ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

გიგი ხორნაული
                            ორნი რომ არა                                                იმ ზაფხულს მთელი ფშავი შემოვიარე: ენათმეცნიერების ინსტიტუთან მქონდა ხელშეკრულება დადებული სხვადასხვა სახის მასალაზე.  მეც სოფელ-სოფელ მოვიარე და აღვწერე ტექსტოლოგიური, სალექსიკონო, ფოლკლორული და ტოპონიმიკური მასალები. ასეთ მასალას ფშავში უფრო მოცლილობის ჟამს , ლხინ-ქეიფებში მიაკვლევს კაცი.  მეც ასე მოვიქეცი . არ დავკლებივარ ხატობებსა და ქორწილ-ნათლობებს. მისვლა-მოსვლაში, ფეხითა თუ მანქანით სიარულში, ცხენის ჭენებაში, ნადირობაში როგორც იქნა მიილია საქმეც და ზაფხულიც. ახლა საჭირო იყო სადმე წყნარად ჩაჯდომა და ამ უამრავი ჩანაწერის გადაწერა მოწესრიგება.  მამაჩემს მეურნეობის ფუტკარი ედგა ინოს ძირს, ჩარგლის ცოტა ზემოთ, სამანქანო გზის თავზე. სექტემბრისთვის ფუტკართან მუშაობა უკვე მომთავრებული ქონდა და მითხრა დაჯექი აქ ფუტკარსაც უდარაჯებ და საქმესაც გააკეთებო. მე დავეთანხმე და ისეთ პირობებში აღვმოჩნდი, განმარტოვებას მონატრებული კაცი უკეთეს ვერ ინატრებდა. მყუდროებას მხოლოდ არაგვის წყნარი შხუილი და ათასში ერთხელ გავლილი მანქანის ხმა თუ მირღვევდა. მთელი დღე ვიჯექი მეფუტკრის სტანდარტულ, ლამაზ ქოხში და ვწერდი. დილით ჩავდიოდი არაგვზე ვივარჯიშებდი, ტანს დავიბანდი, პიტნის ჩაის ავიდუღებდი, მერე საწერსვე მივუჯდებოდი და ღამის თორმეტ საათამდე ვმუშაობდი. ზოგჯერ კი როცა წერისაგან სულწუხება მომეძალებოდა, ავიღებდი თოფს, ტყიან ფერდობებს გავუვლიდი, მჟავე-წყალზე ქედნებს ჩავუსაფრდებოდი, ანდა შეღამებულზე ძონძ-ნავთიან მაშხალას შევამზადებდი, იქვე კალმახიან ფშაზე ჩავიდოდი და თევზებს ჩავხანჯლავდი. განსაკუთრებით მაშინ ვნადირობდი როცა ვინმე მესტუმრებოდა. ხშირად არა, მაგრამ სტუმარი მაინც მომდიოდა. თბილისიდანაც კი მომაკითხეს გოგო-ბიჭებმა. აი ისინი დაგიჟდნენ მაშხალით კალმახობაზე. უფრო კი მწყემსებმა იცოდნენ შემოვლა. იმათთან გასაუბრება და მათი გამასპინძლება უფრო მსიამოვნედბა. სად სასმელმობეზრებული კაცისთვის არაყის მიძალება და სად სველი, გათოშილი მწყემსისთვის დალევინება. პირველისთვის-შხამია მეორესთვის კი წამალი.    ერთ საღამოს გვიანობამდე მენთო ლამპა. შემოდგომის გადაუღებელი წვიმის რაკარუკი არ ნელდებოდა თუნუქის სახურავზე. უცებ კარზე ვიღაცამ მომიკაკუნა, გამოვაღე და ბრეზენტის საწვიმრიანი, გალუმპული, წვერგაუპარსავი ვიღაც უცნობი იდგა. შემოვიპატიჟე. მეცხვარე აღმოჩნდა, მითხრა აქ ქვემოთ ჭალაზე დავბინავდით,ცული გექნება და გვათხოვე, ასანთიც დაგვსველებიაო. ცხვარი საყიზლაროდ იყო დაძრული და ფშავის მთებიდან წამოსულ ცხვრის ფარებს ინოს ძირს უნდა ჩაევლოთ. ერთი ბოთლი წინწანაქარი მქონდა გადანახული სადღაც, ფშავლის ქალაის მოსაკითხი. გადმოვიღე და დიდ ჭიქაში დავუსხი, დანარჩენი ამხანაგებთან გავატანე. თანაც ვუთხარი ცული იქ დაიტოვეთ და დილით მე თვითონ ამოვიტან-მეთქი. ასე საათ ნახევრის შემდეგ, დაწოლას რომ ვაპირებდი ცული ამომიტანა და ბატკნის ნახევარიც მოაყოლა. აი ძმაო, ბიჭებმა დიდი მადლობა შემოგითვალესო.                        ასე გადიოდა, დღეები. უამრავი მასალა გადავათეთრე. გადასათეთრებელი ბევრი აღარა მრჩებოდა. ვვარაუდობდი, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მომემთავრებინა, რადგან მერე დათვებზე წანადირებასაც ვფიქრობდი რათა მზა მასალით და დათვის ხორცით ჩავსულიყავი თბილისში.                      გამუდმებით ჯდომისგან მთლად რო არ დამეკარგა სანადირო ფორმა, ყოველ დილით 2-3 კილომეტრს დავრბოდი. ასე რომ მუხლიც მომაგრებული მქონდა და სამუშაოც მისუსტებული.როცა წიწილათ ხთისომ გადმომაკითხა ჩარგლიდან: არიქა თუ ძმა ხარ წუხელ დათვს ჩემი სახედარი წაუღია და წამოდი ეგება მოვკლათო.                                             ხთისომ ადრევე რამდენჯერმე აიარ-ჩაიარა ჩემი ქოხისას, ნათქვამიც მქონდა თბილისში წასვლამდე დათვებზე ნადირობას რომ ვაპირებდი და პირდაპირ ჩემთან გამოქცეულიყო. თავად ისეთი მონადირე იყო როგორც ყველაა მთაში, იარაღიც უყვარდა ნადირობაც, მაგრამ ნადირობისთვის ვერ იცლიდა, ოჯახის საქმე არ აცლიდა. თავისით მარტო არასდროს გავიდოდა ტყეში, სხვებთან ერთად კი თუ შემთხვევა მიეცემოდა სიხარულით მიდიოდა.  მე მასთან ერთად ნადირობაზე არც მიფიქრია.  პირობა ”მაგარ” მთელ ფშავ-ხევსურეთში ცნობილ მონადირეებთან მქონდა დადებული. ისეთ მონადირეებთან რომლებისათვის სანადირო სეზონში გადაუდებელი საქმე არ არსებობს. ყველაფრისთვის შეუძლიათ თავის მინებება, ტყეში გაუსვლელობას კი ვერ ძლებენ, იარაღიც კარგი აქვთ, მუხლში და სროლაშიც ვერავინ შეედრება. იმათ მითხრეს სანამ შენც სამუშაო გაქვს, ჩვენც მოვისაქმებთ და მერე შევიტიოთ დათვებს, მთლიანად ნადირობაზე გადავიდეთო, მაგრამ არც ამ შემთხვევაზე შემეძლო უარის თქმა. საჩქაროდ გავაემზადე, ჩავიცვი, თოფ-იარაღი ავისხი და ჩარგლისკენ გადამავალ ბილიკს შევუყევით.                                                                       ხთისო და მისი ცოლეურები (ზედსიძედ იყო მისული)  ხიჯელანი, ჩარგლის სულ  მაღლა ცხოვრობენ, ფერდობებზე შეფენილი უბნის სათავეში, ტყეებთან ახლოს. ორი სახედარი ჰყოლოდათ, ერთი დაბმული და მეორე მასთან გაშვებული. წინა ღამით ამსახედრებს ერთი ყროყინი აეტეხათ. ძაღლებსაც ყეფა-გნიასი შეექმნათ. გამოსულიყო ხთისო, თოფი გაესროლა. დილით კი აშვებული სახედარი ვეღარ ენახათ. დაბმული სახედარი თურმე პირაღმა იცქირებოდა დაფეთებული და ყროყინებდა, ამიტომ უფიქრია აღმა წაღებული ჩანს და აღმა კი დათვის მეტი რა წაიღებდაო.              იმ ღამეს ხინკალი მოხარშეს, ახლად გამოხდილი პანტის არაყიც ედგათ.  მეორე დღეს თენებას ავყევით, შევაკებულ ტყიან გორს ქვევიდანვე შევაჭერით კვალი, მაგრამ არსად რა ჩანდა, არც კვალი, არც გეში. სახედარაკიდებულ დათვს ნახნავივით კვალი უნდა გაეტანა აქ კი განაფრჩხილიც არაფრისა იყო. სხვა წასასვლელი კი არსაითა ქონდა.                 ამ გორზე უნდა გადასულიყო. გაოცებისგან თავს იქნევდა ხთისო და ისევ ძველ ნაკვალევს ჩაჰკირკიტებდა. ასე გავედით წითელში (წითელი კლდეა ჩარგლის თავს და მთასაც წითელს ეძახიან). კვალი მაინც არ ჩანდა. ვერაფერი გავიგეთ. სად უნდა წასულიყო დათვი. სად უნდა წაეღო სახედარი.   რაღა იქნება-ვუთხარი- რაკი ამოსულები ვართ შევუყვეთ მთისკენ იქნებ რამე გადავეყაროთ მეთქი. კარგიო დამეთანხმა ხთისო და ავუყევით.    ნახევარს ზემოთ ნათოვლი იყო ამ დროს ხშირია როცა დაბლა წვიმს, მაღლა თოვს. წითელ კლდეს აღმოსავლეთიდან შემოვუარეთ, ავედით ტყის თავამდე, ალპიურ ზოლამდე და უცებ რას ვხედავთ, დათვ-მოკვრების სულ ახალთახალი კვალია. დასავლეთით ინოს თავისკენ წასულიყვნენ, გახარებულებმა რომ შორს ვერ წავიდოდნენ და თოვლზეც ფეხი არ იჩქამებდა და ახლოს შევძლებდით მისვლას, მაშინვე კვალში ჩავუდექით.    კლდის თავს რომ მიუახლოვდით ხთისომ მითხრა მანდ გასვლას ვერ შევძლებთ, გადავცვივდებითო. წინა წელს ჩარგლელი ახალგაზრდა დაიღუპა ამ ადგილას და ჩანს ხთისოს ამ ამბის გახსენებაც აფრთხობდა. არა და რა უნდა გვექნა უკან მობრუნებას და ამ კლდის შემოვლას ვერ მოვასწრებიდთ. არა როგორმე უნდა გავიდეთ მეტი გზა არ არის ვუთხარი ხთისოს, ზურგჩანთიდან წრიაპები ამოვიღე და ერთი იმას მივეცი რადგან თავისები არა ქონდა და ერთიც მე დავიკარ. ვერ გავალთ კაცო. არაფერია გავალთ გავამხნევე ხთისო და წინ გავუძეხი, ფრითხილად ვინაცვლებდით ფეხს, ხელებით ჩათოვლილ ქუჩს ვეჭიდებოდით. ყველაზე მაღალი კლდის თავს როგორც კი დავმარჯვდით, უკნიდან ხთისოს სასოწარკვეთლი ხმა შემომესმა : გიგი მიშველე ვეღარა ვმაგრდებიო. სწრაფად გავჩნდი მასთან და ახლაც არ ვიცი როგორ მოვახერხე ქვემოდან შედგომა, ხელი შევაშველე თან გავამხნევე და ნელ-ნელა გავედით სამშვიდობოს. ხთისო მოწყვეტით ჩაჯდა და პაპიროსი ამოიღო, ნაღდ სიკვდილს გადამარჩინეო მითხრა,: უწრიაპო ფეხი ჩამისხლტა და თვალი შემიშინდა, ვარდებოდი და შენც ბეწვზე მომისწარიო. კვალს დავყევით და დათვები იქა წოლილიყვნენ საცა ჩვენ ვვარაუდობდით, ჩვენი მიახლოვება გაეგოთ და გაპარულიყვნენ.  დიდი სიფრთხილით და ფარება-პარებით გავიარეთ გამოღმა ფერდობი რადგან ვიცოდით, დათვები სადღაც მოპირდაპირე ფერდობზე უნდა ყოფილიყვნენ. ხევამდე მივედით. იქ კვალი კლდეში გადიოდა, ცოტაზე გადავყევი და ვიგრძენი ფეხის მოკიდება გამიჭირდებოდა. ხთისო კლდის თავზე შემხდარიყო და ჩაკუკნული ხელს მიქნევდა გამოდიო, გული სიხარულისგან შემიტოკდა, ალბათ დათვები შენიშნა მეთქი. ხთისოსთან მისულმა გავიხედე მინიშნებული ადგილისკენ და პირდაპირ ჩვენს ზემოთ, ასე სამოციოდე მეტრზე წამოხრილი მუხის ძირს დედა დათვი იდგა.ცხვრის ხელა ბელები კი მუხაზე გასულიყვნენ და ერთმანეთის ჩამოგდებას ცდილობდნენ. მე გერმანული ორლულა მქონდა, ძალზე ლამაზი თოფი, ზედა ლულა ცენტრალისა ქონდა, 16-კალიბრის, ქვედა კი შაშხანის ტყვიას ისროდა. ბოლო ხანებში შაშხანის ლულა ამოცვდა და აურია ამიტომ ასი მეტრის ფარგლებში ცენტრალის ლულას უფრო ვენდობოდი. კაპიანი ჯოხი ჩავარჭვე თოვლში, თოფის ლულა ზედ ჩამოვდე და დედა დათვი ამოვიღე მიზანში. ვესროლე. დათვმა ერთი შეღმუთუნა და თავ აღმა შეიბამბღვლა. მივაყოლე შაშხანის ლულაც მაგარმ ასცდა. თოფი გადავხსენი, მინდოდა ხელახლა დამეტენა მაგრამ ცენტრალის გასროლილ გილზს ძვრაც ვერ ვუყავი. ჩანს თოვლი ჩამიცვივდა ლულაში, მუყაოს გილზი დასველდა და გაიბერა.   მოხვდა- გამიღიმა წინ და მარჯვნივ გასულმა ხთისომ. შენც ესროლე?? ვკითხე რადგან მეგონა ერთდროულად გავისროლედ და ხმა ვერ გავიგე მეთქი, ვეღარ მოვასწარ. როგორ ვერ მოასწარი გესროლა ვუსაყვედურე ხთისოს.    რაკი დათვი არ დაგორდა ვიფიქრე მსუბუქად დაიჭრა და წაგვივიდა მეთქი. დანა ამოვიღე და იმით დავუწყე ჩხიკინი ჰილზს. ზემოდან ლაწა-ლუწი მოისმა და გამოჩნდა აღრიალებული დათვი. მომეჩვენა თითქოს მთელი ფერდობი მოირღვა და ჩვენსკენ მოექანებოდა. დაფეთებული ვაზნას მივეძალე, ხელი მთლად დავისისხლიანე მარგამ ვაზნას ძვრაც ვერ ვუყავი. ხთისო შემობრუნდა და ის იყო კლდიდან უნდა ეფრინა, ვწვდი და ვუღრიალე: ესროლე სად გარბიხარ ესროლე.  შემობრუნდა, თოფი მოუღერა, მაგრამ სროლა მაინც ვერ გაბედა. ჩვენგან ათიოდე ნაბიჯზე მოსულმა დათვმა რაკი დაგვინახა რომ ორნი ვიყავით და არც გავრბოდით ვეღარ მობედა, დაამუხრუჭა და შეუჩერებლივ ისევ აღმაცერად შეუყვა. იმასაც და ბელებსაც თვალი ჩვენსკენ ეჭირათ სანამ გორს არ გადაეფარნენ.   რა ქენი რატო არ ესროლე ვკითხე ხთისოს, რას ამბობ მეც რო დამეჭრა, გვეცემოდა კიდე კარგი არ ვესროლე.  ერთის მხრივ მართალი იყო , იმასაც რომ ესროლა ცარიელი თოფით არ გაჩერდებოდა, გამექცეოდა და დათვი მე მეცემოდა. რა თქმა უნდა აჯობებდა, არ შეშინებულიყო და იმედიანად დაეკრა, მამაცი მონადირე იმ დათვს თავში დაკრავდა და ბიჯსაც არ წაადგმევინებდა. ისეთ სროლას კი როგორიც ხთისოს შეილება გამოსვლიყო ისევ ისა ჯობდა არ ესროლა.   ჰილზს ახლა ხანჯლის წვერი ჩავუყავი და ამოვაგდე. თოფში ვაზნები ჩავაწყვე და ცოტაზე შევირბინე. დათვები არა ჩანდნენ, სისხლი კი მაგრად გასდიოდა ტყვიას ეტყობა შიგნეულში გაევლო.    მომყევიო მივაძახე ხთისოს და რანაირადაც შეიძლებოდა ჩქარა ავყევი კვალს.   მომიცადე თუ ძმა ხარ ვეღარ მოვდივარო შემომესმა ხთისოს ხმა. პაპიროს მოვწევ თორემ მეტი აღარ შემიძლიაო. ისიც აქოშინებული მიეყრდნი ხეს, პრიმა ამოიღო და ხარბად დაუწყო სუტვა, სანამ კვალზე მივდიოდით არ მოვაწევინე რადგან დათვები სუნს იკრავდნენ ახლა კი სულერთი იყო.   მარცხენა მხრიდან საეჭვო ფაჩიფუჩი მომესმა, მინდოდა კიდეც იქამდე მისვლა, მაგრამ ხთისომ რაკი დაცდა მთხოვა აღარ მივედი ამაში ისიც იგულისხმებოდა თუ დათვი მანდ არი ერთად ვესროლოთო.  ახლა კი სწრაფად შევირბინე და რას ვხედავ დათვი ძლივს მიდის ჩვენგან 40-50 მეტრზეღა არიან , მაგრამ წვრილიანში არ მინდოდა სროლა, ამ წვრილიანს იქეთ მოშიშვლებული ადგილი ქონდა და გადვწყვიტე იმ ადგილას რომ გავიდოდა დამეკრა ერთი ტყვია. შევატყვე მეტი აღარ დასჭირდებოდა, ბელებისათვის სროლას კი არც ვფიქრობდი.  ის იყო დათვმა გაიარა წვრილიანი და სასროლად ვემზადებოდი, ზედ ჩემ ყურთან იჭექა თოფმა და სახე ამიწვა, თვალთ დამიბნელდა და  გვერდზე მივიქეცი.
ვაიმე ეს რა ვქენი იბღავლა ხთისომ და მწვდა რადგან იფიქრა რომ ტყვია მე მომხვდა. რა იყო, სად ისვრი, რანაირად ისვრი??- შევყვირე გაბრაზებულმა  ლოყის აწვას ვინ ჩიოდა კიდე კარგი კეფა არ შემინგრია.                         ცოტა რომ გავიარე მოვიხედე ხთისო არ მომყვებოდა, მივუბრუნდი. აბა სად მიძვრები, რო გადმოგიხტეს ამ წვრილიანებში ახლართული ან თოფს როგორ მოიხმარ ან ხანჯალს- მითხრა ხთისომ. მაშ რა ვქნათ?-ვკითხე. შემოვუაროთ თავზე და საპირდაპირო ფერდობიდან ჩამოუყვეთ სადღა წაგვივა.    სწორი მოფიქრება იყო უხმოდ დავეთანხმე.  გაღმა ფერდობისკენ მივდიოდით, ხთისოს ხმა რომ შემომესმა აი სადა ყოფილაო და თოფიც გავარდა. იმ წუთას მეც ვკიდე თვალი, რუვის პირზე ამობრუნებული ხის უკან ჩაწოლილიყო, ნახტომისთვის გამზადებული. ისე დარწმუნებული იყო კვალს მოყვებიანო, უცებ არ დაიჯერა ზემოდან რო მოვექეცით და ზანტად წამოიწია, სანმ თავქვე დაეშვებოდა, მხრებ შუა დავადე ნიშანი, ცენტრალის მსხვილმა ჟაკანმა ბიძგით გადააგდო თავდაყირა.                                                                                 დათვს მარტო ხელის ჩავლებით ვეღარ ვითრევდით და ქამრების შემოხსნა დაგვჭირდა. სველი ქამრები ხელიდან გვისხლტებოდა და თრევა ჭირდა. თანაც საკმაოდ დაბნელდა, ჭალამდე კი ჯერ ბევრი რჩებოდა. ამიტომ დათვის დატოვებას ვფიქრობდით.   აბა დაიცადე-მითხრა ხთისომ. რას ეძებ? რას ვეძებ და გზას. აი ეს ბილიკი ხორჩლაანთ ნასახლარებთან გადის, იქამდე რო გაგვატანინა, იქიდან დავაგორებდით და სამანქანე გზამდე ჩავიდოდა. რა მანძილი იქნება იქამდე?? დიამც იყოს 200-მეტრი. უნდა გავიტანოთ-ვუთხარი გადაწყვეტით-ხვალ კიდევ აქ ამოსვლას ჯობია ცოტა გავიჭირვოთ.  ნამდვილად დამეთანხმა ხთისო. ჯერ მშრალზე რა არის ამხელა დათვის თრევა და მერე თოვლ-ყინულიან ბილიკზე. უკანასკნელი ძალების მოკრება დაგვჭირდა, ოფლის გამოდენა. როგორც იყო გავაღწიეთ ველში. დათვი კი დაგორდა და არც გვიცდია მისი შეჩერება . ცოტა შევისვენეთ და მერე დავყევით იმ მიმართულებით, საითაც დაგორდა. როგორც ხმაზე დავასკვენით სამანქანო გზამდე უნდა ჩასულიყო.                     ახლა ერთი მანქანაც ჩამოივლიდეს ბარემ საფუტკრესთან გაგვეტანაო-ვინატრეთ. საოცარია ზოგჯერ როგორ უცებ აგისრულდება კაცს ნანატრი.  მანქანამ იარა და ჩვენს გასწვირვ გაჩერდა. ზემოდანვე დავინახეთ, მანქანის წინ, შუა გზაზე გაშხლართული დათვი, რომელსაც სამი უცნობი დასტრიალებდა და ჩვენ მხარეს იცქირებოდნენ. ჩავედით და გაშტერებულებმა დაგვიწყეს თვალიერება.                                               თქვენ მოკალით?-გვკითხა ერთმა.  კი-ვუთხარით უბრალოდ, რადგან მათგან დახმარება გვინდოდა, თორემ ასეთ შეკითხხვას სხვანაირი პასუხი ეკადრებოდა.    ვაა, მალადეც ძმაო. სად დაიჭირეთ ჯიგარ?- მკითხა მეორემ.       ტყეში- ვუპასუხე ღიმილით. ხთისოსაც გაეცინა. კითხვაც აღარ იყო საჭირო, მაგრამ მაინც ვკითხე- საიდანა ხართ?  თბილისიდან.     ძალიან დიდ სიკეთეს გვიზამთ თუ ამ დათვს აქვე საფუტკრესთან ჩაგვიტანთ. კი როგორ არა მოდი შევაგდოთ- მივათრიეთ, უკანა ბორტი გადმოვხსენით და ზედ ავათრიეთ. ჩვენც მაღლა ავედით. ისინი კი სამივენი კაბინაში შეიჭუჭკნენ.  ინოს ძირს რომ ჩამოვაღწიეთ, კბილს-კბილზე გვაცემინებდა. ძლივს ჩამოვაგდეთ დათვი ძარიდან და ძლივს მივათრიეთ გზის პირას. იმათ მადლობა გადავუხადეთ.                            ეს დათვი აქედან სად უნდა წაიღოთ??- დაინტერესდნენ ქალაქელები.                     ახლა აღარსად აქ ვტოვებთ.                                                             თქვენც აქ დარჩებით??                                                                              ჩვენ სოფელში გადავალთ- ვუპასუხე მე. ვიფიქრე ასეთ გათოშილებს რომ გვხედავდნენ იმაზე წუხდნენ. დავემშვიდობეთ და წავიდნენ. დათვი ღობის შიგნით შევათრიეთ. ქოხში ავედით არაყი მოვძებნე. დიდი ჭიქა პირამდე გავავსე და ოჩოპინტრეს სამადლობელი ბოლომდე გამოვცალე. ახლა ხთისოს დავუსხი იმანაც ჩააქუხა. გამოვკეტეთ ქოხის კარი და ჩარგლისკენ მიმავალ სამოკლეო ბილიკს შევუყევით.                                            ბევრი არა გვქონდა გავლილი, რომ შუქებზე შევნიშნეთ ის მანქანა უკანვე წამოვიდა.                      მგონი, ის ჩვენი ჯიგრები მობრუნდენ უკან- ვუთხარი- ხთისო იცოდე ეგენი დათვის მოპარვას გვიპირებენ.                 არა კაცო რას ამბობ-არ დაიჯერა ხთისომ- ვითომ ეგენი არიან?                   შენა გგონია არ იკისრებენ? აბა ერთი დაველოდოთ სად წავლენ.                            დავეშვი მომყვა ხთისოც, მანქანა  საფუტკრესთან გაჩერდა.ერთი ჩამოვიდა და ღობეს მოადგა, მე რომ შემნიშნა მანქანისკენ გაქანდა.                       ო, თქვენი ჯიბგირი დედა ვატირე, თქვენი-ვუყვირე და სანამ მივეჭრებოდი, მანქანა დაძრეს, ჰაერში ვისროლე და ისეთი მოუსვეს ქალაქამდე არ გაჩერდებოდნენ.                                                          ხედავ რასა კისრულობდნენ- კიდევ ვერ იჯერებდა ხთისო.                     ე, შენ რა იცი რა ქვეყანაა ჟინვალს ქვემოთ.                                                        მეორე დილით დათვი ისევ იქ დაგვხვდა, სადაც დავტოვეთ. ქოხის წინ ცეცხლი დავანთე და ტყავებას შევუდექი. ნატყვიარი ორი ქონდა და ორივე ჩემი. მეორე ტყვია მხრებს შუა მომერტყა და მარჯვენა მხრის კუნთიდან ამოვიღეთ, თითმის არ შეჭყლეტილყო, რაკი ძვალი არ შეხვდა.                           ეგ კიდე მოკლავს ნადირს-მითხრა ხთისომ.      ნადირის სხეულიდან ამოღებული ტყვია იღბლიანად ითვლება. ბოლოს მაინც გამართლდა წინასწარმეტყველება იმ ტყვიამ ტახი მოკლა კიშხევში.  გავატყავეთ, გავყავით და სუკის მწვადიც ავასხით, პირველი ჩიჩქი მწვადისა, როგორც მონადირეთა წესია, მომკლავს შემომთავაზა ხთისომ. პანტის არყის ბოთლს თავი მოხსნა, დაისხა და დაილოცა: ღმერთო და ბუნების გამჩენო, კვლავაც, მრავალჯერ გვანადირეო.                                                                                   (  შემოკლებით)


წყარო:
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (09.11.2012)
ნანახია: 1883 | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика