05:38:11
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
ფრინველთა მიგრაციის გზები საქართველოში
დათო_მონადირედრო: პარასკევი, 12.08.2011, 18:13:46 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ფრინველთა მიგრაციის გზები საქართველოში

ძირითადი ისტორიული საჰაერო გზა,რომლითაც ხდება ფრინველთა გადაფრენა საქართველოზე გავლით,არის შავი ზღვის სანაპირო გზა. ამ გზით ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირუკუ, მიფრინავს ფრინველთა სხვადასხვა სახეების უდიდესი რაოდენობა. შავი ზღვა-კავკასიის ზღვისპირეთის სანაპირო გადასაფრენი გზა მიემართება ქერჩის სრუტედან შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით, გაივლის საქართველოს მთელ ზღვისპირეთს და გრძელდება მცირე აზიის, ეგვიპტისა და აფრიკისკენ.
ამ გზას უერთდებიან ან მისგან სხვადასხვა მხრისაკენ განშტოვდებიან ფრინველთა ზოგიერთი სახეების გადაფრენის ცალკეული, მეორეხარისხოვანი გზები.ეს ფრინველები უერთდებიან იმ ფრინველთა საერთო ნაკადს, ან შორდებიან მას სახეობის ბიო-ეკოლოგიურ თავისებურებებთან ოვანი ქარავნები.
ტყის ქათმები, გადაიფრენენ რა საქართველოს თბილჰავიან ზღვისპირეთს,პირიქით, არ უერთდებიან ძირითადი გზით მიმავალ ფრინველებს,არამედ თანდათან,დაფანტულად,ადგილს გადაინაცვლებენ სამხრეთისაკენ და აქ ნორმალურად აზამთრებენ.მშრალი და თბილი ამინდის დროს, ტყის ქათმები გადადიან მთის კალთების ნესტიან, ტყით დაფარულ ხეობებში, ხოლო როცდესაც ამ ადგილებში აცივდება კვლავ ზღვისპირეთში ჩადიან. ჭაობიან ნესტიან ფერდობებზე.
მეორეს მხრივ, შავი ზღვის ძირითად გზას ჩამოცილდებიან მეორეხარისხოვანი საჰაერო გადაფრენის შტოები, რომლებსაც მრავალი კეთილშობილი იხვი, რუხი ბატი, თეთრშუბლა ბატი და სხვა ფრინველები მიჰყვებიან საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანის შესაფერის ტერიტორიებზე დროებით გაჩერებისა,კვებისა ან დაზამთრების მიზნით. შავი ზღვის ეს მეორეხარისხოვანი განივი განშტოება იწყება დაახლოებით, სამურზაყანოს ჭაობიანი დაბლობიდან (გუდავა,გაგიდა) და განსაკუთრებით პალიასტომის ტბის მიდამოებიდან (ქ.ფოთის მახლობლად), სადაც წინათ იმყოფებოდა (ამჟამათ ძლიერ შეკვეცილი), მრავალნაირი წყლის ფრინველის დიდი საზამთრე ადგილი.

საჰაერო გზა მთავარ ქედზე

ფრინველთა გადაფრენის საქართველოს ეს მეორე მნიშვნელოვანი გზა იწყება ქ.ორჯონიკიძის მხრიდან მდ. თერგის დინების გასწვრივ, გადადის ჯვარისა და გუდაურის უღელტეხილზე, მიემართება მდინარეების თეთრი და შავი არაგვის გაყოლებით, ჩადის მტკვარზე და გარდაბნის ველის შემდეგ, მიჰყვება ამ მდინარის დინებას სამხრეთ-აღმოსავლეთით, ძირითად საზამთრე ადგილამდე, ლენქორანთან, ყიზილ-აგაჩის ყურეში და ირანული ტალიშის საზღვრებამდე.
ამ გზიდან, ისევე როგორც შავი ზღვის გზიდან, არსებობს განშტოებანი, განივი საჰაერო გზები. ზოგი მათგანი, დასვენებისა და კვების მიზნით დროებითი გაჩერების გზებს წარმოადგენს, სხვებს ფრინველთა ზოგიერთი სახეები მიჰყავთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ შემთხვევით ან მუდმივ საზამთრო ადგილებზე. მეორე ძირითადი გზით ჩვენს ქვეყანაში გავლით, მიფრინავენ მწყერების და მათი მუდმივი თანამგზავრების, კვირიონების დიდი მასები.
უნდა ითქვას, რომ გადაფრენა შავი ზღვა-კავკასიის გზით გაცილებით უფრო მდიდარია ფრინველთა სახებით და უფრო დიდი მაშტაბებით წარმოებს, ვიდრე მდ. მტკვრის ხეობით.

გადაფრენა მაღალ მთებზე

გარდა დასახელებული ორი ძირითადი გადაფრენის გზისა, საქართველოს ფარგლებში კავკასიონის ქედის რამდენიმე ადგილას, მის უღელტეხილებთან არსებობს ფრინველთა გადაფრენის გარკვეული, მუდმივი, დამხმარე, მეორეხარისხოვანი გზები:
1)სანჭარას უღელტეხილის რაიონი, რომლითაც ფრინველები მოფრინავენ ჩრდიოლეთიდან მდ. ზელენჩუკის, ბელაიას, ლაბას დინების გაყოლებით, ხოლო სამხრეთისაკენ მდ. ბზიფის სისტემის გასწვრივ.
2)ასეთივე რაიონი გრიბზას უღელტეხილთან.
3)ქლუხორის უღელტეხილის რაიონი, რომლისკენაც ფრინველები მიფრინავენ მდ. ყუბანის და თებერდის ველებით, ხოლო ზღვისკენ გზას მდ. კოდორით აფხაზეთში.
4)უღელტეხილები ბალყარეთიდან სვანეთში (მთა დიხტაუს ახლოს, სიმაღლე5198მ.)ტვიბერისა და მესტიის რომლებისკენაც ფრინველები მიფრინავენ მდ. ჩერეკის (ჩრდილოეთის ფერდობებზე) და მდ. ენგურის (სამხრეთ ფერდობზე) დინებათა გზით.

ზოგი რამ ფრინველთა გადაფრენის შესახებ

საქართველოს სანადირო და სხვა სასარგებლო ფრინველთა დიდი რაოდენობა მიმოფრენას აწარმოებს ყოველწლიურად: გაზაფხულზე სამხრეთიდან-ჩრდილოეთისაკენ, ხოლო შემოდგომაზე ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ.
ფრინველთა ყოველწლიურ გადაფრენას ადამიანები უძველესი დროიდან იცნობენ. მას დიდ ყურადღებას აქცევდნენ არა მარტო საბერძნეთისა და რომის, არამედ სირიის, ეგვიპტისა და სხვა უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის სწავლულები.
მიუხედავად ამისა, უკანასკნელ დრომდე, როდესაც მეცნიერებამ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ, ერთიანი მეცნიერული აზრი ფრინველთა ყოველწლიური მიგრაციის შესახებ კიდევ არ არის გამომუშავებული. ამის შესახებ მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი არსებობს.
სინამდვილესთან ყველაზე უფრო ახლოს ჩვენ ვთვლით აზრს იმის შესახებ, რომ მიმოფრენის უმთავრესი მიზეზია ჩრდილოეთში საკვების ნაკლებობა ზამთარში, ხოლო სიჭარბე ზაფხულში დაგადაფრენისადმი თანდაყოლილი ჩვევა (ინსტიქტი, მემკვიდრეობით მირებული რეფლექსები) შეძენილი ფრინველებია მიერ მათი დასახელებისა და არეალის სივრცის გაფართოების დროს.
”არც ერთი ფრინველი,_ ამბობს ორნიტოლოგი ალმუტი, არ ბრუნდება გაზაფხულზე მანამ, სანამ მისი საკვები არ გამოჩნდება”.
ზამთარში ჩვენში თავისუფლად მოსაპოვებელი საკვების დიდი სიმცირეა, დიდი თოვლისა და ყინვების გამო ფრინველები ჩრდილოეთში შიმშილისაგან განწირულნი არიან სიკვდილისათვის და ამიტომ რჩება მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი გადაფრინდნენ სამხრეთში, სადაც ამ დროს ბევრი და მსუყე საკვებია.
უნდა ითქვას, რომ, გარდა მოფრენის ვადებზე მათ სხეულსი სქესობრივი მომწიფების სერიოზული გავლენისა, განსაკუთრებით ფრინველთა საგაზაფხულო მოფრენის დროს, ძირითადი მიზეზი მაინც კვების, საზრდოს მოპოვების საკითხია.
ჩვენი მონადირეებისათვის საინტერესოა იმის ცოდნა, თუ რა გზები არსებოს ჩვენში, რომლითაც მიმოფრენენ გადამფრენი ფრინველები.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს მიმოფრენის ორი უმთავრესი გზა, პირველი და ყველაზე დიდი შავი ზრვის სანაპირო საჰაერო გზაა, რომელიც ჩრდილოეთიდან-სამხრეთით და პირუკუ მიემართება. ამ გზით მიფრინავს ფრინველთა სხვადასხვა სახეობის უდიდესი რაოდენობა. ესენი არიან როგორც წყალში მოცურავენი, ისე სხვა ფრინველები: კეთილშობილი იხვები (გარეული, ნაცარა, კუდსადგისა, შუბლთეთრა, ცხვირფარა, პატარა იხვინჯები), რუხი ბატი, ტყის ქათამი, მწყერი, ყველა სახის ყანჩა, ჭყიმპო, კვირიონი, თოლია და სხვა ფრინველები, მათ შორის მტაცებლებიც.
შავი ზღვა-კავკასიის ზღვისპირეთი სანაპირო გადასაფრენი გზა მიემართება ქერჩის სრუთიდან შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებით, გაივლის საქართველოს მიელ ზღვისპირეთს და გრძელდება მცირე აზიის, ეგვიპტისა და აფრიკისაკენ.
შავი ზღვის სანაპიროს 5-10 კმ-ის სიგანის დაბლობის ზოლი, ზოგჯერ 25 კმ-მდე ფართოვდება, ამ გზაზე მოძრაობენ გადამფრენ ფრინველთა გუნდები.
აქედან სხვადასხვა მიმართულებით განშტოვდება ცალკეული მეორეხარისხოვანი გზები. მიმომფრენი ფრინველები უერთდებიან იმ ფრინველთა საერთო ნაკადს, რომლებიც გადაიფრენენ შავი ზღვის საჰაერო გზით.
მეორე საჰაერო გზა მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, იგი იწყება ქალაქ ვლადიკავკაზის მხრიდან მდინარე თერგის დინების გასწვრივ, გადადის ჯვრისა და გუდაურის უღელტეხილებზე, მიემართება თეთრი და შავი არაგვით, ჩადის მდინარე მტკვარზე და მიჰყვება ამ მდინარის დინებას სამხრეთ_აღმოსავლეთით.
როგორც პირველ ისე ამ გზაზედაც მიმოფრენენ მწყერები, მათი მუდმივი თანამგზავრები კვირიონები, ტყის ქათმები, სვადასხვა სახის იხვები, რუხი ბატები, სავათები, სარსარაკები, წეროები და სხვა გდამფრენი ფრინველები.
გარდა დასახელებული გზებისა, საქართველოს ფარგლებში კავკასიონის ქედის უღელტეხილებთან რამდენიმე ადგილას არსებობს გადაფრენის მეორეხარისხოვანი გზებიც. ეს უღელტეხილებია სანწა, გრიზბა, ქლუხორი, ბალყარეთიდან სვანეთში გადმოსავლელი ,,ტვიბერი” და ,,მესტია”, რომლებისკენაც ფრინველები მიმოფრენენ მდინარეების ჩერეკისა და ენგურის დინებათა გზით.
საქართველოში სავათებისა და სარსარაკების შემოფრენა მეზობელ აზერბაჯანიდან უმთავრესად ხდება დაბა ლაგოდეხიდან შირაქის ტრამალებზე, გარჯის უდაბნოში და გარე კახეთის სხვა ნახევრად უდაბნო ადილებში.
აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ფრინველთა გადაფრენის მიზეზებისა და მიმართულებების შესასწავლად, რაც ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, დიდი მნიშვნელობა აქვს დარგოლილ ფრინველთა მოკვლის დროს, ფრინველის ფეხზე აღმოჩენილი რგოლის ფეხიანად წარდგენას მონადირეთა საზოგადოებაში, რომელიც ვალდებულია ფრინველის მომპოვებლის ვინაობა და მისამართი აცნობოს დამრგოლავ ორგანიზაციას საქართველოში არსებული ცენტრის მეშვეობით.

ბათუმის ”ძაბრი” და მისი საერთაშორისო მნიშვნელობა

დედამიწაზე არსებული მტაცებელი ფრინველების 62%-ზე მეტი ახორციელებს საზამთრო და საბუდარ ადგილებს შორის სეზონურ გადაფრენას ანუ მიგრაციას. ამ მოვლენის ძირითადი მამოძრავებელი ძალა საკვების და კლიმატური პირობების სეზონური ცვლილებაა.
ბათუმის თავზე ყოველი წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე რამდენიმე ათეული ათასი მტაცებელი ფრინველი გაიფრენს, რაც მას საერთაშორისო მნიშვნელობას სძენს და ევროპის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან სამიგრაციო გზად მიიჩნევა. ეს მარშრუტი ცნობილია როგორც “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო მარშრუტი”, მიუძღვის რა ფრინველებს სკანდინავიიდან და რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკისკენ. საყოველთაოდ ცნობილი “ბათუმის სამიგრაციო ძაბრი” ჰიბრალტართან, მესინა-სიცილიასთან და ბოსფორთან ერთად ევროპის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად მოიხსენიება. ასეთ ადგილებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ტურიზმის მარკეტინგის, ბუნების დაცვითი სამუშაოებისა და სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით.

”ძაბრის” წამოქმნის თავისებურებები

ბათუმის “ძაბრი” საშემოდგომო გადაფრენისას შემდეგნაირად იქმნება: მას შემგედ, რაც მტაცებლები გადმოლახავენ დიდი კავკასიონის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებს (ამ დროს მათი სამიგრაციო გზები ძირითადად დაბალ უღელტეხილებზე გადის), ეშვებიან კოლხეთის დაბლობზე, ენერგიის დაზოგვის მიზნით ერიდებიან შავი ზღვის ზედაპირს, ლიხის (სურამის) და მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედებს, ამის შედეგად ძალაუნებურად მათი უმეტესი ნაწილი თავს იყრის ბათუმის მიდამოებში, შემდეგ გადაკვეთენ საქართველო-თურქეთის საზღვარს და თანდათან ისევ დაცილდებიან ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ მტაცებლების დიდი რაოდენობა დიდი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილსაც გადმოლახავს, აღმოსავლეთ საქართველოში წყლის ფართო ზედაპირის არარსებობისა და უფრო მოზაიკური მთა-გორიანი ლანდშაფტის გამო გადაფრენა რამდენიმე გზით მიმდინარეობს და ამიტომ ამ ადგილებში ისეთი დიდი მაშტაბის “ძაბრი” არ იქმნება, როგორიც ბათუმთან.

პრობლემები, რომლებიც თან ახლავს ფინველთა მასიურ გადაფრენას

ბათუმის სამიგრაციო ძაბრში ყოველი წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე 100000-ზე მეტი მტაცებელი ფრინველი გაიფრენს. ფრინველთა დიდი რაოდენობით თავმოყრა, როგორც წესი, პრობლემებსაც წარმოშობს. ბუნებრივი ადგილსამყოფელოების ცვლა, ურბანიზაცია და ბრაკონიერობა, ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლებიც გადაფრენისას ფრინველთა განადგურებას იწვევს. ამ მოვლენასთან მჭიდრო კავშირში იმყოფება ბაზიერობაც.
ბაზიერობა ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა საქართველოში. მიმინოების “მოთვინიერება” დღესაც საამაყო პროფესიად ითვლება და მას ბევრი მიმდევარი ჰყავს, მხოლოდ აჭარის ბაზიერთა ასოციაცია ათი ათასამდე წევრს ითვლის. თავისთავად, ბაზიერობა საკმაოდ უწყინარი მოვლენაა ბუნებისთვის, რადგან გაწვრთილ მიმინოს შემოდგომის ბოლოს უშვებენ და თანაც, ბაზიერები ცნობილი არიან როგორც ბუნების მოყვარულნი და ქომაგები. მაგრამ სამწუხაროდ, ეკონომიკური თუ სხვა მიზეზების გამო, უკანასკნელ წლებში ათასობით მტაცებელი ფრინველი იღუპება გადაფრენისას, ზოგი მიმინოთა გამოსაკვებად, თითქოსდა ასე ნაკვები მიმინო უკეთესად ინადირებსო, ზოგი გასაყიდად (კრაზანაჭამიას, ანუ ირაოს ხორცს ხშირად შეხვდებით ბაზარზე) და ზოგიც ქონისთვის, თითქოსდა ართრიტისა და ასთმის სამკურნალო მალამოს მისაღებად, რაც მედიკოსთა აზრით საფუძველს მოკლებულია. ამას ემატება გაწვრთნილი მიმინოებით ვაჭრობაც. სხვადასხვა მონაცემებით ამ მიზეზთა გამო აჭარაში ყოველ შემოდგომაზე 3-დან 10 000 მტაცებელი ფრინველი იხოცება, რომელთა შორის გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფნი, ანუ გადაშენების პირას მისულნიც არიან.

პროგრამის შედეგები

მტაცებელთა პროგრამის ფარგლეში 2002 წელს მომზადდა და დაიბეჭდა მტაცებელ ფრინველთა სარკვევი “საქართველოს მტაცებლები” ქართულ ენაზე.
ხოლო 2005 წლის იანვარში გამოიცა “საქართველოს მტაცებლები და ბუები” ქათულ და ინგლისურ ენაზე, რომელიც “საქართველოს მტაცებლების” ახალ რედაქციას წარმოადგენს.
ადგილობრივი ბაზიერებისგან შეირჩა მთვლელები და ჩაუტარდათ სპეციალური წვრთნა მონიტორინგის განხორციელებისთვის.
მოეწყო სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი ბაზიერბის, მონადირეების, ადგილობრივი თვითმმათველობის, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მონაწილეობით
2002 წლის შემოდგომაზე პირველად მოეწყო გადამფრენი მტაცებელი ფრინველების ორგანიზებული აღრიცხვა.
10 კვირიანი თვლების პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოვებით 80 – 100 ათასი მტაცებელი ფრინველია აღწერილი და დოკუმენტირებული ბათუმის მიდამოებში.
საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი ფრინველთა დაცვის მსოფლიო კავშირთან (Birdlife International) და შვეიცარიის ფრინველთა დაცვის ასოციაციასთან ერთად (SVS) ყოველწლიურად მართავს მტაცებელ ფრინველთა საშემოდგომო თვლებს, რომელიც კვლავაც მიმდინარეობს. “თვლები 2005”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს საქართველოს ნებისმიერი ადგილიდან თუ უცხოეთიდან. ფრინველთა მიგრაციაზე დაკვირვება და მათ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება სასარგებლო საქმესთან ერთად, აქტიური დასვენების საუკეთესო საშუალებაცაა.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
tatoxoniდრო: ხუთშაბათი, 06.02.2014, 03:44:08 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხონის ზემოთ ასხის მასივი არის ამ ძაბრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, როდესაც მწყერი იწყებს მიგრირებას მანოკებით ხვედბიან და ანადგურებენ ასეულობით 02

ხონსკი
 
m@mukaდრო: პარასკევი, 23.10.2015, 08:08:15 | შეტყობინება # 3
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tatoxoni, არც ბათუმში აყრიან ნაკლებ დგეს

----->
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика