წმინდა ნიკოლოზის მთელი ცხოვრება ერთი დიდი სასწაულია: თავიდანვე ღვთის რჩეულთა შორის იყო-გულმხურვალე ლოცვის შედეგად მიმადლებულმა, შობისას დედა განკურნა მძიმე დაავადებისაგან, ხოლო ნათლობისას რამდენიმე საათის განმავლობაში ემბაზში სხვების დაუხმარებლად იდგა ფეხზე. ოთხშაბათსა და პარასკევს დედის რძეს მხოლოდ საღამოობით იხმევდა ხოლმე. სიყრმიდანვე უყვარდა ლოცვა და ეკლესიაში სიარული. გულმოდგინედ ისმენდა და შეისისხლხორცებდა სახარებას. არასოდეს ერეოდა თანატოლების თამაშში, სამაგიეროდ, არც ერთ უპოვარსა და გაჭირვებულს ისე არ ჩაუვლიდა, რომ არ შეწეოდა და სანუგეშო სიტყვა არ ეთქვა მათთვის.
მდიდარი და გულმოწყალებით გამორჩეული მშობლების შვილმა მათგანვე ისწავლა, რომ ყოველ ადამიანში, რაც არ უნდა ცოდვილი ყოფილიყო, მოყვასი დაენახა, შეეყვარებინა მასში ღვთის ხატება, მაგრამ შეძულებოდა ცოდვა და ყველანაირად შებრძოლებოდა მას, როგორც ბოროტის გამოვლინებას. სწორედ მშობლებმა აღზარდეს იგი ქრისტეს ჭეშმარიტ მხედრად და მართლმადიდებლური სწავლების ერთგულ დაუღალავ მცველად.