ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

ხარჯიხვი. გურამ ფანჯიკიძე
ჯონდო! გიორგიმ ლოგინში შეანჯღრია შვილი. ჯონდომ თვალი ძლივს გაახილა. ადექი საფქვავი წაიღე წისქვილში. ჯონდომ თვალები მუშტებით მოიფშვნიტა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. წისქვილიდან მამიდაშენთან გადადი, უთხარი ამაღამ ჩვენთან ამოვიდეს, საგზალი მოგიმზადოს, ხომ არ დაგავიწყდა, ზეგ დილით საჯოგეზე მიდიხარ მწყემსებთან.                                                              საჯოგის ხსენებაზე ჯონდო გამოფხიზლდა. იქნებ გეშინია მთაში წასვლა, მაშინ სხვას გავგზავნი.  მეშინია? რისი უნდა მეშინოდეს? შეშფოთდა ჯონდო და ფიცხლად წამოხტა, ჩემ მაგივრად მართლა ვინმე არ გააგზავნოსო, წყალში ეყრებოდა დიდი ხნის ოცნება.           რა ვიცი, შენ ახლა 14 წლის ვაჟკაცი ხარ, მერე ჩემთან ჩამოდი ვენახში თოხი წამოიღე.    ჰო!-მიაძახა კიბეზე ჩამავალ მამას და დაფიქრდა.   ჯონდოს საძოვრები იმდენად როდი აინტერესებდა. მისი ოცნება იყო ენახა საჯიხვეები, სადაც სისხამ დილით ჯიხვები მარილის ასალოკად ჩამოდიან. ”იქნებ შორიდან მაინც მოვკრა თვალი კლდეზე გაქვავებულ ხარჯიხვს”.   ”ვინ იცის იქნებ  დავინახო კიდეც ცოცხალი ხარჯიხვი”. საძოვრებიდნ საჯიხვეები სულ ახლოსაა ფიქრობდა ჯონდო.  ”ჯიხვები დილით ჩამოვლენ მარილის ასალოკად. უთენია ჩავუსაფრდები კლდეებში. ხარჯიხვს კარგი ყნოსვა აქვს, უმალ აიღებს ადამიანის სუნს, ალბათ სწორდე ისე გუშინ სიმარში რომ ვნახე”. ”თოფი რომ მქონდეს იქნებ მოვკლა კიდეც, აუცილებლად მოვკლავ”.  ”ხარჯიხვი ახლოს არ მიმიშვებს, მაგრამ მაინც მივეპარები, სულ ერთია ახლოს თუ არ მივედი შორიდანაც არ დავაცილებ. შარშან ჯოკიამ რომ თავისი კარაბინი მასროლინა,  სამი ტყვიიდან სამივე გავაძვრინე ბოთლის ყელში.”   ” ბაბუა ქელეშბი რომ მათხოვებდეს თავის ბერდანკას!”-ინატრა ჯონდომ და საბანში გაეხვია.     ”ბაბუა ქელეშბი რას მათხოვებს შვილზე მეტად უყვარს ბერდანკა, მამისონზე რომ ბოლშევიკები გადმოსულან, მაშინ მიუციათ მოხუცისთვის თოფი. ახლა ალბათ ეზოში ზის სამფეხა სკამზე და ზუმბით  აპრიალებს ლულას”.  ჯონდო ვერ მიმხვდარიყო, რატომ იყო საჭირო თოფის ყოველდღიური წმენდა როცა იარაღი წლების მანძილზე უქმად ეკიდა კედელზე.  ”ალბათ ძალიან უყვარს მოხუცს ბერდანკა, ერთი კვირით რომ მათხოვებდეს აუცილებლად მოვკლავდი ჯიხვს. მოკლული ჯიხვი კლდიდან ნაპრალში გადაეშვება. თვალები ალბათ ისეთი საცოდავი ექნება, ჯოკიამ რომ მკვდარი ჯიხვი ჩამოიტანა”.   ჯონდო ლოგინიდან წამოდგა, დაკერებული შარვალი ჩაიცვა, ტოტები მუხლამდე აიწია და მზისგან გახუნებული წითელი მაისური შეისწორა.  ”ბაბუა ქელეშბის ტყუილად შევეხვეწები, არაფერი გამოვა შარშან თავის შვილსაც არ ათხოვა თოფი, მე რას მათხოვებს, მაინც რად უნდა იარაღი, წელში მოხრილი ეზოდანაც ვეღარ გამოდის.”   ჯონდომ დოქიდან წყალი გადმოასხა და მზეზე გარუჯული ხელ-პირი დაიბანა, მერე პირში ჩაგუბებული წყალი ყვინჩილას მიასხა, გაწუწული ყვინჩილა კრიახით გაიქცა ქათმებისკენ.  ”ტყუილი თხოვნა იქნება, ბაბუა ქელეშბი ჯიუტია მის შვილზე უფრო უყვარს თოფი”. ”საჭმელს მამიდასთან შევჭამ, თბილი რძე ექნება”  ”ბაბუა ქელეშბი ახლა ალბათ  უკვე ეზოში ზის და აპრიალებს ბერდანკას. ჯერ საკეტს დაზეთავს, მერე ზუმბით ლულას გამოასუფთავებს.”    ჯონდო ეზოში ჩავიდა, პატარა ხბო გადააბა, მერე უბეში ვაშლები ჩაიყარა. ” მამას ალბათ უკვე ერთი სვრელი ატანილი ექნება”-გაიფიქრა ჯონდომ როცა საფქვავიანი ტომარა ზურგზე წამოიკიდა.  ჭიშკარში გასვლისას გადაწყვიტა, ჭალაში შორი გზით წასულიყო, სამაგიეროდ ბაბუა ქელეშბის სახლთან გაივლიდა და ბაბუას ბერდანკას თვალს შეავლებდა.                                                            უბიდან ვაშლი ამოიღო, მიდიოდა და თან მადიანად ილუკმებოდა. ზედ ბაბუა ქელეშბის ეზოსთან შეესო მარცხენა ფეხში ეკალი, ღობესთან კოჭლობით მივიდა.  ბაბუა ქელეშბი ეზოში სამფეხა სკამზე იჯდ, მას უკვე დაემთავრებინა თოფის წმენდა და ყალიონს დიჯად აბოლებდა. ”ერთი კვირით მათხოვებდეს, აუცილებლად მოვკლავდი ხარჯიხვს”-ინატრა ჯონდომ, თან ზურგიდან საფქვავი ჩამოიღო,  მერე ღობეს გადააწვა და გულდასმით დააკვირდა მოხუცის საქმიანობას.   ქელეშბიმ მალე დაამთავრა თუთუნის წევა, ყალიონი ჯიბეში ჩაიდო, შარვლის ხვანჯარი შეიკრა და ნელა წამოდგა. გამარჯობა ბაბუა ქელეშბი!-გადასძახა ჯონდომ. მოხუცს ჯონდოს მისალმება არ გაუგონია, ხმის ამოუღებლად აჰყვა სახლის კიბეს.   ”სულ გამოჩერჩეტდა, რად უნდა ახლა მაგას ბერდანკა!”-სინანულით გაიფიქრა ჯონდომ, როცა მოხუცი სახლში შევიდა.  მერე ტომარაზე ჩამოჯდა, ფეხი ფხეზე შემოიდო და ეკალი ფრთხილად გამოიძრო. ეკალი შორს გადააგდო, შუა თითზე დაიფურთხა და ნაეკლარზე წაისვა.   ცოტა ხანს ასე იჯდა, მერე ნელა წამოდგა, ტომარა მხარზე წამოიდო და გზას კოჭლობით გაუდგა.                                                                                             ”ბერდანკას კილომეტრიდან არ ავაცილებ ხარჯიხვს. მოკლული ჯიხვი ნაპრალებში გადაიჩეხება. მას ალბათ სევდიანი შავი თვალები ექნება, იმიტომ რომ ხარჯიხვი ჭკვიანია. მკვდარ მაჩვს არასოდეს აქვს სევდიანი თვალები. ნეტავ ძაღლი უფრო ჭკვიანია თუ ჯიხვი? ძაღლზე ჭკვიანი არ იქნება, ძაღლები ძალიან ჭკვიანები არიან. სამაგიეროდ, ხარჯიხვი ლაღია, კლდეები და ნაპრალები უყვარს.  მეც მიყვარს კლდეები და ნაპრალები. არა, ხარჯიხვი ძალიან ჭკვიანია, იმიტომ უჭირს ადამიანს მისი მიგნება. ძაღლი როგორ მივა ხარჯიხვთან ჭკუით... ”    ჯონდო უკვე სოფელს გასცდა. ჭალიდან უკვე ისმოდა მდინარის ხმაური. მიდიოდა ჯონდო და ფიქრობდა, ფიქრობდა ჯიხვებზე, მთებზე და ბერდანკაზე. ამ ფიქრში თვითონაც ვერ მიხვდა როგორ დაებადა უცნაური აზრი, რამაც პირველად შეაშინა, მერე დააფიქრა და ააწრიალა.                                                                                                                                     ”მოხუცი მაინც ძალზე მოტეხილია, მალე ვეღარც კი მოერევა თოფს, მერე რა მოხდება, რომ მოვიპარო. არა კი არ მოვიპარო, ერთი კვირით წავიღო საჯოგეზე. მერე ხარჯიხვს რომ მოვკლავ, იქნებ გახარებულმა ბაბუა ქელეშბიმ მაჩუქოს კიდეც თოფი”.   ჯონდომ ტომარა ჩამოიღო და ბუჩქის პირას ჩამოჯდა. მღელვარებისგან ერთბაშად ვერ გამოერკვა, ცდილობდა თოფზე აღარ ეფიქრა. გონებაში მაინც ბაბუა ქელეშბის ეზოში დააბიჯებდა. ფიქრებში წასულმა კენჭი აიღო და ბუჩქს ესროლა, ბუჩქიდან შეშინებული ჩიტბატონა გამოფრინდა. ”ბუდე ექნება, ახლა ის შორს არსად წავა, ახლომახლო იტრიალებს ეშინია ბუდე არ დავუნგრიო. ფრინველები ეშმაკები არიან, ყველაზე ეშმაკი კი შაშვია. ისე გაგიტყუებს სხვაგან რომ სულ აგიბნევს გზა-კვალს. ჩხიკვები კი სულელები არიან , ჩხიკვები და ოფოფები”.    ჯონდომ კიდევ ესროლა კენჭი ბუჩქს. ჩიტბატონა მართლაც შორიახლოს დახტოდა და საცოდავად წრიპინებდა.   ”აქედან ბუდემდე 30 ნაბიჯი იქნება. ღობიდან ბაბუას ფანჯრამდეც 30 ნაბიჯია. იქიდან ფანჯარაში გადავდგამ თუ არა ფეხს , თოფს და სავაზნეს მივწვდები. მთავარია, სიმინდებში გადასვლამდე  არ დამინახონ, მერე ჭალისკენ დავეშვები და ბერდანკას მაღალ კოპიტთან ციცაბარდებში დავმალავ.  ზეგ დილით ძალიან ადრე წავალ საჯოგეზე, როცა ხარჯიხვს ჩამოვიტან, ბაბუა ქელეშბი ყველაფერს მაპატიებს და იქნებ მაჩუქოს კიდეც ბერდანკა”.                                                                 ჯონდომ გზაზე მიმავალი ურემი შენიშნა. შეკრთა, თითქოს მეურმემ ფიქრი გაუგოო, საფქვავი ისევ ზურგზე მოიკიდა და გზას გაუდგა.        ”მამიდას ცხელი რძე ექნება, საგზალსაც მამიდა გამიმზადებს. კარგი ხაჭაპურების გამოცხობა იცის, ნეტავ როდის გამოვა დედა საავადმყოფოდან. ალბათ ძალიან გაუხარდება, როცა გაიგებს რომ ხარჯიხვი მოვკალი. თოფის მოპარვას მაპატიებს. ალბათ, ბაბუა ქელეშბიც მაპატიებს, აუცილებლად მაპატიებს”.                                                                                                   მთელი დღე ვერ ამოიგდო თავიდან ჯონდომ ბერდანკაზე ფიქრი. საღამოს როცა თავის კაკლის ქვეშ იჯდა,  გონებაში ისევ კლდის თავზე ქანდაკებასავით გაქვავებულ ჯიხვს ხედავდა.      ჯონდო!-მოესმა გივის ხმა. ჯონდო ფიქრებიდან  გამოერკვა და ფეხზე წამოდგა. ჭიშკართან უცდიდნენ ფეხშიშველა ბიჭები-ჯანსუღი და გივი. გივი ასაკითაც და ტანითაც ჯანსუღზე პატარა იყო.  იასამნისფერი მაისური ეცვა და ხელში  მჭადი და ყველი ეჭირა. გაიგე, თემური ჩამოსულა თბილისიდან,-მიახალეს ჯონდოს ბიჭებმა. მერე რა, თემური ყოველ ზაფხულს ჩამოდის თბილისიდან.  -იცი რა ბურთი ჩამოიტანა?! -წითელი ტყავის ბურთია, თვითონ შავი ბუცები აცვია.  თბილისში ყველას აქვს შავი ბუცები-თქვა ჯონდომ.   რატომ არ მოხვედი სათამაშოდ? -არა მცალოდა. ბიჭები ნელა გაემართნენ მდინარისკენ. შენ რა დაგმართნია ფეხზე?-მიუბრუნდა ჯონდო გივის, როცა კოჭლობა შეამჩნია. -დამიჩირქდა. -მერე? -მერე არაფერი ბებიამ მრავალძარღვა დამადო. -მაინც რა საქმე გქონდა ასეთი?-გააგრძელა საუბარი ჯანსუღმა და ჯიბიდან თუთუნით სავსე ქისა ამოიღო. თუთუნს ბაბუამისს  ჰპარავდა.    -ისეთი არაფერი ხვალ საჯოგეზე მოვდივარ-ჯონდომაც ჩამოახია ნაკუწი გაზეთის ქაღალდს და თუთუნის შეხვევას შეუდგა.    გივიმ უკანასკნელი ლუკმა გადაყლაპა, მერე ცხვირი მოიხოცა, თითები შარვალზე შეიწმინდა და თვითონაც შეუდგა პაპიროსის გახვევას, როცა ჯანსუღმა ბოლი შეისუნთქა, ხველა აუტყდა, ბოლი ცხვირიდან გამოუშვა, ღობეს მიაპურჭყა და თქვა: თემურს ცოცხალი ჯიხვი ჰყოლია თბილისში, ვიღაც რეჟესორს უჩუქებია მამამისისთვის. -რეჟისორს-შეუსწორა გივიმ. -ტყუილი უთქვამს-გაეცინა ჯონდოს.  -ვითომ რატო უთქვამს ტყუილი?!   -ცოცხალი ჯიხვი ვერ გაძლებს თბილისში. -რატომ ვერ გაძლებს?!    -იმიტომ რომ ვერ გაძლებს-ჯონდომ თვითონაც არ იცოდა რატომ ვერ გაძლებდა ჯიხვი თბილისში, მაგრამ თავის ნათქვამში მტკიცედ იყო დარწმუნებული.    -შენ რა იცი თბილისში ყოფილხარ?    -მერე რა, რომ არ ვყოფილვარ, ჯიხვს მთები და კლდეები უყვარს. მოუტყუებიხართ თემურს.    -არაფერიც არ მოვუტყუებივართ, სურათი გვაჩვენა ჯიხვთან გადაღებული, მერე დედაც დაიფიცა-აღშფოთდა ჯანსუღი და გივის მიუბრუნდა, ხომ დაიფიცა?  -დაიფიცა.   -რაკი ასეა, მაშინ ფურჯიხვი იქნება, ხარჯიხვი ვერ გაძლებს თბილისში,- ჯიუტად თქვა ჯონდომ.   -ალბათ ფური იქნება,-დაეთანხმა ჯანსუღი.   -ნამდვილად ფურჯიხვი იქნება,-დაეთანხმა გივიც, პაპიროსი გადააგდო და მაყვლის ბუჩქებს მიუბრუნდა.  -თემურმა ჰამაკი ჩამოიტანა თბილისიდან.  ჰამაკი?-ჯონდომ არ იცოდა რა იყო ჰამაკი, არც ჯანსუღმა და გივიმ იცოდნენ. მარტო ლაპარაკში მოჰკრეს ყური და დაამახსოვრდათ, როგორ დაუძახა თემურის დედამ ჭრელ პიჟამოში გამოწყობილ მეუღლეს, ეზოში ჰამაკი ჩამოიტანეო.    -არც ხვალ მოხვალ სათამაშოდ?-ჰკითხა გამოთხოვებისას ჯანსუღმა.  -არა ხვალ ადრე უნდა დავწვე, ზეგ დილით უთენია გავუდგები გზას.      ”თემური ჩამოსულა”,-ფიქრობდა ლოგინში ჯონდო. მას არ უყვარდა თემური.  ”დაარიგებს ტკბილ კამფეტებს, მერე მამლაყინწასავით დადის ბიჭებში. რამე მაინც შეეძლოს. თბილისელები ყველანი სუსტები  და ტრაბახები არიან. ვერც კლდეებზე დაცოცავს, ვერც ხიდიდან ხტება მდინარეში.  ფეხბურთს კი კარგად თამაშობს.    თბილისში რომ ვცხოვრობდე, მეც კარგად ვითამაშებდი ფეხბურთს, თუ ბიჭია ჩემსავით გადმოეშვას კლდიდან მორევში. ჰამაკიც ჩამოუტანია, მაინც რა არის ჰამაკი?”  ძილი გაუტყდა ჯონდოს, ისევ თავის დარდი აწუხებდა   ”ბაბუა ქელეშბის სახლიდან სიმინდებზე დავეშვები, ვერავინ დამინახავს, მერე თოფს მაღალ კოპიტთან დავმალავ ციცაბარდებში. თხილის ბუჩქებიდან მოხუცის ოთახამდე სულ ერთი გადარბენააა. მერე ვინ იცის ხარჯიხვს რომ მოვკლავ იქნებ მაპატიოს მოხუცმა, შეიძლება თოფიც მაჩუქოს”.    ალიონზე ყვინჩილების ყივილმა გამოაღვიძა ჯონდო.      ფეხზე სწრაფად წამოხტა, მამა ლოგინში აღარ იყო. ”ალბათ მამა ვენახში მიდის”.  ”ბაბუა ქელეშბი მალე გამოიტანს თოფს უნდა ვიჩქარო”.    სახეზე წყალი შეისხა და მოხუცის სახლისკენ გაიქცა; როცა ღობიდან ეზოში გადაიხედა, მოხუცი არსად ჩანდა. ჯონდო ღობეს გადაევლო და თხილის ბუჩქებში მიიმალა.  ”ეს ყველაზე კარგი ადგილია, ოთახიც კარგად ჩანს და ეზოც”.              სულ მალე კიბეზე ბაბუა ქელეშბი გამოჩნდა. სიბნელე შეუმჩნევლად გაიპარა.  ორღობეში საქონლის ზმუილი  და ძაღლების ყეფა ისმოდა.   ”მამა ალბათ უკვე დიდი ხანია მიცდის ვენახში”.  ”ფანჯრიდან ბერდანკამდე ერთი ნაბიჯია ან ცოტა მეტი”.    რას იზამს მოხუცი, ბერდანკა კედელზე რომ აღარ დახვდება? თემური ჩამოსულა თბილისიდან, როგორ გაუკვირდება, როგორ გაუკვირდება, როცა მოკლულ ხარჯიხვს ჩამოვიტან...     ჯონდოს სუნთქვა შეეკრა. კიბეზე  ბაბუა ქელეშბი გამოჩნდა, წელში მოხრილი მოხუცი კიბეზე ნელა ჩამოდიოდა, თან მხარზე გადაკიდებული თავისი განუყრელი  ბერდანკა მოჰქონდა. მოხუცი ჩაქჩაქით გაემართა ჩევული ადგილისკენ. დინჯად ჩამოჯდა სამფეხა სკამზე და საქმეს შეუდგა.                                                                                             ”ალბათ შვილზე  უფრო უყვარს ბერდენკა, ხუმრობა ხომ არაა  ბოლშევიკებს უჩუქებიათ მამისონზე. მაშინ ბაბუა ახალგაზრდა ყოფილა წელში გამართული, ეხლა როგორ არის მოხრილი და მოტეხილი.  ალბათ ხარჯიხვიც ბერდება. ნეტავ როგორი იქნება დაბერებული ხარჯიხვი?!  ხარჯიხვი არ დაბერდება,  ბებერი ხარჯიხვი როგორ გადაევლება თავზე უფსკრულებს?!”-ამაზე არასოდეს უფიქრია ჯონდოს.  ”ვინ იცის, რას მეტყვის ბაბუა ხარჯიხვს რომ ჩამოვიტან. მაშინ ვეღარ გააკვირვებს ბიჭებს თემური თავის ჰამაკით. მაინც რა უნდა იყოს ჰამაკი. ალბათ თბილისში ყველას აქვს ჰამაკი”.      ”მე ჰამაკს თოფი მირჩევნია. თოფზე უკეთესი არ იქნება ჰამაკი”.  მზემ წამოიწია და დათოვლილი მწვრევალები ააპრიალა.  ”ახლა ჯიხვები, ალბათ უკვე მწვერვალებს უბრუნდებიან”- ჯოდოს თვალწინ წამოუდგა კლდის თავზე გაქვავებული ხარჯიხვი.    ”რომ დავაცილო? არ დავაცილებ! მოკლული ხარჯიხვი კლდიდან გადაიჩეხება”.    ჯონდოს შეეცოდა ხარჯიხვი, გაახსენდა ჯოკიას მოკლული ჯიხვის, შავი სევდიანი თვალები.   ”შარშან ჯანსუღს რომ ბიძა მოუკვდა, იმასაც ისეთი ნაღვლიანი თვალები ქონდა. ალბათ, ადმიანივით ჭკვიანია ხარჯიხვი. ძაღლი ჯიხვთან როგორ მივა ჭკუით”.       ამასობაში მოხუცმა საკეტის წმენდა დაამთავრა. დაზეთილი საკეტი ფრთხილად დადო თეთრ ნაჭერზე. შემდეგ თოფის ლულას გახედა და ზუმბაზე ჩვარი დაახვია. პატარა ბოთლიდან ზეტი დააწვეთა და ლულას გულმოდგინეთ დაუწყო ხეხვა.   ”თოფს მეც გულდასმით გავწმენდ ყოველ დილით. მთავარია ხვალ სოფელს ისე გავცდე, რომ არავინ დამინახოს. ჭალიდან ვენახებს გავყვები ასე ჯობია”... მზე თოხის ტარზე წმოიწია. დათოვლილი მწვერვალების თავზე ელვარებდა ლურჯი ცა. ჯონდოს ძალიან უყვარდა ცის ფერი.   ”ალბათ, ხარჯიხვსაც უყვარს ცის ფერი, ყველაზე კარგი ფერი ცა კი კავკასინის თავზეა.  ჯიხვსაც უყვარს სუფთა ცა. იმიტომ ცხოვრობს კავკასიონზე. ჯიხვი როგორ გაძლებს თბილისში. თემურის ალბათ დაბერებული ფურჯიხვი ყავს და ტყუილად დაიფიცა. შეიძლება შეეშალა კიდეც,  რასაკვირველია შეეშლებოდა. ჩიტბატონას ვერ არჩევს თოხისტარიაში. შარშან მოკლული მაჩვი რომ ვაჩვენე ღორი ეგონა. მაჩვი ვერ გაარჩია ღორისგან.  ისე კი იფიცება, სპილო და ლომი მყავს ნანახიო, თუ მართლა სპილო და ლომი ნახა, მაჩვი რატო ვერ გაარჩია ღორისგან??   თემურის ალბათ თხა აჩუქა რეჟისორმა, ნამდვილად თხას აჩუქებდა. ხარჯიხვი როგორ გაძლებს თბილისში”.                                                                                                                         მოხუცმა თოფის წმენდა დაამთავრა და  ნელ-ნელა შეუდგა ხელსაწყოების შეგროვებას.  თოფი მხარზე გადაიკიდა, მარჯვენა ხელში ბოთლი და ზუმბა დაიჭირა, ხოლო მარცხენათი ჩვრები აკრიფა და სახლისაკენ დინჯი ნაბიჯით გაემართა.                                       ჯონდოს კანკალი აუტყდა, მერე ერთბაშად დასცხა და ზურგი აექავა.   ”ვაითუ აღარ გამოვიდეს ოთახიდან, მაშინ რაღა მეშველება? აქედან ფანჯრამდე 30 ნაბიჯიც არ იქნება, ფანჯრიდან პირდაპირ მივწვდები ბერდენკას. ალბათ მამაჩემი ვენახში მიცდის”.                        ჯონდო გარკვევით ხედავდა ოთახში მოფუსფუსე მოხუცს. მან თოფი კედელზე ჩამოკიდა და ზანდუკს თავი ახადა. მალე ზანდუკს ისევ დაახურა თავი, თოფი შეათვალიერა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გამოჩნდა კიბეზე ნელი ნაბიჯით ჩამომავალი ქელეშბი. მან მოაჯირზე გადაფენილ საბანზე შემოსკუპებულ ყვინჩილას ხელი აუქნია და ბეღელისკენ გაემართა.   ”დროა”-გაიფიქრა ჯონდომ. ”იქნებ ჯობია თავი დავანებო?”   ჯონდომ ამ აზრს ანგარიში აღარ გაუწია და ოთახისკენ დაეშვა.                                     ღია ფანჯარაში გადახტა. შარვალი ლურსმანს გამოსდო და მტკაველზე გახია. ჯონდოს არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება. კედლიდან სავაზნე და ბერდენკა ჩამოიღო. ის იყო, ფანჯრიდან გადასვლას, რომ აპირებდა ურმის ჭრიალი გაიგონა.   -ხო,მოო!-ხმაზე იცნო ევტიხი დარჩიანი. შეშინებული ჯონდო კედელს აეკრა.  ”ვაითი შემომისწროს ბაბუა ქელეშბიმ, ჯერ ფეხის ხმა არ ისმის, აქედან მაინც მოჩანდეს ის სატიალე ბეღელი”.    ურემი ნელ-ნელა გაუსწორდა ფანჯარას, ასევე ნელ-ნელა გაშორდა და ორღობეში მიიმალა.  ჯონდომ თოფი ფრთხილად გაყო ფანჯარაში და ეზო შეათვალიერა. მოხუცი არსად ჩანდა. ფანჯრიდან სწრაფად გადმოხტა, ღობესთან მიიჭრა და სიმინდებში მიიმალა.                                                                                                                           გაქცეულს ყურს ბეღლის კარის ჭრიალი მისწვდა.   ”ბეღლიდან სახლამდე 60 ნაბიჯი იქნება”- ფიქრობდა ჯონდო. თან მთელი სისწრაფით გარბოდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიმინდებს ეჯახებოდა და თელავდა. წაქცეული სიმინდები ისე შრიალებდნენ თითქოს უკან ვიღაც მოსდევდა დასაჭერად.  ”სანამ ბაბუა ქელეშბი თავის ოთახში შევა, მე უკვე ჭალაში ვიქნები. 50 ნაბიჯიღა დარჩა გასავლელი ბაბუა ქელეშბის, ვინ იცის, იქნებ საღამომდე არც კი შეიხედოს თავის ოთახში”.    ” 40 ნაბიჯის შემდეგ ბაბუა ქელეშბის ყველაფერი ეცოდინება, არა ასე ჩქარა 20 ნაბიჯს ვერ გაივლიდა”.     ”მაინც რა მოხდება როცა ნახავს, რომ კედელზე თოფი აღარ კიდია? ხვალ დილით უთენია წავალ მთაში. იქნებ მოხუცმა ხვალ დილამდე ვერც გაიგოს, რომ ბერდენკა მოპარულია. ხარჯიხვს რომ მოვკლავ ვინ იცის... ”    ”სახლამდე ალბათ 30 ნაბიჯიღა დარჩა”    ”აქ გავლა საშიშია. მწყემსმა ბიჭებმა არ დამინახონ, თორემ დავიღუპები. თემურიც ბიჭბთან იქნება ჩასული თავის წითელი ბურთით”.    ”მოხუცს შვილზე უფრო უყვარს ბერდენკა. ოცი ნაბიჯის შემდეგ ნახავს, რომ ბერდენკა კედელზე აღარ კიდია. ნეტა რას იამს?”.   ”აქედან მოვლაც არ შეიძლება წისქვილში მიმავალი ქალები დამინახავენ. ისევ ჯობია ვენახში გადავიდე და ფრთხილად ვიარო. მამაჩემიც ხომ გაიგებს თოფი რომ მოვიპარე!”-ჯონდო ფრთხილად გადავიდა ვენახში და გზა განგრძო.    ” გიორგი ბიძიას ვენახია, ის ყოველთვის ადრე წამლავს ვენახს”.  ”სახლამდე მოხუცს ალბათ 10 ნაბიჯი დარჩა გასვლელი. რა მოხდება ათი ნაბიჯის შემდეგ?”  .     ”ბაბუა ქელეშბი ახლა, ალბათ კიბეებზე ადის. ვაითუ...” - ჯონდო ერთ ადგილზე გაქვავდა და ფეხი ვეღარ წადგა წინ.   ”ვაითუ რამე დაემართოს მოხუცს?” ”რა უნდა დაემართოს არაფერიც არ დაემართება!”.   ”მაგრამ ხომ შეიძლება ცუდად გახდეს?!”.  ”აი სადაცაა თავისი ოთახის კარებს გამოაღებს...”- სასოწარკვეთილი ჯონდო ვაზებში ჩაჯდა, თვალები დახუჭა და მოხუცის ყვირილს დაელოდა.   ყვირილი არ ისმოდა.  ”ბაბუა ქელეშბი ასე ჩქარა ვერ გაივლიდა სამოც ნაბიჯს, ალბათ თვლა ამერია, ვინ იცის იქნებ გაიარა კიდეც. აბა აქ საიდან გავიგონებ მოხუცის ყვირილს” . შეიძლება სულაც არ შესულა სახლში და ყვინჩილებს ელაპარაკება ეზოში.  ჯონდო უაზროდ იცქირებოდა სივრცეში.     კავკასიონის თავზე ლეგა ღრუბლები სეირნობდნენ, ხან გაიწელებოდნენ, ხან შეიკუმშებოდნენ, მაგრამ ჯონდო ჩვეულებისამებრ აღარ ამსგავსებდა ღრუბლებს კლდის თავზე გაქვავებულ ხარჯიხვს.   ”ვინ იცის იქნებ ყვირის კიდეც ბაბუა ქელეშბი, მაგრამ ხმა აქამდე როგორ ჩამოაღწევს. ვინ იცის როგორაა ახლა ბაბუა ქელეშბი!”.  ლურსმანზე გადახეულ შარვალში ჭიანჭველა შეუცოცდა, მაგრამ ჭიანჭველისთვის ვის ეცალა. ერთბაშად ძალიან მოუნდა გადაეხედა მოხუცის ეზოში, დაენახა რა ხდებოდა იქ, ბერდენკა მაყვლის ბუჩქებში დამალა და აღმართს სირბილით აუყვა. დედა შაშვი ჭახჭახით გამოფრინდა კუნელის ბუქიდან. გომბეშოები ტყაპუნით ხტებოდნენ გუბეებში. როცა მოხუცის სახლს მიუახლოვდა სუნთქვა შეეკრა, ღობეს შეშლილივით გადაევლო და ერთბაშად შეჩერდა. ბაბუა ქელეშბის მშვიდად ეძინა კაკლის ძირში გაშლილ ხალიჩაზე. ჭაღარა თმას ნიავი ურხევდა. პატარა ხბოს თავი აეშვა და მოხუცის წინსაფარს გულმოდგინედ ღეჭავდა.    ჯონდოს ერთბაშად წვივები აეწვა. მაშინღა მიხვდა რომ ღობეზე გადმოხტომისას ფეხები ჭინჭარმა დაუსუსხა.      მეორე დილას მოხუცმა ჩვეულებრივ აკრიფა თოფის დასაზეთი ხელსაწყოები და როცა კედელზე ჩამოკიდებულ ბერდენკას შეხედა, გაოცებული  დარჩა: თოფს ყოველთვის თავდაღმა კიდებდა, ახლა კი ლულა პირდაპირ ჭერისკენ იყო მიმართული. მოხუცი ერთხანს მისჩერებოდა თოფს, მერე მხრები უკმაყოფილოდ აიჩეჩა და  ბერდენკა ჩამოხსნა.   მზე კიდევ არ იყო ამოსული როცა კოპიტებს ამოფარებულმა ჯონდომ დაინახა, სამფეხა სკამზე ჩამომჯდარი მოხუცი, როგორი მონდომებით ზეთავდა ბერდენკის ლულას.


წყარო:
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (15.04.2013) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 2384 | ტეგები: ხარჯიხვი., ფანჯიკიძე, nadiroba, გურამ, jixvi, monadire | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика