ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

გოგრა. ვ.ფშაველა

ვინ იყო გოგრა? გოგრა[1] სწორედ ხუთის წლის სოფლელი ბიჭია. ეს სახელი პაპამ, მამამ, დედამ და მთელმა სოფელმა ერთხმად დაარქვეს ქიტოს. რად და რისთვის? იმისთვის, რომ თავი დიდს გოგრასავით ჰქონდა და ბრძნული საუბარი უყვარდა.
– ღმერთმა კი დიდი დღე მისცეს შენს გოგრას, სოლო, – ეტყოდენ გოგრას მამას სოფლელნი, – და თუ ერთი გაიზარდა, მაშინ, ძმაო, ჩვენ კი უნდა გადავსახლდეთ სადმე… ცალიერი გოგრა და ჭკუაა, მეტი რო არ იქნება, მაგისთანა ბალღი არ შეიძლება. რაებს არ მოგიყვება, შენი ჭირიმე, თითქოს ასი წლის მოხუცებულია, ყველაფერში გამოცდილიო…
ზის გოგრა კერის პირას. ლოყები დასწითლებია თურაშაული ვაშლივით და დაჰსიებია ისე, თითქოს ფურნის რუსული პურები მიუწებებიათ იქით და აქეთაო; თვალები სიმსუქნისაგან ჩაძვრენილი აქვს; ცხვირიც ძლივსღა ეტყობა, კოტიტა ფეხები ცეცხლისთვის მიუშვერია ჩვენს გოგრას, მუცელი ტიკჭორასავით გამოჰბერია და თავის დედას დარიგებას აძლევს.
– დიდ ჯამში დამისხი ლობიო, არ მინდა პატარა ჯამი; თუ კი პაპას და მამას დიდ ჯამში უსხამთ ხოლმე საჭმელს, მე რაღა ვარ? მეც ეხლა დიდი კაცი გავიზარდე, – ამბობს გოგრა დინჯად.
დედაც უსრულებს წადილს. რომ არ აუსრულოს, გოგრას სამდურავს ვინ დაუდგება, ვინ გაუძლებს?
– ჩემი კოვზი მომიტანე, დიდი კოვზი, ეს პატარაა, არ მინდა, – იწუნებს პატარა კოვზს გოგრა.
ამოუჯდა გოგრა ლობიოან ჯამს და ორივე ყბითა სჭამს. გვერდით თავის საყვარელი კატა უზის, ისიც ამასავით გოგრაა… ხანდახან კატა გოგრას ფეხს ჩამოუსვამს, ანიშნებს – ცოტა-მატა მეც მინაწილეო.
გოგრას კი ფიქრადაც არ მოსდის ვისმე რამ უნაწილოს, თვითონაც არ ეყოფა და იმიტომ; გოგრა კატას დარიგებას აძლევს:
– თაგვებს რატომ არ იჭერ? კატავ, წადი, თაგვი დაიჭირე, წადი, თაგვი დაიჭირე, – და თან ფეხს ადგამს.
კატა უფრო და უფრო გოგრასაკენ იწევს. კატას გოგრა უყვარს, განა თუ მართლა ლობიო. მაგრამ ეს არ იცის; ჰგონია, კატასაც ისე უყვარს ლობიო, როგორც თვითონ, გოგრა მუგუზლით შეიარაღდა: ცალს ხელში მუგუზალი უჭირავს კატის მოსაგერებლად და მეორეში კოვზი.

II

გოგრა გამოძღა, ჯამში გამკეთებელი გამოსახა, ისე მოლოკა. ჯამი გვერდზე გადადგა. ნიტრით წყალი მოიყუდა, დალია და ერთი მადიანად ამოიხვნეშა გოგრამ. მერე ფეხზე წამოდგა და გაიზმორა.
– დედი, ფეხებს ჩამაცვი! ფეხშიშველა ვერ დავდივარ კარგად, ფეხისგულები მტკივა.
გოგრამ თავისი ყადრი იცის.
– ენაცვალოს დედა ჭკვიანს შვილსა, რომ ყველაფერი იცის. ამ საათში, გენაცვალე, ამ საათში! – ეუბნება დედა, – საით მიემგზავრები, გენაცვალე?
– სოფელში უნდა წავიდე.
– რადა?
– საქმე მაქვს, – გოგრამ ახალუხის ჯიბეზე ხელი მოისო, – დიდი ჯიბე დამიკერე, დედა.
რად უნდა გოგრას დიდი ჯიბე? იმიტომ უნდა, რომ ეხლა სოფელში გაისეირნებს, ღალა უნდა მოკრიფოს. ისე არავინ გამოისტუმრებს, რომ პატივი არაფრითა სცენ. ხელცარიელი არავინ დაუხვდება.
გოგრა მოაგროვებს ხილსა, კაკლებს, ჩურჩხელებს, კვერცხებს.
– ბატონი მობძანდაო! – დაიძახებს სახლის უფროსი, როცა გოგრა ესტუმრება თავის პატიოსანი ღიპითა. – მიართვით, რაც მოგთხოვოსთო.
გოგრა არხეინად ალაგებს დავლას ჯიბეში, არხეინად, დინჯად, დარბაისლურად. მადლობასაც არავის გადაუხდის.
ყველაზე მეტად გოგრას კვერცხები უყვარს, მოიტანს შინ, დააგებინებს ნაბადს კერის პირას, – ცალიერს დედამიწაზე არ დაჯდება, – და დაუცხუნებს ცეცხლს კვერცხებს.
– გამოცხვით, კვერცხებო, გენაცვალეთ, გამოცხვით გოგრასათვის, – ეუბნება გოგრა კვერცხებს და თან სიამოვნების ღიმილი ურბენს სახეზე.

III

გაჩაღებული მკაა. დღეს ყველანი შინ და გარეთ მკაზე ლაპარაკობენ, კარგს მამკლებს ასახელებენ.
– ჰეე, რა მამკალია პეტრე, მეტი არ იქნება!.. დღიურს მომკის დღეში, – სხვების ქებაც ესმის გოგრას.
ალბად საქებური ყოფილა, ვინც კაი მკა იცისო, – იფიქრა გოგრამ და მოინდომა ნამგალი.
– ჯერ პატარა ხარ, შვილო, ჯერ შენ ნამგალს ვერ მოიხმარებ. – ეუბნებოდა პაპა გოგრას, მაგრამ გოგრა მაინც დარწმუნებული იყო, რომ ნამგალს იხმარებდა.
– თუკი ხანჯალსა ვხმარობ! – სთქვა გოგრამ, – თან ქარქაშიდამ ამოაძრო ხანჯალი, რომელიც წარსულ კვირას მოუტანა მამამ ქალაქიდამ, და მერე ისევ ჩააგო.
– ხანჯლის ხმარება იცი და მოგიხდება კიდეც, როგორც ვაჟკაცსა, შვილო. ნამგალი რა შენი საკადრისია, შენ უნდა ბატონივით მუშებს თავს ადგე, – უთხრა პაპამ გოგრას.
მთელი გოგრას ოჯახობა ყანის სამკალად არიან წასულები. გოგრაც ნამკალში დგას. გაბერილს ღიპზე ჩამოუკანკურებია ხანჯალი, ტარზე ხელი უჭიდავს და მედიდურად გამოიცქირება. გოგრას მაინც გულში აქვს, სცადოს თავი მკაში.
აგერ გამოჩნდა გოგრას დედა, მუშებისათვის სადილი მოაქვს, ქოთნით მაწონი, გუდით პური. ყველანი იქვე, ყანის პირში რომ პანტა დგას, იქ მოყუჩდენ და მაწვნიანს ჯამებს ამოუსხდენ მადიანად; გოგრაც მოიპატიჟეს, მაგრამ გოგრა არ მიდის. იმან ჩუმად ნამგალი აიღო და ყანას დაუწყო მკა. ნამგალი პირველ გამოსმაზე თითზე მოიდო; გოგრას სისხლმა წამოხეთქა თითიდამ, ნამგალი და ხელეური ერთად ჩაუცვივდა დაბლა. გოგრას მუხლები მოეკვეთა და ჩამოჯდა. მარჯვენა ხელით დაიჭირა წყლულიანი თითი და ამგვარად დაღმეჭილი მოელოდა შველას. გოგრას ეტირება, მაგრამ არა ტირის: იცის, რომ სირცხვილია ვაჟკაცისათვის ტირილი.
– რატომ არ მოდის ის ბიჭი, ქა, არაფერი კი არ იეშმაკოს! – სთქვა გოგრას დედამ და წავიდა შვილისაკენ. შორიდანვე შეატყო, რომ გოგრას უჭირდა საქმე. – ჰი, შე ბაიყუშო, იქნება ხელი მოიჭერი?
გოგრამ თავი დაიქნია, ხმა კი არ ამოიღო,
– ქა, ქა, ქა!.. მომიკვდა თავი!.. რამოდენად გაუჭრია ხელი ამ სულელსა! – ამბობდა გოგრას დედა, თან თავის კაბის ნაგლეჯით უხვევდა წყლულსა. გოგრა დაბღვერილი გამოიცქირება; მაგრამ ხმას არც ავად, არც კარგად იღებს. – თავთავი კრიფე, შვილო, გენაცვალე, ეგეც საქმეა, არც ხელს მოიჭრი და არც არაფერს, – უთხრა კვლავ დედამ.
გოგრა უწადინოდ შეუდგა თავთავის კრეფას.
– სარჩოს პირი უჩანს გოგრას; ძაან მეოჯახე კაცი გამოვაო, – ისმის ხმა მუშებისა.

IV

დადგა ზამთარი. გოგრას პაპამ ციგა გამართა და ეზიდება შეშეას. გოგრამაც ციგა მოინდომა. მეტი ჩარა არ არის, უნდა ასრულდეს გოგრას სურვილი: ყველა ოჯახის წევრმა გოგრას ციგის კეთებაში მონაწილეობა მიიღო; პირველად კი პაპამ დაიწყო ციგის კეთება და წნელები კიდევ გოგრას დამ შეაბა. გოგრა შორს ვერ მიდის შეშაზე, რადგან „შესცივა", იქვე ახლომახლო ტყის პირებში ჰკრეფდა ჩინჩხვარებს, უწყობდა თავის ორმტკაველა ციგაზე და გამოსწევდა შინისკენ.
მოდის, მოეზიდება გოგრა შეშას და თან იძახის:

„ოტფრუ, კამეჩო ღვინაო,
გასწი ყველაზე წინაო!.."

მოაქვს შეშა გოგრას და დერეფანში საჟენებს დგამს. ხელს ვერავინ ახლებს გოგრას შეშას მის უნებურად…
თოვლმა დაფარა დედამიწა, დაფარა ტყე, ჩიტებს საჭმელი ვეღარ უშოვიათ; ეხვევიან საბძელ-კალოს, სხდებიან ღობეზე და შესტირიან კაცის ბინას: გვაჭამეთ რამეო.
გოგრამ, ჩიტების მნახველმა, ნადირობა მოინდომა, მაგრამ კაკანათი არა აქვს. ადგა და ცხრილი დაუგო კალოზე, თვითონაც შორიახლო დაუჯდა, თოკი ხელში უჭირავს და უცდის, – როდის შევა ჩიტი ცხრილ ქვეშ, რომ თოკს მოსწიოს და ჩიტი ცხრილ ქვეშ მოამწყვდიოს. გოგრას ის ვერ მოუფიქრნია, – საბძელს მაინც მოეფაროს, ზის წამოყუნტებული კოღოთოს მიჯნასავით და უცდის ჩიტის ცხრილში მომწყვდევას. ამვლელ-ჩამომვლელნი გოგრას გამარჯვებას ეუბნებიან.
– ოჰო, გოგრა სანადიროდ გამოსულაო, გოგრას გაუმარჯოსო, – ამბობენ ისინი.
გოგრა მხოლოდ მედიდურად თვალს გადაავლებს და თავს დაუქნევს მადლობის ნიშნად.
ცხრილით რომ ვერაფერს გახდა, გოგრა ბოლოს დროს მშვილდ-ისრით შეიარაღდა. უყვარს გოგრას მშვილდ-ისარი და ძალიანაც უფრთხილდება, საღამოობით კაჩხაზე ჩამოჰკიდებს მშვილდსა და ისარსაც ჯვარედინად გადაადებს. ალაღებს გოგრას ეს იარაღი, როგორც კარგს მონადირეს კაი ხირიმის თოფი. ერთს დღეს გოგრა სანადიროდ გავიდა. რამდენსამე ჩიტსა და შაშვს ესროლა ისარი, მაგრამ ტყუილად: ისარიც სადღაც ჯაგებში გადაუვარდა. გოგრა დაღონდა, – დაფიქრებულმა შინისკენ გამოსწია, შესცივდა კიდეც.
გოგრას შრომამ ტყუილად არ ჩაუარა: გოგრამ ღობის ძირას ტოროლა დაინახა, გოგრა მიუახლოვდა, ჩიტი მაინც არ გაფრინდა; ტოროლა გაბრუებული იჯდა, თავი ბუმბულში ჩაეძვრინა, თვალები დაეხუჭა და ჰფეთქდა. გოგრა ჩიტს წამოეპარა და დაიჭირა.
– ჰოო, შენი ჭირიმე, ღმერთო! შენი ჭირიმე, ჩიტო! შენ გენაცვალე, ბიჭო! – იძახოდა გოგრა თავისათვის და თავმოწონებით გამოსწია შინისკენ.
– ბიჭოს, გოგრას, ჩემს გოგრას ნადირი არ მოუკლავს!.. ღმერთმა ხელი მოგიმართოს!.. აი, ყოჩაღ! – უთხრა პაპამ, რომელიც დერეფანში იჯდა და ტაბიკსა სთლიდა.
– მონადირეს გაუმარჯოსო, მონადირეს გაუმარჯოსო! – გაისმოდა აქეთ-იქიდამ ხმა.
გოგრა სიხარულისაგან ცას ეწევა, მაგრამ სიხარულს მაინცდამაინც არ იმჩნევს.
– ეგრე იცის გოგრამაო! – ამის მეტი გოგრას არაფერი უთქვამს.
– შესცივნია საწყალს… გაათბე, შვილო, ცეცხლთან მოიყვანე… უი, ქა, საწყალი ტორუა! – ამბობდა გოგრას დედა.
გოგრას დარიგება არ უნდოდა. ის თვითონაც კარგად უვლიდა და უფრთხილდებოდა ნანადირევს. ცეცხლთან დასო, თუმცა კი ფეხზე ძაფი მოაბა, იქვე კერის პირას ქანდარა გააკეთა და ზედ შესო.
თქვენ ნახავთ, თუ გოგრას ნაშოვნმა მამალმა არ იყივლოსო, – ამბობდენ შინაურები, და გოგრაც თავმომწონედ შესჩერებოდა თავის ნანადირევს. ცოტა არ იყოს, კიდეც ჰფიქრობდა: იქნება, მართლაც დაიყივლოსო…

V

როგორც ვიცით, გოგრა სავაჟკაცო საქმეებსაც ეპოტინებოდა. იმათ რამდენიმე სული თხა-ცხვარი ჰყავდათ. აი, რამდენი: ორი ცხვარი თავის ბატკნებით და ერთიც ვაცუნა. სულ, ვგონებ, საკმაო ფარა შესდგება… გოგრამ გაზაფხულზე მეცხვარეობა მოიწადინა. პაპას ერთი კომბალი, თავის შესაფერი, გაათლევინა და ერთს დღეს სოფლის განაპირას გაირეკა ფარა. თვითონაც უკან გაუდგა მეცხვარულად მხარზე კომბალგადებული. ზურგზე ციკნის პატარა თეთრი გუდა ჰკიდია. დიდი ამბით ჩაატარა ცხვარი გოგრამ სტვენით და კივილით. თავისი თავი ნამდვილი მეცხვარე ჰგონია.
ხევში ხუმარა თომა არაყსა ჰხდიდა. თომამ გოგრა იცნო.
– მეცხვარეს გაუმარჯოსო! – მოაძახა იქიდამ, – მობძანდი, ერთი არაყი მიირთვიო. – გოგრა გაბღენძილი წავიდა და ერთი პატარა საარაყე ყანწი გადაჰკრა. გოგრას არაყი ემწარება, მაგრამ აბრუს არ იტეხს, რადგანაც მეცხვარეა და იმიტომ. გოგრამ მადლობა გადაუხადა და გაუჯავრდა ცხვრებს. თომა გულში სიცილით კვდება.
გოგრას თავი როგორღაც გაუბრუვდა; თავბრუ ესხმის. გაბევრდა იმის თვალებში ცხვარი, ათით ასი გახდა. გოგრა გარბის და გამორბის, უჭირს ამოდენა ცხვრის ფარის მოვლა, უსტვენს, რაც ძალი და ღონე აქვს. ნამდვილი ცხვრები კი გვერდზე წაუვიდენ. ახლა ვითომ პურიც მოშივდა, გუდა მოიხსნა, ერთს ბექურში მიჯდა; ერთი-ორი, სოფელში წინა დღით ნაშოვნი კვერცხი გაფცქვნა და… და ის, რომ დაეძინა კიდეც გამოხრულს კვერცხის ნაჭუჭებზე… სძინავს გოგრას, კომბალიც გვერდზე უდევს… სძინავს გოგრას და ძილში უხარიან, რომ ასე მალე ააშენა, გააბევრა ცხვარი; მაგრამ ის აწუხებს, რომ მარტოკას უჭირს მოვლა, – სხვა მწყემსებიც დასჭირდება. ვაცუნამ ცხვრებს უმწყემსობა შეატყო, საღამოზე ადრიანად გაუძღვა წინ და ყველანი შინ მირეკა. სახლობა მწყემსს უცდიდა, მაგრამ გოგრა არსად სჩანს. ბოლოს საძებნელად წავიდენ და მეცხვარე მინდორში მძინარე იპოვნეს. გოგრას შუა გზაზეღა გამოეღვიძა, მაგრამ კარგად ვერ გაიგო, სად იყო. იცის მხოლოდ, რომ მეცხვარეა და ერთი დაუსტვინა. გოგრას პაპა სიცილით კვდება.
პაპამ გოგრა შინ მოიყვანა.
აგერ გოგრა კერის პირას ზის გაწბილებული, გაჯავრებული იმაზე, – ესეთი მარცხი რად მომივიდაო. შინაურები დასცინიან…
– მეცხვარეს გაუმარჯოსო! – ერთი ამბობს.
– აგაშენოს, მეცხვარეო! – მეორე იძახის.
– მობძანებულა ჩვენი ერთგული მეცხვარეო! – მესამე ამბობს.
გოგრას აქ აღარ ედგომება: ძილი მოინდომა, დედამ ლოგინი დაუგო და მიაწვინა.
– არ შემცივდეს, თბილად დამახურე, დედავ, – ეუბნება გოგრა ჩურჩულით დედას.
– ჩემს შვილს ნუ დასცინით თქვენ… მოიცადეთ, ჯერ გაიზარდოს… ენაცვალოს დედა გოგრას, ჩემს ბრძენსა და დარბაისელს შვილსაო, – სთქვა გოგრას დედამ და თან ლამაზად ჩაუჭუჭკა საბანი მხრებში და ფეხებში.

1892 წ.

შენიშვნა:

[1] გოგრა ქართლში ჭკვიანი კაცის სახელია.



წყარო: http://vaja.3owl.com/gogra/
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (06.01.2013)
ნანახია: 5528 | ტეგები: მონადირე, ნადირობა, monadire, vaja, გოგრა, nadiroba, fshavela, ვ.ფშაველა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика