ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » ბოტანიკური ბაღები    

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღისზუგდიდის ფილიალი, გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. პარკში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები. ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მის განაშენიანების საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა.

როგორც მდებარეობით, ასევე კლიმატური პირობეით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ–ერთ საუკეთესო ბაზას წარმოადგენს ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეების ინტროდუქციის, კვევისა და აკლიმატიზაციისათვის.

ისტორია

იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავის, ვ. მირზანაშვილის, ბოროზდინის, ი. გოგიასა და სხვათა ცნობით, როდესაც დავით დადიანმა მამის, სამეგრელოს მთავრის ლევან V-გან ხელისუფლება მიიღო 1840 წელს, სამთავროს მართვასთან ერთად ხელი მოჰკიდა დეკორატიული ბაღის მშენებლობას. იმავე წელს მან შემოღობა სასახლის გარშემო მდებარე ტყის ნაწილი, რომელიც მიჩნეულ იქნა სასახლის ბაღად და დააწესა სპეციალისტ-მებაღეთა მუდმივი შტატები. მალე ბაღისადმი ზრუნვა და მისი მართვა–გამგეობა დავითმა ჩააბარა თავის მეუღლეს ეკატერინე ჭავჭავაძე–დადიანს. ეკატერინემ დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით მოკიდა ხელი ამ კეთილშობილურ საქმეს და მცირე ხანში ეგზოტიკური სახეობებით მდიდარი ბაღი შექმნა. იონა მეუნარგია აღნიშნავს:

«მისსავე (იგულისხმება ეკატერინე ჭავჭავაძე) პირად შრომას უნდა უმადლოდეს თავის არსებობასამიერკავკასიაში არსებულ ბაღებს შორის ყველაზე საუკეთესო – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.გამოეწერა ამისათვის საჭირო თესლეული და ხეების ნერგები მეფის ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან და მართლაც გააშენა ისეთი ბაღი, რომლის ბადალიც არ მოიპოვება კავკასიაში»

იტალიელი მებაღე

ეკატერინე ჭავჭავაძემ ბაღის მთავარ მშენებლად იტალიის ქ. ტრიესტიდან მოიწვია მებაღე ჟოზეფ ბაბინი, რომელმაც ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი — გაწმინდა იგი უვარგისი მცენარეებისაგან, დააზუსტა წმინდა დეკორატიული ფართობი, დაგეგმა ფრანგულ, სიმეტრიულ სტილზე, გამოჰყო და გააფორმა ნაკვეთები, შექმნა ხელოვნური პეიზაჟები (დღეისათვის შემორჩენილია ხელოვნური ტბა კუნძულით), რომელიც ოსტატურად იქნა შეხამებული აქა–იქ დატოვებულ ბუნებრივ პეიზაჟებთან, მოაწყო სანერგე და სხვა.

ბოროზდინი

ამ ამბების მომსწრე და მხილველი კორნელი ალექსის ძე ბოროზდინი, მეფის რუსეთის განსწავლული მოხელე, რომელმაც საქართველოში 13 წელიწადი (1854–1867) დაჰყო, ზუგდიდის ბაღზე წერდა:

«დავით დადიანი საქმის კაცი იყო. ჯერ ისევ მამის სიცოცხლეშივე მართავდა სამთავროს საქმეებს, გულმოდგინედ ჩაფლული იყო პრაქტიკულს საქმიანობაში და ცდილობდა თავისი მამულებისათვის უფრო მეტი მიემატებინა. დილითგან საღამომდე საქმეებში იყო გართული. შეჩვეული იყო თვითონ პირადად ეკეთებინა ყველაფერი. არ უყვარდა თავის საქმეებში სხვა ვინმე ჩაერივნა და მით უფრო უცნაურად ეჩვენებოდა, ასეთ საქმეებში ახალგაზრდა ცოლისათვის ეთხოვნა მონაწილეობის მიღება და ამიტომ ეკატერინეს მიანდო ყურისგდება თავისი ზუგდიდის ბაღისა, რომლისათვის ხარჯი არ ეზოგებოდა. ეკატერინემ ხალისიანად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. საზღვარგარეთიდან სწავლული მებაღე გამოიწერეს. იშვიათი ხეების წიდნები და ყვავილების თესლი მილანიდან მოსდიოდათ, სამეგრელოს ბუნებამ და ჰავამ ხელი შეუწყო დედოფლის ცდას და ათი წლის განმავლობაი ისეთი საუცხოო ბაღი გაშენდა, რომლის მსგავსი მანამდე არ და არც მერე ყოფილა ამიერკავკასიაში. დიდფოთოლა მაგნოლიები, ბიგნონიები, პაულონიები, მიმოზები,კვიპაროზები, ოლეანდრები უშველებელი სიმაღლის გაიზარდა და ამ ხეების მთელი ხეივნები შეიქმნა. ბაღთან იყო საუცხოო სათბურები და საგრუნტო ფარდულები, სადაც 500–ზე მეტი სახეობის ხე იყო ფორთოხლის, ლიმნის, პომპელმუსისა, ბანანებისა და სხვა იშვიათი ხეხილისა, მაგრამ განსაკუთრებით კარგი იყო საყვავილე განყოფილება: დათვლაც კი სჭირდა ათასნაირი ვარდებისა, ზოგიერთი მათგანი ორი მეტრი სიმაღლის გაიზარდა. მრავალფეროვანი იყო ასევე კამელიების კოლექცია. ერთი სიტყვით, ზუგდიდის ბაღი ყოველი მხრით შესანიშნავი იყო და ამიერავკასიაში ბადალი არ მოიძებნებოდა. მის მოზობლად პარკი იყო გაშენებული, სადაც ნახავდით აუარებელ შვლებს, ირმებსა და ქურციკებს, რომლებიც ვორონცოვის მამუიდან იყო მოყვანილი(ყირიმიდან), ესენი კაცის დაძახებაზე მოდიოდნენ და ხელით შეიძლებოდა დაპურება»

ისკანდერფაშას განადგურებული ბაღი

დავით დადიანი 1853 წელს გარდაიცალა. ამის შემდეგ როგორც სამთავროს მართვა, ასევე ბაღისადმი მზრუნველობა და პატრონობა მთლიანად ეკატერინე ჭავჭავაძის ხელში გადავიდა. ეკატერინე მეტი ენერგიით შეუდგა ბაღის მოწყობას, თუმცა შექმნილმა პოლიტიკურმა გარემოებებმა ხელი შეუშალა. ბაღმა დიდი სტიქიური უბედურება განიცადა 1853–1856 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის დროს. 1855 წელს სამეგრელოც გახდა ომის ასპარეზი. ოსმალთა 30 ათასიანი არმიამ ომარ–ფაშას მეთაურობით სამეგრელოში ნახევარ წელიწადზე მეტი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე მთლიანად გააჩანაგა ეს მხარე. 1856 წელსმეგრელთა მიერ შევიწროებული ერთ–ერთი გარნიზონის უფროსი ისქანდერ–ფაშას ბრძანებით ძირიანად ამოთხარეს და გაანადგურეს ბაღი. კ. ბოროზდინი სწერდა რომ საშინლად გაბრაზებულმა ისკანდერ ფაშამ

«დაბრუნდა რა ზუგდიდში, გადაჰბუგა მთელი დაბა, მთავრის სასახლე, წინასწარ კი სახლიდან ყველა ძვირფასი ნივთი გააზიდვინა, ორანჟერიებიდანაც, რის გამოტანაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი გაატანინა, ხოლო ბაღში ხეები სულ ძირში დააჭრევინა. ამ სახით ის საუცხოო ბაღი, რომელიც დედოფალმა გააშენა და რომელსაც თვალის ჩინივით უვლიდა მიწასთან იქმნა გასწორებული»

ამ ბაღის ისტორიასთან დაკავშირებით საყურადღებოა ეკატერინეს წერილი გორდიდან 1856 წლის 2 თებერვლის თარიღით, რომლითაც ის პლატონ იოსელიანს ატყობინებდა იმ უბედურებას, რაც სამეგრელოს მიადგა თურქეთის საოკუპაციო ჯარებისაგან:

«ღ–თმან თქვენ მტერს მოუვლინოს, რაოდენ განსაცდელი და უბედურება მეგრელიას მოევლინა. ესოდენი წლის შრომა და ღვაწლი ერთად დაიკარგა ს–დ, ამ ომიანობისა სისხლის დათხევა მათი ამაოდ დაშთა. მტერმან ააოხრა და ნაცვლად კეთილისა ჩვენმა სიძემ დადიანის ოჯახის ერთგულად საგონებელმა მუხრანბატონმა ღალატიც განსთქვა, მის გამო რომ მით უმსგავლო მოქმედება მისი და სირცხვილი რ–იც აჩვენა რუსეთის მხედრობას და იმდენადა დაუბრმავდა გონება რომ გაბედა ჩემდა მოწერაც ნომრიანის ქაღალდით, ვითომ მე აღუკრძალე მეგრელთ მტერთადმი თოფის სროლა, მაგრამ ისე გაფუჭდეს ყოველი მისი ბოროტი აზრი სამეგრელოსთვის, როგორც სამეგრელო მტერმან გააფუჭა და მთავრისა მათისა ოჯახი ცეცხლის ალს მიეცა. ზუგდიდი აღარ არის. იქაური თექვსმეტი წლის ნაშრომი ბაღი, რომელიც კავკასიის მხარეში კი არა უცხო ქვეყნებშიც მოსაწონი იყო, მტერმან აღგავა. ყ–ლი ხილი, ყვავილი და უცხო ქვეყნის მცენარეები ზოგი წაიღეს და ზოგიც დასჭრეს. პარიჟელი და სხვა მებელი რაც იყო წაიღეს და მთელი ოჯახი და გარემო მტვრად აქციეს. უბედურია ამ დროებით მეგრელია, გარნა ვსასოებ ოდესმე ყ–დ მოწყალე ხელმწიფე ნუგეშს გვცემს ნაცვლად მართლისა მწუხარებისა»

აღდგენა

ოსმალეთთან ზავის დადების შემდეგ, ეკატერინეს ენერგიული მოქმედების შედეგად, ბაღში გაჩაღდა აღდგენითი სამუშაოები, ხოლო მისი სრული აღდგენა შესაძლებელი გახდა 1869 წლიდან, ე.ი. ეკატერინე ჭავაჭავაძის საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ. მუშაობა სწრაფი ტემპით წარიმართა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქ. ვარეზედან (იტალია) 1896 წელს მოწვეულ იქნენ სამუშაოდ სპეციალისტი მებაღე–დეკორატორები, ძმები გაეტანი და ჯიოვანო ზამბერლეტები.

როგორც ი. გოგია (1947 წელს) აღნიშნავს, ზამბერლეტებმა სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოიტანეს ეგზოტიკურ მცენარეთა ფრიად იშვიათი და ძვირფასი თესლები და ნერგები, რომლითაც შეავსეს არსებულ მცენარეთა კოლექცია, გააფართოეს ბაღის ტერიტორია ძირითადი გეგმის მიხედვით, გააგრძელეს ბზის ბორდიურები და საინტერესო ხეთა ხეივნები. სწორედ ამ პერიოდს მიაკუთვნებს ი. გოგია იმ გოლიათი ჭადრების მშვენიერი ხეივნების დაშენებას, რომელნიც დღეს სიგრძე–სიგანეზე სერავენ ბაღს (1182 გრძ. მეტრი), ხოლო რაც შეეხება 187 მ სიგრძეზე ჩამწკრივებულ რცხილის ხეივანს, რომელიც არანაკლები სილამაზით აღიქვება, იგი თვლის ოსმალთა მიერ გაჩეხილ ეგზემპლართა ძირკვის ამონაყრად, რაც სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს.

ბაღი თანდათან გაიზარდა, მცენარეთა კოლექცია გამდიდრდა ახალი სახეობებით, მაგრამ 1882 წლიდან, ე. ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო, ეგზოტების შემოტანა და გამრავლება–გავრცელება შეწყდა, თუმცა მოვლა–პატრონობა კვლავინდებურად გრძელდებოდა.

1903 წელს გარდაიცვალა ნიკო დავითის ძე დადიანი და მხცოვანი მებაღე გაეტანო ზამბერლეტიც, რასაც მოჰყვა ბაღის მოვლა–პატრონობის საქმის დაკნინება და დაქვეითება. მას შემდეგ 1917 წლამდე ბაღს, დადიანების სხვა ქონებასთან ერთად, იცავდა და განაგებდა მათი რწმუნებული, ხოლო მენშევიკებისბატონობის დროს (1917–1921 წწ.) — ერობა. განსაკუთებით ამ პერიოდში ბაღი მოუვლელი და უპატრონო იყო.

მიუხედავად ამისა, ზუგდიდის პარკმა გაშენების დღიდან დიდი საშვილიშვილო საქმე შეასრულა. იგისამეგრელოში ძვირფას მცენარეთა ინტროდუქციის კერად იქცა, საიდანაც ასობით უცხო მცენარე ფართოდ დაინერგა მოსახლეობაში, გაშენდა მრავალი ბაღი, სკვერი და პარკი სამეგრელოს სოფლებსა, დაბებსა და ქალაქებში, ხოლო მოსახლეობას მერქნოვან–ბუჩქოვან მცენარეთა სიყვარული დაუნერგა.

დირექტორები და ხელმძღვანელობა

1922 წელს განათლების სახალხო კომისარიატი ბაღის დირექტორად ნიშნავს აკაკი ჭანტურიას, 1924 წლიდან 1926 წლამდე ბაღი გადადის სასოფლო–სამეუნრეო ტექნიკუმის გამგებლობაში, 1926 წლიდან საქართველოს სსრ მიწსახკომის განკარგულებით იგი დაექვემდებარა თბილისის ბოტანიკურ ბაღს. ბოტანიკური ბაღის დირექტორმა პროფ. ი. ლომოურმა ყურადღება მიაქცია ბაღის სავალალო მდგომარეობას (საქონლის ძოვება, ბალახის უსისტემო თიბვა, დაუცველობა და სხვ.) გამოგზავნა აქ პროფ. სოსნოვსკი ხე–ბუჩქების აღწერისა და აღრიცხვისთვის, ბაღს დაუნიშნა უმაღლესი განათლების მქონე დირექტორი, შემოღობა ბაღის ტერიტორია ცოცხალი ღობით, აკრძალა საქონლის ძოვება, გაწმინდა და აღადგინა ზოგიერთი ხეივანი, გააშენა ბზის ბორდიური და სხვ.

ამის შემდეგ რიგრიგობით კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის ხელში გადადიოდა ბაღის მოვლა–პატრონობის საქმე. იგი ერთხანს ზუგდიდის ქალაქის საბჭოს კულტურისა და დასვენების პარკადაც კი იქცა, სადაც მრავლად იყო სხვადასხვა გასართობი, ატრაქციონი, მაგრამ მცენარეთა კოლექციის გამდიდრებაზე ნაკლებად ზრუნავდნენ.

საბოლოოდ, საქართვლოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის დადგენილებით, ზუგდიდის პარკი გადაეცასაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღს და ეწოდა: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი.

მოკლე ხნის განმავლობაში ზუგდიდის ფილიალში შესრულდა შრომატევადი სამუშაოები, რის შედეგადაც ამჟამად სრული პირობებია შექმნილი ნორმალური შემოქმედებითი სამეცნიერო–კვლევითი მუშაობისათვის. ბაღის სანერგეში შეტანილია 350 ახალი სახეობისა და სახესხვაობის ნერგი, რომლებსაც მალე გადაიტანენ მუდმივ ფართობებზე – პარკში.

2005 წელს ხელისუფლებამ დადიანების სასახლის ბაღის რეკონსტრუქციისთვის 40 ათასი ლარი გამოყო.

2009 წლის მაისში საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარემ ოთარ ფაცაციამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ თოდუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისთვის ზომების მისაღებად. ამ გადაწყვეტილების თანახმად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 5 000 ლარს გამოყოფს.

ნიადაგი

ბოტანიკური ბაღის ნიადაგი საშუალო ეწერი, თიხიანია. ქვენიადაგი ხასიათდება უძველესი მდინარის ნაფენებით. ფიზიკური თვისებების მიხედვით ნიადაგის ზედა ფენები (20 სმ სიღრმე) სუსტი გოროხოვანია, მის ქვემოთ კი – უსტრუქტურო. ჰაერაცია ზედა ფენებში კარგია, ქვედა ფენებში — სუსტი. ქვედა თიხიან ფენებში შეიმჩნევა დაჭაობების ნიშნები. ნიადაგის სიღრმეში ტენი თითქმის ყოველთვისაა.

ბაღში წარმოდგენილი ფლორა

ინტროდუცირებული ხეები და ბუჩქები (1975 წელი)

ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია 94 სახეობის მერქნიანი მცენარე, რომელნიც 45 ოჯახსა და 57 გვარს მიეკუთვნება. ხეები წარმოდგენილია 74 სახეობით, ბუჩქები — 17, ხვიარები — 3. ეს მცენარეები ბიოლოგიური ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • წიწვოვანები — 24 სახეობა და სახესხვაობა
  • ფოთლოვანები — 70, მათ შორის ზამთარმწვანე — 22, ზაფხულმწვანე — 48.

ინტროდუცირებული მცენარეების გარემოსთან შეგუების უნარი

ბაღში ინტროდუცირებული მცენარეები ადგილობრივ გარემო პირობებთან ურთიერთგანსხვავებული შეგუების უნარით ხასიათდება, რის გამოც ზოგი მათგანის ბოილოგიური მდგომარეობა (ვეგეტატიური, გენერაციული) დაბალია, ზოგისა კი აბორიგენებსაც ტოლს არ უდებს. ზემოაღნიშნული მდგომარეობის მიხედვით შეიძლება მცენარეები დაჯგუფდეს:

  • მცენარე იზრდება, მაგრამ ვერ ყვავის — 1 სახეობა — კორპის მუხა (სუსტი და დაჩაგრულია);
  • მცენარე ყვავის, მაგრამ ვერ ნაყოფიანობს — 17 სახეობა;
  • მცენარე ნაყოფიანობს, მაგრამ ნაყოფს ვერ იმწიფებს — 1 სახეობა — ქაღალდის ხე (მხოლოდ მდედრობითი ეგზემპლარია);
  • მცენარე ნაყოფიანობს, მაგრამ აღმოცენების უნარმოკლებული თესლი აქვს — 2 სახეობა იაპონური ტუიოპსისი, ლანცეტა კუნინგამია;
  • მცენარეს აღმოცენებისუნარიანი თესლი აქვს, მაგრამ თვითნათესს არ იძლევა — 42 სახეობა;
  • მცენარე თვითნათესს იძლევა, მაგრამ ველურდება — 24 სახეობა;
  • მცენარე ველურდება — 7 სახეობა.

ინტროდუცირებულ მცენარეთა სასიცოცხლო ფაზის რიტმი

ინტროდუცირებულ მცენარეთა რიგი, სასიცოცხლო ფაზის რიტმი (შეფოთვლა, ყვავილობა, ნაყოფმსხმიარობა, ფოთოლცვენა, ზრდა) ძირითადად ესატყვისება და მიჰყვება ადგილობრის კლიმატურ რიტმს. გამონაკლისს წარმოადგენს:

  • იაპონური მაჰონია (ყვავილობის ფაზა ეწყება იანვარში)
  • სურნელოვანი ხიმონანთუსი (ყვავილობას იწყებს დეკემბერში)
  • მსხვილყვავილა მაგნოლია (ყვავილობას აგრძელებს ოქტომბერში)
  • იაპონური ხენომელესი (ყვავილობს იანვარ–თებერვალში)
  • ჰორტენზია (შეფოთვლას იწყებს იანვარში)

ინტროდუცენტები გეოგრაფიული წარმოშობის მიხედვით

ინტროდუცენტები გეოგრაფიული წარმოშობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აღმოსავლეთ აზიის — მცენარეები წარმოდგენილია 44 სახეობით(ჩინეთი, იაპონია,კორეა,ინდოეთი).
  • ჰიმალაის — 2 სახეობით (ჰიმალაიური ნაძვი, ჰიმალაიური კედარი)
  • მცირე აზიის, ირანისა და ავღანეთის — 7 სახეობით (მარადმწვანე კვიპაროსი, წაბლფოთოლა მუხა, ლეღვი, აღმ. ჭადარი, პირამიდული ვარხვი, ძეწნა, კარპიის გლეჩია)
  • ლენქორანის — 1 სახეობა (აბრეშუმის აკაცია)
  • შორეული აღმოსავლეთის — 1 სახეობა (ხავერდის ხე)
  • ხმელთაშუაზღვის ქვეყნების — 7 (იტალიური ფიჭვი, ზღვისპირა ფიჭვი, ატლასური კედარი, კორპის მუხა, იუდას ხე, ჩვეულებრივი ცხენისწაბლა)
  • ევროპის — 3 სახეობა (თეთრი სოჭი, ევროპული წიფელი, ევროპული ცაცხვი)
  • ჩრდილოეთ ამერიკის — 25 სახეობა (მაგნოლიები, ლავზონის ხამეციპარისი, ვიემუტის ფიჭვი, მარადმწვანე სექვოია, დასავლურის თუია, ამერიკის ნეკერჩხალი, პეკანი, დასავლური აკაკი, სამეკალა, გლედიჩია, კატალპა, ამბრის ხე, ლირიოდენდრონი, კანადური ვერხვი, ცრუ აკაცია, დრუმონდული საპნის ხე, დასავლური ჯამყვავილა და სხვა)
  • მექსიკის — 1 სახეობა (ლუზიტანიური კვიპაროსი)
  • კანარის და მადეირის კუნძულების — 1 სახეობა (კანარული ჭყორი)
  • ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის — 2 (მანანის ევკალიპტი, სამხრეთული კორდილინა)

შიშველთესლოვანნი

  • ფორჩუნის ცეფალოტაქსუსი (Cephalotaxus fortunei) — ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 17, 29 და 30 თარგიდან სულ 4 მამრობითი ეგზემპლარია. ვინაიდან ვ. მირზანაშვილი (1934) არ იხსენიერბს თავის წიგნში, მათი ინტროდუქცია 30–იან წლებზე გვიან პერიოდს უნდა მიეკუთვნოს. ყველაზე დიდი ეგზემპლარი სიმაღლით 4 მეტრს აღწევს, სიმსხოთი 5 სმ, და აქვს 1.0x1.5  ვარჯის პროექცია. ყველა ეგზემპლარი კარგად გამოიყურება. წიწვი გამოაქვს აპრილის მეორე ნახევარში(1971, 1972 წწ.) ყვავილობს აპრილში.
  • ლავზონიური ხამეციპარისი (Chomaecyparis lawsoniana) — 1075 წლისათვის ბოტანიკურ ბაღში იყო ამ სახეობის 10 ეგზემპლარი, რომლიც ინტროდუცირებულ იქნა 1930 წლის შემდეგ.
  • ნაგეის პოდოკარპუსი (Podocarpus nageia) — ბაღში ეს სახეობა წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ეგზემპლარით, რომელიც დარგულია მე–24 თარგში, ღია ადგილზე 1957 წელს და 21 წლის ხნოვანებაში აღწევს სიმსხოთი 9.5 სმ, სიმაღლით 4.5 მ, ვარჯის პროექცია 2X1.5 მ, ყვავის ივნისში (მამრობითი ეგზემპლარი) კარგად გამოიყურება.
  • თეთრი ანუ ევროპული სოჭი European (Silver Fir; Abies alba) — მირზანაშვილის ცნობით, (1934) ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1930 წლისათვის ყოფილა მხოლოდ ერთ ეგზემპლარი(21–ე თარგზე)ზომით: სიმაღლე — 20 მ, დიამეტრი — 40 სმ. სამი ეგზემპლარი იზრდება. მათ შორის ყველაზე დიდი სიმაღლეში აღწევს 23 მ, სიმსხოში 56 სმ და აქვს 6მX5მ ვარჯის პროექცია. ნახევრად დაჩრდილულია მეზობელი ხეებით. ცხოველმთმყოფელობა საშუალო.
  • ჰიმალაიური ანუ ინდოეთის ნაძვი (Picea) — ბაღში ნაძვი შემოტანილი უნდა იყოს მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში, რამდენადაც, მირზაშვილის ცნობით (1934)1929 წლისათვის 21 თარგში უკვე უნდა ყოფილიყო ორი ხნიერი ეგზემპლარი. ერთ მათგანს, რიმელიც 1929 წელს სიმაღლეში აღწევდა 30 მეტრს და დიამეტრში 60 სმ იყო, ვ. მირზაშვილი ზუგდიდის პირობებთან შეგუებულად თვლის.მის უხვთესლიანობასა და სრულიად ჯანმრთელ გარეგნობაზე მიუთითებს.
  • ატლასური კედარი (Atlas Cedar) — დაჩრდილულია რცხილით, ჭადრით და გინგკო ბილობათი. ვარჯი ვიწრო აქვს და საკმაოდ შეზღუდულია მეზობელი ხეებისგან 
  • ჰიმალაიური კედარი (Cedrus deodara)ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სულ 71 ძირი ჰიმალაიური კედარია დარგული. მათ შორის ყველაზე ხნიერია ორი ეგზემპლარი.
  • ვეიმუტური ანუ თეთრი ფიჭვი (Pinus strobus;Eastern White Pine) ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ამ სახეობის შემოტანას ვ.მირზაშვილი მე–19 საუკუნის ნახევარს მიაკუთვნებს.
  • დასავლური თუია (Thuja occidentalis) — ზუგდიდის პარკში მირზაშვილს აღწერილი აქვს დას. თუიას 17 ეგზემპლარი. მათ შორის უმეტესობა მოზრდილი ყოფილა.
  • ფანქრის ხე, ანუ ვირჯინიული ღვია (Juniperus virginiana) — ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია ერთადერთი ეგზემპლარი 1975 წლისათვის, რომლიც იზრდებოდა თავისუფლად ღია ადგილზე.
  • ლუზიტანიური კვიპაროსი (Cupressus lusitanica) — ეს სახეობა ვ. მირზაშვილს მცენარეთა სიაში არ აქვს შეტანილი 
  • ზღვისპირა ფიჭვი (Pinus pinaster) — 1975 წლისათვის ბაღში 92 ეგზემპლარი იზრდებოდა, რომელითაგან ყველაზე დიდი აღწევს სიმაღლეში 24 მ, სიმსხოში – 62 სმ, ვარჯის დიამეტრი 5X6 მ, ხოლო ყველაზე პატარა შესაბამისად 16 მ, 23 სმ, 3X4 სმ.
  • იაპონური თუიოპსისი (Thujopsis dolabrata) — ეს სახეობა 1975 წლისათვის ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გვხვდება შედარებით ახალგაზრდა ხნოვანებისანი.
  • მარადმწვანე სექვოია (Sequoia sempervirens) — ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შემოუტანიათ 19 საუკუნის 50–იან წლებში ნიკიტის ბოტანიკური ბაღიდან ვ. მირზაშვილის მიხედვით (1934) ზუგდიდის პარკში ყოფილა 1929 წელს მარადმწვანე სექვოიას დაახლოებით 50 წლიანი ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც სიმაღლეში აღწევდა 30 მეტრამდე, ასევე კარგად თესლიანობდა.
  • ბარდანაყოფისებრი ხამეციპარისი (Chamaecyparis pisifera) — 1975 წელს იზრდებოდა ამ სახეობის ერთ–ერთი ფორმა, სულ 4 ეგზემპლარი.
  • ჭაობის ანუ ორზოლიანი ტაქსოდიუმი (Taxodium Distichum) — ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვ. მირზაშვილს 1929 წელს აღწერილი აქვს ჭაობის კვიპაროსის 60 წლემდე ხნოვანების 1 ეგზემპლარი, რომლიც მაშინ ერთადერთს წარმოადგენდა, აღწევდა დიამეტრით 60 სმ, სიმაღლისთ 18 მ და ყოფილა კარგად განვითარებული.
  • იაპონური კრიპტომერია (Cryptomeria japonica) — ვ. მირზაშვილის ცნობით საქართველოში შემოტანილი უნდა იყოს გასული საუკუნის 60–იან წლებში. მასვე 1929 წელს აღუწერია ზუგდიდის ბაღში არსებული ერთადერთი ეგზემპლარი — სიმაღლით 20 მ., დიამეტრით — 60 სმ–მდე.
  • ლანცეტური კუნინგჰამია (cunninghamia lanceolata) — 1929 წელს ეს ეგზემპლარი ზუგდიდში საკმაოდ დაჩაგრულად გამოიყურებოდა ვ. მირზაშვილის ცნობით.
  • აღმოსავლური ბიოტა (Biota orientalis) — ეს სახეობა ვ. მირზაშვილს სულ 29 ძირი აქვს აღწერილი.
  • მარადმწვანე კვიპაროსი ანუ გუნდის ხე (Cupressus sempervirens) — ვ. მირზაშვილს აღწერილი აქვს მხოლოდ ერთი ძირი.
  • იტალიური ფიჭვი (Pinus pinea) — ბაღში ვ. მირზანაშვილს (1934) აღწერილი აქვს 1 ეგზემპლარი, რომელიც ერთადერთი ყოფილა მთელ პარკში, ისიც მეტად დაჩრდილული და დაჩაგრული უზარმაზარი ხეებისაგან. ტოტების თითქმის 2/3 ნაწილი შემხმარი ჰქონია. ზომით: სიმაღლე — 25 მეტრამდე, დიამეტრი — 50 სმ. მსხმოიარობა დამაკმაყოფილებელი. ამ პირობებში ეს ეგზემპლარი მალე დაღუპულა. 1975 წლისთვის ბაღში 44 სხვადასხვა ხნოვანების ხე ხარობდა, რომელთა საშუალო სიმაღლე 11.42 მ. დიამეტრი — 40.2 სმ, მათ შორის ყველაზე დიდი აღწევს სიმაღლეში 16.5, სიმსხოში 64,5, ვარჯის პროექცია 14X9 სმ.


წყარო: http://www.megrelia.ge
კატეგორია: ბოტანიკური ბაღები | დაამატა: IRAKLIG (28.03.2013)
ნანახია: 3378 | ტეგები: ზუგდიდის, ბოტანიკური, ბაღი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 12
    სტუმარი: 12
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика