინი წარწერით: "ქართული პოეზიის არწივს”. საღამოს გათავებისას, ვაჟას ორთაჭალის ბარში კარგი სუფრა გაუშალეს, შემდეგ იგი კვლავ ლოგინად ჩაწვა, იტკენდა მარცხენა ფერდს. ვაჟას მკურნალობდა ექიმი და ცნობილი კრიტიკოსი ივანე გომართელი. მისი დასკვნით, პოეტი პლევრიტით იყო ავად. ივანე გომართელის რჩევით, მოიწვიეს ქირურგი გ. მუხაძე, 5 ივნისს გ. მუხაძემ ოპერაცია გაუკეთა ვაჟას და წყალი გამოუშვა. თითქოს უკეთესად იგრძნო მგოსანმა თავი. 14 ივნისს ვაჟა გადაიყვანეს წმ. ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში, ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში. 18 ივნისს ექიმთა კონსილიუმმა (რომელსაც დაესწრნენ: სპ. ვირსალაძე, ივ. გომართელი, გრ. რუხაძე, შ. მიქელაძე და ვლ. მახვილაძე) დაადგინა, რომ ვაჟას წყალი ჩაუდგა ფერდში. პოეტი ნატრობს მთასა და მთის წყალს. შიო მღვიმელი და სანდრო რაზიკაშვილი თხოვნას უსრულებენ.27 ივლისს დილით პოეტი თითქოს კარგად გამოიყურებოდა, ემუსაიფა ექიმ ვლ. მახვილაძეს და მოწყალების დას ანიკო კობიაშვილს. შუა დღის შემდეგ ცუდად გახდა. რომელი საათიაო? – უკითხავს. – სამიო, – უპასუხია მოწყალების დას, ანიკო კობიაშვილს. ვაჟას უთხოვია: თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარშემო ყვავილები დამაყარეთ, – იქნებ მაშინ მაინც წარმოვიდგინო ჩემი ძვირფასი მთაო…

საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით გამოაბრუნეს. გულის ცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ აღესრულა ქართველთა სათაყვანებელი პოეტი – ვაჟა ფშაველა. საღამოს რვა საათზე მთელ ქალაქს მოედო თავზარდამცემი ამბავი.

ჩვენმა სახელოვანმა მოქანდაკემ ნიღაბი აუღო პოეტს. ის დიდუბის პანთეონში ფშაური წესისა და დატირების გარეშე დაკრძალეს. ფშავში კი "წესი დაუყენებიათ” და დამარხვის გარეშე დაუტირებიათ: ვაჟას ნაბადი გაშალეს თურმე ეზოში და ზედ მისი ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს…

ამ ქვეყნიდან წავიდა ვაჟა და ამიერიდან დაედო სათავე მარადიულობაში გადასულ სულიერ სიცოცხლეს. რასაკვირველია, მიღებულ იქნა ღონისძიება, რომ ვაჟა დაესაფლავებინათ ღირსეულად. ქართველ ინტელიგენტთა ერთი ნაწილის დაბეჯითებითი მოთხოვნის მიუხედავად, სანდრო შანშიაშვილის თქმით, „მაშინდელმა მესვეურებმა ღირსად არ სცნეს ვაჟა მთაწმინდაზე დაეკრძალათ".

ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა მწერალმა გიორგი ლეონიძემ და "ცისფერყანწელებმა” 20 წლის შემდეგ ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს.

შემოქმედება

ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან" 1879 დაიბეჭდა („დროება", № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა" — 1880 („ივერია", № 4), პირველი ლექსი „მეომარი" — 1881 („იმედი", № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" — 1881 („დროება", № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის" წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა" მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა" და „ცის" — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ" (1890); „სიტყვა ეული", „ნუგეში მგოსნისა" (1894); „სიმღერა" (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები" (1891), „Pro domo sua" (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის" შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით" (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი" (1914) და სხვები.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა", 1889; „დამსეტყვე, ცაო", 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია", 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა", 1894; „მთათ მითხრეს", 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა", 1888; „ხმა სამარიდამ", 1893; „ბაკური", 1899; „ქართლს", 1912; „კახეთს", 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი", 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი", 1884; „არწივი", 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს", 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის" ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა", 1909; „პასუხი ბაჩანას", 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული", 1886; „სიყვარული", 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ", 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი", 1891; „იას უთხარით, ტურფასა", 1903).

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი", „გიგლია" (1886), „გოგოთურ და აფშინა" (1887), „ალუდა ქეთელაური" (1888), „ბახტრიონი" (1892), „სტუმარ-მასპინძელი" (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი" (1896), „სისხლის ძიება" (1897), „გველის მჭამელი" (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი", ალუდა — „ალუდა ქუთელაური"). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი"). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი". მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა" და „გველის მჭამელის" ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას", 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის", 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები", „დარეჯანი", 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები", 1903; „უძმოს-ძმა", 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), „ხმელი წიფელი" (1888—1889), „ქუჩი" (1892), „მთიანი მაღალი" (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში", „სცენები", 1889; „ტყის კომედია", 1911; „ნაკვესები", 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი" (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები", „ფშავლების ცხოვრებიდან", „ხევსურები" (1886), „ლაშქრობა" (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით" (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვები. „ცივილიზებულ" სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები", 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა", 1892; „თიანური ფელეტონები", 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", 1905; „შავბნელი ამბები", 1905).

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი", 1899; „ცრემლები", 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.

ლიტერატურა

აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან თბ., 1962;
ასათიანი გ., ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე, თბ., 1974;
ბენაშვილი დ., ვაჟა-ფშაველა. შემოქმედი და მოაზროვნე, თბ., 1961;
ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1966;
ზანდუკელი მ., ვაჟა-ფშაველა, თბ., 1953;
კიკნაძე გ., ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბ., 1957;
კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959;
ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 4, თბ., 1974;
ქიქოძე გ., ეტიუდები და პორტრეტები, თბ., 1958;
ყუბანეიშვილი ს., ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანრ, თბ., 1940;
მისივე, ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი (მასალები), თბ., 1961;
ჩხენკელი თ., ტრაგიკული ნიღბები, თბ., 1971;
ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 2, 4, თბ., 1955—1963;
ასათიანი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 296—297, თბ., 1979
ვაჟა-ფშაველა (ვიკიპედია)

მოამზადა თენგიზ ვერულავამ


წყარო: http://burusi.wordpress.com/2010/04/11/vazha-pshavela-6/
კატეგორია: გამოჩენილი ქართველები | დაამატა: giohunt1982 (11.03.2013)
ნანახია: 1114 | კომენტარი: 1 | ტეგები: ვაჟა-ფშაველა | რეიტინგი: 4.5/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 giohunt1982   (11.03.2013 18:59:02)
ჩემთვის, ვაჟა არის მამულიშვილის, მონადირის, ვაჟკაცის, ბუნების ტრფიალის, პოეტის ეტალონი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

მაღაზიები

იცოდით თუ არა, რომ
ნადირობა აკრძალულია, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
1. ვიცოდი ეს ინფორმაცია
2. არ ვიცოდი ეს ინფორმაცია
სულ პასუხი: 192

ონლაინში
საიტზე სულ: 4
სტუმარი: 4
მონადირე: 0

დღეს საიტზე იყვნენ
giiiivi, iurinka, western, 77777, sulxani, mamuka_dirola, 155, mshvildosani, beqa123, hunting-jim

დაბადების დღეს
გილოცავთ!!!
gurika777(29) , kuzana(32) , tazuka(19) , zaza(32) , zazakuz(32) , udardela2011(53) , baxsoliani(21) , mishka_245(18) , grek(43) , 558904107(38) , monadire_47(21) , ismailogli(32) , otari24(33) , 24(21) , smile(27) , jeko-jeko(35) , dato-damwyebi(25) , damwyebidato(25) , temo97(18)

facebook

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика www.wsa.ge  Create a website for free