ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის, ლავერაკის, ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.


წყარო:
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: иж-к13 (23.05.2010)
ნანახია: 3425 | კომენტარი: 5 | ტეგები: inglisuri, მონადირე, ინგლისური, ლავერაკი, ძაღლები, seteri, სეტერი, laveraki, ინგლისური სეტერი, ძაღლი | რეიტინგი: 3.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 dato75   (07.01.2014 22:58:11) [მასალა]
ლავერაკით ათი წელი ვინადირე და ძალიან მიყვარს ეს ჯიში. ეხლაც ველოდები უჰდა მაჩუქონ ლეკვი და ძალიან გახარებული ვარ.

0   Spam
4 oxota11   (09.01.2012 23:08:26) [მასალა]
ლავერაკი მაგარია, მყავს და ორი თვის იყო სტოიკა რომ გააკეთა. ახლა ხუთი თვისაა და უკვე კარგად ნადირობს.

0   Spam
3 bizona   (08.05.2011 02:35:48) [მასალა]
ძალიან მაგარი ძაღლები არიან 166 166 166

0   Spam
ლავერაკი მართლაც შეუგარებელია,ჩემი ორი წლისაა

0   Spam
1 oxera111   (06.11.2010 21:51:19) [მასალა]
მე მყავს ლავერაკი უკვე 1 თვის ხდება ძალიან მაგარი ტიპია ერთი კვირის წინ მაჩუქეს

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика