ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

მწყერი. ვ.ფშაველა

ზამთარი მოახლოვდა. ყველა მძლევარი ფრინველები გაიკრიფნენ ჩვენის ქვეყნიდან თბილ ქვეყნებში; წავიდა მერცხალი, წავიდა გუგული; აღარსად ჭიკჭიკებენ მწყერები ყანებში, აღარც ფუტკარი მინდვრებში. მარტო ერთადერთი მწყერი დარჩა ჩვენ ქვეყანაში და ისიც ძალაუნებურად, მეტი ღონე არ იყო, უნდა დარჩენილიყო. რა მიზეზით? – იკითხავთ. – დაკოდილი გახლდათ ცოტაოდნად და იმიტომ. ამხანაგებმა კარგა მანძილი გამოატარეს, უნდოდათ თან წაეყვანათ დაკოდილი თანამოძმე, მაგრამ სნეულმა, რა შეატყო თავის თავს, მგზავრობას ვერ შევიძლებო, ამხანაგებს უთხრა: „საყვარელნო დანო და ძმანო! წადით თქვენ. ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეთ. მე ნუ მიცდით; ჩემი ცდა თქვენ ხეირს არ დაგაყრისთ. თქვენც დაიღუპებით, მე ხომ, ეს არის, ვიღუპებიო". ყველანი ცრემლის ფრქვევით გამოეთხოვნენ და გაუდგნენ თავიანთ წასასვლელ გზასა.
დადგა ზამთარი. თეთრად გადაილესა მთები. ტყე, მინდორი, ყველა სულდგმული თუ მცენარე სიცივით ცახცახებდა; ყველას აშინებდა სიკვდილი იმიტომ, რომ საზრდოს შოვნა გაძნელდა. ბუნებამ მაგრად დაჰკეტა თავისი მდიდარი სალარო. მგლები შიმშილით დაძრწოდენ და ყმუოდენ; მელები დაათრევდენ დიდრონ კუდებს და ცბიერად აჩერდებოდენ აქა-იქ დედამიწას, ეგები სადმე მშრალი ადგილი ვიპოვოთ, რომ თაგვის სოროს წავაწყდეთო, მაგრამ ამაოდ. ხარბად გაიცქირებოდენ სოფლებისკენ; იქ ბევრი მსუქანი ბატი და ინდოური დაგოგავს, იქიდან მოისმის მამლის ყივილი, მამალს გარშემო ახვევია ჩასუქებული დედლები. მაგრამ უბედურობა ესაა, რომ კაცები ხაფანგს უგებენ მტაცებელთ, ძაღლები ფხიზლობენ და მთელი ღამე ჰყეფენ. ეჰ, წახდა დროება, ყველამ ისწავლა ყადრი ცხოვრებისა. კურდღლები ფეხით ჰქექდენ თოვლს, რომ ამოეჩინათ ხმელი ბალახი საზრდოდ. შაშვები და ჩხართვები გუნდად ედებოდენ კუნელს, ფითრს და იმით იცავდენ სულსა.
ჩვენი მწყერი კი იჯდა ცეცხლისაგან გატუსულ ყუნჭის ძირას. მშრალი ალაგი ეპოვნა და იქ შეეფარებინა თავი. მობუზული იჯდა, თუმცა წყლული აღარა ტკიოდა. ახლა მწყერი სულიერად იტანჯებოდა; აქ ზაფხულობით ყველგან საზრდო ჰქონია, ყანებით, სიმინდებით დაფარული ყოფილა არემარე, დღეს კი ყინულს და თოვლს დაუჭერია მისი ადგილი. ვერსაიდან ვერ ამოიღებს იგი საზრდოს. რა საშინელება ყოფილა ზამთარი! მწყერს არასოდეს არ გამოუცდია. მოაგონდა თავისი ამხანაგები, მოაგონდა იქაური მინდვრები და ჭირნახულები. აქ თუ ზამთარია, იქ ზაფხულია; მისნი მეგობარნი და მოძმენი მხიარულად ატარებენ დროსა. იცის კარგად მწყერმა, რომელს მხარეზედაც არის საზამთრო ბინა, მაგრამ ამას არ შეუძლიან იქ მისვლა; გარშემო აყუდებულან დიდრონი მთები, წამდაუწუმ ისეთს ბუქს, კორიანტელს ასტეხენ, რომ მზის სხივებსა ჰფარავენ, – როგორ შეუძლიან იმ მთაზე გადასვლა!.. ოჰ, როგორი საყვარელი იყო მისთვის ეს არემარე ამ ორი-სამი თვის წინათ და ახლა კი შეეჯავრა. ეს ხომ მისი სამშობლოა; აგერ ორმოცი ნაბიჯი არ იქნება სულ, სადაც დედამ ისა და მისი და-ძმები ერთად გამოჩეკა ყანაში და იქვე გაზარდა. რატომ არ უყვარს დღეს მწყერს ის ადგილი, სადაც თვალი აახილა, როგორც ყველა სულდგმულს? იმიტომ, რომ მას აღარ არგია, უსარგებლო შექმნილა; დედა დედინაცვალზე უარესად ეპყრობა, დღეს იქიდან ქარს მოაქვს ნამქერი და ზედ აყრის, უნდა დაჰფაროს, შიან და საჭმელი არსადა სჩანს. რამდენჯერ ლოცულობდა საბრალო, ევედრებოდა ღმერთს, რომ ერთი დღე ეჩვენებინა ისეთი, როგორიც ზაფხულში ენახა, რომ გადასცილებოდა მთებს, იქით გადაფრენილიყო, მაგრამ მისი ვედრება ამაოდ რჩებოდა; რამდენჯერ თითონაც ეცადა, მაგრამ ქარიშხალმა უკუაქცია და ჩამოაგდო ისევ დაბლა ხეობაში…
მწყემსებისაგან გატუსულ ყუნჭის გვერდზე, სადაც მწყერს თავი შეეფარებინა, თხილი იდგა. თხილზე შაშვი შემოჯდა, ისიც საზრდოს დაეძებდა; მაშ სხვა რა შეაწუხებდა, გამტკნარებული იჯდა. ან კი ვის მოაგონდებოდა ახლა გალობა? ზამთრობით აღარა ჰგალობენ ჩიტები: მწუხარე კილოზე ჟივიან და შეწუხებულები აქეთ-იქით აწყდებიან. შაშვს კვნესის ხმა შემოესმა ძირიდან, ყვითელი ნისკარტი გვერდზე მიიღო, თვალები დააალმაცერა, მწყერი დაინახა და ჩამოსძახა:
– გოგო, შე საცოდავო, რას აკეთებ მანდა? ამ დროს რა გინდა შენ აქა? ახა, ღმერთო ჩემო, სხვა მწყერები ყველანი წავიდენ, რამდენი ხანია. აქ რომ დარჩენილიყვნენ, სულ ერთიანად გაწყდებოდენ. მიკვირს, შენ რამ გაცოცხლა? ხეზე შენ ვერ შეფრინდები, საცოდავო, რომ ან კუნელი სადმე მოჰკენკო, ან ფშატი, აბა რა დაგარჩენს?
მწყერმა უამბო თავისი თავგადასავალი. შაშვსაც ფრიად შეეცოდა იგი.
– ძალიან გემშევა?
– ოჰ, ძალიან, და-ძმობამ, – უპასუხა მწყერმა.
– მოდი, ეცადე, აფრინდი, წავიდეთ ერთად; მე ვიცი, ერთ ადგილას კარგი მსხმოიარე კუნელი.
– ჰმ, რას მარგებს, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, – მიუგო მწყერმა, – ხეზე, ხომ იცი, მე ვერ შევჯდები.
– ოჰ, მართლა. ეგ რაღა ხათაბალა უნდა იყოს?! ფრენით, მინახავხართ, კარგა დაფრინავთ და ხეზე რატომ არ უნდა ჯდებოდეთ? ეცადე, გაბედე. იქნება არ ცდილხარ. ყველა საქმე ცდისაა.
– ჯიშად არ მოგვიდის, დობილო, ღვთისაგან არა გვაქვს ბრძანება.
– ჰმ… ხათაბალა… როგორი ცუდი საქმეა! – ამბობდა შაშვი თავისთვის შეწუხებით და ოხვრა-კვნესით.

II
მეორე მწყერი

ხოლო ის კაცი იყო, ხნიერი, დიდი ტანჯვა-ვაების მნახველი. კარგა ხანია, რაც ესეც მოჰსხლტა თავის საყვარელ მეგობრებს და ამხანაგებს. ვინ იყვნენ ისინი? – მისი ცოლი და შვილები, მათთან ერთად დიდი სიმდიდრე. დიდი ხანია გიგოლა მარტოდმარტო ცხოვრებს თავის სახლში, ერთ მიყრუებულ ადგილს თავის სამშობლოში; მოშხამულია მისი ყოფნა და სიცოცხლე. ქვეყანა იძახის: „უიღბლო, უდოვლათო კაციაო".
დღეს გიგოლა ლოგინად ჩავარდნილი, მძიმე ავადმყოფია და ამბობს: „ღმერთო, შე დალოცვილო, მიიბარე ჩემი ცოდვილი სული!" მოსწადებია იქ გადასახლდეს, სადაც კარგა ხანია გაისტუმრა თავისი საყვარელი ქალთამზე და მასთან ერთად ოთხი ვაჟიშვილი. ოჰ, როგორ უყვარდა თავისი ქალთამზე, სიმშვენიერით და სათნოებით განთქმული დედაკაცი! დღესაც უყვარს, დღესაც. უნდა შეჰხვდეს იქ, საიქიოს მაინც, ერთხელ კიდევ დაინახოს თვალითა.
გიგოლას საწოლის შორიახლოს ბაგაზე აბია რქამოტეხილი ხარი ნიკორა. ზარმაცად ილოღნება და ხანდახან გადმოავლებს თვალს თავის პატრონს, როცა იგი გულიდან ამოიკვნესებს. ნიკორაც დაბერებულა. ვერ არის კარგ გუნებაზე, რაღაც ცუდ გუნებაზეა; ცუდს რასმე მოელის.
დედაბოძზე, გიგოლას პირდაპირ, ჰკიდია მისი ხირიმი, დამბაჩა და დიდი ხანჯალი.
გარეთ ქარი ღუღუნებს, ხან უსტვენს, ხან თითქოს წუწუნებს, თითქო ბუნების უბედურებაზე ტირისო. მოასკდება კარებს და თოვლის ნამქერს გადმოაბნევს სახლში. აი ქარმა დაუბერა ძლიერად, შემოაღო კარები და ნამქერთან ერთად ტყლაპივით რაღაც გადმოაგდო, პირდაპირ გიგოლას გულზე. გიგოლამ ხელში აიყვანა, – მწყერი იყო. „ჰმ, – სთქვა გიგოლამ და ჩაფიქრდა. მწყერი არ ინძრევა, დახუთულია, დაკრუნჩხული, საწყალი, საცოდავი, – განაგრძო გიგოლამ მისუსტებული ხმით, – ამას რაღა უნდოდა ამ ზამთარში აქა?" უნდოდა მიალერსებოდა, მაგრამ თავი აღარა ჰქონდა, თვალები მოეცრემლა, მწყერს ხელიდან არ უშვებდა: „საწყალო, საწყალო, შენც ჩემსავით საწყალო!"– ამბობდა გიგოლა. მწყერი აიყვანა და იქვე პატარა კოდი იდგა, ხორბლიანი, იმაში ჩასვა, თითონ კი მიესვენა ხმელს კუნძზე, რომელიც ბალიშის მაგივრად ედო თავქვეშ. რამდენჯერმე ამოიოხრა, თვალები მიავლ-მოავლო თავის საბრალო ქოხს და განუტევა სული… ნიკორამაც მძიმედ ამოიოხრა და წაიფშვინა. მწყერი კი მობუზული, თავბრუდასხმული იჯდა, ჯერ გონს ვერ მოსულიყო.

1897წ.


წყარო: http://vaja.3owl.com/mwyeri/
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (28.12.2012)
ნანახია: 2679 | ტეგები: ნადირობა, ვაჟა, მონადირე, vaja, monadire, nadiroba, ფშაველა, მწყერი, fshavela | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика