ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

ირემი, ნადირობა და სივრცის ათვისება(ქართული ფოლკროლი)

ეკა ჩხეიძე


ცხოველთა სიმბოლიკა კაცობრიობის კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და არქაული სიმბოლიკა. იგი ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანიდან, პალეოლითიდან, იღებს სათავეს. საინტერესოა სტატისტიკური მონაცემები ევროპის პალეოლითურ მხატვრობაში ცხოველთა გამოსახულებების შესახებ: 996 გამოსახულებიდან ირემსა და მის ჩამნაცვლებლებს (გარეული რქოსანი ცხოველი: ბიზონი, შველი, ჯიხვისებრები და ა.შ.) თითქმის ნახევარი უჭირავს. ირმის, ნადირობისა და მონადირე ქალღმერთის კავშირი ბერძნულ მითოსშიც კარგადაა შემორჩენილი. აქ ირემი და შველი არტემიდეს წმინდა ცხოველები არიან. „ნადირობის ქალღმერთის - არტემიდესა და ოქტეონის ძველბერძნულ მითში, დაუნდობელი ქალღმერთი ირმად გადააქცევს მონადირეს, რომელმაც მას ბანაობის დროს თვალი შეავლო. ქართველმა მკვლევრებმა მართებულად შენიშნეს არტემიდეს მსგავსება ნადირობის ქალღმერთ დალისთან, რომელიც ირემთა მფარველად ითვლება და თავადაც დროდადრო ირმის სახეს იღებს" (აბზიანიძე, ელაშვილი 2006: 94).


მართლაც, ყველაზე ორგანულად ირემი ქართულ სამონადირეო ეპოსთან უნდა იყოს დაკავშირებული. საქართველოში დამოწმებული წარმოდგენების თანახმად, ცხოველებს თავისი მფარველი ჰყავდათ. თავდაპირველად ის ზოომორფული არსება იყო და ირმის ან ჯიხვის სახით წარმოგვიდგებოდა. დანარჩენ ნადირთაგან მას განასხვავებდა მხოლოდ რაიმე ნიშანი (თეთრი ფერი, ოქროს რქები, ნიშანი შუბლზე და სხვ.). თუ მონადირე ვერ გამოარჩევდა მას დანარჩენ ცხოველთაგან და მოკლავდა, მისი დაღუპვა გარდაუვალი იყო (ვირსელაძე 1964: 53). ირმის უშუალო კავშირზე მონადირეობასთან მეტყველებს საქართველოს მთიანეთში დამოწმებული რიტუალი: მონადირის მიერ მოკლული ირმის რქები სახლის თვალსაჩინო ადგილას იყო გამოდებული. ნადირობის წინ, ან ნადირობის შემდეგ მონადირე აქ სანთელს ანთებდა, კარგ ნანადირევსა და შინ მშვიდობით დაბრუნებას შესთხოვდა ნადირთ პატრონს, ან მადლობას სწირავდა მას ბარაქიანი ნადირობისათვის. გარდა ამისა, მთაში მოქმედებდა ირმისა და ჯიხვის რქების სალოცავებში შეწირვის წესიც (ხიდაშელი 2005: 238).


აქტიურად გვხვდება ირემი ქართულ ხალხურ ორნამენტშიც, რომელიც ხასიათდება არქაული და ტრადიციული ხატოვანი სისტემით. ი. სურგულაძის შენიშვნით, ორნამენტში ასახული სემანტიკური სისტემა მუდმივი იყო საქართველოში მთელი ისტორიული ეპოქების განმავლობაში და უშუალოდ უკავშირდებოდა წინაისტორიულ ხანას (სურგულაძე 1993: 21).


საქართველოში გავრცელებულ კოსმოგონიურ გადმოცემებში ირემი ხშირად ღვთაების ან ღვთისშვილის სიმბოლოს წარმოადგენდა და ახლად შექმნილი, უკვე საკრალიზებული კოსმოსის დაფუძნებას აუწყებდა ხალხს. ეს გადმოცემები ყოველთვის უკავშირდებოდა რომელიმე კონკრეტული საზოგადოების გენეზისს, საყმოს მიწა-წყალს, მის დასაბამურ ხანას (კიკნაძე 1985: 10-12).


საერთოდ, როგორც ჯერ კიდევ მ. ელიადემ აღნიშნა, ირმის სიმბოლიკა ძალიან რთული გასააზრებელია იმის გამო, რომ მას რქების გამოცვლა ახასიათებს. ევრაზიის უზარმაზარ ტერიტორიაზე, დასავლეთ ევროპიდან ჩინეთამდე, ირემი შექმნისა და განახლების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ირემი ითვლებოდა გერმანელთა და კელტთა, აგრეთვე ზოგი სკვითური ტომის, წინაპრად. ცხენის მსგავსად ისიც ერთდროულად მიიჩნეოდა სოლარულ, მზიურ სიმბოლიკასთან და ხთონურ სამყაროსთან დაკავშირებულ არსებად. ტიპოლოგიური სიახლოვის, აგრეთვე რიგი სხვა ფაქტორების მოხმობით, მკვლევართა ნაწილი იმასაც კი ამტკიცებდა, ცხენის მოთვინიერებამდე ჩვენი შორეული წინაპრები გახედნილ ირმებს დააჭენებდნენო.


ირმებზე ნადირობისას ყველაზე ტრაგიკულად ვლინდება ნებისმიერი ნადირობისათვის დამახასიათებელი - მსხვერპლის გაღების არქეტიპი. ირემს ხომ მტაცებელი ცხოველივით თავის დაცვა არ შეუძლია.


სხვადასხვა ხალხის მითებსა თუ გადმოცემებში ნახევრადირმების არსებობა იმ ფაქტზე მიანიშნებს, რომ მაქციობის მოტივი სხვა არსებებთან ერთად ირმებზეც ვრცელდება. გმირის ნადირობა - ოქროსრქებიანი ირემი - დევნა - გამოქვაბულში შეღწევა - განძის (მზეთუნახავის, საგანძურის და ა.შ.) მოპოვება მრავალი ხალხის გადმოცემებშია გავრცელებული. ქართულ ფოლკლორში ეს მოტივი შემონახულია ამირანის ფშავურ ვერსიაში:


„ერთხელ ამირანი და მისი ძმები სანადიროდ იყვნენ. ცხრა მთა გადაიარეს, ვერაფერი მოკლეს, სულიერს არ შეხვედრიან. გადავიდნენ მეათე მთაზე და გაინადირეს. უცებ უზარმაზარი ტანისა და უზარმაზარრქიანი ხარირემი გამოეცხადათ. დაიწყო ირემმა რქები ზურგზე და ჰერი! ესროლა ამირანმა და დაჭრა:


სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი, გადიარეს ცხრანი მთანი, მეათენი ალგეთისნი, მინდორს კვალი მაუკვლიეს, დანაჭლიკნი ეშმაკისნი, მთას ირემი წამოუხტათ, ოქრო იყო რქანი მისნი, უცხოს მთაზე კოშკი ნახეს, ანაგები ბროლის ქვისი, მაუარეს გარემურგვალთ, ვერ იპოვეს კარი მისი, სადაც რომ მზემ პირი მოჰკრა, ამირანმა - მუხლი მგლისი, კოშკმა პირი იქ გააღო, იქ შეება კარი მისი. (ხალხური სიბრძნე 1964: 11)


კოშკში მოიპოვება ყველანაირი განძი: ოქრო-ვერცხლი, სასწაულებრივი იარაღი, რაში და, რაც მთავარია, მომხიბლავი ქალი, რომელიც შემდგომ ტექსტებში საერთოდ აღარ ჩანს, იმისდა მიუხედავად, რომ ძმები მას თან წაიყოლებენ. პერსონაჟის ასეთი მოულოდნელი გაქრობა ამტკიცებს, რომ მოყვანილი სტრიქონები ჩანართია, რაც „ამირანიანის" რომელიღაც სხვა გადმოცემიდან დაუკავშირდა ამ ტექსტს. მსგავს გადმოცემებს ნართების ეპოსშიც ვხვდებით.


ერთხელ ნართების გმირი სოსლანი სანადიროდ იყო და მშვენიერი ფურ-ირემი დაინახა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ის იყო მშვილდი დაუმიზნა, რომ ფურ-ირემი მშვენიერ ასულად იქცა და სოსლანს ცოლად შერთვა სთხოვა, რაზეც გმირმა საკმაოდ უხეშად უპასუხა: „რამდენი გზააბნეული ქალიშვილიც შემხვდეს, ყველა ცოლად რომ შევირთო, ნართების სოფელში მათი ტევაც არ იქნება". ქალიშვილი დაემუქრა, რაზეც სოსლანი გაცეცხლდა და ასულს ნეზვი უწოდა. ამ შეურაცხყოფის შემდეგ ასული ფრინველად იქცა და გაფრინდა. თურმე ნუ იტყვი და, ხსენებული ტურფა ბალსაგის (როგორც ჩანს, მზის განსახიერებაა) ასული ყოფილა. მან მამას შესჩივლა, სოსლანმა შეურაცხყოფა მომაყენაო. განრისხებულმა ბალსაგმა თავის ბორბალს უხმო და სოსლანის მოკვლა უბრძანა (ნართები 1988: 166).


ნებისმიერი ნადირობა გულისხმობს გარკვეული საზღვრის გადალახვას. საზღვრის, რომელიც ერთმანეთისაგან ყოფს ადამიანის მიერ ათვისებულ სივრცესა და უღრან, უსიერ ტყეს, რომელიც აწმყოში პირველქმნილი ქაოსის გავლენას წარმოადგენს.


„ფარნავაზის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: „ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო და დევნა უყო ირემთა ველთა დიღმისასა. და ილტვოდნენ ირემნი ღირღადთა შინა ტფილისისათა. მოსდევდა ფარნავაზ, სტყორცნა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ განვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა, და დღე იგი, მწუხრი, გარდახდა, და დაჯდა ირემსა მას თანა და დაყო მუნ ღამე და დილემცა წარვიდა. ხოლო კლდის მის ძირსა ქუაბი იყო, რომელსა კარი აღმოქმნულ იყო ქუითა ძუელად, და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებულსა მას. მაშინ დაასვა წვიმა მძაფრი, ხოლო ფარნავაზ ამოიღო ჩუგლუგი და გამოარღვია კარი ქუაბსა მას" (ქართლის ცხოვრება 1955: 21-22). ამ განძით ფარნავაზი მეფობას მიაღწევს და იბერიის სახელმწიფოს დააარსებს. ამრიგად, ირემზე ნადირობა აქ პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს დაარსებასთან.


ასეთი რამ მხოლოდ ქართული არქაული ფოლკლორისათვის როდია დამახასიათებელი. შეგვიძლია გავიხსენოთ თქმულება მოლდოვის სამთავროს დაარსებაზე. ეს ლეგენდა პოლონურ-მოლდოვურ, ტრანსილვანიურ და რუმინულ ქრონიკებშია შემონახული. გთავაზობთ მის შეჯერებულ ვერსიას.


თქმულების თანახმად, ღვთის ნებით, ვოევოდა დრაგოში ნადირობდა. ნადირობისას თანამგზავრებთან ერთად ზუბრის კვალს გადააწყდა. მისდია კვალს, მთები გადაიარა და მშვენიერ ვაკე ადგილს მიაღწია, სახელად მარამურეშს, ამავე სახელის მქონე მდინარის სიახლოვეს, სადაც მოკლა კიდეც ზუბრი. დრაგოშმა გადაწყვიტა დასახლებულიყო ამ ადგილას და თავის სუზერენს - უნგრეთის მეფეს სთხოვა მთავრის ქვეშევრდომებისთვის გადასახლების ნება დაერთო. მეფე უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა (არ უნდოდა კარგი ვასალის დაკარგვა). დრაგოშმა ახალი საცხოვრისის ტერიტორიაზე სამთავრო შექმნა. ქვეშევრდომებმა ის მთავრად აირჩიეს. ხსენებული იღბლიანი ნადირობის აღსანიშნავად ახლადდაარსებულ სამთავროს ღერბზე ზუბრის თავი იქნა გამოსახული. რამდენადაც ძაღლს, რომლიც ზუბრს პირველი დაეწია, მოლდა ერქვა, ახალ მხარეს მოლდოვა დაარქვეს.


ამრიგად, საკრალურად გააზრებული სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული სივრცე ხშირად ნადირობისას იქმნება (განსაკუთრებით ირემთან და მის ჩამნაცვლებლებთან - ჯიხვთან, ზუბრსა თუ ბიზონთან - დაკავშირებით). ამიტომაც არის, რომ ნადირობა არა მხოლოდ "ბუნებრივი”, არამედ სოციალური კოსმოსის შექმნასაც ნიშნავს.


დამოწმებანი:


აბზიანიძე, ელაშვილი 2006: აბზიანიძე ზ., ელაშვილი ქ. სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია. I, გამომც. „ბაკმი", 2006.


ელიადე 1999: Элиаде М. Таиные общества. Обряды, инициаций и посвящения. М.: Университетская книга, 1999.

ვირსალაძე 1964: ვირსალაძე ე. ქართული სამონადირეო ეპოსი. თბ.: გამომც. „მეცნიერება", 1964.

კიკნაძე 1985: კიკნაძე ზ. ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა. თსუ გამომცემლობა, 1985.

სურგულაძე 1993: სურგულაძე ი. ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა. თბ.: გამომც. „სამშობლო", 1993.

ქართლის ცხოვრება 1955: ქართლის ცხოვრება. I, თბ.: გამომც. „სახელგამი", 1955.

ხალხური სიბრძნე 1964: ხალხური სიბრძნე. ქართული ეპოსი. III, თბ.: გამომც. „ნაკადული", 1964.

ხიდაშელი 2005: ხიდაშელი მ. რიტუალი და სიმბოლო არქაულ კულტურაში. თბ. გამომც. „მემატიანე", 2005.



წყარო: http://www.nplg.gov.ge/
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: giohunt1982 (10.04.2013)
ნანახია: 3468 | ტეგები: ნადირობა, ათვისება(ქართული, და, ირემი, სივრცის, ფოლკროლი) | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика