მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
Huglu 104a   
tereosპასუხების რაოდენობა: 143
იარაღები   
gio90პასუხების რაოდენობა: 5561
ნადირობა იხვზე   
moriak007პასუხების რაოდენობა: 6316
კურცჰაარი   
zarnaპასუხების რაოდენობა: 3876
თევზაობა 2016   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 95
ოპტიკური სამიზნეები   
panatiპასუხების რაოდენობა: 71

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » წიგნები ნადირობაზე    

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი
მთარგმნელი მზია ერისთავი 
რ უ დ ო ლ ფ  ე რ ი ხ  რ ა ს პ ე 
                                       
ბარონ  მიუნჰაუზენის  თავგადასავალი 


     ყველაზე მართლის მთქმელი კაცი დიდცხვირა ჩია ბერიკაცი ბუხართან იჯდა და თავის თავგადასავალს უამბობდა ირგვლივ შემოკრებილ ხალხს. 
— ყოჩაღ, მიუნჰაუზენ, ყოჩაღ! — დაცინვით წამოიძახებდა ვინმე და ატყდებოდა სიცილ-ხარხარი.ბერიკაცი კი არხეინად განაგრძობდა ლაპარაკს. უცნაურ ამბებს ჰყვებოდა მიუნჰაუზენი. 
— ჰოდა, ავფრინდი მთვარეზე... 
— რაო, რაო? მთვარეზე აფრინდი? ჰა-ჰა-ჰა! 
— რა გაცინებთ? — მშვიდად მიუგებდა მოხუცი. ჰო, ავფრინდი და მერე ისევ ჩამოვფრინდი. 
—  კიდევ სადა ყოფილხარ,  მიუნჰაუზენ,  სად? —  სიცილით ეკითხებოდნენ აქეთ-იქიდან. 
— უჰ, სად არა ვყოფილვარ, რა არ მინახავს! სამფეხა ადამიანებთანაც მიცხოვრია და თევზის მუცელშიაც...ერთხელ თავიც მომწყდა. 
— კარგი, კაცო, ტყუილებით ნუ გაგვებერე! — შეუძახებდა ვინმე.მიუნჰაუზენი მოიღუშებოდა. 
— მიკვირს, რატომ არ გჯერათ? სად მე და სად ტყუილი! ჩემი მეგობარი ბარონები, თავადები და ხონთქრები სულ იმას გაიძახოდნენ —  მიუნჰაუზენისთანა მართლის მთქმელი კაცი დედამიწაზე არ დაიარებაო. ისევ ახარხარდებოდა ხალხი. 
— მიუნჰაუზენი და სიმართლის თქმა? ჰა-ჰა-ჰა! 
მოხუცი ყურადღებას არ აქცევდა ამ სიცილ-ხარხარს და ახლა იმ ირმის ამბავს ყვებოდა, თავზე რომ ალუბლის ხე ამოუვიდა. 
— ირემს ამოუვიდა თავზე ხე? 
—  დიახ,  დიახ,  ალუბლის ხე ამოუვიდა.  მერე ისეთი ალუბალი ესხა იმ ხეს,ისეთი ტკბილი, ისეთი, რომ... 
   აი, ასეთი ამბებია ამ წიგნში მოთხრობილი. წაიკითხეთ და თქვენ თვითონ მიხვდებით მიუნჰაუზენისთანა სიმართლის მთქმელი კაცი კიდევ იყო დედამიწაზე თუ არა. 
პირველი ნაწილი 
 
ცხენი სახურავზე 
 
    რუსეთში ცხენით გავემგზავრე. ზამთარი იყო. თოვდა.ცხენი დაიქანცა და ფორხილი დაიწყო.ძილი თავს მართმევდა. დაღლილობისაგან უნაგირიდან ვვარდებოდი.  ამაოდ ვეძებდი თავშესაფარს: გზაზე არც ერთი სოფელი არ შემხვედრია. რა უნდა მექნა! ის ღამე ტრიალ მინდორში გავათენე.ირგვლივ არც ხე იყო, არც ბუჩქი, მხოლოდ ერთი პატარა პალო მოჩანდა თოვლში.დიდი გაჭირვებით მივაბი გათოშილი ცხენი იმ პალოზე, მეც იქვე მივწექი და
დავიძინე. დიდხანს მეძინა. როცა გამომეღვიძა, დავინახე,  მინდორში კი არ ვწევარ,  სოფელში თუ პატარა ქალაქში ვარ: ჩემ გარშემო ყველგან სახლებია. ეს რა ამბავია-მეთქი, სადა ვარ? რამ გააჩინა აქ ეს სახლები ერთ ღამეში? 
ან ჩემი ცხენი სად წავიდა? დიდხანს ვერ გამოვერკვიე. უცებ მომესმა ნაცნობი ჭიხვინი. ჩემი ცხენის ჭიხვინსა ჰგავდა, ცხენი კი არსად ჩანდა.ჭიხვინი თითქოს მაღლიდან მოისმოდა.ავიხედე და რას ვხედავ! ჩემი ცხენი სამრეკლოს სახურავზე ჰკიდია ჯვარზე გამობმული! იმწამსვე ყველაფერს მივხვდი! გუშინ საღამოს მთელი ეს ქალაქი თავისი მცხოვრებლებითა და სახლებით თურმე თოვლით ყოფილა დაფარული, მხოლოდ ჯვრის წვეტი მოჩანდა. აბა, რა ვიცოდი, თუ ის სამრეკლოს ჯვარი იყო, მე პატარა პალოდ მომეჩვენა და იმაზე ცხენი მივაბი. ჩემს ძილში თოვლი გამდნარა, მე შეუმჩნევლად დავშვებულვარ მიწაზე. საწყალი ცხენი კი სახურავზე დარჩენილა: სამრეკლოს ჯვარზე იყო მიბმული და მიწაზე რანაირად ჩამოვიდოდა! რა მექნა? დაუყოვნებლივ დამბაჩაზე ვიტაცე ხელი,  დავუმიზნე და პირდაპირ აღვირს მოვარტყი. მე ხომ განთქმული მსროლელი ვარ. აღვირი შუაზე გაწყდა. ცხენი სწრაფად დაეშვა ჩემთან, მოვახტი და ქარივით გავაქროლე. 
მარხილში გაბმული მგელი 
     როგორც მოგეხსენებათ, ზამთარში ცხენის ჭენება მოუხერხებელია. უმჯობესია მარხილით მოგზაურობა. მეც ერთი მშვენიერი მარხილი ვიყიდე და სწრაფად გავსრი ალდი ფაფუკ თოვლზე. დაღამებისას ტყეში შევედი. ჩამთვლიმა. ამ დროს მომესმა ცხენის შეშფოთებული ჭიხვინი. მოვიხედე და მთვარის შუქზე დავინახე, რომ საშინელი მგელი კბილებდაღრჭენილი მოსდევდა ჩემს მარხილს. ახლა კი გათავდა ჩემი სიცოცხლე-მეთქი,  გავიფიქრე,  ჩავწექი მარხილში და თვალი დავხუჭე.ცხენი გიჟივით მიჰქროდა.  მგლის კბილების კრაჭუნი ზედ ყურთან მესმოდა.საბედნიეროდ, მგელმა არავითარი ყურადღება არ მომაქცია, მარხილს თავზე გადაევლო და საწყალ ჩემს ცხენს დაეძგერა. ჩემი ცხენის უკანა ნაწილი უმალ ჩაიხვია პირში, წინა ნაწილი კი შიშისა და ტკივილისაგან გამწარებული განაგრძობდა სირბილს. მგელი უფრო და უფრო ღრმად იხვევდა ცხენს ხახაში.როცა გონს მოვედი,  მათრახს ვტაცე ხელი და დავცხე და დავცხე გაუმაძღარ მხეცს. მგელი ყმუილით გავარდა წინ. ცხენის წინა ნაწილი,  რაც მგელს გადაურჩა,  მოსართავებიდან გამოძვრა და თოვლში ჩაეფლო. ცხენის მაგიერ ახლა მგელი დარჩა მოსართავებსა და ხელნებს შუა ცხენივით გაბმული.  თავს ვერ აიშვებდა.  მე,  რაც ძალ-ღონე შემწევდა,  ვცემდი და ვცემდი მათრახს. მგელი მიქროდა,  თან ჩემს მარხილს მიაქანებდა.  ისეთი სისწრაფით მივქროდით, რომ რაღაც ორ თუ სამ საათში ჭენებ-ჭენებთ შევგრიალდით პეტერბურგში. პეტერბურგის მცხოვრებლები განცვიფრებულნი გამორბოდნენ იმ გმირის სანახავად, რომელმაც ცხენის ნაცვლად  საშინელი მხეცი შეაბა მარხილში. 
თვალებიდან გადმოცვენილი ნაპერწკლები 
 
     პეტერბურგში კარგად ვცხოვრობდი. ხშირად დავდიოდი სანადიროდ.  ახლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ ნეტარ
დროს. მაშინ თითქმის დღე არ გაივლიდა, საარაკო ამბავი არ შემმთხვეოდა. ერთი ამბავი ძალიან სასაცილოა! 
ჩემი საწოლი ოთახის ფანჯრიდან დიდი გუბე მოჩანდა,  სადაც ყოველგვარი ფრინველი ბლომად ირეოდა. 
ერთხელ დილით ფანჯარასთან მივედი და გუბეში გარეული იხვები შევნიშნე. სწრაფად ვტაცე თოფს ხელი და გარეთ გავვარდი. კიბეზე რომ ჩავრბოდი, ისე მაგრად დავეჯახე კარს, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა.ამან ვერ შემაჩერა.მაინც გავიქეცი. მალე გუბესთან გავჩნდი და თოფი ყველაზე მსუქან იხვს დავუმიზნე. მინდა გავისროლო, მაგრამ აი საშინელება: თოფს კაჟი არ აღმოაჩნდა, უკაჟოდ კი, აბა, რას გავისროდი. 
რა ვქნა? შინ გავიქცე კაჟის მოსატანად? იხვები რომ გაფრინდნენ, რაღა მეშველება?! დაღონებულმა დავუშვი თოფი. უცებ თავში მშვენიერმა აზრმა გამიელვა. რაც ძალი და ღონე მქონდა, მარჯვენა თვალზე მუშტი მივირტყი. თვალიდან, ცხადია, ნაპერწკლები გადმომცვივდა და თოფის წამალმაც მაშინვე იფეთქა.  დიახ,  თოფის წამალმა იფეთქა, თოფი გავარდა და ერთი გასროლით ათი ჩინებული იხვი მოვკალი. თქვენც გირჩევთ, როცა ცეცხლის დანთება მოგინდებათ, თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყაროთ. 

საკვირველი ნადირობა 


    ერთხელ ნადირობაში გავატარე მთელი დღე. საღამო ხანს უღრან ტყეში დიდ ტბას წავაწყდი. ტბა სავსე იყო გარეული იხვებით. ჩემს დღეში არ მენახა ერთად ამდენი იხვი! სამწუხაროდ, ერთი სროლა წამალიც აღარ დამრჩენოდა.არადა,  სწორედ იმ საღამოს მეგობრები მყავდა მოწვეული და მინდოდა ნანადირევით გავმასპინძლებოდი.  საერთოდ მე სტუმართმოყვარე და გულუხვი კაცი ვარ.  ჩემი სადილ-ვახშმები მთელ პეტერბურგში იყო განთქმული,  აბა, როგორ დავბრუნდებოდი შინ ხელცარიელი?! დიდხანს ვიდექი, მაგრამ ვერაფერი მოვისაზრე. უცებ მომაგონდა, რომ სანადირო ჩანთაში ქონის პატარა ნაჭერი მქონდა დარჩენილი. 
ვაშა! ეს ქონი იხვების მოსატყუებლად გამომადგება-მეთქი! ამოვიღე ჩანთიდან ქონის ნაჭერი, სწრაფად გამოვაბი გრძელი ხეზი* (ხეზი _ წვრილი თოკი.) და წყალში გადავისროლე. საჭმლის დანახვისთანავე იხვები ქონთან მიცურდნენ. ერთმა ხარბად ჩაყლაპა ქონის ნაჭერი. ქონი სრიალა იყო და სწრაფად გაუძვრა იხვს უკნიდან.ამგვარად, იხვი თოკზე დაეკიდა. მაშინ ქონთან მეორე იხვი მიცურდა და მასაც იგივე დაემართა. იხვი იხვს მისდევდა, ყველა სათითაოდ ყლაპავდა ქონის ნაჭერს და ჩემს ხეზზე ეგებოდა. ათ წუთსაც არ გაუვლია, რომ ყველა იხვი მძივივით იყო თოკზე ასხმული. ადვილად წარმოიდგენთ,  რა ხალისით ვუცქერდი ამ ნადავლს!  რაღა მქონდა საზრუნავი?  არაფერი! დაჭერილი იხვები წყლიდან უნდა ამომეყვანა და მზარეულისათვის გადამეცა.  მეგობრების გამასპინძლებაც ამას ჰქვია! მაგრამ ამდენი იხვის ერთად წაღება ერთად არც ისე ადვილი გამოდგა! რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ საშინლად დავიქანცე.  უცებ...…  წარმოიდგინეთ ჩემი განცვიფრება! იხვები ჰაერში აფრინდნენ და მეც ღრუბლებში ამიტაცეს! სხვა ჩემს ადგილას დაიბნეოდა, მაგრამ მე ხომ იცით, მამაცი და მოხერხებული
კაცი ვარ! სერთუკიდან საჭე გავაკეთე, იხვები ჩემს ნება-სურვილზე წავიყვანე და სწრაფად მივფრინდი შინ. დაბლა როგორღა დავშვებულიყავ? ისევ მოხერხებულობამ  მიშველა. რამდენიმე იხვს თავი მოვუგრიხე,  ნელ-ნელა დავეშვით და პირდაპირ ჩემი სამზარეულოს ღუმელის მილში ჩავვარდი!  ნეტა გენახათ ჩემი მზარეულის განცვიფრება,  როცა მე მის წინ ღუმელის თაროზე გავჩნდი. ჩემდა ბედად, მას ღუმელში ჯერ ცეცხლი არ გაეჩაღებინა. 
ზუმბაზე წამოგებული კაკბები 
     ჰო, ეს მოხერხებულობა დიდი რამეა! მახსოვს, ერთი გასროლით ერთხელ შვიდი კაკაბი მოვკალი. მას შემდეგ ჩემი მტრებიც კი აღიარებდნენ, მთელ ქვეყანაზე საუკეთესო მსროლელია, მიუნჰაუზენის მსგავსი მსროლელი ჯერ არავის ახსოვსო. აბა, მისმინეთ! 
    ნადირობიდან ვბრუნდებოდი.  საფანტი შემომეხარჯა.  უცებ ცხვირწინ შვიდი კაკაბი ამიფრინდა. ფიქრადაც არ მომსვლია ასეთი გემრიელი საკბილო ხელიდან გამეშვა! გავტენე თოფი. როგორ ფიქრობთ, რით?  ზუმბით! დიახ!  ჩვეულებრივი ზუმბით, ესე იგი, რკინის ჯოხით, რომლითაც თოფს წმენდენ. მივვარდი, კაკბები დავაფრთხე და ვესროლე. კაკბები წამოფრინდნენ  ჩემმა გასროლილმა ზუმბამ ყველას გაუარა და შვიდივე ჩემს ფეხთან დავარდა. 
ავიღე და მეტისმეტად გავოცდი:  კაკბები შემწვრები აღმოჩნდნენ!  დიახ,  შემწვრები! თუმცა რა გასაკვირია:  გასროლისას ზუმბა ძალზე გაცხელდა,  კაკბებიც ზედ იყვნენ წამოგებული და როგორ არ შეიწვებოდნენ! დავჯექი იქვე, მწვანეზე და კარგა მადიანად ვისადილე. 
მახათზე აგებული მელა 
   დიახ, ხერხი სჯობია ღონესა. ბარონ მიუნჰაუზენზე უფრო მოხერხებული ადამიანი კი დედამიწის ზურგეზე ჯერ არ დაბადებულა. ერთხელ რუსეთის უღრან ტყეში წავაწყდი შავლეგა მელას. ისეთი მშვენიერი ბეწვი ჰქონდა, რომ მისი საფანტით ან ტყვიით წახდენა ძალიან დამენანა. იმწუთსვე ამოვიღე ლულიდან ტყვია, თოფი გრძელი სახარაზო მახათით გავტენე და ვესროლე. ამ დროს მელა ხის ქვეშ იდგა და კუდით მიეჭედა ხეს. აუჩქარებლივ მივედი მელასთან და მათრახის ცემა დავუწყე. მელა ტკივილისაგან ისე გაგიჟდა, რომ... გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, გამოხტა ტყავიდან და ტიტლიკანა გაიქცა! ტყავი კი, ტყვიითა და საფანტით დაუზიანებელი, მე დამრჩა. 
ბრმა ღორი 
    ხშირად მართლაცდა საკვირველი შემთხვევების მოწმე ვყოფილვარ. ერთხელ უღრან ტყეში მივდიოდი. ვხედავ: სულ პატარა გარეული გოჭი მორბის, უკან კი დიდი ღორი მოსდევს. ვესროლე, მაგრამ, საუბედუროდ, ავაცილე. 
ტყვიამ ღორსა და გოჭს შუა გაიარა. გოჭი ჭყივილით მიიმალა ტყეში, ღორი კი იქვე გაშეშდა. გამიკვირდა, ჩემს დანახვაზე ღორი რატომ არ გაიქცა-მეთქი, მაგრამ როდესაც მივუახლოვდი, ყველაფერს მივხვდი: ღორი ბრმა ყოფილა თურმე და ტყეში გოჭის კუდზე  პირჩავლებული დასეირნობდა.ჩემმა ტყვიამ გოჭს კუდი წააწყვიტა, გოჭი გაიქცა, დედა ღორი კი მარტო დარჩა და არ იცოდა, საით წასულიყო. იდგა უმწეოდ და კუდის ნაწყვეტი პირში ჰქონდა გაჩრილი. მშვენიერმა აზრმა გამიელვა თავში. კუდის ნაგლეჯს ხელი წავავლე და ღორი სამზარეულოში წავიყვანე. საბრალო ღორი მორჩილად მომყვებოდა, ეგონა, ისევ გოჭს მივდევო! დიახ, ხომ გითხარით, მოხერხებულობა დიდი რამ არის-მეთქი. 
როგორ დავიჭირე გარეული ღორი 
   მეორეჯერ ტყეში გარეული ღორი შემხვდა. მისი დაჭერა გაცილებით უფრო ძნელი გამოდგა. თან თოფიც არა მქონდა. გავიქეცი, მაგრამ ღორი ცოფიანივით დამედევნა. უთუოდ ეშვებით გამფატრავდა, იქვე მუხას რომ არ ამოვფარებოდი. გამოქცეული ღორი მუხას დაეჯახა და ეშვებით ისე ღრმად ჩაესო ხეს, რომ ვეღარ ამოაძრო! 
— აჰა, ძვირფასო გაები თუ არა მახეში?!  — ვთქვი, როცა მუხას მოვშორდი. — დამაცა, ახლა ვეღარსად გამექცევი! 
ავიღე ქვა და კიდევ უფრო ღრმად ჩავაჭედე ალესილი ეშვებით, რომ თავი არ დაეხსნა. მერე მაგრად გავთოკე, ურემზე  დავდე და დიდი ზეიმით წავიღე შინ.როგორ გაუკვირდათ მონადირეებს! მათ ხომ ვერც წარმოედგინათ, თუ ასეთი საშინელი მხეცის ცოცხლად დაჭერა შეიძლებოდა! 
არაჩვეულებრივი ირემი 
   კიდევ უფრო საარაკო ამბების მომსწრე ვარ. ერთხელ ტყეში მივდიოდი, თან გზაში ნაყიდ ტკბილ, მწიფე ალუბალს შევექცეოდი. უცებ ლამაზი ქორბუდა ირემი დავინახე. თითქოს ჯიბრზე ერთი ტყვიაც არ აღმომაჩნდა. 
ირემი დგას და მშვიდად მიცქერის, თითქოს იცის, რომ ჩემი თოფი საფრთხეს არ უქადის. საბედნიეროდ,  რამდენიმე მარცვალი ალუბალი კიდევ დამრჩენოდა.  ტყვიის ნაცვლად თოფი ალუბლის კურკით გავტენე. დიახ, დიახ, ნუ იცინით. ჩვეულებრივი ალუბლის კურკით გავტენე. გავარდა თოფი, მაგრამ ირემმა მხოლოდ თავი გაიქნია. კურკა შუბლში მოხვდა და არაფერი ავნო. ირემი თვალის დახამხამებაში ხშირ ტყეში გაუჩინარდა. ძალიან დავღონდი, ასეთი მშვენიერი ნადირი რომ ხელიდან გავუშვი. ერთი წლის შემდეგ იმავე ტყეში კიდევ ვინადირე. ალუბლის კურკის ამბავი აღარც მახსოვდა. საშინლად განვცვიფრდი, როცა ტყიდან შესანიშნავი ირემი გამოხტა, რომელსაც რქებს შუა მაღალი, ტოტებგაშლილი ალუბლის ხე ამოსვლოდა!  მერწმუნეთ,  მეტად ლამაზი სანახავი იყო: ყელმოღერებული ირემი და თავზე დატოტვილი ხე! იმწუთსვე მივხვდი, რომ ეს ხე იმ პატარა კურკით იყო ამოსული, მე რომ ერთი წლის წინათ ტყვიის ნაცვლად ვესროლე.ახლა კი ტყვია-წამალი ბლომად მქონდა. დავუმიზნე და  ვესროლე. ირემი იქვე დაეცა სასიკვდილოდ დაჭრილი. ამნაირად, ერთი გასროლით მშვენიერი მწვადიც ვიშოვე და საკომპოტე ალუბალიც — ხეს ხომ მწიფე ალუბალი ესხა!უნდა გამოვტყდე, იმაზე უფრო გემრიელი ალუბალი ჩემს სიცოცხლეში არ მიგემნია. 
გადმობრუნებული მგელი 
     არ ვიცი რატომ, მაგრამ საშიში ნადირი სწორედ მაშინ შემხვედრია, როცა უიარაღოდ და უმწეოდ ვყოფილვარ. 
ერთხელაც ტყეში ვარ. ვხედავ, სწორედ ჩემკენ მოდის ხახადაღებული ძუ მგელი. რა ვქნა? გავიქცე? მაგრამ მგელი უკვე მეძგერა, წამაქცია და საცაა ყელსაც გამომღადრავს. ჩემს ადგილზე რომ სხვა ყოფილიყო, უთუოდ დაიბნეოდა, მაგრამ თქვენ ხომ იცნობთ ბარონ მიუნჰაუზენს! მე გამბედავი, მოხერხებული და მამაცი კაცი ვარ. იმწუთსვე მუშტი მივაგებე მგელს ხახაში.  მეშინოდა ხელი არ მოეჭამა, ამიტომ სულ უფრო და უფრო ღრმად ვჩრიდი ხელს. მგელი გაცოფებული მიცქეროდა.  თვალები სიბრაზით უელავდა,  ხელი რომ ამომეღო,  უეჭველად ნაკუწ-ნაკუწად მაქცევდა,  ამიტომ უშიშრად,  უფრო და უფრო ღრმად ვჩრიდი ხელს. უცებ თავში იშვიათი აზრი მომივიდა: ხელით მივწვდი მის შიგნეულს, მაგრად ამოვქაჩე და ხელთათმანივით გადმოვაბრუნე! ცხადია, ასეთი დასტაქრობის შემდეგ მგელი უსულოდ დაეცა ჩემს ფეხებთან. მისი ტყავიდან თბილი ქურქი შევიკერე. თუ არა გჯერათ, იმ ქურქსაც სიამოვნებით გაჩვენებთ. 
ცოფიანი ქურქი 
   თუმცა მგელთან შეხვედრა რაა, ცხოვრებაში უარესიც შემმთხვევია. ერთხელ პეტერბურგში ცოფიანი ძაღლი დამედევნა.მოვკურცხლე, რაც ძალი და ღონე მქონდა. მხრებზე მძიმე ქურქი მესხა და სირბილს მიშლიდა. ქურქი გზაში დავაგდე, სახლში შევვარდი  და კარი მაგრად მივიხურე.ცოფიანი ძაღლი მივარდა ქურქს და გაშმაგებით დაუწყო ბდღვნა. ჩემი მსახური სასწრაფოდ გავარდა გარეთ, შემოიტანა ქურქი და იმ კარადაში ჩამოკიდა, რომელ-
შიც ჩემი დანარჩენი ტანსაცმელი ინახებოდა. მეორე დღეს, დილაადრიან, ჩემს ოთახში შეშინებული მსახური შემოიჭრა ყვირილით: — ადექით! ადექით! თქვენი ქურქი  გაცოფდა! წამოვხტი საწოლიდან, კარადა გამოვაღე და, რას ვხედავ: მთელი ჩემი ტანსაცმელი ნაფლეთებადაა ქცეული! მსახური მართალს ამბობდა: ჩემი საბრალო ქურქი გაცოფებულიყო, გუშინ ხომ ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა! ქურქი ახლა ჩემს ახალთახალ მუნდირს ეცა და ნაკუწებად აქცია! ავიღე რევოლვერი და ვესროლე.  ცოფიანი ქურქი ერთბაშად დაცხრა.  მსახუ-რებს ვუბრძანე, შეკარით და სხვა კარადაში ჩამოკიდეთ-მეთქი. ის იყო და ის, ქურქს აღარავისთვის უკბენია და მეც უშიშრად ვიცვამდი. 
რვაფეხა კურდღელი 
      დიახ, ბევრი უცნაური ამბავი გადამხდა თავს რუსეთში! ერთხელ არაჩვეულებრივ კურდღელს დავედევნე. საოცრად ფეხმარდი კურდღელი იყო. გარბოდა და გარბოდა, წუთიც არ შეუსვენია. ორ დღეს მივდევდი, უნაგირიდანაც არ ჩამოვმხტარვარ, მაგრამ მაინც ვერ დავეწიე. ჩემი ერთგული ძაღლი დიანკა ფეხდაფეხ მისდევდა, მე კი სათოფეზეც ვერ მივუახლოვდი. მესამე დღეს, როგორც იქნა, მოვახერხე იმ წყეული კურდღლის მოკვლა. ის იყო ბალახებში დაეცა, რომ ჩამოვხტი ცხენიდან და მივიჭერი მის გასასინჯად. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება: კურდღელს ჩვეულებრივი ფეხების გარდა სამარქაფო ფეხებიც აღმოაჩნდა. ოთხი ფეხი მუცელზე ჰქონდა ოთხიც, ზურგზე! დიახ,  ზურგზეც ჩინებული,  მარდი ფეხები ჰქონდა.  როდესაც ქვემო ფეხები დაეღლებოდა, თურმე ზურგზე გადაბრუნდებოდა, მუცელს ზევით მოაქცევდა და სამარქაფო ფეხებით განაგრძობდა სირბილს და რა გასაკვირია, რომ მე სამი დღე-ღამე გიჟივით მივდევდი.
 საოცარი ქურქი 
     სამ დღეს რვაფეხა კურდღლის დევნამ ჩემი ერთგული ძაღლი ისე დაქანცა, რომ მიწაზე დაეცა და ერთ საათში განუტევა სული. შეწუხებულმა კინაღამ ტირილი დავიწყე.  საყვარელი ძაღლის სამახსოვროდ, მისი ტყავიდან ჩემთვის სანადირო ქურქი შევაკერინე. მას შემდეგ არც თოფი მჭირდება, არც ძაღლი. ყოველთვის, როცა ტყეში ვარ, ქურქი იქით მეწევა, სადაც მგელი ან კურდღელი
იმალება. როდესაც ნადირს სათოფე მანძილზე ვუახლოვდები, მოსწყდება ქურქს ღილი და ტყვიასავით ხვდება ნადირს!  საკვირველი ღილით განგმირული ნადირი იქვე ეცემა. ეს ქურქი ახლაც ზედ მაცვია. მგონია, თქვენ არც გჯერათ ჩემი. გეღიმებათ? მაგრამ შემომხედეთ და მაშინვე დარწმუნდებით,  რომ სრულ სიმართლეს მოგახსენებთ:  ხომ ხედავთ,  ქურქზე მხოლოდ ორი ღილიღა მაქვს დარჩენილი. სანადიროდ რომ წავალ, ზედ სამ დუჟინ ღილს
მაინც დავიკერებ. აი, მაშინ ნახეთ, როგორ შეშურდებათ მონადირეებს! 

ცხენი მაგიდაზე

     მგონი, ჩემს ცხენებზე თქვენთვის ჯერ არაფერი მიამბნია, არა? მე კი მათთან ერთად ბევრი საარაკო ამბავი შემემთხვა. ლიტვაში ვიყავი.  ერთ ჩემს მეგობარს ვეწვიე, რომელსაც გაგიჟებით უყვარდა ცხენები. სტუმრების საჩვენებლად საუკეთესო ცხენი გამოიყვანა. იმ ცხენით განსაკუთრებით ამაყობდა. ცხენმა აღვირი გაწყვიტა, ოთხი მეჯინიბე წააქცია და გიჟივით გაქანდა ეზოში. შიშით ყველანი მიმოიფანტნენ. ისეთი გამბედავი არავინ აღმოჩნდა, რომ გააფთრებულ ცხოველს მიჰკარებოდა. მხოლოდ მე არ დავბნეულვარ, მე ხომ სიმამაცით განთქმული ვარ და ბავშვობიდანვე ვიცი გაუხედნელი ცხენების დამორჩილება.ერთი ნახტომით მოვევლე ცხენს ზურგზე და უცებ მოვათვინიერე. ცხენმა იმწუთსვე იგრძნო ჩემი ძლიერი ხელი და პატარა ბავშვივით დამნებდა. ამაყად შემოვიარე მთელი ეზო და უცებ მომინდა ჩემი ხელოვნება ქალებისთვის მეჩვენებინა, რომლებიც სუფრას უსხდნენ და ჩაის შეექცეოდნენ. ცხენი მივაგდე ფანჯარას და გრიგალივით შევფრინდი სასადილო ოთახში. ქალები პირველად ძალიან შეშინდნენ.  ჩემი ცხენი ჩაის მაგიდაზე შევახტუნე და ისეთი ოსტატობით ავაცეკვე ჭიქებსა და ლამბაქებს შორის, რომ სულ პატარა ლამბაქიც კი არ გატეხილა. ქალებს ეს ძალიან მოეწონათ, იცინოდნენ და ტაშს უკრავდნენ. ჩემი საკვირველი სიმარდით აღფრთოვანებულმა მეგობარმა მთხოვა მისი შესანიშნავი მერანი საჩუქრად მიმეღო. ამ საჩუქრით მეტად ნასიამოვნები დავრჩი, რადგან იმ ხანებში ომში წასვლას ვაპირებდი და ასეთ ბედაურს კარგა ხანია ვეძებდი. ერთი საათის შემდეგ ნაჩუქარი ცხენით მივქროდი თურქეთისაკენ,  სადაც იმ ხანებში სასტიკი ომი იყო გაჩაღებული. 
ნახევარცხენი

     ბრძოლის ველზე, ცხადია, ტოლი არა მყავდა: ყველაზე ადრე მე ვეკვეთებოდი ხოლმე მტერს. ერთხელ,  თურქებთან ფიცხელი ბრძოლის შემდეგ,  მტრის სიმაგრე ვიგდეთ ხელთ. მე პირველი შევიჭერი სიმაგრეში, გავრეკე თურქები და წყაროსთან მივედი. მინდოდა დაღლილი ცხენი დამერწყულებინა.  ცხენი სვამდა,  სვამდა წყალს, მაგრამ წყურვილს მაინც ვერ იკლავდა. ვერაფრით ვერ მოვაცილე წყალს! გამაკვირვა ამ სასწაულმა. ამ დროს უცნაური ჩხრიალი მომესმა. უკან მოვიხედე და განცვიფრებისაგან კინაღამ უნაგირიდან გადმოვვარდი. ცხენს თურმე უკანა ნაწილი სრულიად მოჭრილი ჰქონდა. წყალს რომ სვამდა, მუცელში არ უჩერდებოდა და თავისუფლად იღვრებოდა უკანიდან.  ამის გამო ჩემს უკან ვეებერთელა ტბა გაჩენილიყო. ამ უცნაურობამ განმაცვიფრა. ამ დროს ერთი ჩემი ჯარისკაცი მოიჭრა ცხენით და ყველაფერი გამოირკვა. თურმე,  როცა მე მტერს მივდევდი და მათ სიმაგრეში შევიჭერი,  თურქებმა სწორედ იმ წუთას მოკეტეს კარი და ჩემი ცხენის უკანა ნაწილი შიგ მოჰყვა. ცხენი
თითქოს შუაზე გაჩეხესო!  ის უკანა ნაწილი, თურმე კაი ხანს იქვე დარჩენილა, ჭიშკრის ახლოს, და წიხლების ცემით ერეკებოდა თურქებს, შემდეგ კი მახლობელ მინდორში გასულა. — და ახლაც იქ ბალახობს! — მაცნობა ჯაისკაცმა. — როგორ თუ ბალახობს? ყოვლად შეუძლებელია! — წამოდით, თქვენ თვითონ ნახეთ! ცხენის წინა ნახევარზე მჯდომი მეც იმ მინდვრისაკენ წავედი. იქ მართლაც დამიხვდა ჩემი ცხენის ნახევარი.  მწვანე მდელოზე ბალახობდა.  სასწრაფოდ დავიბარე სამხედრო ექიმი. მან დაუყოვნებლივ მიაკერა ცხენის ერთი ნაწილი მეორეს დაფნის წვრილი წნელებით, რადგან ხელთ ძაფი არ ჰქონდა. ორივე ნაწილი მშვენივრად შეეხორცა ერთმანეთს, წნელებმა კი ცხენის სხეულში გაიდგა ფესვები და ერთი თვის შემდეგ უნაგირზე დაფნის ტოტების ფანჩატური გაიმართა. ამ სასიამოვნო ფანჩატურში მჯდომარეს ბევრი საკვირველი გმირობა ჩამიდენია. 

ყუმბარაზე მჯდომი
     ომში მარტო ცხენით კი არა, ზარბაზნის ყუმბარებითაც მიმოგზაურია.აი, როგორ მოხდა ეს. 
თურქეთის რომელიღაც ქალაქს შემოვარტყით ალყა.  ჩვენს სარდალს მტრის ზარბაზნების რაოდენობის შეტყობა დასჭირდა. მაგრამ მთელ ჯარში ისეთი გულადი არავინ მოიძებნა, რომ მტრის ბანაკში შეუმჩნევლად შეპარვაზე დათანხმებულიყო. ყველაზე მამაცი მე აღმოვჩნდი. გავჩერდი უზარმაზარ ზარბაზანთან, რომელსაც თურქების ქალაქს ვუშენდით. როგორც კი ყუმბარა გამოსრიალდა, შევახტი ზედ და ლაღად გავაქროლე. — ყოჩაღ, ყოჩაღ, ბარონ მიუნჰაუზენ! — ერთხმად მომაძახა ყველამ. ჯერ სიამოვნებით მივფრინავდი, მაგრამ შორიდან რომ გამოჩნდა მტრის ქალაქი, საშინელმა აზრმა შემიპყრო. — ეჰ, ჩემო თავო, — გავიფიქრე, — მიფრენით კი მიფრინდები, მაგრამ როგორღა მოახერხებ იქიდან თავის დაღწევას? მტრები ბევრს არ მოგიბოდიშებენ, გტაცებენ ხელს და, როგორც ჯაშუშს, პირველსავე სახრჩობელაზე ჩამოგკიდებენ. არა, ძვირფასო მიუნჰაუზენ, სანამ გვიანი არ არის, უკან უნდა დაბრუნდე! სწორედ იმწუთას ზარბაზნის ყუმბარამ ჩამომიქროლა,  რომელიც თურქებმა ჩვენი ბანაკისაკენ გამოისროლეს. დაუყოვნებლივ გადავჯექი ზედ და, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, უკანვე დავბრუნდი. 
რასაკვირველია, ამ გაფრენის დროს თურქების ყველა ზარბაზანი დავითვალე და ჩვენს სარდალს მტრის არტილერიის შესახებ ზუსტი ცნობები გადავეცი. 
თმებით
     საერთოდ ამ ომში ბევრი რამ შემემთხვა.ერთხელ თურქებს გავურბოდი.  მინდოდა ცხენით ჭაობზე გადავმხტარიყავი,მაგრამ ცხენმა ნაპირს ვერ მიაღწია და ლაფში ჩავცვივდით.  ჩავეფლეთ და ვიხრჩობით. ხსნა არსად ჩანს.ჭაობი სულ უფრო და უფრო ღრმად გვითრევდა. ცხენი მთლად დაიფარა აშმორებულ ლაფში. აი, მეც ვიმალები შიგ, მხოლოდ ჩემი პარიკის ნაწნავიღა მოჩანს. რა უნდა გვექნა? უთუოდ დავიღუპებოდით, რომ ხელში საკვირველი ძალა არა მქონდეს. მე ხომ ძალიან ღონიერი ვარ! მოვიკიდე ხელი ნაწნავში, მთელი ძალ-ღონით ავწიე ზევით და ადვილად ამოვათრიე ჭაობიდან ჩემი თავიც და ცხენიც, რომელსაც ფეხები მარწუხებივით მოვუჭირე. 
დიახ,  ჰაერში ავიტაცე ჩემი თავიც და ცხენიც. თუ ეს იოლი გგონიათ, თქვენ თვითონ სინჯეთ! 
ფუტკრის მწყემსი და დათვები
   მაგრამ ვერც ღონემ და ვერც სიმამაცემ ვერ მიხსნა საშინელი განსაცდელისაგან. ერთხელ ბრძოლაში თურქები შემომერტყნენ გარს და, თუმცა ვეფხვივით ვიბრძოდი, მაინც დამატყვევეს. გამთოკეს და მონად გამყიდეს. შავ დღეში ჩავვარდი.  მართალია,  მძიმე სამუშაო არ მქონდა,  მაგრამ მეტისმეტად მოსაბეზრებელი და მოსაწყენი იყო: ფუტკრის მწყემსად დამნიშნეს. ყოველ დილით ხონთქრის ფუტკარი ველზე უნდა გამერეკა, მთელი დღე მემწყემსა და საღამოთი ხელახლა შემემწყვდია სკაში. ჯერ ყველაფერი რიგზე იყო.  ერთხელ როგორღაც ფუტკარი დავთვალე და სათვალავში ერთი დამაკლდა. საძებრად წავედი.  ცოტა ხნის შემდეგ დაკარგული ფუტკარი დავინახე,  ორი დათვი დასხმოდა თავს და მის შუაზე გაგლეჯას ლამობდა.  მსუნაგებს უნდოდათ ტკბილი თაფლი ეგემნათ. ხელთ იარაღი არა მქონდა, გარდა ვერცხლის პატარა ნაჯახისა. მოვიქნიე ნაჯახი და გაუმაძღარ დათვებს ვესროლე, მათი შეშინება მინდოდა, რომ საწყალი ფუტკარი გამეთავისუფლებინა.  დათვები გაიქცნენ,  ფუტკარი განსაცდელისაგან ვიხსენი.  მაგრამ,  სამწუხაროდ,  ჩემ მკლავის ღონე ვერ მოვზომე და ისე მძლავრად მოვიქნიე ნაჯახი, რომ მთვარეს შევტყორცნე. დიახ, მთვარეს! თქვენ იცინით და თავს იქნევთ, მე კი მაშინ სიცილის გუნებაზე სულაც არ გახლდით. დავფიქრდი, რა მექნა? სად მეპოვა ისეთი მაღალი კიბე, მთვარეს რომ შევწვდომოდი?  
პირველი მოგზაურობა მთვარეზე
      ჩემდა ბედად მომაგონდა,  რომ თურქეთში რაღაც ისეთ ბოსტნეულს თესენ,რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და ხშირად ცამდე აღწევს ხოლმე.ეს თურქული ცერცვი გახლავთ.  დაუყოვნებლივ ჩავფალი მიწაში ერთი მარცვალი ცერცვი. მას მაშინვე დაეტყო ზრდა.ის სულ მაღლა-მაღლა ავიდა და მთვარესაც მალე მიაღწია. — ვაშა! -წამოვიძახე და ღეროს ავყევი. ერთ საათში მთვარეზე გავჩნდი.მთვარეზე ჩემი ვერცხლის ნაჯახის პოვნა ძალიან გამიჭირდა,  მთვარეც ვერცხლისაა,  ნაჯახიც ვერცხლისა.  ვერცხლს ვერცხლში კი ვერ გამოარჩევ.  მაგრამ ბოლოს,როგორც იქნა, ჩემი ნაჯახი დამპალი თივის ზვინზე ვიპოვე. გამიხარდა, გავირჭვე ქამარში და მიწაზე მინდოდა დავშვებულიყავ.მაგრამ ნუ იტყვით: ჩემი ცერცვის ღერო მზეს ისე გაეხმო, რომ ნელ-ნელა იფშვნებოდა. შეწუხებული კინაღამ ავტირდი.რა ვქნა? რა მეშველება? ნუთუ ვერასოდეს ვერ დავბრუნდები დედამიწაზე? ნუთუ მთელი ჩემი სიცოცხლე მთვარეზე უნდა გავატარო?  არა!  არაფრის გულისთვის! მივიჭერ თივის ზვინთან, დავგრიხე თივისაგან თოკი, მაგრამ გრძელი არ გამოვიდა. არა უშავს-მეთქი და იმ თოკით დავეშვი ძირს. მარცხენა ხელით თოკზე მივსრიალებდი, მარჯვენაში კი ნაჯახი მეჭირა. თოკი მალე გათავდა და დავრჩი ცასა და მიწას შუა გამოკიდებული. ეს საშინელება იყო, მაგრამ არ დავბნეულვარ. მაშინვე ავიღე ნაჯახი, თოკის ბოლოს მაგრა ჩავჭიდე ხელი, მოვჭერი მისი ზევითა ნაწილი და ქვევითას მივანასკვე. ამგვარად მომეცა უფრო დაბლა დაშვების საშუალება. მაგრამ მიწა ჯერ კიდევ შორს იყო ჩემგან. ბევრჯერ მომიხდა თოკის ზევითა ნაწილის მოჭრა და მისი ქვემოთ მინასკვა. ბოლოს იმდენად დავუახლოვდი მიწას, რომ ქალაქში სახლები და სასახლეები გავარჩიე. მიწამდის სულ რაღაც სამი თუ ოთხი მილი მაკლდა. უცებ,   ჰოი,  საშინელებავ! თოკი გაწყდა და მიწაზე ისეთი სიმძიმით დავეცი, რომ დიდი ორმო გავაჩინე. იმ ორმოს სიღრმე ნახევარი მილი მაინც იქნებოდა. გონს მოვედი, მაგრამ არ ვიცოდი იმ სიღრმიდან როგორ ამოვსულიყავი. მთელი დღე არც მისვამს, არც მიჭამია, განუწყვეტლივ ვფიქრობდი. ბოლოს, როგორც იქნა,  მოვიფიქრე: ფრჩხილებით ამოვჩიჩქნე საფეხურები და იმ კიბით ამოვედი მიწის ზედაპირზე. დიახ, მიუნჰაუზენი არსად დაიკარგება! 
დასჯილი სიხარბე 
მძიმე შრომით მოპოვებული გამოცდილება ადამიანს ჭკუას ასწავლის. მთვარეზე მოგზაურობის შემდეგ დათვებისაგან ფუტკრის დასაცავად საუკეთესო ხერხი მოვიგონე. ერთ საღამოს ურმის ხელნა თაფლით შევთხუპნე და ცოტა მოშორებით დავიმალე. დაღამდა თუ არა,  ურემს უზარმაზარი დათვი მიეპარა და ხელნაზე წასმულ თაფლს ხარბად დაუწყო ლოკვა. ტკბილმა მსუნაგი იმდენად გაიტაცა, რომ ხელნა ხახაში გადაუვიდა, შემდეგ კუჭში და ბოლოს უკან ისე გამოუვიდა, ვერც შეამჩნია. მეც ეს მინდოდა! მივირბინე ურემთან და დათვის უკან ხელნაში დიდი ლურსმანი ჩავაჭედე! დათვი ხელნაზე აგებული დარჩა.  ახლა ის ხელნას ვერც წინიდან წამოიძრობდა და ვერც უკნიდან.დილამდის ასე დავტოვე. დილით ეს ოინი თურქეთის ხონთქარმა შეიტყო და მოვიდა ასეთი საკვირველი მოხერხებით დაჭერილი დათვის სანახავად.  სულთანი დიდხანს უყურებდა დათვს და სიცილით კვდებოდა. 
ცხენი იღლიის ქვეშ, კარეტა მხრებზე 
თურქებმა მალე გამათავისუფლეს და სხვა ტყვეებთან ერთად პეტერბურგში დამაბრუნეს. მაგრამ მე გადავწყვიტე, რუსეთიდან წავსულიყავი, ჩავჯექი კარეტაში და სამშობლოსაკენ გავწიე. იმ წელიწადს მეტად ცივი ზამთარი იდგა: მზეც კი გაცივდა, ლოყები მოეყინა,  სურდო შეეყარა.  მზე როცა გაცივებულია,  სითბოს ნაცვლად სიცივეს გზავნის. ადვილად წარმოიდგენთ, რა საშინლად გავიყინებოდი იმ ჩემს კარეტაში. ვიწრო გზით მივდიოდით. გზას ორივე მხრივ მესერი ეკრა, მეეტლეს ვუბრძანე საყვირში ჩაებერა, რომ შემხვედრი კარეტები შეჩერებულიყვნენ,  ვიდრე ჩვენ გავივლიდით, სხვაგვარად ერთმანეთს გვერდს ვერ ავუქცევდით. მეეტლემ ჩემი ბრძანება აასრულა. საყვირს და ჩაჰბერა.  მაგრამ ხმა ვერ გააღებინა! ამ დროს ჩვენკენ მომავალი უზარმაზარი კარეტა გამოჩნდა. სხვა გზა არ იყო, გადმოვხტი კარეტიდან და ცხენები გამოვხსენი. დატვირთული კარეტა მხრებზე გავიდე,  ავწიე და მესერს გადავახტი;  მერე უკანვე გადმოვხტი, კარეტა ისევ გზაზე გადმოვიტანე და იმ კარეტას უკან მოვექეცი. კარგად მოგეხსენებათ ჩემი ღონის ამბავი, მაგრამ ეს მეც გამიჭირდა. ცოტათი სული რომ მოვითქვი,  ცხენები ამოვიიღლიავე   და ორი ახტომით ჩემს კარეტასთანგავჩნდი. მესერზე რომ ვხტებოდი, ერთმა ცხენმა ტლინკები ჰყარა. ამან ძალიან უხერხულ დღეში ჩამაგდო. უკანა ფეხები ჩემი ქურქის ჯიბეში ჩავაწყობინე და ისიც ძალაუნებურად დაწყნარდა. შემდეგ ცხენები კარეტაში შევაბი და მშვიდობიანად მივედი მახლობელ სასტუმრომდე. გათოშილსა და მძიმე შრომით დაქანცულს გათბობა და დასვენება მეტად მესიამოვნა. 
გალხობილი ბგერები 
    ჩემმა მეეტლემ საყვირი ღუმელთან ჩამოკიდა,  მერე გვერდით მომიჯდა და ტკბილი მუსაიფი გავაბით.უცებ საყვირმა დაუკრა. «ტრუ-ტუ-ტუ! ტრა-ტა-ტა! რა-რა-რა!» ძალიან გავოცდით, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რატომ დუმდა საყვირი ყინვაში, სითბოში კი თავისთავად რატომ დაიწყო დაკვრა.თურმე მეეტლის ხმა შიგ ჩაყინულიყო — სითბოში ბგერები გალხვა და თავისთავად აღმოხდა საყვირიდან. მთელი საღამო ვტკბებოდით მე და ჩემი მეეტლე ამ საამური მუსიკით. 
ქარიშხალი
    არ იფიქროთ, რომ  მხოლოდ ტყე-ველად ვმოგზაურობდი. არა, ზღვები და ოკეანეებიც ბევრჯერ გადამიცურავს და იქ, ვინ იცის, რა არ მინახავს! ერთხელ დიდი გემით ინდოეთს მივემგზავრებოდით, მშვენიერი დარი იდგა. ერთ კუნძულთან ღუზა ჩავუშვით, უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ქარიშხალი ისეთი ძალისა იყო, რომ კუნძულზე რამდენიმე ათასი  (დიახ, რამდენიმე ათასი!)  ხე ძირფესვიანად ამოგლიჯა და მაღლა,  ცაში აიტაცა.  უზარმაზარი ხეები, ასეულ ფუთს რომ  იწონიდნენ, ჰაერში ბუმბულივით დაფარფატებდნენ. როგორც კი ჩადგა ქარიშხალი,ყველა ხე თავის წინანდელ ადგილზე დაეცა და მაშინვე ფესვები გაიდგა.  ასე რომ,  კუნძულზე ქარიშხლის კვალიც არ დარჩენილა. საკვირველი ხეები ყოფილა, არა?    მხოლოდ ერთი ხე არ დაბრუნებულა უკან. როდესაც ხე ქარიშხალმა აიტაცა, მის ტოტებზე ერთი ღარიბი გლეხი და მისი ცოლი იყვნენ გასული, ზედ კიტრებს კრეფდნენ. თურმე იმ ადგილებში კიტრი ხეზე იზრდება.  კუნძულის მცხოვრებლებს კიტრი ყველაფერს ურჩევნიათ და სხვას არა ფერს ჭამენ. ის მათი ერთადერთი საზრდოა. ქარიშხლისაგან ატაცებულ საწყალ გლეხებს უნებლიეთ მოუხდათ ღრუბლებში მოგზაურობა. ქარიშხალი რომ ჩადგა, ხემ მიწაზე  დაშვება დაიწყო. გლეხი და მისი ცოლი მეტისმეტად მსუქნები იყვნენ.  მათ თავიანთი სიმძიმით ხე გადახარეს და ხე იქ კი არ დაეცა, სადაც წინათ იდგა, არამედ განზე. თანაც იქაურ მეფეს დაენარცხა და, საბედნიეროდ, ბუზივით გასრისა. — საბედნიეროდო? — იკითხავთ თქვენ, — რად იყო ეს ბედნიერება? იმიტომ რომ მეფე საშინელი მტარვალი იყო და სასტიკად აწამებდა კუნძულის მცხოვრებთ. მტარვალის დაღუპვით მეტად გახარებულმა მოსახლეობამ მეფის გვირგვინი მე შემომთავაზა: — კეთილო მიუნჰაუზენ, გთხოვთ, მეფედ დაჯექი! პატივი დაგვდე და იმეფე. შენ ისეთი ბრძენი და გამბედავი ხარ. მაგრამ მე გადაჭრით განვაცხადე უარი, რადგან კიტრის მოყვარული არა ვარ. 
ნიანგსა და ლომს შუა
ქარიშხალი რომ ჩადგა,  ავხსენით ღუზა და ორიოდე კვირის შემდეგ მშვიდობიანად მივაღწიეთ კუნძულ ცეილონს. ცეილონის გუბერნატორის უფროსმა ვაჟმა მთხოვა, სანადიროდ გავყოლოდი. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.  უახლოეს პატარა ტყეში წავედით.  საშინლად ცხელოდა.  უნდა გამოვტყდე, რომ ძალიან მალე დავიქანცე,  ამგვარ სიცხეს არ ვიყავი ნაჩვევი. გუბერნატორის ვაჟი კი  ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა იყო და სიცხეში თავს მშვენივრად გრძნობდა.  ბავშვობიდანვე ცეილონზე ცხოვრობდა,  იქაური მზე არაფრად მიაჩნდა და თამამად მიაბიჯებდა გახურებულ ქვიშაზე. მალე ჩამოვრჩი, უცნობ, უღრან ტყეში გზა ამებნა.  მივდივარ და მესმის შრიალი. მივიხედე: ჩემ წინ უშველებელი ლომი დგას, ხახა დაუღია და საცაა გამგლეჯს. რა ვქნა? თოფი წვრილი საფანტით მაქვს გატენილი, იმით კაკბის მოკვლაც გაჭირდება. ვესროლე, მაგრამ საფანტმა გააფთრებული მხეცი მხოლოდ გააღიზიანა და გაორკეცებული სიშმაგით გამოექანა ჩემკენ. თავზარდაცემულმა მოვკურცხლე,  თუმცა ვიცოდი,  რომ ამაო იყო:  საშინელი მხეცი ერთი ნახტომით დამეწეოდა და გამგლეჯდა. გავრბივარ,  მაგრამ სად გავრბივარ? აგერ, ჩემ წინ უზარმაზარ ნიანგს ხახა გაუღია და მზად არის ჩამყლაპოს. რა ვქნა?  უკან — ლომი, წინ — ნიანგი, მარცხნივ — ტბა, მარჯვნივ — შხამიანი გველებით სავსე ჭაობი. შიშისაგან ცოცხალმკვდარი ჩავიკეცე ბალახებში,  თვალი დავხუჭე აღსასრულის მოლოდინში. უცებ თითქოს თავზე რაღაცა გადამახტა და დიდი ხმაურით დაეცა. გავახილე თვალი და რას ვხედავ! ვაი, სიხარულო! თურმე ლომი, რომელიც მიწაზე დაცემულს უნდა დამძგერებოდა, თავზე გადამახტა და პირდაპირ ნიანგს ჩაუვარდა ხახაში! ერთი საშინელი მხეცის თავი მეორის ხახაში აღმოჩნდა და ორივენი აქეთ-იქით იქაჩებოდნენ, რომ ერთმანეთისაგან თავი დაეღწიათ. წამოვხტი, ვიძრე სანადირო დანა და ერთი დარტყმით გავაგდებინე ლომს თავი. ლომის უსულო ტანი ჩემს ფეხებთან დაეცა. უმალვე ხელი ვტაცე თოფს, ლომის თავს კონდახი დავცხე და კიდევ უფრო ღრმად ჩავტენე ნიანგის ხახაში. ასე რომ, ნიანგი ბოლოსა და ბოლოს გაიგუდა. გუბერნატორის ვაჟი რომ დაბრუნდა, ტყის ორ გოლიათზე გამარჯვება მომილოცა.
ვეშაპთან შეხვედრა 
      აბა, ამის შემდეგ ცეილონზე რა გამაჩერებდა?! ჩავჯექი სამხედრო გემში და ამერიკაში გავემგზავრე, სადაც არც ნიანგებია და არც ლომები. ათი დღე ისე მივცურავდით,  არაფერი შეგვმთხვევია,  მაგრამ ამერიკის მახლობლად მოულოდნელად დაგვატყდა თავს უბედურება: წყალქვეშა კლდეს შევეჯახეთ. დაჯახება ისეთი ძლიერი იყო,  რომ ანძაზე მჯდარი მეზღვაური სამი მილის მანძილზე გატყორცნა ზღვაში. წყალში რომ ვარდებოდა, მის გვერდით ჩაიქროლა წითელმა ყანჩამ. მეზღვაურმა ყანჩას ნისკარტში სტაცა ხელი და ზღვის ზედაპირზე ასე შეჩერდა. ამასობაში ჩვენც მივეშველეთ. იმ კლდეს ისე მოულოდნელად მივენარცხეთ,  რომ ფეხზე ვეღარ გავჩერდი, დაჯახებამ ზევით ამისროლა და თავი კაიუტის ჭერს მიმახლევინა. ამის გამო თავი მუცელში ჩამივარდა,  წავივლე    თმაში ხელი,  დავუწყე თავს ნელ-ნელა ამოწევა და რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც იქნა, ამოვათრიე. ის კლდე, რომელსაც ჩვენ დავეჯახეთ, თურმე კლდე კი არა, ზღვაზე მთვლემარე ვეშაპი ყოფილა! ჩვენს დაჯახებაზე ვეშაპს გამოეღვიძა და ისე გაბრაზდა, რომ კბილები ჩაავლო ხომალდის ღუზას და მთელი დღე დილიდან ღამემდის დაგვათრევდა ოკეანეზე. ბოლოს,  ჩვენდა საბედნიეროდ, ღუზის ჯაჭვი გაწყდა და ჩვენც გავთავისუფლდით ვეშაპისაგან. ამერიკიდან დაბრუნებისას კიდევ შევხვდით იმ ვეშაპს.  მომკვდარიყო და წყალზე გაშხლართულიყო ნახევარი მილის მანძილზე.  ასეთი უზარმაზარი ცხოველის გემზე ამოთრევა ფიქრადაც არ მოგვსვლია. მას მხოლოდ თავი მოვაჭერით. უნდა გენახათ ჩვენი აღტაცება, როდესაც გემბანზე ამოთრეული ვეშაპის ხახაში აღმოვაჩინეთ ჩვენი ღუზაც და ორმოცმეტრიანი ჯაჭვიც. ეს ყოველივე მოთავსებული იყო ვეშაპის ერთ გამოხრულ კბილის ღრუში. მაგრამ ჩვენი სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ჩვენს გემს უზარმაზარი ნახვრეტი აღმოაჩნდა. წყალი პირდაპირ ტრიუმს მოასკდა. გემი იძირებოდა. ყველა დაიბნა, აყვირდნენ, ატირდნენ, მაგრამ მე მალე მოვისაზრე რა უნდა მექნა: შარვალიც არ გამიხდია, ისე ჩავჯექ ნახვრეტში და ჩემი უკანა ნაწილით ჩავჭედე. წყლის დენა შეწყდა. გემი გადარჩა. 
თევზის კუჭში 
ერთი კვირის შემდეგ იტალიაში ვიყავით. მშვენიერი მზიანი დილა გათენდა. ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე წავედი საბანაოდ. წყალი თბილი იყო. მე ჩინებული ცურვა ვიცი და ნაპირიდან შორს გავედი. უცებ, ვხედავ, სწორედ ჩემკენ მოდის ხახადაღებული უზარმაზარი თევზი! რა ვქნა?  მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია.  მოვიბღუნძე და დაღებულ ხახაში შევსრიალდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავსხლტომოდი მის ბასრ კბილებს და პირდაპირ კუჭში ამომეყო თავი. ყველას როდი მოაგონდებოდა ასეთი გონებამახვილური ხერხი, მაგრამ მე საერთოდ ჭკუამახვილი კაცი ვარ და, როგორც იცით, მეტად მოხერხებული. თევზის მუცელში სიბნელე იყო გამეფებულიც. მაგრამ შიგ სასიამოვნოდ თბილოდა.  მე სეირნობა დავიწყე ამ საპყრობილეში, დავდიოდი წინ და უკან და მალე შევამჩნიე, რომ ეს თევზს მაინცდამაინც არ მოსწონდა. მაშინ განზრახ დავიწყე ფეხების ბაკუნი, გიჟივით ხტომა და ცეკვა, მინდოდა თევზი კარგა მაგრად გამემწარებინა. ტკივილისაგან შეწუხებულმა თევზმა უზარმაზარი თავი ამოყო წყლიდან. თევზი მალე შენიშნეს იტალიური გემიდან, რომელიც იქვე ახლოს მოდიოდა. მეც ეს მინდოდა!  მეზღვაურებმა თევზი მოკლეს ჰარპუნით,(ჰარპუნიზღვის ცხოველების საჭერი შუბისებური იარაღი.) შემდეგ აათრიეს გემბანზე და ბჭობა გამართეს, როგორ გაეჩეხათ ეს არაჩვეულებრივი თევზი. მე შიგ ვიჯექი და, გულახდილად მოგახსენებთ, შიშისაგან ვკანკალებდი: ვაი თუ თევზთან ერთად მეც დამჩეხონ მეთქი! რა საშინელება იქნებოდა! მაგრამ, საბედნიეროდ, ამცდა მათი ნაჯახები. როგორც კი ოდნავი შუქი გამოკრთა, ხმამაღლა მოვრთე ყვირილი წმინდა იტალიურ ენაზე ( მე ხომ მშვენივრად ვიცი იტალიური ენა): მოხარული ვარ, რომ  ასეთ კეთილ ადამიანებს გხედავთ, რომლებმაც სულის შემხუთველ საპყრობილედან გამათავისუფლეს-მეთქი. თევზის მუცლიდან ადამიანის ხმა რომ მოესმათ, მეზღვაურებს შიშისაგან ენამუცელში ჩაუვარდათ,  მაგრამ კიდევ უფრო გაოცდნენ,  როდესაც თევზის ხახიდან ვისკუპე და თავაზიანად მივესალმე. 
ჩემი საოცარი მსახურები 
გემი, რომელმაც გადამარჩინა, თურქეთის დედაქალაქისაკენ მიდიოდა.  
იტალიელებთან მოვხვდი თუ არა, ისინი მაშინვე დარწმუნდნენ, რომ შესანიშნავი ადამიანი ვიყავი და გემზე დარჩენა შემომთავაზეს. დავთანხმდი. ერთი კვირის შემდეგ თურქეთის ნაპირს მივადექით. მათმა ხონთქარმა ჩემი ჩასვლა რომ გაიგო, რა თქმა უნდა, სადილად მიმიწვია. თვითონ სასახლის კართან შემეგება და მომესალმა: — ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა მოგესალმოთ ჩემს ძველ სატახტო ქალაქში!  ხომ კარგად ბრძანდებით?  მე გამიგია თქვენი საგმირო საქმეების ამბავი და ამიტომ მინდა ერთი ძნელი საქმე მოგანდოთ. ამ საქმეს თქვენს მეტი ვერავინ შეასრულებს, რადგან დედამიწის ზურგზე თქვენა ხართ ყველაზე ჭკვიანი და მოხერხებული
ადამიანი. შეგიძლიათ თუ არა დაუყოვნებლივ გაემგზავროთ ეგვიპტეში? —  სიამოვნებით! —  მივუგე მას. —  ისე მიყვარს მოგზაურობა, რომ მზად ვარ თუნდაც ახლავე გავემგზავრო დედამიწის კიდეზე. ხონთქარს ჩემი პასუხი ძალიან მოეწონა და ისეთი დავალება მომცა, რომელიც საუკუნოდ საიდუმლოდ უნდა დარჩეს და ამიტომ არ შემიძლია რამე გიამბოთ. დიახ, ხონთქარმა უდიდესი საიდუმლო მანდო, ვინაიდან იცოდა, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე სანდო ადამიანი ვარ. მე თავი მდაბლად დავუკარი და გზას გავუდექი. ის იყო თურქეთის დედაქალაქს გავშორდი, რომ გზად ერთი კაფანდარა კაცი შემხვდა. კაცი არაჩვეულებრივი სისწრაფით მორბოდა. თითო ფეხზე თითო მძიმე საწონი ეკიდა, მაგრამ მაინც ისარივით მოქროდა. — საით? — ვკითხე მას, — რად მიგიბამს ფეხზე ეს საწონები? ხომ დაგიშლის სირბილს! — სამი წუთის წინ ვენაში ვიყავი, — მიპასუხა კაცმა სირბილშივე, — ახლა კი კონსტანტინეპოლში მივდივარ. რაიმე სამუშაო უნდა ვიშოვო.  საწონები იმიტომ მივიბი ფეხებზე, რომ ძალიან სწრაფად არ ვირბინო, სასწრაფო არაფერი მაქვსო. ეს საკვირველი მალემსრბოლი ძალიან მომეწონა და დავიქირავე. ისიც სიამოვნებით გამომყვა. მოვდივართ და გზის პირას კიდევ ერთ კაცს კაცი შევეყარეთ. მიწაზე ყური დაედო და რაღაცას უსმენდა. — აქ რას აკეთებ? — შევეკითხე მაშინვე. — ვუსმენ, როგორ იზრდება ბალახი მინდორში! — მერე,  — გესმის რამე? — ჩინებულად მესმის. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი რამ არის! — მაშ, გეთაყვა, ჩემთან იმსახურე. შენი მახვილი ყური შეიძლება გზაში გამომადგეს. ისიც დამთანხმდა და სამივენი გზას გავუდექით. სულ მალე ერთ თოფშემართულ მონადირეს გადავაწყდით. — მეგობარო, — მივმართე მას, — რას უნდა ესროლო? არც ნადირი ჩანს სადმე, არც ფრინველი. — როგორ არა, ბერლინში სამრეკლოს სახურავზე ბეღურა იჯდა   ვესროლე და პირდაპირ თვალში მოვარტყი საფანტი. თქვენ კარგად იცით, როგორ მიყვარს ნადირობა, გადავეხვიე იმ იშვიათ მსროლელს და იმასაც ვთხოვე ჩემთან ემსახურა. ის სიხარულით გამომყვა. ბევრი ქვეყანა და ქალაქი გავიარეთ და,  ბოლოს,  ერთ დიდ ტყეს მივადექით. ვხედავთ: გზის პირას უზარმაზარი კაცი დგას და ხელში გამოყულფული თოკი უჭირავს და მთელი ტყე იმ ყულფში მოუქცევია. — რას შვრები-მეთქი? — ვკითხე გოლიათს. — შეშის მოჭრა მინდოდა, მაგრამ ნაჯახი შინ დამრჩა და  მინდა უნაჯახოდ გავიდე იოლასო. — მომიგო. კაცმა თოკი მოსწია — უზარმაზარი მუხები ჯერ წკირებივით აცვივდნენ ჰაერში, და მერე მიწას დაენარცხნენ. მე, რასაკვირველია, ფული არ დავიშურე და გოლიათი მაშინვე მოვიწვიე სამსახურში. როდესაც ეგვიპტეში მივედით, ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, რომ ჩვენი კარეტები და ცხენები სულ ყირამალა გადადიოდნენ გზაზე. შორს შვიდი წისქვილი დავინახეთ,  წისქვილების ფრთები საშინელი სისწრაფით ბრუნავდა. მაღლობზე კაცი იდგა და მარცხენა ნესტოს საჩვენებელ თითს აჭერდა. რომ დაგვინახა, თავაზიანად მოიხადა ქუდი და ქარიშხალიც მაშინვე ჩადგა. — აქ რას აკეთებ? — ვკითხე გაკვირვებულმა. — ჩემი ბატონის წისქვილებს ვაბრუნებ! მაგრამ რომ არ დავამტვრიო, მხოლოდ ერთი ნესტოდან ვუბერავ. — მიპასუხა მან. «ეს კაცი გამომადგება,» — გავიფიქრე და მასაც ვთხოვე თან გამომყოლოდა. 
ჩინური ღვინო 
ხონთქრის დავალებები ეგვიპტეში დროზე შევასრულე.  ჩემმა გამჭრიახობამ აქაც მიშველა. ერთი კვირის შემდეგ ჩემი არაჩვეულებრივი მსახურების თანხლებით სატახტო ქალაქში დავბრუნდი. ხონთქარს ჩემი დაბრუნება გაუხარდა და ძალიანაც შემაქო ეგვიპტეში საქმეების მოგვარებისათვის. — ძვირფასო მიუნჰაუზენ, თქვენ ჩემს ყველა ვეზირზე უფრო ჭკვიანი ხართ! — მითხრა ხონთქარმა და მაგრად ჩამომართვა ხელი. — დღეს სადილად მეწვიეთ! სადილი მეტად გემრიელი იყო, მაგრამ სუფრაზე ღვინო არ ჩანდა, რადგან მათ კანონი ღვინის სმას უკრძალავს.  ძალიან დავღონდი,  მაგრამ სადილის შემდეგ ხონთქარმა თავის სამუშაო ოთახში შემიყვანა, გააღო საიდუმლო განჯინა და ბოთლი გამოიღო. — ჩემო ძვირფასო მიუნჰაუზენ! ასეთი მშვენიერი ღვინო, ალბათ, ჯერ არ გაგისინჯავთ, — მითხრა და ჭიქა ამივსო. ღვინო, მართლაც, მშვენიერი გამოდგა, მაგრამ, მოვსვი თუ არა, განვაცხადე, ჩინეთში ბოგდიხან ფუ-ჩანს გაცილებით უკეთესი ღვინო აქვს-მეთქი. — ძვირფასო მიუნჰაუზენ! — წამოიძახა ხონთქარმა... — თქვენი ყოველი სიტყვა მჯერა, რადგან თქვენზე მართალი კაცი მთელ დედამიწაზე არ მეგულება, მაგრამ, გეფიცებით, ახლა მართალს არ ამბობთ: ამაზე უკეთესი ღვინო არსად არ არის! -დაგიმტკიცებთ, რომ არის! — მიუნჰაუზენ, ტყუილს ამბობთ! — არა, სრულ სიმართლეს მოგახსენებთ. კაცი არ ვყოფილვარ, თუ ერთ საათში  ბოგდიხანის სარდაფიდან ერთი ბოთლი ისეთი ღვინო არ მოგართვათ, რომ იმასთან შედარებით თქვენი ღვინო ძმრად მოგეჩვენოთ! — მიუნჰაუზენ, ეგ მეტისმეტია! ყოველთვის ალალმართალ კაცად მიმაჩნდით, 
ახლა კი ვრწმუნდები, რომ უსინდისო მატყუარა ყოფილხართ! —  მაშ თუ ეგრეა,  მოვითხოვ დაუყოვნებლივ დამამტკიცებინოთ ჩემი სიმართლე! — თანახმა ვარ! — თქვა ხონთქარმა, — თუ ოთხი საათისათვის ჩინეთიდან ერთი ბოთლი საუკეთესო ღვინო არ მოგიტანიათ, ბრძანებას გავცემ თავი მოგკვეთონ. — კეთილი, —მივუგე მე, — პირობაზე თანახმა ვარ. მაგრამ თუ ზუსტად ოთხ საათზე ღვინო სუფრაზე მოგერთვათ, მაშინ თქვენი სალაროდან იმდენი ოქრო მომეცით, რასაც ერთი კაცი ზიდავს. ხონთქარი დათანხმდა. ჩინეთის ბოგდიხანს მივწერე წერილი და ვთხოვე ერთი ბოთლი ისეთი ღვინო გამოეგზავნა, სამი წლის წინათ რომ გამიმასპინძლდა. ვწერდი: თუ ამ თხოვნაზე უარს მეტყვით, თქვენ მეგობარ მიუნჰაუზენს ჯალათის ხელით სიკვდილი ელის-მეთქი. წერილი რომ დავწერე, უკვე ოთხის ხუთი წუთი იყო. დავუძახე ჩემს მალემსრბოლს და ჩინეთის დედაქალაქს გავგზავნე. მან ფეხებზე მოიხსნა საწონები და იმწამსვე გაქრა. დავბრუნდი ხონთქრის სამუშაო ოთახში.  მალემსრბოლის მოლოდინში ის ბოთლი სულ დავცალეთ. გავიდა ოთხის მეოთხედი, საათმა ოთხის ნახევარიც დარეკა, სამი მეოთხედიც— ჩემი მალემსრბოლი კი არსად ჩანს.  ცუდ გუნებაზე დავდექი,  მით უმეტეს,  მაშინ,  როდესაც შევნიშნე,  რომ ხონთქარმა ზარი აიღო და ჯალათისათვის უნდა დაერეკა. —ნება მომეცით ბაღში სუფთა ჰაერზე გავიდე, — ვუთხარი ხონთქარს. — მიბრძანდით, — მიპასუხა ხონთქარმა ზომაზე მეტად თავაზიანი ღიმილით. მაგრამ ბაღში რომ გავედი, ფეხდაფეხ ვიღაც კაცები გამომყვნენ. ხონთქრის ჯალათებად შევიცანი.  ისინი მზად იყვნენ ხელი ეტაცათ ჩემთვის და თავი მოეკვეთათ! სასოწარკვეთით დავხედე საათს.  ოთხს ხუთი წუთი აკლდა!  ნუთუ მხოლოდ ხუთი წუთის სიცოცხლე დამრჩა?  ეს საშინელებაა! დავუძახე ჩემს მსახურს, რომელსაც მინდორში ბალახის ზრდის ხმა ესმოდა. ვკითხე, ესმის თუ არა ჩემი მალემსრბოლის ფეხის ხმა. მან მიწას დააყურა და მითხრა: სამწუხაროდ, ზარმაც მალემსრბოლს სძინავსო. — როგორ თუ სძინავს?! — დიახ, სძინავს, მისი ხვრინვა ძალიან შორიდან მესმის. თავზარი დამეცა და მუხლი მომეკვეთა.  კიდევ ერთი წუთიც და სრულიად უსახელოდ დავიღუპებოდი. მეორე მსახურს დავუძახე, იმას, რომელიც ბეღურას  იღებდა მიზანში. ის სწრაფად ავარდა მაღალ კოშკზე, ცერებზე შედგა და შორს გაიჭვრიტა. —მოჩანს თუ არა ის უსინდისო? — ვკითხე ბრაზმორეულმა. — ვხედავ, ვხედავ, პეკინის მახლობლად მუხის ქვეშ წამოწოლილა და არხეინად ხვრინავს, გვერდით ბოთლი აგდია...…… დამაცა, ახლავე გავაღვიძებ. მან იმ მუხის წვერს ესროლა, რომლის ქვეშაც ეძინა მალემსრბოლს. რკო, ფოთლები და ტოტები მძინარეს ზედ დაეყარა. მალემსრბოლი წამოხტა, თვალები ამოიფშვნიტა და ისე მოკურცხლა, თითქოს ცეცხლი წაჰკიდებოდეს, ოთხ საათს რაღაც ნახევარი წუთი აკლდა, როდესაც სასახლეში შემოვარდა და ერთი ბოთლი ჩინური  ღვინო მოიტანა. წარმოიდგინეთ,  რა სიხარული განვიცადე!   ხონთქარმა ღვინო რომ გასინჯა, აღტაცებით თქვა: —  ძვირფასო მიუნჰაუზენ!  ნება მიბოძეთ მივითვისო ეს ბოთლი.  მე მარტომ მინდა გამოვცალო.  არც კი ვიცოდი,  ქვეყანაზე ასეთი ტკბილი და გემრიელი ღვინო თუ მოიპოვებოდაო! მან ბოთლი განჯინაში ჩაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და სასწრაფოდ ბრძანა მოლარის მოყვანა. — მე ნებას ვაძლევ ჩემს მეგობარ მიუნჰაუზენს ჩემი საწყობიდან იმდენი ოქრო წაიღოს, რამდენსაც ზიდავს ერთი კაცი, — უთხრა მოლარეს ხონთქარმა. მოლარემ მდაბლად დაუკრა თავი და ხონთქრის სარდაფებში წამიყვანა, რომლებიც გამოჭედილი იყო ძვირფასი განძეულობით. დავუძახე ჩემს გოლიათს.  მან წამოიკიდა,  რაც ხონთქრის სარდაფებში ოქრო იყო და ზღვას მივაშურეთ. დავიქირავე დიდი გემი და ოქროთი ავავსე. სანამ ხონთქარი გონს მოვიდოდა და მთელი განძის ჩამორთევას ბრძანებდა, ავუშვით იალქნები და ღია ზღვაში გავედით. 
მდევრები 
მოხდა ის რისაც მეშინოდა! მოვშორდით თუ არა ნაპირს, მოლარე თავის მბრძანებელთან გაიქცა და მოახსენა:  თქვენი სარდაფები მიუნჰაუზენმა სულ ერთიანად გაძარცვაო.  ხონთქარი განრისხდა და მთელი თავისი სამხედრო ფლოტი დამადევნა. იმდენი სამხედრო გემის დანახვამ, მართალი გითხრათ, ძალიან შემაშინა. — ეჰ, მიუნჰაუზენ! — ვთქვი გულში. — დადგა   შენი აღსასრულის დღე! უკვე ვეღარაფერი გიხსნის, ფუჭია შენი მოხერხებულობა! ვგრძნობდი,  რომ ჩემი თავი,  რომელიც ძლივს გადარჩა და ახლა საიმედოდ მედგა მხრებზე, შესაძლოა ხელახლა მოსცილებოდა ჩემს სხეულს. უცებ ჩემთან მოიჭრა ის მსახური, რომელსაც მეტად ძლიერი ნესტოები ჰქონდა. — ნუ შიშობთ! ისინი ვერ დაგვეწევიან! — მითხრა სიცილით და გემბანზე გაიქცა, ერთი ნესტო თურქეთს მიუშვირა, მეორე ჩვენს იალქნებს. ისეთი საშინელი ქარი ააყენა,  რომ თურქეთის მთელი ფლოტი ერთი წუთისშემდეგ ისევ უკან დაბრუნდა თავის ნავსადგურში. ჩვენი გემი კი მისი შემწეობით სწრაფად მიექანებოდა. ერთი დღის შემდეგ კიდეც მივაღწიეთ იტალიას. 
მოხდენილი გასროლა 
     იტალიაში მდიდრულად ვცხოვრობდი, მაგრამ წყნარ, მშვიდობიან ცხოვრებას ვერ ვეგუებოდი. ახალი ფათერაკები და გმირობა მწყუროდა. ამიტომ ძალიან გამიხარდა,  როდესაც გავიგე,  იტალიის მახლობლად ახალი ომი ატყდა: ინგლისელები ესპანელებს ეომებიანო. დაუყოვნებლივ მოვახტი ცხენს და ბრძოლის ველზე გავიჭერ. ესპანელებს ინგლისის ციხესიმაგრე გიბრალტარისათვის შემოერტყათ ალყა. ცხადია, მაშინვე ალყაშემორტყმულებთან ამოვყავი თავი. იმ ციხესიმაგრის უფროსი გენერალი ჩემი კარგი მეგობარი იყო. მან დიდი სიამოვნებით მიმიღო და, რადგანაც კარგად იცოდა, რომ საქმიან და სასარგებლო რჩევას მივცემდი, დამათვალიერებინა მის მიერ ამართული სიმაგრეები. გიბრალტარის კედელზე მდგომმა დურბინდში შევნიშნე,  რომ ესპანელები ზარბაზანს სწორედ იმ ადგილს უმიზნებდნენ, სადაც ჩვენ ორნი ვიდექით. იმწუთსვე განკარგულება გავეცი იმ ადგილას დიდი ზარბაზანი დაედგათ. — რისთვის? — იკითხა გენერალმა. — ახლავე დაინახავთ! — ვუპასუხე მე. მოაგორეს თუ არა ზარბაზანი ჩემთან, მტრის ზარბაზნის ლულას ვუმიზნე და, როცა ესპანელების მეზარბაზნემ თავისი ზარბაზნის გასროლა დააპირა, მე ბრძანება გავეცი. — ისროლეთ! ორივე ზარბაზანმა ერთად იგრიალა. როგორც ველოდი, ისე მოხდა. დანიშნულ წერტილში ორი  ყუმბარა — ჩვენი და მტრისა —  საშინელი ძალითდაეჯახა ერთმანეთს და მტრის  ყუმბარა უკანვე გაფრინდა. ხომ მიხვდით: ის ყუმბარა უკან დაუბრუნდათ ესპანელებს! ყუმბარამ თავი წააგლიჯა ესპანელ მეზარბაზნეს და თექვსმეტ ჯარისკაცს, სამ გემს მოაგლიჯა იალქნები და აფრიკისაკენ გააქანა. ამის მერე ორას თოთხმეტი მილი კიდევ იფრინა და საწყალი გლეხის ქოხის სახურავზე დაეცა. იმ ქოხში მოხუცი დედაკაცი ცხოვრობდა. პირაღმა იწვა და ეძინა, პირი კი ღია დარჩენოდა. ყუმბარა სახურავიდან ქოხში ჩავარდა, იმ დედაკაცს შიგ ხახაში ჩაუვარდა, დარჩენილი უკანა კბილებიც ჩაუმტვრია და ყელში გაეხირა. ამ დროს ქოხში მისი ქმარი შემოვარდა; ის საზრიანი და ფიცხი კაცი იყო. ჩაუყო ყელში ხელი, მაგრამ ყუმბარა ადგილიდან ვერ დაძრა. ადგა და ბურნუთი აყნოსვინა. დედაკაცმა ისე მაგრად დააცემინა ცხვირი, რომ ყუმბარა ფანჯრიდან ქუჩაში გავარდა! აი, რამდენი უბედურება მიაყენა ესპანელებს საკუთარმა ყუმბარამ, რომელიც მე უკანვე დავუბრუნე. არც ჩვენს    ყუმბარას დაუყრია    ესპანელებისათვის სიკეთე:  სამხედრო გემს
მოხვდა და ჩაძირა, გემზე კი ორასი მეზღვაური იყო. ასე რომ,  ეს ომი ინგლისელებმა უმთავრესად ჩემი მოხერხებულობის წყალობით მოიგეს. — გმადლობთ, ძვირფასო მიუნჰაუზენ, — მითხრა ჩემმა მეგობარმა გენერალმა და მაგრად ჩამომართვა ხელი, —  შენ რომ არა,  დავიღუპებოდით!  შენი შემწეობით ბრწყინვალედ გავიმარჯვეთ! — არაფერია, არაფერი! — ვუპასუხე მე, — ყოველთვის მზად ვარ მეგობრების
სამსახურისათვის. მადლობის ნიშნად ინგლისელ გენერალს ჩემთვის პოლკოვნიკობა უნდოდა ებოძებინა, მაგრამ მე, როგორც მოხათრებულმა კაცმა,  ამ დიდ პატივზე უარი ვთქვი. ერთი ათასის წინააღმდეგ ასე განვუცხადე გენერალს: — მე ჩინ-მედლები არ მინდა! მეგობრულად, უანგაროდ გეხმარებით. მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისელები ძალიან მიყვარს. —გმადლობთ, მეგობარო! — მითხრა გენერალმა და ხელახლა ჩამომართვა ხელი. —შემდგომაც მოგვეხმარე, თუ შეიძლება. — დიდი სიამოვნებით, — ვუპასუხე მოხუც გენერალს და მხარზე ხელი დავკარი, — სიამოვნებით ვემსახურები ბრიტანელ ხალხს. მალე მომეცა ჩემი მეგობარი ინგლისელების დახმარების შემთხვევა. გადავიცვი ესპანელი მღვდლის ტანსაცმელი და, რომ დაღამდა, მტრის ბანაკში შევიპარე. ესპანელები ღრმა ძილში იყვნენ და არავის შევუმჩნევივარ.  ჩუმად მივეპარე დიდ ზარბაზნებს და სასწრაფოდ გადავისროლე ნაპირიდან შორს, ზღვაში. ეს საქმე არც ისე იოლი გამოდგა, რადგან სამასზე მეტი ზარბაზანი იყო. ზარბაზნებს რომ მოვრჩი,  გამოვათრიე ბანაკიდან ყველა ურიკა,  ოთხთვალა, საზიდარი და სხვა, რაც კი რამ ისეთი იყო იმ ბანაკში, ერთად მოვაგროვე და ცეცხლი წავუკიდე. ისე მოედო ცეცხლი, როგორც დენთს. საშინელი ხანძარი გაჩნდა. ესპანელებს გაეღვიძათ და თავგზააბნეულები აქეთ-იქით დარბოდნენ. შიშისაგან მოეჩვენათ, რომ ღამით მათ ბანაკში ინგლისელების შვიდი ან რვა ლეგიონი თარეშობდა. ვერასგზით ვერ წარმოიდგენდნენ, თუ ერთი ადამიანი მოახერხებდა იქაურობის ასე განადგურებას. შეშინებული ესპანელების მთავარსარდალი გაიქცა და ორ კვირას შეუჩერებლივ ირბინა, სანამ მადრიდს არ მიაღწია. ჯარიც მას გაჰყვა უკან მოუხედავად. ამგვარად,  ჩემი სიმამაცის წყალობით ინგლისელებმა საბოლოოდ დაამარცხესმტერი. — რას ვიზამდით, მიუნჰაუზენი რომ არ ყოფილიყო?  —ამბობდნენ ისინი, სათითაოდ მართმევდნენ ხელს და ინგლისის ჯარის მხსნელს მიწოდებდნენ. ამ დახმარებისათვის ინგლისელები ისე მიმადლოდნენ, რომ ლონდონში მიმიპატიჟეს. სიამოვნებით დავსახლდი ინგლისში, ის კი ვერ გავითვალისწინე, რა ფათერაკები მელოდა ამ ქვეყანაში. 

ადამიანი-ყუმბარა 


  ფათერაკი,  მართლაც, ბევრი შემხვდა. ერთხელ ლონდონის მიდამოებში ვსეირნობდი.  ძალიან დავიქანცე და დასასვენებლად წამოწოლა მოვინდომე. ზაფხულის დღე იყო. მზე დაუნდობლად აცხუნებდა. ვოცნებობდი, სადმე ხის ჩრდილში სიგრილე მეპოვნა. მაგრამ მახლობლად ხე არსად ჩანდა. სიგრილის ძებნაში ძველ ზარბაზანს წავაწყდი, შევძვერი მის ლულაში და მაშინვე მკვდარივით ჩამეძინა. უნდა    გითხრათ,  რომ სწორედ იმ დღეს ინგლისელები ესპანელების ჯარზე ჩემს გამარჯვებას ზეიმობდნენ და გახარებულები ზარბაზნებს ისროდნენ. მეზარბაზნემ ის ზარბაზანიც გაისროლა, რომელშიც მე მეძინა. მე ისე გავვარდი ზარბაზნიდან, როგორც კარგი ყუმბარა, და მდინარის გაღმა ვიღაც გლეხის ეზოში ჩავვარდი. ჩემდა საბედნიეროდ, ეზოში რბილი თივა იყო დაგროვილი. თავით სწორედ თივის ზვინში ჩავერჭე. სიკვდილს გადავრჩი, მაგრამ ცნობიერება დავკარგე. სამ თვეს უგონოდ ვიწექი. შემოდგომაზე თივა გაძვირდა,  პატრონმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.  მუშებმა ზვინს ფიწლებით დაუწყეს დაშლა. მათ ყვირილზე გამეღვიძა. ძლივძლივობით ამოვძვერი ზვინის თავზე,  მაგრამ ნამძინარევი უნებურად ქვევით დავგორდი,  პატრონს თავზე დავეცი და კისერი სასიკვდილოდ მოვტეხე. მაინცდამაინც არავის უგლოვია,  ვინაიდან უსინდისო,  ძუნწი იყო და მუშებს ფულს არ აძლევდა. გაუმაძღარი ვაჭარი თივას მხოლოდ მაშინ ყიდდა, როცა ძალიან გაძვირდებოდა. 


წყარო:
კატეგორია: წიგნები ნადირობაზე | დაამატა: Admin (04.04.2012)
ნანახია: 5584 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 15
    სტუმარი: 14
    მონადირე: 1
    grishk100

    დღეს საიტზე იყვნენ
    western, grishk100, chogia, giohunt1982, ნუგომონადირე, zarna

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика