ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

ნამდვილი მიუნჰაუზენი

ბარონ მიუნჰაუზენთა საგვარეულო ძალიან მრავალრიცხოვანია.

XII საუკუნიდან მოყოლებული მასში 1300 სახელი მაინც მოიპოვება, რომელთაგან დაახლოებით 50 დღეს ცოცხალია. ქვემო საქსონიაში თხუთმეტიოდე ციხე-დარბაზი მაინც არის, რომელიც ოდესღაც იყო ან დღესაც არის მიუნჰაუზენთა საკუთრება. ერთი სიტყვით, ნამდვილად პატივსაცემი გვარია.
XVIII-XIX საუკუნეებში მიუნჰაუზენთა გვარის რვა წარმომადგენელს ეკავა გერმანიის სხვადასხვა მიწათა მინისტრის თანამდებობა. უფრო ადრეც გამოიჩინეს თავი სახელგანთქმული მეზღაპრე ბარონის წინაპრებმა. მაგალითად, XVI საუკუნეში ცნობილი იყო ლანდსკნეხტი, ანუ დაქირავებული მეომარი ჰილმარ ფონ მიუნჰაუზენი, რომელმაც თავისი ხმლით იშოვა ექვსიოდე ციხე-დარბაზის საყიდელი ფული. აქვეა გიოტინგენის უნივერსიტეტის დამაარსებელი გერლახ ადოლფ ფონ მიუნჰაუზენი, ბოტანიკოსი და აგრონომი ოტო ფონ მიუნჰაუზენი. ლიტერატურულ ასპარეზზეც გამოუჩენიათ თავი ბარონებს — მათ შორის იყო "მესამე რაიხის პირველი პოეტი” ბერის ფონ მიუნჰაუზენი, რომლის ლექსებს ზეპირად სწავლობდნენ ჰიტლერიუგენდის ნორჩი მებრძოლები.
მაგრამ მთელი მსოფლიო უპირატესობას მხოლოდ ერთ ბარონს ანიჭებს: კარლ იერონიმუს ფრიდრიხ ფონ მიუნჰაუზენს, რომელსაც გენეალოგიურ ხეზე შვიდასმეერთე ადგილი უჭირავს.

ესეც დარჩებოდა საგვარეულო ხის ერთ-ერთ უსახურ შტოდ, რომ არა ორი ლიტერატორი — რ. ე. რასპე და ჰ. ა. ბიურგერი, რომლებმაც ბარონის სიცოცხლეშივე გაავრცელეს მისგან გაგონილი ან თავიანთი მოგონილი გასართობი ამბები, რომელთა წაკითხვისას უკვე მეორე საუკუნეა, რაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს კეთილი ღიმილი უჩნდებათ.
რაც შეეხება ამბების მთავარ პერსონაჟს, ლიტერატურულ გმირს, იგი გერმანელი კი არა, უფრო კოსმოპოლიტი, მსოფლიოს მოქალაქეა. გერმანელობაზე მხოლოდ მისი გვარი მიუთითებს. საქვეყნოდ ცნობილი წიგნის პირველივე წინადადება გვეუბნება: "სახლიდან რუსეთში შუა ზამთარში გავემგზავრე...”.

სწორედ მიუნჰაუზენს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მთელ მსოფლიოში დღესაც ჰგონიათ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ზამთარში დათოვლილ ტრამალებზე მშიერი მგლები დაძრწიან, თოვლის საფარი ეკლესიებს გუმბათიანად ფარავს და ამასთან ისეთი სიცივეა, რომ შარდის ნაკადი ჰაერშივე იყინება...
მაგრამ რა არის ცნობილი კარლ იერონიმუს ფრიდრიხის ნამდვილ ბიოგრაფიაზე? უპირველეს ყოვლისა ის, რომ ბარონი თავისი ლიტერატურული პოპულარობით კი არ ამაყობდა, საშინელ სირცხვილად მიიჩნევდა მას. ალბათ ამგვარ დამოკიდებულებას გამართლებაც ჰქონდა, რადგან დღემდე არ არსებობს მკვლევარი, რომელიც ფონ მიუნჰაუზენზე წერისას ნებით თუ უნებლიეთ არ ურევდეს ერთმანეთში გამონაგონსა და რეალურ ისტორიას.
ამასობაში კი XVIII საუკუნიდან ჩვენს დრომდე მოაღწია მრავალმა გერმანულმა და რუსულმა დოკუმენტმა, რომელშიც ეს სახელია აღნიშნული. ეს დოკუმენტები მშვიდობიანად ინახება მოსკოვის, პეტერბურგის, გიოტინგენის, ჰანოვერის, ბოდენვერდერის არქივებში. ერთი სიტყვით, ბარონის ნამდვილი ბიოგრაფიის აღდგენა შესაძლებელია. მისი ცხოვრების ზოგიერთი რეალური ფაქტი მნიშვნელობითა და დაძაბულობით სულაც არ ჩამოუვარდება რასპესა და ბიურგერის ცნობილ წიგნში აღწერილ უცნაურობებს.
ჩვენი გმირი მიუნჰაუზენი დაიბადა 1720 წელს გერმანულ ქალაქ ბოდენვერდერში, რომელიც მდინარე ვეზერის შუაგულში მდებარე კუნძულზე იყო გაშენებული. XIII საუკუნიდან ცნობილი ბარონების ღერბზე გამოსახულია ცისტერციანელთა ორდენის ბერი ხელში ტომრით, ტომარაში კი წიგნით. რვა საუკუნის განმავლობაში ბარონთა გვარის დაწერილობა იცვლებოდა.

სულ გვარის ოთხმოცამდე ვარიანტია ცნობილი, რაც შუა საუკუნეებისათვის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამიტომაც დიდი ბარონის წინაპრებს ხან მონეკჰუზენებად მოიხსენიებდნენ, ხან მონიხუზენებად, ხან მონიგკუზენებად ან სულაც მინიგჰუზენებად. ასეა თუ ისე, როგორც ღერბიდანაც გამომდინარეობს, გვარის ეტიმოლოგია მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან "მიუნხ” — ბერი, მონაზონი.
მომავალმა მეზღაპრემ მამა ადრევე დაკარგა და იზრდებოდა ბრაუნშვაიგ-ბევერნის პრინცის კარზე, სახლიდან მოშორებით. 1735 წელს პრინცი ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის მიწის მმართველი ჰერცოგი გახდა, თვით ბარონს კი ოფიციალურად მიანიჭეს პაჟის წოდება. წინ იყო ღარიბი აზნაურის სტანდარტული კარიერა: ბრაუნშვაიგის ან რომელიმე სხვა მცირე სახელმწიფოს ჯარში სამსახური. თუმცა ყმაწვილის წინაშე სხვა პერსპექტივა გადაიშალა.
ჰერცოგი ანტონ ულრიხ ბრაუნშვაიგი ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, რადგან დაწინდული იყო იმპერატრიცა ანა იოანოვნას ძმისწულ ანაზე. მისი ორი პაჟი დაიღუპა თურქული ციხესიმაგრის, ოჩაკოვის შტურმისას. ჰერცოგმა დაღუპულთა შეცვლა ისურვა, მაგრამ მისი ოფიციალური პაჟებიდან არავის სურდა შორეულ და უცნობ ქვეყანაში გამგზავრება.

ბოლოს და ბოლოს, ორი თავზეხელაღებული მაინც გამოჩნდა და ერთ-ერთი იყო ჩვენი გმირი. პეტერბურგში ის 1738 წელს ჩავიდა და მაშინვე თურქების წინააღმდეგ ომში უკრეს თავი — ალბათ აქედან მომდინარეობს ცნობილი მოთხრობა ქვემეხის ყუმბარით მოგზაურობის შესახებ.
მაგრამ თურქული ფათერაკები დიდხანს არ გაგრძელებულა: 1739 წელს მიუნჰაუზენი კორნეტად გადადის რიგის მიდამოებში დაბანაკებულ კირასირთა პოლკში. ამის საფუძველი იყო ჰერცოგ ბირონის, რუსეთის მაშინდელი ფაქტობრივი მმართველის პირადი პროტექცია. როგორც ეტყობა, ყმაწვილს შეეძლო ამა ქვეყნის ძლიერთა სიმპათიის აღძვრა.
ერთი წელიც კი არ გადის, რომ მოულოდნელად გარდაიცვლება იმპერატრიცა ანა იოანოვნა. რუსეთის სადავეები მისი ნათესავის, ანა ლეოპოლდოვნას ხელში გადადის, ეს კი ჩვენი ბარონის მფარველის, ანტონ ულრიხის მეუღლეა! თვით ბრაუნშვაიგის ჰერცოგი გენერალისიმუსის წოდებას იღებს, ხოლო ბარონს კი პორუჩიკის ჩინი ერგება. აღტაცებული მიუნჰაუზენი დედას სწერს, რომ დაწინაურების მომლოდინე თორმეტ კორნეტს გაასწრო.
ბარონი პოლკის პირველი ასეულის მეთაურად დაინიშნა და 1744 წელს სწორედ ის ხელმძღვანელობდა საპატიო ყარაულს, როცა რიგაში გაიარა ანჰალტ-ცერბსტის პრინცესამ, მომავალმა ეკატერინე მეორემ. რუსეთის სამხედრო-ისტორიულ არქივში დღემდე დევს მიუნჰაუზენის ყოველდღიური სამხედრო ცხოვრების აღმწერელი მრავალი დოკუმენტი.

ეს საბუთები რუსულადაა დაწერილი საპოლკო მდივნის მიერ, ხელმოწერა კი გერმანულია: "ლეიტენანტი ფონ მიუნჰაუზენი”. რამდენად იცოდა ჩვენმა გმირმა რუსული ენა, ამის თქმა ძნელია.

იმდროინდელ რუსულ ჯარში ეს აუცილებელი არც იყო, რადგან ჯარისკაცებს მხოლოდ რამდენიმე სტანდარტული ფრაზით ელაპარაკებოდნენ, ოფიცრების უმრავლესობას კი გერმანელები შეადგენდნენ. მოგვიანებით, როტმისტრის წოდების მინიჭებისას აღინიშნა, რომ მიუნჰაუზენი წერს და კითხულობს გერმანულად, ხოლო რუსულად მხოლოდ ლაპარაკობს.
1741 წელს რუსეთ-შვედეთის ომი დაიწყო. არ არსებობს არავითარი დოკუმენტი მასში მიუნჰაუზენის მონაწილეობაზე. მხოლოდ დედისადმი მიწერილ ერთ წერილში ვპოულობთ მცირე მინიშნებას: მიუნჰაუზენი სთხოვს საცვლების გამოგზავნას, რადგან ძველი კომპლექტი "კამპანიაში დაიკარგა”. რას იზამ, "წინდები და თბილი ნიფხავი” ყოველთვის იყო ჯარისკაცის თუ ოფიცრის ოცნება, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ 1738 წლის თურქული ლაშქრობის გარდა ბარონი ბრძოლის ველზე არ ყოფილა.
1741 წლის 25 ნოემბერს გრენადერთა ასეულს სათავეში უდგება და რუსეთის ტახტს ძალით იჭერს პეტრე დიდის ქალიშვილი, ელიზავეტა პეტროვნა.

ბრაუნშვაიგებს აპატიმრებენ და სამუდამოდ ამწყვდევენ დილეგში. მათი ყველა მსახური და კარისკაცი ამავე ბედს იზიარებს. ჩვენი ბარონი კი ერთობ შორსმჭვრეტელი გამოდგა: გადატრიალებამდე ორი წლით ადრე გადავიდა იგი ჰერცოგის ამალიდან არმიაში. არა მარტო თავისუფლება შეინარჩუნა, არამედ პორუჩიკის წოდებაც.
24 წლის მიუნჰაუზენმა ცოლად შეირთო რიგელი მოსამართლის ქალიშვილი იაკობინა ფონ დუნტენი — მისი სახლი ბოლო დრომდე იდგა რიგის გარეუბანში, სანამ ხანძარმა არ იმსხვერპლა. მაგრამ კარიერას ამან ვერ უშველა: ახალი ომი მოსალოდნელი არ იყო, მშვიდობიან დროს კი პორუჩიკზე მაღლა ასვლა ძნელი იყო. მხოლოდ 1750 წელს მიიღო მიუნჰაუზენმა როტმისტრის წოდება და ერთი წლით შვებულება ითხოვა: საჭირო იყო გერმანიაში ჩასვლა ქონებრივი საქმეების მოსაგვარებლად. ამ დროისთვის აღარ იყო ცოცხალი ბარონის დედა, ომში დაიღუპა მისი ორი ძმაც.
"ქონებრივი საქმეები” გაჭიანურდა და ბარონმა ორჯერ ითხოვა შვებულების გაგრძელება.

1754 წლის 6 აგვისტოს იგი პოლკიდან გარიცხეს. სამწუხაროდ კანონიერი გადადგომა ვერ მოახერხა, რადგან რუსული კანონებით ამისათვის პოლკში პირადი გამოცხადება იყო საჭირო.
მიუნჰაუზენის ფათერაკები სწორედ გერმანიაში დაიწყო. ბარონი მაშინვე შევიდა კონფლიქტში მშობლიური ქალაქის მთავრობასთან. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ორნახევარი მეტრის სიგანის ხიდის აგება დაიწყო: ვეზერის გაღმა მიწის ნაკვეთი ჰქონდა და არ სურდა გზის გამრუდება და ქალაქის მთავარი ხიდით სარგებლობა. ბურგომისტრმა უარი განუცხადა, რადგან ამგვარად ქალაქში კიდევ ერთი შესასვლელის დაცვა ხდებოდა საჭირო.
რა იყო კონფლიქტის საფუძველი? — რუსეთში აღზრდილ ბარონს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ რომელიღაც მიყრუებულ დაბაში გადამდგარ ოფიცერსა და ბარონს აუკრძალავდნენ თხრილზე რამდენიმე მორის გადებას. მაგრამ გერმანული კანონები ბევრად მკაცრი იყო! როგორც კი ხიმინჯები ჩადგეს მდინარის ფსკერზე, ბოდენვერდერის მოქალაქეები ვიღაც თერძის ხელმძღვანელობით შეიკრიბნენ მთავარ მოედანზე და ბარონის კარმიდამოსკენ გასწიეს. ხიდი მაშინვე დაანგრიეს, მაგრამ ბევრი ხალხი მოვიდა და საქმე ყველას არ ეყო.

ამიტომ ზედ მიაყოლეს კარმიდამოს ახალი გალავანიც. ამას მოჰყვა ბარონის კუთვნილი ღორების დაპატიმრება გადასახადთა გადაუხდელობისათვის.
მალე შვიდწლიანი ომი ატყდა და ბოდენვერდერში ფრანგი ოკუპანტები შეიჭრნენ. აქ მიუნჰაუზენს გაუმართლა: ფრანგული კორპუსის მეთაურმა მას დაცვის სიგელი გამოუწერა: მიუნჰაუზენი ხომ რუსული არმიის ოფიცერი იყო, რუსეთი კი ფრანგებს მოკავშირეობდა გერმანიის წინააღმდეგ.
ბარონის ქორწინება უნაყოფო აღმოჩნდა, შვილები არ ჰყოლია და არც მეზობლებთან ურთიერთობა გამოსდიოდა. მაგრამ, როგორც გოეთე ამბობდა, "სულიერი შფოთის პირობებში ყოველთვის მზადაა აზნაურისთვის ორი გამოსავალი — ნადირობა და ომი”. რადგან 36 წლის როტმისტრისთვის სამშობლოს დაცვას არც აზრი ჰქონია და არც შემთხვევა მისცემია ამისი, კარლ იერონიმუს მიუნჰაუზენმა ნადირობა აირჩია. უცნობია, რამდენად ყოჩაღი მსროლელი იყო, მაგრამ სწორედ აქ იჩინა თავი ახალმა ნიჭმა: მიუნჰაუზენმა სახელი გაითქვა ზეპირ სამონადირეო მოთხრობაში, სპეციფიკურად გერმანულ ჟანრში, რომელსაც თავისი სახელწოდებაც ჰქონდა: Jaegerletein.
ბარონის მოსასმენად არა მარტო ნაცნობ-მეგობრები იკრიბებოდნენ, არამედ სრულიად უცხო ადამიანებიც. როცა ბარონი მეზობელ ქალაქებში ჩადიოდა — ჰამელნში, ჰანოვერში, გიოტინგენში — განსაკუთრებით ხშირად ამ უკანასკნელში იკრიბებოდნენ ნაამბობის მოსმენის მოყვარულნი.

ეს ყველაფერი ხდებოდა სასტუმრო "პრუსიის მეფის” რესტორანში.
თვითმხილველი ასე იგონებს მიუნჰაუზენთან შეხვედრებს: "მოყოლას, ჩვეულებრივ, ნავახშმევს იწყებდა. თავის უშველებელ ჩიბუხს გააბოლებდა ხოლმე და წინ ცხელი პუნშის ჭიქას დაიდგამდა... სულ უფრო გამომსახველი ხდებოდა მისი ჟესტიკულაცია, ხანდახან უკუღმა შეიტრიალებდა ხოლმე თავის კოხტა და მდიდრულ პარიკს, სახე უწითლდებოდა და ეს სხვა დროს ძალიან გულწრფელი და მართალი კაცი საოცარ გასაქანს აძლევდა საკუთარ ფანტაზიას”. სხვათა შორის პარიკი მართლაც მდიდრული ჰქონდა — შემორჩენილია ანგარიში, რომელშიც აღნიშნული ფასი, ოთხი ტალერი, იმხანად საკმაოდ დიდი თანხა იყო. მთხრობელის სახელი და დიდება იზრდებოდა, მაგრამ ზეპირი ჟანრის იქით ბარონის ამბიცია არასოდეს წასულა. ცხოვრება ნელ-ნელა მიედინებოდა დასასრულისკენ, მაგრამ სიბერეში ბარონს მართლაც საოცარი ფათერაკები ელოდა.
ჯერ ეს მოთხრობები ქვემო საქსონიაში ზეპირად ვრცელდებოდა. მერე კი გამოჩნდა მხიარულ მოთხრობათა კრებულები, რომლებსაც ვითომდა ვინმე "მჰზნ” თხზავდა, ხოლო 1785 წელს ბარონის ტიტული და სახელი მთლიანად იყო აღნიშნული ლონდონში გამოცემულ ერთ-ერთ წიგნზე.

შემდეგ წელიწადს წიგნის ოთხი გამოცემა გაიყიდა! პირველი მოთხრობები ინგლისში რუდოლფ ერიხ რასპემ გამოსცა — მწერალი ნისლიან ალბიანზე საქსონიიდან გაიქცა, იქ ძალიან უჭირდა და ჰონორარის დიდი იმედი ჰქონდა. ცოტა ხანში კი მოთხრობები ცნობილმა ლიტერატორმა, გოტფრიდ ავგუსტ ბიურგერმა გადაამუშავა და გამოსცა. ჯერ მოთხრობები ანონიმურად იბეჭდებოდა, მაგრამ XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოცემებზე ხან რასპეს, ხანაც ბიურგერის გვარი ჩანს ხოლმე.
ლიტერატურული დიდების დასაწყისი ბარონმა შეურაცხყოფად მიიღო, მიიჩნია, რომ მისი პატიოსანი სახელი შერცხვენილია და სასამართლოში ჩივილიც სცადა. ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მიუნჰაუზენმა უკვე ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხა და სამუდამოდ გაჰყვა არცთუ სახარბიელო ეპითეტი — "ცრუპენტელა ბარონი”.
მიუნჰაუზენს ბედმა ეს არ აკმარა: მისი ცხოვრების ბოლო წლები ერთი მთლიანი სკანდალია.

1790 წელს მეუღლე გარდაეცვალა, სამი წლის შემდეგ კი უკვე 73 წლის ასაკში ცოლად შეირთო ვინმე ბერნარდინა ფონ ბრუნი, გადამდგარი მაიორის ქალიშვილი, რომელსაც იმ დროს ზოგიერთი ცნობით 17 წელი შეუსრულდა, სხვა უფრო "ლმობიერი” ბიოგრაფები კი ირწმუნებიან, რომ "უკვე ოცისა იყო”. ბებრის ცოლი ტკბილიაო, იტყვის ბრძენი ქართველი ხალხი. მიუნჰაუზენს ამის ჭკუა არ ეყო და არც მაშინ გაიბერტყა ყური, როცა პატარძალი დილამდე ცეკვავდა და ილხენდა საკუთარ ქორწილზე, როცა ნეფე უკვე საღამოს ათი საათიდან დასაძინებლად წავიდა.

ნახევარი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბერნარდინა ორსულადაა.
ბარონის ნათესავებმა, რომლებსაც მემკვიდრეობის დაკარგვისა ეშინოდათ, სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. ბარონმაც უარი თქვა ბავშვის აღიარებაზე. სასამართლო მანქანა ტრიალებდა და სულ უფრო მეტ ხარჯს ითხოვდა. ამ საქმიდან უამრავი საბუთი დარჩა: მაგალითად, ბარონის ადვოკატის ოთხმოცდაექვსგვერდიანი განცხადება, რომელსაც მოწმეთა ჩვენების 201 პუნქტი ერთვოდა თან. სხვადასხვა სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ჩვიდმეტი მოწმე ამტკიცებდა, რომ ბერნარდინა ურცხვად ღალატობდა მეუღლეს, აღწერდა მისი გასეირნებების, მგზავრობების, შეხვედრების ამბებს, იხსენებდა მის სიტყვებსა და ჟესტებს, იძლეოდა მის მიერ ნაყიდი ნივთების ჩამონათვალს, გადმოსცემდა ადგილობრივ ჭორებს... მაგრამ თვით ინტიმური კავშირის მოწმობა ვერა და ვერ მოიპოვეს. ყველა ჩვენება შეიცავდა სიტყვებს "როგორც ეტყობა”, "სავარაუდოდ” და ასე შემდეგ, ყველა მტკიცებულება ირიბი იყო.

საქმე რთული გამოდგა.
ბარონი ამბობდა, ღარიბი ოჯახიდან იმიტომ შევირთე ცოლი, რომ სულიერი ურთიერთობის იმედი მქონდა და მსურდა დავხმარებოდიო. ამბობდა, რომ მწარედ მოტყუვდა. ამის საწინააღმდეგოდ ბერნარდინა ირწმუნებოდა, რომ ბარონი საშინლად ძუნწი იყო, გამუდმებით აყენებდა შეურაცხყოფას, არ უნდოდა საკუთარი შვილის აღიარება და სრულიად დაკარგა ჭკუა. ბოლოს და ბოლოს ბერნარდინამ იმშობიარა და ბარონი იძულებული იყო ახალდაბადებული გოგონასათვის ალიმენტები ეხადა. ბავშვი ერთ წელიწადში გარდაიცვალა. კიდევ ერთი წლის შემდეგ, 1796 წელს მას ბარონიც მიჰყვა.
დასუსტებულს საკუთარი მსახურის ცოლი უვლიდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა ქალმა აღმოაჩინა, რომ ბატონს ფეხზე თითები აკლია, ბარონმა თავისი უკანასკნელი ხუმრობა წარმოთქვა: "ნადირობისას პოლარულმა დათვმა მომაჭამა”.
ბარონი მიუნჰაუზენი სოფელ კემნადეში, საგვარეულო სამარხში დაკრძალეს.

საეკლესიო წიგნში ჩაიწერა: "გადამდგარი რუსი როტმისტრი”...



წყარო: http://lib.ge/book.php?author=1125&book=7164
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (06.01.2013) | ავტორი: ნოდარ ლადარია
ნანახია: 5917 | კომენტარი: 1 | ტეგები: nadiroba, ნადირობა, მიუნჰაუზენი, მონადირე, miunhauzeni, ნამდვილი, monadire | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
+1   Spam
1 Admin   (07.01.2013 02:55:19) [მასალა]
საინტერესო იყო 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика