ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

”ალი”. მ.გედევანიშვილი
თბილისში იმ საღამოს უჩვეულოდ ცხელოდა, დიდი სურვილი გამიჩნდა, სადმე ქალაქგარეთ გავსულიყავი, დამესვენა, სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა და ბუნების მშვენიერებით დავმტკბარიყავი. თვალი ირმის რქებზე ჩამოკიდებულ ჩემს თოფს შევავლე, გული სიხარულით ამევსო და ნადირობის ჟინიც აღმეძრა. გადავწყვიტე მეგობრები¬სათვის დამერეკა და მწყერზე ნადირობა შემეთავაზებინა. დავრეკე თუ არა, დათომ აიღო ყურმილი. მისალმების შემდეგ ჩემი იდეა გავუზიარე, რომელიც ძალიან მოეწონა. შევთანხმდით, რომ შაბათს დილით მისი მანქანით გავემგზავრებოდით. მამაშენს, ბ.-ნ გივის და შენს ძმას ლევანს სთხოვე, რომ აუცილებლად ჩვენთან ერთად წამოვიდნენ, თქვენი ძაღლი ჯეკა არ დაგავიწყდეს, ვთხოვე მე. კეთილი, აუცილებლად ყველას წამოვიყვან _ მიპასუხა დათომ. კარადის უჯრა გამოვწიე, სადაც ნადირობისათვის საჭირო ნივთები მეწყო. ტყვია-წამალი შევათვალიერე, საჭირო ზომის საფანტი და დენთი საკმარისი მქონდა და გადავწყვიტე ვაზნები დამეტენა. რამდენიმე ხანში ვაზნების მასრა დატენილი ტყვიებით გავავსე, საფანტის ტყვიებს რამდენიმე ჟაკანის ტყვიაც მივაყოლე მსხვილი ნადირისათვის, რა იცი, ტყეში რა ხდება, _ გავიფიქრე გუნებაში, _ იყოს, არ დამამძიმებს. ზურგჩანთაში სანოვაგე ჩავალაგე და ადრე დავწექი დასაძინებლად. მეორე დღეს, დილით ადრე, დათოს მანქანა ჩემი სახლის წინ გაჩერდა. მე მას უკვე გამზადებული ველოდებოდი. კიბეზე სწრაფად დავეშვი, სანადიროდ აღჭურვილი მანქანაში მსხდომთ თავზე დავადექი. უკვე მელოდებოდნენ დათოს ძმა _ ლევანი და მათი მამა _ ბატონი გივი, რომელთა ნახვა ძალზე გამეხარდა, რადგან სანადიროდ ერთგულ ადამიანებთან წასვლა ყოველთვის საიმედოა, თანაც განსაკუთრებით ისეთ გამოცდილ მონადირესთან, როგორიც დათოს მამა, ბატონი გივი იყო. გარდა ამისა, მასთან არ მოიწყენდი. საინტერესო ამბების მოყოლაც იცოდა. მანქანაში ჩავჯექი, მეგობრებს გულთბილად მივესალმე, მანქანაც დაიძრა. მეძებარი ჯეკი სიხარულს ვერ მალავდა. მალე თბილისს გავცდით და ჩვენს თვალწინ, სულ მალე, ივრის ხეობაც გადაიშალა, რომელსაც ამშვენებდა მწვანედ აბიბინებული მინდვრები. ერთ-ერთი დიდი მინდორი ავირჩიეთ და მანქანა ხის ქვეშ დავაყენეთ. ყველამ თოფები ავაწყეთ და მინდორში სანადიროდ მწკრივად შევედით, დაგეშილი ჯეკი წინ მირბოდა, დიდხანს სიარული არ დაგვჭირვებია. უცბად ძაღლი შედგა, წინა თათი ასწია, ცხვირი წაიგრძელა და ერთი ნახტომით რაღაცას დააცხრა. ყანიდან ორი მწყერი ამოფრინდა, ჩვენც არ დავაყოვნეთ და დათოსა და ჩემი ნასროლის შემდეგ მწყრები მინდორში ჩაცვივდნენ, რომელიც ჯეკიმ სწრაფად მოგვირბენინა. ძაღლი გეშს შეუცდომლად იღებდა და მწყერს ლამაზად გვიფრენდა, ჩვენ ხან ცალ-ცალკე, ხან კი ერთად, სროლას ვერ ავუდიოდით და ხშირად კამათიც მოგვდიოდა, არა ჩემი-ნასროლით ჩამოვარდა მწყერი და არა ჩემითო. შუადღისას მხოლოდ ერთხელ შევისვენეთ და საღამომდე ისე გავერთეთ, რომ დაღლა არ გაგვხსენებია, მაგრამ ფიზიკურმა დატვირთვამ, სუფთა ჰაერმა და შიმშილმა საღამოჟამს თავისი ქნა და ჩვენც პურის საჭმელად დიდი მუხის ქვეშ შევჩერდით. თითოს ოც-ოცი მწყერი მაინც გვექნებოდა და ჩვენც ნადირობა დასრულებულად ჩავთვალეთ. არაფერი შეედრება ნადირობის შემდეგ პურის ჭამას, ყველამ ჩვენ-ჩვენი სურსათ-სანოვაგე ამოვალაგეთ და გემრიელად შევექეცით ვახშამს, თამადობა ბატონ გივის ვთხოვეთ, რომელმაც პირველად ნადირობის ქალღმერთ დალის სადღეგრძელო დალია და დაამატა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა, ამდენი ფრინველი, რომ დავხოცეთო. სადღეგრძელო ყველამ ვთქვით და ცივი კახური დავაყოლეთ. შემდეგ, სიტყვამ მოიტანა და ბატონმა გივიმ ალიც ახსენა. ალი, მისი თქმით, ტყის ქალია, წითური თმებით და დიდი ფრჩხილებით. მას წყლის ახლოს ჰყვარებია ბინის დადება და გზააბნეულ მონადირეებს ხშირად ტყეში იტყუებს, სიყვარულით ათრობს, ხოლო შემდეგ კლავს. მრავალი მონადირე გამქრალა ასე უგზო-უკვლოდ. ერთხელ, გააგრძელა გივიმ, ალი, ტყის ეს ველური ქალი, მარტოხელა მონადირეს შეყვარებია, მისთვის ფრჩხილები დაუჭრია და მოუშინაურებია, სახლში წაუყვანია და ცოლად შეურთავს, მათ ორი ვაჟი შესძენიათ, ალი შესანიშნავი დედა და მეუღლე დამდგარა, მაგრამ, ერთხელ, როდესაც მისი ქმარი სახლში არ იყო, თავისი დაჭრილი ფრჩხილები უნახავს, მის ქმარს ჰქონია შენახული ერთ-ერთ უჯრაში, ცხვირსახოცში გახვეული, განრისხებულა ალი და ისევ გაველურებულა, კვლავ ტყის ქალად ქცეულა. თავისი პატარა შვილები თავის ხელით მოუხვრჩია და ტყეში გაქცეულა. იმ საღამოს გივიმ მრავალი სხვა საინტერესო ამბავი გვიამბო, რომელიც მონადირეებს გადახდომიათ თავს, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ალზე მონაყოლი იყო. მალე გამგზავრების დროც მოვიდა. ჩვენც მანქანაში მყუდროდ მოვთავსდით. ნანადირევი ფანჯრებზე ჩამოვკიდეთ და გეზი თბილი¬სისაკენ ავიღეთ. უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო და მანქანა ფარების შუქზე გზას ტყეში ნელა მიიკვლევდა. ამ დროს ჩვენს წინ საოცარი რამ მოხდა. ლევანმა, რომელიც მანქანის საჭეს მისჯდომოდა, უცბად დაამუხრუჭა და ხმამაღლა შესძახა: ალი, ალი, ნამდვილი ალი! ნახევრად მძინარენი, შეზარხოშებულები, უცბად ვერ გავერკვიეთ, რა ხდებოდა, მაგრამ მანქანის უეცარმა დამუხრუჭებამ და ლევანის ყვირილმა გამოგვა¬ფხიზლა. 
გაოცებულები მანქანის წინ მდგომ უცნაურ არსებას მივაჩერდით, იგი საშინლად გამოიყურებოდა, ფეხები განზე გაეჩაჩხა, ნახევრად შემოხეული წითელი კაბა ეცვა, ჟღალი წითური თმები გაწეწოდა, ხელები აეწია და დაჭყეტილი თვალებით მანქანას შეჰყურებდა. მანქანა მის ფეხებთან შეჩერდა, რამდენიმე წამი გაოცებული შევყურებდით ერთმანეთს _ ის და ჩვენ. შემდეგ უცნაურმა არსებამ ძლიერი ნახტომი გააკეთა, გზის ნაპირა ბუჩქებს გადაევლო და ტყეში მიიმალა. დათოს დიდხანს არ უფიქრია, თოფს დასტაცა ხელი, მანქანიდან ისკუპა და უცხო არსებას დაედევნა. _ მერაბ, მიყევი, _ მთხოვა გივიმ და დააყოლა: შვილს დამიღუპავს ეგ ეშმაკის ნაშიერი. მეც დიდხანს არ მიფიქრია, თოფს ხელი დავტაცე და დათოს გამოვუდექი. წინ ალი მიჰქროდა, ქარივით ბუჩქებს და მიწათხრილებს ევლებოდა, მას დათო მისდევდა, ხოლო დათოს მე, დამძიმებული თოფითა და ტყვია-წამლით. ყოველივე ეს ახლა სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ მაშინ, იქ, ჩაბნელებულ ტყეში, რაღაც საშინელი არსების დევნა, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სასიამოვნო რამ იყო, ტყეში, თანდათან, წყვდიადი ჩამოწვა და სირბილი ძნელი და საშიშიც ხდებოდა. როგორც იქნა, დათოს დავეწიე, ხოლო იმ ქაჯმა ორივე საკმაო მანძილით ჩამოგვიტოვა. მართალია, დათო კარგი სპორტსმენი და მოქმედი მოკრივე იყო და არც მე გახლდით ჯაბანი, მაგრამ იმ უცნობმა არსებამ დაგვღალა და სირბილში ორივე დაგვჩაგრა. ძალ-ღონე მოვიკრიბეთ და კვლავ დავედევნეთ. იმ ქაჯის გაწეწილი თმები ხანდახან გაიელვებდა წინ, ტყეში, ხეებს შორის და უცბად უჩინარდებოდა. ბოლოს მდინარეს მივადექით. ის ალქაჯი ერთი ნახტომით გადაევლო მდინარის კლდიან ნაპირს და მეორე მხარეს ამოყო თავი, ერთი შემოგვხედა უკან, დაჭყეტილი, გიჟური თვალებით და ტყეში გაუჩინარდა. უნდა მივყვეთ, მე მას მაინც დავიჭერ _ არ ცხრებოდა დათო. უნდა გავიგო ვინ არის ის, ადამიანი თუ ბოროტი არსება _ ავი სული. ჯანდაბამდის გზა ჰქონია მაგ სატანას, _ მივუგე დათოს. თავი დავანებოთ, რა ძალა გვადგია, თუ ძმა ხარ, ვერა ხედავ, როგორ დარბის, ჩვენ მისი დამწევი არა ვართ. სწორედ ეგ მაგიჟებს _ მიპასუხა დათომ, ქალმა როგორ უნდა გვაჯობოს, ქალი კი არა ქაჯია, ვერ ხედავ, დათო. ჯობს თავი დავანებოთ, _ ვთხოვე მე. რაღაც ცუდ საქმეს გადაგვკიდებს ეგ წყეული _ არა მე მისი არ მეშინია, _ მომიგო მან და ადიდებულ მდინარეში თამამად შევიდა, მდინარის იქით დაბურული ტყე მოჩანდა. ხეებს შორის შევნიშნე, როგორ ბოროტად ელავდა ვიღაცის მხეცური თვალები, დათო დატენილი თოფით ხელში მდინარის ცივ და მჩქეფარე წყალს მიაპობდა, მეც იძულებული ვიყავი ფეხდაფეხ მივყოლოდი, შუაგულ მდინარეს ძლივს მივუახლოვდით და წელამდე წყალში ვიდექით, შხეფები სახეს გვისველებდა, ამ დროს წინ ტყიდან საშინელი კივილი შემოგვესმა, ორივემ თოფები ნაპირის მიმართულებით ბუჩქებისაკენ მივმართეთ და ორ-ორჯერ ზედიზედ ვისროლეთ, შემდეგ თოფები დავტენეთ და მეორე ნაპირზე მშვიდობით გავედით. მაგრამ იქ არავინ დაგვხვდა, არც ცოცხალი და არც მკვდარი. დათო, ასე სველები შორს ვერ წავალთ, გავიყინებით, სადმე უნდა შევისვენოთ. კარგი, შევისვენოთ, დამეთანხმა დათო და იქვე ხის ქვეშ მოვთავსდით, კოცონი დავანთეთ და სველ ტანსაცმელს გაშრობა დავუწყეთ, მონადირის ჩანთიდან, რომელიც თან გამომყოლია, არაყი, მშრალად მოხარშული ხორცი და პური ამოვალაგე და ვახშამს შევუდექით, ორ-ორი ჭიქის შემდეგ ცოტათი შევთბით და საღი გონებით ჩვენი მდგომარეობა გავაანალიზეთ. ეს რა გვემართება, დათო, როგორ გავბრიყვდით და ალქაჯს გამოვეკიდეთ, არა, მიპასუხა მან. ჩვენ სწორად მოვიქეცით, უნდა გაირკვეს ყველაფერი. ასეთი საოცრება ჯერ არ მინახავს, მაინც რას ჰგავდა ის ოხერი, ჯობს ღამე აქ გავატაროთ, ხოლო დილით კვლავ შევუდგეთ ძებნას. გაგიჟდი? მამაშენი და შენი ძმა დაგავიწყდა? ისინი ხომ დარდით არ მოისვენებენ მივუგე მე. ისინი შორს არ წავლენ, ჩვენს კვალს გამოყვებიან და ადრე თუ გვიან შეგვხვდებიან, ამ ლაპარაკში ვიყავით გართული, რომ ტყიდან რაღაც ხმაური შემომესმა და მეც იქით გავიხედე. ამ დროს დათო გემრიელად ილუკმებოდა და ამ ხმაურს ყურადღება არ მიაქცია, მე კი საოცარი რამ დავინახე: მოშორებით, ხის გვერდით, ის ქაჯი იდგა და ნახევრად შიშველი ჩვენ შემოგვცქეროდა. თვალები სიბნელეში ნაკვერჩხლებივით უელავდა და მას რაღაც ფანტასტიურ იერს აძლევდა. პირში ლუკმა გამეყინა და აღარ ვიცოდი, რა მეღონა, დათო კი გემრიელად მიირთმევდა ხორცს და უცნობ არსებას გულიანად აგინებდა. გონს სწრაფად მოვეგე. ყოველივე ავწონ-დავწონე და დათოს მშვიდად მივუგე, დათო ზედმეტი ემოციებისა და მღელვარების გარეშე უნდა შეხვდე იმას, რასაც ახლა გეტყვი, შემპირდი რომ არაფერს მოიმოქმედებ და თოფით ტყეში არ გავარდები, რას როშავ, რომელ აღელვებაზე მელაპარაკები. რომელზე და იმ არსებაზე, რომელსაც ჩვენ დავედევნეთ. ის აქ არის, ახლოს, ჩვენს გვერდით. რას ამბობ, თვალები დააჭყიტა დათომ და თოფს ხელი წამოავლო. დიახ, აქ არის, ახლოს, მაგრამ თოფს თავი დაანებე, იგი არაფერს გვავნებს. შენ რა იცი. ვიცი, რადგან ავი საქმე რომ სდომებოდა, აქამდის ჩაიდენდა. ის, მე მგონი, უფრო მშიერ ადამიანს ჰგავს, ვიდრე ალქაჯს. რას მიედ-მოედები, მითხარი კონკრეტულად, თუ კაცი ხარ, რა გაქვს მხედველობაში. მხედველობაში ის ალქაჯი მყავს, რომელიც ჩემს უკან, ხის გვერდით დგას და მშიერი ჩვენ შემოგვცქერის. დათომ მზერა ჩემს უკან რამდენიმე მეტრზე მდგარ ხეზე გადაიტანა და გაოცებულმა პირი დააღო. ვხედავ, იქ დგას და ჩვენ შემოგვცქერის, არ დააფრთხო, დათო. მოდი, ხორცის ნაჭერი გადავუგდოთ. მე ხორცის ნაჭერი ხის მიმართუ¬ლებით ვისროლე, ალქაჯი ჯიქურ დააცხრა მას, ერთბაშად გადასანსლა და ტყეში მიიმალა. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა ცხადი იყო, თუ სიზმარი? ცხადი იყო, დათო, ის ადამიანია _ მშიერი, საცოდავი, ადამიანი. გამოვუდგეთ და დავიჭიროთ, მომიგო დათომ და ფეხზე წამოხტა, თავი დაანებე, ხომ იცი, ვერ დაიჭერ, ამ სიბნელეში უშარვლოდ შორს ვერ წავალთ, ჯობს გათენებას დაველოდოთ, დარწმუნებული ვარ, იგი კვლავ გამოჩნდება მივუგე მე, გადავწყვიტეთ ღამე იქვე გაგვეთია, შეშა საკმაოდ მოვიმარაგეთ ღამისათვის, დიდი კოცონი დავანთეთ და მორიგეობით ვიძინებდით, მაგრამ დილისთვის ორივეს მაინც ჩაგვეძინა, დილით ადრე მე პირველს გამომეღვიძა, ტანსაცმელიც გამშრალიყო, სწრაფად გადავიცვი და პირის დასაბანად მდინარისაკენ წავედი, რომელიც მაღალი კლდის ძირში ჩამოედინებოდა. ხელ-პირი ცივი ანკარა წყლით დავიბანე და წელში გავიმართე, ჩემს ზემოთ აღმართულ მთას ავხედე და კვლავ ვიხილე საოცრება, მთის დამრეც კლდოვან ნაპირთან ის იდგა. ის გამოუცნობი არსება, მთლად შიშველი. ყურადღებით დავაკვირდი და ჩემ წინ საოცარი სილამაზის ქალი ვიხილე, იგი სულაც აღარ ჰგავდა სიბნელეში ნანახ ალქაჯს, შოლტივით მოქნილ კუნთოვან ხორბლისფერ ტანს მაღალი კისერი და ჯეირანივით მოღერებული კოხტა თავი ამშვენებდა. მას, მზის სინათლეზე ცეცხლივით ელვარე თმები მხრებზე გრძლად ჩამოშლოდა, ცალი ფეხი წინ გადაედგა, ხელები ფართოდ გაეშალა და ამობურცული მკერდი და ლამაზი სახე მზისკენ მიეშვირა. იგი. ეტყობა, მზის ამოსვლას ასე ეგებებოდა. დრო ჩემთვის უცბად გაჩერდა და ვინატრე, შეჩერდი წამო, რათა უსასრულობას მიეცეს შესანიშნავი ულამაზესი სანახაობა, ეს მართლაც იშვიათი სანახაობა იყო. იგი აღტაცებაში მოიყვანდა ნებისმიერ ადამიანს, თვით ყველაზე ბოროტებსაც კი. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. სწრაფად გამოვერკვიე ამ უცნაური ბანგისაგან და ჩემ მეგობარს სწრაფად მივაშურე. დათოს შორიდანვე დავუძახე და თან აღტაცებას ვერ ვმალავდი. დათო, ის, დღეს დილას აი იქ, კლდის ქიმზე ვნახე და ხელით ვანიშნე, მთლად შიშველი ახლაც იქ დგას და მზის ამოსვლას ეგე¬ბება. დათო წამოხტა და ჩვენ ერთად, ფრთხილად მივუახლოვდით იმ ადგილს. ტყის ქალი კვლავ იმ მდგომარეობაში იდგა გაუნძრევლად, როგორც ქანდაკება მარმარილოსი. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, მითხრა დათომ, რა გაქვს მხედველობაში? _ ვკითხე მე. იგი უნდა შევიპყროთ და საბოლოოდ გავარკვიოთ, ვინ არის, ახლა მისი ყურების დრო არ არის, რადაც უნდა დაგვიჯდეს, უნდა დავიჭიროთ, აღელვებით მიპასუხა დათომ. კი მაგრამ, როგორ? როგორ და კლდეზე ასასვლელი, როგორც ვატყობ, მხოლოდ ერთი ბილიკი უნდა იყოს. რადგან სხვა მხრიდან ამ მთას ვერ მიუდგები. დასავლეთის მხრიდან უფრო არის შესაძლებელი იქ ასვლა, რადგან დაქანება არ უნდა იყოს დიდი და ჩვენ სწრაფად იქით გავემართეთ. მართლაც აღმოვაჩინეთ ბილიკი, რომელიც მთის მწვერვალისკენ მიდიოდა. ამავე ბილიკით ის უკან ჩამოვა, მითხრა დათომ. მერე როგორ აპირებ მის დაჭერას? ბადეში გაახვევ, თუ ხაფანგს დაუგებ? _ ვკითხე მე, დრო არა გვაქვს, თორემ ორმოს ამოთხრა მართლა შეიძლებოდა ბილიკზე. ზედ ფიჩხს დავაყრიდით, შემდეგ ბალახს და უხილავი გახდებოდა, საკმარისი იქნებოდა, რომ მას ზედ ფეხი დაედგა და ის მახეში აღმოჩნდებოდა, აღნიშნა დათომ. შენ გგონია, ისეთი მიამიტია, რომ ამ ვიწრო გასასვლელში ამოთხრილ ორმოს და ხელოვნურად დაყრილ ბალახს ვერ შენიშნავს, შევეწინა¬აღმდეგე მე. მაშ რას მირჩევდი, რას და, საბედნიეროდ, თოკის წამოღება მოვასწარი და ჩანთიდან თოკი ამოვიღე. აქვე, ბუჩქის ძირას დავიმალოთ. შენ იქით მხრიდან დაიმალე, მე კი აქედან ჩავუსაფრდები. როგორც კი გამოჩნდება და ახლო ჩაგვივლის, სამალავიდან თავს დავესხათ და თოკით ხელ-ფეხი შეუკრათ, მე მგონია ორი კაცი ერთ ქალს მოვერევით, რა ძლიერიც არ უნდა იყოს, მაგრამ მოვერევით კი? ნახე, რა ტანი ჰქონდა? დაკუნთული, თან რა სწრაფია და საკმაოდ გრძელი ფრჩხილებიც აქვს, დაამატა დათომ. მაშ გადავწყვიტეთ, დავიმალებით აქვე, გამოჩენისთანავე თავს დავესხმებით და შევიპყრობთ. თანახმა ხარ, დათო? ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, მიპასუხა დათომ. ბილიკთან ახლოს ბუჩქებში დავიმალეთ და ალქაჯის გამოჩენას დაველოდეთ. მართლა არ გასულა 15-20 წუთი, რომ ზემოდან ფრთხილი ნაბიჯების ხმა შემოგვესმა, ჩვენი ვარაუდი გამართლდა. იგი იმ ბილიკით ბრუნდებოდა კლდიდან, სადაც ჩვენ ვიყავით ჩასაფრებული, გული ლამის საგულედან ამომივარდა, მალე ტყის ქალი მაღლა, დამრეც კლდეზე გამოჩნდა და ბილიკს დაადგა. ცივმა ოფლმა დამასხა, თოფს ოფლიანი ხელი მაგრად ჩავჭიდე და თავბედს ვიწყევლიდი, ამ ახირებულ წამოწყებას, რომ მხარი ავუბი, თუმცა, ჩემდა უნებურად, ყველაფერი ბუნდოვანი და გაურკვევლი იყო. დარწმუნებული არ ვიყავით, რასთან ან ვისთან გვქონდა საქმე, ვინ იყო ეს არსება, მისგან ხომ ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ იგი სულ ახლო გამოჩნდა და ჩვენ გაგვისწორდა. შემდეგ ფრთხილად შედგა ერთ ადგილას, თითქოს რაღაც შენიშნა და თავი დათოსკენ მიატრიალა, დათომ აღარ აცალა გონს მოსვლა, ბუჩქებიდან პირდაპირ მისკენ ისკუპა და ზედ თავზე დაახტა, კაცი და ქალი ძირს, მიწაზე გაგორდნენ ბურთივით, ერთმანეთში ჩახლართულ-გადახლართული, მე მაყურებლის როლში აღმოვჩნდი. ისე სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, რომ ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებდი, ორთაბრძოლა ცხარე ხასიათს იღებდა, ხან დათო იყო ზემოდან, ხან კი ის ალქაჯი, რომელიც ძალზე ძლიერი აღმოჩნდა. და იგი საკმაო წინააღმდეგობას უწევდა ფიზიკურად ძლიერ მამაკაცს. ყოველივე ეს ბილიკის დასაწყისში ხდებოდა პატარა მდელოზე, რომელიც თითქოს სპეციალურად ამ ორთაბრძოლისათვის შეუქმნია ბუნებას. ალქაჯი შიშველი არ ჩანდა. მას ტანზე რაღაც კაბისმაგვარი ემოსა, მაგრამ ფაქტობრივად მაინც შიშველი იყო. დათო ჩექმებით და იარაღასხმული, ფეხშიშველ ქალს თავგამოდებით ებრძოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა მის დამარცხებას. ბოლოს, როგორც იქნა ალქაჯი დაუსხლტა დათოს ძლიერ მკლავებს და ფეხზე წამოხტა. გაავებული კაცი და ქალი პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს ბრძოლის ჟინით შეპყრობილი უცქერდნენ. მე რატომღაც ყურადღებას არცერთი არ მაქცევდა და მეც, ჯერ-ჯერობით, თავს ვიკავებდი ჩარევისაგან, რადგან დარწმუნებული ვიყავი დათოს გამარჯვებაში. თან ყოველივე ამას საინტერესო სპორტულ სანახაობად აღვიქვამდი და მონუსხულივით ვუყურებდი ორივეს. მათ საკმაო ხანს ზვერეს ერთმანეთი და კვლავ სამკვდრო _ სასიცოცხლოდ ეკვეთნენ ერთმანეთს. ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ადამიანთან გვქონდა საქმე, უფრო ზუსტად, გაველურებულ ქალთან, თუმცა ძალიან ძლიერსა და შეუპოვართან. იგი თავის გრძელი ფრჩხილებით ცდილობდა დათოს წვდომოდა ყელში. რამდენჯერმე სახე და მკლავები დააკაწრა კიდეც. იგი თავის ძლიერ და გრძელ ფეხებსაც იშველიებდა, მაგრამ დათო ოსტატურად არიდებდა თავს, ქალი დაიღალა და დათოსაც აევსო მოთმინების ფიალა, ერთხელაც ქალი კვლავ ეცადა კისერში წვდომოდა დათოს თავის გრძელი ფრჩხილებით, მაგრამ დათოს ძლიერმა შემხვედრმა მუშტმა ალქაჯი მიწაზე დასცა, დარეტიანებული ძლივს წამოდგა, დათომ მეორედ შემართა მუშტი დასარტყმელად და მას საბოლოოდ გათიშავდა, მაგრამ აქ უკვე მე ვიმარჯვე და თოკით ხელში მივვარდი ალქაჯს, გაოგნებულს და დარეტიანებულს ტანზე შემოვახვიე, იგი წინააღმდეგობას მაინც ახერხებდა, მაგრამ დათოც მომეხმარა, ორივემ გავკოჭეთ და ხესთან დავაწვინეთ. სული მოვითქვით და ყურადღებით შევათვალიერეთ, ჩვენს წინ მწოლიარე უცნობი არსება. რა ძლიერი ყოფილა ეს ოხერი, მუშტი რომ არ მეხმარა, ყელს გამომღადრიდა. როგორც იქნა, ხმა ამოიღო დათომ. მართალია, მაგრამ არ დაგავიწყდეს ჩვენ წინ ქალია, საცოდავი ქალი და არავითარი ალი. ნეტავ რამ მიიყვანა ეს უბედური ამ მდგომარეობამდე, სულ ახალგაზრდა ჩანს ალბათ 22-23 წლის თუ იქნება, მართალი ხარ, მიპასუხა დათომ. ახალგაზრდა ჩანს, ეტყობა, მძიმე ცხოვრებას მის სახის ნაკვთებზე წარუშლელი კვალი დაუტოვებია, არც შენ დააკელი, გახეთქილი ტუჩიდან ქალს სისხლი სდის, განა შეიძლება ქალის ასე გამეტება? ვუსაყვედურე დათოს, ეტყობა შეეცოდა, თავი დამნაშავედ დახარა, აბა რა მექნა, ისე ვერ ვაკავებდი. ჯობს გამოველაპარაკოთ, მივუგე მე. მე მას რამდენიმე სიტყვას ვეტყვი იქნებ გამოგველაპარაკოს. ვკითხე, თუ რა ერქვა, მაგრამ იგი მხოლოდ ყრუ ხმებს გამოსცემდა და თვალებს მიბრიალებდა. უცებ ტყიდან ძაღლის ყეფა შემოგვესმა და მალე ტყიდან ჯეკი გამოჩნდა, რომელსაც გივი და ლევანი მოყვებოდნენ. მოდით, მოდით სწრაფად, გივი ბატონო, შევეხმიანე მე. ჩვენი ალი გაკოჭილი ხის ძირში დავსვით, მეტისმეტი აგრესიულობის გამო იძულებული ვიყავით ხელ-ფეხი შეგვეკრა მისთვის. გივი და ლევანი მოგვიახლოვდნენ და გაოცებული შეჰყურებდნენ გაკოჭილ, ნახევრად შიშველ ქალს, ძაღლის ყეფამ იქაურობა აიკლო. ჯეკი მთლად გადაგვერია და ვეღარ ვაჩერებდით. მასაც ჩვენსავით არ ენახა ასეთი საოცრება ადრე. ბიჭოს ეს რა ჩაგიდენიათ თქვე მამაძაღლებო თქვენა, ალი როგორ შეიპყარით. იგი ხომ დაუმორჩილებელია, წამოიწყო გივიმ, არავითარი ალი, ბატონო გივი, ეს საცოდავი, უბრალოდ გაველუ¬რებული ქალია, შეიძლება სულით ავადმყოფიცაა, ყოველივე ამას დაზუსტება სჭირდება, აღვნიშნე მე. მკერდზე მგონი რაღაც აქვს ჩამოკიდებული, წამოიძახა ლევანმა, ახლოს მივიდა და ყელიდან ტყავის თასმაზე შებმული მედალიონი ჩამოხსნა. მან ხელის გულზე უცნაური მედალიონი დაიდო და ყველა მას დავაცქერდით და დავუწყეთ თვალიერება, უცებ ხელის დაჭერით მედალიონი გაიხსნა და შიგ სურათი გამოჩნდა, პატარა გოგონას სურათი იყო შიგ ჩასმული. ნეტა ვინ არის ეს პატარა გოგონა ამ საცოდავის, წარმოთქვა გივიმ და ამ დროს ქალმა უცნაურად დაიღმუვლა. ამოიღეთ სურათი თქვა გივიმ, და ლევანმა სურათი ფრთხილად ამოიღო. მეორე მხარეს გადაატრიალა, სადაც წარწერა შევნიშნეთ და ერთობლივი ძალისხმევით ასეთი რამ ამოვიკითხეთ:
⠕⠪96;სახსოვრად თ. ნაკაშიძეს ნანასაგან. 1991 წელი, ქ. სოხუმი. ამ წარწერიდან ძნელად თუ გაარკვევს რამეს ადამიანი. აღნიშნა ლევანმა. არც ისე უიმედოდ არის საქმე, როგორც შენა გგონია, ლევან, მივუგე მე. ყოველშემთხვევაში ჩვენ ხელთ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომლითაც შეიძლება ამ ქალის ვინაობის დადგენა. ყველაფერს აჯობებს ეს საცოდავი თბილისში ჩავიყვანოთ და პოლიციას ჩავაბაროთ, ხოლო ამ წარწერით შესაძლოა მათ ამ გაუბედურებულის ასავალ-დასავალი გაარკვიონ. ხელფეხშეკრული ველური ქალი მანქანაში ძლივს ჩავსვით და თბილისის გზას დავადექით, თუმცა ამის გაკეთება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მანქანამდე მიყვანა გაგვიძნელდა, მაგრამ ხელოვნურმა საკაცემ საქმე გაგვიადვილა. ისე ვიყავით გადაღლილები, რომ ხმის ამოღების თავიც არ გვქონდა. მანქანაში მხოლოდ ველური ქალის ყმუილი და ძაღლის ყეფა ისმოდა. თბილისში ჩემოვედით თუ არა, ჩვენი ქალბატონი ერთ-ერთი რაიონის ნაცნობ პოლიციის უფროსთან მივიყვანეთ, რომელმაც გაოცება ვერ დამალა და შეგვპირდა, ყველაფერს გააკეთებდა, ამ უბედურის ვინაობის დასადგენად. დაგვპირდა, რომ ყოველივეს შეგვატყობინებდა. იმავე საღამოს ტელევიზიით გადმოიცა ჩვენი ნაცნობი ველური ქალის სურათი, პოლიცია სთხოვდა მოსახ¬ლეობას ეცნობებინათ მათთვის ამ ქალის შესახებ დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია, ასევე თ. ნაკაშიძეს სოხუმიდან სთხოვდნენ გამოხმაურებას ამ საქმესთან დაკავშირებით. მესამე დღეს პოლიციიდან შეგვატყობინეს, რომ ველურ ქალს პატრონები გამოუჩნდნენ, და ჩვენც ყველა სასწრაფოდ, დანიშნულ დროს პოლიციაში გამოვცხადდით. იქ უკვე გველოდებოდა პოლიციის უფროსი რამდენიმე ჩვენთვის უცხო პიროვნებასთან ერთად. პოლიციის უფროსმა მათ წარუდგინა ჩვენი თავი. აი ისინიც, ნანას მპოვნელები, ხოლო ესენი თქვენი უცნობი ქალის ახლო ნათესავები არიან და პოლიციის უფროსმა შუახნის ჭაღარაგამორეულ ქალბატონსა და ორ დარბაისელ მამაკაცზე მიგვითითა. მათ უცბათ ჭაღარათმიანი ქალბატონი გამოეყო და ჩვენკენ წამოვიდა. სათითაოდ ყველას გადაგვეხვია და დიდი მადლობა გადაგვიხადა. ჩემო ძვირფასებო, აღნიშნა მან, ვერ წარმოიდგენთ, რარიგად გაგვახარეთ ნანას პოვნით. ჩვენ იმ საცოდავის ახლო _ ნათესავები ვართ. გთხოვთ ყველას ჩემს მაგიდასთან დაბრძანდეთ, გვთხოვა პოლიციის უფროსმა და თვითონაც სავარძელში მოკალათდა. გთხოვთ, ქალბატონო თამარ, ჩვენს მეგობრებს უამბოთ საცოდავი ნანას ნაღვლიანი ისტორია. ქალბატონი თამარი ის ნაკაშიძე გახლავთ, მეგობრებო, _ მოგვმართა პოლიციის უფროსმა, _ ვისი წარწერაც თქვენ სურათზე აღმოაჩინეთ. ჩვენ ცნობისმოყვარეობით შევყურებდით უცნობ ქალბატონს. დიახ, მეგობრებო, დაიწყო ქალბატონმა თამარმა, ის საცოდავი ჩვენი დეიდაშვილია. ჩვენ ყველა სოხუმში ვცხოვრობდით, ნანას შესანიშნავი მშობლები ჰყავდა, ისინი ექიმები იყვნენ და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ მთელს ქალაქში. ნანა სიყვარულით გათხოვდა და სოხუმში ერთი ქართული ლამაზი და კარგი ოჯახი შექმნა. მეუღლეს იგი გაგიჟებით უყვარდა და ყველაფერს აკეთებდა მისი ბედნიერები¬სათვის. ნანამ წარჩინებით დაამთავრა უმაღლესი, მას სპორტშიც შესანიშნავი წარმატებები ჰქონდა, მან არაერთხელ ასახელა თავისი ქვეყანა საერთოშორისო ჩემპიონატებში სპორტულ ტანვარჯიშში (ამ სიტყვებზე მე დათოს გადავხედე, რომელსაც ულვაშებში ჩაეცინა). მალე მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც სახელად ნინო დაარქვეს, ბედნიერი ოჯახი იყო. მაგრამ სულ მალე ეს ბედნიერება ოჯახს უბედურებით შეეცვალა, აფხაზეთში ომი დაიწყო, თამაზი, ნინოს მეუღლე, ომში დაიღუპა, დედ-მამა მოძალადეებმა ნინოს თვალწინ დახვრიტეს. თვითონ მან კი სოხუმის აეროპორტამდე ბავშვთან ერთად ძლივს მიაღწია. როგორც იქნა, ბავშვი თვითმფრინავში ჩასვა და მეზობლის ბავშვების ამოსაყვანად მანქანისკენ სწრაფად გაემართა, აფხაზი და ჩეჩენი ბოევიკები აეროპორტს უტევდნენ და ყოველი მხრიდან ნაღმებს უშენედნენ მას, უცბად საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. ერთი ნაღმი იმ თვითმფრინავს მოხვდა, რომელშიც ნანას შვილი იჯდა. ნანა შეშინებული შემოტრიალდა თვითმფრინავისკენ და საშინელი სურათი იხილა. თვითმფრინავის ნამსხვრევები ჰაერში მიმოფანტულიყო, ხოლო მას, რაც მიწაზე დარჩა, საშინელი ცეცხლი მოსდებოდა. ნანამ ერთი შეჰკივლა ვაიმე შვილოო, და გონება დაკარგა, ასე გონდაკარგული იგი შემდეგ სხვა საშუალებებით თბილისში ჩამოიყვანეს, ბევრი ვუმკურნალეთ, მაგრამ გონებაზე ვერ მოვიყვანეთ. ბოლო დროს ის ჩემთან ცხოვრობდა სახლში. მე მას ყველანაირად ვუვლიდი და ვმკურნალობდი, მაგრამ გონება და მეხსიერება არ უბრუნდებოდა. ერთხელ მისი შვილის _ ნინოს სურათი ვაჩვენე, რომელიც მან მაჩუქა 1991 წელს ომის დაწყებამდე, რომელზედაც თქვენთვის უკვე ცნობილი წარწერა გაუკეთა, მან სურათი გულში ჩაიკრა, შემდეგ ეს სურათი მედალიონში მოვათავსე და გულზე დავკიდე. იგი მას არასოდეს იშორებდა. ერთ დღეს ისე მოხდა, რომ ნანა მარტო დავტოვე სახლში სასწრაფო საქმის გამო. საღამოს, როდესაც დავბრუნ¬დი, ნანა სახლში აღარ დამხვდა, ბევრი ვეცადეთ, იქნებ სადმე მისი კვალისთვის მიგვეგნო, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, ვერსად მივაგენით. მას შემდეგ ნახევარ წელზე მეტი გავიდა და უკვე იმედი დავკარგეთ, რომ ცოცხალს ვიხილავდით, მაგრამ, თქვენი წყალობით, ნანა კვლავ ვიხილეთ. თქვენ რომ არა, მის კვალს, ალბათ, დიდხანს ვერ მივაკვლევდით. ახლა იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება და ექიმები იმედს იძლევიან, რომ გონება დაუბრუნდება. თქვენ კი, მეგობრებო, დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ კეთილი საქმისათვის, ღმერთმა დაგლოცოთ, კეთილო ადამიანებო. ის გამოგვემშვიდობა, გადაგვკოცნა, ალის საიდუმლოებას ფარდა აეხადა. იგი ცხოვრებისაგან გაწამებული ავადმყოფი ქალი აღმოჩნდა, მაგრამ აეხდება კი ფარდა ოდესმე სოხუმის ტრაგედიის საიდუმლოებას, ვინ დგას ამ ფარდის უკან, ვინ არის დამნაშავე საცოდავი ნანას და ათასობით ნანასნაირების ტრაგედიაში. აი, ამ დამძიმებული ფიქრებით ვტოვებდით პოლიციის უფროსის ოთახს.


წყარო:
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (26.02.2013) | ავტორი: მერაბი გედევანიშვილი
ნანახია: 2268 | კომენტარი: 2 | ტეგები: ”ალი”. ali, nadiroba, Hunting, monadire, მ.გედევანიშვილი, Hunter, gedevanishvili | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 popkhadze123   (27.02.2013 16:09:59) [მასალა]
10 10 10 10 10 10 10 10 10

+1   Spam
1 avtandil   (26.02.2013 15:49:04) [მასალა]
აუ მაგარი ისტორიაა 10 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика