ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

მაჭუტაძის ნადირობა. ვასო ურუშაძე

  გათენდა კალანდა დილა; ღმერთმა ყველას გაგითენოს მომავალი ახალი წელიწადი და ნათლის ღება. შემოუსხედით სუფრას: მე, ივანიკა, გოგიელა, მახარბელა, ვახუშტელა, სერაფიმ და კვიროსი, შევექცეოდით ღვთის მოცემულს, ღვინოს! კაი დაგემართოს, კაი ღვინო იცოდეს ჩვენში, გურიაში... გავაჩინეთ სადღენგძელოები, ავატრიალეთ ყანწები... ამ დროს მომივიდა მაჭუტაძის გამოგზავნილი კაცი, შემოეთვალე: ჩემო კვირიკელაო, წუხელი მოთუავო და ხვალ დილას სანადიროთ წევიდეთ, მე რომ დიდი ნადირი გითხარი იმისთვინო... წამოიყვანე ვინც შენ გინდოდესო... ინათა თუ არა, წამოვარდი ზეზე, დევიწერე პიჯვარი, ვახსენე ღმერთი, დაუძახე კესარიას, გადავიკიდე ზინთაი, ჩავდევი შით დიდი კვერი, ერთი ნაჭერი ყველი დოუძახე ჩემს ძაღლებს, აჰა, ჰაა: ჰა მურა, გა, მურია, აა, აჰა, აა, აჰა... ჩამოვიღე ჩემი გძელი მაჭახელა, გადეუსვი ხელი კესარიას და გოუდექი... გაუარე ივანიკას, გოგიელას, მახარებელას, ვიხუშტელას, სერფიომს, და კვიროსის. წამოიღეს ზოგმა ჭადი, ზოგმა პური...გადიკიდეს: ყარაფანი მაჭახელა, ფლითი და ფიშტო... დაუძახეს გიშერას, ყურშავას, ტურიას, წუნკალას, ყელთეთრას, დავიწერეთ პიჯვარი, ვახსენეთ ჩვენი მფარველი ანგელოზი და მივადექით მაჭუტაძის დიდს ეზოს. გამობრძანდა მაჭუტაძე, ყველას სალამი მოგვცა, მოგვილოცა ახალი წელიწადი, ახსენა ჯუმატის მონასტრის წმ. იაკინთეს მადლი და გოუდექით გზას. მივედით ჯოჯოხეთას ტყის პირზე. ნელის პირით თოვს, ჩევისაფრეთ ზოგმა სად და ზოგმა სად... აუშვით ძაღლები. არ გასულა ხუთი წუთი, რომ შეიქმნა: ფაცი-ფუცი, ფაჩი-ფუჩი, ფხიკინ-ფხიკინი, სლიპინ-სლიპინი, შლიპინ-შლიპინი, ხრიალ-ხრიალი, გრიალ-გრიალი, დრიგინ-დრიგინი, ხრიგინ-ხრიგინი... მოდის მარა რა მოდის? მოაქვს: ხე-მიწა, მთა-ბარი, ეწერი-ზეგანი... ისკუპა და გადახტა, შეტრიალ-შემოტრიალდა... ახლა არ მეტყვიტთ რა ფერის იყოო?... ფერი! ფერის: წითელი, ყვითელი, მიხაკის ფერი, იაგუნდის წინწკლებიანი, ნაცრის ფერ-ხაზიანი, მოშავ-მწვანო ზოლიანი... დაებღრინჯა პირის სახე, დაეშტიმა თვალები ოჩხამური ჭინკასავით, ეებურძგლა ბალანი, მთრალი სალიდათის შტიკივით...

_ „არიქა, ბიჭებო, თუ ვარგიხარო! შეგვიძახა მათუჭაძემ და ეცა, _ ეცა დასცა... მივარდა ივანიკა, გაჰქრა კიმკიმაში და გადისროლა დაღმართისკენ, მიეშველა გოგიელაი, უქნა მეგორდიე მასაც და კინაღამ კისერი მოატეხა... ეცნენ: მახარბელაი, სერაფიომ, ვახუშტი და კვიროსი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, სუყველა სათითაოდ ქვეშ ამოიდო. არიქა ბიჭო, კვირიკავ, თუ ვარგხარ მეთქი, გევივლე გულში და მივვარდი. მივვარდი-მომვარდა, ვეცი-მეცა, დავსცი-დამცა, გადავატრიალე-გადმომატრიალა, უზურგულე-მიზურგულა, შევითრიე-შემათრია. გადავაგდე-გადმომიგდო, წავაქციე-წამაქცია, უქენი განური... და დავასკუპტი კისერზე, გამოუსვი ყამა და გადავალურსვიე თვალები. აწი ბატონო და, ავკუწეთ-დავკუწეთ, ავჩარიქეთ-დავჩარიქეთ, გევიყავით-გამოვიყავით, გევირიგეთ-გამოვირიგეთ, გევიწიწილაკეთ-გამოვიწიწილაკეთ, გადავაწყვეთ-გადმოვაწყვეთ, და რა გერგო: ბარკალი და ჩალაღაჯი მე. კიმკიმი და საფეთქელი მაჭუტაძეს და თავ-ფეხი მის კნეინას.

 

სკოლაში

 

   კაი დილაა... ახალი შუქია... ღმერთმა ყველას გაგითენოს მრავალი, სამართალი-მსაჯულებით, პირდაპირ ლაპარაკით, წელ გამართულ სიარულით, სწავლა და მეცნიერებით... მარა აგი ვერაფერია გუშინ საღამოს მომიბრუნდა ოჯო, ამ ნელ-თბილ კერაზე ჩემი ვალამაი...

 _რაზე მოი, ბიჭო!  რა ქენი, სწავლა არ დაგეწყოთ მეთქი?

_დამეთხუე, ბაბა, ამისთანა ცხოვრებასაც-კი რა უთხრა, აგია განახლება მომავალი მზის შუქით!?.

_რაა, ბაბა, რა იყო მეთქი?

_რადა მე თვითონ მრცხვენია იმათ მაგიერ... მთელი ზაფხული იძახეს; ახალი სწავლა იქნება... ჩვენ სკოლაში მზის შუქი შემოგორდაო, მარა, მარა და მარანზე ვნახე ჩამოხჩობილი იმათი თავი... ისე დაუბნელდეს თვალები, რავა უარესად დაუბნელებიათ იქაურობა... სკოლა ახალ სახლში გადაუტანიათ და სწავლა-კი ისევ ისეთიაო. შეიქნა ასე ათი საათი, მოვიყარეთ თავი მე, ბიჭიკელამ, გრიგოლამ და სვასთიმ, უთხარით უფროსს: თუ იზამ ისე, მაშინ რო გითხარით, ხომ კაი, და კაი დაგემართოს ჩვენ კაისაკენ მივისტრაფებოდეთ მეთქი.

_ჯერ ვერა, არ შეგვიძლიანო!... ოი! ნე შეგაძლებინოს ყოვლად წმინდა კვირიკეს მადლმა მეთქი. და... ვიგრიალეთ... შეიქმნა ჩოჩქოლი, ხრიალი, სიმღერა და ყვირილი: გასწი, გასწი, წინ, წინ, წინო და ჩვენც მოვკურცხლეთ შინისკენ... კაი მაგათ დაემართოს, კარგათ მაგინი შობოდნენ... თუ მასეაო, მოგვაძახა თმა გაჩეჩილმა... აი სიცივეთის ყვერული რომ არის, სკორის მაგიერ ჩოხიანი მასწავლებლები გეწვევათ ცოლ-შვილითაო... რაო? რაო?..

_ვერ გავაჩაქურებთ თუ?

 

მწყერობა

 

  ინათა... კარგი დარია... წამოვარდა ზეზე ნაკაშიძე. გეიკეთა ხელსამფრე... ჩამოიღო ხორცის ნაჭერი და მიადგა ქანდარაზე მიმინოს. ოჰ! ოხ, ოხ, ხო-ო და მიუწუნწრუქა... რავა დოუწმენდია გენაცვალე საყვარელო, _ რა კარგ გუნებაზეა ამ დილას!. დეისვა ხელზე; მშვენიერი სანახავია სანადიროდ გაწყობილი მიმინო, თითქოს არშიყობსო. უხსენებელივით აქიცინებდა თავს, ხან მარცხენა და ხან მარჯვენა ეჟვნიან ფეხს ჟრიალით ისწორებდა...

  კესარიამ მოუტანა ჩანთაი საგზლით.

 _ჰა! გიშერა, აჰ! აჰა!!

  გაჩნდა რუხვი მეძებარი-მონადირეს ერთად-ერთი მეგობარი... გაშმაგებული სიხარულისგან ხტოდა, ცმუკავდა... ახსენა ღმერთი და გაუდგა, ეწერში რომ დიდი „გაშობილაია"...

  შუკაში მეორე თოფით მონადირე სევასტიე შეხვდა მეძებარი „კურნოსაით" _გამარჯობა, კაი ხვავი ბატონისშვილო! საით მიბრძანდებით?!

_აგერ მივალ გაშობილაში!

_გაშობილაში კი არა ჩოლოქის პირში თურმე პანტასავით ყრია მწყერი...

_მერე შენ რას უყურებ?

_მე? ჩემი საყოფი აქანაიც ქეა! გუშინ ერთი არ დამიცილებია, სულ ორი და სამი ვარდებოდა...

_როგორ, ერთ სროლაზე?!

_აბა!-ა! რომ შევაყოლე უთენია, ზარმლობამდე სამი ჩანთაი გავავსე - მონადირე ტყუილს არ იტყვის...

  გადავიდნენ ყანაში... გავარდა ძაღლები...

  ქიცი-ქუცი, ციფი-ცუფი გაჰქონდა ძაღლებს გვიმრაში. ერთი მეორეს ეჯიბრებდნენ არა-მე, არა-მე წამოვაგდებ პირველ მწყერსაო!!

   ნაკაშიძემ მოამზადა მიმინო-სევასტიამ შეაყენა ჩახმახი.

_შარშ! ეცი, ეციო!! ღრიალებდა თავადი...

_მიდი მოდი-ო, ბრინგვაიტ! არ შემარცხვინო! გასძახის სევასტი.

  წამოაგდო მწყერი გიშერამ - გადავარდა მიმინო, მოუსვა ნაკაშიძემ.

  ეისვარა ძღლები...

  ტრრრ, - მეორე მეწყერი, ტრრრ, - მესამე.. ბაც - გავარდა თოფი... შეიქნა ყვირილი ერთი უბედურება... სამმა ჩარჩმა იმსხვერპლა...

  დაფაცურდა ძაღლები - იშვა მწყერი...

  ტრრ, - ავარდა - ტრრ... ერთი აგერ ჩაჯდა!!

  სევასტიამ შეატყო, - გლახათაა საქმე მოუსვა - მირბის. უკან მისდევს დიდის სარით ცოცხალ მკვდარი ნაკაშიძე... შეასწრა ალაგეზე, უთაქა და უთაქა, მისცხო და მისცხო, ღრიალებს სევასტიეი, ბოლოს დაშპა ხელიდან, და მოუკურცხლა ღელეს პირზე, უკან - არ იხედება...

  დარჩა ნაკაშიძე. ეიღო გაფშიკინებული მიმინო და მოსთქვამს:

_უბედურო, ჩემო თავო, ყოვლად წამხდარო და განიჭებულო, რაღა გეშველება ახლა, რამდენი ჭუჭული უყლიწია! არ გამიშვა ჩემს ბარაზე. რაც  რომ ქათამი იყო, რამდენი ხორცი ვანაცვალე! დღეში ათი შაურის არ ყონიდა... რამდენი მოვლა, ღამის თევა, მომკლავს ეხლა კესარიე...

  არა კე მეუბნებოდა, ნუ მიხვალ დღეს ჭაჭვეთობააო, მარა ვინ დუუჯერა...

  და ასე ამ ნაირად დევიღუპე პატიოსანი თავადის შვილი!!

 

 

რეაქციის ნაბოლარა

 ესეც შენი ერთობა... რავა გადნა გუშინდელი თოვლივით!.. დედა, დედა, რა ამბავი იყო, რას შობოდენ, რას ჩადიოდნენ!! ქვეყანა თავისი ეგონათ: მთა და ბარს ასწორებდნენ... მდიდრები და ღარიბები არ უნდა იყოსო!.. მოდი ახლა და დოურიგე შენი ქონება... დედავ და, ღვთისგან დაწესებულს სპობდენ... მთა და ბარი ღმერთს ვერ გოუსწორებია, ყაზილარები ასწორებდენ!.. მოგეცა გურიელის წყალობა... თურმე, ისე მოდის რეაქცია, როგორც ძველად გურულები ჩოლოქის ჩხუბში!.. არ ტოვებს არავის... აგერ ცეცხლი და ნავთი... ეგერ მტვრევა და მსხვრევა... იქეთ ცარცვა და გლეჯა!.. სულ ტყავს აძრობს, თურმე, ცოციალისტებს; - მე თქვენ გიჩვენებთ ერთობასაო... თავად-აზნაურობას ქე ღოუბრუნებ ვატონ-ყმობასაო... მერე რა, გონია - ვერ იზამს თუ?.. რამდენი ხანია - ჩემს მამულს არაფერი მოუტანია. გაჩნდება - სიმინდი - ნალიაში, ღომი - ბეღელში, ჭვავი - სხვენზე, ღვინო - ჭურში... დავატრიალებთ ყანწებს - გადავძახებთ - ხელხვავს... რა დრო იყო, რომ მომაგონდება! არა, რა ქნეს, რავა არიეს ქვეყანა ამ ბაღნებმა!.. მოითხოვეს: ხუცებმა - ავტოკეფალია, თავად-აზნაურობამ - ავტონომია, მუშებმა - ყველა კაპიტალები და გლეხებმა - ჩვენი მამულ-დედული „იმენიები"!..  არა, ჩვენში კი დარჩეს და, ძლიერ აჩქარდენ... ამ საქმეს თან და თან მიყოლა უნდოდა და კიდევ ასრულდებოდა... თვარა არც ღვდელიო, არც ბერიო, არც მამასახლისიო და არც მინისტრაციაო, არც თავად-აზნაურობაო, და არც პოლიციაო... - რაღად გვინდა მთავრობაო!! მაი რაა, აწი ნახე რა იქნება... მესამე დუმასაც თუ წკეპა მოადინეს, სწორედ ყველაფერს სტრაჟნიკობა ემჯობინება. ქვეყნის ბატონი და ბძანებელი ისინი იქნებიან, და მეც შევალ სტრაჟნიკად, და მაშინ ჩემს ბედს ძაღლი აღარ დაყეფს! ტყულია თუ?!

 

 

კალანდა

 

  კაი გათენებული არ იყო, გამოიღვიძა გაბილა ვაშაყმაძის ოჯახმა; ცქვიტად ტანს ჩაიცვეს, მიალაგ-მოალაგეს ყველაფერი. წმ. ბასილეს წვერები სურო და კირკანტელიით გაწობილი ხატის წინ იყო დასვენებული. სუფრა შემკობილი სხვა და სხვა ტკბილოულობით და ღორის თავით... ააბილბილეს უშველებელი ცეცხლი... ცხემლას შეშა ძაანაა გურიაში... მთელი ოჯახი დაწკრივდა მაცხოვრის წინაშე; უკმიეს საკმიელი, აუნთეს სანთელი. პელაგია ჩუმის ხმით ლოცვილობდა… მოიწმინდა ცრემლები  - შვილო იაკინთე, აბა შენ იცი გენაცვალოს შენი ნენაი, ჩვენი ნაათისთავის წყალობით ციხეშია მამაშენი, ეხლა შენ ხარ ჩვენი ოჯახის იმედი, როგორც ვაჟკაცი გეილოცე ნენა... იაკინთემ გადისახა პირჯვარი, ახსენა კვირიკეთის ლომის კარელის მადლი, ააპყრა ჭერს თვალი და გეილოცა: - ღმერტო და წმ. ბასილეის მადლო, შენ იყავი ჩვენი ოჯახის წამმატებელი, ბაბაიის ყოველ ხიფათიდგან დამხსნელი; გამიბედნიერე დები, ძმები და ყოველი მოკეთე ... აგვივსე სახლი ულეველთ თვალ მარგალიტით, ღომით, ღვინით და სიმინდით, უღლათ ხარით, დეკნიანი ძროხით და სახედნი ცხენით: მიეცი ჩემს დაია, ეფიზოს და მარიკას სანატრელი ბედი, მე და ვანიკელას - სწავლა და კაი ბიჭობა, დედაჩემს სიცოცხლე და დღეგძელობა, და სიმშვიდე ჩვენს სოფელს...

 კისერი მოსტეხე, წვერ ცამეტა ბორჩიკს და აპოლონა ნაათისთავალს, ყველა შპიონებს და ორგულებს...

 გაათავა ლოცვა, ეიღო ჩიჩილაკი და გაექანა კარისკენ... ამ დროს კარს დააკაკუნეს... იაკინთე ფირცხლავ შეჩერდა, გაახსენდა ჩვეულება და შესძახა.

-         ვინ ხარ. რა მოგაქვს?

,,ჩვენი ოჯახის ბედნიერება, მტრის და ორგულის დაღუპვა, ცხენის ჩაქცევა და... 

გავყინდი, კარი გამიღე”?!

გეიღო კარი...

_ბაბავ?!. შვილებო!!

ვინ გაუძლებდა იმათ სიხარულს ... შემოუსხდნენ  სუფრას, ბედნიერი იყო გაბილეის ოჯახი. არაფერი უთქვამს თავის თავზე, გადაჰკრა ჭიქა-ჭიქაზე, შექეიფიანდა კაცი. ამ დროს მოისმა: თხლაშა-თხლუში, ჭიშკრის წკრიალი... ოდას შემოერტყა ყაზახები... გეისმა: ,,გაბილა დაგვმორჩილდიო”... ფანჯრიდან გამოვარდა ,,მაუზერის” ერთი-ორი, იმათაც დააყარეს ღომის კაკალივით ტყვიები, დატრიალდა დიდი უბედურება... ისკუპა და გავარდა განის კარიდგან გაბილა, სამი იქვე დააწვინა - გაექანა მეზობლისკენ; არ დასცლია ორი ქცევა, რომ მოუღეს ბოლო... დაერიენ მის წვრილ შვილებს... მამამ მოკლაო იძახოდნენ... ატირდა სოფელი, მათი კურცხალი შავს ზღვას უერთდებოდა; ეგზეკუცია იქნებაო - ყველა ამბობდა... თოფის ხმაზე გაჩნდა მამასახლისი ახალ დაყენებული ინგუშებით. დიდის მორიდებით თავი მოიხარა ბოქაულის წინა და მიულოცა:  წმ. ბასილეს მადლმა ისე ტკბილად გაგითენოს მრავალი კალანდაო.

 

(გურულის წერილი სატრფოსადმი)

 

  ჩემო სულის კოლოფო ”ელცაბედა”, პირველად ყოვლისა გისურვებ ბოშო კარგად ყოფნას და შენს გულთან ჩაკვრას ლეხოურის სასო ღვთის მშობელს და სამასს-სამოცდა ხუთს მიქელ-გაბრიელ მთავარ ანგელოზს ვსთხოვ, აგია შენი კაი! ამას მპირდებოდი, რავარც დამარხვდება ჩემი გული შენი მონატრული იქნებაო? ეხლა გამომკარი ბოშო კვანტი, ეხლა მიქენი ღლონტური! ამას მოველოდი შენგან! იქნება გიწია ნიკოკიეს ქარებმა, მას შემდეგ რაც რომ შენ გაგშორდი გულს წაგა-ძუგი გააქვს, სული მეხუთება, სულ მთლათ დამეკარგა ჭამის მადა - ჩამოვხმი და ჩამოვჭკნი, კაკალი კაცი, ხასიათიც შემეცვალა; გეზელა მიმინოსავეთ ვაცრიალებ თვალებს იქნება სადმე დამეხატოს მეთქი... უწინ რომ გამოვდიოდი პარასკეობაზე ჩემს გულს გაანათლებდა ლანჩხუთის პირბალიშა გოგოები, ეხლა, ეხლა რავარც მორიელ ნაკბენი ისე მაქ  გაზიზინებული სახე, დაგძელებული ცხვირი, ჩამოპრაწული თვალები, სულ მთლად წამიხდა ჩემი გუშინდელი ყმაწვილ კაცობა. ბოშო და აგი იყო ჩემი იმედები, ასე მეგონა ცივ ქვაზე დამასახლებს _ ადამ და ევასამებრ გამამრავლებს... და აწი რაღაა ჩემი ცხოვრება. ვიღას უნდივარ შენი მოძულებული.

  თუ რომ გული საგულეს გაქვს და ჩვენ შორის შავს კატას პირი არ დაუბანია ქათმის ფეხვა საღამომდის მომწერე პასუხი, თვარა შენი გამოჯავრებული წკეპვას მოვადენ სუფსაში და მერე ჩემი ცოდვა შენს კისერზე იყოს...

 

 

კრებაზე

 

  მაისის დღეა, კნ. სალომე, კარგს გუნებაზეა და ალხეინად ჩაზუზუნებულა აივანზე კრესლოში, ათამაშებს კრიალოსანს და მომცინარე თვალით უყურებს კარჩხალის მთებს. ხშირად, სიზმარსავით წამოუდგება თვალ-წინ სურათი, როცა სამოცი, სამოცდა-ათი გურული ბიჭი წინ ედგა და წკრიალა კრიმანჭულით ატკპობდა მის ყურთა სმენას, ან კიდევ ჯირითი... დედავ, ღმერთო, რა იყო მაშინდელი დრო, ეხლა, ეხლა не знаю просто, რამ გადარია ჩვენი ახალგაზდობა, свободу захотели, აი დედა, სად არის ესე გურიელი, რომ ,,ბახმარო’’ აქეთ დაგჩეთ... გაჭირდა, ღმერთმანი ცხოვრება...

  ბიჭო, შერმანდიავ?! დამიძახე მოურავს... აივანზე ამოგორდა, გაშპი - გადახტი - შლაჭი ყაძახი - ეს გახლდათ მოურავი გამყრელიძე...

  _კნ. მიცოცხლოს ღმერთმა... გისურვებ რომ აი მოი-წაი დრო კრიმანჭულით გადაგატანიოს.

  _რა იყო, ონისიმე?

  _რავა რა იყო კნეინა, მეგრელებმა ნამწყესური არ მოგვცა, ნაყანური - აღარ არის, ღვინო - დეილია, სიმინდი - მეილია და შიმშილი კარზე გვადგია. რა გვეშველება, კნეინა?!!

   როგორ თუ რა გეშველება... щкуру сниму!.. შენ ეს მითხარი, იმ კრებაზე რა სთქვეს ,,წითელ მთას’’?

  _ნუღარ გამახსენებ კნ. აბა იქინე მოეყარა თავი მთელ დუნია - მელექეთს... მერე ჩამოსულიყვენ ქუთეისიდან და თბილისიდან... ეირჩიეს კრების თავი... ჩამოსწერეს რიგ-რიგი... ეს ფედერალისტიო, ეს სოციალ-დემოკრატიო, ეს რევოლუციონერიო, ეს ანარხისტიო... აი დასწყევლოს ღმერთმა, რამდენი უსაქმო კაცია ამ დუნიაში...

  დოუდგეს სტოლი. ევიდა ენა მოტანტალე ყაზირალი, დეიწყო მარა რა დეიწყო, მოჰყვა კნ. ცის, ბარის და ერუსალიმის: ჩვენ ვიზამთ - რასაც ვიზამთო, ჩვენზე წინ არავინ მოქმედებდაო, ჩვენ შევქმნით სოციალიზმსო, შევაერთეზთ ცას და ბარსაო, მოევლინება ქვეყანასა ამას მშვიდობაო და ყველანი გავხდებით დემოკრატებიო ე. ი. ღარიბ - ღატაკებიო... შეიქმნა ტაშის ცემა, ვაშას ძახილი...

  _ევიდა მეორე აბურდღულდა მოჰყვა წილადობილას, ააწყო მარა რა ააწყო, იმ ოჯახ დაქცეულმა, მე ვარ თოფ - იარაღის მომხრეო, ეხლა ჯოხით არაფერი არ გაკეთდებაო, რას მიქვია თავად - აზნაურობაო, აბა, ასე წამოიძახა... დაუკრეს ტაში... აძიძგინდა ყველაფერი...

  _ევიდა მესამე... თქვენ რომ სურათი გაქვს კნ. ტოლსტოის, ისე იყო ჩაცმული, ცოტა წვერი ქონდა მოკლე... მერე რა სთქვა იმ სულ წაწყმნდილმა: მე ვარ სული წმინდაო, ფუი! ეშმაკს - დიდება აქაურობას, მე თქვენ ჩემი ჯანი შემოგწირეთო, დავბერდი საპყრობილეშიო, თქვენ გემსახურებითო - აღარ მიწამებთო... ერთდ ერთი მსხნელი, მიწის მომცემი, ჩვენა ვართო და გაათავა...სდრიკეს, მიაყარეს და მიაყარეს ვაშა!!!

  _ევიდა კიდო ულვაშ - გაცქვიტინებული, ნაყვავილევი ბიჭი, რიხიანი ხმით ჩამორეწა: ძირს სუყველაფერიო, არ იწამოთ არაფერიო, გაუმარჯოს არევ - დარევასო შექნეს ყვირილი: გაუმარჯოს, გაუმარჯოსო!... ამასობაში ვიღაცამ წამოიძახა: არიქა თავი უშველეთ, ყაძახები მოდისო! შეიქნა ერთი ვაი უშველებელი, იგრიალა ამოდენა ხალხმა,  წააწყდა: ქალი - კაცს, კაცი - ბავშვს, დიდი - პატარას, გააბეს ყვირილი, ზოგის სად მირბის და ზოგი სად... ვინ წინ და ვინ უკან...

  მე კი ჩემი ცორით ჩოქ, ჩოქ, ჩოქ და გიახელით შინა!..

  _მერე შენ! შენ რას იტყვი, მოურავო?!!

  _მე! მე კნეინა ძველი... გამყრელიძე გახლავარ?!!

 

გუნდა-ლახოსტაკი

 

  ეპრაქსია, ეპრაქსია, ეპრაქსია, გოგო... გოგოო!.. შენ ქალბატონს მოახსენე: შენი ჭირიმე თქვა, შენ გენაცვალე თქვა, შენი უფროსი ქალის ბედნიერებას მოგასწრებს ღმერთი თქვა, მის ქორწილზე დიდს მოლხენას განახვებს შენი სალოცავი ღვთის მშობელი თქვა, რაცხაფერათ თქვა, არ გამაწბილო თქვა შენი გუნდა - ლახოსტაკი მათხოვე თავის ამოსალესავი ქვიათ და წასაცხები წინდის ჩხირით თქვა. მაგიორში თქვა, როცა ჩემი რძალი შვილს მოიგებს თქვა და მისი ნათლია ძროხას დაანათლის თქვა, რომ მოვწველ და ჭაჭუტას ამოვიღებ, პირველს შენ გამოგიგზავნი თქვა.

  _უი, ბეჩა, შენ არ მომიკვტე და ჩემი შვილების ბდნიერებას ნუ მომასწროს ჩემმა სასო ღვთის მშობელმა, თუ ჩემი გუნდა - ლახოსტაკი თვის ამოსალესავი ქვით და წასაცხები წინდის ჩხირით სახლში მქონოდესო - აგერ წეიღო ყურის მეზობელმა ნატალიამოო?..

 

ფარნაოზ მამასახლისი

 

  დედავ და! ისე აგიშენდათ ოჯახი, რავარც ახლა არის გაკეთებული თქვენი საქმე... ჩემო გამოზდაში, აგერ მოწიფული კაცი შევიქენი და ამისთანა დროი არ მინახავს... აგერ ორი წელიწადი გადის და ორი გროში არ მინახავს ჩემ ჯიბეში...

  ვერაფერი შვილია სწორედ ახლა მამასახლისობა; ,,პრავიტელსთვენი’’ კიდო ჰო, მარა ამორჩეული სულ არაფერია... ,,გაპრუსტიაკდა’’ სულ მთლად... ამიზა        მევინდურემ, მე სულ წაწყმენდილმა, ჭალა და ეწერი! ამიზა ვაკალი თავი!.. აი, დალახვროს წმინდა ბასილეს მადლმა მაგათი თავი და სახსენებელი!..

 

  ახალი წეს - რიგი, სრული თანასწორობა, მშიდობიანობა... ერთობა... და დღე არ გავა ისე, რომ ვინმე ,, პატიოსანი აზნაუშვილი’’ - ასე უძახიან და მე რა ვიცი - არ ჩაგიჯდეს გზაში და არ წაგართვას, რაც გაბადია... თუ ვინმეს შესჩივლე, ასე გეტყვის - ეს ხულიგანები და შანტაჟსტებიო.. გახშირდა ძარცვა, გლეჯა-წეწვა თავდასხმა და მკვლელობა... აგია ერთობა?..

  ერთობა უწინ იყო: ჩამომიარდა ოზურგეთიდან პრისტავი, მიახლებდა - ვეახლებოდი, მოგვიწვევდნენ - ვეწვეოდით... ან კიდევ უთენია გაჩნდებოდენ აკციზნები... ხან აქეთ და ხან იქით, ჩუმად, ნელა და ფარულად წავადგებოდით ოტკის ზაოდს... შეიქნებოდა ერთი ორომცრიალი: ცემა, ტყეპა, წიკუნტალაი, პროტოკოლი. საღამოს კი მშვენიერ სუფრას უჯექით და შინ მისვლისას ფულის მქონდა... ცივად დედაი, კარგი საცივი, ჩხავერი და სანთლის ოპტიკა, ეს იყო სოფლის სუდი...

  ეხლა, ეხლა ქე ვარ აგერ ორი წელიწადი და... ვუფშუკუნებ კოდარას...

  _რა გინდა, ყაძახო, ამ იალონზე? რამ მოგიტანა! _შესძახა ფარნაოზმა კანცელარიასთან მოსულ გლეხს...

_შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა!.

 _რავა! ამიზა მოდი ღორის გამოშობამდის!

  _გაჭირვებაა, მამასახლისო, თვარა ახლა კაცი მოვა აქანაი... დევიღუპე... დამექცა ოჯახი... აწი რაღაა ჩემი სიცოცხლე...

  _ო და რა იყო?

  _რა იყო და გუშინ რომ ჩოხიანი რუსები ჩამოვიდა... ქე დამიკლეს უღლის ხარი, ქე გამომჭრეს ყელი...

  _მერე მე რა! ჩემთან ხომ არ მოუტანიათ, რომ მოგიწონო არჩივი!...

  _კი მარა, ბატონო მამასახლისო...

  _არა, ახლა ვარ ბატონი... მაგი რაა, მოიცა, მაშინ ნახავ შენ სიცოცხლეს, როცა ჩამოგიყენებენ სათითაოდ!

  _ჩამოგვიყენენ რავა, ღმერთი... სამართალი...

  _ღმერთი თვარა, შენდა სცალია!.. ახლა გინდა სამართალი?.. დაჩუმდი და მეიკაკვე... ,,თუ რომ შესცდი კირილეო დაჩუმდი და იტირეო!..’’

  _რავა თუ დავჩუმდე, ოჯახი დამიქციეს, მარჩენალი ხარი დამიკლეს და კიდო დავჩუმდე!..

  არ მოგწონს ჩემი სამართალი, არა, აწი წადი და შესჩივლე შენს კამიტეტს! რად გვინდა მამასახლისიო... ხომ არ გინდათ?... აბა აწი უყურე კაკალი...

 

ქორწილი ერთობის დროს

  სიკოლია კუნჭულიას, ამ გურიის წიქორიას, დიდი ქორწილი ქონდა... ათხოვდა სახლში გაზდილ მარინას, გოგოს, რომლის თხოვნას ათასი ნატრობდა, მაღალი წერწეტა ტანისა, შავ თვალ - წარბა ნაწნავიანი, (ცოტა გუნდა ლახუსტაკს ქე ხმარობდა, მაგრამ ეს ჩვენში დარჩეს), გეიზარდა ქალი; 18 წლის ქე იყო, ოზურგეთის პროგიმნაზია გადაგარგებული ქონდა. რომ გენახათ წითლ ,,ფორმაში’’, თეთრ პერელეინკა - ფართუკში, ისე იყო ჩაფსკვნილ - ჩარგვალებული... მის მნახველს ღამე ძილი არ ქონდა, და გათენებისას ბოდვას დააწყებიებდა... ასე დეემართა ერთ ახალგაზდა ყმაწვილს, ახალ თაობის კაცი იყო, თვარა ისე, როგორ გაბედავდა მის თხოვნას; რაც შეეხება გვარს, ვერ იყო მაინცა და მაინც, კაი სახლის შვილი. გაზრდას თუ იტყვით - დედა მისი, ძიძათ იყო დეკანოზის სახლში, თვითონ ხშირ - ხშირად დადიოდა, დიაკვნობაც ქე იცოდა - იქნება ქე იცნობთ - სარდიონა ტაკიძე...

  კვირა იყო; საჯვარის გალავანში შეხვდა... სკამი იყო და ჩამოჯდა... სარდიონმა არც აივა, არც აცხელა, როგორც იყო გაბედა ბიჭმა და დააყარა: ,,ჩემო სულო, ჩემი გულო, სიცოცხლისა კუნჭულო, გაფუჩქნულო მაისის ვარდო, დილის ნამო და ჭრილობის მალამო, მარიამ... აგია შენი კაი გოგონა? შვილივით რას ფრთხი, რა დამიშავებია, შენ გენაცვალოს გურია - სამეგრელოს ეპარქია... ერთი მეც გამიგონე, ჩემო მტრედო... ათი წერილი გამიშრე - მეტი აღარ შემიძლია... მიპასუხე - რა ვქნა, რას ვარტყა შენგან მოძულებული თავი’’...

  _ჩემო... (დაიწვა და დაიდაგა გოგონა) ჩემო კარგო სარდიონ! შენ ქე იცი ჩემი გულის ნადები, მარა სიკოლია გიჟივით ღრიალებს, შენი სახელის გაგონებაზე.

  ,,შენ ფიქრი ნუ გაქვს. ჩემო სულიკო! ხვალვე ვპერტყავ, ჩვენი პარტიის ბეჭედს და მგონია მთლი, მელექედური შეინძრას თვარა, სიკოლია ვინ გდია!

   დასრულდა ლაპარაკი. პაიმანი ,,მოიდანახის’’ ბოლოში დანიშნეს... ფიცს მოჰყვა ალერსი, მერე ხვევნა - კოცნა და მერე... მეორე დღეს, თოვლიან დარში, როცა ცეცხლის პირს, ახალ მოკლულ შაშვს შეექცეოდა, მიიღო სიკოლიამ წერილი, ათის თავმა მოუტანა... ახტა - დახტა, აღრიალ - დაღრიალდა! რავა, ვიზდა ვაკალი თავი ამ გოგოს, ვისდა ვზარდე, ამას ქვია ახალი თაობა, ესაა მათი სამართალი?!

  ათისთავმა თვალები აბრიალა, ჯიბეზე ხელი გეიკრა... ესეც კმაროდა...

  ქორწილის დღე დანიშნეს. ყველამ მიიღო მოწვევის უწყება: ,,ავხანიკებო! დადგა რა დრო ჩემი თამწიფებისა და იგძნო რა ოჯახმა ჩემმა სიცარიელე, გადავსწყვიტეთ მოვიყვანო სახლში და მივიღო ავხანაკათ მარიამი - ასული სიკოლია კუნჭულიასი. გთხოვთ დამესწრათ და შეძლებისა დაგვარად პატივი მცეთ, კირას 15 თიბათვეს, ჩემს სახლში ილის 12 საათზე, სოფ. ხვანში. რათაც დავრჩები მარადის დავალებული სარდიონ ირაკლის ძე ტაკიძე’’.

  ასე 10 საათი იქნებოდა, როცა გეივსო ეზო სხვა და სხვანაირ სტუმრებით... რომელი ხის ქვეშ გინდა, რომ პატარ - პატარა მიტინგი არ ყოფილიყო... დაიდგამდნენ სკამს, ან ქვას... ერთ ადგილას მამლის ქურდს ასამართლებდნენ; მეორე ხის ქვეშ ახალი პროპაგანდისტი შმიტის დამარცხებას უხსნიდა ხალხს, იქვე ახლოს ფულს აგროვებდნენ, მისალოცავს რომ უძახიან მისთვის...

  პირველი საათი იყო, როცა გეივსო სეფა სტუმრებით. წინეთ სუფრის თავს მღვდელი ამშვენებდა, ეხლა ასის თავი პორფილე იჯდა.

  ავხანაკებო! - გეისმა ახალ მოსულის მქუხარე ხმა: - დღეს ამ ოჯახში დიდებული დღეა, შეერთდნენ ორი ჩვენი ავხანაკები მარიამი და სარდიონი, უსურვოთ მათ, რათა შეერთებულის ძალით იმოქმედონ ჩვენი მტრების დასამარცხებლათ...

  ღვინო დეილია. მღვდელმა წიგნებში ჩასწერა ქორწილი, ფულიც არ მიუციათ...

  დედავ ღმერთო, როგორ წეირყვნა და წეიპილწა ეს დუნია, უეკლესიოთ ქორწილი პირველი გაგონებაა... აბა სთქვი რამე თუ კაი ბიჭი ხარ...

  გაჩნდა სიმღერა, დაატრიალეს ყანწები, მერიქიფე ვერ ასწრობდა ღვინის დასხმას... ტოლუმბაშათ ეირჩიეს რაფიელი... პოპოშნიკათ მამულის შვილი. წამოდგა რაფიელი და ღაღად ჰყო ხმითა ბოხითა: ,,ავხანაკებო და მოქალაქენო! დღეს არის დღე, შეერთებისა ჩვენის ორის ავხანაკის ბედისა, იქორწილეს ახალის კანონითა და უსურვოთ მათ, რომ ის წერტილი, რომელიც დაუსვამთ წინ თავიანთ მიზნის მოხაზულობისთვის, ღმერთმა მათ მოახმაროს და მიადრეკინონ სურვილისამებრ თავისისა. ღმერთმა ინებოს, რომ მაგისთანა წევრები, ბევრი გვყავდეს ჩვენს წრეში. - გადავიდა ალავერდი - ეს გაუმარჯოს მეფე - დედოფალსაო!!.

 იყო ხმები... გახშირდა ”მრავალჟმიერ’’ და გურული მარსელიეზა...   

 

1908



წყარო: http://lib.ge/book.php?author=1796&book=10873
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (06.12.2012)
ნანახია: 2089 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика